ძმანო და მამანო! თუმცა მწადია, სულისმარგებელი რამ გაუწყოთ თქვენ,
მაგრამ თვით ქრისტე, ჭეშმარიტება, მოწამეა იმისა, რომ ვეკრძალვი მე თქვენს
სიყვარულს, რადგანაც ვიცი უღირსება ჩემი. ამის გამო მარადჟამს დუმილს
ვარჩევდი, როგორც ეს უწყის უფალმა, და არც არასოდეს ავწევდი თავს, რომ არ
მეხილა კაცის სახე, რადგანაც მგმობდა მე სინდისი. სწორედ რომ უღირსებით
ვიჩინე ყველა თქვენგანის წინამძღვრად, თითქოსდა ვიყო მე გზის მცოდნე, მე,
რომელმაც ისიც კი არ ვიცი, ფეხს სად ვაბიჯებ, რომელიც წვერსაც კი არ
შევხებივარ იმ გზისა, ღვთისაკენ რომ მოგვიძღვის. არცთუ მცირედი ურვა და
წუხილი მიპყრობს, რადგანაც მე, გლახაკი, გამომირჩიეს წინამძღვრად თქუენდა,
უპატიოსნესთა, თუმცა თქვენგანვე მმართებს წინამძღვრობა, როგორც უმცირესს
ჟამითა და ასაკით, ამასთან გამოუცდელს, რამეთუ არ ძალმიძს ჩემივე
ცხოვრებიდანაცა დავიმოწმო რამ და ამ გზით დაგმოძღვროთ თქვენ, დაგმოძღვროთ
და შეგახსენოთ რჯულისა და საღვთო ნების შესახებ. ასე რომ, რასაც გაუწყებთ,
ვიცი, ჩემს მიერ არაფერი ქმნილა მათგან. ისიც კარგად ვუწყი, რომ უფალი და
ღმერთი ჩვენი ფუჭად მესიტყვეს როდი ნეტარყოფს, არამედ მას, ვინც სიტყვას
საქმე წაუმძღვარა: “ნეტარი არის, ამბობს, ვინც ქმნა და ასწავლა: დიდი
ეწოდება მას ცათა სასუფეველში” (შდრ. მათე 5, 19). ამგვარ მოძღვარს
მოწაფეებიც ყურს უგდებენ და მისდამი ბაძვას ეშურებიან, თუმცა იმდენად
სიტყვებიდან როდი ირგებენ, რამდენადაც აღანთებთ მათ მოძღვრის კეთილი
საქმეები და აიძულებთ, იგივე ქმნან; თვით მე ამგვარ საქმეთა უმეცარი ვარ და
კარგსაც ვერაფერს ვხედავ ჩემში, მაგრამ გეაჯებით და გევედრებით ყველა
თქვენგანს, საყვარელნო ძმანო ჩემნო. არათუ ჩემს ამღვრეულ ცხოვრებას
ჭვრეტდეთ, არამედ – საუფლო მცნებებსა და წმიდა მამათა შეგონებებს, რადგანაც
მათ, ჩვენს მნათობთ, იმგვარი არაფერი დაუწერიათ, რაც წინდაწინვე თვით არ
უქმნიათ, რა საქმეშიც ისინი თავად არ წარმატებულან.
Sunday, January 13, 2019
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სიყვარულის შესახებ
(აგრეთვე, იმის შესახებ, თუ როგორაა სულიერ კაცთა გზანი და საქმენი. აქვეა ნეტარყოფა მათი, რომლებიც გულისმიერ სიყვარულს ფლობენ)
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სინანულისა და მწუხარების შესახებ
თუ როგორ მოვიპოვებთ მას და რომ ცრემლთა გარეშე შეუძლებელია სიწმიდისა და აუმღვრევლობის მიღწევა (I ნაწილი)
როდესაც ამოიკითხავთ თქვენ, მამანო და ძმანო, ღვთივსულიერ ნაწერებს
ჩვენი წმიდა მამის სვიმეონ სტუდიელისა, ნაწერებს მის მაღალ საქმეთა
შესახებ, რომლებიც მანვე, სულიწმიდის მიერ აღძრულმა, დაგვიტოვა ჩვენდა
სარგებლად, ჰპოვებთ, რომ ბევრ სხვა “ზებუნებრივ საქმესთან ერთად ამასაც
გარკვევით გვიწერს და გვასწავლის იგი, რასაც თვითვე უცვლელად იცავდა მთელი
ცხოვრება: “ძმაო, ნურასოდეს ეზიარები ცრემლთა გარეშე”. როდესაც ამგვარი რამ
ესმათ მისგან, - ხოლო მსმენელთა შორის მრავლად იყვნენ არა მხოლოდ საერონი,
არამედ, აგრეთვე, მონაზონნი, სათნოებით სახელგანთქმულნი და დიდებულნი, -
გაიკვირვეს მათ წმიდა მამის ეს სიტყვები, ერთურთს მიაპყრეს მზერა და,
ცალკერძ ღიმილით, ერთსულოვნად და ერთხმად თქვეს: “ამიერიდან ვერასოდეს
ვეზიარებით და დავრჩებით ყველა უზიარებლად!” ამის გამგონემ, მე, გლახაკმა
და უბადრუკმა, განმარტოებით ყოფნის ჟამს გავიხსენე ზემორე სიტყვათა
მთქმელნი, აგრეთვე, ის სიტყვები, რაც მათგან ითქვა, დავნაღვლიანდი, ავტირდი
მწარედ და გულდამძიმებულმა ასე ვთქვი ჩემთვის: ნუთუ მართლაც ამგვარად
ჭვრეტენ ამ საქმეს, ნუთუ მართლაც შეუძლებელი ჰგონიათ იგი და რაც თქვეს,
გულით თქვეს? იქნებ, პირიქით, უმნიშვნელო ღვაწლად შერაცხეს მათ მარტოდენ
ცრემლთაღვრა ზიარების ჟამს და უფრო ამიტომ გაიცინეს მოძღვრის ნათქვამზე,
რადგანაც, ჭეშმარიტად, ვისაც ყოველი დღე-ღამის საქმედ არ გაუხდია ტირილი
ქრისტეს, ღვთის წინაშე, ვერანაირად ვერ შეძლებს იგი მოთქმა-გოდებასა და
ცრემლთა ნაკადის დენას ვერც მაშინ, როდესაც საღვთო საიდუმლოთა მიღებას
დაეშურება. ვერავინ შეძლებს ამას, თუ, რა თქმა უნდა, ფარული რამ განგება
ანდა იშვიათი რამ მიზეზის შემთხვევითობა არ მოქმედებს მასზე, ეს კი
გასაკვირი არ გვეჩვენება, რადგანაც ბევრი ვინმე სულის ამოსვლის დროსაც
ტირის და ცრემლს ადენს (თუმცა არათუ მართლა ბევრი, პირიქით, მეტად ცოტა და
თითზე ჩამოსათვლელი).
Subscribe to:
Posts (Atom)