ედიშერ ჭელიძის მიერ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1997 წელს წარდგენილი ნაშრომი: "ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია" სევერიანე გაბალოვნელის "ექუსთა დღეთა"-ს უძველესი ქართული თარგმანის საფუძველზე
შესავალი
იერუსალიმის ქართულ ხელნაწერებში აღმოჩნდა სევერიანე გაბალოვნელის (IV-V სს.) ეგზეგეტური თხზულება „ექუსთა დღეთათჳს“1, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. ხსენებულ თარგმანში დაცულია ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის უადრესი სახე, რომლის სპეციალური ანალიზი აუცილებელი გვეჩვენება საქართველოში ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიული გზის შესასწავლად.
ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგია საუკუნეების მანძილზე, ცხადია, ერთგვაროვანი არ იყო. მას მეტ-ნაკლებად განსხვავებული სახე ჰქონდა არა მხოლოდ სხვადასხვა ეპოქაში, არამედ დაახლოებით ერთი ეპოქის სხვადასხვა ავტორთან, სხვადასხვა სამწერლობო სკოლაში.
ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ისტორიული გზის აღსადგენად სპეციალურ შესწავლას მოითხოვს ყოველი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ძეგლი. ამასთან, ამგვარი შესწავლა უნდა იცავდეს ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას. გვიანდელი ავტორები უმრავლეს შემთხვევაში ითვალისწინებენ წინამორბედთა შრომებს, ეყრდნობიან წინარე ტრადიციას. იმისათვის, რომ შევაფასოთ ამა თუ იმ საეკლესიო მწერლის, ანდა სამწერლობო სკოლის ტერმინოლოგიური სიახლეები, უნდა შეგვეძლოს გარკვევა იმისა, თუ რა მიიღეს მათ მემკვიდრეობით, ამის გარკვევა კი ქრონოლოგიურად ადრინდელი შრომების ანალიზის გარეშე, ცხადია, არ მოხერხდება.