Thursday, January 24, 2019

წმიდა კირილე ალექსანდრიელი - ეპისტოლე იოანე ანტიოქელისადმი („ეფესოს სიმბოლო“)

[87]აღნიშნული ეპისტოლე, რიგით 39-ე, რასაც მესამე საყოველთაო ეპისტოლე ეწოდება და რაც ცნობილია „ეფესოს სიმბოლოს“ სახელით (Symbolum Ephesinum, 'Εφεσινόν σύμβολον), წმ. კირილემ 433 წლის გაზაფხულზე გაუგზავნა იოანე ანტიოქიელს იმ დიდი სიხარულის გამო, რაც გამოიწვია ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიათა შორის აღმოცენებული უთანხმოების აღმოფხვრამ. საგულისხმოა, რომ ქალკედონის IV მსოფლიო კრებამ საკრებო სანქცია მისცა ამ ეპისტოლეს და, კერძოდ, მასში დაცული აღსარებითი სიმბოლოს ჭეშმარიტებას. აღნიშნული ეპისტოლე ყველა ეპოქისათვის რჩება უდიდეს მოწოდებად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ერთიანობისა და განუყოფლობისკენ (ბერძნული ორიგინალისათვის იხ. PG. t. 77, col. 173-181).

ჩემს უფალს, საყვარელ ძმას და თანამწირველს, იოანეს, კირილე უფლის მიერ მოგიკითხავ!

„განიხარონ ცათა და იმხიარულოს მიწამ“ (ფს. 95.11), რადგან დარღვეულია „შუაკედელი ზღუდისა“ (ეფეს. 2.11), დამცხრალია საწუხარი და აღმოფხვრილია ორაზროვნების ყოველი სახე, მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიანიჭა თავის ეკლესიებს ყველა ჩვენგანის მაცხოვარმა ქრისტემ და რაც ამისკენ გვიწოდეს ჩვენ უკეთილმსახურესმა და უღვთისმოყვარესმა მეფეებმაც, გახდნენ რა ისინი წინაპრული კეთილმსახურების რჩეული მბაძველნი როგორც უცთომლად და შეურყევლად დამცვვლნი საკუთარ სულებში მართალი სარწმუნოებისა და გამორჩეულად მზრუნველნი წმინდა ეკლესიებზე, რათა უკუნისამდე ჰპოვონ მათ ხმაგანსმენილი დიდება და უკეთილსახელოვნესად გამოაჩინონ მათი მეფობა, რომლებსაც თვით ქრისტე, ძალთა უფალი, განუყოფს სიკეთეებს მდიდარი ხელით და, ერთი მხრივ, აძლევს მათ მოქიშპეთა მპყრობელობას, მეორე მხრივ კი ძლევას მიჰმადლებს.

მართლაც, არ განცრუვდება ის, ვინც ასე მეტყველებს: „ვცოცხლობ მე - ამბობს უფალი - რომ ჩემი მადიდებლები ვადიდო“ (I მეფ. 3.30). ამიტომ, როდესაც ალექსანდრიამდე მოაღწია ჩემმა უღვთისმოყვარესმა თანამწირველმა და ძმამ, უფალმა პავლემ, სულტკბილობით აღვივსეთ (და ფრიად ჯეროვნადაც!), რადგან შუამდგომლად იყო ამგვარი კაცი, ვინც ირჩია ეტვირთა გაუსაძლისი შრომა-ჯაფა, რათა დაეძლია ეშმაკისეული მოშურნეობა, შეეკავშირებინა განყოფილნი და შუა მიმობნეულ საცთურთა აღმოფხვრის შედეგად თანამოაზრეობისა და მშვიდობის გვირგვინით შეემკო როგორც თქვენი, ისე ჩვენი ეკლესიები.

ზედმეტია ითქვას, თუ რა სახით განიყოფოდნენ ეს ეკლესიები, რადგან, ვფიქრობ, იმაზე გვმართებს ბჭობა და საუბარი, რაც შეჰფერის „ჟამს მშვიდობისას“ (ეკლ. 3.8).

ამრიგად, გაგვახარა ზემოხსენებულ უღვთისმოყვარეს კაცთან შეხვედრამ, რომელიც, როგორც ჩანს, იმასაც ფიქრობდა, რომ არამცირედი ბრძოლა დასჭირდებოდა, სანამ დაგვარწმუნებდა ეკლესიათა მშვიდობიანი შეკავშირებისა და სხვაგვარმადიდებელთა სიცილის განქარვების საჭიროებაში, რითაც უნდა დაბლაგვებულიყო ეშმაკისეული ძნელგვარობის1 საწერტელი. მაგრამ გვპოვა მან ამისთვის ეგზომ მზად მყოფნი, რომ არარა გარჯა არა დასდგომია არანაირად, რადგან გვახსოვდა უფლისგან თქმული: „მშვიდობას გაძლევთ თქვენ ჩემსას, მშვიდობას გიტოვებთ თქვენ ჩემსას“ (იოან. 14.27). გვისწავლია აგრეთვე, რომ ამგვარად უნდა ვთქვათ ლოცვებში: „უფალო ღმერთო ჩვენო, [88]მშვიდობა მოგვეცი ჩვენ, რადგან ყოველივე მოგვაგე ჩვენ“ (ეს. 26.12). ასე რომ, თუ ვინმე წილმქონე იქნება ღვთისგან ბოძებული მშვიდობისა, დაუკლებლად ექნება მას ყველა სიკეთე, ხოლო ის, რომ სრულიად ფუჭად და უსაფუძვლოდ მოხდა ეკლესიათა ორად განყოფა, ახლა დავრწმუნდით ამაში განსაკუთრებით, როდესაც ჩემმა უფალმა, უკეთილმსახურესმა პავლე ეპისკოპოსმა მოგვართვა ნაწერი, რაც შეიცავდა სარწმუნობის უზადო აღსარებას, შედგენილს (როგორც მან დაგვიმტკიცა) შენი სიწმინდისა და მანდ მყოფი უღვთისმოყვარესი ეპისკოპოსების მიერ. ეს ნაწერი, რასაც სიტყვა-სიტყვით ვრთავთ ჩვენს ეპისტოლეში, შეიცავს შემდეგს:

„ხოლო თუ როგორ ვფიქრობთ და ვამბობთ ღვთისმშობელი ქალწულის შესახებ, აგრეთვე ღვთის მხოლოდშობილი ძის განკაცების გვარის თაობაზე, ამას, არა შემატების წესით, არამუდ დამარწმუნებლობის სახით (კერძოდ, რომ გვაქვს ის, რაც ძველთაგანვე საღვთო წერილთაგან და წმინდა მამათა გადმოცემისგან მიგვიღია) შემოკლებულად ვიტყვით, არ დავუმატებთ რა სრულიად არაფერს ნიკეაში წმინდა მამათა მიერ ჩამოყალიბებულ სარწმუნოებას. რადგან იგი, როგორც ადრე გვითქვამს, საკმარისია კეთილმსახურების მთელი ცოდნისთვისაც და ყოველგვარი მწვალებლური ბოროტმადიდებლობის განქადაგებისთვისაც2. ხოლო ვიტყვით ამას არა როგორც მიუწვდომელთა მიმართ შემკადრებელნი, არამედ როგორც მაღიარებელნი საკუთარი უძლურებისა, განვეზღუდვით რა იმათ, რომლებსაც სურთ გაგვკიცხონ, რაჟამს ზეადამიანურთა შესახებ ვმსჯელობთ.

ამრიგად, ვაღიარებთ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს, ღმერთს სრულს, და ადამიანს სრულს - მოაზროვნე სულისა და სხეულისგან, ერთი მხრივ უწინარეს საუკუნეთა შობილს მამისგან ღმრთეებით, მეორე მხრივ კი უკანასკნელ დღეებში მასვე კაცობრივად [შობილს] ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისათვის ქალწულ მარიამისგან, მასვე თანაარსს მამისას ღმრთეებით და თანაარსს ჩვენსას კაცობრივად, რადგან ორი ბუნების შეერთება მოხდა. ამიტომ, ვაღიარებთ ერთ ქრისტეს, ერთ ძეს, ერთ უფალს.

შეურეველი შეერთების ამავე გააზრებით ღვთისმშობლად ვაღიარებთ წმინდა ქალწულს, რადგან ღმერთი-სიტყვა განხორციელდა და განკაცდა, და მანვე თვით მუცლადღებისთანავე შეუერთა თავის თავს ქალწულისგან მიღებული ტაძარი.

ვიცით, რომ ღვთისმეტყველი მამაკაცები3 უფლის შესახებ არსებული სახარებისეული და სამოციქულო გამონათქვამების ნაწილს საზიაროჰყოფენ4 როგორც ერთ პირთან დაკავშირებულს, ნაწილს კი განყოფენ როგორც ორ ბუნებასთან დაკავშირებულს და რაც კი ღვთისმშვენია, გადმოგვცემენ როგორც ქრისტეს ღმრთეების შესაბამისს, ხოლო რაც მდაბალია - როგორც შესაბამისს მისი ადამიანობისა.

ამოვიკითხეთ რა თქვენი ეს წმინდა სიტყვები და აღმოჩნდა რა, რომ ჩვენც ამგვარადვე ვიზრახავთ, რადგან „ერთია უფალი, ერთია სარწმუნოება, ერთია ნათლისღება“ (ეფეს. 4.5-6), ურთიერთსიხარულით ვადიდეთ ყოველთა მაცხოვარი ღმერთი იმისთვის, რომ ღვთივსულიერი წერილის და ჩვენს წმინდა მამათა გადმოცემის თანმხვედრი რწმენა აქვთ თქვენეულ და ჩვენეულ ეკლესიებსაც, მაგრამ, ამასთან შევიტყვეთ, რომ ისინი, რომლებსაც სჩვევიათ გაკიცხვისმოყვარეობა, ველური ბზიკების მსგავსად ზუზუნებენ და უბადრუკ სიტყვებს ანთხევენ ჩემს წინააღმდეგ, თითქოს მე წმინდა ქალწულისგან როდი ვამბობდე ქრისტეს წმინდა სხეულს, არამედ - როგორც თითქოს ციდან ჩამოტანილს. ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამის შესახებ მეთქვა მცირედი მათ მიმართ.

ჰოი, უგუნურნო და მხოლოდღა ცილისწამების მცოდნენო! როგორ მოხდა, რომ ასეთ აზრამდე მიხვედით და ამგვარი სისულელით დასნეულდით? გმართებდათ კი, დიახ, გმართებდათ ცხადლივ შეგეცნოთ, რომ სარწმუნოების შესახებ [89]გამართულმა ასპარეზობამ თითქმის მთლიანად ჩვენ დაგვიკრა ტაში, რადგან დავამტკიცეთ, რომ ღვთისმშობელია წმინდა ქალწული. მაგრამ, ამასთან, თუ იმას ვამბობთ, რომ ციდან და არა ქალწულისგან შეიქმნა ყველა ჩვენგანის მაცხოვრის, ქრისტეს წმინდა სხეული, მაშინ როგორღა შევიცანით იგი ღვთისმშობლად? მართლაც, ვინღა უშვია მას საერთოდ, თუკი ჭეშმარიტი არაა ის, რომ ხორციელად შვა მან ემმანუელი? დაე, იცინონ იმათ, რომლებიც ასე ყბედობენ ჩვენს შესახებ, რადგან არ ცრუობს ნეტარი წინასწარმეტყველი ესაია, რომელაც ამბობს: „აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს - და უწოდებენ მის სახელს ემმანუელს, რაც გადმოთარგმნით არის: ჩვენთან ღმერთი“ (ეს. 7.14). უთუოდ ჭეშმარიტებს, აგრეთვე, წმინდა გაბრიელი, რომელიც ასე მიმართავს ნეტარ ქალწულს: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი ღმერთთან. და, აჰა, მუცლაღ იღებ და შობ ძეს და უწოდებ მის სახელს იესოს. იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (ლუკ. 1.31).

როდესაც „ციდან“ და „ზემოდან“ ვამბობთ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, იმას როდი ვამბობთ, რომ ზემოდან და ციდან იქნა ჩამოტანილი მისი წმინდა ხორცი, არამედ უმალ ღვთაებრივ პავლეს მივყვებით, რომელიც ცხადად ღაღადებს: „პირველი კაცი - მიწისგან მიწიერი, მეორე კაცი - ციდან“ (I კორ. 15.47). გვახსოვს თვით მაცხოვრის ნათქვამიც: „არავინ ასულა ცად, თუ არა ის, ვინც ციდას ჩამოვიდა, - ადამიანის ძე“ (იოან. 3.13). ამრიგად, თუმცა იგი, როგორც ახლახანს ვთქვი, ხორციელად იშვა წმინდა ქალწულისგან, მაგრამ რადგან ზემოდან და ციდან ჩამოვიდა ღმერთი-სიტყვა, რომელმაც „დააცარიელა თავისი თავი“, „მიიღო ხატი მონისა“ და იწოდა „ადამიანის ძედ“ (შდრ. ფილიპ. 2.6), ჰგიეს კი, ამასთან, იგივე, რაც იყო, ესე იგი - ღმერთი (რადგან ბუნებით გარდაუქმნელია და უცვლელია იგი), უკვე მის საკუთარ ხორცთან მოაზრებული, როგორც ერთი, ითქმის ციდან ჩამოხულად. ამასთან ეწოდა მას, აგრეთვე, „ადამიანი ციდან“, რადგან სრული არის რა იგი ღმრთეებით და, ამასთან, სრული არის თვითვე ადამიანობით, ერთ პირად შეიმეცნება.

მართლაც, ერთია უფალი იესო ქრისტე, თუმცა არ ვართ უმეცარნი ბუნებათა განსხვავებისა, რომელთაგანაც გამოუთქმელი შეერთების აღსრულება გვითქვამს, ხოლო ვინც ამბობს, რომ ღმერთი-სიტყვის შეზავება, შერევა ან აღრევა მოხდა ხორცთან, შენმა სიწმინდემ ღირსიჩინოს მათი დადუმება, რადგან საგულვებელია, ჩემზეც დაიყბედოს ვინმემ, რომ თითქოს მეც ასე მეფიქროს ან მეთქვას, თუმცა კი იმდენად შორს ვარ რაიმე ამგვარის ფიქრისგან, რომ სრულიად განცოფებულებად მივიჩნევ იმათ, რომლების აზრითაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ცვალებადობის აჩრდილს, ღმერთი-სიტყვის ბუნებასთან დაკავშირებით. მართლაც, ჰგიეს იგი იმად, რაც მარადის არის და არ შეცვლილა, არცთუ შეიცვლება, ესე იგი არც გარდაქმნის მიმღები გახდება ოდესმე. ამასთან, ყველა ვაღიარებთ, რომ უვნებოა სიტყვა ღვთისა, თუმცა კი თვითვეა ყოვლადბრძნულად განმგებელი საიდუმლოსი, გამოგვიჩნდა რა იგი როგორც თავისი თავისადმი განმკუთვნელი იმ ვნებულებისა, მის საკუთარ ხორცს რომ შეხვდა. ამიტომ ამბობს ყოვლადბძენი პეტრეც, რომ ქრისტემ ივნო ხორცით და არა - გამოუთქმელი ღმრთეების ბუნებით (1 პეტრ. 4.1), თუმცა კი, იმისათვის, რომ ყოველთა მაცხოვრად გვერწმუნა იგი, განგებულებითი შეთვისებით5 განუკუთვნა მან იავის თავს, როგორც ვთქვი, საკუთარი ხორცის ვნებულებანი. სწირედ ესაა წინასწარმეტყველის ხმით, თითქოსდა მისგან, წინდაწინ ხმამაღლა თქმული: „ჩემი ზურგი მივეცი მათრახებს, ჩემი ყვრიმალები - გარტყმებს, ხოლო ჩემი სახე არ გავარიდე შეფურთხებათა სირცხვილს“ (ეს. 50.6).

დარწმუნებული იყოს შენი სიწმინდე, და სხვებისგანაც ნურავის დაეჭვდება, რომ ყოვლითურთ მივყვებით წმინდა მამების, განსაკუთრებით კი ჩვენი ნეტარი და ყოვლადქებული მამის, ათანასეს აზრებს. მოვიტანდი კიდეც მრავალ ადგილს მათგან, რითაც დავასაბუთებდი ჩემს სიტყვებს, მაგრამ მაშინებს წერილის სიგრძე, რის გამოც შესაძლოა მომაბეზრებელი გახდეს იგი. ამასთან ვერ [90]დავითმენთ ვერანაირად, რომ ვინმესგან შეირყიოს სარწმუნოება ანდა სარწმუნოების სიმბოლო, რაც განსაზღვრეს ჩვენმა წმინდა მამებმა - თავის დროზე ნიკეაში შეკრებილებმა. ვერც იმის ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ სხვებს, რომ მათგან დადებულში ან სიტყვა შეიცვალოს ან თუნდაც მარცვალი დაირღვეს, გვახსოვს რა ნათქვამი: „ნუ გადაანაცვლებ საუკუნო საზღვრებს, რაც დადეს შენმა მამებმა“ (იგავ. 2.28), რადგან მეტყველებდნენ არა ისინი, არამედ - თვით სული ღვთისა და მამისა, რომელიც გამომავალია მისგან და არსების ნიშნით არ არის უცხო ძისგან, რაშიც გვარწმუნებს ჩვენ წმინდა მესაიდუმლეომოძღვართა6 სიტყვები. მართლაც, წიგნში „მოციქულთა საქმენი“ წერია: „ხოლო მისიაში მისულები ცდილობდნენ ბითვინიისკენ წასვლას, და არ გაუშვა ისინი იესოს სულმა“ (საქ. 16.7). ღვთაებრივი პავლეც მისწერს: „ხორცში მყოფთ არ ძალუძთ ესათნოონ ღმერთს, თქვენ კი ხართ არა ხორცში, არამედ სულში, თუკი სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში, ხოლო თუ ვინმეს არა აქვს ქრისტეს სული, იგი არ არის მისი“ (რომ. 8.8-9). არკი გაუკვირდეს შენს სიწმინდეს, როდესაც ზოგ-ზოგები, რომლებსაც სჩვევიათ სისწორეთა გამრუდება, მათთვის სასურველად აუკუღმართებენ ჩემს სიტყვებს. რადგან მცოდნე ხარ იმისა, რომ მწვალებელთაგანაც ყველანი ღვთივსულიერი წერილისგან შეიკრებენ მათი ცთომილების მიზეზებს, როდესაც მათივე უკეთური გონებით ხრწნიან სულიწმინდის მიერ მართლად თქმულთ, რითაც უშრეტ ალში ახვევენ საკუთარ თავს. ამასთან, შევიტყვეთ რა, რომ ჩვენი ყოვლადქებული მამის ათანასეს მიერ ნეტარი ეპიქტეტესადმი გაგზავნილი ეპისტოლეც, რაც მართლმადიდებლურია, დაუმახინჯებიათ და ისე გამოუქვეყნებიათ მავანთ, რათა ამ გზით ბევრი დაზიანებულიყო, ამის გამო (ჩათვალეთ რა, რომ სასარგგბლო და აუცილებელი რამ იქნებოდა ეს ძმათათვის), ძველი ნუსხებიდან, რაც ჩვენთანაა და რაც შეურყვნელია, პირები გამოვუგზავნეთ შენს
-------------------------------------------------------------------

შენიშვნები


1 - „ძნელგვარობა“ (ή δυστροπία) - მძიმე ჩვეულება, უკუღმართობა, გადაგვარებული ზნე, სიჯიუტე, გაკერპება.

2
- „განქადაგება“ (ή άποκήρυξις) - რაიმეს საჯაროდ მხილება და უარყოფა.

3 - „ღვთისმეტყველი მამაკაცები“ (οί θεόλογοι άνδρες) - ბერძნული ό άνηρ ნიშნავს „მამაკაცს“, თუმცა იგი ძველ ქართულში ხშირად ითარგმნებოდა „კაცად“ (მაგ. ფს. 1.1: „ნეტარ არს კაცი“. უნდა იყოს: „ნეტარ არს მამაკაცი“). ეს გარემოება ძველი ქართველი მთარგმნელებისათვის ზოგჯერ პრობლემას ქმნიდა. მაგალითად, როდესაც წმ. ეფრემ მცირემ ბერძნული „θεανδρική“ თარგმნა როგორც „ღმერთმამაკაცებრი“, ამ სიტყვას შემდეგი კომენტარი დაურთო: „უკუეთუ რადმე დაგიკჳრდებოდის „ღმერთმამაკაცი“ უჩუეველობისათჳს ენისა, ესე მას აბრალე, ვის „ნეტარ არს მამაკაცი“ „ნეტარ არს კაცად“ დაუწერია და არა მაშინვე შუენიერი და უცხოჲ სახელი მოუპოვებია, რაჲთამცა დაჩუეულ ვიყვენით“ (ხელნ. A-24,102). აღნიშნული ბერძნული სიტყვა (θεανδρική) გელათურ სკოლაში ითარგმნებოდა, აგრეთვე, როგორც „ღმერთმამაცებრი“, ხოლო άνηρ - როგორც „მამრი“.

4
- „საზიაროჰყოფენ“ (κοινοποιουνες) - ე.ი. მთლიანად განუკუთვნებენ მაცხოვარს, არ განყოფენ, არ მიჯნავენ, მიიჩნევენ, როგორც საერთოს ორივე ბუნების ერთჰიპოსტასოვნებისათვის.

5 - „განგებულებითი შეთვისებით“ (κατ' οίκείωσιν οίκονομικήν) - ეს იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა საკუთარი ნებით, განგებულებითად ანუ იკონომიურად ითვისა და განიკუთვნა ჩვენეული ვნებულებანი და არა - ბუნებითი აუცილებლობის გამო.

6 - „მესაიდუმლეთმოძღვართა“ (των μυσταγωγων) - მისტაგოგთა, სულიერად აღმზრდელთა, ღვთივგანბრძნობილ მოძღვართა.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ
„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

No comments:

Post a Comment