Sunday, December 16, 2018

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ" - ახალი, შესწორებული გამოცემა

"ლოცვათა" და "ღვთისმშობლის დაუჯდომლის" ახალი გამოცემის გამო


კრებული, რასაც ქართულად "ლოცვანი" ეწოდება, გვიანდელი წარმოშობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქრისტიანისთვის განკუთვნილი ლოცვები უძველესი დროიდანვე იჩენს თავს წერილობითი სახით, საკუთრივ ცალკე კრებულის შექმნა, როგორც ჩანს, მაშინ გახდა აუცილებელი, როდესაც  ამ ლოცვათა რაოდენობამ შთამბეჭდავ მოცულობას მიაღწია.

უეჭველია, რომ "ლოცვანი", როგორც კრებული, აღმოცენებულია იმ სამღვდელმსახურო წიგნიდან, რასაც "ჟამნი" ჰქვია. მართლაც, ამ ორ კრებულს შორის ხელშესახები ტექსტობრივი ნათესაობაა, თუმცა კონკრეტულად როდის უნდა მომხდარიყო "ჟამნის" საფუძველზე "ლოცვათა" კრებულის ჩამოყალიბება, ძნელი სათქმელია. საფიქრებელია ამას ადგილი ჰქონოდა XIV-XV სს-ში, რადგან უფრო ადრეული ეპოქის მოღვაწეებისთვის "ლოცვანი" ჯერ კიდევ უცნობია. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმო ჩანს ქართულ მასალაზე დაკვირვება. ცნობილია, რომ ქართველი მოღვაწეები უდიდესი ყურადღებით ეკიდებოდნენ ბიზანტიური ლიტურგიკული წიგნების ქართულად თარგმნას და ახდენდნენ საღვთისმსახურო სიახლეთა დაუყოვნებელ ათვისებას, რაც ყოველთვის იმდენად თანადროული იყო, რომ დღეს მკვლევართა სამართლიან  განცვიფრებასაც იწვევს. ასეთ დროს, ცხადია, მრავლისმთქმელი უნდა იყოს, რომ "ლოცვანი", როგორც კრებული, სახელგანთქმულ ქართველ მთარგმნელ-ლიტურგისტთა უმდიდრეს სამღვდელმსახურო მემკვიდრეობაში არსად ავლენს თავს. ეჭვი არაა, რომ ამ კრებულს აუცილებლად თარგმნიდა წმ. გიორგი მთაწმინდელი, საბერძნეთში და კონკრეტულად ათონის მთაზე მსგავსი რამ რომ უკვე არსებულიყო. აღარაფერს ვამბობთ ისეთ მოღვაწეებზე, როგორებიცაა წმ. ექვთიმე მთაწმინდელი, წმ. ეფრემ მცირე, წმ. არსენ იყალთოელი, გელათის საღვთისმეტყველო სკოლის მოღვაწეები და სხვა, რომლებიც ასევე მნიშვნელოვნად იყვნენ დაკავებულნი ლიტურგიკული ძეგლების თარგმნით. ამიტომაა საგულვებელი "ლოცვათა" კრებულის გვიანდელობა.

სახელწოდება "ლოცვანი" პირდაპირი თარგმანი უნდა იყოს ამ ტიპის კრებულის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვისა προσευχητάριον (προσευχή - "ლოცვაჲ"). მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ კრებულის ანუ προσευχητάριον-ის შინაარსით სიტყვა "ლოცვანი" გვიანდელია, თვით ის ლოცვითი მასალა, რაც შემდეგში ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდება, ფრაგმენტულად და გაფანტულად ადრეულ ნუსხებშიც დასტურდება (თუნდაც უძველეს სინურ ხელნაწერებში). შედარებითი სისრულით და ცალკე ლიტურგიკული სეგმენტის სახით ეგევე მასალა აშკარად ავლენს თავს XVI-XVII სს-იდან. ამ მხრივ ერთ-ერთი ადრეული ჩანს ხელნაწერი A 1737, რომელიც 1505-1515 წწ-შია გადაწერილი. ასევე ადრეულია ცნობილი "ჟამნ-გულანი" A 84, გადაწერილი 1567 წ-ს. XVI ს-ისად ითვლება A 616. XVI-XVII სს მიჯნისაა "ჟამნი" A 1153 და "ჟამნ-გულანი" H 369. საკუთრივ XVII ს-ის ნუსხებიდან ყურადღებას იმსახურებს ორი "ჟამნ-გულანი": H 342, გადაწერილი 1661 წ-ს, და H 1452, გადაწერილი 1674 წ-ს ("ყანჩაეთის ჟამნ-გულანი"). განსაკუთრებით ფასეული ჩანს XVII ს-ის "ლოცვანი" A 352 და XVII-XVIII სს მიჯნის "ჟამნ-გულანები": A 125 და A 231. ინტერესს იწვევს, აგრეთვე, ამავე ეპოქის სხვა "ლოცვანი": A 645, A 780 და ბევრი სხვა.

ჩამოთვლილ ნუსხებს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს XIII ს-ის "ჟამნი" Jer.127, რაც  მრავალი მხრივ არის მეტად საყურადღებო.

ქართულ ნუსხებში გაფანტული  უმდიდრესი ლოცვითი მასალის სრულად შემოკრება და მეცნიერული დამუშავება-პუბლიკაცია  გადაუდებელი საჭიროების საქმეა, თუმცა წინამდებარე გამოცემა ამგვარი სისავსისა ვერ იქნება, რადგან ამის საშუალებას არ იძლეოდა უაღრესად შეზღუდული დრო და ფორმატი. შესაბამისად, შევეცადეთ მეტ-ნაკლებად შეგვენარჩუნებინა თანამედროვე "ლოცვათა" შედგენილობა და ამ შედგენილობის ფარგლებში მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ენობრივად და აზრობრივად გამართული ტექსტი, შესწორებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული ნუსხებისა და, სადაც ეს შესაძლებელი იყო, ბერძნულ ორიგინალთან ზედმიწევნითი შედარების საფუძველზე. რაც შეეხება საკუთრივ შესწორების მასშტაბს, ამას მკითხველი თვითონაც განსაზღვრავს თუნდაც გამოცემაზე დართული სქოლიოების მიხედვით, მაგრამ არსებული ვითარების ნათელსაყოფად მაინც აღვნიშნავთ: მიუხედავად, იმისა, რომ ტექსტობრივი შეცდომების დაფიქსირება წინასწარვე იყო სავარაუდო, "ლოცვათა" თანამედროვე გამოცემების სპეციალურმა ანალიზმა იმ მასშტაბის ხარვეზები წარმოაჩინა, რამაც ბევრად გადააჭარბა ყველაზე უფრო სამწუხარო მოლოდინს. ცთომილებანი არის ყველა სახისა და ყველგან, ყოველ ლოცვაში, მუხლში, წინადადებაში. სახეზეა პუნქტუაციის სრული ქაოსი (რაც სავალალო შინაარსობრივ გაუგებრობებს აღმოაცენებს), ენობრივი ნორმების აბსოლუტური, თითქოსდა თვითმიზნური, არევ-დარევა, უწყვეტი კონტექსტუალური რღვევანი, გადჯგუფებანი, გამოტოვებანი, დამატებანი, ლექსიკური ერთეულების სახეცვლანი და ყოველივე აღნიშნულის მიზეზით, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, არაიშვიათი დოგმატური გაუკუღმართებანი, თუმცა თვით ის ფაქტიც, რომ მორწმუნე მრავალ შემთხვევაში მექანიკურად წარმოთქვამს დამახინჯებულ ტექსტს, რადგან კონტექსტიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია, უკვე თავისთავად არის უმძიმესი დოგმატური გაუკუღმართება გამომდინაე იქიდან, რომ ქრისტიანობა, არსობრივად, შინაარსის რელიგიაა, სადაც გამოთქმის ფორმა მხოლოდ მაშინაა უდიდესი ცხოველმყოფელობითი ღირსებისა, როდესაც მასში სრულადაა საწვდომი მაცხოვნებელი შინაარსი, განმაღმრთობელი აზრი. თუ ვინარჩუნებთ ფორმას, წარმოვთქვამთ ლოცვის ტექსტს და არ გვესმის (ანდა დამახინჯებულად გვესმის) მისი აზრი, გამოდის, რომ მნიშვნელობას ვანიჭებთ მხოლოდ ლოცვის წარმოთქმას და არა ტექსტის სულიერი აზრის წვდომას, ასეთი დამოკიდებულება კი უცხოა მართლმადიდებლური მოძღვრებისათვის და, პირდაპირ უნდა ვთქვათ, მაგიურ რიტუალებს განეკუთვნება. დიახ, სწორედ მაგიურ ქმედებათა თანმხლებია აზრსმოკლებული ფრაზების ფორმალური წარმოთქმა, რაც თრგუნავს და პანიკურ შიშს უნერგავს ამ ქმედებათა მონაწილეს. მაცხოვარმა დაამხო ეს სიბილწე და მოძღვრებაში ცნობიერი წვდომა, ღვთისადმი შინაგანად განცდილი და გონითად გააზრებული მსახურება დაგვისახა განღმრთობის ერთადერთ გზად, რადგან ყველა სხვა გზა, ყველა სხვა სახის მსახურება "მპარავობაა და ავაზაკობა" (ი.10.1). როდესაც გაცნობიერებული არ გვაქვს ცთომილება, ღვთისგან შეიძლება შეგვენდოს იგი, მაგრამ თუ შეცდომა გამოაშკარავებულია და მაინც არ ვცდილობთ მის გამოსწორებას, ცხადია, აღარ ვართ შენდობის ღირსნი, ხოლო იმაზე დიდი შეცდომა რა უნდა იყოს, როდესაც აზრს ვაუქმებთ, არ გვესმის რა იგი, და ვტოვებთ მარტოოდენ ფორმას (ისიც უკიდურესად დამახინჯებულს). ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მკითხველს, ერთად ვიღვაწოთ ცთომილებათა აღმოსაფხვრელად, რათა ერთადვე "გონიერად ვილოცოთ ღვთისადმი".

სწორედ ამ განწყობით იყო ნაკარნახევი წინამდებარე პუბლიკაციაზე მუშაობის დაწყება. თუ როგორია შედეგი, ამას მკითხველი თავად განსჯის, ჩვენის მხრივ კი განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევთ აღნიშნული კრებულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, - ზიარების წინა და ზიარების შემდგომ ლოცვებს. ამ ნაწილში, ქართულ ნუსხებთან ერთად, შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ორიგინალი, რომ ღმერთმყოფელი ლოცვების ტექსტი ზედმიწევნით შესაბამისი ყოფილიყო თავისი დედნისა. ყველა ტექსტობრივი შესწორება, ნუსხათა და ორიგინალის მნიშვნელობისმქონე მონაცემები ამომწურავადაა ასახული სქოლიოებში. არაიშვიათად, პარალელისათვის ვიმოწმებთ მართლმადიდებლურ ლოცვათა ღირსეულ ინგლისურ თარგმანს, შესრულებულს ელადის ეკლესიის მიერ.

ყურადღებას მივაქცევთ, აგრეთვე,  კრებულის ბოლო ნაწილს, შვიდეულის დღეთა ლოცვებს, რაც უაღრესად საყურადღებოა როგორც ლიტურგიკულად, ასევე ფილოლოგიური კუთხითაც. აურაცხელი ტერმინოლოგიური მონაცემი ადასტურებს, რომ ამ ლოცვათა უდიდესი ნაწილი თარგმნილია გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში XII-XIII სს-ში, შესაძლოა თვით ნიკოლოზ გულაბერისძის მიერ. ვფიქრობთ, ეს ლოცვები იმსახურებს ცალკე მეცნიერულ გამოცემასაც, რადგან ყოველ მუხლში გამჟღავნებული უღრმესი საღვთისმეტყველო წვდომანი, რითაც აღსავსეა ეს ლოცვები, დაულევნელ სულიერ საუნჯედ წარმოგვიჩენს მათ, მით უმეტეს, რომ ბერძნულ ორიგინალს ვერ ვპოულობთ და შესაძლოა ასეთი სისრულით ლოცვათა ეს ჯგუფი მხოლოდ ქართულ ენაზე იყოს დაცული. სამწუხაროდ, ხსენებულ ლოცვათა ის პუბლიკაცია, რაც სახეზეა 1988 წ-ის საეკლესიო კალენდარში, იმდენად დამახინჯებულია, რომ მისგან სარგებლობის მიღება მეტად ჭირს. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ‘შვიდეულის ლოცვანი” ტექსტობრივად საკმაოდ ვრცელია და შეზღუდული ფორმატის პირობებში ამ ეტაპზე მოხერხდა მისი მხოლოდ ერთი ნაწილის გამოქვეყნება. იძულებულნი გავხდით გვერდი აგვევლო ოთხშაბათ-შაბათის იმ ვრცელი ლოცვებისთვის, რომლებიც წმ. იოანე დამასკელის სახელს უკავშირდება.

ზოგ შემთხვევაში ესა თუ ის ლოცვა ნუსხებში განსხვავებული რედაქციით გვხვდება და რადგან განსხვავებათა სრულად ჩვენება სქოლიოებში შეუძლებელი იყო, უპირატესობა მივანიჭეთ იმ რედაქციას, რომელიც უფრო ადრეულის  შედარებით გვიანდელ შესწორებად ჩანდა ორიგინალის საფუძველზე, თუმცა რედაქციულად განსხვავებული ტექსტებიც შემდეგში, ცხადია, გამოსაცემია.

გამოცემას დავურთეთ რამდენიმე ადრეული ლოცვა, რაც წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილმა "დიდმა კურთხევანმა" შემოგვინახა. განსაკუთრებით, ვფიქრობთ, ყურადღებას იქცევს ზიარების განგება, წარმოდგენილი მხოლოდ სამი ლოცვით (ორი ზიარებისწინა და ერთი - შემდგომი), და აგრეთვე "ლოცვანი დღისანი ჟამთა ზედა". დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ლოცვები უდიდესი შემწეობა იქნება ყოველი მლოცველისათვის.

"ლოცვათა" წინამდებარე გამოცემას, ძველი ხელნაწერების ტრადიციისამებრ, ვურთავთ "ღვთისმშობლის დაუჯდომლის" ორ რედაქციას, რომელთაგან ერთი შედარებით გვიანდელი თარგმანია (იგი დეტალურად შევუდარეთ ბერძნულს და, ლიტურგიკული საჭიროებიდან გამომდინარე, მასში შევიტანეთ აუცილებელი შესწორებანი, რაც სათითაოდ არის აღნუსხული სქოლიოებში), ხოლო მეორე რედაქცია, როგორც ჩანს, უკავშირდება X ს-ის ცნობილ ქართველ მოღვაწეს სტეფანე სანანოისძეს (შდრ. წმ. ეფრემ მცირის უწყება: "სანატრელსა სტეფანეს სანანოჲსძესა უთარგმნია საკითხავი დაუჯდომელთაჲ", | 90, 313; იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ. 1980. გვ. 179), რომელიც, ასევე, სავსებით მისაღები თარგმანია.

და ბოლოს, ქვემოთ წარმოვადგენთ "ლოცვათა" და ხსენებული "დაუჯდომლის" რედაქციათა წინამდებარე პუბლიკაციაზე დართულ სქოლიოებს, რომელთა შესაბამის ადგილს საკუთრივ ტექსტში ადვილად იპოვის მკითხველი ერთიანი ნუმერაციის კვალობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე სქოლიოები ტექსტთან ერთად იყო მოთავსებული გვერდის ქვემოთ (ეს ვარიანტი შენახული გვაქვს სპეციალური მეცნიერული პუბლიკაციისათვის), საბოლოოდ მაინც ვარჩიეთ, რომ შეგვედგინა სქოლიოთა ერთიანი ნუმერაცია (ცალკე "ლოცვებისთვის" და ცალკე "დაუჯდომლის" რედაქციებისთვის) და თვით სქოლიოები, "ფსალუნთა" წიგნისადმი მიძღვნილ გამოკვლევასთან ერთად, ტექსტისგან დამოუკიდებლად გამოგვექვეყნებინა ბროშურის სახით (რაც თან ახლავს "ფსალმუნთა" და "ლოცვათა" წიგნებს), რომ ამით, ერთი მხრივ, სრულად დაგვეკმაყოფილებინა  იმ მკითხველთა მოთხოვნილება, რომლებიც "ლოცვათა" ოდენ საღვთისმსახურო გამოყენებით არიან დაინტერესებულნი (სქოლიოებით გადატვირთული გვერდები კი მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის), ხოლო მეორე მხრივ არც იმ მკითხველთა მეცნიერული ინტერესები უგულებელგვეყო, რომლებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან საეკლესიო წიგნების ტექსტოლოგიურ ასპექტებს, მით უმეტეს, რომ ვალდებულნი ვიყავით ყველა ჩვენეული შესწორება წყაროთმცოდნეობითად დაგვესაბუთებინა. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ, შეზღუდული ფორმატის გამო, ქვემორე სქოლიოები მხოლოდ ნაწილია იმ უმდიდრესი მასალისა, რასაც ხელნაწერთა განსხვავებული მონაცემები გვიჩვენებს. ამასთან, სქოლიოთა სიჭარბის თავიდან ასაცილებლად, შედარებით მარტივი შესწორებანი თვით ტექსტშივე გვაქვს ფიქსირებული კვადრატული კავებით.


* * *

უპირველესად, მივუთითებთ იმ ნუსხებისა და პუბლიკაციების ლიტერებს, რომლებიც გამოყენებულია წინამდებარე გამოცემაში:

Q    -    A 1737

U    -    A 84

L    -    ჟერ 127

E    -    A 125

D   -    A 352

I    -    A 7101

M -  1988 წ-ის საეკლ. კალენდ.

M1  -   ამ გამოცემაზე დაფუძნებული სხვა გამოცემები

P  -  A 231

G  -  ბერძნული ტექსტი

--------------------------------------------------------------

1 - ამ ნუსხის მიხედვით არის წარმოდგენილი შემდეგი ლოცვები: ლოცვაჲ, უკუეთუ ავი სიზმარი ნახო ანუ ავს ჩუენებაში იყო; ლოცვაჲ გულისთქუმისათჳს, ოდესცა მოგიჴდეს; ლოცვაჲ წმიდისა მამისა დანიელისი ბრძოლასა სიძვისასა, სავედრებელი ღმრთისა; ლოცვაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ ეშმაკისაგან იძლიო; ლოცვაჲ გულმავიწყობისაჲ (იხ. A 780, 197-199).


იხ. წიგნში შემავალი ლოცვები:


ლოცვანი საცისკრონი

ძილად მისლვისა ლოცვანი

ლოცვანი შუვაღამისანი

ლოცვანი უწინარეს ზიარებისა

სამადლობელნი ლოცვანი შემდგომად საღმრთოჲსა ზიარებისა

ბრწყინვალე შვიდეულში წასაკითხი პასექის ჟამნი

ნაცვალად ღირსარსისა საკითხავნი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა

სხვადასხვა ლოცვანი

დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ

No comments:

Post a Comment