Wednesday, February 27, 2019

საეკლესიო მწერლობის პოლემიკური ჟანრი

19


ჩვენ ამჯერად შევეხებით კიდევ ერთ ჟანრს საეკლესიო ლიტერატურისას, რა თქმა უნდა, კვლავაც უაღრესად ზოგადად, მხოლოდ ძირითად ხაზებში, ეს გახლავთ პოლემიკის ჟანრი, პოლემიკური ლიტერატურა.

აღვნიშნავდით, რომ პოლემიკა, როგორც ჟანრი, შეიძლება ნაკლებ ექვემდებარებოდეს ცალკე გამოყოფას, იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივ დოგმატიკასთან ერთად მოიაზრება, რადგანაც დოგმატურ დებულებებზე წარმოებდა ჩვეულებრივ პოლემიკა და დოგმატური ძეგლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოლემიკის საფუძველზე დაწერილა და ჩამოყალიბებულა ეკლესიის მამათაგან. მიუხედავად ამისა, მაინც ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ საკუთრივ პოლემიზმზე, პაექრობაზე და პაექრობითი თვისების უფრო მეტად ამსახველ ძეგლებზე, რითაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი ხდება, რომ პოლემიკური მწერლობა, როგორც ცალკე ჟანრი გამოვყოთ დოგმატიკისგან და ეს გამოყოფა, თავისთავად ცხადია, ყველა შემთხვევაში პირობითია.პოლემიკური ლიტერატურის აღმოცენებას განაპირობებდა ქრისტიანული მოძღვრების გარდაუვალი კონფლიქტი იმ სარწმუნოებებთან, იმ მოძღვრებებთან, იმ აღმსარებლობებთან, რომლებიც რომის საზოგადოების, ანდა ზოგადად კაცობრიობის სხვადასხვა რეგიონში იყო გაბატონებული. იმიტომ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ რომის იმპერიით არ განისაზღვრებოდა, თავდაპირველად ამგვარად იყო, მაგრამ შემდეგში ის თანდათანობით მთელ მსოფლიოს მოედო და პოლემიკა ქრისტიანობისა სხვადასხვა სარწმუნოებებთან ყოველთვის სახეზეა. ისტორიულად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რომის იმპერიაში მიმდინარე პაექრობანია ჩვენთვის ყურადღების საგანი და ამ ნიადაგზე აღმოცენებული საეკლესიო ძეგლები.