64
წინა საუბარში ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აირეკლება ენაში ადამიანის სულიერი მდგომარეობა განღმრთობილობის ჟამს. განვიხილეთ მოციქულთა განღმრთობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამბეჭდავი გამოხატულება – სულიწმინდის გარდამოსვლა მათზე, როდესაც ისინი ამეტყველდნენ სხვადასხვა სამეტყველო ენებზე.
შეჯამებული დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ეს ამეტყველება გულისხმობდა მათ
მიერ საკუთარ თავში დასაბამიერი, ცოდვამდელი ბუნების აღდგინებას და თუკი
ცოდვამდელი მდგომარეობა ადამიანის ბუნებისა იტევდა შინაგან სიტყვას და
მისთვის ნიშანდობლივი იყო მხოლოდ შინაგანი მეტყველება, ყოველგვარი
მატერიალური სიტყვის გარეშე, აი ეს შინაგანი სიტყვა კვლავ აღიდგინეს
მოციქულებმა თავის თავში, კვლავ გაცხოველდა მათში და განახლდა დასაბამიერი
უნარი საღვთო აზროვნებისა ანუ საღვთო მეტყველებისა. მაგრამ რადგანაც ისინი
ჯერ კიდევ ხორცში იყვნენ და მხოლოდ მათგან წვდომა ამ უზენაესი სიკეთისა არ
იყო საკმარისი, არამედ ეკლესიური ვალდებულებით ისინი მოვალენი იყვნენ
სხვებისთვისაც მიეფინათ მათგან წვდომილი სიკეთე.