ირინეოს ლიონელი არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველი III ს-ისა. იგი დაიბადა დაახლოებით 140-160 წწ. სმირნაში. ევსები კესარიელმა შემოგვინახა წმ. ირინეოსის ერთი ეპისტოლის ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია რომაელი მღვდლის ფლორინუსისადმი. ეს ფრაგმენტი საყურადღებოა ბიოგრაფიული თვალსაზრისით. თავად ირინეოსის უწყებით, იგი სიჭაბუკეში ყოფილა წმ. პოლიკარპე სმირნელის ქადაგებათა მსმენელი.
ასე მიმართავს ირინეოსი ფლორინუსს:
”მე გიცნობდით თქვენ, ჯერ კიდევ ბავშვი, მცირე აზიაში პოლიკარპეს ახლოს. თქვენ მაშინ უკვე ღირსშესანიშნავი პირი იყავით საიმპერიო კარზე... მე უკეთ მახსოვს მაშინდელი მოვლენები, ვიდრე ახლადნელი ამბები... შემიძლია ვთქვა, თუ სად ჯდებოდა ნეტარი პოლიკარპე, რომ ექადაგა ჩვენთვის, ანდა როგორ შემოდიოდა და გადიოდა იგი, როგორი იყო წესი მისი ცხოვრებისა, სახე მისი სხეულისა, საუბრები ხალხის წინაშე, ანთუ როგორ მოგვითხრობდა იგი იოანესთან და უფლის სხვა თვითმხილველებთან მის თანამყოფობაზე, როგორ წარმოთქვამდა იგი მათ სიტყვებს, ანდა როგორ გადმოგვცემდა ყველაფერს იმას, რაც მას ესწავლა მათი პირიდან უფლის შესახებ, საუფლო სასწაულთა და სწავლებათა თაობაზე, ან კიდევ როგორ უთანხმებდა პოლიკარპე ყველაფერს მთლიანად საღვთო წერილს, რომელიც ესწავლა მას ცხოვრების სიტყვის თვითმხილველთაგან. იმ დროიდან, უფლისმიერი წყალობით, ხარბად ვისმენდი ამგვარ ამბებს და ვიწერდი მათ არა ქაღალდზე, არამედ ჩემს გულში, რომლებსაც ღვთის მადლით მარადჟამს ერთგულად ვიმეცნებ” (ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. 5.20,5-7).