[87]აღნიშნული ეპისტოლე, რიგით 39-ე, რასაც მესამე საყოველთაო
ეპისტოლე ეწოდება და რაც ცნობილია „ეფესოს სიმბოლოს“ სახელით (Symbolum
Ephesinum, 'Εφεσινόν σύμβολον), წმ. კირილემ 433 წლის გაზაფხულზე
გაუგზავნა იოანე ანტიოქიელს იმ დიდი სიხარულის გამო, რაც გამოიწვია
ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიათა შორის აღმოცენებული უთანხმოების
აღმოფხვრამ. საგულისხმოა, რომ ქალკედონის IV მსოფლიო კრებამ საკრებო
სანქცია მისცა ამ ეპისტოლეს და, კერძოდ, მასში დაცული აღსარებითი სიმბოლოს
ჭეშმარიტებას. აღნიშნული ეპისტოლე ყველა ეპოქისათვის რჩება უდიდეს
მოწოდებად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი
ერთიანობისა და განუყოფლობისკენ (ბერძნული ორიგინალისათვის იხ. PG. t. 77,
col. 173-181).
ჩემს უფალს, საყვარელ ძმას და თანამწირველს, იოანეს, კირილე უფლის მიერ მოგიკითხავ!
„განიხარონ ცათა და იმხიარულოს მიწამ“ (ფს. 95.11), რადგან დარღვეულია
„შუაკედელი ზღუდისა“ (ეფეს. 2.11), დამცხრალია საწუხარი და აღმოფხვრილია
ორაზროვნების ყოველი სახე, მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიანიჭა თავის
ეკლესიებს ყველა ჩვენგანის მაცხოვარმა ქრისტემ და რაც ამისკენ გვიწოდეს
ჩვენ უკეთილმსახურესმა და უღვთისმოყვარესმა მეფეებმაც, გახდნენ რა ისინი
წინაპრული კეთილმსახურების რჩეული მბაძველნი როგორც უცთომლად და
შეურყევლად დამცვვლნი საკუთარ სულებში მართალი სარწმუნოებისა და
გამორჩეულად მზრუნველნი წმინდა ეკლესიებზე, რათა უკუნისამდე ჰპოვონ მათ
ხმაგანსმენილი დიდება და უკეთილსახელოვნესად გამოაჩინონ მათი მეფობა,
რომლებსაც თვით ქრისტე, ძალთა უფალი, განუყოფს სიკეთეებს მდიდარი ხელით და,
ერთი მხრივ, აძლევს მათ მოქიშპეთა მპყრობელობას, მეორე მხრივ კი ძლევას
მიჰმადლებს.