Sunday, February 10, 2019

კლიმენტი ალექსანდრიელი - სტრომატა

წიგნი V

თავი X

[9]მართებულად ამბობს საღვთო მოციქული: “გამოცხადებით არის ნაუწყები ჩემდამი საიდუმლო, როგორც ადრეც მოგწერეთ მოკლედ, რის მიხედვითაც, წაიკითხავთ რა, შეძლებთ შეიცნოთ ჩემი წვდომა ქრისტეს საიდუმლოში, რაც არ გამჟღავნებია ადამიანის ძეთა სხვა თაობებს, როგორც აწ გაეცხადათ მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს” (ეფეს. 3, 3-5)1.

ამგვარად, არსებობს სრულთა რამ სწავლებაც, რის შესახებ კოლასელთა მიმართ მიწერილში ამბობს იგი: “არ ვცხრებით თქვენთვის მლოცველნი და მთხოვნელნი, რომ მისი ნების შემეცნებით სავსე იყოთ თქვენ ყოველგვარ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში, მიმოდიოდეთ ღირსად უფლისა ყოველნაირი სათნოყოფით, ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფისგამომღებლები და აღორძინებულები ღვთის შემეცნებაში, მთელი ძალით გაძლიერებულები მისი დიდების ძალმოსილებისამებრ” (კოლ. 1, 9-11)2. და კიდევ: “ღვთის განგებულებისა[10]მებრ, რაც თქვენდამი მომეცა მე, რომ აღვასრულო სიტყვა ღვთისა, - საიდუმლო, დაფარული საუკუნეთაგან და თაობათაგან, ამჟამად რომ გაეცხადათ მის წმინდანებს, რომელთათვისაც ინება ღმერთმა, ეუწყებინა, რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის” (კოლ. 1, 25-27)3.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - XXXII სიტყვა

განსჯათამიერი კეთილწესიერებისა და იმის თაობაზე, რომ არ არის შესაფერისი ყველა ადამიანისთვის, არცთუ ყველა ჟამისთვის, ღვთის შესახებ განსჯა

[94]ა. ვინაიდან მოსწრაფებით შემოიკრიბეთ და კრებულიც ხალხმრავალია, თან, - სწორედ ამიტომ, - ყველაზე მეტად არის ჟამი მუშაკობისა, მოდი, გიბოძებთ თქვენ სასყიდელს1 რასმე, - თუმცა კი უღირსს საზოგადო მოსწრაფებისთვის, მაგრამ არა უდარესს2 ჩემეული შემძლეობისათვის, რადგან პირველი3 უმეტესს ითხოვს, ხოლო მეორე4 ზომიერებას განგვიკუთვნებს; და უმჯობესია მინიჭება ძალისებრისა, ვიდრე მოკლება ყოველივესი, რადგან თუნდ საღვთო, თუნდ, მსგავსადვე, ადამიანურ საქმეებში დამნა[95]შავე ის როდია, ვინც ვერ შეძლო ამგვარი რამ, არამედ ბრალი იმას აქვს, ვისაც სურვილიც არ ჰქონია. ვარ კი მწყემსი მცირე და უპოვარი, არცთუ ჯერაც მოსაწონი სხვა მწყემსებისთვის (ვინაიდან ზომიერია ამგვარად თქმა) სათნოჩენისა და მართალი სიტყვის გამო ანთუ, სულმოკლეობისა და მოპაექრეობის მიზეზით5, "არ ვიცი, ღმერთმა იცის", ამბობს საღვთო მოციქული6 და აშკარად ასაჩინოებს გამოცხადების დღესა და საბოლოო ცეცხლს, რითაც განისჯება და განიწმინდება ყოველივე ჩვენეული. მაინც, ვეცდები კი ძალისამებრ, არათუ დავფარო მადლი, ანთუ ხვიმირის ქვეშ დავდო სასანთლე7, ანდა დავფლო "ტალანტი"8, - რაზეც ხშირად მსმენია თქვენგან, უმოქმედობას რომ მიკიჟინებდით და მდუმარებას რომ მოიძაგებდით, - არამედ განგსწავლოთ ჭეშმარიტების სიტყვებით და სულიწმინდასთან9 შეგანაწევროთ.