ანათემა
[28]თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია
ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად
შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
წმ. კირილეს განმარტება:
ნიკიელთა ქალაქში თავის დროს შეკრებილმა ნეტარმა მამებმა, რომლებმაც
ჩამოაყალიბეს მართალი და უყვედრელი სარწმუნოების განსაზღვრება, თქვეს
რწმენა ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, ყოველთა ხილულთა და
უხილავთა შემოქმედისა; და ერთი უფლის, იესო ქრისტესი, მისი ძისა; და
სულიწმინდისა. თქვეს მათ, რომ სწორედ ის სიტყვა, ღვთისგან ჩენილი, რომლის
მიერაც შეიქმნა ყოველივე, რომელიც არის სინათლე სინათლისგან და ჭეშმარიტი
ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, - თვით იგი განსხეულდა, განკაცდა, ევნო და
აღდგა, რადგან ბუნებით ღმერთად მყოფმა მამის მხოლოშობილმა სიტყვამ ითვისა
აბრაამის თესლი, როგორც ამბობს ნეტარი პავლე, და იგი ჩვენს მსგავსად
თანაეზიარა სისხლსა და ხორცს, როდესაც იშვა წმინდა ქალწულისგან ხორციელად
და გახდა ჩვენებრ ადამიანი, არ დაცილებია რა ღმერთად ყოფნას (ნუ მოხდება
ეს!), არამედ არის იგივე, რაც იყო, ღმრთეების ბუნებაში და დიდებაში
დამკვიდრებული.