"მცირე სჯულისკანონის", წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ
სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში "კანონარი" (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში "ნომოკანონი" (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი "რჩულისკანონი", იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია "ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა"
(ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium
Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად
გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ
(ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А.
Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях:
Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).