როგორც ცნობილია, არეოპაგეტული კორპუსის შექმნის თარიღი უდიდეს ინტერესს
იწვევს მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც (გასაგები
მიზეზების გამო).
XX ს-ის დამდეგიდან დომინირებს აზრი, რომ ხსენებული კორპუსი უნდა
შექმნილიყო V ს-ის II ნახევარში ცნობილი ნეოპლატონიკოსის პროკლე დიადოხოსის
გავლენით.
ამგვარი გაბატონებული აზრის პარალელურად მაინც შესამჩნევია ცალკეულ
მკვლევართა მცდელობანი, უფრო ადრეულ (პროკლეს წინარე) ეპოქას მიაკუთვნონ
არეოპაგეტული შრომები. მეტიც, 70-იან წლებში გამოქვეყნდა ვ. მიულერის
ნაშრომი ”დიონისე არეოპაგელი”, სადაც ხსენებული შრომები კვლავ წმ. დიონისე
არეოპაგელთან არის დაკავშირებული.
არსებული ქრონოლოგიური გაურკვევლობა გვავალდებულებს განსაკუთრებული
ყურადღება დავუთმოთ ადრეული ეპოქის საეკლესიო ავტორებს და ანგარიში
გავუწიოთ მათ ცნობებს. ამ კუთხით, ვფიქრობთ, უთუოდ საგანგებო ინტერესს
იწვევს VII ს-ის ცნობილი მოძღვარი წმ. ანასტასი სინელი, რომლის შრომა,
სათაურით ”წინამძღვარი”, შედის წმ. არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ და
შედგენილ ”დოგმატიკონში” (S-1463).
ესაა თავისთავად უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო ძეგლი, მაგრამ მისი
ძველი ქართული თარგმანის გაცნობისას (”დოგმატიკონის” ტერმინოლოგიური
შესწავლა-ანალიზის დროს) ჩვენი ყურადღება მიიპყრო ხსენებული თხზულების
ერთმა ადგილმა, სადაც გადმოცემულია უაღრესად მნიშვნელოვანი უწყება წმ.
დიონისე არეოპაგელის შრომებთან დაკავშირებით.