Monday, April 22, 2019

იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება

138–140
ნათლისღების შესახებ

კვლავ იუსტინე მარტვილის თეოლოგიის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარში ჩვენ ფაქტობრივად შემოვიფარგლეთ ერთი თემატური საკითხით, რაც უკავშირდებოდა დასაბამიერ ცოდვას და განღმრთობას. საკმაოდ ვრცელი ციტატა დავიმოწმეთ წმ. იუსტინესგან და შევეცადეთ ამ ციტატის, სადაც დაუნჯებულია მისი სწავლება ხსენებულ საკითხებზე, კომენტირებას. ამჯერად კი შევეხებით იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველების არანაკლებ და შეიძლება გარკვეული კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვანს თავისი წყაროთმცდობნეობითი ღირსებით, საკითხს ნათლობისა და ზიარების შესახებ. ფაქტობრივად ეს კვლავ განღმრთბის საკითხს უკავშირდება, ისევე როგორც დასაბამიერი ცოდვის საკითხსაც, რადგან სწორედ ნათლისღებით შეიმუსვრება პირველცოდვა და განღმრთობისკენ გზა ადამიანს კვლავ გაეხსნება სწორედ ამ უწმინდესი საიდუმლოს გზით, მაგრამ ამავე დროს ნათლისღება და ზიარება, როგორც შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ორი, საკუთრივ ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას უკავშირდება და ჩვენ შეგვეძლო ამ თემისთვის, ამ საკითხისთვის ასედაც გვეწოდებინა - წმ. იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველება

135-137
წმ. იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ (გაგრძელება).

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბოლო საუბარში განვიხილავდით წმ. იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველებას, კერძოდ შევჩერდით მის სწავლებაზე ანტიკური ფილოსოფიის, ანტიკური კულტურის შესახებ. წარმოვადგინეთ სათანადო ციტატები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოარჩევს იუსტინე მარტვილი ანტიკურობის ღირსეულ ნაწილს და ამ ღირსეული ნაწილის გამომთქმელთ დანარჩენი ნაწილისაგან, ბნელეთისაგან და როგორ განუკუთვნებს ღირსეულ მოღვაწეებს, წინაქრისტიან მოღვაწეებს, წინასწარ მბაძველებს და აჩრდილისებ მიმსგავსებულებს ქრისტიან მოღვაწეებთან, აღმატებულ ქებას და ეპითეტებს. კონკრეტულად სოკრატეზე გვქონდა მსჯელობა, რომელსაც რამდენიმეგზის ასახელებს იუსტინე მარტვილი და დიდ ღირსებას განუკუთვნებს მას. კვლავ შეგახსენებთ იმ ციტატას, რითაც ჩვენი წინა საუბარი დავაბოლოვეთ, როდესაც იუსტინე მარტვილი აღნიშნავდა, რომ “სოკრატემ უგვან დემონთა უკუგდება ასწავლა ხალხს და გონებრივი ძიების გზით შეუცნობელი ღვთის შეცნობისკენ წარმართა ისინი. ასე უთხრა მათ: ყოველთა მამისა და შემოქმედის პოვნა ადვილი არ არის, არცთუ პოვნილის ყველასათვის გაცხადებაა უსაფრთხო. ეს ქმნა ჩვენმა ქრისტემ თავისი ძალით, ხოლო სოკრატეს არავინ ერწმუნა და იგი ამ მოძღვრების გამო მოკვდა”. ფაქტობრივად ამ ციტატის განხილვით დავაბოლოვეთ ჩვენი წინა საუბარი, თუმცა ამ ციტატის მომდევნო ნაწილიც მხოლოდ ნაწილობრივ განვიხილეთ და აღვნიშნეთ, რომ ამ ბოლო ნაწილსაც ასევე სპეციალური შესწავლა სჭირდება და ამიტომ წინა საუბარში ჩვენ აღარ შევჩერდით ამ ბოლო ნაწილზე დაკონკრეტებით.

იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ

133–134
წმ. იუსტინე მარტვილის მოძღვრება ღვთისა და ღვთიური ჭეშმარიტების მარცვალთა ანტიკურ ფილოსოფიაში გამოვლენის შესახებ

ჩვენი წინა საუბრები ეთმობოდა II ს-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოღვაწეს, სახელგანთქმულ ღვთისმეტყველს - წმ. იუსტინე მარტვილს. მიმოვიხილეთ მისი მოღწეული, დაკარგული, ფსევდო შრომები და ამჯერად ყურადღებას მივაპყრობთ მოღწეული შრომების საფუძველზე აღნიშნული მოღვაწის ღვთისმეტყველებას, საღვთისმეტყვე-ლო ნააზრევს. თუმცა, როდესაც წმ. იუსტინეს საღვთისმეტყველო ნააზრევზე ვსაუბრობთ, უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება ავტორის ხელიდან გამოსული ისეთი შრომა, სადაც სრულად იქნებოდა გადმოცემული მისი ქრისტიანული მოძღვრება, გამომდინარე იქიდან რომ ასეთი სახის შრომები ჩვენამდე არ მოღწეულა. ასეთი თხზულებები ჩვენ უკვე განვიხილეთ, სადაც გადმოცემული იყო მოძღვრება ღვთის განგებულების შესახებ, სულის შესახებ, აღდგომის შესახებ, უარყოფა ყველა წვალებისა და მარკიონის წინააღმდეგ. აი ეს შრომები, რომლებიც დაკარგულია, ჩვენთვის სწორედ ამ მიზანდასახულობით იქნებოდა უაღრესად სასარგებლო, რომ შეჯამებულად და მთლიანობაში იუსტინე მარტვილის მოძღვრება სისტემური წესით შეგვესწავლა და გადმოგვეცა კიდეც.

იუსტინე მარტვილის ნაშრომთა მიმოხილვა

130–132
იუსტინეს დიდი და მცირე აპოლოგია

უშუალოდ წინა საუბარი მოგეხსენებათ ეხებოდა წმ. იუსტინე მარტვილს, II ს-ის ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. განვიხილავდით მისი ცხოვრების პირველ ნაწილს, როდესაც იგი, გამოკვეთილად ანთებული ჭეშმარიტების ძიების წყურვილით, სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას მიმოივლიდა, სტოიკოსებიდან დაწყებული პლატონელთა ჩათვლით, და ბოლოს ღვთის განგებითაც და საკუთარი ძალისხმევითაც ქრისტიანულ მოძღვრებას მიეახლა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცებული ბერისგან ჭეშმარიტება შეიტყო მან. აქ დასრულდა ჩვენი წინა საუბარი, როდესაც ჩვენ მოვიტანეთ კიდეც მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰპოვა რა ქრისტიანული მოძღვრება, იუსტინე მარტვილმა მას უწოდა ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია (ეს სიტყვებიც ტრიფონისადმი დიალოგის VIII თავში აქვს თქმული იუსტინეს).

არისტონ პელაიელი (II ს.), წმიდა იუსტინე მარტვილი (II ს.)

129
არისტონ პელაიელი და მისი აპოლოგეტური შრომა “იასონისა და პაპისკონის პაექრობა ქრისტეს შესახებ”

ჩვენი წინა განხილვა ეძღვნებოდა არისტიდეს, ერთ-ერთი უადრესი ქრისტიანი აპოლოგეტის შრომას, რომლის განხილვაც გადაჯაჭვულია მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, საეკლესიო ძეგლის “ბალავარიანის” ისტორიაზე. ამიტომ იყო, რომ არისტიდეს აპოლოგიასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელსაც (ბალავარიანსაც) მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ. ამჯერად კი კვლავ ვუბრუნდებით ქრონოლოგიურ ხაზს და არისტიდეს შემდეგ შევეხებით შედარებით უფრო გვიანდელი დროის მოღვაწეს, ასევე აპოლოგეტს, რომელიც რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ წინარე საუბრებში, არისტონ პელაიელს. რა თქმა უნდა, არისტონ პელაიელი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანი აპოლოგეტი მოღვაწე გახლავთ, მაგრამ რამდენადაც ამ პიროვნებასაც გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საეკლესიო აპოლოგეტიკის ჩამოყალიბების დიდ საქმეში, ვფიქრობთ ორიოდე სიტყვით მასაც გარკვეული ყურადღება უნდა დავუთმოთ.