95-96
ჩვენი წინა საუბარი ეხებოდა წმინდა კლიმენტი რომაელის ავტორობით მოღწეულ ძეგლს სახელწოდებით “მოციქულთა განწესებანი”. ამ ძეგლის ზოგადი ისტორია ჩვენ ადრეც განვიხილეთ, როდესაც “დიდაქეზე” ვსაუბრობდით, წინა საუბარიც ამ საკითხს დავუთმეთ, ამჯერად კი შევეხებით ცალკეულ კონკრეტულ ცნობას, კონკრეტულ უწყებას აღნიშნულ თხზულებასთან დაკავშირებით.
ისტორიული ნიშნით “მოციქულთა განწესებანი”, რამდენადაც ჩვენ ეს
დღეისათვის შეგვიძლია განვსაჯოთ, პირველად როგორც ჩანს დამოწმებული გვაქვს
(ეს ალბათ უადრესი დამოწმებაა) II ს-ის დამდეგის ერთ-ერთ უდიდეს მოძღვართან
და მარტვილთან წმინდა ეგნატი ანტიოქიელთან, რომლის ეპისტოლეებზეც,
სხვათაშორის, ჩვენ დეტალურად ვიმსჯელებთ წმინდა კლიმენტი რომაელის
მოღვაწეობის განხილვის შემდეგ. ეგნატი ანტიოქიელის ერთ-ერთ ეპისტოლეში,
კერძოდ ეპისტოლეში “ტრალისელთა მიმართ” ჩვენ ვკითხულობთ: “რიდი გქონდეთ
თქვენი ეპისკოპოსისაც, ვითარცა ქრისტესი, როგორც ეს თქვენთვის განაწესეს
მოციქულებმა”.