საღვთო სულის გაცხადებისა და მისი დაყოფის შესახებ, რაც აღსრულდა სულთმოფენობის ჟამს. აქვე სინანულის შესახებაც
[55]მცირედით უწინარეს, სარწმუნოების დიდი თვალებით
ვიხილეთ ამაღლებული ქრისტე და არაფრით დავკლებივართ იმათ ნეტარებას,
რომლებიც ღირსნი გახდნენ საკუთარი თვალით ეხილათ იგი. უფალი ამბობს:
„ნეტარნი არიან, რომლებსაც არ უხილავს და ირწმუნეს“ (იოანე 15.29).
ამგვარნი არიან ისინი, რომლებმაც სმენის გზით ირწმუნეს გულსავსედ და
რწმენის გზით იხილეს იგი.
ამრიგად, ახლახანს ვიხილეთ ქრისტე, მიწიდან სხეულით ამაღლებული, აწ კი
მოწაფეებზე მისგან ვლენილი წმინდა სულის გზით იმას ვჭვრეტთ, სადამდე
მიწევნილა ამაღლებული ქრისტე, რაგვარ ღირსებამდე აუყვანია ჩვენი ბუნება,
მან რომ ითვისა. ჭეშმარიტად, იქ ავიდა, საიდანაც გადმოვიდა მისგან
გზავნილი სული, ხოლო თუ საიდან გადმოვიდა სული, ამას
გვიცხადებს ის, ვინც იოელ წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „გადმოვღვრი
ჩემი სულიდან ყველა ხორცზე“ (იოელ. 2.28). და მისდამი ამბობს დავითი:
„გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს.
103.30).