Thursday, February 21, 2019

ედიშერ ჭელიძე - პირჯვრისწერის შესახებ

ჩვენი შემდგომი მსჯელობის თემა არის პირჯვრისწერის საკითხი. ძველმართლმადიდებელთა აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართული საჩვენებელი თითი და შუათითი.

ბ-ნი მ. ჩახავა გვაუწყებს: “განკვეთილად მიიჩნევენ პირჯვრის გადასაწერად და კურთხევის გასაცემად დადგენილი თითების წყობის უარმყოფელთ” (დასახ. წიგნი, გვ. 35). იგივე ავტორი აღნიშნავს: “ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლური ბეჭედი არ შეიძლება ორნაირი იყოს” (ღვთიური გზა, 3, გვ. 8).

საგულისხმოა, რომ მ. ჩახავა შეუვალი კატეგორიულობით განაჩინებს საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ჟამს თითების წყობის აბსოლუტურ იგივეობას. აი, მისი სიტყვები: “ნუ აბნევთ ხალხს ერეტიკული სწავლებით, თითქოსდა ორი გაშლილი და სამი შეკრული თითით შეიძლებოდეს მხოლოდ სხვათა კურთხევა და არა პირჯვრის გარდასახვა” (იქვე, გვ. 8).

ვიდრე პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის წყაროთმცოდნეობით შესწავლაზე გადავიდოდეთ, მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რით ასაბუთებს მ. ჩახავა პირჯვრის მარტოდენ ორი თითით (საჩვენებლითა და შუათითით) გადაწერის ერთადერთობას და ყველა სხვა სახის პირჯვრისწერის ყოვლითურთ ერეტიკულობას. ეს საბუთები მას წარმოდგენილი აქვს, ერთი მხრივ, თავის წიგნში სათანადო ციტატებით, მეორე მხრივ კი იმავე საბუთებს მ. ჩახავა ჩამოთვლის “ღვთიური გზის” III ნომერში. სათითაოდ განვიხილოთ ეს საბუთები.

მ. ჩახავა უპირველესად აღნიშნავს: “თქვენი ერეტიკული სითამამის გამკიცხავნი არიან (ამ სიტყვების შემდეგ ვკითხულობთ): კირილე იერუსალიმელი, რომლის მიერ გამოცემული ფსალმუნი ორი თითით პირჯვრის წერას იუწყება (შესავალში)” (ღვთიური გზა, 3, გვ. 8).

ვინც ქრისტიანული მწერლობის ისტორიას იცნობს, არ შეიძლება არ შეაცბუნოს ზემორე ცნობამ. რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან წმ. კირილე იერუსალიმელს და ფსალმუნის გამოცემას?

მ. ჩახავას სიტყვებიდან ასეთი აზრი გამოდის: კირილე იერუსალიმელს გამოუცია ფსალმუნი და თავისი გამოცემის შესავალში განუჩინებია ორი თითით პირჯვრის წერა.

აღნიშნული სიტყვები აშკარად ცხადყოფს, რომ მ. ჩახავასთვის სრულიად უცნობია, თუ ვინ იყო და როდის ცხოვრობდა წმ. კირილე იერუსალიმელი. მკიხთველს შევახსენებთ, რომ იგი მოღვაწეობდა IV-V სს-ში, რის გამოც მას, ცხადია, არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდა ფსალმუნის გამოცემასთან და საერთოდ გამოცემებთან.

რამ გამოიწვია ამგვარი ნონსენსის თქმა? ყველაფერი ცხადი გახდება, თუ გავეცნობით იმ წყაროს, რასაც ეყრდნობა მ. ჩახავა. თავის წიგნში მ. ჩახავას მოაქვს ციტატა სლავური “დიდი კატეხიზმოდან”, სადაც თქმულია, რომ მელეტი ანტიოქიელმა კურთხევა გადასცა (благослови) არა სამი თითით, არამედ ორით. დამოწმებულ ციტატას ფრჩხილებში ახლავს წყაროზე მითითება, რომელიც ასეთი სახისაა:

“В предисловий во псалтыре печатнем з Кириллове, в Катехизисе большом, старопечатнем” (იხ. მ. ჩახავა, დასახ. წიგნი, გვ. 38).

ეს მითითება ქართულად ასე იქნება:

“(კირილოვში დაბეჭდილი ფსალმუნის შესავალში, დიდ კატეხიზმოში, ძველნაბეჭდში)”.
აი, ამ სიტყვებიდან მ. ჩახავას ის აზრი გამოუტანია, რომ წმ. კირილე იერუსალიმელს გამოუცია “ფსალმუნნი” და თავისი გამოცემის შესავალში ორი თითით პირჯვრისწერა განუჩინებია.

სიტყვას печатнем უნდა მოსდევდეს მძიმე. საქმე ისაა, რომ უწყება იმის შესახებ, თითქოს წმ. მელეტი ანტიოქიელს მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაუგმია სამი თითით კურთხევის გაცემა და განუწესებია კურთხევა ორი თითით, გვხვდება სამ სხვადასხვა სლავურ წიგნში: (1) ნაბეჭდი ფსალმუნის შესავალში, (2) ე.წ. “Кириллова Книга”-ში და (3) დიდ კატეხიზმოში. მ. ჩახავას მიერ მითითებულ წყაროში მძიმის გაქრობამ ნაბეჭდი ფსალმუნი დაუკავშირა მომდევნო სიტყვას в Кириллове, რასაც შედეგად მოყვა ზემორე მცდარი ინფორმაცია, თუმცა წყაროში კიდეც რომ ყოფილიყო პირდაპირი მითითება კირილეს მიერ ფსალმუნთა დაბეჭდვაზე, განა ვერ უნდა მიმხვდარიყო მ. ჩახავა, რომ წიგნის დამბეჭდველი არ შეიძლება ყოფილიყო წმ. კირილე იერუსალიმელი, რადგანაც IV-V სს-ში ჯერ კიდევ არ არსებობდა არც печать ანუ ბეჭდვა, არც печатный ანუ ნაბეჭდი ფალმუნნი?

რაც შეეხება საკუთრივ მელეტი ანტიოქიელის შესახებ მოწოდებულ ცნობას, იგი გულისხმობს არა საკუთრივ პირჯვრის გადაწერას, არამედ კურთხევის გაცემას (блогослови люди), რომელიც ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში სრულდებოდა როგორც ორი შეკრული თითით (ცერითა და არათითით) და სამი აღმართული თითით (საჩვენებლი, შუათითი და ნეკი), ასევე, უფრო იშვიათად ორი აღმართული თითით (საჩვენებლი და შუათითი) და სამი შეკრულით. როდესაც წყაროში წერია, რომ მელეტიმ ხალხს ჯერ სამი თითი აჩვენა და არ გადასახა პირჯვარი, იგულისხმება რომ წმიდა მამამ ერს აუკრძალა პირველი სამი შეკრული თითით კურთხევის გაცემა, რადგანაც ხსენებული თითებით გადაიწერებოდა მარტოდენ პირჯვარი, კურთხევა კი თითთა სხვაგვარ წყობას მოითხოვდა. ასე რომ, მოტანილ ცნობაში გამიჯნულია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის გარეგნული სახე.

აქვე საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მ. ჩახავას მიერ დამოწმებული უწყება წმ. მელეტი ანტიოქიელის შესახებ ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება და შეთხზულია სლავურ სამყაროში იმ პირთა მიერ, რომლებიც ცდილობდნენ წმიდა მამის ავტორიტეტის მოშველიებით მარტოდენ ორი თითით კურთხევის გაცემის მართებულობა დაემტკიცებინათ.

რა ადასტურებს წმ. მელეტი ანტიოქიელის შესახებ ზემომოტანილი უწყების სიყალბეს?

(1) ამას ადასტურებს ის, რომ სლავურ წყაროებში ეს უწყება კირილე იერუსალიმელის სახელსაც უკავშირდება, მაგრამ პატრისტიკისა და მსოფლიო კრებათა ისტორიის შემსწავლელთათვის კარგად არის ცნობილი, რომ წმ. კირილეს არსად არ აღუწერია მეორე მსოფლიო კრებაზე წმ. მელეტი ანტიოქიელის ქმედება, უფრო მეტიც, წმ. კირილე არსად აღწერს, საზოგადოდ, ხსენებული კრების რაიმე ეპიზოდს. ასე რომ, ზემომოტანილი უწყების წმ. კირილესადმი მიწერა ფსევდოეპიგრაფიკის ნიმუშია.

(2) არსებობს მეორე მსოფლიო კრების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომელთაგან სრულიად აშკარად ჩანს, რომ ხსენებულ კრებაზე გაკვრითაც კი არავის დაუსვამს პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის მართებული შესრულების საკითხი.

(3) მოგვეპოვება აღნიშნულ კრებაზე წმ. მელეტის მოქმედების ამსახველი უძველესი ბერძნული წყაროები, რომლებიც მოღწეულია, ასევე, უძველესი ხელნაწერებით. მათში არსად ფიგურირებს მ. ჩახავასეული უწყება, თუმცა ბერძნული წყაროები აშკარად ცხადყოფს, რომ სლავურად არსებული ტექსტი მელეტი ანტიოქიელის შესახებ წარმოადგენს სწორედ აღნიშნული ბერძნული წყაროების ტენდენციურ, სურვილისამებრ შეცვლას.

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ძირითადი საკითხი იყო სამების ერთარსების, კონკრეტულად კი ძისა და სულიწმიდის ღმერთობის საკითხი. არიოზისა და მაკედონიუსის მიმდევრები, შესაბამისად, უარყოფდნენ ძისა და სულიწმიდის ღმერთობას, რითაც უარყოფდნენ ერთარსება ღვთის სამპიროვნებას. წმ. მელეტი ანტიოქიელმა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სწორედ ერთარსება სამების დოგმატი გააცხადა თავისი ქმედებით. ასეთი რამ მოიმოქმედა მან: უპირველსად აღმართა სამი თითი, რითაც სამება ცხადყო, შემდეგ კი ორი მოკეცა, აღმართულად დატოვა მარტო ერთი და ამით იმავე სამების ერთარსება ანუ ერთება გააცხადა. ნეტარი თეოდორიტე კვირელი, რომელიც, ცხადია, დიდი ავტორიტეტია მ. ჩახავასათვის, თავის “საეკლესიო ისტორიაში” გვაუწყებს:

“წამოდგა დიდი მელეტი და გააცხადა საღვთისმეტყველო წესის მართებულობა. ჭეშმარიტება თითქოს სასწორით აწონა მან, არც მეტი უთქვამს, არც ნაკლები. ხალხი ფრიად გაეხმატკბილა მელეტის, ხოლო როდესაც თხოვეს, რომ მოკლედ გადმოეცა მოძღვრება, აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი (τρεῖς ὑποδείξας δακτύλους ), შემდეგ კი ორი მოხარა, ერთი დატოვა და ღირსადსაქები ხმა გამოსცა: “სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ (...τρεῖς ὑποδείξας δακτύλους, εἶτα τοὺς δύο συναγαγὼν καὶ τὸν ἕνα καταλι πών, τὴν ἀξιέπαινον ἐκείνην ἀφῆκε φωνήν· τρία τὰ νοούμενα, ὡς ἑνὶ δὲ διαλεγόμεθα. იხ. თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი 2, თავი 31, ნაწ. II. Pგ. 81, სვ. 1081. შდრ. რუსული თარგ.: показав три перста, а потом два из них сложив и оставив один, произнес следующее утешительное изречение: разумеем три, а беседуем, как бы о едином. იხ. Арх. Григорий, დასახ. წიგნი, გვ. 65).

ახლა მოვუსმინოთ V ს-ის სახელგანთქმულ ისტორიკოსს სოზომენეს:

მელეტიმ “დაუფარავად გააცხადა, რომ ძეს ჰქონდა იგივე არსება, რაც მამას. ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც მელეტის ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა სიტყვა, მაშინდელი ეკლესიის არქიდიაკონი მიეჭრა მას, ხელი მიაფარა და დაუხშო პირი, ხოლო მელეტიმ სიტყვაზე უცხადესად ხელით გამოთქვა თავისი აზრი, გაშალა და გამოაჩინა მან ჯერ სამი თითი, შემდეგ მოკეცა ისინი და აღმართა ერთი” (...τρεῖς μόνους εἰς τὸ προφανὲς δακτύλους ἐκτείνων, εἰς ταὐτὸν δὲ πάλιν τούτους συνέλεγε καὶ τὸν ἕνα ὤρθου , იხ. სოზომენე, საეკლესიო ისტორია, წიგნი IV, თავი 28, იხ. პგ. 67, სვ. 1204. შდრ. რუს. თარგ. ...показав сначала только три пальца, а потом опять сложив их и показав один; Арх. Григорий, დასახ. წიგნი, გვ. 66).

ამგვარად, მ. ჩახავას მტკიცება იმის შესახებ, რომ კირილე იერუსალიმელი მის მიერ გამოცემული ფსალმუნის შესავალში ორი თითით პირჯვრისწერას განაჩინებდა, სრულიად უმართებულოა.

მეორე საბუთი ასეთია:

2. “წიგნი თეოდორიტოსისა”.

ცხდია, მ. ჩახავა გულისხმობს ცნობილ ძველბერძენ მამას, თეოდორიტე კვირელს (V ს). უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად თეოდორიტეს შრომების მრავალრიცხოვნებისა, ვერც ხელნაწერებში, ვერც გამოცემებში ვერსად ვიპოვით ცნობას, თითქოს ეს მამა ორი თითით პირჯვრის გადაწერას განაჩინებდა. მ. ჩახავა თავის წიგნში იმოწმებს სლავურ წყაროს (История Поморских ответов), სადაც ვკითხულობთ, რომ თითქოს ნეტარ თეოდორიტეს დაუწერია წიგნი სათაურით “Полдесть” და ამ წიგნში თითქოს ასეთი განჩინება მოუცია მას: “Аще кто не знаменуется двема персты, якоже и Христосъ, да будетъ проклятъ.” (მ. ჩახავა, დასახ. წიგნი, გვ. 38).

ეს სიტყვები არასოდეს წარმოუთქვამს ნეტარ თეოდორიტეს, არც “Полдесть”-ის სათაურით დაუწერია მას რაიმე შრომა. მაშ, საიდან არის აღებული ზემორე განჩინება ორი თითით პირჯვრის წერის შესახებ?

დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, სამწუხაროდ, კიდევ ერთი სიყალბე უნდა აღვნიშნოთ1: საქმე ისაა, რომ, როდესაც XVI-XVII ს-ში გარკვეულ წრეებში დამკვიდრდა აზრი საკუთარ თავზე მარტოდენ ორი თითით პირჯვრისწერის მართებულობის შესახებ, ბუნებრივია, გაჩნდა სურვილი, რომ ეკლესიის ავტოროტეტული მამის მეშვეობით დაეკანონებინათ პირჯვრისწერის აღნიშნული წესი. ამ მიზნით ნიკონ შავთელის წიგნს გაუკეთდა ბერძნული წარწერა, რომელიც თითქოსდა ეკუთვნოდა მართლაც დიდ ავტორიტეტს, თეოდორიტე კვირელს. წარწერა ასეთი სახისაა:

εἰ τὶς οὐκ σφραγιζεται μὲτὰ δύο δάκτυλα, ὡς καὶ Χριστός, νὰ εἶναι ἀφωρισμένος
ეს წარწერა ქართულად ასე იქნება: “ვინც არ გადაიწერს პირჯვარს ორი თითით, როგორც ქრისტე, იყოს განკვეთილი”.

როგორც ვხედავთ, მ. ჩახავას მიერ დამოწმებული სიტყვები, რომლებიც თითქოს თეოდორიტე კვირელს ეკუთვნის, ზედმიწევნითი თარგმანია მოტანილი ბერძნული წარწერისა, მაგრამ ჩვენთვის ამჯერად საყურადღებო სწორედ ის არის, რომ თავად ბერძნული წარწერა არაფრით არ შეიძლება ეკუთვნოდეს თეოდორიტე კვირელს, რადგანაც ეს წარწერა შესრულებულია ახალბერძნული ენით, ანუ იმ ენით, რომელიც საბერძნეთში ჩამოყალიბდა თურქების მიერ ბიზანტიის დაპყრობის ახლო ხანებში. ვისაც კი ელემენტარული კურსი ბერძნული ენისა გავლილი აქვს, მისთვის სრულიად ცხადია, რომ ზემორე წარწერას ვერ შეასრულებდა არათუ V ს-ის მოღვაწე თეოდორიტე კვირელი, არამედ თვით XII-XIII სს-ის საეკლესიო მწერალიც კი. ეს წარწერა უთუოდ XV ს-ზე გვიანდელია.

ამგვარად, ზემორე წარწერის თეოდორიტე კვირელისადმი მიკუთვნება ისევე უმართებულოა, როგორც წმ. კირილე იერუსალიმელისადმი ფსალმუნთა გამოცემის მიწერა. ასევე უმართებულო იქნებოდა, მაგალითად, რაიმე თანამედროვე ენით შესრულებული ტექსტის ავტორად იაკობ ცურტაველის გამოცხადება.

მესამე საბუთი:

3. “წიგნი მაქსიმე ბერძნისა, თავი მე-40”.

სხვათაშორის საინტერესოა, რომ მისეულ “საბუთებს” მ. ჩახავა ასეთ კომენტარს ურთავს: “წარმოდგენილი საბუთები ძველთუძველესია”.

ზემორე ორი საბუთის “ძველთუძველესობაზე” უკვე ვისაუბრეთ. ახლა ვნახოთ, როგორ “ძველთუძველესია” ხსენებული მესამე საბუთი:

ვინ იყო მაქსიმე ბერძენი? იგი იყო XV-XVI სს-ის მოღვაწე (დაიბადა დაახლ. 1480 წ-ს). სხვათაშორის, ეს პიროვნება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა საღვთისმსახურო წიგნთა სლავურ თარგმანებს, აგრეთვე, მისივე აღიარებით არ ცნობდა რუსული ეკლესიის ავტოკეფალიას (იხ. Энциклопедический словарь, XVIII, изд. Брокгауза, Ефрона, 1836).

მკითხველმა განსაჯოს, რაოდენ “ძველთუძველესია” XV-XVI სს-ის ავტორი ასეთი კარდინალური საკითხის გადაწყვეტისას2.

მეოთხე საბუთს წარმოადგენს სტოგლავის კრების ის მუხლი, რომელიც ზემოთ მოვიტანეთ. ეს კრება 1551 წ-ს გაიმართა. ამ დროს სხვადასხვა წრეებში თანაბრად იგმობა როგორც ორი თითით პირჯვრის წერა, ასევე სამი თითით. მაგალითად, სტოგლავის კრების ზემოციტირებული მუხლის საპირისპიროდ შეგვიძლია მივუთითოთ შემდეგი განჩინება XIV-XV სს-ისა: ”аще кто не крестится треми персты, да будеть проклят” (იხ. уроки и примеры христианской веры, СП. 1900, с. 325. იქვე იხ. სლავური საბუთები სამი თითით პირჯვრის წერის მართებულობაზე).

ორივე ეს განჩინება, თავიანთი შეუვალი კატეგორიულობისა და წყაროდმცონეობითი უმეცრების გამო თანაბრად მცდარია.

ბოლო მეხუთე საბუთი არის “დიდი კატეხიზმო”. ეს “კატეხიზმო” წარმოადგენს თარგმანს ლიტვურიდან სლავურად. იგი არ არის ძველბერძნული კატეხიზმო და პირადად ჩვენ კარდინალური საკითხის გადაწყვეტის ჟამს მას არგუმენტად ვერ მოვუხმობთ.

ამჯერად, რამდენადაც საშუალება გვაქვს, შევეხოთ პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ არსებულ ძველბერძნულ წყაროებს.

უპირველესად, საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის შესახებ:

ჯვრის გამოსახვის პრაქტიკა საყოველთაოდ გავრცელებულია ქრისტიანთა შორის უკვე II ს-ში. საგულისხმოა, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი (დაახლ. 140-215 წწ.) ჯვარს უწოდებს “საუფლო ნიშნის სახეს” (τοῦ κυριακοῦ σημείου τύπος – იხ. ხალიჩები, წიგნი VI, პგ. IX, სვ. 205 ა).

უძველესი წყაროები ცხადყოფენ, რომ თავდაპირველად მორწმუნენი უმთავრესად მხოლოდ შუბლზე ან პირისახეზე იწერდნენ პირჯვარს. ტერტულიანე (დაახლ. 160-220) გვაუწყებს: “ყოველი წინსვლისა თუ დაწინაურების ჟამს, ყოველი შესვლისა თუ გამოსვლის ჟამს, ჩაცმისას, დაბანისას, ჭამისას, განთიადისას, დაწოლისას, დაჯდომისას, აგრეთვე, ყოველგვარი საუბრის ჟამს შუბლი გავიხეხოთ ჯვრის ანაბეჭდებით (frontem crucis signacula terimus) (იხ. ტერტულიანე, მხედართა გვირგვინის შესახებ, პლ. ტ. II, სვ. 80. ეს შრომა დაწერილია 202 წ-ს).

წმ. კვიპრიანე კართაგანელი (დაახლ. 200-258) ასე მიმართავს მორწმუნეებს: “შუბლი (აღბეჭდილი) ღვთის წმიდა ნიშნით (იგულისხმება ჯვარი, ე.ჭ.) ვერ მიიღებს ეშმაკის გვირგვინს, რადგანაც ღვთის გვირგვინისათვის ინახავს იგი თავს” (Frons cum signo dei pura diaboli coronam ferre non potuit, coronae se Domini reseruauit, პლ. IV, სვ. 466 ბ.). ხსენებული წმინდანი თიბარიტანელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში ამბობს: “მივიღოთ, აგრეთვე, თავის დასაფარავად სულიერი (ვარიანტ: “მხსნელი”) მუზარადი, რომ დაცული იყოს ყურები ველურ სიტყვათა სმენისაგან, რომ ღვთის ნიშანი შეურყვნელი დარჩეს (... muniatur frons, ut signum Dei incolume seruetur, პლ. IV, სვ. 356-357).3

ამასვე გვაუწყებს ზემოხსენებული ღმერთშემოსილი მამა წმ. კირილე იერუსალიმელი (დაახლ. 313-387): “ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლებზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი – ჯვარი, აგრეთვე ყველაფერზე: საჭმელ პურებზე, დასალევ სასმისებზე, შესვლისას, გამოსვლისას, ძილის წინ, დაწოლისას, ადგომისას...” (წმ. კირილე იერუსალიმელი, კატეხიზმო XIII, თავი XXXVI. შდრ. ორიგინალი: ἐπὶ μετώπου μετὰ παῤῥησίας δακτύλοις ἡ σφραγὶς καὶ ἐπὶ πάντων ὁ σταυρὸς γινέσθω, ἐπὶ ἄρτων βιβρωσκομένων καὶ ἐπὶ ποτηρίων πινομένων...” Pg. 33, col. 816 a; შდრ. რუს. თარგ.: “да не стыдимся исповедывать Распятого; с дерзновением да изображаем рукою знамение Креста на челе ”).

ჯვარს შუბლზე გამოისახავდა, აგრეთვე, წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც გვაუწყებს:

“ეს დაწყევლილი საგანი (იგულისხმება ჯვარცმის ძელი, ე.ჭ.), რომელსაც გაურბოდა ყველა და რომელიც იყო უკიდურესი დასჯის სიმბოლო, აწ გახდა საწადელი და საყვარელი. სამეფო გვირგვინზე მეტად განამშვენებს თავს ჯვარი, რომელიც მთელ სამყაროზე უფრო ძვირფასია. რაც გუშინ შიშს იწვევდა, დღეს მის გამოსახულებას (τὸ σχῆμα) ეძიებს ყველა, ისე რომ, ყველგან მას ვხედავთ: მთავართა და ქვეშევრდომთა, ქალთა და კაცთა, ქალწულთა და ქორწინებულთა, მონათა და აზნაურთა შორის, რადგანაც აღბეჭდავენ მას ჩვენი ნაკვთების ყველაზე უფრო ღირსეულ ნაწილზე – შუბლზე, და როგორც სვეტზე, ყოველდღე მასზე გამოსახულს დაატარებენ” (წმ. იოანე ოქროპირი, იუდეველთა და ელინთა მიმართ დასაბუთება იმისა, რომ ღმერთი არის ქრისტე, თავი 9; იხ. პგ. 48, სვ. 826 ა. შდრ. ბოლო ნაწილის ძველბერძნული ტექსტი: Καὶ γὰρ συνεχῶς αὐτὸ ἅπαντες ἐγχαράττουσιν ἐπὶ τοῦ τῶν μελῶν ἡμῶν ἐπισημοτέρου μέρους, καὶ ὥσπερ ἐν στήλη ἐπὶ τοῦ μετώπου καθ' ἑκάστην ἡμέραν διατυπούμενον περιφέρουσιν).

სხვა შრომაში წმ. იოანე ოქროპირი ასე მიმართავს ცრუმორწმუნე ადამიანს:

“ღმერთმა პატივი დაგდო შენ, ხოლო შენ შეურაცხყოფ შენსავე თავს, რამეთუ გმართებს რომ ჯვარი გადაიწერო შუბლზე (δέον τὸν σταυρὸν ἐπιγράφειν τῷ μετώπῳ), რომელიც მომნიჭებელია უძლეველი სიმტკიცისა, შენ კი უგულებელყოფ მას და ვარდები სატანურ უგუნურებაში” (წმ. იოანე ოქროპირი, XII ჰომილია კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის შესახებ, თავი ქ, პგ. 61, სვ. 106).4

წმ. სატურუს მარტვილის შესახებ ნეტარი იერონიმეს (IV ს.) “მარტიროლოგიონიდან” მომდინარეობს ასეთი ცნობა: “აქაიაში წმ. სატურუს მარტვილს თავი მოკვეთეს, რადგანაც როდესაც მან რომელიღაც კერპს ჩაუარა, შეჰბერა მას და შუბლზე პირჯვარი გადაიწერა, რითაც მყისვე დაემხო კერპი” (In Achaia, sancti saturi martyris, qui ante quoddam idolam transiens, cum exsufflasset illud, signans sibi frontem, statim idolem corruit, ob cuam causam decollatus est).

შუბლზე პირჯვრის გადაწერა იმდენად იყო დამკვიდრებული ადრექრისტიანულ ხანაში, რომ თვით ივლიანე განდგომილიც (IVს.) ბავშვობისდროინდელი ჩვეულების ძალით ზოგჯერ შუბლზე იწერდა პირჯვარს. სხვათაშორის, ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ის თეოდორიტე კვირელი, რომელიც ერთ-ერთ “საბუთად” მოჰყავს ბ-ნ მ. ჩახავას. ნეტარი თეოდორიტე თავისი “საეკლესიო ისტორიის” III წიგნში მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ეძიებდა ივლიანე მთელ ელადაში ისეთ კაცს, ვინც მას იმპერატორობას უწინასწარმეტყველებდა. აღნიშნულ წიგნში ვკითხულობთ:

“(ივლიანეს) მოესურვა სამეფო სკიპტრა. ამიტომ მან მოიარა მთელი ელადა გრძნეულთა და მარაგითმეტყველთა მოსაძიებლად, რომ შეეტყო, ეწეოდა თუ არა იგი საწადელს. ბოლოს შეხვდა კაცს, რომელიც დაპირდა, რომ უწინასწარმეტყველებდა მომავალს. ამ კაცმა რომელიღაც საკერპოსთან მიიყვანა ივლიანე და შეიწყვია ტაძრის შიგნით, სადაც მოუხმო მან მაცთურ დემონებს. როდესაც ჩვეული მოლანდებებით იწყეს გამოჩენა დემონებმა, შიშმა აიძულა ივლიანე, რომ შუბლზე დაედო ნიშანი ჯვრისა. რაწამს დემონებმა საუფლო ძლევის სახე იხილეს და საკუთარი წარტყვენვაც მოიხსენეს, მყისვე გაუჩინარდნენ” (...ἐκείνων δὲ μετὰ τῆς συνήθους φαντασίας ἐπιφανέντων, ἠνάγκασε τοῦτον τὸ δέος ἐπιθεῖναι τῷ μετώπῳ τοῦ σταυροῦ τὸ σημεῖον· οἱ δὲ τοῦ δεσποτικοῦ τροπαίου τὸν τύπον ἰδόντες καὶ τῆς σφετέρας ἥττης ἀναμνησθέντες, φροῦδοι παραυτίκα ἐγένοντο; იხ. “საეკლესიო ისტორია”, წიგნი III, თავი III; იხ. პგ. 82, სვ. 1085 ც).

ივლიანე განდგომილი ერთ თავის წერილში პირდაპირ აცხადებს დიდი სიამაყით, რომ იგი აღარ იქმს იმ წეს-ჩვეულებებს, რასაც აღასრულებენ ქრისტიანები, რომლებიც მისი თქმით “შუბლზე გამოისახავენ” იესუ ქრისტეს ხსენებას (ἐπὶ τοῦ μετώπου... τὸ ὑπόμνημα σκιαγραφοῦντες; იხ. Julian. Opera. Ed. Hertlein, 604).

ადრექრისტიანული ეპოქის ძეგლებში “შუბლთან” ერთად მოიხსენიება, აგრეთვე, “პირისახე” (ბერძნ. τὸ πρώσοπον ან ἡ ὄψις ). ქართული სიტყვა “პირი” ძველად გარდა საკუთრივ პირისა (рот), როგორც ცნობილია, ნიშნავდა “პირისახესაც” (лицо). სწორედ ამ შინაარსით იხმარება იგი ღვთის ეპითეტად: “სამ-პიროვანი”; ეგევე შინაარსი აქვს მას დღესაც ხმარებულ ტერმინში “პირჯვრისწერა”. ეს ქართული ტერმინი სწორედ იმ უძველესი დროის ამსახველია, როდესაც მორწმუნეები მარტოდენ პირისახეზე იწერდნენ ჯვარს.

მაგალითად, ევსები კესარიელი გვაუწყებს: “ჩვეულებისამებრ აღვიბეჭდოთ ჩვენი პირისახენი (“ტა პროსოპა”) ქრისტეს ბეჭდით” (συνήθως ἡμῖν τὰ πρόσωπα σφραγιζομένους τῇ τοῦ Χριστοῦ σφραγῖδι, იხ. პგ. 22, სვ. 701 ა).

ადრექრისტიანულ ეპოქაში, გარდა შუბლისა ან პირისახისა, ზოგჯერ ჯვარს გამოისახავდნენ სხვა ნაწილებზეც, კერძოდ გულზე,5 საკუთრივ პირზე, თვალებზე და სხვა. მაგალითად, აურელიუს პრუდენციუსის (Vს.) ერთ ლექსში ვკითხულობთ: “შუბლსა და გულის ადგილს ჯვრის სახით აღიბეჭდავს” (frontem locumque cordis crucis figura signet, პლ. ტ. 54, სვ. 889).

წმ. გრიგოლ ნოსელი წმ. მაკრინას შესახებ გვაუწყებს, რომ როდესაც იგი ევედრებოდა ღმერთს, შეეწყნარებინა მისი სული, გარდაისახავდა პირჯვარს. აი, წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვები: “და პირჯვარი დაიბეჭდა მან თვალზე, პირზე და გულზე” (ἐπετίθει τὴν σφραγῖδα τοῖς ὀφ θαλμοῖς καὶ τῷ στόματι καὶ τῇ καρδίᾳ., პგ. 46, სვ. 985 ა). შდრ. წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანი: “და ვითარცა ეს თქუა, დაიბეჭდა ნიში ჯუარისაჲ თუალთა და პირსა და გულსა თჳსსა” (იხ. ხელნ. A-55, XII საუკუნისა, 28 r).

წმ. ნილოს სინელის (Vს.) ერთ ეპისტოლეში თავს იჩენს ჯვრის გარდასახვა მკერდზე, თუმცა იქვეა უწყებული ზოგადად პირჯვირსწერა სხეულის სხვა ნაწილებზეც. მოგვაქვს ციტატა: “უკეთუ გსურს, რომ გააქარწყლო გონებაში შემონახული ბოროტი ზრახვები და ეშმაკის ყოველგვარი ზედამოსვლანი, მოიხსენე მაცხოვარი ჩვენი, დღითა და ღამით მხურვალედ უხმე სათაყვანებელ სახელს, მარჯვედ აღიჭურვე და გამუდმებით აღიბეჭდე შუბლზეც და მკერდზეც საუფლო ჯვრის სიშანი (σφραγίζων συχνότερον καὶ μέτωπον, καὶ στῆθος τῷ σημείῳ τοῦ Δεσποτικοῦ), რამეთუ რაჟამს წარმოითქმის სახელი მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და რაჟამს წარმოითქმის სახელი მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და რაჟამს დავიდებთ საუფლო ჯვრის ბეჭედს გულზე, შუბლზე და სხვა ნაწილებზე, უეჭველად დაიხსნება მტრის ძალა და ძრწოლით განგვერიდებიან უკეთური დემონები” (წმ. ნილოს სინელი, 278-ე ეპისტოლე, პგ. 79, სვ. 521 ბ, შდრ. ბერძნ. ტექსტი: ...ὁπόταν γὰρ τὸ ὄνομα τοῦ Σωτῆρος ἡμῶν ’Ιησοῦ Χριστοῦ ὀνομάζηται καὶ σφραγὶς τοῦ Κυριακοῦ σταυροῦ ἐπιτίθηται τῇ καρδίᾳ καὶ μετώπῳ καὶ τοῖς ἄλλοις μέλεσιν...).

მოგვაქვს აღნიშნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანი: “გნებავს თუ უჩინოყოფაჲ სამთავროსა შენსა შინა აღმოჭრილთა ბოროტთა ჴსენებათაჲ და მრავალ ძჳრბორგნეულსა კუეთებ ათაჲ, ჴსენებითა მაცხოვრისა ჩუენისაჲთა და ცეცხლებრითა ღამე და დღე მჴურვალედ წოდებითა სამსახურებელისა სახელისა ძისაჲთა აღიჭურე, ზედაჲსზედა აღიბეჭდევდ შუბლსა და მკერდსა ნიშითა სამეუფოჲსა ჯუარისაჲთა, რამეთუ სადაცა სახელ-იდების სახელი მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ბეჭედი საუფლოჲსა ჯუარისა დაიდების გულსა და შუბლსა და სხუათა ასოთა, უეჭუელად დაიჴსნების ძალი მტერისაჲ და ძრწოლით ივლტიან ჩუენგან ბოროტნი ეშმაკნი” (იხ. ხელნ. A-60, გვ. 225).6

სვიმეონ სალოსის (Vის.)  “ცხოვრებაში” არის ერთი ადგილი, სადაც უწყებულია, თუ როგორ გადასწერს პირჯვარს მამასახლისი სვიმეონსა და იოვანეს. ძველქართულ თარგმანში ვკითხულობთ: “და დასწერა ჯუარი თითოეულსა მათსა შუბლსა და განუტევა იგინი მშჳდობით” (იხ. მამათა ცხორებანი, გამოსცა ვ. იმნაიშვილმა, თბ., 1975, გვ. 292).

შუბლზე პირჯვრისწერა უწყებულია წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV) შრომაში “თორმეტი თვალის შესახებ”, სადაც ვკითხულობთ:

”აღიბეჭდვის ნიშითა მით ცხორებისაჲთა საცოდ შორის შუბლსა თჳსსა, რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაჲ ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისა, რომელი იქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაჲთა და აღუღებიეს და აქუს დიდითა სიხარულითა, გამოხატვით აღიბეჭდვის შორის შუბლსა თჳსსა” (იხ. შატბერდის კრებული, თბ., 1979, გვ. 139).

აი, სხვა ადგილი წმ. ეპიფანეს ხსენებული შრომიდან: ”(იესუ ქრისტემ) დაადგა გჳრგჳნი ეკლესიასა თჳსსა და ყო დედოფალ და დასუა იგი მარჯუენით თჳსა და გამოსახა საშუვალ შუბლსა ჩუენსა ნიში იგი პატიოსანი და შეამკო, რამეთუ ნანდჳლვე ნიშითა მით, ჯუარითა ქრისტჱსითა და სიკუდილითა მისითა მოგუმადლა” (იქვე, გვ. 144).

ყოველივე ზემოთქმული ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში (I-IV სს.) პირჯვარს გამოისახავდნენ უმთავრესად მარტოდენ შუბლზე (როგორც სხეულის უმეტესად საღვთო ნაწილზე), იშვიათად კი სხვა ნაწილებზეც (თვალები, პირი, გული7, მკერდი).

ცხადია, საეჭვო არ არის, რომ შუბლზე და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმიდა მამის მიერ.

წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV) სახელგანთქმულ შრომაში ”წვალებათა წინააღმდეგ”, მოთხრობილია, თუ როგორ გადაწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს: ”თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს” (σταυροῦ σφραγῖδα ἐπιθεὶς τῷ ἀγγείῳ διὰ τοῦ ἰδίου δακτύλου) და მოუწოდა იესუს სახელს” (იხ. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი I, ტომი II, XXX, იხ. პგ. 41, სვ. 428).

სოზომენეს (Vს.) “საეკლესიო ისტორიაში” მოთხრობილია სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსის, წმ. დონატეს ამბავი, რომელმაც პირჯვრის გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა, ისტორიკოსი გვაუწყებს:

“იმ დროს მრავალი ვინმე გაბრწყინდა ეპისკოპოსთა შორის მთელ მსოფლიოში, როგორც, მაგალითად ევროიის ეპისკოპოსი დონატე, რომლის შესახებ იმ ადგილის მკვიდრნი მრავალ სასწაულს სწამებენ, ყველაზე უფრო კი – მის მიერ ვეშაპის მოკვლას, რომელიც შარაგზის მახლობლად მიწისქვეშა ღრმულში იყო დაბუდებული და იტაცებდა ცხვრებს, თხებს, ხარებს, ცხენებს, ადმიანებს. დონატს არ ჰქონდა არც მახვილი, არც ფარი, არც ისარი, როდესაც გამოუხტა მას მხეცი, მაგრამ როდესაც მან იგრძნო ეს, თავდამსხმელის მსგავსად თავი უკუიგდო და მხეცის პირისპირ ჰაერში თითით გამოსახა ჯვრის ნიშანი და ჰნერწყვა მას (εἰς σταυροῦ σύμβολον τὸν ἀέρα τῷ δακτύλῳ κατεσήμανε καὶ ἐπέπτυσε. ), ხოლო როდესაც ნერწყვი მოხვდა მხეცს, მყისვე დაეცა იგი” (სოზომენე, საეკლესიო ისტორია, წიგნი VII, თავი 26, პგ. 67, სვ. 1497).

შეგვეძლო მოგვეტანა წმიდა მამათა სხვა მოწმობანიც ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ, მაგრამ ვფიქრობთ ზემოდამოწმებული ნიმუშები დამატებას აღარ საჭიროებს. ამჯერად მოვიტანთ მხოლოდ ერთ საბუთს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთრივ თავზე პირჯვრის გადაწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის ნათელსაყოფად. ვგულისხმობთ ურჩეულესი მამის წმ. იოანე ოქროპირის ვრცელ და დაწვრილებით უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს. მოგვაქვს სათანადო ციტატა წმ. იოანე ოქროპირის სახელგანთქმული შრომიდან “განმარტება მათეს სახარებისა”.

“როგორც გვირგვინი, ისე ვატაროთ ჯვარი ქრისტესი, რადგანაც მის მიერ სრულ-იქმნება ყველა ჩვენეული (საიდუმლო), თუნდაც რომ ახალშობა იყოს საჭირო, ჯვარი მოგვეახლება, თუნდაც რომ საიდუმლო საზრდოს მიღებას აღვასრულებდეთ ანდა ხელდასხმას ან კიდევ სხვას ამგვარს, ყველგან ძლევის ეს სიმბოლო წარმოგვიდგება. ამიტომ, ფრიადი გულმოდგინებით გამოვწეროთ იგი სახლზე, კედლებზე, სარკმელზე, შუბლზე და გონებაზე (ἐπὶ τοῦ μετώπου, καὶ ἐπὶ τῆς διανοίας), რადგანაც ის არის ნიშანი ჩვენი ზოგადი ხსნისა და განთავისუფლებისა, აგრეთვე უფლისმიერი გულკეთილობისა, რომელიც მოყვანილ იქნა დასაკლავად, როგორც ცხვარი (საქმე, 8,32). ასე რომ, რაჟამს პირჯვარს იწერ, გაიაზრე ჯვრის არსი, დაშრიტე შენში სიფიცხე და ყველა სხვა ვნება. რაჟამს პირჯვარს იწერ, ფრიადი მხნეობით აღივსე შუბლი და გაათავისუფლე სული (ὅταν σφραγίζῃ, πολλῆς ἔμπλησον τὸ μέτωπον παῤῥησίας, ἐλευθέραν τὴν ψυχὴν ποίησον.). ყოვლითურთ შეიცან იგი, ვინც თავისუფლებას განიჭებს. პავლემაც სწორედ აქეთკენ, ჩვენთვის ღირსეული თავისუფლებისაკენ გვიწინამძღვრა ჩვენ და ამგვარი მოგზაურობის ჟამს საუფლო ჯვარი და სისხლი მოიხსენა მან, როდესაც თქვა: “სასყიდლით სყიდულ-ხართ; ნუ იქნებით მონა კაცთა” (I კორ. VII,23). ამით იმას გვაუწყებს (პავლე), რომ უნდა შეიცნო შენთვის გაღებული სასყიდელი და არ დაემონო კაცთაგან არავის; ხოლო პავლე “სასყიდლად” ჯვარს ამბობს, რადგანაც არა ჯერ არს ოდენ ლიტონად აღვიბეჭდოთ იგი თითით, არამედ უპირველესად-ნებაყოფლობითა და ფრიადი სარწმუნოებით (Οὐδὲ γὰρ ἁπλῶς τῷ δακτύλῳ ἐγχαράττειν αὐτὸν δεῖ, ἀλλὰ πρότερον τῇ προαιρέσει μετὰ πολλῆς τῆς πίστεως). თუკი ამგვარად გარდაისახავ მას შენს პირისახეზე, ვერავითარი უწმინდური ეშმაკი ვერ შეძლებს შენს ახლოს დგომას (Κἂν οὕτως ἐντυπώσῃς αὐτὸν τῇ ὄψει, οὐδεὶς ἐγγύς σου στῆναι δυνήσεται τῶν ἀκαθάρτων δαιμόνων), რადგანაც იხილავს იგი (ეშმაკი) მახვილს, რომელიც განგმირავს მას, იხილავს ხანჯალს, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის” (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება წმ. მათეს სახარებისა, 59-ე ქადაგება, თავი 4, იხ. პგ. 58, სვ. 537).

მოტანილი ციტატა უმნიშვნელოვანესი წყაროა საკუთარ თავზე პირჯვრისწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის შესასწავლად. წმ. იოანე ოქროპირის უწყებით, პირჯვარი უნდა გადავიწეროთ შუბლზე (ἐπὶ τοῦ μετώπο ), პირისახეზე (τῇ ὄψει). ამავე დროს, დიდი მამის მოწმობით არ კმარა მხოლოდ გარეგნული გადაწერა ჯვრისა, არამედ მას თან უნდა ახლდეს შინაგანი განცდა, სარწმუნოება და გახსენება იმისა, თუ რისთვის ეცვა მაცხოვარი ჯვარს. ამიტომ გვმოძღვრავს იგი, რომ გადავიწეროთ პირჯვარი არა მხოლოდ შუბლზე, არამედ გონებაზეც (ἐπὶ τῆς διανοίας ). ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ გარეგნული გადასახვა პირჯვრისა, წმ. იოანეს რჯულდებით სრულდება “თითით” (τῷ δακτύλῳ).

წმ. იოანეს მოწმობა “თითით” მარტოდენ შუბლზე ან პირისახეზე პირჯვრისწერის შესახებ ეთანხმება ძველბერძნულ მართლმადიდებლობას.

დამატებით აღვნიშნავთ, აგრეთვე, ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას: როგორც ცნობილია, წმ. იოანე ოქროპირის ზემოდასახელებული შრომა ქართულად თარგმნა მართლმადიდებლობის “დიდმა მნათობმა” (რუის-ურბნისის კრების შეფასება), წმ. ექვთიმე ათონელმა. მკითხველისათვის, ცხადია, დიდად საინტერესო უნდა იყოს, თუ რა სახისაა ქართული ტექსტი. საბედნიეროდ, წმ. ექვთიმეს თარგმანი შემორჩენილია ბევრ უძველეს (XI-XII) ხელნაწერში, მოგვაქვს წმ. იოანე ოქროპირის ზემოდამოწმებული სიტყვების წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი:

“ჯუარი ქრისტესი... ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალე, გუაქუნდინ... რამეთუ ყოველი ცხორებაჲ ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელს-იღებდეს, ჯუარი წინა-უძღჳს, უკუეთუ ტაბლაჲ იგი საიდუმლოთაჲ დაეგებოდის, ჯუარი თანა-იქცევის, უკუეთუ კურთხევაჲ მღდელობისაჲ აღესრლებოდის, ჯუარი თავსა ზედა გამოისახვის და ყოველსა საქმესა თანა ცხორებისა ჩუენისასა შეერთებულ არს. ყოვლისავე კეთილისა წინამძღუარ არს. ამისთჳსცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩუენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამეთუ აზნაურებისა ჩუენისა და ჩუენდა მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი; ”ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგვარა ჯუარსა ზედა. ამისთჳს გამოვსახავთ სახესა ჯუარისა მისისასა ჩუენ ზედა, რაჲთა გამოვსახვიდეთ რაჲ, მოვიხსენოთ ცხოველსმყოფელი იგი ვნებაჲ, რომელი ჩუენთჳს ჴორცითა თავს-იდვა უფალმან. აწ უკუჱ, გამოჰსახვიდე რაჲ, კაცო, სახესა ჯუარისასა პირსა ზედა, მოიჴსენე ყოველი სახე ჯუარცუმისა და მოსპე შენგან გულისწყრომაჲ და ყოველნივე ვნებანი, განათავისუფლე სული შენი მონებისაგან ვნებათაჲსა და მერმე კადნეირებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაჲ და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა.

ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე, ამისთჳს, აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღადყო: ”სასყიდელითა სყიდულ ხართ პატიოსნითა. ნუ იქმნებით მონაჲ კაცთა”; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთჳს მოცემული, რომელ არს ჯუარცუმაჲ ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორჩილებად სოფლისმპყრობელსა მას ბნელისასა, რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა. ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი” (მრავალ ხელნაწერთა შორის იხ. კარგად შენახული ხელნაწერი A-54, 309 r-v).

ექვთიმესეული თარგმანიდან უდიდესი მნიშვნელობისაა შემდეგი ადგილი: “არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა”.

ეს ტექსტი ახალქართულად ასე იქნება: “არ არის გამართლებული ჯვრის გამოსახვა უბრალო თითით, არამედ, უპირველესად, გონებით, სარწმუნოებით, საქმისმიერი დადასტურებით; ამის შემდეგ თითითაც გამოისახე ამგვარი გამოსახვით ჯვრის ნიშანი შენს პირზე”.

კვლავ გავიმეორებთ, რომ წმ. იოანე ოქროპირის მოტანილი ტექსტი აჯამებს მთელ ძველბერძნულ მართლმადიდებლურ მოძღვრებას საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის შესახებ. დიდი მამის რჯულდებით, ჯვარი უნდა გადავისახოთ პირისახეზე თითით, მაგრამ არ კმარა მხოლოდ თითით გადასახვა. უპირველესად აუცილებელია შინაგანი განცდა ჯვრისა ჩვენს გონებაში, სარწმუნოება ჯვარცმისადმი, საქმის დამტკიცება ჩვენი რწმენისა და მხოლოდ ამის შემდეგ გვმართებს თითით გადავისახოთ ჩვენს პირისახეზე, ჩვენს შუბლზე ნიშანი ჯვრისა (“და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა”).

ასეთი არის პირჯვრის წერის ისტორია პირველი საუკუნიდან VII ს-ის ჩათვლით.

რაც შეეხება პირჯვრის წერის მომდევნო პერიოდის ისტორიას, მოკლედ აღვნიშნავთ, რომ როგორც დიდი ხანია გარკვეულია, VIII ს-ის დამდეგიდან სამონაზვნო წრეში შემდეგ კი საერთოდ საეკლესიო ცხოვრებაში ერთი თითისა და უმთავრესად მხოლოდ შუბლზე პირჯვრისწერის ნაცვლად მკვიდრდება სამი თითით პირჯვრისწერა შუბლზე, შემდეგ კი შუამკერდზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე, ბოლოს კი მარცხენაზე (ეს საკითხი დაწვრილებითაა წყაროდმცოდნეობითად შესწავლილი ცნობილი ბერძენი მკვლევრის ბერნარდაკისის მიერ8). ამგვარი წესი დღემდეა შენარჩნნებული ბერძნულ-ქართულ ეკლესიაში. რაც შეეხება რომაულ ეკლესიას, ისიც XIII ს-ის დამდეგამდე პირჯვრის ხსენებულ წესს მისდევდა, მაგრამ XIII ს-ის დამდეგს შეცვალა იგი და დაამკვიდრა პირჯვრისწერა მთელი ხელით (მჭიდროდ მიტყუპული თითებით) მარცხენა მხრიდან მარჯვნივ. სხვათაშორის, კათოლიკური აღმსარებლობის მეცნეირები არც მალავენ, რომ მათი წესი პირჯვრისწერისა XIII ს-ზე ადრინდელი არ არის და წარმოადგენს სამი შეკრული თითით პირჯვრისწერის ბიზანტიური წესის შეცვლად. მაგალითად, ცნობილი წყაროდმცოდნე ჰ. ლეკლერი აღნიშნავს: “პირჯვრის წერის თანამედროვე სახე არის VIII ს-ზე ადრინდელი და მისი შემოტანა მიეკუთვნება მონაზვნებს. ამ დროიდან პირჯვრისწერა სრულდება მარჯვენა ხელის პირველი სამი შეკრული თითით, როდესაც ბოლო ორი მოკეცილია და ეს სამი თითი დაიდება ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე, ბოლოს კი მარცხენაზე. ეს წესი დღემდე არსებობს ბერძნულ ეკლესიაში. ლათინურ ეკლესიაში, პირიქით, XIII ს-ის დამდეგს მოხდა ცვლილება, სადაც დამკვიდრდა წესი, რომელიც გულისხმობს თითებშემჭიდროებული გაშლილი ხელის შეხებას ჯერ მარცხენა მხარზე, შემდეგ მარჯვენაზე” (იხ. ჰ. ლეკლერკი, ნიშანი ჯვრისა, ქრისტიანული არქეოლოგიისა და ლიტურგიკის ლექსიკონი, ტ. III, II ნაწილი, 1914, გვ. 3143-3144).

ამგვარია პირჯვრისწერის წყაროდმცოდნეობითი ისტორია დასაბამიდან დღემდე. როგორც ვნახეთ, VII ს-ის ჩათვლით (ე.ი. იმ ეპოქაში, როდესაც გაიმართა შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება) წმიდა მამები პირჯვარს იწერდნენ მარტოდენ თითით შუბლზე (იშვიათად, სხვა ნაწილებზე). VIII ს-ის დამდეგიდან მკვიდრდება მარჯვენა ხელის პირველი სამი შეკრული თითით პირჯვრისწერა შუბლზე, მკერდზე, მარჯვენა მხარზე და მარცხენაზე. ეს წესი დღემდეა დაცული ბერძნულ-ქართულ ეკლესიებში. ამავე წესს XIII ს-ის დამდეგამდე იცავდნენ ლათინებშიც, რომლებმაც XIII ს-ის დამდეგიდან გადააკეთეს იგი.

ყოველივე ზემოთქმული შემდეგ მოვუსმინოთ მ. ჩახავას: “საქრისტიანო კარგად იცნობს მსოფლიო განმანათლებლებს: იოანე ოქროპირს, მელეტი – ანტიოქიის პატრიარქს, უნეტარეს თეოდორიტეს, კირილე იერუსალიმელს, მაქსიმე ბერძენს. ეს წმიდა მამები ორი თითით იწერდნენ პირჯვარს” (დასახ. წიგნი, გვ. 37).

ზემოთ ვაჩვენეთ, რომ წმ. იოანე ოქროპირი მარტოდენ თითით იწერდა პირჯვარს, ისიც შუბლზე. ასევე, თეოდორიტეცა და კირილე იერუსალიმელიც, როგორც ზემოდამოწმებული ნიმუშებიდან ჩანს, შუბლზე გამოისახავდნენ ჯვარს. ასევე, თითით შუბლზე პირჯვრისწერას ადასტურებენ წმ. კვიპრიანე კართაგანელი, წმ. ეპიფანე კვიპრელი, წმ. დონატ ეპისკოპოსი, ნეტარი იერონიმე და ყველა სხვა წმიდა მამა I-VII სს-ისა, ვინც კი რაიმე ცნობას გვაწვდის პირჯვრისწერის თაობაზე.

ზუსტი წყაროდმცოდნეობითი კონკრეტულობა რომ იყოს, მოვუხმოთ მარტოდენ წმ. იოანე ოქროპირს. მ. ჩახავას განჩინებით იგი ორი თითით იწერდა პირჯვარს, მაგრამ თავად წმ. იოანე ოქროპირი გვაუწყებს, რომ პირჯვრისწერა, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს შინაგანი განცდა, გარეგნულად მარტოდენ თითით სრულდება (იხ. ზემოთ). ამასვე ამოწმებს წმ. ექვთიმე ათონელიც, რომელმაც წმ. იოანე ოქროპირის შრომა თარგმნა.

არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა. ამიტომ, ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნიადაგოა, რადგანაც საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისათვის.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ გავრცელებულია ასეთი ღიმილისმომგვრელი მტკიცება: ვინც საკუთარ თავზე სამი თითით იწერს პირჯვარს, ის ამ გზით ჯვარს აცმევს სამებას.

ეს თვალსაზრისი, რაც, ცხადია, ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში არსად არცერთხელ არ იჩენს თავს (ისევე, როგორც წმიდა მამებთან არსად იჩენს თავს ორი თითით საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერა), არის, ალბათ, უკანასკნელი არგუმენტი სამი თითით პირჯვრისწერის უარსაყოფად.

ამ თვალსაზრისის მომხრეებს შევახსენებთ, რომ როდესაც მორწმუნე ადამიანი თითებით პირჯვარს იწერს, ჯვრის ფორმას გამოსახავს მთელი ხელის მტევანი. ორი თითით პირჯვრისწერის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი? რა წყობისაც არ უნდა იყოს ხელის თითები, პირჯვრის წერის ჟამს ყველა მათგანი ბუნებრივი აუცილებლობით გამოსახავს ჯვრის ფორმას. შეიძლება მოგვიგონ, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თითებს, რომლებიც უშუალოდ ეხება სხეულს. ამგვარი შეპასუხება არ იქნება მართებული, რადგანაც მაგალითად, კურთხევის გაცემის ჟამს მოძღვარი მხოლოდ ჰაერში გამოსახავს ჯვარს და ეს ჯვარი ბუნებრივი აუცილებლობით, ცხადია, გამოისახება ყველა თითის მიერ, მოკეცილია ის თუ აღმართული, რადგანაც ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობს მთელი ხელის მტევანი.

სამი თითით პირჯვრის გადაწერა ნიშნავს ყოვლადწმინდა სამების მფარველობით აღბეჭდვას. მაცხოვარმა ჯვრის ნიში მარადიულ სასოდ და ნუგეშად დაუტოვა ადამიანებს. როდესც ჯვარს გარდავისახავთ, ამით უკეთურ ძალთაგან ვიფარავთ თავს. ეს ძალა ჯვარს ენიჭება სწორედ საღვთო მადლით, ხოლო საღვთო მადლი გულისხმობს სამებას.

სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი. ცხადია, ეს ასე არაა. ამასთან, როგორც აღნიშნული სპეციალურ ლიტერატურაში, ჯვარი, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღსრულდება. თუკი პირჯვრიწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებაც არ უნდა აღვასრულოთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია9.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება. ვინც ორი თითით პირჯვრიწერასა და კურთხევის გაცემას აღიარებს, თვლის, რომ ეს ორი თითი მაცხოვრის ორბუნებოვნებას აღნიშნავს. თუ სამი თითით პირჯვრის გადაწერა სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ ორი თითით პირჯვრისწერა მაცხოვრის ორივე ბუნების ჯვარცმას უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ განა შესაძლებელია ეს? განა მაცხოვრის ორივე ბუნებაა ჯვარცმული? განა მაცხოვრის საღვთო ბუნებისათვის ჯვარცმის მიწერა იმავე სამების ჯვარცმას არ ნიშნავს?

ზემოთქმული ცხადყოფს, რომ სამი თითით პირჯვრისწერა ნიშნავს სამების მფარველობაში შესვლას, სამების აღიარებას, რაც პირდაპირაა თქმული წმ. ეფრემ ასურის (IV ს.) მიერ: “თავს ვიცავთ რა პირჯვრისწერით, თავს ვიცავთ სამების მიერ”.

მართლმადიდებლური სწავლებით, ჯვარი, რომელიც მარადიულად აღიბეჭდავს საუფლო ხორცთა ჯვარცმას, ამავე დროს, არის ნიშანი სამებისა. გარდა წმ. ეფრემ ასურისა, ამის შესახებ სრულიად ცხადად გვაუწყებს VI ს-ის ცნობილი საეკლესიო მწერალი ალექსანდრე კვიპრელი მონაზონი თავის შრომაში “საკითხავი პოვნისათჳს პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა”. ხსენებულ შრომაში ვკითხულობთ:

“ჯვარი არის საღვთო ძალმოსილების ნიშანი” σταυρὸς θείας δυναστείας σημεῖονj, პგ. 87, სვ. 4073 ა).

შდრ. ძველი ქართული თარგმანი:

“ჯუარი ნიში არს ღმრთეებისა ძალისა” (ხელნ. Q-762, 132, იხ. თ. მგალობლიშვილის გამოც, გვ. 80).

“საღვთო ძალმოსილება” (ἡ θεῖα δυναστεία) გულისხმობს მთლიანად ერთარსება სამებას და არა ცალკე რომელიმე ჰიპოსტასს, რადგანაც მამა, ძე და სულიწმიდა არის ერთი ძალი, ერთი ძლიერება, ერთი ძალმოსილება, ერთი შემძლეობა. ამასვე ცხადყოფს ძველქართული თარგმანი “ღმრთეებისა ძალი”. ღმრთეება სწორედ სამების ერთარსებას ნიშნავს.

სხვაგან იგივე ავტორი სრულიად ცხადად გვაუწყებს, რომ ჯვარი ძლევის სიმბოლოდ სწორედ სამებამ მიანიჭა კაცობრიობას ძე ღმერთის გზით. კვიპრელი მონაზონი გვაუწყებს:

“წმიდა და ერთარსება სამებამ მისი ერთი ჰიპოსტასის მეშვეობით განაგო ადამიანთა ჯვრის მიერ გამოხსნა. ამიტომაც, მართებულად შემზადდა გამოხსნის საჭურველი (ე.ი. ჯვარი, ე.ჭ.) სამი ხისაგან” (შდრ. ძვ. ქართ. თარგ.: “სამებამან წმიდამან, სწორმან ბუნებითა, ერთითა გუამითა მისითა განაგო ცხორებაჲ კაცთაჲ ჯუარისა და ჭეშმარიტად საჭურველად ძლევისა მომცა ჩუენ სამთაგან ძელთა შემზადებული ჯუარი, ვითარცა სამ სახელთაგან: საროჲსა, ფიჭჳსა და ნაძჳსა” (ხელნ. Q-762, 92, თ. მგალობლიშვილის გამოც, გვ. 39).

როგორც ვხედავთ, ჯვარი თვით ნივთიერი შემზადებითაც სამების სიმბოლოა.

ზემოთქმულს სწამებს აგრეთვე, დიდი მამა წმ. ანდრია კრიტელი (VII ს.), რომელიც პირდაპირ გვაუწყებს:

“ვინაჲთგან იპოვა ჯუარი, მამისა თანა ძესა თაყუანის-ვსცემთ”.10

იგივე წმიდანი სხვაგან უფრო გარკვევით გვაუწყებს: “ვინაჲთგან ჯუარი იცნობა, მიერ ვისწავეთ სარწმუნოებაჲ მამისა მიმართ და ძისა და სულისა წმიდისა”.11

ამგვარად, “ჯუარი”, როგორც მარადიულად აღმბეჭდელი საუფლო ხორცთა ცხოველსმყოფელი ვნებისა, საღვთო მადლით თავად არის მორწმუნეთა ცხოველმყოფელი, უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ მათი ხელამპყრობელი და მომნიჭებელი ერთარსება სამების წარუვალი მფარველობისა. სწორედ ამიტომ გამოვისახავთ პირჯვარის წერისას ჯვრის ნიშს სამი შეკრული თითით.

შეიძლება დაისვას კითხვა: თუ პირჯვრისწერისას სამი თითი სამებას მოასწავებს, მაშინ რატომ იწერდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში პირჯვარს ერთი თითით?

საქმე ისაა, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება. კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს.

ერთი თითის და სამი თითის ერთმნიშვნელოვნება, როგორც ზემოთ ვნახეთ, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ყველას თვალწინ წარმოაჩინა დიდმა მელეტიმ, რომელმაც ჯერ სამი თითი აღმართა, რითაც სამება ცხადყო, შემდეგ კი აღმართა ერთი თითი და ამით იმავე სამების ერთარსება გამოაცხადა.

კონკრეტულად ჯვრის ნიშის გამოსახვასთან დაკავშირებით ერთი თითისა და სამი თითის ერთმნიშვნელოვნება სრულიად არაორაზროვნად გააცხადა წმ. დიდმოწამე ბარბარამ. შევეხოთ ამ საკითხს უფრო დაწვრილებით.

მკითხველს შევახსენებთ წმ. ბარბარას შესახებ არსებულ თხრობას:

III ს-ის II ნახევარში ერთ-ერთ წარჩინებული წარმართის ასულმა, ბარბარამ ქრისტესმიერი ცხოვრების გზა აირჩია. ამის შესახებ არაფერი უწყოდა მისმა მამამ, რომელიც თვალისჩინივით უვლიდა თავის შვილს. ერთხელ მამამ განიზრახა ბარბარასათვის მდიდრული აბანოს აშენება და რადგანაც თვით იგი მშენებლობას ვერ დაესწრებოდა, გამგზავრების წინ კირითხუროებს ეს ამცნო, რომ კედელში ორი სარკმელი დაეტანებინათ. აბანო რომ აშენდა, ბარბარა შევიდა შიგ. ესათნოვა ქალწულს კეთილშენებული კედლები, მაგრამ როდესაც ორი სარკმელი იხილა მან, კირითხუროებს მესამე სარკმლის ქმნაც დაავალა. ხელოსნებმა იუარეს ეს, რადგანაც ეშინოდათ სახლის პატრონისა. მაშინ ბარბარამ ერთად უჩვენა მათ სამი თითი, რითაც სამება მოასწავა, სიტყვით კი ეს უთხრა: “სამი, სამი სარკმელი გამოკვეთეთ, ხოლო მამას მე დავარწმუნებ, რომ ასე ჯობდა”. კირითხუროები აასრულებენ ბარბარას ბრძანებას. შემდეგ, გამშვენებულ აბანოში წყლის სადინართან მიდის ღვთივსულიერი ქალწული და ემბაზის მარმარილოზე თითით გამოსახავს ჯვარს. წმინდანის თითით გამონიშული ჯვარი იმდენად მადლმოსილი აღმოჩნდება, რომ სამარადისოდ აღიბეჭდება იგი მარმარილოს ქვაზე... როდესაც მგზავრობიდან დაბრუნებული სახლის პატრონი სამ სარკმელს ნახავს, განრისხდება იგი, მაგრამ გაიგებს რა, რომ ბარბარას ნება იყო ამგვარი, მოინახულებს თავის ასულს და სამი სარკმლის შესახებ ჰკითხავს. ბარბარა მამას ემბაზის მარმარილოზე თავისი თითით ქმნილ ჯვარს დაანახებს, შემდეგ კი სიტყვიერად გააცხადებს სამებას და ასევე, როგორც კირითხუროებს, მამასაც თითების მიერ სამებას წარმოუჩენს, თანაც ამავე თითებით ჯვარს გამოსახავს და წარმოთქვამს: “მამა, ძე და სულიწმიდა, - ეს სამი ნათობს მთელ ქვეყანაზე, ხოლო სამი იგივე ერთია”.12

მოტანილი თხრობა სრულიად აშკარად ასაჩინოებს, რომ წმ. ბარბარა სამი სარკმელის ჭეშმარიტებას ანუ ერთარსება სამების საიდუმლოს სამი თითის ერთობლიობით წარმოაჩენს კირითხუროთა წინაშე; უფრო ადრე იმავე საიდუმლოს ერთი თითით ჯვრის სახედ აღბეჭდავს ემბაზის მარმარილოზე და მამასთან სიტყვისგების ჟამს ჯერ ერთი თითით ქმნილ ჯვარს დაანახებს მას, შემდეგ კი, როგორც ადრე კირითხუროებს, მამასაც სამი სარკმლის ჭეშმარიტებას ანუ სამების საიდუმლოს თითებით წარმოუჩენს და იმ თითებითვე სრულიად უშიშრად და აშკარად გამოსახავს ჯვრის ნიშანს, თანაც პირდაპირ იტყვის, რომ სამი იგივე ერთია.

წმ. ბარბარას შესახებ დაწვრილებითი უწყება გვაქვს ზემოხსენებული უწმიდესი მამის სვიმეონ მეტაფრასტის აღწერილობაში. ეს აღწერილობა ძველქართულადაც არის თარგმნილი. უპირველესად მოგვაქვს თავად ძველბერძნული ტექსტის უწყება:

“მხევალი ღვთისა ბარბარა ჩამოვიდა კოშკიდან, რომ ენახა, თუ როგორ შენდებოდა აბანო (τὸ λουτρόν). როდესაც იხილა მან, რომ სამხრეთის მხარეს ორი სარკმლით ნათდებოდა იგი, ბრალი დასდო ხელოსნებს და ასე უთხრა მათ: “რატომ არ დაუმატეთ ორ სარკმელს მესამეც, რომელიც კეთილმშვენიერებასთან ერთად მეტ ნათელსხივოსნებასაც შემოიტანდა?” მათ მიუგეს: “მამაშენისაგან გვებრძანა ასე”. ბარბარამ დააძალა მათ, გამოეკვეთათ სხვა სარკმელიც, მაგრამ ხელოსნები შეყოყმანდნენ შემატებაზე და მარჯვედ მოიმიზეზეს შიში მისი მამისადმი. მაშინ ბარბარამ ერთად წარმოაჩინა თითებიდან სამი (τοὺς τρεῖς ἅμα τῶν δακτύλων παραδεικνῦσα) და თქვა: “სამი, სამი სარკმელი უნდა გამოკვეთოთ (τὰς τρεῖς, τὰς τρεῖς θυρίδας ὑμῖν κατασκευαστέον), ხოლო თუკი ამის გამო განრისხდება მამა, მე გავცემ მას პასუხს”. დაემორჩილნენ ხელოსნები და შეასრულეს ბრძანება. როდესაც აბანოს მთელი მორთულობა განეგო, უფრო დაკვირვებით დაათვალიერა იგი წმინდანმა და რადგანაც მისი გული სახიერი სულის მადლით იყო მოცული, ხოლო ქრისტესმიერი რწმენა თავისუფლებით აღავსებდა მას, ემბაზის წინ დადგა ქალწული და აღმოსავლეთით მზირალმა მის მარმარილოზე თითით (τῷ δακτύλῳ) გამოწერა ჯვრის საღვთი სახე (τὸν θεῖον τοῦ σταυροῦ τύπον διεχάραξε τῷ δακτύλῳ); შთამომავლობისათვისაც რომ საცნაური ყოფილიყო, რაც მან ქმნა, და რომ ქადაგებულიყო ქრისტეს ძალი, თითით აღნიშნული სახე ჯვრისა (ὁ σημειωθεὶς δακτύλῳ τοῦ σταυροῦ τύπος) თითქოსდა რკინით ამოიჭრა და გამოინიშნა მარმარილოზე, რაც დღემდე ჩანს და რაც სახილველი როდია მხოლოდ, არამედ მისდამი მჭვრეტელთ უმეტესი რწმენისაკენაც უწინამძღვრებს. გარდა ამისა, თვით აბანოც დღემდე არსებობს და ყოველგვარი ვნებისაგან ჰკურნებს ქრისტესმოყვარეებს... მცირე ხნის შემდეგ მამაც დაბრუნდა, ყოველივე მოიხილა მან  სახლში და აბანოც ნახა. როდესაც სამხრეთის მხარეს ორ სარკმელთან ერთად მესამეც იხილა გამოკვეთილი, იკითხა, თუ ვინ ქმნა ეს მისი ბრძანების გარეშე. როდესაც ხელოსნებმა ბარბარას გადააბრალეს ახალი სარკმლის გამოჭრა, მოუწოდა მან თავის ასულს და ჰკითხა მიზეზი, მან კი არათუ უარყო, არამედ პირიქით იწყო რწმუნება მისი, რომ ამგვარად უნდა ქმნილიყო კიდეც და რომ კარაგადაც იქმნა. წამშივე განრისხდა მამა და უთხრა ასულს: “მითხარ მე, როგორ და რის გამო სჯობია ასე?” მან მიუგო: “იმის გამო, რომ სამი ბევრად განირჩევა ორისაგან, რადგანაც სამი სარკმელი ნათელყოფს ამქვეყნად მომავალ ყოველ კაცს . ამის თქმით ყოვლითურთ გააცხადა მან წმიდა სამების სიდიადე. ბარბარას მამა შეაშფოთა უცხო და უჩვეულო სიტყვამ, განიმარტოვა შვილი, აბანოს ემბაზთან მივიდა და ჰკითხა მას: “როგორ არის ყოველი კაცის ნათელმყოფელი სინათლე სამი სარკმლისა?” ბარბარამ მიუგო: “მისმინე და გულისხმაყავ ჩემგან თქმული”. მყისვე ჯვრის ნიშანი დაანახა მან მამას, თანაც თითებითვე უჩვენა იგი და უთხრა: “იხილე – მამა, ძე და სულიწმიდა. ამ ნათლით სულიერად ბრწყინავს ყველა ქმნილება”, წმ. სვიმეონ მეტაფრასი, ღვაწლი წმიდისა, დიდებულისა და კეთილადმძლისა ქრისტეს დიდმოწამისა ბარაბრასი, პგ. 116, სვ. 304-308).

წმ. სვიმეონის შრომის ძველ ქართულ თარგმანაში ვკითხულობთ:

ბარბარა ეკითხება ხელოსნებს: “რომლისა მიზეზისათჳს არა განაღეთ მესამეცა სარკუმელი, უმეტესისა ნათელცისკროვნებისა თანა კეთილშუენიერებისაცა შექმნად შემძლებელი?” ხოლო იგინი (ხელოსნები, ე.ჭ.), ვითარმედ ”ესრეთ გჳბრძანა მამამან შენმან” იტყოდეს რაჲ, ბარბარა სხჳსაცა განღებასა აწუევდა-ვე ძლიერად და ვითარ მცონარებდეს იგინი (ხელოსნები, ე.ჭ.) განღებისათჳს შიშსა მამისასა წინამოყოფელნი პირშუენიერად სიტყჳსგებისა, სამნი ერთბამად უჩუენნა თითნი ნეტარმან და ”სამნი, ჰრქუა, სამნი განანათლენით სარკუმელნი (XI-XII სს-ის ხელნ. H-1347, რომლის გადამწერადაც არსენ იყალთოელი მიიჩნევა, 134).

ბარბარას მისვლა წყლის სადინართან და მის მიერ თითით ჯვრის გამოსახვა ასეა გადმოცემული ხსენებულ თარგმანაში:

”თუალსა ზედა დადგა სადინელისას და აღმოსავალად მიმართ მხედველმან მის შორისთა მარმარილოთა ზედა საღმრთოჲ დასახა ნიში ჯუარისაჲ და რაჲთა უკუანაჲსკნელთა ყოფადთათჳსცა საცნაურ-ყოს ქმნილი და ქრისტესი იქადაგებოდის ძალი, თითითა დანიშნული იგი სახე ჯუარისაჲ, ვითარცა რკინითა აღმოკუეთილი, იხილვების ვიდრე დღესამომდე დამსერველად მარმარილოჲსა” (H-1347, 134 r).

ბოლოს, მოვიტანთ კიდევ ერთ ციტატას ხსენებული ძველი ქართული თარგმანიდან, სადაც აღწერილია, თუ როგორ უჩვენებს ბარბარა მამას, უპირველესად, იმ ჯვრის აღბეჭდეილობას, რომელიც მან მარმარილოზე ერთი თითით ქმნა, შემდეგ როგორ წარმოუჩენს მასვე თითებით სამს, როგორ გამოუსახავს ჯვარს ამ სამების აღმნიშვნელი თითებით და როგორ გაუცხადებს სიტყვიერად სამების საიუდმლოს.

ბარბარა ასე მიმართავს მამას: “სამნი სარკუმელნი განანათლებენ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად”. ხოლო იტყოდა მოსწავებასა წმიდასა სამებისა. ამას ზედა აღშფოთებული მამაჲ, თჳსაგან წარმყვანებელი მისი და თჳთ ემბაზისა მის აბანოჲსა მიწევნილი, ”ვითარ უკუჱ სამთა სარკუმელთა ნათელი, ჰკითხვიდა, განმანათლებელ იქმნების ყოვლისა კაცისა?” და იგი მიუგებდა: ”მამაო მოიხილე და გულისხმა-ყავ თქუმული”. ამის თანა მყის ჯუარისაჲ უჩუენა სასწაული, მერმე თითთა მიერცა დაუსახა და ”იხილე, თქუა, რამეთუ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ ნათლისა ამის მიერ აგებულსა შჳნა საცნაურად განანათლებს” (H-1347, 134v).

ზემორე ტექსტები სრულიად გარკვევით, სრულიად პირდაპირ გვაუწყებს, რომ ორივე შემთხვევაში, ე.ი. როგორც ერთი თითის მიერ, ასევე “ერთბამად სამითა თითითა” ჯვრის გამოსახვის დროს დიდმოწამე ბარბარა წმიდა სამებას მოასწავებს, წმიდა სამებას სახისმეტყველებს, ცხადყოფს იმ სამს, რომელიც ერთია.

დავძენთ, რომ ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში წმ. სვიმეონ მეტაფრასტამდე ცნობილი იყო დიდმოწამე ბარბარას მარტივი, ე.წ. კიმენური “მარტვილობა”. მის ძველ ქართულ თარგმანაში ვკითხულობთ:

”გარდამოვიდა წმიდაჲ ბარბარე, მჴევალი ღმრთისაჲ, გოდლისა თჳსისაგან და იხილა შენებული იგი აბანოჲსაჲ მის და ვითარცა მიიწია შუვა აბანოსა მას და მივიდა თავსა გამოსადინელისასა, რომელ იყო აბანოსა, სახჱ ჯუარისაჲ გამოწერა თითითა თჳსითა ზედა მარმარილოსა მას. მაშინ გამოჴდა ჯუარისა მისგან წყალი ცხოველი” (XI ს-ის ხელნ. H-341, გვ. 149).

იმავე ტექსტში ერთარსება სამების საიდუმლო ანუ ერთისა და სამის იგივეობა ასეა გამოთქმული:

“სამნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა... ერთი (მამა, ე.ჭ.) გამოსცემს ნათელსა ორთა მათ (ძისა და სულისა, ე.ჭ.), არამედ სწორებით ერთ არიან... იგი ორნი (ძე და სული, ე.ჭ.) არიან ერთ სამისაგან... ესე სამნი არიან მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ” (H-341, 152,154).13

ამგვარად, წმ. დიდმოწამე ბარბარა სწამებს, რომ ჯვარი უნდა გამოისახოს ან ერთი თითით ან “ერთბამად სამითა თითითა”. ჯვრის გამოსახვის ორივე ეს სახეობა ერთარსება სამებას ანუ სიმბოლურად “სამ სარკმელს” სახისმეტყველებს.14 ამას ემოწმება მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა, რომელმაც დიდმოწამედ შერაცხა ბარბარა და რომელმაც ბარბარას მარტვილობის ზემოციტირებული აღწერილობანი წმიდა საკითხავად განაწესა ეკლესიაში, ამასვე სწამებს წმ. სვიმეონ მეტაფრასტი და ბარბარას მოწამეობის ამსახველი ძველქართული ტექსტები, რომლებიც ზემოთ დავიმოწმეთ.

ამჯერად, რამდენიმე სიტყვით შევეხოთ კურთხევის გაცემის ჟამს ჯვრის გარდასახვის წესს. ამ წესის ისტორია დიდ ხანია საფუძვლიანადაა შესწავლილი. ცხადყოფილია, რომ უძველესი დროიდანვე ეს წესი ხელის თითების წყაბოს მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო. აი, ეს ოთხი სახე:


პირველი მათგანი უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც  სპეციფიკურად ქრისტიანული სახე. საქმე ისაა, რომ თითების წყობის დანარჩენი სამი სახეობა გარეგნულ ანალოგს პოულობს ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული პირველი სახე თითთა წყობისა, ამავე დროს, იწოდება კონკრეტულად ძველბერძნულ წესად, რადგანაც ძველბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებს, თუმცა მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც.

ისმის კითხვა: კურთხევის გაცემის წესის ამ ოთხი სახეობიდან რომელია ჭეშმარიტი? ამ კითხვის საპასუხოდ შეგვიძლია დავსვათ ასეთი კითხვა: რომელია ერთი ლიტურგიის ოთხი სახესხვაობიდან (წმ. იაკობის, წმ. პეტრეს, წმ. ბასილის, წმ. იაკობის) ჭეშმარიტი? რომელია ოთხი სახარებიდან (წმ. მათეს, წმ. მარკოზის, წმ. ლუკას, წმ. იოანეს) ჭეშმარიტი?

სამივე კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: ჭეშმარიტია ამათუიმ წესისა თუ აღწერილობის ყველა ის სახესხვაობა, რაც კი შეიწყნარა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

ჩვენ ზემოთ მოტანილი გვქონდა სათანადო ციტატა მ. ჩახავას წიგნიდან,ს ადაც ავტორი კურთხევის გაცემის ერთადერთ ჭეშმარიტ წესად რაცხდა იმ სახეს თითთა წყობისას, რომელიც ზემომოტანილი ოთხი ნიმუშიდან მეორეს შეეფარდება. რაც შეეხება პირველს, მას მ. ჩახავა უდიდეს ცთომილებად და მწვალებლობად დაგვისახავს. ამავე აზრისაა ზ. ნარმანიაც.

მეორე წესის მართებულობას არავინ უარყოფს, რადგანაც იგი შეწყნარებულია მართლმადიდებლობის მიერ15, მაგრამ უმძიმესი შეცდომა იქნება, ამის გამო უარვყოთ პირველი, რადგანაც ეს პირველი წესიც ასევე სავსებით არის შეწყნარებული ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ. უფრო მეტიც, ძველბერძნული მართლმადიდებლობისათვის ძირითადია სწორედ ეს უკანასკნელი, ხოლო ის სახე, რომელიც მ. ჩახავამ ერთადერთ ჭეშმარიტ პირჯვრისწერად განაჩინა, უფრო იშვიათად გვხვდება.

ყველასათვის ხელმისაწვდომია უძველესი ძველბერძნული მართლმადიდებლური ხატები და ნებისმიერი დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია თვითვე შეამოწმოს ზემორე სიტყვათა ჭეშმარიტება.

რაც შეეხება ძველქართულ ხატებს, აქაც (ისევე, როგორც ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში), უწმინდესი ხატები ორივე ზემოაღნიშნულ სახეს წარმოგვიჩენენ.

მ. ჩახავას მიერ ერეტიკულად შერაცხილი თითთა წყობის სახეს გვიჩვენებს ივერიის ღვთისმშობლის უწმიდესი ხატი. დიდი მადლია, რომ ამ ხატის ზედმიწევნითი პირი უკანასკნელ ხანს საქართველოშიც იქნა მოვანებული. ეს ხატი იმდენად წმიდაა და სასწაულთმოქმედი, რომ მისგან გადაღებული პირებიც იმოსებიან პირველსახის უხრწნელი მადლით და მირონმდინარეობის საკვირველებას ავლენენ.

თითთა წყობის ამგვარსავე სახეს გვიმჟღავნებს გელათის მონასტრის უწმიდესი XII ს-ის ხატები მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა ყრმით ხელში. თუ კურთხევის გაცემის აღნიშნული სახეობა “ერეტიკულია”, მაშინ “ერეტიკულია” ყოფილა X-XI სს-ის ათონის ივერთა მონასტერიც (სწორედ ამ დროს დაევანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონზე) და იმ დროს იქ მოღვაწე ბერებიც; “ერეტიკული” ყოფილა გელათის მონასტერი, მისი მესაძირკვლე დავით აღმაშენებელი და მთელი XII ს-ის საქართველო, რადგანაც გელათის მონასტერი წინამძღვარი იყო ქართული მართლმადიდებლობისა.16

შეცდომის სათავეა აზრი იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტება ფორმითაც ისევე ერთია, როგორც არსით. ეს რომ ასე იყოს, დაიწერებოდა მხოლოდ ერთი სახარება, დაწესდებოდა ჟამისწირვის ტექსტობრივად მხოლოდ ერთი წესი, აშენდებოდა აბსოლუტურად იდენტური ტაძრები და სხვა. სწორედ აქეთკენ მივყავართ ფორმობრივი ერთსახოვნების რწმენას, რაც სავსებით უარყოფილია მართლმადიდებლობის მიერ.

ზემოთქმული, ვფიქრობთ, სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სამი აღმართული და ორი (არათითი და ცერი) შეკრული თითით კურთხევის გაცემის წესი ჭეშმარიტად მართლმადიდებლურია. დავძენთ მხოლოდ, რომ მოგვეპოვება ამ წესის მართებულობის ლიტერატურული დადასტურებაც.

წმ. ბასილი დიდის ძმას, წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელსაც უწოდებდნენ “ქრისტეს ეკლესიათა სამკაულს”, დაწერილი აქვს ეპიტაფიური ენკომია, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქიელისადმი. ამ შრომაში ერთგან წმ. გრიგოლ ნოსელი ახსენებს ახალგარდაცვლილი მამის მარჯვენა ხელს და ამბობს (მოგვაქვს წმ. გიორგი მათაწმიდლის თარგმანი):

“სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თჳსთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა” (ხელნ. A-55, XII ს., 319v).

როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლ ნოსელის უწყებით წმ. მელეტი ანტიოქიელი პირისმიერ კურთხევას (ე.ი. პირით წარმოთქმულ კურთხევის ფორმულას) თითთამიერი ჯვრის გარდასახვით სრულყოფდა.

მოტანილი ციტატიდან ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმ. მელეტი კურთხევას გასცემდა “თითთა თჳსთა ჯუარისწერითა”. რამდენი თითი იგულისხმება მოტანილ კონტექსტში? აქვე ვუპასუხებთ: ორზე მეტი! საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენას, განსხვავებით ქართულ-რუსულისაგან, აქვს სამი რიცხვი: მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი (ორზე მეტი), ძველბერძნულ ორიგინალში კი “თითთა”-ს შესაბამისი სიტყვა τοὺς δακτύλους დგას არა ორობით რიცხვში, არამედ მრავლობითში, ხოლო მრავლობითი რიცხვი ბერძნულ ენაში ყოველთვის ორზე მეტს გულისხმობს (აი, ძველბერძნული ტექსტი: “... τῇ τοῦ στόματος εὐλογίᾳ τοὺς δακτύλους συνεπισείουσα,” პგ. 46, სვ. 856).

ბერძნული სიტყვაτοὺς δακτύλους ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა τοὺς δακτύλους (“ტუს დაკტიულუს”), არამედ - τῷ δακτύλῳ (“ტო დაკტიულო”).

ძველბერძნული ტექსტი კიდეც რომ არ ყოფილიყო შემორჩენილი, ზემომოტანილი ძველქართული თარგმანის საფუძველზე სრულიად უყოყმანოდ შეიძლებოდა იგივეს თქმა, რადგანაც თუკი სიტყვა “თითი” (τὸ δάκτυλον) ორიგინალში ორობით ბრუნვაში იქნებოდა დასხმული, მაშინ წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანში უთუოდ გვექნებოდა არა “თითთა”, არამედ “ორთა თითთა”, როგორც ეს გვაქვს, საზოგადოდო, სხვა შემთხვევებში.

ამგვარად, წმიდა გრიგოლ ნოსელის მოწმობით წმ. მელეტი ანტიოქიელი ორზე მეტი თითით აღასრულებდა კურთხევას, რაც უთუოდ სამ და არა ორ აღმართულ თითს გულისხმობს.

სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ წმ. გრიგოლ ნოსელის ხსენებული სიტყვები გაიმეორა შემდეგში წმ. გიორგი მთაწმიდლის ბიოგრაფმა, გიორგი ხუცესმონაზონმა თავად წმ. გიორგი მთაწმიდლის მიმართ, რაც ცხადყოფს, რომ წმ. გიორგი მთაწმიდელიც სამი (და არა ორი) აღმართული თითით აღასრულებდა კურთხევას.

კიდევ გავიმეობრეთ, რომ ზემოთქმული არ ნიშნავს ორი აღმართული თითით კურთხევის გაცემის უარყოფას. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ მართლმადიდებლობაში არსებული ერთი ფორმობრივი ტრადიციის (კერძოდ, ორი აღმართული თითით კურთხევის გაცემის) ერთგულებამ არ უნდა მიგვიყვანოს მართლმადიდებლობის მიერვე ასევე სავსებით შეწყნარებული მეორე ფორმობრივი ტრადიციის (კერძოდ სამი აღმართული თითით, - საჩვენებლით, შუათითით და ნეკით, კურთხევის გაცემის) უარყოფამდე.
------------------------------------------------------------------------------------ 
1 – ეს სიყალბე სპეციალურ ლიტერატურაში კარგა ხანია გამომჟღავნებულია. იხ. Арх Григорий, დასახ. შრომა, გვ. 73.

2 – სხვათაშორის, საყურადღებოა, რომ თვით ამ გვიანდელი მამის დამოწმებაც ორი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ შეესაბამება სინადმვილეს. იხ. ამის შესახებ დაწვრილებით Арх. Григорий, დასახ. წიგნი, გვ. 74-78.

3 – წმ. იპოლიტე რომაელი პირდაპირ აღნიშნავს: “ჯვარი გადაიწერე შენს შუბლზე” (consignare tibi frontem).

4 – სხვაგან წმ. იოანე გვაუწყებს: “ჯვარი გამოისახე შუბლზე” (τὸν Σταυρὸν ἐπὶ τοῦ μετώπου διατύπωσον, მეორე კატეხიზმო მოსანათლთა მიმართ, პგ. 49, სვ. 240).

5 – კონკრეტულად გულზე ჯვრის გამოსახვა გვხვდება, აგრეთვე, წმ. კვიპრიანეს წამებაში: “დაიწერე ჯუარი გულსა შენსა ზედა” (κατασφραγίσαι σου τὴν καρδίαν), რაჲთა აღმოვიდეს გულისაგან შენისა ჴსენებაჲ უსასოებისაჲ” (იხ. ხელნ. A-95, 795).

6 – წმ. ნილოსი სხვაგან აღნიშნავს: “შუბლზე გადაისახე ჯვარი” (τὸν σταυρὸν ἐπὶ τοῦ μετώπου διατύπωσον, პგ. 79, სვ. 525 ც).

7 – წმ. იოანე ოქროპირი გვაუწყებს: “თუკი აგზნებულს იხილავ გულს, დაიბეჭდე მკერდი ჯვრის დადებით” (მათეს თავის განმარტება, LXXXVII, პგ. 58, სვ. 771, შდრ. ორიგინალი:  κἄν φλεγμαίνουσαν ἴδῃς τὴν καρδίαν σου, σφράγισον τὸ στῆθος ,τὸν σταυρὸν ἐπίθεις).

8 – იხ. მისი სტატია “ჯვრის თაყვანება ბერძენთა შორის”, ჟურნ. “აღმოსავლეთის ხმა”, 1901, ტ. V.

9 – არა მხოლოდ ნათლისღება ითქმის ჯვრად, არამედ ჯვარიც ნათლისღებად” (იოანეს თავის განმარტება, XXXV, პგ. 59, სვ. 151, Οὐ μόνον δὲ τὸ βάπτισμα σταυρὸς λέγεται, ἀλλὰ καὶ ὁ σταυρὸς βάπτισμα).

10 – ანდრია კრიტელი, სიტყუაჲ ყოვლად მსოფლიოჲსათჳს ამაღლებისა... ჯუარისა, იხ. ძველი მეტაფრასული კრებული, ნ. გოგუაძის გამოც. თბ., 1986, გვ. 318.

11 – იქვე.

12 – აქ აშკარად გვესმის გამოძახილი წმ. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებისა: “სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა და ეს სამნი ერთი არიან” (იოანე 5,7).

13 – აღვნიშნავთ, რომ წმ. ბარბარას შესახებ არსებულ თხრობაში “აბანოც”, აბანოს “ემბაზიც”, მარმარილოზე “თითით ქმნილი ჯვარიც” და ამ ჯვრის ძალით გადმოღვრილი “ცხოველი წყალიც”, აგრეთვე, კირითხუროთა წინაშე ერთარსება სამების ნიშნად “ერთბამად სამი თითის ჩვენებაც”, მამის წინაშე ამ თითებითვე მამის, ძისა და სულიწმიდის გაცხადება და იმავე თითებით ჯვრის გამოსახვა, ქალწულის სამების სახელით ნათლისღებას მოასწავებს და ყველა ეს საგანი თუ საგნის აღმნიშვნელი სიტყვა ყოფით მნიშვნელობასთან ერთად, ისტორიულ ნამდვილობასთან ერთად ღრმა სულიერი შინაარსის შემცველია.

14 – შდრ. საგალობელი: “განხუმითა მით სამთა მათ სარკუმელთაჲთა სამებაჲ წმიდაჲ გამსოახე, ღირსო ბარბარა” (მიქაელ მოდრეკილის იადგარი, გვ. 336).

15 – ორი თითით კურთხევის გაცემის ლიტერატურული დადასტურება გვაქვს იოანე მოსხის “ლიმონარის” ძველქართულ თარგმანაში.

16 – ამასვე სრულიად აშკარად ადასტურებს წმ. სერაპიონ ზარზმელის (IX ს.) მიერ ხელთპყრობილი უწმიდესი ხატი ფერიცვალებისა (იხ. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971, ტაბ. 125), აგრეთვე, სწორედ XII ს-ის უწმიდეს სახარებათა მინიატურები (იხ. იქვე, ტაბ. 104,105).

ედიშერ ჭელიძე
”ეკლესია - სძალი უფლისა”, 1990 წ.

No comments:

Post a Comment