Monday, March 11, 2019

სალაპარაკო ენის წარმოშობა

56


ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით კონკრეტულად სამოთხისეულ ცხოვრებაში ადამთან დაკავშირებით ენის რაობის საკითხს და აღვნიშნავდით, რომ ენა, რომლითაც ადამი სამოთხეში მეტყველებდა, თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ენას მხოლოდ სიმბოლურ გაგებას შევუნარჩუნებთ, ეს იყო იგივე შინაგანმდებარე სიტყვა. ჩვენ ეს ტერმინები ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ, რომ ეკლესიური სწავლებით არის ორი სახეობა სიტყვისა, ერთია შინაგანმდებარე სიტყვა, მეორეა გარეგანი სიტყვა, გამოვლენილი ანუ პროფორიკული სიტყვა. ის რასაც ენათმეცნიერება შეისწავლის, რაც გრამატიკულ კანონზომიერებას დამყარებული ენაა, ეს გახლავთ სწორედ პროფორიკული ანუ გარეგანი, ანუ ხმოვანი სიტყვა, ხოლო შინაგანმდებარე სიტყვა არის იგივე აზროვნებითი მეტყველება, აზრისმიერი სიტყვა და ადამს სამოთხეში სწორედ ეს მეტყველება ჰქონდა. ამავე აზრით გაიგება მის მიერ ცხოველებისადმი სახელის დარქმევაც, რომ სულიერად, აზრისმიერად განჭვრიტა მათი რაობა, მათი სახეობა და საკუთარ გონებაში განსაზღვრა კიდეც, დაახარისხა კიდეც თითოეული მათგანი. აქ, რა თქმა უნდა, არაა საუბარი იმაზე, რომ ამა თუ იმ ცხოველს რაღაც კერძოობითი, თანხმოვნებისა და ხმოვნებისგან შედგენილი სახელი დაარქვა მან.