[33]სამეუფო შემოსვლას ვდღესასწაულობთ დღეს,
მორწმუნენო. ამიტომ, ღვთისმშვენად შევეგებოთ მეუფეს. ჟამია ამიერიდან! ნუ
დავიძინებთ, ღვთისკენ ავამაღლოთ გონება, ნუ ჩავაქრობთ სულს, მხიარულებით
ავანთოთ ჩვენი ლამპრები, შევიცვალოთ სულის პერანგი (ქიტონი), ავიღოთ
ბაიები ვით ძლევაშემოსილებმა, და ხალხთან ერთად იმას ვხმობდეთ, რასაც
ხალხი ხმობს, ბავშვებთან ერთად კი ბავშვებივით ქება აღმოვთქვათ:
„ოსანნა, კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით“ (მათე 21.9).
აჰა, მოვიდა; აჰა, გამოჩნდა; აჰა, შემოდგა მეუფე. კვლავ იერუსალიმში
შედის იგი, კვლავ ჯვარი განემზადება, კვლავ ირღვევა ადამის ხელწერილი,
კვლავ იხსნება სამოთხე, კვლავ სახლდება მასში ავაზაკი, კვლავ მემწყობრეობს
ეკლესია, კვლავ ქვრივდება უკეთური სინაგოგა, კვლავ შეირცხვინებიან
ეშმაკები, კვლავ ბორგნეულობენ იუდეველები, კვლავ გამოიხსნებიან
მორწმუნენი. ყოველივე მოზიარეობს დღესასწაულთან, ყოველივე ქებას ასხამს
მეუფეს. ცანი ხარობენ, მთები მხიარულობენ.
მდინარენო, ტაში დაჰკარით, მოახლოვდით, დასძახეთ, რადგან ხედავთ, რომ
ჩვენი სიტყვები საქმედ იქცა; ბორცვებო, შემოსძახეთ; ჩვილნო, ქება შეასხით;
მოწაფენო, იქადაგეთ; მღვდელნო, იმეტყველეთ; ღვთისმეტყველნო, ადიდეთ;
სიონში მყოფნო, მიეგებეთ; წარმართნო, შეიკრიბეთ; ციურნო, მიწიერნო,
ქვესკნელისანო, ყველა ღირსებავ და ასაკო! მოდის იგი, რომ ყველას
უქველმოქმედოს; გამოჩნდა, რომ ყველა შეიწყალოს, ყველას მიჰმადლოს
მხიარულება.
ის, ღმერთად მყოფი, ადამიანი გახდა, გამოჩნდა მიწაზე და მიმოვიდოდა
ადამიანთა შორის: მონებთან - მეუფე, მოვალეებთან - გადამხდელი,
წარწყმედილებთან - ხსნა, დასჯილებთან - განმათავისუფლებელი,
სასოწარკვეთილებთან - სასოება, ქვე დადებულებთან - აღდგომა, უმოწყალოებთან
- მოწყალე, ლტოლვილებთან - მართალი, დამნაშავეებთან - უდანაშაულო,
ცოდვილებთან - უცოდველი, უმადურებთან - უშურველად მიმმადლებელი.
ხედავ, საყვარელო, დღესასწაულის საიდუმლოს? ხედავ დღევანდელი დღის
საკვირველებებს? გუშინ ბეთანია დღესასწაულობდა, დღეს მთელი ეკლესია ილხენს
ღვთიური მოვლინებით. გუშინ სხვას მიჰმადლა მან სიცოცხლე, დღეს თვით იგი
მიდის სიკვდილისკენ. გუშინ ოთხი დღისა აღდგინებულ იქნა მისგან, დღეს სამი
დღისა შემოდგა. ოთხის დღისა აღადგინა მან ლაზარე, რომ წინდაწინვე სარწმუნო
გაეხადა ზოგადი აღდგომა ჩვენი ბუნებისა, რაც ოთხი სტიქიონისგან არის
შედგენილი. მაგრამ იქ მართა მოუსვენრობს, რადგან რჯულისეული მსახურების
სახეა იგი, აქ კი მარიამი ფერხთიო უზის მეუფეს, რადგან მისდამი
სიყვარულითა და მზრუნველობით ეკლესიის ხატებას ატარებს იგი. და ის,
რომელმაც ვნებამდე ექვსი დღით ადრე სხეულის ხუთივე გრძნობით მიჰმადლა
ოთხდღიანი ლაზარე მათ, ერთი ძმა - იმ ორს, რომელმაც ბრძანა მის შესაკრავთა
გახსნა, სწორედ ის მოდის ახლა, რომ შეკრან, მაგრამ მოდის არა მშფოთვარედ
და ძრწოლით, არა ძალთა, მთავრობათა და ხლმწიფებათა მიერ უხილავად
ლახვარმოსილი, არა ამაღლებულ და ზეაზიდულ რამ ტახტზე დაბრძანებული, არა
რამ ფრთებით ანდა ცეცხლსსახოვანი ბორბლებით ან კიდევ მრავალთვალედით
დაფარული, არა საყვირებით, ძალთავლენითა თუ ნიშებით ყოველივეს
ამახმიანებელი, არამედ - ადამიანურ ბუნებაში დაფარული, რადგან ესაა მოვლინე[34]ბა
კაცთმოყვარეობისა და არა მართლმსაჯულებისა, გულმოწყალებისა და არა
დასჯისა. არათუ მამისეულ დიდებაში გვიჩნდება იგი, არამედ - დედისეულ
სიმდაბლეში. ეს მოვლინება ძველთაგანვე გაგვიცხადა ჩვენ საკვირველმა
ზაქარიამ, რომელმაც მხიარულებისკენ უხმო ქმნილებას და, თითქოსდა ეკლესიის
პირით, იერუსალიმს შეჰღაღადა და უთხრა: „გიხაროდეს ფრიად, ასულო სიონისაო“
(ზაქ. 9.9). ამავე სიტყვით ისარგებლა გაბრიელმაც მარიამის მიმართ,
როდესაც უთხრა: „გიხაროდეს მიმადლებულო, უფალია შენთან“ (ლუკა 1.28).
ამასვე ხმობს მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარიც ქალთა მიმართ: „გიხაროდეთ“
(მათ. 28.9), რათა ისწავლო შენ, რომ იმ ძველი ხმის გამო, რაც ევას ესმა,
კერძოდ: „მწუხარებაში შობდე შვილებს“ (შესაქ. 3.16), - აი, ამ ხმის გამო
ქალთა მიმართ ეს დაიძახა: „გიხაროდეთ“, ისევე როგორც აღმოთქვა ზაქარიამაც:
„გიხაროდეს ფრიად, ასულო სიონისაო. იქადაგე, ასულო იერუსალიმისაო“ (ზაქ.
9.9). რა ქადაგებაა ეს? თქვი გარკვევით, ჰოი წინასწარმეტყველო: „მაღალ
მთაზე ადი, მახარებელო სიონისაო, აღამაღლე შენი ხმა“ (ეს. 40.9). რისი
მთქმელია იგი სიონისადმი? „აჰა, შენი მეუფე მოდის შენთან“ (ზაქ. 9.9).
როგორ? რადგან ამბობ მოვლინების შესახებ, ისიც თქვი, თუ - რა სახით. ნუთუ
ეტლებზე და კარეტებზე? ნუთუ ძალითურთ, ნუთუ ჯარებითა და მხედრობით ან
კიდევ სხვა რამ დანარჩენით, რითაც კი მეფეებს წარმოვსახავთ? არა, ამბობს.
მაშ, როგორ? „შემჯდარი სახედარზე და ახალგაზრდა ჩოჩორზე“ (ზაქ. 9.9). რას
ამბობ? ნუთუ მეფე ოდესმე ჩოჩორით მოდის და ნუთუ მასზე შეჯდომით თავს
იმცირებს იგი? დიახ, ამბობს, ასე მოდის იგი, რადგან არა აქვს მას სხვათა
სწორი ამპარტავნება. მაინც როგორ? მონის ხატში (ფილიპ. 2.7), სიძისებრ
კრძალვით, თვინიერი კრავივით (იერემ. 11.19), ვით ჩუმი წვეთი საწმისზე,
ვით დასაკლავი ცხვარი, ვით შესაწირად წაყვანილი უბოროტო ბატკანი (ეს.
53.7; საქმე 8.32). აი, ამ სახით მოდის იგი, მატარებელი ადამიანთა უგონებო
ბუნებისაც (τήν αλογον φορων των άνθρώπων φύσιν) უგონებო პირუტყვზე
მჯდარი, რითაც ასწავლის ადამიანებს, რომ არ აიმაღლონ თავი; რითაც ტახტიდან
ამხობს იგი ძალთმოსილთ და აღამაღლებს მდაბალთ; რითაც სიკეთეებით აღავსებს
მშიერთ და ცარიელს უშვებს მდიდრებს (ლუკ. 1.52-53).
თორმეტ ვინმეს, მათაც საბრალოთ, მას მიდევნებულთ თან იახლებს იგი და მათ
მიერ ხალხებს თავისკენ უხმობს. იგია იესეს ძირისგან აღმოცენებული რტო,
რომელსაც დღეს ებრაელთა ბავშვები ეგებებიან, რომელსაც, როგორც მწყალობელს,
ზეთისხილის რტოებს ურხევენ ისინი და ბაიებით აქებენ, როგორც სიკვდილის
მძლეველს, ამბობენ რა: „ოსანნა, კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით“
(მათ. 21.9). მართლაც, რას ამბობს მახარებელი? „და მოხდა ის, რომ როდესაც
იესო მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, იმ მთასთან, რასაც ეწოდებოდა
„ზეთისხილისა“, გაგზავნა მის მოწაფეთაგან ორნი და უთხრა: წადით
მოპირდაპირე დაბაში და როცა შეხვალთ, იპოვით შიგნით ვირს და ახალგაზრდა
ჩოჩორს, რომლებზეც ადამიანთაგან არავინ დამჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ
მე. და თუ ვინმე გეტყვით თქვენ რამეს, უთხარით, რომ პატრონს სჭირდება იგი“
(ლუკა 19.29-31). შემდეგ ისინი საქმედ აქცევენ სიტყვის სიტყვას, მიჰყავთ მასთან ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფენენ თავის ტანსაცმელს და დაჯდება იესო.
მოპირდაპირე დაბა სახეა არსებული ცხოვრებისა, რადგან
ეს დაბა საპირისპიროდ მდებარეობდა და არა ღვთის ახლოს. ამიტომ, როდესაც
იგი მიუახლოვდა ამ დაბას ანუ როდესაც ღმერთი განკაცებული გახდა ჩვენს შორის, მაშინღა გზავნის იგი ორ მოწაფეს ანუ ორ აღთქმას, რომ მოუყვანონ მას ორი ხალხი, ერთი მხრივ ძველი და დაბერებული სინაგოგა, [35]მეორე მხრივ კი წარმართთა ახალი და განუწვრთნელი ხალხი.
ხოლო როდესაც თქვა მან სიტყვა „მოპირდაპირე“, ამით
იგულისხმა, რომ გაგზავნა მოხდა იმ ადამიანის მოსახმობად და დასახსნელად
სასჯელისაგან, რომელსაც სამოთხისეული შვების მოპირდაპირე მხარეს იყო
დასახლებული1 და რომელსაც ამიერიდან
გამოხსნილად ხედავენ ძველი წინასწარმეტყველები, მოციქულები და
სიწმინდეთმქადაგებლები, ხოლო მას, ვინც ზენა მთიდან ნებაყოფლობით ვნებამდე
დაიმდაბლა თავისი თავი სიონში, სიწმინდისმშვენად ეგებებიან და თავიანთ
ღვთისმეტყველურ ხმებს, როგორც განსულიერებულ რამ ზეთისხილის რტოებს,
კეთილმეტყველებითად აღმოიგალიბებენ: „კურთხეულია ის, ვინც მოდის უფლის
სახელით, ოსანნა უმაღლესთა შორის“ (მათე 21.9). რას ამბობ? საბრალო
ჩოჩორზე დამჯდარს ხედავ და „ოსანნას“ ღაღაღებ „უმაღლესთა შორის“? მონის
ხატებას ხედავ და - უფალ ღმერთს ამბობ „უფლის სახელით“? დიახ, - ამბობს.
ჩოჩორზე ჯდება იგი და, ამასთან, არ განეშორება მამისეულ წიაღს.
ბავშვებისგან ქება შეესხმის მას და მაღლა სერაფიმთაგან იღვთისმეტყველება.
იერუსალიმში შედის იგი, მაგრამ როდი დაუტოეებია ზენა იერუსალიმი. ხედავს
მას იოანე, თანაც წინ ეგებება და ასე ხმობს: „აჰა, ტარიგი ღვთისა,
ქვეყნიერების ცოდვათა ამზიდველი“ (იოანე 1.29). სხვა კი ამბობს: „აჰა,
ღმერთი ჩვენი. აჰა, თავად უფალი მოვა და გვაცხოვნებს ჩვენ“ (ესაია 35.4).
ამიტომ ეხსნებათ დღეს თვალები ბრმებს.
ერთი აღმოსავლეთისკენ ხმობს უფლისადმი: „აჰა, ადამიანი. აღმოსავლეთია
მისი სახელი“ (ზაქ. 6.12). სხვა დასავლეთისკენ შეაგონებს: „გზა მიეცით
დასავლეთით ამსვლელს. უფალია მისი სახელი“. ერთი ამბობს: „დადექი,
ჩრდილოეთო“ (ქება 4.16), მეორე კი ღაღადებს: „აღდექი, სამხრეთო“ (იქვე);
ხოლო დავითი ყველაზე უფრო გარემომცველობითად და ყველაზე უფრო ჯვარჩენითად
მოუხმობს ქადაგებას „აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და
ზღვიდან“ (ფს. 106.3), იერემია კი გალობს და თითქოსდა რამ თითით უჩვენებს
წარმართებს მას, ვინც მოდის, ამბობს რა: „ეს არის ღმერთი ჩვენი. არ
შეირაცხება მასთან სხვა. იგი აღმოაჩენს მეცნიერების ყველა გზას. ამის
შემდეგ, აჰა, მიწაზე გამოჩნდა იგი და ადამიანებთან მიმოდიოდა“ (ბარუქ.
3.36-38). ერთი იერუსალიმის მიმართ ამბობს: „ილხენდე და იხარებდე, ასულო
სიონისაო“ (ზაქ. 2.10), მეორე კი ბავშვებს უბრძანებს: „აქეთ, ბავშვებო,
უფალი“ (ფს. 112.1); ბავშვები უპასუხებენ: „ოსანნა! კურთხეულია, ვინც
მოდის უფლის სახელით“ (მათე 21.9). ამის მსმენელი ჰიმნოდი მეუფისადმი
ხმობს: „ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით შეამზადე ქება“ (ფს. 8.3), უფალი კი
ხალხებს უბრძანებს: „აცადეთ ბავშვებს მოვიდნენ ჩემთან“ (მათე 19.14).
კარგად მიჰყვნენ ელისაბედის ხმას ბავშვები, რადგან მან ასე უთხრა ქალწულსა
და ღვთისმშობელს: „კურთხეულია ნაყოფი შენი მუცლისა“ (ლუკა 1.42), ესენი კი
მისგან შობილს ეუბნებიან: „კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით, ღმერთი
უფალი“. რას ნიშნავს: „კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით“? მოდის
საიდან? ციდან თუ ქალწულისგან? ვინც მოდის, წინაც მოიწევს. მოდის სად?
ვნებისკენ, უფლის, - ცხადია, მამის, - სახელით, როგორც უთქვამს თვით
ქრისტეს: „მე მამისგან გამოვედი და ჩემს მამასთან მივდივარ“ (იოანე
16.28). ხედავ სიტყვაუმეცარი ბავშვების ღვთისმეტყველურ დოგმატს? ბავშვებმა
ქმნილების მეუფე თვით ბუნებისგან იცნეს, ხოლო მათი მამები გაუგუნურდნენ.
მათ ქება შეასხეს მას როგორც ღმერთს, ამათ კი ჯვარს აცვეს იგი როგორც
მტერი. ისინი ოსანნას ფსალმუნებენ, ესენი კი გაჰყვირიან: ჯვარს ეცვას.
ნორჩი და უსწავლელი ასაკი განიბრძნობა, ხოლო რომლებიც [36]ბრძნებად
ამბობენ თავს, ბნელდებიან. ბავშვებმა თავისი სამოსლები დაუფინეს მას,
მამებმა კი მისი სამოსლები დაანაწილეს. ისინი განიძარცვავენ თავის
პერანგებს, რითაც წინასწარ მოასწავებენ სინაგოგის სიშიშვლეს. თანაც
გვიჩვენებენ იმასაც, რომ ჩვენც ვიძარცვავთ „ძველ ადამიანს“ (კოლას. 3.9)
და ქრისტეს ვემორჩილებით. ბავშვები ბაიებით იღებენ ქრისტეს, მათი მამები
კი მახვილებით მოდიან. ისინი აკურთხებენ მას, ესენი ავმეტყველებენ. მათ
მწყემსად მიიღეს იგი, როგორც ბატკნებმა, ამათ კი მოკლეს ტარიგი, როგორც
მგლებმა. ბუნებრივია, რაოდენ უცხო და უჩვეულო სანახაობა იქნებოდა ხილვა
ძუძუთა და დედების მკლავებში რძის მწოველი ჩვილებისა, რომლებსაც ერთი ხელი
მათი დედების მკერდზე ჰქონდათ, მეორეთი კი შობილ ღმერთს ურხევდნენ
ბაიების ტოტებს, თანაც პირიდან დედისეულ რძესა და სამეუფო დოგმატს
აჩქეფებდნენ და ღმერთ-სიტყვის მიმართ პირველ სიტყვას, მათ ბაგეთა ნაყოფს,
აღმოიტყოდნენ და ამბობდნენ: „ოსანნა“, ესე იგი: - გვაცხოვნე, რომელიც ხარ
უმაღლესთა შორის. ვინ განგსწავლათ, ჰოი ბავშვებო? ვინ განგაბრძნოთ თქვენ?
ვინ არის იგი, ვინც სიტყვის თქმის დრომდე2 სიტყვასთან გაგამესაიდუმლათ?
წარმოდგეს უმადური იუდეველი, წარმოდგეს მეძავი სინაგოგა. თქვი, ჰოი
იუდეველო, განა ყველა წინასწარმეტყველმა მის შესახებ არ გვიქადაგა, ვინც
მოდის? დიახო, ამბობს, მაგრამ საორჭოფო ისაა, მოვიდა იგი თუ ჯერ არა! ჯერ
არაო, ამბობს. კეთილი! ვნახოთ ღირსება იმისა, ვინც მოდის და მაშინ
გვეცოდინება, მოვიდა იგი თუ არა. ღმერთად ამბობ მას, ვინც მომსვლელია, თუ
ლიტონ ადამიანად? - ადამიანადო, ამბობს, როგორც დავითს ანდა - თავად
დავითს. როგორც დავითსო! ჰოი, ბოროტების მესიბრძნევ! ჰოი, გულით
უგულისხმოო! როგორღა ხდება, რომ თავად დავითი უფალს უფლისგან მომავალად
ამბობს, როგორც ახლახანს გაგაგონეს შენმა ბავშვებმა, ქება აღუვლინეს რა
მას: „კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით, ღმერთი უფალი, და
გამოგვიჩნდა ჩვენ“, და კიდევ: აუთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს
მარჯვნივ, ვიდრე დავცემდე შენს მტრებს შენს ფეხთა კვარცხლბეკად“ (ფს.
109.1-2). კიდევ: „იმეუფა ღმერთმა წარმართებზე“ (ფს. 46.9). აგრეთეე:
„თქვით წარმართთა შორის, რომ უფალმა იმეუფა“ (ფს. 95.10). მაგრამ ვინ არის
ეს მეუფე? ისმინე ესაიასი, თქვენს შესახებ რომ ამბობს: „და ინებონ, თუ
გახდნენ ცეცხლით დამწვრები“ (ეს. 9.5). რის გამო, ჰოი წინასწარმეტყველო?
„რადგან ყრმა იშვა ჩვენდამი, ძეც მოგეცათ თქვენ (სეპტუაგინტა: „ძეც
მოგვეცა ჩვენ“, ე.ჭ.), რომლის მოთავეობა იქმნა მის ბეჭზე, და იწოდება მის
სახელად დიდი ზრახვის ანგელოზი, საკვირველი, თანამბჭობელი, ღმერთი ძლიერი,
ძალმოსილი, მოთავე მშვიდობისა, მამა სამერმისო საუკუნისა“ (ეს. 9.6). რას
ამბობ, ჰოი იუდეველო? აჰა, ცხადად ქადაგეს წინასწარმეტყველებმა ღმერთად
ის, ვინც მომავალია.
აიტაცებს ამ ნათქვამს მწვალებელი, უსწრაფესადვე მოგვეჭრება მანიქეველი
და იტყვის:
„აჰა, ცხადად აღიარე ღმერთად ის, ვინც ხორცი შეისხა
ქალწულისაგან. როგორღა არ აღიარებ ამავე ღმერთს ვნებულად და ჯვარცმულად,
თუ ერთსა და იმავეს ამბობ შობილად, ჩენილად და ვნებულად?“
ჰოი, უგუნურნო და გულმდორენო ყოველივე იმის რწმენაში, რაც აღმოთქვეს წინასწარმეტყველებმა. ისმინეთ, დაიჯერეთ და შეგრცხვეთ:
არსობრივი სიტყვა მამისა, შეერთებული დედის ამქვეყნიურ არსებასთან და
მოსურნე იმ ხატის განახლებისა, ძველთაგანვე ცოდვებით რომ დაიფარა,
ადამიანი გახდა და დაიცვა ღმრთეების სიმაღლე ადამიანობის სიმდაბლეში,
რადგან არ გარდაუქმნია მას ვნებულებად ღმრთეების უვნებობა და არ მიუღია
ცოდვა ცოდვილი ბუნებისა, რათა ის, რაც მაცხოვნებელია ჩვენთვის, [37]მისთვის შეურაცხმყოფელი არ გამხდარიყო და ჩვენი ამაღება დაცემად არ აღმოჩენილიყო მისთვის.
ის, ვინც ჯვარს ეცვა მაღალი სხეულით (ύψηλφ σώματι σταυρούμενος), არ
ვნებულა ღმრთეებით (თუმცა ამაზე განცოფდებიან მანიქეველი, არიოზი და
მარკიონი), რადგან მაშინ რაღა იქნებოდა საჭიროება ხორცშესხმისა? ასე მოხდა
ეს, რომ ჩვენი რწმენა ადამიანის სისხლისადმი არ ყოფილიყო (თუმცა
შეშფოთდება ამაზე პავლე სამოსატელი), რადგან წერილი ამბობს: „დაწყევლილია
ყველა ის, ვინც ძელზე დაეკიდება და ყველა ის, ვისაც ლიტონი ადამიანისადმი
აქვს სასოება“ (მეორე რჯული 21.23; იერემ. 17.5). ადამიანს არ შეეძლო
ჩვენი ხსნა, რადგან, მოსესაც და რომელიმე წინასწარმეტყველსაც შეეძლო
მომკვდარიყო ჩვენს გამო, მაგრამ ყველანი ცოდვის ქვეშ იყვნენ. ამიტომ
ვსაჭიროებდით უცოდველ ღმერთს, ხორცშესხმულს, რომელიც ჩვენს გამო ხორცით
მიიღებდა სიკვდილს. ამიტომ ხორცს ისხამს უხორცო, რათა ღმრთეების მიერ
შეუძლებელი შესაძლებელი გახდეს ადამიანობის მიერ, ივნებს და არ ივნებს.
პირველი მათგანი არ განუკუთვნო სიტყვას, მეორით კი ხორცი სიტყვისგან არ განყო, რადგან არათუ ვყოფ, არამედ ვცნობ იმას, რაც თვისობრივია თითოეული არსებისათვის.
თანამყოფად, მაგრამ არ თანავნებულად, ვამბობ სიტყვას, - თანადაკიდულად,
მაგრამ არა ლურსმანთა მიმღებად თავის ბუნებაში, თანადაფლულად, მაგრამ არა
თანამომკვდარად, თანადახშულად, მაგრამ არა თანაშემოწერილად, სულს
სხეულისგან განყოფილად, მაგრამ სიტყვას არცერთი მათგანისგან განმდგარად. ამის შედეგად წარიტყვენა ჯოჯოხეთი, როდესაც ღმერთშორისი სული3 იქ ჩავიდა, რადგან მაცხოვარმა მისვლისას უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფ სულებს, ხოლო საფლავში გახრწნა არ უნახავს ღმერთშორის სხეულს4,
რამეთუ თავისი ხორცისგანაც განუყოფელი იყო სიტყვა ყოველ ჟამს, არსად
დაუტოვებია რა იგი ლიტონად, მარტოდ, უღმერთოდ ან იმგვარად, როგორც ეს
შეემთხვევა რომელიმე ჩვენგანის სხეულს, თუმცა კი, მიუხედავად იმისა, რომ
ჰიპოსტასში შეუერთდა სიტყვას ჩვენი მოაზროვნეობითი
ბუნება, არ გამხდარა იგი თანასწორი. მართლაც, როგორ გაუთანასწორდებოდა
წინასაუკუნოს ცოტა ხნის წინანდელი? ანდა როგორ მიემსგავსებოდა დაუსაბამოს
დასაბამიერი? ამიტომაც ჩოჩორზე ხედავ მას, მაგრამ როგორც ადამიანს, რადგან
ორმაგი იყო იგი. ამიტომაც, ჩვენი ბუნების რჯულისამებრ, გაიზარდა კიდეც და
ძუძუ წოვა, იტირა და შეძრწუნდა, რადგან მას, განკაცებულ ღმერთ-სიტყვას არ
უარუყვია ჩვენი ბუნების უკიცხველი ვნებულებები, რამეთუ მაშინ თვით ეს
ბუნება უნდა უარეყო ვნებულებებზე უწინარეს. არ ეძინა ნავში ღმერთ-სიტყვას,
რადგან „არ ჩათვლემს, არც დაიძინებს ისრაელის დამცველი“ (ფს. 120.4),
არამედ ეძინა ჩვენეულ ხორცს, რაც შეიმოსა ღვთის სიტყვამ. არ იმშევა, არც
იღლება მგზავრობისგან საღვთო ბუნება, როგორც ამბობს ესაია: „ღმერთი დიდი და
ძლიერი არც დაიმშევა, არც დაიღლება“ (ეს. 40.28). მაშ, როგორ შია მას?
ჩვენგან მიღებული ხორცით. როგორ ივნებს იგი? - ჩვენგან მიღებული ხორცით.
როგორ იცრემლება? - ჩვენგან მიღებული ხორცით. როგორ მოკვდა? - ხორცით
(მაგრამ ცხოველია სულით). როგორ არყევს მიწას? - მამისაგანი ღმრთეებით.
როგორ თრგუნავს ჯოჯოხეთს? - არაჩვენეული ღმრთეებით. როგორ ამბობს იგი: „მე
და მამა ერთი ვართ“ (იოან. 10.30)? - ზენა წინასაუკუნო შობით. მაგრამ
როგორ თქვა: „მამა უფრო დიდია ჩემზე“ (იოან. 14.28)? - ქვემო, ქალწულისგან
აღსრულებული შობით. როგორ თქვა მან: „ჩემმა მხილველმა იხილა მამა“ (იოან.
14.9)? - სიტყვის უქმნელი ბუნებით. როგორ თქვა: „არ ძალმიძს ჩემი თავით რაიმეს ქმნა?“ (იოან. 5.19) - რა, სიტყვა [38]უძლურია მამასთან შედარებით? შორს არიანული გონებაცთომილება! რას ნიშნავს ნათქვამი: „მადიდე ძე, მამაო“? (იოან. 17.3) - სიტყვის სხეულს. ვინ არის ის, ვინც ამბობს: „მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოან. 10.38)? - სხეულში მყოფი სიტყვა. როგორ თქვა მან: „მამა ჩემი და მამა თქვენი“ (იოანე 20.17)? - მამაა მამა არა ხორცისა, არამედ მისგან შობილი ღმერთ-სიტყვისა. მაგრამ: „ღმერთი ჩემი და ღმერთი თქვენი“ (იქვე)? - ღმერთია მამა არა სიტყვისა (რადგან როგორ იქნება იგი ღმერთი მისი სწორი ღვთისა?), არამედ ღმერთია იგი მონის ხატისა, სიტყვაში რომ არის. ვინ თქვა: „აბრაამის გაჩენამდე მე ვარ“ (იოან.8.58)? - ხორცში მყოფმა ღმერთმა-სიტყვამ.
რაზეა თქმული: აუფალმა მითხრა მე: ძე ჩემი ხარ შენ, დღეს მიშობიხარ მე შენ“ (ფს. 2.7)? - სიტყვის
ამჟამინდელ ხორცშესხმაზე, რადგან არ იყო სხვადასხვა ის, ვინც მთიების
უწინარეს იშვა მამისაგან (ფს. 109.3) და ის, ვინც ბეთლემში დედისაგან
შეისხა ხორცი. თუმცა პავლე სამოსატელი სხვადასხვაობას ბოდავს, მაგრამ
პავლე ტარსელი ასე არ შეგვაგონებს, არამედ როდესაც ეს უკანასკნელი, ერთი
მხრივ, მონის ხატში მყოფ ღვთის ხატს აღნიშნავს, ღაღადებს: „რომელიც არის
გამოცისკრება დიდებისა“ (ებრ. 1.3), ხოლო როდესაც, მეორე მხრივ, სიტყვაში
(έν τώ Λόγω) შეერთებული ხორცის განსხვავებას წარმოაჩენს, ამბობს: „ხოლო
ღმერთმა უფალიც აღადგინა“ (I კორ. 6,14), რომ სხეულში მყოფი ორივე ხატის
განსხვავება გვიჩვენოს მოციქულმა და რომ ზმანებითმბრძოლი მანი და
კაცისმსახური პავლე სამოსატელი მის მიერ დამხობილ იქნენ. შენ კი რას ამბობ
და რას მოძღვრობ, ჰოი ახალო მანიქეველო, მისი სიცოფის გულითადო დამცველო?
არ უშვებ ხორცის წოდებას ბუნებად? სწორედ იქ დაფრთხი შიშით, სადაც არ იყო
შიში, თან არც მეუფეს ეკრძალვი, რომელმაც ასე თქვა ვნების ჟამს: „სული
გულმოდგინეა, ხორცი კი უძლურია“ (მათე 26.41). თუ გულმოდგინეა, როგორღაა
უძლური? რომელია ეს, რომელი ხატი ქრისტესი? რომელი უძლური ხორცი? - უთუოდ
უუძლურესი ხატი ადამისა. ასევე, როგორღა ლოცულობდა იგი მუხლმოყრილი? განა სიტყვა
ლოცულობს? ანდა ღმერთად მყოფი როგორღა ევედრება ღმერთს? თუ მართლაც მამის
თანასწორია იგი (რაც მართებულია), ცხადია, რომ ღმრთეებით კი არ ლოცულობს,
არამედ - როგორც ადამიანი. ამასთან, როგორ ამბობს: „ძალმოსილება მაქვს
იმისა, რომ დავდო ჩემი სული და ძალმოსილება მაქვს კიდევ იმისა, რომ ავიღო
იგი“ (იოან. 10.18)? ვინც ძალმოსილების მქონეა, როგორღა საჭიროებს სხვის
შემწეობას? თუ მან თქვა: „დაარღვიეთ ეს ტაძარი“ (ესე იგი, თავის ხორცი) „და
სამ დღეში აღვადგენ მას“ (იოან. 2.19), როგორღა მოხდება მაშინ, ჰოი
ღვთისმბრძოლო, რომ ასეთი ვინმე, თავისი ტაძრის აღმდგენი, დაირღვეს
ტაძართან ერთად: რადგან თუ თვითონაა დარღვეული, უთუოდ აღარ საჭიროებს
თავის თავს აღმდგენლად. როგორც ჩანს, გეშინია შენ, რომ ღვთის ვნებული
სხეულის გაგონებისას ლიტონ ქმნილებას არ სცე თაყვანი, მე კი ის მზარავს,
რომ ღმრთეება არ ვთქვა ვნებულად და მომკვდარად და ამით არ შეურაცხვყო
სამების მთელი საიდუმლო, რადგან თუ სიტყვამ ივნო, ხოლო მამა უვნებო ბუნებისაა, უთუოდ სხვა ყოფილა არსება სიტყვისა,
სხვა კი - მამისა და მაშინ რადღა ვებრძვით ამის გამო არიანელებს? მაგრამ
თუ ერთია არსება მამისა, ძისა და სულიწმინდისა, ღვთის სიტყვა კი ვნებულია
ხორცში, უთუოდ ვნებული და მოკვდავი არსებისა, ყოფილან მამაც და
სულიწმინდაც, რადგან თუ ხორცთან ერთად თანაივნო სიტყვამ, უთუოდ მოკვდა
კიდეც მასთან ერთად და ტუ მოკვდა მასთან ერთად, როგორღა მოიალაფა მან
ჯოჯოხეთი? როგორღა აღადგინა მკვდრე[39]ბი? ამასთან,
უთუოდ განყოფილიც აღმოჩნდება იგი ცხოველი მამისგან, და თუ ეს ასეა, მაშ,
აღარ ყოფილა სამება ცაში ვნების ჟამს, არამედ - ორება, მომლოდინე იმისა,
რომ აღდგებოდა სიტყვა მამის მიერ და ავიდოდა ცაში. ჰოი, დაუშვებელო
კადნიერებავ! რომელმა გველმა აცთუნა თავისი ჩურჩულით ეს ღვთისმბრძოლნი, რომ
უვნებელი ვნებულად წარმოეჩინათ, რითაც შემოქმედს ქმნილებებზე უფრო მეტად
აუძლურებენ? თუკი ხის შიგნით ვყოფი მზე ამ ხის მოჭრისას არც განეშორება
მას, მაგრამ არც მასთან ერთად იჭრება, როგორღა არ ეკრძალვი, ჰოი
მწვალებელო, იმის თქმას, რომ მზე სიმართლისა ვნებული გახდა თავის სხეულში?
ნუთუ არც მკვლელი ვინმე ან ბოროტმოქმედი გინახავს, ჰოი ბოროტმოქმედო,
რომელსაც თუმცა თავი ან ხელები მოეკვეთა, მაგრამ რომლის სულიც, სიკვდილის
გამო, სხეულთან ერთად როდი მომკვდარა?
ასე მიიღეს მათ განმგმირავი დარტყმა სიტყვისგან და დაეცა ღვთისმბრძოლი,
მაგრამ კვლავ გაიღვიძა ქრისტემბრძოლმა, კვლავ ურცხვინოებს იუდეველი. რას
ამბობს იგი? ნახეთო, ამბობს, ღმერთი კი არა, ადამიანი მოვაკვდინეთო.
მართებული იქნება, თუ მყისვე ვეტყვით მას: ჩუმად, დადუმდი (მარკ. 4.39),
დაიდე საკეტი პირზე. ვთქვათ, წინასწარმეტყველნი მოაკვდინე. არც დავითისა
გერცხვინება, ქრისტეს შესახებ რომ ამბობს: „მუცლისგან მთიების უწინარეს
მშვა მე“ (შდრ. ფს. 109.3), - შვა, ცხადია, ზენა მამამ. და კიდევ: „უფალმა
მითხრა მე: ძე ჩემი ხარ შენ, მე დღეს მიშობიხარ შენ“ (ფს. 2.7). ორი შობა
აქვს ერთსა და იმავე ქრისტეს, ერთი - მამისგან უჟამოდ და მეორე - დედისგან
უთესლოდ. ამიტომ, როდესაც ამბობს იგი: „ჩემი ზურგი მოვუპყარ მათრახებს,
ხოლო ჩემი ყვრმალები - ცემას“ (ეს. 50.6), ესენი მარიამისგან ჰქონდა მას,
მარიამი კი იუდას ტომისგან იყო, ამიტომ რაც იუდასგან მიიღო მან, მისცა
იუდეველებს ცემისა და გამათრახებისთვის, მაგრამ რაც მას, როგორც ღმერთს,
ბუნებითად აქვს, არ შეიძლება, რომ მათ ადამიანი შეეხოს და იგი გადარჩეს.
იუდეველი კი კვლავ ამბობს: როგორღა თქვა წინასწარმეტყველმა ჯვარცმულის
შესახებ: „და ვნახეთ იგი და არ ჰქონდა მას არც სახე, არც სიმშვენიერე“
(ეს. 53.2)? მაგრამ ამასაც დაუკვირდი, ჰოი უგულისხმოო, რომ დაწერილია მის
შესახებ: „ჰაეროვანია იგი სიმშვენიერით ადამიანთა ძეებზე უფრო“ (ფს.
44.3). თუ მეტყვი: რომელ ღმერთს ძალუძს, რომ იყოს ახლახანს დაბადებული? მეც
გეტყვი შენ: რომელი ადამიანის სახელი ჰგიეს მზის უწინარეს, მთვარის
უწინარეს, თაობათა თაობამდე? კიდევ, ნათქვამია: „ჩამოვა იგი როგორც წვიმა
საწმისზე და როგორც წვეთი, მიწაზე მწვეთავი“ (ფს. 71.6).
ალბათ კვლავაც მეტყვი: რომელი ღმერთი იყიდება ოცდაათ ვერცხლად? მეც
გეტყვი შენ: რომელი ადამიანის სისხლს გამოუსყიდია და განუწმენდია მთელი
ქვეყნიერება? ხოლო თუ ის გაბრკოლებს, რომ დღეს ჩოჩორზე დამჯდარს ხედავ
მას, იმას რატომღა აღარ ამბობ5, ჰოი უმეცარო, რაც უსწავლელად ისწავლეს ბავშვებმა და რასაც ისინი ხმობდნენ: კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით“.
ხოლო ის, რომ უფალია და ღმერთი, ვინც ადამიანივით ზის ჩოჩორზე, ამის
შესახებ წარმოდგეს ჩემთან შენი (თუმცა არა შენი) დავითი, როგორც თავის
ძეთათვის მაუწყებელი, და თქვას მან, თუ ვინ არის იგი, ვინც ქებაშესხმულია
მათ მიერ და ღვთისმეტყველებული. მართლაც, დავითიც თითქოს ჩოჩრის პირდაპირ
დგას და ასე ღაღადებს: შენ, რომელიც მჯდომარე ხარ ზენა ტახტზე და ქვემოთ
ჩოჩორზე, „უფალო, უფალო ჩვენო, როგორ საკვირველია სახელი შენი მთელ
ქვეყანაზე, რადგან ამაღლდა დიდებისმშვენიერება შენი ცათა ზემოთ! ჩვილთა და
ძუძუმწოვართა პირით შეამზადე ქება შენს [40]მტერთა
გამო, რომ დამხობილიყო მტერი და მოშურნე“ (ფს. 8.2.3) - ე.ი. ეშმაკი.
„შენ, რომელიც ჩოჩორზე ხარ, როგორც ადამიანი, ღმერთი ჰგიე ჭეშმარიტი, „და
ვხედავთ ცებს, შენი თითების ნაქმნართ“ (ფს. 8.4). შენ, ვინც ვირზე ხარ,
შენ დააფუძნე მთვარე და ვარსკვლავები, შენ დააკელი ადამიანი ანგელოზებს
მცირედით (ფს. 8.7; ებრ. 2.7), ხოლო როცა თვითვე შეიმოსე ადამიანი,
აამაღლე იგი ყველა მთავრობასა და ხელმწიფებაზე ზევით (შდრ. ეფეს. 1.21)
„და დიდებით და პატივით გვირგვინოსანი გახადე იგი“ (ფს. 8.7; ებრ. 2.7).
შენ, ვისაც გხედავენ ჩოჩორზე, „შენი ტახტი, ჰოი ღმერთო, არის უკუნითი
უკუნისამდე, და - კვერთხი პირდაპირობისა, კვერთხი შენი მეუფებისა. შეიყვარე
შენ სიმართლე და ერთადერთმა შეიძულე ურჯულოება. ამის გამო გცხო შენ
ღმერთმა, ღმერთმა შენმა“ (ფს. 44.7-8), რადგან მონის ხატი ითვისე. გცხო
მან შენ არა ზეთის საცხებლით, არამედ - სულიწმინდით, რადგან სულიწმინდაა
-ზეთი სიხარულისა“ (ფს. 44.8). ამიტომ, თქვა კიდეც შენმა მშობელმა
ქალწულმა: „გაიხარა ჩემმა სულმა ღვთის, ჩემი მაცხოვრის მიმართ“ (ლუკა
1.47), რაჟამს სულიწმინდამ ზედმოუჩრდილა მას (ლუკა 1.35). შენ კი ეს
განმიჭვრიტე, ჰოი გულითადო მსმენელო, როგორ უწოდა ყოვლადწმინდა ქალწულმა
ღმერთად თავის ძეს: დიახ, ამბობს იგი, „ღმერთია ჩემი“, მისი ღმრთეებრი
არსების შესაბამისად, და „ძეა ჩემი“, რადგან თავის თავს შეუგვამოვნა მან
ჩემგან მიღებული არსება, რადგან ქვეყნიერებას ვუშვი არა ლიტონი ადამიანი,
არამედ ხორცშესხმული ღმერთი, ხოლო ამის ღირსსარწმუნო მოწამეა ბეჭედი ჩემი
ქალწულებისა. ნუ შეურაცხყოფ, ჰოი ადამიანო, იმ საფარველს, რაც მან ჩემგან
მიიღო, რათა ამით არ შეაგინო თვით იგი, ვინც ამ საფარველშია. არ შეაგინო
კარავი, რადგან ხელის გარეშე შეკერა იგი მან, ვინც დაიკარვა მასში. არ
განყო სინათლე ჩემი ხორციელი ლამპრისგან (έκ της σαρκικης μου λαμπάδος),
რათა ბოროტად არ ჩააქრო ის მზე, ქვეყნიერება რომ განაბრწყინა და კაცი რომ
გახდა კაცის გარეშე, რადგან არ შემიცვნია კაცი(შდრ. ლუკა 1.34), თუმცა კი
შევიცანი ღმერთი, ჩემში კაცქმნილი“.
გაქვს შენ, ჰოი უსარწმუნოესო და უსამღვდელოესო ქრისტეს სამწყსოო,
დღესასწაულის შესხმანი. გაქვს შენ საღვთო და უბიწო საეკლესიო სწავლებანი.
იმიტომ, ილხენდე. გაქვს სულიერი საჭურველი. ებრძოლე სამწყსოს მგლებს,
განსწავლე ისინი, რომ აღარ ავმეტყველებდნენ. ასწავლე მათ, რომ
ჭეშმარიტებისათვის იღვაწონ. უჩვენე, რომ წმინდაა ყოველგვარი სარეველასგან
ჩვენი და ქრისტეს ეკლესიის ხნული. თუ ხარ შენ, როგორც ლაზარე, ცთომათა
ჯაჭვით ანუ საწინააღმდეგო დოგმატებით შებორკილი, დღეს ისმინე სიტყვის მიერ
შენდამი ხმობილი: „გამოდი გარეთ“(იოან. 11.43) და გაიხსენი, და აღდექი.
ხოლო თუ ახსენი და მოუყვანე ქრისტეს ჩოჩორი და ჩოჩრები, ანუ ბევრი ისეთი,
ვინც ცთომილებით არის დაბმული და „მოპირდაპირე“ სარწმუნოებაში ანუ
„დაბაში“ დაპირისპირებულად მყოფი. თუნდაც შეგვესიტყვოს ვინმე, სცადოს
ბოროტად ხელის შეშლა დაბმულის ახსნაზე და გვითხრას: „რატომ ხსნი ჩოჩორს“?
(ლუკა 19.33), შენც მიუგე მათ, ისე თითქოს ბრმებს ტუქსავდე, რომ არ
იყვირონ: მიუგე, როგორც დღეს სახარებიდან ისმინე: „მათ პატრონს სჭირდება“
(ლუკა 19.34), რადგან „უფალი გახსნის შეკრულთ, უფალი განაბრძნობს ბრმებს“
(ფს. 145.8), რადგან რაჟამს იცნეს მათ ქვეყნად მოსული მზე სიმართლისა,
ჯეროვნად აღმოთქვეს მისდამი: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო“
(მათ. 20.30). ჰოი უცხო და უჩვეულო საკვირველებანო! ბრმები თვალს ახელენ და
თვალხილული იუდეველები კი ბრმავდებიან, ისინი უფალს აღიარებენ, ესენი კი
კითხულობ ვინ არის ეს? მახარებელი ამბობს: „ხალხები, წინმსწრობნი და უკან
მიმ[41]ყოლნი, ხმობდნენ: ოსანნა, კურთხეულია, ვინც მოდის
უფლის სახელით. და როდესაც შედიოდა იგი იერუსალიმში, შეიძრა მთელი ქალაქი
და ამბობღა: „ვინ არის ეს“ (მათე 21.9-10). ნახე მეუფის უცხო საიდუმლო!
ჩოჩორზე მჯდარი ძრავს ქალაქს და ჯვარზე მილურსმული ძრავს მსოფლიოს, რათა
გაიგო შენ, რომ იგი მოვიდა კერპთა მრავალღმერთიანობის ცთომილების
შესაძრავად და დასარღვევად. დაუკვირდი იმას, რაც უცოდნელია მისეული
განგებულების საიდუმლოში. რაჟამს ჯოჯოხეთში შეძრა მან იქაური საპყრობილე,
დაიძახეს ზენა ძალებმა ქვენა ძალებისადმი: „ასწიეთ თქვენი კარიბჭენი,
მთავარნო“ (ფს. 23.7), რომ შევიდეს ის, ვინც თქვა: „მე ვარ კარი“ (იოან.
10.9). ზარდაცემულმა საწინააღმდეგო ძალებმა უკუაღმოთქვეს: „ვინ არის ეს
მეუფე დიდებისა“? (ფს. 23.8). მიწიერი იერუსალიმის მკვიდრნი კითხულობენ:
„ვინ არის ეს მეუფე დიდებისა“?, ხოლო როცა ზენა იერუსალიმში ადიოდა იგი და
ხორცითურთ იხილეს გონისმიერმა ძალებმა, რომლებსაც არასოდეს ენახათ იგი
მისი უსხეულობის გამო, გაუკვირდათ მათ ზეასვლის ეს უცხო გვარი,
გამოიკითხავდნენ ურთიერთშორის და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ვინც
სხეულებრივად მოვიდა უსხეულო მხარეებში? ისიც გაკვირვების ღირსია, თუ
როგორ გამოიკითხავდნენ ეს სამეუფო ძალები, ვინ არის ეს, ვინც მოვიდაო, -
ძალები, რომლებიც მისი ქვემო შობისას ღაღადებდნენ კიდეც და ქებასაც
ასხამდნენ: „დიდება უმაღლესთა შორის ღმერთს, და ქვეყანაზე მშვიდობა და
ადამიანთა შორის სათნოება“ (ლუკ. 2.14), რომლებსაც კეთილად დაემოწაფნენ
ებრაელთა ღვთისმეტყველი ბავშვები, დღეს რომ ამბობდნენ: „ოსანნა,
კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით, მშვიდობა ცაში და დიდება უმაღლესია
შორის“, რადგან ასე თქვა ლუკამ (ლუკ. 19.38), და დასანახი იყო სიონში,
თითქოსდა მიმომხმობელნი და ურთიერთის მომკითხველნი, ციურნი და მიწიერნი.
ზენანი ამბობდნენ: „დიდება უმაღლესთა შორის ღმერთს და ქვეყანაზე
მშვიდობა“. ქვემონი მიუგებდნენ: „მშვიდობა ცაში და დიდება უმაღლესთა
შორის“. ანგელოზებმა თქვეს: „ქვეყანაზე მშვიდობა“, ადამიანებმა აღმოთქვეს:
„მშვიდობა ცაში“. რა მიზეზით? რადგან შემოდგა ის, ვინც ყოველთა მიმართ
ხმობს: „მშვიდობა თქვენდა“, ვის შესახებაც წინასწარმეტყველი ლოცულობდა და
ამბობდა: „უფალო, ღმერთო ჩვენო, მშვიდობა მოგვეც ჩვენ“ (ეს. 26.12), ესე
იგი, - მოგვივლინე ძე შენი მხოლოდშობილი, რომ მის მიერ შეგვირიგდე ჩვენ,
იხილავ რა ჩვენეულ ბუნებას შეერთებულს შენთან მის მიერ. სწორედ ამ
მშვიდობას ხედავდნენ ზენათა ქორონი და ამიტომ ღაღადებდნენ: „დიდება
უმაღლესთა შორის ღმერთს და ქვეყანაზე მშვიდობა“, ანუ - ღვთის სრული
შერიგება მტრებთან. ეს მშვიდობა ისწავლეს, აგრეთვე, ბავშვებმა, ხმობდნენ
რა: „ოსანნა, მშვიდობა ცაში და დიდება უმაღლესთა შორის“, რადგან მაშინდელი
მტრები ძმები გახდნენ, რაჟამს ციურნი და მიწიერნი ქრისტეს - ციურსა და მიწიერს
ერთ ღვთისმეტყველებას და ერთ თაყვანისცემას შესწირავდნენ. ამის გამოა, რომ
ზემორენი ქვემორეებს უბრძანებენ, შეწირონ ღვთისმეტყველება: „თაყვანი სცეს
მას ხალხთა ყველა მამულმა“ (ფს. 95.7), ქვემორეები კი ზემორეებს
უკუმიუხმოვანებენ: „თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა“ (ფს. 96.9მ).
ორივე მათგანისადმი ღაღადებს დავითი: „იხარონ ცებმა და იმხიარულოს მიწამ“
(ფს. 95.11). ბავშვები უპასუხებენ: „ოსანნა! კურთხეულია, ვინც მოდის
უფლის სახელით“, რომლებთან ერთად ჩვენც აღვავლენდეთ ქებას და
ვდღესასწაულობდეთ დღეს, არა საზეიმოდ. არამედ საღვთოდ, არა მარტოდენ ხელით
გვეპყრას ბაია, არამედ - სულითაც და ეს სული თოვლზე უფრო მეტად
გავასპეტაკოთ, რომ განვძარცვოთ მას ძველი ტყავის პერანგის მოკვდავობა და
განვაშოროთ მისგან ყოველგვარი ამპარ[42]ტავნება და
მედიდურობა, რადგან სწორედ ამის გამო ხდება, რომ უსხეულოთა მეუფე მოდის
არა ეტლებზე და კარეტებზე, არამედ - საბრალო და მცირე ჩოჩორზე მჯდარი,
რითაც გასწავლის შენ, რომ არ მზვაობრობდე ცხენებზე და ჯორებზე, რომლებსაც
არა აქვო გონიერება. ამიტომ, ჩვენც თანადავმდაბლდეთ ქრისტეთან, რომ
თანააღვდგეთ კიდეც მასთან. ქება შევასხათ მას ანგელოზებთან ერთად, ვადიდოთ
იგი ბავშვებთან ერთად, ხალხთან ერთად ხალხისას ვხმობდეთ, ბეთანიასთან
ერთად ვხტოდეთ, ლაზარესთან ერთად აღვდგებოდეთ მკვდარ საქმეთაგან, სიონში
მყოფებთან ერთად ვფერხულობდეთ, თვალახელილ ბრმებთან ერთად ვიძახდეთ,
ჩვილებთან და მოხუცებთან ერთად ვაქებდეთ, მოწაფეებთან ერთად ვქადაგებდეთ,
ზეთისხილის რტოებს გულმოწყალების მიერ კეთილად დავაფენდეთ ამ ცხოვრების
გზაზე იმ ბავშვთა მსგავსად, მოვიკვეთდეთ ჩვენი მრავალნივთიერი ყოფის
სისქეს და გულმოწყალედ დავაფენდეთ ჩვენსავე თავს „იმ გზაზე“, რომელიც
ამბობს: „მე ვარ გზა“ (იოანე 14.6), რათა ჩვენც მის მიერ ვპოვოთ წყალობა, -
მისგან და მასთან ზენა იერუსალიმში. მასთანვე ერთად შევიდეთ ზენა
იერუსალიმში წინმსწრობნიც და უკან მიმყოლნიც, კერძოდ წინმსწრობნი - მესამე
საათზე, და უკან მიმყოლნი - დაახლოებით მეთერმეტე საათისანი, რომ
წინმსწრობნიც (საქმეთა მიერ) და უკან მიმყოლნიც (წადიერების მიერ), ესენი
ყველანი, ქრისტესთან ერთნი, რომლებიც კი უკან მიჰყვებიან ანდა უკან
მიჰყვნენ მას, თანამეუფენი მასთან და საუკუნო სიკეთეებით შვებულნი, -
ყველა ესენი დიდებას და დიდებულებას აღუვლენდნენ მასთან ერთად მამასა და ყოვლადწმინდა და ცხოველმყოფელ სულს აწ და მარადის და უკუნისამდე ყოველთა საუკუნეთა, ამინ!
-----------------------------------------------------------------------
შენიშვნები
1 - იგულისხმება ადამი, რომელიც ღმერთმა სამოთხიდან
გამოძევების შემდეგ უფალმა „დაასახლა შვების სამოთხის მოპირდაპირედ“ (შეს.
3.24). ამის შესახებ წმ. კირილე სხვა ჰომილიაშიც აღნიშნავს: „ედემის
მოპირდაპირედ დაასახლა მან ადამი, რომელმაც შეურაცხყო ქებული ადგილი, რომ
მას მისთვის უკვე ნებადაურთველი შვების თვითმხილველობით დაუცხრომლად
განეცადა დამფერფლავი ტკივილი“ („საიდუმლო სერობის შესახებ“, PG. t. 77,
col. 1021).
2 - ე.ი. ენის ამოდგმამდე.
3 - ბერძ. ένθεος ψυχή - ე.ი. „ღვთივგანმსჭვალული სული“ (იგულისხმება მაცხოვრის ადამიანური სული, ღმერთ-ჰიპოსტასთან შეერთებით განღმრთობილი).
4 - ბერძ. τό ένθεον σωμα - ე.ი. „ღვთივგანმსჭვალული ანუ განღმრთობილი სხეული მაცხოვრისა“.
5 - ე.ი. „იმას რატომღა აღარ აქცევ ყურადღებას“.
2 - ე.ი. ენის ამოდგმამდე.
3 - ბერძ. ένθεος ψυχή - ე.ი. „ღვთივგანმსჭვალული სული“ (იგულისხმება მაცხოვრის ადამიანური სული, ღმერთ-ჰიპოსტასთან შეერთებით განღმრთობილი).
4 - ბერძ. τό ένθεον σωμα - ე.ი. „ღვთივგანმსჭვალული ანუ განღმრთობილი სხეული მაცხოვრისა“.
5 - ე.ი. „იმას რატომღა აღარ აქცევ ყურადღებას“.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ
„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ. II, თბილისი, 2004 წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები
No comments:
Post a Comment