Sunday, March 31, 2019

ფსევდოკლიმენტინური ძეგლები

93-94


ორი ეპისტოლე ქალწულთა მიმართ

ჩვენ კვლავ წმინდა კლიმენტი რომაელის შესახებ რაც განსახილველი დაგვრჩა წარმოვადგენთ. ვგულისხმობთ კვლავაც იმგვარ ძეგლებს, რომლებსაც ავტორად ჰყავთ კლიმენტი რომაელი, მაგრამ არ არის დაზუსტებული, რომ ძეგლი, ჩვენამდე მოღწეული სახით, მართლაც კლიმენტისგან დაიწერა თუ არა.

ერთი რამ მკვლევართა შორის ამ ბოლო ხანებში იკვეთება, რომ ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურტის დიდი ნაწილი არქეტიპულად, ე.ი. ყველაზე უფრო ჭეშმარიტი ნაწილების მხრივ, მართლაც წმინდა კლიმენტი რომაელის კალამს უნდა ეკუთვნოდეს, რაც (ეს პირველაღწერილობა) შემდგომში გადამწერთაგან, სხვადასხვა პირთაგან შეივსო, შეზავდა დამოუკიდებლად, ასევე ზეპირ გადმოცემაში არსებული ცნობებით, ზოგ შემთხვევაში არმართლმადიდებლური სწავლებებითაც შეივსო. ამ გაგებით საბოლოოდ გარკვეულ ფორმამდე მისული ძეგლი მართლმადიდებლური ლიტერატურის ნაწილად და წმინდა კლიმენტი რომაელის შრომად ვეღარ ჩაითვლება. აი ამგვარი ხასიათის ძეგლებს ეწოდებათ “ფსევდოკლიმენტინური ძეგლები” და ამ ძეგლების ერთობლიობას “ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურა”.