Monday, March 11, 2019

სალაპარაკო ენის წარმოშობა

56


ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით კონკრეტულად სამოთხისეულ ცხოვრებაში ადამთან დაკავშირებით ენის რაობის საკითხს და აღვნიშნავდით, რომ ენა, რომლითაც ადამი სამოთხეში მეტყველებდა, თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ენას მხოლოდ სიმბოლურ გაგებას შევუნარჩუნებთ, ეს იყო იგივე შინაგანმდებარე სიტყვა. ჩვენ ეს ტერმინები ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ, რომ ეკლესიური სწავლებით არის ორი სახეობა სიტყვისა, ერთია შინაგანმდებარე სიტყვა, მეორეა გარეგანი სიტყვა, გამოვლენილი ანუ პროფორიკული სიტყვა. ის რასაც ენათმეცნიერება შეისწავლის, რაც გრამატიკულ კანონზომიერებას დამყარებული ენაა, ეს გახლავთ სწორედ პროფორიკული ანუ გარეგანი, ანუ ხმოვანი სიტყვა, ხოლო შინაგანმდებარე სიტყვა არის იგივე აზროვნებითი მეტყველება, აზრისმიერი სიტყვა და ადამს სამოთხეში სწორედ ეს მეტყველება ჰქონდა. ამავე აზრით გაიგება მის მიერ ცხოველებისადმი სახელის დარქმევაც, რომ სულიერად, აზრისმიერად განჭვრიტა მათი რაობა, მათი სახეობა და საკუთარ გონებაში განსაზღვრა კიდეც, დაახარისხა კიდეც თითოეული მათგანი. აქ, რა თქმა უნდა, არაა საუბარი იმაზე, რომ ამა თუ იმ ცხოველს რაღაც კერძოობითი, თანხმოვნებისა და ხმოვნებისგან შედგენილი სახელი დაარქვა მან.

Friday, March 8, 2019

სამოთხისეული სულიერი მეტყველება

55


ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა ენის რაობას ბიბლიურ-ეკლესიური სწავლებით. კონკრეტულად ბოლო საუბარში განვიხილავდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ სალაპარაკო ენა, გრამატიკულ კანონზომიერებებზე აგებული ენა, როგორც შენაძენი ადამიანის ისტორიისთვის და არა განუყოფელი მისი ბუნებისგან, როდის უნდა შესძენოდა მას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ განსხვავებით თანამედროვე ლინგვისტიკაში მიღებული დასკვნისა, თითქოს ენა ესაა როგორც ერთობლივი მონაცემი, ძღვენი ადამიანისადმი ღვთისგან, რომ ენა როგორც ასეთი არ შექმნილა და რომ ადამიანი, მითუმეტეს, მის შექმნაში არ მონაწილეობდა, ამისგან განსხვავებით გრამატიკული ენის მხრივ ჩვენ უეჭველად ბიბლიურ-ეკლესიური სწავლების საფუძველზე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეს ენა ღვთის შთაგონებით ადამიანისგან შექმნილია. რა თქმა უნდა, აქ ცნობიერებითი ელემენტიც უნდა ვიგულვოთ, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეგნებულობა, ცნობიერება, მოაზროვნეობა ენის შექმნაში მონაწილეობდა. მაგრამ ქვეცნობიერსაც, ანდა მდგომარეობით მხარესაც დიდი როლი აქვს. ასე რომ, ურთიერთობაში, სხვადასხვა შემთხვევაში გარემოსგან კარნახით, თანდათანობით, უნდა ვთქვათ, რომ ყალიბდებოდა ადამიანური სამეტყველო ენა.