Thursday, February 21, 2019

ტერმინები "დოგმატი" და "დოქსა" - მათი ქართულად თარგმნის ისტორია და საღვთისმეტყველო რაობა

2-5


ტერმინ “დოგმატიკის” განსაზღვრება 

(პირველი ნაწილი)

ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის შესახებ. ეს გახლავთ რიგით მეორე საუბარი და ვინც პირველს ბოლომდე უსმენდა, ალბათ ახსოვს, რომ ჩვენი განხილვა შევწყვიტეთ ორი უმნიშვნელოვანესი ტერმინის “დოგმატისა” და “დოქსას” განმარტებაზე. ვაგრძელებთ პირდაპირ აქედან და უბრალოდ ერთი ფრაზით მსმენელს შევახსენებთ, რომ ქრისტიანული ლიტერატურის შესწავლა ცალკეული ტერმინოლოგიური განმარტებების გარეშე შეუძლებელია და ამ შემთხვევაში ამის ნიმუშად სწორედ ეს ორი ტერმინიც გამოდგება, რომელთა სრულყოფილი წვდომა საკუთრივ საეკლესიო მართლმადიდებლური ლიტერატურის რაობის წვდომას გულისხმობს. თანდათანობით ამაში მსმენელი, რა თქმა უნდა, დარწმუნდება.

პატროლოგიისა და პატრისტიკის შესახებ

1

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სალექციო კურსს ქრისტიანული  ლიტერატურის ისტორიაში რადიო ეთერის გზით. მართალია ეს კურსი უკავშირდება მრავალ პრაქტიკულ მხარეს, სიღრმისეული შესწავლის ჟამს, კერძოდ წყაროების გაცნობას, ტექსტებზე მუშობას და სხვა, რაც ხორციელდება კიდეც სასულიერო აკადემიის კედლებში, სადაც აღნიშნული კურსი სრული მოცულობით იკითხება, მაგრამ რამდენადაც დიდია დაინტერესება და ჩვენ ამის შესახებ ხშირად გვსმენია, მორწმუნე მრევლისგან, რომ მათაც მიიღონ ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი დისციპლინის, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი მეცნიერების შესახებ, თუნდაც შედარებით უფრო ზოგადი, აი ამგვარი დაინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ეთერში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ცალკეული საუბრების სახით (დაახლოებით ოცწუთიანი საუბრების სახით) ყველაზე უფრო არსებითი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, დაინტერესებულ მსმენელებს მივაწოდოთ.