Thursday, February 21, 2019

ტერმინები "დოგმატი" და "დოქსა" - მათი ქართულად თარგმნის ისტორია და საღვთისმეტყველო რაობა

2-5


ტერმინ “დოგმატიკის” განსაზღვრება 

(პირველი ნაწილი)

ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის შესახებ. ეს გახლავთ რიგით მეორე საუბარი და ვინც პირველს ბოლომდე უსმენდა, ალბათ ახსოვს, რომ ჩვენი განხილვა შევწყვიტეთ ორი უმნიშვნელოვანესი ტერმინის “დოგმატისა” და “დოქსას” განმარტებაზე. ვაგრძელებთ პირდაპირ აქედან და უბრალოდ ერთი ფრაზით მსმენელს შევახსენებთ, რომ ქრისტიანული ლიტერატურის შესწავლა ცალკეული ტერმინოლოგიური განმარტებების გარეშე შეუძლებელია და ამ შემთხვევაში ამის ნიმუშად სწორედ ეს ორი ტერმინიც გამოდგება, რომელთა სრულყოფილი წვდომა საკუთრივ საეკლესიო მართლმადიდებლური ლიტერატურის რაობის წვდომას გულისხმობს. თანდათანობით ამაში მსმენელი, რა თქმა უნდა, დარწმუნდება.

პატროლოგიისა და პატრისტიკის შესახებ

1

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სალექციო კურსს ქრისტიანული  ლიტერატურის ისტორიაში რადიო ეთერის გზით. მართალია ეს კურსი უკავშირდება მრავალ პრაქტიკულ მხარეს, სიღრმისეული შესწავლის ჟამს, კერძოდ წყაროების გაცნობას, ტექსტებზე მუშობას და სხვა, რაც ხორციელდება კიდეც სასულიერო აკადემიის კედლებში, სადაც აღნიშნული კურსი სრული მოცულობით იკითხება, მაგრამ რამდენადაც დიდია დაინტერესება და ჩვენ ამის შესახებ ხშირად გვსმენია, მორწმუნე მრევლისგან, რომ მათაც მიიღონ ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი დისციპლინის, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი მეცნიერების შესახებ, თუნდაც შედარებით უფრო ზოგადი, აი ამგვარი დაინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ეთერში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ცალკეული საუბრების სახით (დაახლოებით ოცწუთიანი საუბრების სახით) ყველაზე უფრო არსებითი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, დაინტერესებულ მსმენელებს მივაწოდოთ.

ედიშერ ჭელიძე - პირჯვრისწერის შესახებ

ჩვენი შემდგომი მსჯელობის თემა არის პირჯვრისწერის საკითხი. ძველმართლმადიდებელთა აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართული საჩვენებელი თითი და შუათითი.

ბ-ნი მ. ჩახავა გვაუწყებს: “განკვეთილად მიიჩნევენ პირჯვრის გადასაწერად და კურთხევის გასაცემად დადგენილი თითების წყობის უარმყოფელთ” (დასახ. წიგნი, გვ. 35). იგივე ავტორი აღნიშნავს: “ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლური ბეჭედი არ შეიძლება ორნაირი იყოს” (ღვთიური გზა, 3, გვ. 8).

საგულისხმოა, რომ მ. ჩახავა შეუვალი კატეგორიულობით განაჩინებს საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ჟამს თითების წყობის აბსოლუტურ იგივეობას. აი, მისი სიტყვები: “ნუ აბნევთ ხალხს ერეტიკული სწავლებით, თითქოსდა ორი გაშლილი და სამი შეკრული თითით შეიძლებოდეს მხოლოდ სხვათა კურთხევა და არა პირჯვრის გარდასახვა” (იქვე, გვ. 8).

ედიშერ ჭელიძე - მონაზონის, ბერდიაკონის, მღვდელმონაზონის, მღვდლისა და ეპისკოპოსის მიმრქმელობის შესახებ

აქვე ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ დაახლოებით VI-VII სს-იდან მაინც ეკლესიის მამათა და საკრებო განჩინებათა კვალობაზე, მონაზონს, ბერდიაკონს, მღვდელმონაზონსა და ეპისკოპოსს, რომელიც ასევე მონაზონია (ზოგი განჩინებით თვით მღვდელსაც და არა მხოლოდ მღვდელმონაზონს), არ ეძლევა უფლება მიმრქმელი გახდეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (თუ, ვთქვათ, ინათლება მეფის ან მთავრის შვილი1, ან თუ მოსანათლის გარდაცვალების საფრთხეა2). ამგვარი აკრძალვის მიზეზი გასაგებია. საქმე ისაა, რომ მონაზონი აღთქმითად არის განდგომილი ამასოფლის საზრუნავთაგან, მკვდარია ამასოფლისათვის, მაშინ როცა მიმრქმელის საღვთო ვალდებულება, რასაც იგი აღუთქვამს ნათლისმცემელ მღვდელს და, შესაბამისად, უფალს, ესაა, მშობლისებრ, ყოველდღიური ზრუნვა თავის ნათლულზე.

ედიშერ ჭელიძე - წყლის დასხმითი წესით აღსრულებული ნათლობის შესახებ

ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ. ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები, როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, - იგივეა დღესაც, რაც ადრე იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ - სომხურს და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას, ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).