[52]ყოველი დღესასწაულის შინაარსს უფრო ცისკროვანს
ხდის თვით დავით წინასწარმეტყველი, რომელიც მარადჟამს, საჭიროების
მიხედვით, შეაწყობს თავის მრავალშეწყობილ ქნარს.
დაე, ამავე წინასწარმეტყველმა გაგვიცისკროვნოს სულთმოფენობის ეს დიადი
დღესასწაულიც, სიბრძნის სიმებზე სულიწმინდის თითით აგვიჟღეროს საგალობელი
და ამ ღვთიური მელოდიით აღმოთქვას, რაც დღევანდელ მადლს ეთვისება:
„მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“ (შდრ. ფს. 94. 1).
უპირველესად, გვმართებს ვიცოდეთ, რა არის ეს მადლი, რომ შემდეგ მის შინაარსს ჯეროვნად შევუწყოთ წინასწარმეტყველების ხმა.
ამიტომ, ნება მომეცით, ყოველივე ამის შესახებ თანამიმდევრული რამ წესით, ძალისამებრ, ცხადად გაუწყოთ სათქმელი:
ღვთის შემეცნების გზას ასცდა დასაბამში კაცობრიობა. ადამიანებმა
მიატოვეს ქმნილების მეუფე. ერთნი ქვეყნიერების სტიქიონებს დაემონენ
შეცდომით, მეორენი დემონთა ბუნებას ეთაყვანენ, უმრავლესობას კი ღმერთად
ესათნოვა კერპების ხელითქმნილი გამოსახულებაც კი, რის გამოც ბომონები,
ტაძრები, იდუმალქმედებანი, მსხვერპლშეწირვები, სერტყები, სავანეები და
სხვა ამგვარნი განუკუთვნეს ამ ცრუ ღმერთებს, რომ ემსახურათ მათთვის.