საკითხი ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ უფლის
განგების საიდუმლოა და კაცობრივ გონებას არ ძალუძს მისი წვდომა; თუმცა
მაინც შესაძლებელია გარკვეული მსჯელობა და სარწმუნო დასკვნების გაკეთება.
ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება
არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. ამ ფაქტის შესახებ წერს წმინდა
დიმიტრი როსტოველიც, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის
წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის-დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული
ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში და რომ
ცნობა ამის შესახებ შემონახულია დღემდე იბერიულ და ასევე მთელს აღმოსავლურ
მართლმადიდებელ ეკლესიაში.