Thursday, December 6, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია და ეროვნულობა

[5]მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შუქზე ეროვნულობის რაობის დადგენა, პირველ რიგში, გარდაუვალად გულისხმობს იმ უარსებითესი საკითხის განხილვას, რაც უკავშირდება თავად მართლმადიდებელი ეკლესიის რაობას ეროვნულობასთან მიმართებით. ამაზე მსჯელობა სადღეისოდ (განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის) განსაკუთრებული მნიშვნელობის აუცილებლობად წარმოჩნდა, ვინაიდან სახეზეა არაიშვიათი შემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის რაობის უმძიმესი გაუკუღმართებისა.

მრავალი კერძოობით ასპექტთან ერთად ყურადღებას მივაქცევთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რაც ეხება ტერმინ "ეროვნულის" თანამიმდევრულ, უფრო და უფრო გახშირებულ, თითქმის უკვე დაკანონებულ ანუ "კანონიკურ" მისადაგებას, მისართებას და თვისობრივ თანაშერწყმას ცნებასთან "მართლმადიდებელი ეკლესია".

მრავალენოვანი ბიბლია



მრავალენოვანი ბიბლია ანუ “Biblia Polyglotta”. საქართველოში, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის მიერ მომზადებული ბიბლიის მრავალენოვანი გამოცემა, სადაც პარალელურ სვეტებად არის განლაგებული მთელი ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტი. ჯერჯერობით პუბლიცირებულია მხოლოდ ერთი ტომი, რომელშიც  წარმოდგენილია "შესაქმის" წიგნი.

მკვლევრის მითითებით, პუბლიკაციის მიზანი გახლავთ ქართულენოვანი ბიბლიის რედაქციული მრავალფეროვნების წარმოჩენა, რაც სრულად არის იგნორირებული მსგავსი ტიპის წინარე გამოცემებში, მათ შორის ტიგრან აივაზიანის მიერ ბოლო პერიოდში მომზადებულ „ახალ პოლიგლოტაში“.

"რედაქციული მრავალფეროვნებისა და მასალობრივი (მათ შორის ტერმინოლოგიური) სიმდიდრის კუთხით ქართულენოვანი ბიბლიური ტექსტები ბევრად აღემატება ყველა სხვა ენას, რომელზეც კი ბიბლია არსებობს. შესაბამისად, „მრავალენოვანი ბიბლიის“ ფარგლებში აღნიშნული სიმდიდრის იგნორირება სრულიად დაუშვებლად გვესახება, რის გარკვეულ გამოსწორებასაც ისახავს  წინამდებარე პუბლიკაცია" (ე. ჭელიძე).


გზა სამეუფო




[3]ტერმინი "გზა სამეუფო" მომდინარეობს ძველი აღთქმიდან (რიცხვთა 20,17: "გზაი სამეუფოჲ განვლოთ"). გამოთქმა "გზა სამეუფო" უძველესი დროიდანვე დამკვიდრდა ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების აღმნიშვნელად, რაც პირდაპირაა უწყებული ერთ-ერთი წმინდანის მიერ: "მამებმა დაგვიტოვეს ჩვენ გზა სამეუფო" (იხ. წმ. მამათა გამონათქვამები, ამბა პიმენი, “პატროლოგია გრეკა" = “პგ”. ტ.65, 329). ამ გზას დასაბამიდანვე შეერთვოდა საქართველოს ეკლესია.

სამეუფო გზაზე სვლა, ეკლესიური სწავლებით, უარყოფს ყოველგვარ ზოგად უკიდურესობას, განსაკუთრებით კი დაპირისპირებას ცოდნასა და რწმენას შორის. მარტოოდენ ცოდნა, რწმენის გარეშე, ამპარტავნულია და უნაყოფო, მაშინ როცა, მეორე მხრივ, ცოდნისაგან დაცლილი რწმენით თვითმიზნური თავმოწონება ხშირად ქცეულა ფანატიკური სიბრმავის სათავედ, ხოლო "ფანატიზმი" (ლათინური სიტყვა) ბერძენ მამათა მიერ ავადმყოფურ სიგიჟედ ანუ "ეპილეფსიად" იწოდება (საპირისპიროდ "საღი გონებისა" ანუ "მრთელი ცნობიერებისა"). თვით საღვთო წერილიც კი, თუკი მას ცოდნისმიერად, "მეცნიერებით" არ ვჭვრეტთ და მარტოოდენ მატერიალურ ნაწერს, სიტყვათა ნივთიერ მნიშვნელობას ანუ მხოლოდ მის ტექსტობრივ ბუკვალურობას ვაქცევთ რწმენის საგნად, ფანატიზმის, სიშლეგის წყაროდ იქცევა.


ქრისტიანობა და საზოგადოება

აღნიშნული თემა – ქრისტიანობა და საზოგადოება – უაღრესად მრავალწახნაგოვანია; არც ამ კონფერენციაზე და არც საზოგადოდ, მიზნად არ გვაქვს, რომ ეს პრობლემა ყველა ასპექტით ამოვწუროთ. შევეხებით, ჩვენი აზრით, ყველაზე არსებითს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სხვა წახნაგის მართებული გადაწყვეტისა და გაცნობიერების საშუალებას მოგვცემს. ვფიქრობთ, ეს მართებული გაცნობიერება დევს იმ საფუძველში, რაც გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრებისა და მისი წიაღის – ეკლესიის სულიერ მიმართებას საზოგადოებისადმი, თუ როგორ ჭვრეტს ეკლესია საზოგადოებას. “საზოგადოებად” ვგულისხმობთ მხოლოდ ეკლესიის გარეთ მყოფ ნაწილს კაცობრიობისას და არა, ამავე დროს, ვთქვათ, მრევლსაც, იმიტომ, რომ მრევლი თავისთავად განუყოფელი ნაწილია ეკლესიისა, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია როგორც კრებული წარმოადგენს სამღვდელოებისა და მრევლის ერთიანობას. ასე რომ, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ შევეხებით და, ძალისამებრ, განვმარტავთ სწორედ იმას, თუ როგორია ამ მთლიანობის, ამ განუყოფლობის (ე.ი. სამღვდელოებისა და მრევლის ერთმთლიანი სისავსის) ანუ ჭეშმარიტი ეკლესიის მიმართება ამავე ეკლესიის სულიერი გალავნის მიღმა მყოფი კაცობრიობისადმი.