Tuesday, February 19, 2019

წმიდა იპოლიტე რომაელი - ისააკისა და იაკობის კურთხევათა შესახებ

შესავალი
ვიდრე იაკობის კურთხევათა შესახებ ვისაუბრებდე, თვით მე ვითხოვ უფლისგან კურთხევას, რადგანაც ზეციური სიბრძნის შემწეობის გარეშე კაცთა შორის არავის ხელეწიფება სულიერ სიტყვათა განმარტება; არავის ძალუძს, გამოთარგმანოს ნეტარ წინასწარმეტყველთა ნართაული იგავთმეტყველება, თუკი თვით სიტყვა არ განმარტავს თავის თავს, - სიტყვა, რომელიც ძველად ისრაელთა რჯულში იყო დაფარული, როგორც სანთელი ხვიმარის ქვეშ (მათე 5.15). იგი ნათელს ჰფენდა რჯულის წინაშე წინადაცვეთის გზით გამართლებულს. ამჟამად ეს სიტყვა ცხადად გამოგვიჩნდა ძელზე გაკრული, მსგავსად შანდალში ჩადგმული შვიდღერძიანი ბაზმაკისა. მისმა ნათელმა ხსნისაკენ უწოდა შორეულ ტომებს.

 

იოსების ხილვები


იგივე სიტყვა შეგვეწევა ჩვენ; თვით გაგვიმარტავს საკუთარ საიდუმლოებებს, რომ მორწმუნეთათვის გაცხადდეს იოსების ხილვათა ძალი; ძმები ფუჭად არ უწოდებდნენ "ჩვენების მხილველს", ვინაიდან წინდაწინ, შეძლებისამებრ, განჭვრიტეს ღვთიური სიტყვა, რომელიც მასში მკვიდრობდა: "და უთხრეს ერთმანეთს: "აი, ჩვენებისმხილველი მოდის. მოვკლათ იგი და ვნახოთ, როგორ ახდება მისი ხილვები" (შესაქ. 37. 19-20).

მაუწყეთ, იაკობის ძენო, რა ხილვები ჰქონდა იოსებს? ამბობს, რომ იხილა ველზე შეკრული ძნები. მისი ძნა აღიმართა, ჩვენი ძნები კი დაეცნენ; შემდეგ შემობრუნდნენ და თაყვანისცეს მის ძნას (შესაქ. 37.7)

რატომ არის ეს სიტყვები რჯულის დარღვევა, თუკი იოსები მხოლოდ იმას გაუწყებთ, რაც უნდა აღსრულდეს? რისთვის შეგიპყროთ შურმა, რისთვის მოიძულეთ მართალი კაცი, თუკი ღმერთმა იოსებს განუცხადა თავისი საიდუმლო და ხილვათა მიერ გამოუჩინა უკანასკნელ ჟამს აღსრულებადი? რატომ დამწუხრდით, როდესაც იხილეთ მის ტანზე ჭრელი სამოსი (შეს. 37.3-4), თუკი მართალმა მამამ ყველაზე მეტად შეიყვარა იგი, პატივი მიაგო მას, მოავლინა მწყემსი თქვენს მოსახილველად, ამ ქვეყნად ერთგული მოწმე გამოგიგზავნათ და ძნა სიბერისა, როგორც პირველნაყოფი, - თვისი წმიდა პირმშო მკვდრეთით აღადგინა? რატომ აღივსებით რისხვით, თუკი მზემ, მთვარემ, თერთმეტმა ვარსკვლავმა თაყვანისცეს მას, რადგანაც ძველთაგანვე წინასწარ გამოსახეს იგი (შესაქ. 37.9)? არც იაკობს, არც რაქელს არ ეწოდებოდა "მზე" ან "მთვარე", არც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. რაქელი ამ დროს აღსრულებული იყო და განისვენებდა საცხენოსნო გზის ქვეშ, ხოლო იოსები, როდესაც იგი მამას შეხვდა, დაეცა და თაყვანისცა მას, რომ სახე დაცულიყო და წერილის ჭეშმარიტება ყველას გაცხადებოდა. მაშ, როდის აღსრულდა იაკობის სიტყვები: "ნუთუ მოვალთ მე და დედა შენი და ძმები შენი და მიწამდე თაყვანისგცემთ შენ?" (შესაქ. 37.10). ეს მაშინ აღსრულდა, როდესაც ნეტარი მოციქულები იოსებთან და მარიამთან ერთად ზეთისხილის მთაზე ავიდნენ და თაყვანისცეს ქრისტეს; იუდა არ იყო მათ გვერდით; არც იოსები იყო თავად ქრისტე, რათა გვეფიქრა, რომ ყოველივე ეს ეგვიპტეში აღსრულდა; იოსების მიერ ყოფადის სახე გაცხადდა მხოლოდ. უნდა მოვლენილიყო ჭეშმარიტი და ზეციური იოსები, რომელიც კვლავ განმარტავდა, რაც ნეტარმა მოციქულებმა უფლის მიერ იქადაგეს. არ დაიდუმა წმიდა წერილმა იოსებისთვის, არამედ განმმარტებლად გამოაჩინა იგი; სწორედ მას ძალუძს მამის დაფარულ საიდუმლოთა გამოთქმა.

ამბობს წერილი: "ისინი ვერ მიხვდნენ, რომ იოსებს ესმოდა მათი, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის" (შესაქ. 42.23).

რა ისარგებლეს ძმებმა იმით, რომ დაკლეს თიკანი და ეცრუვნეს მამას? აჰა, იოსები ეგვიპტეში მეფედ იწოდა.

რისთვის შესვარეთ ყალბისმქმნელებო ჭრელი სამოსი თიკნის სისხლით, რისთვის გარდათქვით, რაც ჩაიდინეთ? მამათქვენმა იცნო შვილის სამოსი და დაიჯერა თქვენი სიტყვები; შენ კი, იუდა ამქვეყნიური გულისთქმით ძლეულმა გაყიდე იოსები. ისმაელიტებმა უცხოთესლებმა შეისყიდეს იგი, რომ მათ მიერ ეგვიპტემდე მიეღწია იაკობის ძეს; იქ მას ელოდა საპყრობილე, სადაც სხვათა სიზმრები უნდა აეხსნა; ფარაონი გამოკითხავდა მის შესახებ, ეგვიპტის მეფედ დაადგენდა მას და ირწმუნებდა თანამოსაყდრედ; იოსებს უნდა შეეკრიბა დიდძალი ხორბალი, დაეუნჯა და შეენახა იგი, შვიდი წლის შემდეგ კი მშიერი ხალხი გამოეკვება, რომ ძმებისგან თაყვანი მიეღო და მათ მიერ მამად წოდებულიყო.

ისააკის კურთხევანი

როგორ არ ვადიდო ზეციური მეუფე, რომელმაც თავისი საიდუმლოებები წინასწარმეტყველთა პირით გამოგვიცხადა?! უკვე დროა შევუდგეთ კურთხევათა განმარტებას. მოვიკრიბოთ გონება და ვნახოთ, აღსრულდა თუ არა იაკობისგან წარმოთქმული კურთხევანი, როგორც კურთხევანი, ისრაელის შვილებზე. ირკვევა, რომ პირიქით. კურთხევანი, რომლებიც მან სიტყვით წარმოთქვა, იყო სამხილი ებრაელთა ცოდვებისა და აცხადდა მათზე, როგორც დიდი წინასწარმეტყველება, შთამომავლობას აუხდა იგი. თუმცა ნეტარმა იაკობმა ის აუწყა თავის შვილებს, რაც თითქოს მათ დროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მისი სიტყვები მხოლოდ უკანასკნელ ჟამს იქცა საქმედ. წინასწარ გაყო იაკობმა კურთხევანი, რითაც მომავალი მოასწავა, და მიუბოძა ისინი ისრაელის შვილებს, როგორც სამხილი მათი ცოდვებისა. დაექადნა მათ, თვით კი თავისი თავი ცოდვილ საქმეებს განაშორა.

მსგავსადვე მოიქცა ნეტარი ისააკიც, როდესაც მან უმცროსი ძე იაკობი აკურთხა და ყოველივე მას მიმადლა. სწორედ იაკობისგან იშვა ქრისტე ხორციელად; ხოლო ესავი იყო სახე პირველი ერისა და რამდენადაც ისააკი წინასწარ ჭვრეტდა მის ბოროტ ზრახვებს, აღარ აკურთხა უფროსი ვაჟი, არამედ წინასწარმეტყველური სიტყვების ძალით გაკიცხა იგი. ასე რომ, წინასწართქმულთა შესახებ უცხადესად გვასწავლის თვით წერილი, რომელიც უკვე გაიხსნა ჩვენთვის. ამგვარად ამბობს იგი: "მოუწოდა ისააკმა უფროს ვაჟს და უთხრა: აიღე შენი საჭურველი და მშვილდ-კაპარჭი, წადი ველად, მოინადირე ჩემთვის ნადირი და გამიმზადე კერძი, როგორც მე მიყვარს; შემდეგ მომართვი, რომ ვჭამო და ჩემმა სულმა სიკვდილის წინ გაკურთხოს შენ" (შესაქ. 27.1-4).

წინასწარმეტყველის ბრძანება, - ესავისგან კერძის მოთხოვნა, გულისხმობს იმ მოწოდებას, რითაც პირველ ერს უხმო სიტყვამ, როცა ითხოვა მისგან სიმართლის საქმეთა ნაყოფი. სწორედ სიმართლე ჰქონდა პირველ ერს მამისთვის ძღვნად.

ხოლო სიტყვები: "წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი" მოასწავებს პირველი ერის მოდრეკას ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ. მომდევნო ნაწილი, "აიღე საჭურველი და მშვილდ-კაპარჭი", გვიჩვენებს, რომ იგივე ერი მომავალში მიეცემოდა თვითგანდიდებას, უარყოფდა რწმენის სიმართლეს და ომითა და მახვილით მოქადული მბრძანებლად მეფეს მოითხოვდა, როგორც თვით მოსემ განუცხადა მათ: "მახვილი იქნება სიამაყე თქვენი" (II სჯ. 33.29).

"რებეკამ ასე უთხრა თავის უმცროს ძეს იაკობს: "ყური მოვკარი, მამაშენი ეუბნებოდა შენს ძმას ესავს: "მომართვი ნადირი, კერძად შემიმზადე და როცა შევჭამ, გაკურთხებ უფლის წინაშე". აწ ისმინე, შვილო, ჩემი სიტყვა: წადი ჯოგში, მომიყვანე იქედან ორი ჩვილი და ლამაზი თიკანი. კერძად შევამზადებ მამაშენისთვის, როგორც მას უყვარს, და შეუტანე, რომ ჭამოს და სიკვდილის წინ გაკურთხოს შენ" (შესაქ. 27.6-10).

რებეკა ეკლესიის ხატად მიიჩნევა, რადგანაც წინასწარ გამოსახა მომავალი, რომელიც მისი უმცროსი ძის ხაზით აღსრულდებოდა; ასე უთხრა მან იაკობს: "წადი ჯოგში და მომიყვანე ორი ჩვილი და ლამაზი თიკანი"; თუკი ესავი, როგორც ამქვეყნის უცხო მკვიდრი, ველად გაგზავნეს, იაკობი ჯოგში მიდის, რომ აღსრულდეს უფლის ნათქვამი: "სხვა არაფრისთვის მოვივლინე, თუ არა იმ ცხვრებისათვის ისრაელის სახლს რომ წარტაცეს" (მათ. 15.24).

რებეკას სიტყვები "მომიყვანე იქედან ორი ჩვილი და ლამაზი თიკანი" გულისხმობს ორ წოდებას, რასაც ვხვდებით სახარებაში; დასაბამიდან ყველანი თიკნებს ვემსგავსეთ ცოდვათა გამო, აწ კი გავმართლდით ქრისტესმიერი სარწმუნოებით და მორჩილებამ სიჩვილე და მშვენიერება მოგვანიჭა. ამჯერად აღარ განვისჯებით როგორც თიკნები, არამედ ღვთისადმი, როგორც ცხვრები, კეთილსურნელოვან და წმიდა მსხვერპლად შევიწირებით და სულიერ საზრდოდ შევიმზადებით სიტყვის წინაშე, რომელიც ამასვე აღასრულებდა სახარების გზით, როცა ეტყოდა მოწაფეებს: "მაქუს მე საზრდოდ ჭამადი, რომელიც არ იცით თქვენ" (იოანე 4.32).

"მიუგო იაკობმა რებეკას, თავის დედას: "ჩემი ძმა არის კაცი ბანჯგვლიანი, ხოლო მე ვარ კაცი უთმო. იქნებ მამაჩემმა ხელით გამსინჯოს და შევრცხვე მის წინაშე, კურთხევის ნაცვლად კი დავიწყევლო" (შესაქ. 27.11-12). როგორ ცხადად გამოავლინა იაკობმა აქ თავისი სიფრთხილე, რადგანაც უწყოდა, რაც ქამს შეემთხვა: მან იხილა გაშიშვლებული ნოე, დასცინა მამის სიშიშვლეს და თავის თავზე წყევლა მოიწია (შესაქ. 9.22-25). შეეშინდა იაკობს, მამის შეცდენის გამო არ მიეღო მასაც დაწყევლა. მართალი იყო იგი, როდესაც თქვა: "ჩემი ძმა ესავი არის კაცი ბანჯგვლიანი", (რაც ნიშნავს ცოდვილს), - მე კი ვარ კაცი უთმო", რაც მოასწავებს უფლის უბიწო და უცოდველ ხორცს; ხოლო რადგანაც არ ეგებოდა სხვა ვინმეზე საიდუმლოთა აღსრულება, რებეკამ ასე მიუგო მას: "ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო, მხოლოდ ისმინე ჩემი ხმა, წადი და მომართვი თიკნები" (შესაქ. 27.13).

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ის რაც რებეკამ მაშინ წარმოთქვა, ახლა ასრულდა ეკლესიაზე. მისი სიტყვები "ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო", მოასწავებს ამჟამინდელ ღვთისდამაწყევრებს, რომლებიც ურცხვად აყვედრიან ეკლესიას ჯვარცმულისადმი მსახურებას და ჩვენზე მოაწევენ გმობას და წყევლას, რადგანაც უფლის ვნებანი ურწმუნოთათვის წყევლად შეირაცხება, ხოლო მორწმუნეთათვის - "ცხოვრებად და მშვიდობად" (რომ. 8.6). მოციქული ამბობს: "ქრისტემ გამოგვიხსნა რჯულისეული წყევლისაგან, თავად კი დაიწყევლა ჩვენს გამო" (გალ. 3.13). ეს ყოველივე ამჟამად ასრულდა, როდესაც მაცხოვარმა კაცთა სიკვდილი ხორციელად იტვირთა ძელზე. თავისი მორჩილებით უნდა გამოესყიდა მას რჯულისეული დაწყევლა ადამისა: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი" (შესაქ. 3.19).

"რებეკამ აიღო მისი უფროსი ვაჟის საუკეთესო სამოსი, და შემოსა თავისი  ძე იაკობი, მკლავებზე კი თიკნის ტყავები შემოახვია" (შესაქ. 27.15-16).

სამოსის ჩაცმა მოასწავებს სიტყვის მიერ ხორცის შემოსვას, ხოლო იაკობის მკლავებზე თიკნის ტყავების შემოხვევა ცხადყოფს, რომ სწორედ მას უნდა ეტვირთა ყველა ჩვენგანის შეცოდება, ვინც ჯვარზე ხელები და მკლავები განიპყრო; ამის შესახებ თქვა ესაიამ: "მან თავს იდვა ჩვენი ცოდვები და სნეულებები იტვირთა" (ეს. 53.4-5).

იაკობის სიტყვები მამისადმი: "აღვასრულე ისე, როგორც მიბრძანე შენ" მიგვანიშნებს მამის წინაშე სიტყვის მარადიულ მორჩილებას. მსგავსადვე ამბობს ეზეკიელი: "აღვასრულე, როგორც მიბრძანე შენ" (ეზეკ. 12.7).

ისააკმა ასე ჰკითხა იაკობს: "ვინ ხარ შენ?" მან მიუგო: "მე ვარ შენი უფროსი ძე ესავი"; წინასწარმეტყველი უმეცრებით არაფერს ჰკითხავდა მას, არამედ სულიერად ჭვრეტდა მოვლენებს; ასევე, როცა ისუ ნავე გაბაონელებს ეკითხებოდა, არც ის იყო უმეცარი მათგან თხზული ვერაგობისა, და თუმცა უწყოდა ყოველივე, შეუნდობდა მათ, რათა წარმართებს რწმენა მიეღოთ ისუსა და იესოს მიმართ, და სინანულით ცხოვრება შეეძინათ (ისუ. 9.3-27). წინასწარმეტყველის შეკითხვაც ამგვარადვე უნდა გავიგოთ.

ისააკი ამბობს: "მომიახლოვდი, ჩემო შვილო, ხელს შეგახებ, რათა ვიხილო, ხარ თუ არა ძე ჩემი ესავი. იაკობი მიუახლოვდა, ხოლო მან ხელით მოსინჯა და ასე უთხრა: "ხმა არის ხმა იაკობისა, ხელები კი ხელები ესავისა" (შესაქ. 27.21-22).

ზემოთქმული იმას გულისხმობს, რომ წინასწარმეტყველთა ხმად გამოჩნდა სიტყვა, რომელმაც მათი პირით მომავალი გააცხადა და თავისი საიდუმლოებები იაკობისგან წინასწარ გამოგვისახა. მისი ხელები მიემსგავსება "ესავის ხელებს", რადგანაც ერის ცოდვებისთვის სიკვდილს მიეცა.

ისააკმა უთხრა: "მომიახლოვდი, შვილო და მეამბორე, ხოლო იგი მიუახლოვდა და ეამბორა, მან კი იყნოსა სამოსის სუნი, აკურთხა იაკობი და თქვა" (შესაქ. 27.26-27).

აქ კი წინასწარმეტყველმა ცხადად გვაუწყა იმის შესახებ, რომ კაცთაგან არავის ძალუძს წმიდა ბაგე მიუპყრას მამას, გარდა ქალწულისაგან შობილი ძისა, რომელიც არის მამის პირმშო.

ამბობს იაკობი: "მე ვარ შენი პირმშო შვილი" (შესაქ. 27.19). მაშინ ისააკმა დაუყოვნებლივ მიანიჭა მას კურთხევა და თქვა: "აჰა, სურნელება ჩემი შვილის სამოსისა, როგორც სურნელება ნაყოფიერი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა. მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სიპოხისაგან პურისა და ღვინის სიმრავლე; დაგემონონ შენ ერები და მთავრებმა თაყვანი გცენ შენ. იქნები შენ ბატონი შენი ძმისა და თაყვანისგცემენ შვილები შენი მამისა, დამაწყევარი შენი დაიწყევლოს და მაკურთხეველი კურთხეულ იყოს" (შესაქ. 27.27-29).

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს კურთხევა მართლაც იაკობს უნდა მიმადლებოდა, ცდება, რადგანაც იაკობზე ამათგან არაფერი აღსრულებულა. იგი ოცი წელი შუამდინარეთში ლაბანს ემონებოდა (შესაქ. 31.38), მერე კი თავის საკუთარ ძმას, ესავს თაყვანი სცა და ძღვენით მოულბო გული. ამის შემდეგ კვლავ ეგვიპტეში ჩავიდა, მისი ოჯახი რომ შიმშილისაგან არ ამოწყვეტილიყო (შესაქ. 33. 3,8,10).

მაშ, ვისზე ასრულდა ზემოთქმული: "აჰა, სურნელება ჩემი შვილის სამოსისა, როგორც სურნელება ნაყოფიერი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა?" ეს ყოველივე აღსრულდა მხოლოდ ღვთის ძეზე, ქრისტეზე. "ველი" მოასწავებს ქვეყანას, ხოლო "სურნელება მისი სამოსისა" არიან ქრისტეს მორწმუნეები, როგორც ამბობს  მოციქული: "ქრისტეს სურნელება ვართ ცოცხალთა და მკვდართა შორის: ზოგისთვის – სურნელება სიკვდილისა სიკვდილისათვის, ხოლო ზოგისთვის სურნელება სიცოცხლისა სიცოცხლისათვის" (II კორ. 2.15-16).

ისააკის სიტყვები: "მოგცეს შენ ღმეთმა ცის ცვრისაგან და მიწის სიპოხისაგან პურისა და ღვინის სიმრავლე", უცხადესად მოასწავებს სიტყვას, რომელიც ზეციდან გადმოვიდა, როგორც ცვარი; "მიწა" გულისხმობს ხორცს, რომელიც მან ქალწულისგან შეიმოსა; პურისა და ღვინის სიმრავლე წმინდანებისათვის წარმოითქვა, რომლებიც ბეღელში დაუნჯებული ხორბლის მსგავსად შეიკრიბნენ და სულით, როგორც ღვინით, გამართლდენ.

ასევე ისააკის თქმულიც - "დაგემონოს შენ ერები და მთავრები თაყვანისგცემდნენ შენ", ჩვენს დროში აღესრულება.

ვის ემონება დღეისთვის მორწმუნე ერი, ვის სცემენ თაყვანს მეფეები ეკლესიაში, თუ არა ქრისტეს, რომლის სახელიც აცხოვნებს მათ, როგოც ამას ესაიას პირით ღაღადებს სიტყვა: "ისინი ვინც მე დამემონება, ეწოდოს მათ სახელი ახალი და ეს სახელი ქვეყანაზე კურთხეულ იყოს. აკურთხონ ჭეშმარიტი ღმერთი და რომლებიც ცას ფიცულობენ, იფიცონ ღმერთი ჭეშმარიტი" (ეს. 65.15-16)

და კვლავ იტყვის: "აჰა, რომლებიც მე მმონობენ, ისინი ჭამდნენ, თქვენ კი გშიოდეთ; აჰა, რომლებიც მე მმონობენ, იხარებდნენ კეთილდღეობით, თქვენ კი სირცხვილი დაიმკვიდროთ და გოდებდეთ სულის შემუსვრით" (ეს. 65.13-14)

ისააკი იქვე ამბობს: "იქნები შენ ბატონი შენი ძმისა და თაყვანს გცემდნენ შვილები შენი მამისა. მაგრამ იაკობისთვის არავის უცია თაყვანი, არც ყოფილა იგი ოდესმე თავისი ძმის, ესავის ბატონი. პირიქით, შიშით შეპყრობილი იაკობი გაექცა ესავს და მანვე პირველმა სცა თაყვანი ძმას შვიდგზის.

ისააკის თქმული ასრულდა მაცხოვარზე; ხორციელად საგულვებელ ძმებს იგი უფლად და ბატონად გამოუჩნდა, რომ მათ თაყვანი ეცათ მისთვის, როგორც მეფისთვის. ამიტომ თქვა: "დამაწყევარი შენი დაიწყევლოს და მაკურთხეველი კურთხეულ იყოს."

ამგვარად, თუმცა ისააკის კურთხევა სიტყვიერად იაკობისთვის ითქვა, მაგრამ საქმით ქრისტეზე ასრულდა.

ახლა კი მომდევნო ნაწილი ვნახოთ:

"როცა ისააკმა დაასრულა თავისი ძის, იაკობის კურთხევა და იაკობმაც დატოვა იგი, ამ დროს მისი ძმა ესავი ნადირობიდან უკან დაბრუნდა, კერძი შეამზადა და მიართვა მამას" (შესაქ. 27.30-31).

ესავის კერძი გულისხმობს კაცთა რჯულისეულ ღვთისმსახურებას, რომლებიც ქედმაღლურად ფიქრობდნენ, რომ წინადაცვეთა გაამართლებდა მათ. ისინი საზრდოს მსგავსად მიართმევდნენ უფალს ახალმოქცეულ წარმართებს, მაშინ, როდესაც თვით აკლდათ საზრდო და არ შეეძლოთ ზეციური პურის მოხვეჭა.

ესავმა ისააკს ასე უთხრა: "წამოდექი მამაჩემო და იგემე შენი შვილის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა"(შესაქ. 27.31).

როგორი ამპარტავნება ჩანს ამ სიტყვებში, როგორი ქედმაღლობა გულისა: ვინც წინადაცვეთილები არიან, დღემდე ქედმაღლობენ და თვლიან, რომ მხოლოდ ისინი გამართლდებიან; ნეტარმა იაკობმა მოკრძალება და სიმდაბლე შეიმოსა და ასე მიმართა მამას: "გავაკეთე ისე, როგორც მიბრძანე შენ, ესავმა კი სხვაგვარად უთხრა: "წამოდექი მამაჩემო და იგემე შენი შვილის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა. ისააკმა  ჰკითხა: "ვინ ხარ შენ? მან მიუგო: "მე ვარ შენი ძე პირმშო, ესავი. განცვიფრდა ისააკი დიდი და ძლიერი განცვიფრებით და თქვა: "ვინ იყო იგი, რომელმაც მოინადირა ჩემთვის ნადირი და აქ მომართვა? ვჭამე ყოველივე შენს მოსვლამდე; ვაკურთხე იგი და კურთხეულ იყოს" (შესაქ. 27.32-33 ).

როგორ გაიღვიძა აქ წინასწარმეტყველის სულმა: იაკობისთვის მიცემულ კურთხევაში ასე  თქვა მან: "მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს, ხოლო დამაწყევარი დაიწყევლოს", აქ კი პირველი კურთხევა ხელმეორედ განამტკიცა და დაბეჭდა იგი, როდესაც თქვა: "ვაკურთხე და კურთხეულ იყოს".

იაკობისგან ქმნილი საიდუმლო წინასწარ გამოსახავდა მას, რაც ქრისტესთვის იყო განჩინებული, რადგანაც ქრისტე მამის მიერ კურთხეული იშვა ამქვეყნად და იკურთხა უკუნისამდე.

წერილი ამბობს: "განცვიფრდა ისააკი დიდი და ძლიერი განცვიფრებით"; ეს კი ნიშნავს, რომ ისააკი განცვიფრდა მომხდარის გამო, რადგანაც წისასწარ იხილა, თუ როგორ იკურთხებოდნენ წარმართები უმცროსი ძის ანუ ღვთის მიერ, როგორ მიეწიფებოდნენ ისინი მამებისადმი უწყებულ აღთქმას. სწორედ ამიტომ, როცა იაკობი იბადებოდა, იგი დედის საშოდან ესავის შემდეგ გამოვიდა, თანაც ძმის ქუსლი ხელში ეპყრა; მსგავსადვე, უკანასკნელ ერს, რომელიც თან მოჰყვებოდა მოციქულთა კვალს, პირმშოება უნდა მიეღო და ახალი აღთქმის ჟამს პირველი წარმოჩენილიყო .

"და როცა ესმა ესავს თავისი მამის, ისააკის ნათქვამი, მეტი სიმწრისაგან ძლიერად ამოიყვირა და თქვა: "მაკურთხე მეც მამაო". ხოლო მან მიუგო: "მოვიდა შენი ძმა და მზაკვრობით მიიტაცა შენი კურთხევა". (შესაქ. 27.34-35).

ისააკის სიტყვები, "მოვიდა შენი ძმა და მზაკვრობით მიიტაცა შენი კურთხევა ", საიდუმლოდ მოასწავებს ღვთის სიტყვის განკაცებასა და მის მიერ მსახურის სახის მიღებას; ამ გზით შეუცნობლად უნდა შობილიყო იგი, რომ მამისგან კურთხევა მიეღო და მორწმუნეებისათვის მიემადლა.

ესავმა ასე მიუგო მამას: "სამართლიანად ეწოდა მას სახელად იაკობი, რადგანაც უკვე მეორედ დამრთგუნა მე. ადრე ჩემი პირმშოება მიიტაცა, ახლა კურთხევაც მან წაიღო". (შესაქ. 27.36). განრისხებული იყო ესავი იაკობისთვის და ამბობდა გულში: "როდის მოაწევს დღე მამაჩემის გლოვისა, რომ მოვკლა ჩემი ძმა იაკობი?" (შესაქ. 27.41).

როგორ ცხადად იწინასწარმეტყველა აქ წერილმა ესავის პირით სამომავლოდ თანაშერწყმულად აღსრულებადი. სიტყვა, რომელიც უკანასკნელ ჟამს ხორციელად შეეხო ვნებას, ერის მამად გამოჩნდა, როგორც ეს მოსემ ყვედრებით უთხრა ერს: "ამას აკადრებთ უფალს? ნუთუ არ არის იგი თქვენი მამა? (II  სჯ. 32.6). იმავე წერილმა გამიჯნა კიდეც, რაც მოასწავა, რომ გვეცნო მისი თქმული: ესავის სიტყვები, "როდის მოაწევს დღე მამაჩემის გლოვისა", პასექის დღეებზე მიგვანიშნებს, როცა  სიტყვა მახლობელი გახდა და ერს უქადაგა სასუფეველი, ხოლო სიტყვები, "რომ მოვკლა ძმა იაკობი", გულისხმობს კაცს, რომელიც ხორციელად იშვა იაკობისგან, ერმა კი იგი ძელზე დამსჭვალა .

ასე მიმართა ესავმა ისააკს: "მამაო, ნუთუ არ დაიტოვე ჩემთვის კურთხევა?" (შესაქ. 27.36).

რადგანაც ღვთაების მთელი სავსება ხორციელად ქრისტეში უნდა დამკვიდრებულიყო, ამიტომ ისააკმა ასე მიუგო: "რადგან შენს უფლად დავადგინე იაკობი და ყველა ძმა მას დავამონე, განვამტკიცე კიდეც პურით და ღვინით, შენ კი რაღა გიყო, შვილო? შეწუხდა ისააკი, ხოლო ესავმა აღიმაღლა ხმა და ატირდა" (შესაქ. 27.37 ).

ისააკის წუხილი მოასწავებს სიტყვის თანალმობას ცოდვილი ერისადმი, რადგანაც მაცხოვარი მათთვის შუამდგომლობდა და იტყოდა: "მამაო, შეუნდე მათ, რადგანაც არ იციან რას აკეთებენ" (ლკ. 23.24).

ხოლო ესავის მოთქმა და ტირილი გულისხმობს ცოდვილთა სინანულს იმ საქმის გამო, რაც ჩაიდინეს, როგორც ეს "მოციქულთა საქმეებში" წერია: "როცა ამის შესახებ ესმათ მათ, დაწმუხრდნენ გულით და უთხრეს პეტრეს და დანარჩენ მოციქულებს: "რა გავაკეთოთ კაცნო ძმანო?" ხოლო მათ მიუგეს: "შეინანეთ და ნათელ იღეთ ყოველმა თქვენგანმა იესო ქრისტეს სახელით. და მიიღებთ სულიწმინდის ნიჭს, რადგანაც თქვენთვის არის აღთქმა და თქვენი შვილებისათვის და ყოველი შორეულისათვის, რომლებსაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი". (საქმე, 2.37-39 ).

სწორედ ესაა ის კურთხევა, რომელსაც ითხოვდა ესავი; რადგანაც მაშინ არ იყო ჟამი, მომავლის შესახებ წინასწარმეწტყველებდა ისააკი; ამიტომაც ეტყოდა ესავს: "აჰა, მიწის სიპოხისაგან და ზეგარდმო ციური ცვარისგან  დაემკვიდრო შენ; შენივე მახვილით იცოცხლო და დაემონო შენს ძმას; მაგრამ დადგება ჟამი, განთავისუფლდები და შენი ქედიდან გადაიგდებ მის უღელს" (შესაქ. 27.40).

რა ძალი ქვს ნეტარი ისააკის სიტყვებს, - კურთხევისა თუ წინასწარმეტყველების? უნდა ვიცოდეთ, როგორი იყო მომავალი. ისააკმა თქვა: "მიწის სიპოხისგან და ზეგარდმო ციური ცვრისაგან დაემკვიდრო შენ". მართლაც, მოხდა ისე, რომ ებრაელები დასახლდნენ ქანანელთა მიწაზე, რომელიც მათ ისუ ნავესმა დაუნაწილა. ისააკის სიტყვები, "და ზეგარდმო ციური ცვრისგან", მოასწავებს წინასწარმეტყველებს, რომლებიც ღრუბლის მსგავსად ცვარს მოუვლენდნენ თავიანთ ერს და აუწყებდნენ უფლის ზრახვებს.

ესავის მიმართ ნათქვამი, "შენი მახვილით იცოცხლო", იმას ნიშნავს, რომ ებრაელთა ერი არასოდეს დაცხრებოდა ბრძოლებისაგან, რადგანაც ეკირთებოდნენ მას ირგვლივ დამკვიდრებული ტომები. ამას გვიცხადებს თვით წერილი.            

რაც შეეხება სიტყვებს: "და შენს ძმას დაემონო", იგი მიანიშნებს ახლანდელ ჟამზე, როდესაც მხსნელი ჩვენთან მოვიდა ხორციელ ძმათა მოსახილველად, რომლისადმი მორჩილებას და დამონებას ქადაგებდა წინასწარმეტყველი. ამიტომ ითქვა: "დადგება ჟამი, როცა განთავისუფლდები, შენი ქედიდან გადაიგდებ მის უღელს". რა უნდა იყოს ეს "უღელი", თუ არა რჯულისადმი დამონება? ხოლო ამჟამად აღარ ემონებიან რჯულის უღელს, რადგანაც ირწმუნეს სახარება, განთავისუფლდნენ და აწ ძალუძთ ხსნა.

ნეტარმა წინასწარმეტყველებმა თაობიდან თაობას უქადაგეს ქრისტეს საიდუმლოებები და წინასწარ ნათლად გვაუწყეს სიმართლე. ვინ დაეჭვდება მათ ცხად სიტყვებში? თუკი წარსულის და აწმყოს შესახებ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული სარწმუნოდ შეგვირაცხია, რატომ არ უნდა ვირწმუნოთ ისიც, რაც მათ მომავლისათვის გვაუწყეს?

იაკობის კურთხევანი
იოსების შვილები: ეფრემი და მანასე
ისააკის კურთხევათა განცხადების შემდეგ განვიხილოთ იაკობის მიერ თავისი შვილების მიმართ წარმოთქმული კურთხევა. წერილი ასე იტყვის: "იხილა ისრაელმა იოსების შვილები და ჰკითხა მას: ვინ არიან ესენი? მან მიუგო: "ესენი ჩემი შვილები არიან, რომლებიც ღმერთმა მომანიჭა". ასე უთხრა მას იაკობმა: "მომგვარე აქ რათა ვაკურთხო ისინი"; იაკობის თვალები სიბერისგან დაბინდული იყო და ვერ ხედავდა. მან ახლოს მოიზიდა ყრმები, ეამბორა მათ და შეიტკბო. უთხრა ისრაელმა იოსებს: "აჰა, მეღირსა ხილვა შენი სახისა და გამომიჩინა ღმერთმა ნაშობი შენი". იოსებმა გააშორა მისი შვილები იაკობის მუხლებს და მიწამდე თაყვანისცა მამას. მას შემდეგ შვილებს ისევ მოუხმო, ეფრემი მარჯვნივ დაიყენა, ისრაელისგან მარცხენა მხარეს, მანასე მარცხნივ, ისრაელისგან მარჯვენა მხარეს და მიიყვანა ისინი თავის მამასთან. განიპყრო ისრაელმა მარჯვენა ხელი, თავზე დასდო ეფრემს, რომელიც იყო უმცროსი ძე, ხოლო მარცხენა დასდო  მანასეს, გადაჭდობილი ხელებით აკურთხა ისინი და თქვა: "ღმერთო, რომელმაც შეიყვარე ჩემი მამები აბრაამი და ისააკი, ღმერთო, რომელმაც გამომზარდე მე სიყრმიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე, ანგელოზო, რომელმაც გამაშორე ჩემს ყოველგვარ ბოროტებას, - აკურთხეთ ეს ყრმები, მიენიჭოს მათ ჩემი სახელი და სახელი ჩემი მამებისა, აბრაამისა და ისააკისა და გამრავლდნენ ისინი ურიცხვ სიმრავლედ ამ ქვეყანაზე" (შესაქ. 48.8-16).

წინასწარმეტყველმა ზემოთქმულით დიდი საიდუმლო გაგვიცხადა, რადგანაც ხელების გადაჭდობა და იოსების უმცროსი ძის, ეფრემის მარჯვნივ დადგინება, ხოლო პირმშო შვილისა, მანასესი - მარცხნივ, მოასწავებს ორ წოდებას და ორ ერს; უმრწემესი ერი სარწმუნოების გამო  ქრისტეს მარჯვნივ აღმოჩნდა, რჯულით მოქადული უხუცესი ერი კი მარცხნივ დაემკვიდრა; წინასწარმეტყველი სულიერად მოასწავებს ყოველივეს, ხოლო იოსები ვერ მიხვდა ამას და ეგონა, რომ შეცდა მამა; შეაჩერა იგი და უთხრა: "ასე არა მამაო, რადგანაც ეს არის ჩემი პირმშო და მის თავზე დასდევ შენი მარჯვენა". იაკობმა მიუგო: "ვუწყი, შვილო, ესეც განდიდდება და ამაღლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა აღემატება მას". და დაადგინა მან ეფრემი მანასეს წინ" (შესაქ. 48.18-20).

რამდენადაც საღვთო წერილი ბევრ რამეს ფარულად გვაუწყებს, ამდენად, საჭიროა, ზოგი საკითხის ვრცლად განხილვა; ახსნას  მოითხოვს ნეტარი იაკობის სიტყვები, რომლებითაც მან იოსების ორი ძე თავისთვის განიკუთვნა, რადგანაც ასე მიმართა იოსებს: "შენი ორი ძე, ეფრემი და მანასე, რომლებიც იშვნენ ეგვიპტეში ჩემს აქ მოსვლამდე, ჩემნი არიან, ისევე როგორც რუბენი და სიმონი, ხოლო ვინც მათ მერე შეგეძინება, შენი იყოს" (შესაქ. 48.5-6)

ეს სიტყვები შემდეგს ნიშნავს: რადგანაც იაკობს თორმეტი ძე ჰყავდა, რომლებმაც დასაბამი მისცეს თორმეტ ტომს, ამიტომ მან იოსების ორი ძე ორ ტომად გაყო, თვით იოსების ტომი მის ორ ძეზე გაანაწილა და ამ გზით შექმნა ცამეტი ტომი. შემთხვევითი არ იყო, რომ პავლე მოციქული, რომელიც ტომთა რიცხვისგან გამოირჩიეს, მოციქულთა შემდეგ მეცამეტედ შეირაცხა და როგორც მოციქული, წარმართებთან გაიგზავნა.

იაკობის თორმეტი ძე

რადგანაც გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ საღვთო წერილის წინასწარმეტყველება ყველა თვალსაზრისით ჩვენს სრულ ნდობას იმსახურებს, ახლა მისი მომდევნო ნაწილიც განვიხილოთ.

"მოუწოდა იაკობმა თავის შვილებს და უთხრა მათ: შემოიკრიბეთ და გაუწყებთ, რაც უკანასკნელ დღეებში უნდა შეგემთხვეთ. შემოიკრიბეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო, ისმინეთ ისრაელისა, თქვენი მამისა" (შესაქ. 49.1-2).

შვილებისადმი ნათქვამი, "შემოიკრიბეთ და გაუწყებთ, რაც უკანასკნელ დღეებში უნდა შეგემთხვეთ", წინასწარმეტყველებაა და არა კურთხევა, რადგანაც კურთხევა მასზე ვრცელდება, ვინც იკურთხა, ხოლო წინასწარმეტყველება რაიმეს აღსრულების შემდეგ ცხადდება. წერილი გვაუწყებს: "იაკობის შვილები, ყველა ერთად, არის თორმეტი; და ეს უთხრა მათ მამამ; და აკურთხა ისინი ცალკეულად; და თითოეული აკურთხა თავისი კურთხევის მიხედვით" (შესაქ. 49.28). როგორ შევათანხმოთ ერთმანეთთან წერილის სიტყვები, რომლებიც ზოგჯერ წინასწარმეტყველებად გვეცხადებიან, ზოგჯერ კი კურთხევად? უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სიტყვებში კურთხევაც არის და წინასწარმეტყველებაც. კურთხევა წილად ხვდება მას, რომელიც იუდასგან იშვა, იოსებისგან წინასწარ გამოისახა და ლევისაგან გამოვიდა, როგორც მღვდელი მამისა, ხოლო წინასწარმეტყველება მათზე ვრცელდება, რომლებიც წინ აღუდგნენ ღვთის ძეს და შეურაცხყვეს იგი.

რუბენი

ეს რომ ასეა, ამის შესახებ უცხადესად გვასწავლის თვით წერილი, რადგანაც იტყვის: "რუბენ, შენ ხარ ჩემი პირმშო, ძალი ჩემი და პირველი ჩემს შვილებს შორის, ფიცხლად აღგზნებადი და ფიცხლად მზვაობარი. აბობოქრდი, როგორც წყალი; ნუ ადუღდები, რადგანაც ახვედი მამის საწოლზე და მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელზეც ახვედი" (შესაქ. 49.3-4).

ახლა ვიკითხოთ, რას გულისხმობს ეს სიტყვები, კურთხევას თუ წინასწარმეტყველებას?

რუბენისადმი თქმული, "ფიცხლად აღგზნებადი და ფიცხლად მზვაობარი", აგრეთვე, მომდევნო ნაწილი - "ახვედი მამის საწოლზე და მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელზეც ახვედი", უფრო წარსულ საქმეთა სამხილი ჩანს, ვიდრე მომავლისა. შეიძლება თქვას ვინმემ, რომ ეს სიტყვები გულისხმობს რუბენის მიერ მამისა სარეცელის მაშინდელ შებილწვას, როდესაც იგი იაკობის ხარჭასთან, ბალასთან, დაწვა (შესაქ. 35.22). თუ ამას ვირწმუნებთ, აღმოჩნდება, რომ წინასწარმეტყველი სამომავლო საქმეებს კი არ გვაუწყებს, არამედ წარსულს. სინამდვილეში კი, მისი ნათქვამი, "შემოიკრიბეთ იაკობის ძენო და გაგიცხადებთ, რაც თქვენ ბოლო დღეებში უნდა შეგემთხვეთ", ისეთ საქმეებს მოასწავებს, მომავალში რომ აღსრულდება და ამის შემდეგ როგორ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ წარსულთათვის მეტყველებს იგი? წინასწარმეტყველი მაშინ არის წინასწარმეტყველი, როცა მომავალს გვიცხადებს, და არა წარსულს; არაფერი იქნება უჩვეულო და განსაკუთრებული იმაში, თუ მას რაც ორი-სამი წლის წინათ თვითვე ვნახეთ, სხვებსაც ვაუწყებთ და ჩვენი თვალით ხილულ წინასწარმეტყველებად გავასაღებთ. ამიტომ, წინასწარმეტყველი მართლაც წინასწარმეტყველად უნდა გამოვაჩინოთ.

იაკობი ამბობს: "რუბენ, შენ ხარ პირმშო ჩემი, ძალი ჩემი და პირველი ჩემს შვილთა შორის". ზოგიერთებს ეს სიტყვები მაცხოვარზე გადააქვთ, იმ აზრით, თითქოს მამა ემეტყველებოდეს საკუთარ ძეს, მაგრამ ზემომოტანილ სიტყვებს იქვე მოყვება სხვებიც, რომლებიც, ამგვარად გაგებულნი, შერყვნიან მსმენელთა ყურებს; რადგანაც თუკი მივიჩნევთ, რომ ყოველივე ეს მართლა მაცხოვრისათვის ითქვა, მაშინ მომდევნო ნაწილიც, "ფიცხლად აგზნებადი და ფიცხლად მზვაობარი", და ასე შემდეგ, მასვე უნდა მივაკუთვნოთ, მაგრამ, ცხადია, ეს ასე არ არის.

რუბენი იყო იაკობის პირმშო შვილი ისევე, როგორც პირმშო იყო ებრაელი ერი, რომელსაც ღვთის შვილობისაკენ უწოდა რჯულმა. იაკობმაც თავისი პირმშოს, რუბენის საქმენი სწორედ პირველი ერის მომავალ საქმეებს შეუწამა. მისი სიტყვები, "რუბენ, შენ ხარ პირმშო ჩემი, ძალი ჩემი და პირველი ჩემს შვილთა შორის", შესაძლოა მართლაც უშუალოდ რუბენისადმი იყოს თქმული, მაგრამ მომდევნო ფრაზა "ფიცხლად აგზნებადი და ფიცხლად მზვაობარი" ებრაელთა ერს მოასწავებს, რომლის ურჩობასა და ურწმუნოებას წინასწარ ჭვრეტდა იაკობი. მოსეც ამასვე ეუბნებოდა ებრაელებს: "თქვენ ხართ ქედფიცხელი ერი. ფრთხილად იყავით, არ განრისხდეს თქვენთვის უფალი, არ აღივსოს გულისწყრომით და არ ამოგწყვიტოთ თქვენ" (გამოს. 33.5).

შემდეგ იაკობი ამბობს: "აბობოქრდი, როგორც წყალი, ნუ ადუღდები". ამ სიტყვებით დააცხრო მან სიბობოქრე მისი ხორციელი შთამომავლობისა, რომელმაც შეაგინა რჯული და შეურაცხყო რჯულის მიერ ქადაგებული სიტყვა.

იაკობი ამბობს: "ახვედი შენი მამის საწოლზე და შეაბილწე ის სარეცელი, რომელზეც ახვედი". "საწოლი" და "სარეცელი" ქრისტეს წმიდა სხეულად ითქმის, რომელზედაც, როგორც წმიდა სარეცელზე, წმინდანები განისვენებენ და ცხოვრებას იძენენ. როდესაც ეს სხეული უსჯულოებმა დაისაკუთრეს, შეურაცხყვეს იგი, რადგანაც ძმარი მიართვეს მას, თავზე ლერწმით ურტყეს, ლახვარი ტყორცნეს, ზურგი მათრახით დაუწყლულეს და ხელები ლურსმნებით დაუმსჭვალეს.

ყოველივე ეს აღასრულა უღვთო და ურწმუნო ხალხმა მღვდელმთავრების, მწიგნობრების და ერისთავების შემწეობით. ამიტომ ამ საქმეთაგან არაფერი უგულებელყო ნეტარმა წინასწარმეტყველმა; თვით არ ისურვა შერთვოდა მათ ვერაგ ზრახვებს და თავისი თავი ამგვარად თხზული ბოროტებისგან განაშორა. ამიტომ თქვა მან:

სიმონი, ლევი

"ძმებმა სიმონმა და ლევმა ერთად აღასრულეს უსამართლობა და მკვლელობა ჩაიდინეს. მათ განზრახვას ნუ შეერთვება ჩემი სული და მათი შეკრებისთვის ნუ იცილობს ჩემი გული, რადგანაც რისხვით აღვსილებმა დახოცეს ხალხი და გულისთქმას აყოლილებმა გამოძარღვეს ხარი. დაიწყევლოს რისხვა მათი, რადგანაც ქედმაღლური იყო იგი, და გულისწყრომა მათი, რადგანაც სასტიკი იყო იგი. გავყოფ მათ იაკობს შორის და გავფანტავ მათ ისრაელს შორის" (შესაქ. 49.5-7).

შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ სიკიმელთა შესახებ გვაუწყებს აქ ნეტარი იაკობი; თითქოს იმისათვის ამხილებს იგი თავის შვილებს სიმონსა და ლევს, რომ მათ მზაკვრობით წინადაცვითეს სიკიმელები (რადგანაც მათი და დინა შებილწა სვიქემის ძემ ემორმა), შემდეგ კი მესამე დღეს მიუხდნენ წინადაცვეთილებს, ამოწყვიტეს სიკიმის ყველა მცხოვრები და გამორეკეს მათი პირუტყვი (შესაქ. 34).

მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს, რადგანაც სიმონმა და ლევმა თვით გაიმართლეს თავი მამის წინაშე; თუმცა მამა ეტყოდა მათ, "ზიზღის ღირსად მაქციეთ მე, ყველა ქანანელისა და ფერეზელის წინაშე ბოროტ კაცად გამომაჩინეთ. რიცხვით მცირე ვარ მე და თუკი ჩემს წინააღმდეგ შეერთდებიან, დამლეწავენ და ამომწყვეტენ მეც და ჩემს ხალხსაც" (შესაქ. 34.30), მისმა შვილებმა ასე მიუგეს: "მათ ხომ შებილწეს ჩვენი და, როგორც მეძავი" (შესაქ. 34.31)? ამ სიტყვებისათვის იაკობის შვილები ქების ღირსნი უფრო არიან, ვიდრე ძაგებისა; ისინი თუმცა ასაკით ყრმები იყვნენ, მაგრამ მაინც იძიეს შური თავისი დისათვის, რომელიც შებილწა სვიქემის ძემ. შემდეგში, როცა იაკობმა ნეტარ იოსებს ქალაქი უძღვნა, ასე მიმართა მას: "მოგანიჭებ შენ სიკიმას, როგორც გამორჩეულს შენი ძმებისგან, რომელიც მახვილითა და მშვილდით მივტაცე ამორეველებს" (შესაქ. 48.22). ამგვარად, თვით იაკობიც ადასტურებს, რომ სამართლიანი იყო სიკიმელთა შემუსრვა.

მაშ, სად იქცა საქმედ წინასწარმეტყველის სიტყვები, "ძმებმა სიმონმა და ლევმა აღასრულეს უსამართლობა და მკვლელობა ჩაიდინეს, ნუ შეერთვება მათ განზრახვას ჩემი სული და მათი შეკრების გამო ნუ იცილობს ჩემი გული" (შესაქ. 48.5-6).

წაიკითხე სახარება, რადგანაც იქ წერია ამის შესახებ: სიმონის ტომისგან იყვნენ მწიგნობრები, ხოლო ლევისგან - მღვდელმთავრები. სწორედ მათი შეთქმულებითა და განზრახვით გაიწირა ქრისტე და მათვე მოკლეს იგი. იაკობმა კი წინასწარ იხილა ყოველივე ეს და თქვა: "მათ განზრახვას ნუ შეერთვება ჩემი სული"; ხოლო "განზრახვა" თქვა, რადგანაც "განიზრახვიდნენ" ქრისტესთვის რაიმე მიზეზის პოვნას, რომ "მზაკვრობით შეეპყროთ იგი და მოეკლათ" (მათ. 26.4). ამასვე ამბობს ესაიაც: "ვაი მათ სულს, რადგანაც საკუთარი თავისათვის განიზრახეს ბოროტი ზრახვა და თქვეს: შევკრათ მართალი იგი, რადგანაც გვეურჩება ჩვენ" (ეს. 3.9-10).

იაკობის სიტყვები: "და მათი შეკრების გამო ნუ იცილობს ჩემი გული", მოასწავებს ქრისტეს წინააღმდეგ მღვდელმთავართა, მწიგნობართა და ერის უხუცესთა მაშინდელ შეკრებას წინამძღვრის სახლში, როცა ისინი მოითხოვდნენ იესოს სიკვდილს.

მომდევნო ნაწილი: "რადგანაც რისხვით აღვსილებმა ამოწყვიტეს ხალხი", ნეტარ მოციქულებზე მიგვითითებს, რომლებიც ჭეშმარიტების საქადაგებლად გაიგზავნენ ურწმუნოებთან, ხოლო მათ ამოწყვიტეს ისინი.

რაც შეეხება იაკობის თქმულს: "და საკუთარ გულისთქმას აყოლილებმა გამოძარღვეს ხარი", იგი მოასწავებს ამქვეყნიური სურვილებით გატაცებას, როდესაც მიწიერისაკენ მიდრეკილმა ერმა წარწყმიდა ზეციური, ხოლო ცხოვრების წინამძღვარი ხარის მსგავსად მოაკვდინა.

შემდეგ იაკობი იტყვის: "დაიწყევლოს მათი რისხვა, რადგანაც ქედმაღალი იყო იგი, და გულისწყრომა მათი, რადგანაც სასტიკი იყო იგი". "გულისწყრომა" მოასწავებს რისხვას, რითაც მარადის აღივსებოდნენ ებრაელები, რომლებიც ქედფიცხელობით წმიდა სულს წინ აღუდგნენ. კურთხევის ბოლო ნაწილი ასეთია: "გავყოფ მათ იაკობს შორის და გავფანტავ ისრაელს შორის"; ვინ იყო იაკობი და ისრაელი, თუ არა ღვთის წმიდა და პირმშო შვილი, რომლის მოკვლის გამო ებრაელები გაიფანტნენ მთელს ქვეყანაზე და მტერმა ნადავლივით მიიტაცა ისინი.

იუდა

რადგანაც უკვე გაუწყეთ, რომ იაკობის გამონათქვამები ზოგჯერ კურთხევას გულისხმობს, ზოგჯერ კი წინასწარმეტყველებას, გონივრული იქნება, ამის შესახებ მხოლოდ სიტყვიერად კი არ ვამცნოთ სწავლის მოყვარეებს, არამედ თვით ნათქვამთა შინაარსის საფუძველზე ნათელვყოთ იგი.

როდესაც იაკობი იუდას აკუთხებდა, ასე თქვა მან: "იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები. შენი ხელები მტრების ზურგზე იქნება. თაყვანს გცემენ შვილები შენი მამისა. ლომის ლეკვი ხარ იუდა. ყლორტისაგან აღმოცენდი, შვილო ჩემო. მიწოლით დაიძინებ, როგორც ლომი და ლეკვი. ვინ გააღვიძებს მას? არ დაილევა იუდასგან მთავარი, არც წინამძღვარი მისი წელისაგან, ვიდრე მოვა ის, ვისთვისაც განჩინებულია მოსვლა. და იგი იქნება წარმართთა მოლოდინი. გამოაბამს ვენახს თავის სახედარს და ვენახის რქას სახედრის ჩოჩორს. ღვინოში გარეცხავს თავის სამოსელს და ყურძნის სისხლში - შემოსაცმელს მისას. ხარობენ ღვინით მისი თვალები და მისი კბილები რძეზე მეტად თეთრია" (შესაქ. 49.8-12).

როგორ შეიძლება ეს სიტყვები იმასვე ნიშნავდეს, რასაც ზემოთ რუბენისთვის თქმული, რადგანაც მაშინ იაკობი ასე იტყოდა: "ფიცხლად აგზნებადი და ფიცხლად ამპარტავანი; აბობოქრდი როგორც წყალი; ნუ ადუღდები, რადგანაც ახვედი მამის საწოლზე და შეაგინე სარეცელი, რომელზეც ახვედი". ასეთი შინაარსი აქვს, აგრეთვე შემდეგსაც: "დაიწყევლოს რისხვა მათი, რადგანაც ქედმაღლური იყო იგი, და გულისწყრომა მათი, რადგანაც სასტიკი იყო იგი". ყოველივე ის, რაც რუბენის, სიმონის და ლევის მიმართ ითქვა, არის არა კურთხევის სიტყვები, არამედ მხილება მათი, წინასწარ გაცხადება მათი ცოდვებისა. ხოლო ამჟამინდელი ნათქვამი, "იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები; შენი ხელები მტრების ზურგზე იქნება და თაყვანსგცემენ შვილები შენი მამისა...", მართლაც კურთხევად წარმოჩნდება.

ვინმე იკითხავს: რა უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ იაკობმა კურთხევა იუდას მიმადლა და არა მის უფროს ძმებს?

იცოდეთ, რომ იუდას ტომისაგან დავითი უნდა შობილიყო, ხოლო დავითისგან - ხორციელად ქრისტე. იაკობმა წინასწარ სულიერად განჭვრიტა მომავალი და აკურთხა იუდას მიერ დავითი, ხოლო დავითის მიერ ქრისტეს ხორციელი შობა, რათა ქრისტეს არა მხოლოდ ღვთისმიერი სულიერი კუთხევა მიეღო, არამედ ხორციელიც; ამის შესახებ იტყვის იერემია: "ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი შენ; საშოდან გამოსვლამდე წმიდაგყავ შენ და დაგადგინე წარმართთა წინასწარმეტყველად" (იერ. 1.5).

საშოდანვე განწმენდილი უკვე ღვთის მიერ კურთხეულია.

ალბათ, იკითხავ, თუ რატომ არ აკურთხა იაკობმა იუდას მსგავსად ლევიც; განა ქრისტე ლევის ტომისაგან არ მოგვევლინა მამის მღვლად მას შემდეგ, რაც ლევისა და იუდას ტომი ერთიმეორეს შეერია (შერევის მიზანი კი ის იყო, რომ ამ ორი ტომის ხაზით ქრისტეს ერთდროულად მეფობაც მიეღო და მღვდლობაც)?!

იაკობი წინასწარ ჭვრეტდა მღვდელმთავრების, ანასა და კაიაფას საქმეებს, რომლებმაც შეჰბედეს ღვთის ძეს. რამდენადაც ისინი ლევის ტომისგან იყვნენ, იაკობმა ლევს აღარ მისცა კურთხევა, არამედ გაკიცხა იგი. მაგრამ როცა შემდეგ მოვიდა ნეტარი მოსე, მან ქრისტე სწორედ აარონისაგან და ლევისაგან შობილად აკურთხა. ასე თქვა რჯულმდებელმა: "მიეცით ლევს გამოცხადება მისი და წმიდა კაცს ჭეშმარიტება მისი (II სჯ. 8).

ამგვარად, იაკობის წინასწარმეტყველების დანაკლისი მოსესგან შეივსო, თუმცა ამის შესახებ მოსეს მიერ განწესებულ კურთხევათა განხილვის დროს გაუწყებთ, ამჯერად კი ჩვენს სათქმელს დავუბრუნდეთ.

იაკობი ამბობს: "იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები. შენი ხელები მტრების ზურგზე იქნება. თაყვანისგცემენ შვილები შენი მამისა".

ვინ უნდა იყოს ეს "ძმები", რომლებიც შეაქებენ და თაყვანს სცემენ მას, თუ არა მოციქულები? სწორედ მათ უთხრა უფალმა: "ჩემო ძმებო და თანამკვიდრებო" (მათ. 12.49).

სიტყვები, "შენი ხელები მტრების ზურგზე იქნება", იმას ნიშნავს, რომ ხელების განთხმით უფალმა ბოროტ ძალებზე გამარჯვება იზეიმა; ან კიდევ, ამ სიტყვებში, შესაძლოა, ის იგულისხმება, რომ ქრისტე თავის ხორციელ მტრებს უფლად და მბრძანებლად გაუხდა და მამის მიერ ყველას მსაჯულად დამტკიცდა.

"ლომის ლეკვი ხარ იუდა. ყლორტისაგან აღმოცენდი, შვილო ჩემო". როდესაც წინასწარმეტყველი "ლომსა" და "ლომის ლეკვს" ამბობს, იგი უეჭველად ორ სახეს გვიჩვენებს, - მამისას და ძისას, ხოლო სიტყვები, "ყლორტისაგან აღმოცენდი, ჩემო შვილო," ქრისტეს ხორციელ შობას მოასწავებს, რომელიც ქალწულის საშოში წმიდა სულისაგან აღმოცენდა, და ამქვეყნად კეთილსურნელოვან ყვავილად გამოგვეცხადა. ამასთან, როცა იაკობმა "ლომის ლეკვი" თქვა, ამით მან მეუფისგან მეუფის ანუ ღვთისგან ქრისტეს სულიერი შობა მოასწავა, იქვე კი მისი ხორციელი წარმომავლობის შესახებაც გვაუწყა: "ყლორტისგან აღმოცენდი, შვილო ჩემო". ესაია ამბობს: "იესეს ძირზე ამოიზრდება კვერთხი, ხოლო მისგან ყვავილი აღმოცენდება" (ეს. 2.1).

"იესეს ძირი" გულისხმობს მამათა შთამომავლობას, რომელიც ამ ქვეყანაზე ძირის მსგავსად დაინერგა. მასზე ამოზრდილი "კვერთხი" არის მარიამი, რადგანაც იგი ეკუთვნოდა დავითის სახლსა და მოდგმას; მარიამისაგან აღმოცენებული ყვავილი კი თვით ქრისტეა. სწორედ იგი იწინასწარმეტყველა იაკობმა, როდესაც თქვა: "ყლორტისგან აღმოცენდი, შვილო ჩემო".

კურთხევის მომდევნო ნაწილი, "მიწოლით დაიძინებ, როგორც ლომი და როგორც ლეკვი", წინასწარ გვაუწყებს საფლავში ქრისტეს სამდღიან მიძინებას, მის სამდღიან განსვენებას დედამიწის გულში. ამას გვიდასტურებს თვით უფალი, რომელიც იტყვის: "როგორც იონა იყო სამი დღე და სამი ღამე ვეშაპის მუცელში, ამგვარადვე იყოს კაცის ძე მიწის გულში სამი დღე და სამი ღამე" (მათ. 12.40). ასევე, დავითიც წინასწარ გააცხადებს და იტყვის: "დავწექი, დავიძინე და გავიღვიძე, რადგანაც უფალი შემეწია მე" (ფს. 3.6). ეგევე თქვა იაკობმაც: "ვინ გააღვიძებს მას?" ის კი არ უთქვამს, რომ "ვერავინ გააღვიძებს", არამედ "ვინ გააღვიძებს", რითაც მიანიშნა მამა, რომელმაც თავისი ძე მკვდრეთით აღადგინა. მსგავსადვე ამბობს მოციქულიც: "და ღმერთმა, მამამ, იგი მკვდრეთით აღადგინა" (გალ. 1.1). პეტრეც ამასვე გვიცხადებს: "რომელიც ღმერთმა აღადგინა და გამოიხსნა სიკვდილის მწუხარებისგან, რადგანაც არ შეიძლებოდა სიკვდილს შეეპყრო იგი" (საქმე 2.24).

შემდეგ იაკობი უფრო დაწვრილებით გვაუწყებს ქრისტეს ხორციელი შობის შესახებ: "არ დაილევა იუდასგან მთავარი და არც წინამძღვარი მისი წელისგან, ვიდრე მოვა ის, ვისთვისაც განჩინებულია მოსვლა, და იგი იქნება წარმართთა მოლოდინი". მართლაც, არ დალეულა იუდას ტომისაგან მთავარი და წინამძღვარი მაცხოვრის მოსვლამდე. ამას ადასტურებს სახარებაც.

მაცხოვრის შობა იყო წარმართთა მოლოდინი, რომელთაც დღემდე სწამთ მისი. ასე რომ, იაკობი აქ ცხადად მიანიშნებს უფალზე, რადგანაც სხვას ვის მოველით ზეციდან ჩვენი ხსნისთვის, თუ არა მას, რომლისთვისაც განჩინებული იყო რჯულისა და წინასწარმეტყველების აღსრულება?

შემდეგ მაკურთხეველი იტყვის: "გამოაბამს ვენახს თავის სახედარს და ვენახის რქას სახედრის ჩოჩორს". ეს სიტყვები მოასწავებს ორ წოდებას, რომლებიც "გამობმულნი" არიან უფალზე, როგორც "ვენახზე". უფლის სიყვარული აერთიანებს მათ. "ვირი" და "ჩოჩორი" ერთი სიტყვით განწმიდა მაცხოვარმა, რომელიც ვირზე შემჯდარი შევიდა იერუსალიმში (მათ. 21).

იაკობი იქვე დასძენს: "ღვინოში გარეცხავს თავის სამოსელს". აქ საიდუმლოდ უფლის ნათლისღება იგულისხმება; როდესაც ქრისტე იორდანიდან ამოვიდა და წყალი განწმიდა, მაშინ მან მიიღო სულიწმიდის მადლი და ნიჭი. ზემომოტანილ სიტყვებში: 'სამოსელი" უფლის სხეულს აღნიშნავს, ხოლო "ღვინო" მოასწავებს იორდანეში მამისეული სულის ქრისტეზე გადასვლას.

"ყურძნის სისხლში - შემოსაცმელს მისას": "შემოსაცმელი" მიგვითითებს წარმართებზე, რომლებიც მის შესამოსელად წარმოჩნდნენ. ამას გვაუწყებს თვით სიტყვა წინასწარმეტყველის პირით: "ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი, რადგანაც შევიმოსავ ყოველივეს, როგორც ტანსაცმელს" (ეს. 49.18).

რაც შეეხება "ყურძენსა" და "მტევანს", ისინი მოასწავებენ უფალს, რომელიც ძელზე ჩამოეკიდა. როდესაც განგმირეს მისი გვერდი, იქედან სისხლი და წყალი გადმოიღვარა. სისხლმა გამოგვისყიდა ჩვენ, ხოლო წყლით განვიბანეთ, როგორც ამის შესახებ სამართლიანად თქვა წინასწარმეტყველმა: "ღვინოში გარეცხავს თავის სამოსელს, ხოლო ყურძნის სისხლში - შემოსაცმელს მისას".

კურთხევის ბოლოს იაკობმა უფლის წინასწარმეტყველებაზე და მოციქულებზე გვამცნო: "ხარობენ ღვინით მისი თვალები და მისი კბილები რძეზე მეტად თეთრია". ქრისტეს "თვალები" იყვნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც ხარობდნენ წმიდა სულის ძალით და წინასწარ ქადაგებდნენ უფლის ვნებათა შესახებ. წინასწარმეტყველთა ქადაგებებმა სამსახური გაუწია უფლის შემდეგ მოსულ თაობებსაც, რადგანაც მიანიჭა მათ რწმენა, რომელსაც შეუძლია იხსნას ყოველი კაცი.

მომდევნო ფრაზა "მისი კბილები რძეზე მეტად თეთრია", მოასწავებს მოციქულებს, რომლებიც უფლის სიტყვამ გაწმინდა და რძესავით გაასპეტაკა. მათ მოგვცეს სულიერი და ზეციური საზრდო. იაკობის ეს სიტყვები, შესაძლოა, გულისხმობდეს, აგრეთვე, უფლის მცნებებს, რომლებიც წმიდა ბაგეებიდან გამოვიდა და რძედ გადაიქცა ჩვენთვის. ამ რძით აღვიზრდებით, რათა შევძლოთ ზეციურ პურთან ზიარება.

ზაბილონი

შემდეგ იაკობი იტყვის: "ზაბილონი ზღვისპირას დასახლდება გემების ნავსადგურთან და მიწვდება სიდონამდე" (შესაქ. 49.10).

ზაბილონი სახისმეტყველებით მოასწავებს წარმართებს, რომლებიც ამჟამად "ქვეყნის ზღვისკიდეში" მკვიდრობენ; საცთური ზღვისტალღებივით აღელვებს მათ, ხოლო ისინი ეძიებენ მყუდრო სავანეს და ეკლესიისკენ მიილტვიან, როგორც ნავთსადგურისაკენ. "გემების ნავსადგური" გულისხმობს სწორედ ეკლესიებს, რომლებიც ნავსადგურებივით მოეფინენ ამ ქვეყანას და თავშესაფარი მისცეს მორწმუნეებს. ამასვე ამბობს წინასწარმეტყველი: "ზაბილონის და ნეფთალემის მიწა, გზა ზღვისკენ, იორდანის იქით. წყვდიადში მსხდომმა ერმა იხილა ნათელი დიდი, სიკვდილის ჩრდილში დამკვიდრებულებს გამოუბრწყინდათ სინათლე" (ეს. 8.20; 9.1-2; მათ. 4.15-16).

მომდევნო ნაწილი, "მიწვდება სიდონამდე", ცხადყოფს ღვთის სულგრძელებას, რომელმაც გაახანგრძლივა ჟამი უკანასკნელ დღეებამდე, რათა წარმართებსაც შეძლებოდათ ხსნა (დღეისათვის ისინიც მორწმუნეები არიან).

სიდონი იყო ქამის პირმშო; ქამი თავის დროზე მამამისმა დაწყევლა შეცოდების გამო, ამჟამად კი მისმა შთამომავლობამ ქრისტე ირწმუნა და იკურთხა უფლის მიერ.

იზაქარი

"იზაქარმა უმჯობესი მოისურვა და დაისვენა სამემკვიდროთა შორის; ნახა, რომ დასვენება კარგია და მიწაც ნოყიერია. ბეჭები მოუდრიკა გარჯას და გახდა მიწათმოქმედი კაცი" (შესაქ. 49.14-15).

იზაქარი მეტაფორულად მოასწავებს მხსნელს, რომელიც ყრმობიდანვე ესწრაფვოდა სიკეთეს. ამასვე გვაუწყებს ესაია: "ვიდრე ბავშვი მამისა და დედის დაძახებას ისწავლიდა, მანამდე მან ბოროტი უგულებელყო და კეთილი აირჩია" (ეს. 7.16). მხსნელმა "დაისვენა" წინასწარმეტყველთა "სამემკვიდრეოს" შორის, რათა აღსრულებულიყო მათ მიერ თქმული. როდესაც უფალი ავიდა მთაზე, მის მარჯვნივ და მარცხნივ გამოჩნდნენ მოსე და ელია, რომლებიც ემეტყველებოდნენ მას, ხოლო მაცხოვარი მათ შორის განისვენებდა.

ამგვარად, როცა უფალმა "ნახა", რომ წმინდანთა შორის "დასვენება კარგია და მიწაც ნაყოფიერი, ბეჭები მოუდრიკა გარჯას და გახდა მიწადმოქმედი კაცი".

სად უნდა "მოედრიკა ბეჭედი" უფალს, თუ არა ჯვარზე, რომელიც მან ნებით იტვირთა და წაიღო. ამის შესახებ ამბობს ესაია: "მისი ძალაუფლება მის ბეჭზე იყო" (ეს. 9.6).

უფალმა გუთანს მოუდრიკა თავისი ბეჭი, ყველა შეურაცხყოფა ჭირთათმენით იტვირთა და ეკლესიისთვის კეთილი ხნული მოიმუშაკა.

დანი

"დანი განსჯის თავის ერს, როგორც ერთი ტომთაგანი ისრაელს შორის; იქნება იგი, როგორც გველი გზაზე, მჯდომარე ბილიკის პირას და დაგესლავს ცხენთა ტერფებს; ზურგიდან დაეცემიან მხედრები და დაელოდებიან უფლისგან ხსნას" (შესაქ. 49.16-18).

ითქვა, რომ "დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთი ტომთაგანი ისრაელს შორის". ეს ნაწილობრივ გამართლდა სამსონზე, რომელიც დანის ტომისაგან იშვა და განიკითხავდა თავის ერს ოც წელს. წინასწარმეტყველის სიტყვები მთლიანად აღსრულდება ანტიქრისტეზე, რომელიც იშვება, როგორც შემზარავი მსაჯული და ტირანი მეფე. იგი ერთი მხრივ, თავის ერს განსჯის, ხოლო მეორე მხრივ, დაუპირისპირდება ჭეშმარიტების სიტყვას მსგავსად "გზაზე მოდარაჯე გველისა" და ეცდება დაკბინოს მართალი გზით მავალნი.

ხოლო წინასწარმეტყველის სიტყვები, "დაკბენს ცხენთა ტერფებს", - იმას გულისხმობს, რომ ანტიქრისტე განსაცდელს მოუვლენს ჭეშმარიტი და მაცოცხლებელი გზის შესახებ მქადაგებლებს. თავის დროზე მოციქულთა ცთუნებას ეცადა გველი, დაიმორჩილა იუდა, "დასცა ცხენი" და "მხედარი" სიკვდილს მიჰგვარა.

"მხედარი ზურგიდან" ("ზურგიდან" ნიშნავს "უკანასკნელი ჟამიდან დასაბამამდე") გულისხმობს მოლოდინს უფლისას, რომელმაც უნდა აღადგინოს და განაახლოს დაცემული ადამი.
გადი

"გადი გამოიცდება განსაცდელში, შემდეგ კი თვით გამოცდის მათ" (შესაქ. 49.19).

"განსაცდელი" გულისხმობს მღვდელმთავრებსა და მწიგნობრების მზაკვრულ შეკრებას, როდესაც მათ მრავალგვარი ცთუნება მოუვლინეს მაცხოვარს: ცდილობდნენ რაიმე მიზეზი ეპოვათ უფლისათვის, რათა მუხანათურად შეეპყროთ იგი და მოეკლათ; მაგრამ უფალმა შეიცნო მათი ზრახვები, პირიქით, თვით გამოცადა ისინი საკუთარი სიმართლის ძალით და წარწყმიდა ცოდვის შვილები. სახარებაში ვკითხულობთ: "მაშინ მოვიდნენ მასთან ვიღაც ფარისევლები და ჰკითხეს, მოძღვარო, გვაუწყე, რა ძალით აკეთებ ამას და ვინ არის იგი, ვინც ამგვარი ძალაუფლება მოგვცა? მან მიუგო: გკითხავთ თქვენ ერთ რამეს, თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გაუწყებთ იმ ძალის შესახებ, რომლითაც ვაკეთებ ყოველივეს, - ვისმიერი იყო იოანეს ნათლისღება, ზეცისა თუ კაცისმიერი? ფარისევლები ერთმანეთში ბჭობდნენ და ამბობდნენ: თუკი ვეტყვით, რომ ზეცისმიერი იყო, გვეტყვის მაშინ, რატომ არ გწამთო მისი, ხოლო თუ მივუგებთ, რომ კაცთაგან, ერის შიში გვაქვს, რადგანაც ყველამ იცის, რომ იოანე ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო. ასე უპასუხეს იესოს: არ ვიცით. მაშინ იესომ მიუგო: არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვაკეთებ ამას" (მათ. 21.20-27).

კარგად თქვა წინასწარმეტყველმა: "განსაცდელში გამოიცდება იგი, შემდეგ კი თვით გამოცდის მათ".
ასერი

"ასერის პური ნოყიერი იქნება და იგი საზრდოს გაუნაწილებს მთავრებს" (შესაქ. 49.20).

ეს სიტყვები, შესაძლოა, მოასწავებდეს მოციქულებს, რომლებიც ემსახურნენ და ეზიარნენ ცხოვრების პურს. ისიც შეიძლება, რომ აქ მაცხოვრისათვის იყო წინასწართქმული, ანდა იქნებ იმ ზეციური პურის შესახებ გვასწავლის წინასწარმეტყველი, რომელიც წმინდანთა საზრდო და სასმელი გახდა.

"ასერი" "სიმდიდრედ" ითარგმნება, რადგანაც მხოლოდ მდიდარს ძალუძს გლახაკთა დაპურება; ქრისტე თვით ემოწმება თავის თავს, როდესაც ამბობს: "მე ვარ პური, რომელიც ზეციდან გეწყალობათ; თქვენმა მამებმა უდაბნოში მანანა იგემეს და მოკვდნენ, ხოლო ვინც ჩემს პურს იგემებს, არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე" (იოანე 6.48-51). დავუკვირდეთ: ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, "არ მოკვდება", უფალმა ასე თქვა: "არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე". აქ მინიშნებულია საუკუნო ცეცხლისმიერ სატანჯველზეც (ანუ საუკუნო სიკვდილზეც), რომელიც არასოდეს დაცხრება. ამჟამინდელი სიკვდილი საწუთროა და ყველა კაცი უნდა მოკვდეს. ამიტომ უფალმა მის შესახებ კი არ გვაუწყა, არამედ სამომავლო მოასწავა.

ნეფთალემი

"ნეფთალემი - ამოფეთქილი ლერწი, რომელიც თავისი ნაყოფით მშვენიერებას აფრქვევს" (შესაქ. 49.21).

შესიტყვება "ამოფეთქილი ლერწი" გულისხმობს თავისუფლებისაკენ წოდებულ მორწმუნე ერს, რომლის ყოველ წევრს ძალუძს მიუძღვნას უფალს ნაყოფი. სულიერი ვენახი იყო მაცხოვარი, რტოები და ლერწები არიან მორწმუნე წმიდანები, მტევნები - მოწამეები, ხოლო ვენახზე მირგული სარები უფლის ვნებას მოასწავებს. მკრეფავები ანგელოზები არიან, გოდრები, რომლებშიც ყურძენს ყრიან, - მოციქულები, საწნახელი - ეკლესია, ხოლო ღვინო - ძალი სულიწმიდისა.

ამგვარად, იაკობის თქმული "ამოფეთქილი ლერწი" გულისხმობს მათ, რომლებიც გათავისუფლდნენ სიკვდილის ბორკილებისგან; ამასვე ამბობს მალაქია: "გამოდით და იკუნტრუშეთ, როგორც საბლისგან თავდაღწეულმა ხბოებმა" (მალაქ. 4.2).

მომდევნო ნაწილი, "რომელიც თავისი ნაყოფით მშვენეირებას აფრქვევს", მოასწავებს წყლის მიერ ხელახალ შობასა და სიტყვის მადლისა და სილამაზის შეძენას, სიტყვისას, რომლის ყვავილობაც ადამიანთა შვილებში ყველას აღემატება მშვენიერებით.
იოსები
"იოსები! ჩემი შვილი, რომელიც განდიდდა; ჩემი ძე კურთხეული, რომლისაც შურთ; ნაბოლარა ჩემი; მოიქეც ჩემსკენ! მის წინააღმდეგ პირი შეკრეს; გაკიცხეს იგი მშვილდოსნებმა და განურისხდნენ მას, მაგრამ ძალმა შემუსრა მათი მშვილდები, ხოლო მკლავები გამოძარღვა იაკობის ძლიერმა ხელმა. მისგან გამოვიდა ის, ვინც ღმერთის მიერ გაგაძლიერა შენ, ისრაელ! შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და და გაკურთხა შენ. მოგცა შენ კურთხევა ცისა ზემოდან და კურთხევა მიწისა, რომელიც შეიცავს ყოველივეს. და რადგანაც კურთხეულია ძუძუს კერტები, კურთხეულია საშო შენი მამისა და დედისა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა მყარი მთებისა, ვიდრე გულისთქმა მარადიული ბორცვებისა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათა წინამძღვრის თხემზე" (შესაქ. 49.22-26).

როგორც ვხედავთ, იოსები სხვა ძმებზე უფრო მეტად იკურთხა, რადგანაც იგი წინასწარ გამოსახავდა ქრისტესთვის განჩინებულ საიდუმლოებებს. სწორედ ამას ჭვრეტდა იაკობი. ასე რომ, სინამდვილეში, წინასწარმეტყველმა აკურთხა არა თავისი ძე, არამედ იგი, ვის სახესაც იოსები ატარებდა. ასე თქვა მისთვის:

"იოსები! ჩემი შვილი, რომელიც განდიდდა; ეს სიტყვები მოასწავებს ქრისტეს მადლს, რომელიც საუფლო და სრული სახელის წყალობით "განდიდდა" და გამრავლდა ამ ქვეყანაზე.

"ჩემი ძე კურთხეული, რომლისაც შურთ", - ამგვარად ამბობს იაკობი, რადგანაც ქრისტე კურთხეული იყო მამისაგან. როცა ღვთის ძე თავისიანებთან მოვიდა, ვერავინ შეიცნო. პირიქით, შურით აღვსილებმა შეიზიზღეს იგი. ამასვე ამბობს წერილიც: "როდესაც ძმებმა დაინახეს, რომ მამას უყვარდა იოსები, შეშურდათ მისი და უფრო მეტი ზიზღით აღივსნენ" (შესაქ. 37.4). ამიტომ თქვა იაკობმა: "ჩემი ძე, რომლისაც შურთ, ნაბოლარა ჩემი". წერილი გვაუწყებს: "უყვარდა იგი იაკობს, რადგანაც სიბერეში შეეძინა" (შესაქ. 37.3). ასევე, როდესაც ეს ქვეყანა  დაბერდა და მთლიანად გაიხრწნა, მაშინ გამოჩნდა ღვთის ძე, - მაშინ იშვა ქალწულისაგან და ის, ვინც საუკუნეთა უწინარეს მარადიულად ღმერთთან თანამყოფია, მამის წინაშე "სიბერის შვილად" გაცხადდა. "მოიქეც ჩემსკენ" ნიშნავს, რომ მამამ მიწიდან ზეცისაკენ მოუწოდა თავის შვილს.

"მის წინააღმდეგ პირი შეკრეს; გაკიცხეს იგი მშვილდოსნებმა და განურისხდნენ მას". ვინ უნდა იყვნენ მისი ბოროტისმზარხველები და მაყვედრებლები, თუ არა ურჯულო და ურწმუნო ერისშვილები, რომლებმაც ცილი დასწამეს ღვთის ძეს და მრავალი სისაძაგლე თქვეს მისთვის? სიტყვა "მშვილდოსნები" ცხადყოფს, რომ ისინი კარგი მოისრები იყვნენ ბოროტების ჩადენის დროს, როდესაც სასიკვდილოდ იმეტებდნენ ყოველ მართალს.

"ძალმა შემუსრა მათი მშვილდები", - ეს მათ მიმართ ითქვა, რომლებმაც უფლისათვის ბოროტი განიზრახეს და ცილისწამება ისარივით ტყორცნეს მას, ხოლო შემდეგ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა გაიგეს და სირცხვილში ჩავარდნენ. ამასვე იტყვის ესაია: "ფუჭია განზრახვა თქვენი სულისა" (ეს. 33.11).

იაკობი განაგრძობს: "მათი მკლავები გამოძარღვა იაკობის ძლიერმა ხელმა", რომლებმაც უარყვეს ღვთის მიმართ სასოება და საკუთარი ძალის იმედით გაამაყდნენ, გამოიძარღვნენ და არარაობად იქცნენ, როდესაც ღვთიურმა სიტყვამ დათრგუნა ისინი და მიმოფანტა სხვა ტომთა შორის.

"მისგან გამოვიდა ის, ვინც მამა ღმერთის მიერ გაგაძლიერა შენ, ისრაელ! შეგეწია შენ ღმერთი ჩემი". ვინ გააძლიერა ისრაელი და ვინ შეეწია თავის შვილს, თუ არა თავად ღმერთი? ამის შესახებაც გვაუწყებს ესაია: "იაკობი, ჩემი შვილი, რომელსაც განვამტკიცებ მე! ისრაელი, ჩემი რჩეული, რომელიც შეითვისა ჩემმა სულმა" (ეს. 42.1). და კიდევ იტყვის: "ნუ შეშინდები, როცა შეგბილწავენ და ნუ შერცხვები, როცა გაგკიცხავენ" (ეს. 54.4).

ამიტომ, ქრისტეზე მოწეულ აუგთა სანაცვლოდ იაკობმა კურთხევა წარმოთქვა: "მოგცა მან კურთხევა ცისა ზემოდან და კურთხევა მიწისა, რომელიც შეიცავს ყოველივეს"; წერილი ამბობს: ქრისტემ ყოველივე დაიმორჩილა ფეხების ქვეშ" (I კორ. 15.27), ე.ი. დაიმორჩილა, ერთის მხრივ, ყოვლივე ზეციური, როგორც კურთხევა ცისა, ხოლო მეორე მხრივ, მიწიერი, როგორც კურთხევა მიწისა, რომ ებრაელების მიერ უარყოფილი ქრისტე ანგელოზთა და კაცთა უფლად გამოჩენილიყო.

"რადგანაც კურთხეულია ძუძუს კერტები, კურთხეულია საშო შენი მამისა და დედისა". "ძუძუს კერტების კურთხევა", ალბათ, გულისხმობს ორ აღთქმას, რომელთა მიერ წინასწარ გვეუწყა სიტყვის ამქვეყნად მოვლინება. იმავე კერტებით რძეს გვაწვდის უფალი და გვასაზრდოებს, რათა შვილების მსგავსად წარგვადგინოს ღვთის წინაშე. ისიც შეიძლება, რომ აქ იაკობი მიგვანიშნებდეს მარიამის კურთხეულ ძუძუებზე, რომლებსაც წოვდა უფალი. მათ შესახებ ითქვა სახარებაში: "ნეტარია ის მუცელი, რომელმაც შენ გიტვირთა და კერტები, რომლებსაც წოვდი" (ლუკა 2.27).

იაკობი იქვე დასძენს: "კურთხეულია საშო შენი მამისა და დედისა". აქ იაკობმა წინასწარ გააცხადა სულიერი საიდუმლო; შეეძლო ასე ეთქვა: "კურთხეულია საშო შენი დედისა". და ამით მარიამის შესახებ ეუწყებინა, რომელმაც მუცლით ცხრა თვე ატარა სიტყვა. მაგრამ მან სხვაგვარად თქვა: "კურთხეულია საშო შენი მამისა და დედისა". მაკურთხეველმა ერთყო ორივე და ამით სულიერიც მოასწავა და ხორციელიც, რადგანაც სიტყვა, ერთი მხრივ, მამის გულიდან იშვა ანუ იშვა იგი წმიდა წიაღიდან, როგორც მამის საშოდან (ამას ამბობს წინასწარმეტყველიც: "ჩემმა გულმა აღმოთქვა კეთილი სიტყვა") (ფს. 44.2) და, მეორე მხრივ, იგივე სიტყვა უკანასკნელ ჟამს ცხრა თვის მანძილზე მკვიდრობდა ქალწულის მუცელში და ხელმეორედ იშვა, ამჯერად უკვე დედის საშოდან, რომ ხორციელად გვეხილა იგი. წინასწარმეტყველი გვაუწყებს: "ამგვარად იტყვის უფალი, რომელმაც საშოდანვე მის მსახურად გამომსახა მე" (ეს. 49.5). თავად უფალი ადასტურებს იერემიას მიერ: "ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი შენ და საშოდან გამოსვლამდე წმიდაგყავ შენ" (იერ. 1.5).

სიტყვა იშვა სულიერად და ხორციელად, როგორც ღმერთი და კაცი. ამიტომ, გონივრული იყო წინასწარმეტყველის ნათქვამი: "საშო მამისა და დედისა". თუკი ამ ფრაზას ისე არ გავიგებთ, როგორც ეს ზემოთ წარმოვადგინეთ, მაშინ შეიძლება სასაცილოდაც მოეჩვენოს ვინმეს იაკობის სიტყვები, რადგანაც "საშო" მხოლოდ დედაკაცურ ბუნებას გულისხმობს.

ამგვარად, როცა წინასწარმეტყველი ამბობს: "კურთხეულია საშო შენი მამისა და დედისა", ამით იგი იმას გვაუწყებს, რომ ორი არსებისგან იშვა ქრისტე, ღმერთისგან და ქალწულისაგან.

შემდეგ მაკურთხეველი განაგრძობს: "რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა მყარი მთებისა, ვიდრე გულისთქმა მარადიული ბორცვებისა".

ღვთიური სიტყვა აღზევდა და ძლევამოსილებით აღემატა ყველა ხელმწიფეს, წინასწარმეტყველსა და მოციქულს; ამაღლდა იგი უფლის მიერ და თავად შეიმოსა ყოველი კურთხევა, რადგანაც ყველა წმინდანის თავი არის ქრისტე.

"იყოს ეს იოსების თავზე და ძმებისგან გამორჩეულის თხემზე".

სიტყვა "ძმები" მიანიშნებს არა ხორციელ ძმებზე, რომლებიც ქრისტემ უარყო, არამედ მათზე, რომლებიც მის სულიერ ძმებად შეირაცხებიან, რომელთა მიმართაც ამბობს უფალი: "ჩემო ძმებო, და თანამკვიდრებო" (მათე 12.49). სწორედ ასეთებს განუკუთვნა თავისი კურთხევა იაკობმა, რომლებიც თვით უფალმა შერაცხა ძმებად.

ბენიამინი

"ბენიამინი, მტაცებელი მგელი, დილით შეჭამს, საღამოთი კი საზრდოს გასცემს" (შესაქ. 49.27).

"მტაცებელი მგელი" სრულიად აშკარად მიანიშნებს პავლეზე, რომელიც ბენიამინის ტომისაგან იშვა და თავდაპირველად მტაცებელი მგელი იყო, რადგანაც გლეჯდა და ჭამდა ეკლესიის კრავებს. ამას აღიარებს თვით პავლე: "არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, რადგანაც მეტისმეტად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ღვთის მადლით ვარ, რაც ვარ" (I კორ. 15.9-10).

ამიტომ იყო, რომ როცა რაქელმა ბენიამინი შვა, მაშინვე უწოდა მას "ჩემი სალმობის შვილი". ამით მან მომავალი მოასწავა, რადგანაც პავლე, რომელიც ბენიამინის ტომისგან იშვა, შემდეგში სწორედ საკუთარი დედის ანუ ეკლესიის შემაწუხებლად და შემავიწროებლად მოგვევლინა, როდესაც მან უფლის სახელის მქადაგებლები ამოწყვიტა.

ასე რომ, პავლე იშვა, როგორც მგმობელი და მდევნელი, შემდეგ კი მოინანია და სულიერი და ზეციური საზრდო მოგვანიჭა ყველას. მანვე პირველმა ახარა წარმართებს ქრისტე, რომელიც გვწამს ჩვენც და ღმერთს დიდებას ვუძღვნით, რადგანაც მას ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

”საღვთისმეტყველო კრებული”, 1987, №3

No comments:

Post a Comment