ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე
”წმინდა გრიგოლმა უთხრა ნეტარ ფებრონიას: ”რა გითხრა შენ
ანგელოზმა?” მართლაც, ღმერთი იყო ყოვლითურთ მათ შორის” - შდრ. ”წმიდამან
გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: ”რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?”
რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის”.
მოტანილი ადგილი აშკარად ცხადყოფს, რომ ხსენებული ”ცხოვრების” მიხედვით
ღმერთი თავის ნებას ანგელოზთა მეშვეობით უცხადებს წმინდანებს. საზოგადოდ,
წინამდებარე ძეგლი მრავალ ადგილას გვაუწყებს ანგელოზურ ძალთა შესახებ,
რომლებიც ევლინებიან წმინდანებს, მეურვეობენ მათ, შუამდგომლობენ ღვთის
წინაშე და ზეაყავთ წმინდანთა სულები მათი ხორციელი აღსასრულის შემდეგ. რაც
შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთრივ ანგელოზთა დასი
(ე.ი. ანგელოზურ იერარქიაში ზემოდან მეცხრე ხარისხი) ასრულებს შუამავალ
ფუნქციას ღმერთსა და წმინდა ადამიანებს შორის თუ - ანგელოზურ ძალთა უფრო
აღმატებული მწკრივებიც, უნდა ითქვას, რომ წინამდებარე ”ცხოვრებაში”
შუამავლებად იხსენიებიან სწორედ ”ანგელოზები”, რაც საფიქრებელია დასობრივი
გაგებისა იყოს (იხ. განსამარტავი სიტყვები). თუ ეს მართლა ასეა, მაშინ
ამგვარ ანგელოლოგიას შეიძლება ახსნა მიეცეს წმ. დიონისე არეოპაგელის
მოძღვრების კვალობაზე, რომლის თანახმადაც მხოლოდ ”ანგელოზთა” დასია
განწესებული ადამიანთა უშუალო მაუწყებლებად საღვთო ნების შესახებ.