Monday, February 11, 2019

ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი ათონელი მამის ათანასეს სამადლობელი

იოანე ყოვლად კეთილმოშიში მონაზონისა და წინამძღვრის, იბერის, მიმართ
ათანასემ, უნდო მონაზონმა და ლავრის წინამძღვარმა, საკუთარი ხელით წინა-განვაწესე პატიოსანი ჯვარი და სახელი ჩემი.

ათანასე, უნდო მონაზონი და ზესთაწმინდა და ღვთისმშობლის იმ ლავრის წინამძღვარი, რომელიც ათონის ჩვენეულ მთაზეა, წინამდებარე წერილობით თავდებობას და, ამიერიდან უკვე, წრფელ და შეუძრავ ბოძების [სიგელს] დავდებ და გავიღებ (ჩემი ნებსითი აზრითა და თვითარჩევითი განზრახვით და არათუ რაიმე აუცილებლობის, იძულების, დაცინვის, მზაკვრობისა თუ საქმის უმეცრებისაგან გამომდინარე, არამედ, როგორც ითქვა, მთლიანსულიერი გადაწყვეტილებით, განზრახვითა და ნებით, აგრეთვე მოწონებითა და თანხმობით იმ მთელი ჩემეული საძმოსი, რომელიც ღვთის შეწევნით შემოკრებილია ჩვენეულ ლავრაში, განსაკუთრებით კი უპირატეს ძმათა [დასტურით], რომლებმაც საკუთარი ხელით აღნიშნეს ქვემოთ თავიანთი მოწოენაბ და თანხმობა) ყოვლად კეთილმოშიში მონაზონისა და წინამძღვრის იოანე იბერის და, მის მიერ, მისეული ყოვლად კეთილპატიოსანი ლავრის, კლიმენტისეულად წოდებულის, მიმართ, რადგან ხსენებული ყოვლად კეთილმოშიში მონაზონი იოანე, მას შემდეგ, რაც იგი ჩვენს მთაზე მოვიდა და შემომიერთდა მე, მდაბალსა და ცოდვილს, დაემორჩილა რა ჩემს უღირსებას (შესაბამისად ღვთის მცნებისა და, აგრეთვე, თავისი სათნოებისა და ღირსპატიოსანი სულის გამო), მრავალი და ნაირგვარი სულიერი ზნე-ჩვევითა და წარმატებით გაბრწყინდა, სრულყო რა აღურიცხავი და დიდ-დიდი მსახურებანი ზემოხსენებულ მორჩილებაში.

წმიდა რომანოზ ტკბილადმგალობელი - ქრისტეშობის კონტაკიონი

წმ. რომანოზ მელოდოსი ანუ ტკბილადმგალობელი (VI ს.) ერთერთი მწვერვალია საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა. მას კონტაკიონები აქვს მიძღვნილი ძველი და ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი. საკუთრივ ქრისტეშობის შესახებ წმ. რომანოზს დაუწერია ცამეტი საგალობელი რომელთაგან პირველი, ოცდახუთი მცირე გალობისგან შემდგარი, სრული თარგმანის სახით იბეჭდება ქვემოთ. საგალობელი ორიგინალში ატარებს აკროსტიქს: „მდაბალი რომანოზის საგალობელი“. იგი იკითხებოდა 25 დეკემბერს (ხმა 3). წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ორიგინალთან მაქსიმალური ტექსტობრივ-ტერმინოლოგიური და სახისმეტყველებითი  თანხვედნილობის პრინციპით. გამოყენებულია ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემა: Romanos Le melode, Hymnes, intr., texte crit., trad., et notes oar. I. Grosdidier De Matons, t. II, Paris, 1965, p. 48-77.