Saturday, December 15, 2018

ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია

ედიშერ ჭელიძის მიერ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1997 წელს წარდგენილი ნაშრომი: "ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია" სევერიანე გაბალოვნელის "ექუსთა დღეთა"-ს უძველესი ქართული თარგმანის საფუძველზე


შესავალი

იერუსალიმის ქართულ ხელნაწერებში აღმოჩნდა სევერიანე გაბალოვნელის (IV-V სს.) ეგზეგეტური თხზულება „ექუსთა დღეთათჳს“1, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. ხსენებულ თარგმანში დაცულია ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის უადრესი სახე, რომლის სპეციალური ანალიზი აუცილებელი გვეჩვენება საქართველოში ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიული გზის შესასწავლად.

ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგია საუკუნეების მანძილზე, ცხადია, ერთგვაროვანი არ იყო. მას მეტ-ნაკლებად განსხვავებული სახე ჰქონდა არა მხოლოდ სხვადასხვა ეპოქაში, არამედ დაახლოებით ერთი ეპოქის სხვადასხვა ავტორთან, სხვადასხვა სამწერლობო სკოლაში.

ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ისტორიული გზის აღსადგენად სპეციალურ შესწავლას მოითხოვს ყოველი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ძეგლი. ამასთან, ამგვარი შესწავლა უნდა იცავდეს ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას. გვიანდელი ავტორები უმრავლეს შემთხვევაში ითვალისწინებენ წინამორბედთა შრომებს, ეყრდნობიან წინარე ტრადიციას. იმისათვის, რომ შევაფასოთ ამა თუ იმ საეკლესიო მწერლის, ანდა სამწერლობო სკოლის ტერმინოლოგიური სიახლეები, უნდა შეგვეძლოს გარკვევა იმისა, თუ რა მიიღეს მათ მემკვიდრეობით, ამის გარკვევა კი ქრონოლოგიურად ადრინდელი შრომების ანალიზის გარეშე, ცხადია, არ მოხერხდება. 


ქართული ქრისტიანული ტერმინოლოგიის თავდაპირველი სახის შესასწავლად ბევრს არაფერს გვაძლევს ბიბლიის უძველესი ქართული ვერსია, რამდენადაც ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინები ბიბლიაში თითქმის არ გვხვდება. ტერმინოლოგიური ძიებების დროს ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ქართულ თარგმანებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა ენიჭებათ.
უძველესი ქართულენოვანი ტექსტები, ძირითადად, დაცულია „მრავალთავებში“, აგრეთვე, სახელგანთქმულ „შატბერდის კრებულში“. ტერმინოლოგიური ნაირგვარობის გამო აღნიშნულ კრებულებში შესული ძეგლები სხვადასხვა დროის თარგმანებად უნდა მივიჩნიოთ. მათგან უადრესის გამოყოფა, ვფიქრობთ, სწორედ ტერმინოლოგიური ანალიზის შედეგად ხდება შესაძლებელი.

ყურადღებას იქცევს V-VI სს-ის ორიგინალური ძეგლები „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ და „მარტჳლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ“, თუმცა რამდენადაც მათში ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინები უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება, ეს ძეგლებიც ზემოაღნიშნულ თხზულებებთან ერთად ჩვენი მიზნებისათვის მხოლოდ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ინარჩუნებენ. ამგვარივე მნიშვნელობისაა, საზოგადოდ, აგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ძეგლების უძველესი ქართული თარგმანები. 

ქართული ქრისტიანული ლიტერატურის IX-X სს-მდელი ტექსტებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სევერიანე გაბალოვნელის ზემოაღნიშნული შრომა, რომელიც, ჩვენი აზრით, წარმოადგენს ქართული მწერლობის უადრეს პერიოდში თარგმნილ ძეგლს (ამის შესახებ ქვემოთ). ვფიქრობთ, სწორედ მასზე დაყრდნობით შეგვიძლია დავიწყოთ ქართული ქრისტიანული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიული გზის შესწავლა. 

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ რამდენადაც სევერიანე გაბალოვნელის „ექუსთა დღეთაჲს“ ქართული თარგმანი განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლად გვესახება, აუცილებელი ხდება მისი დაწვრილებითი ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური შესწავლაც, კერძოდ კი გარკვევა იმისა, თუ საიდან არის თარგმნილი ეს ძეგლი, უშუალოდ ორიგინალიდან, თუ რომელიმე სხვაენოვანი (არაბერძნული) ტექსტიდან. ამის გარკვევა წინ უნდა უძღოდეს თარგმანის ტერმინოლოგიურ ანალიზს, რადგანაც საკუთრივ ტერმინოლოგიური ანალიზის დროს უთუოდ ხელთ უნდა გვქონდეს ქართული ტექსტის პირველწყარო, რომ ზუსტი ტექსტობრივ-ტერმინული პარალელების ფონზე შევძლოთ ცალკეულ არქაულ ქართულ ტერმინთა სრული შინაარსობრივი შესწავლა. აღნიშნული გარემოების გამო, წინამდებარე გამოკვლევის პირველ ნაწილად წარმოვადგენთ ქართული თარგმანის ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ ანალიზს, როგორც შემდგომ ტერმინოლოგიურ ძიებათა საფუძველს (ე. ჭელიძე)2
----------------------------------------------------------------------------

1 - ამ ძეგლს პირველად ყურადღება მიაქცია თ. ჭყონიამ, რომელმაც მოამზადა კიდეც იგი გამოსაცემად. თ. ჭყონიას შრომა დათარიღებულია 1960 წლით და იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში. აქვე ინახება მ. შანიძის რეცენზია ხსენებულ შრომაზე (ეს რეცენზიაც 1960 წ-ს ეკუთვნის). მოგვიანებით, აღნიშნულ ძეგლს ორგზის გაკვრით შეეხო ი. აბულაძე (იხ. შრომები, 111, თბ. 1962, გვ 226; მისივე, უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთაჲსა“ და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა „კაცისა აგებულებისათჳს“ თბ. 1964. გვ. 9). საგულისხმოა, რომ ხელნაწერებში თხზულების ავტორად იოანე ოქროპირია დასახელებული (მასვე ასახელებენ ავტორად რ. ბლეიკი და კ. კეკელიძე). თ. ჭყონიამ შენიშნა, რომ ძეგლის ნამდვილი ავტორია არა იოანე ოქროპირი, არამედ სევერიანე გაბალოვნელი, რაც თავის დროზე გარკვეული იყო ი. ცელინგერის მიერ (იხ. თ. ჭყონია, სევერიანე გაბალოვნელი და მისი თხზულება „ექუსთა დღეთათჳს“, მანქანაზე გადაბეჭდილი, 1960, გვ. 5-6).

2 - რადგანაც ტექნიკური მიზეზებით სრულიად შეუძლებელი გახდა ბერძნული სიტყვებისათვის ასპირაციისა და მახვილის ნიშნების დასმა, ისინი აღნიშნულ წიგნში ამგვარ ნიშანთა გარეშეა წარმოდგენილი.


იხ. აღნიშნული ნაშრომის PDF ვერსია გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებგვერდზე: ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია

No comments:

Post a Comment