შესავალი
ვიდრე იაკობის კურთხევათა შესახებ ვისაუბრებდე, თვით მე ვითხოვ უფლისგან
კურთხევას, რადგანაც ზეციური სიბრძნის შემწეობის გარეშე კაცთა შორის
არავის ხელეწიფება სულიერ სიტყვათა განმარტება; არავის ძალუძს,
გამოთარგმანოს ნეტარ წინასწარმეტყველთა ნართაული იგავთმეტყველება, თუკი
თვით სიტყვა არ განმარტავს თავის თავს, - სიტყვა, რომელიც ძველად ისრაელთა
რჯულში იყო დაფარული, როგორც სანთელი ხვიმარის ქვეშ (მათე 5.15). იგი
ნათელს ჰფენდა რჯულის წინაშე წინადაცვეთის გზით გამართლებულს. ამჟამად ეს
სიტყვა ცხადად გამოგვიჩნდა ძელზე გაკრული, მსგავსად შანდალში ჩადგმული
შვიდღერძიანი ბაზმაკისა. მისმა ნათელმა ხსნისაკენ უწოდა შორეულ ტომებს.
იოსების ხილვები
იგივე სიტყვა შეგვეწევა ჩვენ; თვით გაგვიმარტავს საკუთარ საიდუმლოებებს, რომ მორწმუნეთათვის გაცხადდეს იოსების ხილვათა ძალი; ძმები ფუჭად არ უწოდებდნენ "ჩვენების მხილველს", ვინაიდან წინდაწინ, შეძლებისამებრ, განჭვრიტეს ღვთიური სიტყვა, რომელიც მასში მკვიდრობდა: "და უთხრეს ერთმანეთს: "აი, ჩვენებისმხილველი მოდის. მოვკლათ იგი და ვნახოთ, როგორ ახდება მისი ხილვები" (შესაქ. 37. 19-20).