Monday, April 22, 2019

იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება

138–140
ნათლისღების შესახებ

კვლავ იუსტინე მარტვილის თეოლოგიის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარში ჩვენ ფაქტობრივად შემოვიფარგლეთ ერთი თემატური საკითხით, რაც უკავშირდებოდა დასაბამიერ ცოდვას და განღმრთობას. საკმაოდ ვრცელი ციტატა დავიმოწმეთ წმ. იუსტინესგან და შევეცადეთ ამ ციტატის, სადაც დაუნჯებულია მისი სწავლება ხსენებულ საკითხებზე, კომენტირებას. ამჯერად კი შევეხებით იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველების არანაკლებ და შეიძლება გარკვეული კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვანს თავისი წყაროთმცდობნეობითი ღირსებით, საკითხს ნათლობისა და ზიარების შესახებ. ფაქტობრივად ეს კვლავ განღმრთბის საკითხს უკავშირდება, ისევე როგორც დასაბამიერი ცოდვის საკითხსაც, რადგან სწორედ ნათლისღებით შეიმუსვრება პირველცოდვა და განღმრთობისკენ გზა ადამიანს კვლავ გაეხსნება სწორედ ამ უწმინდესი საიდუმლოს გზით, მაგრამ ამავე დროს ნათლისღება და ზიარება, როგორც შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ორი, საკუთრივ ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას უკავშირდება და ჩვენ შეგვეძლო ამ თემისთვის, ამ საკითხისთვის ასედაც გვეწოდებინა - წმ. იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

როდესაც ვამბობთ, რომ წყაროთმცოდნეობითად განსაკუთრებით ფასობს იუსტინე მარტვილის სწავლებანი ამ ორ უდიდეს საიდუმლოზე, აქ ვგულისხმობთ შემდეგს: მართალია ზოგადი უწყებით ნათლისღებისა და ზიარების შესახებ ჩვენ უადრესი წყაროები და თვით ახალი აღთქმიდან მომდინარე უწყებანი გვაქვს, მაგრამ აღწერილობა თუ როგორი იყო ამ საიდუმლოთა მიმდინარეობის პროცესი, როგორ სრულდებოდნენ ისინი, აი ამ კუთხით იუსტინე მარტვილის უწყებანი გახლავთ დღეისათვის ჩვენთვის ყველაზე ადრინდელი წყარო და შესაბამისად ეს გარემოება მის სწავლებას ნათლისღებისა და ზიარების საიდუმლოთა შესახებ განუზომელ მნიშვნელობას ანიჭებს. იუსტინე მარტვილის მიერ აღწერილი ნათლობა და ევქარისტია, ანუ იგივე ზიარება, იგივე ჟამისწირვა, ჩვენ გვხვდება პირველი აპოლოგიის ბოლო ნაწილში (როგორც აღვნიშნავდით იუსტინემ ორი აპოლოგია დაწერა, დიდი და მცირე), სადაც  გადმოცემულია სწავლება ნათლობისა და ევქარისტიის ანუ ჟამისწირვის შესახებ და თავისთავად ცხადია სწორედ ეს ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროთმცოდნეობითად ხსენებულ აპოლოგიაში.

თუ დავიწყებთ ნათლისღებით, ნათლისღებასთან დაკავშირებით იუსტინე მარტვილი გადმოგვცემს ასეთ სწავლებას (ჩვენ მოვიტანთ სრულად იმ ციტატას, რომელიც სხვათაშორის გამოქვეყნებულიც გვაქვს “ჯვარი ვაზისას” ერთ-ერთ ნომერში, რადგან განსაკუთრებული მნიშვნელობის უწყებად გვესახება იგი): “განგიმარტავთ თუ რა სახით განვუკუთვნებთ ჩვენს თავს ღმერთს, რომლებიც განვახლდით ქრისტეს მიერ, რადგანაც ამგვარი განმარტების გარეშე უკეთურებაში ჩავვარდებით. რომლებიც ირწმუნებენ და დაიჯერებენ, რომ ჩვენეული სიტყვები და სწავლებანი ჭეშმარიტია, იმასაც აღგვითქვამენ, რომ ძალუძთ ამგვარად ცხოვრება (აქ პროცესია აღწერილი იუსტინესგან, რომ თავდაპირველად კატეხიზაციაა აუცილებელი პიროვნებებისა, რომლებიც ირწმუნებენ იმას რაც ქრისტიანთაგან იქადაგება წარმართთა მიმართ, რასაც მოედევნება ამ პირთა აღთქმა ქრისტიანთადმი, რომ მათაც შეუძლიათ ამ წესით ცხოვრება, რომ ისინიც უკვე ქრისტიანული ცხოვრების მოსურნენი არიან). შემდეგ ისინი განისწავლებიან ლოცვაში და მმარხულნი ვედრებასაც აღავლენენ ღვთისადმი (ე.ი. მარხვასაც აღასრულებენ, ლოცვასაც და ვედრებასაც ღვთისადმი), რომ მიეტევოთ ადრინდელი შეცოდებანი”. აქ ერთი უაღრესად საყურადღებო შტრიხი აქვს ხაზგასმული წმ. იუსტინეს, რაც დღეს ნაკლებად შესამჩნევია, რომ პიროვნება, რომელიც გაქრისტიანების გზაზეა, ნათლისღებისკენ მიდის, ეკლესიის კარიბჭე უნდა შეაღოს და ამისთვის ემზადება, ლოცულობს, მარხულობს და უფალს ევედრება, იგი მარტო არ არის. ის პირები, რომლებიც უკვე ქრისტიანები არიან და რომელთა ზეგავლენითაც ესა თუ ის მოუნათლავი აპირებს მონათვლას და ქრისტიანობის გზაზე დადგომას, მის გარშემო არიან და მასთან ერთად ლოცულობენ, რომ გააძლიერონ ეს პიროვნება ჭეშმარიტებისკენ სვლაში. ამიტომაა, რომ როდესაც წმ. იუსტინე საუბრობს კათაკმევლებზე, რომლებიც ვედრებასაც აღავლენენ ღვთისადმი, რომ მიეტევოთ ადრინდელი შეცოდებანი, ამის შემდეგ უკვე საკუთარ თავზე და სხვა ქრისტიანებზე მსჯელობს და ამბობს: “მათთან ერთად ვილოცავთ და ვიმარხავთ ჩვენც. ამის შემდეგ მოგვყავს ისინი (კათაკმევლები) იქ სადაც წყალია. აქ ახლად იშვებიან ისინი იმგვარივე ახალშობით, როგორითაც ახლად ვიშვით თვით ჩვენც” (იგულისხმება სულიერი შობა, იგივე ახალშობა, იგივე ნათლისღება).

ტერმინ “ახალშობას” ძველ ქართულად აგრეთვე ჰქონდა შესატყვისი “კუალადშობა” (კვლავ შობა, ხელმეორედ შობა), თუმცა ზოგჯერ ეკლესიის მამები მას უწოდებენ “აღმოშობას” (ქართული თარგმანით), ისევე როგორც არის ასეთი შესატყვისიც (პირველად ეფრემ მცირისგან შემოტანილი) “აღმოდაბადება” და აგრეთვე “მეორედ შობა”. ყველა ეს ტერმინი ნათლისღების საიდუმლოს გულისხმობს და ამაზე ხაზგასმა ყველა აქ ჩამოთვლილ ლექსიკურ ერთეულში შესამჩნევია, იმიტომ, რომ თვით მათ შინაარსში იკვეთება ნათლობის საიდუმლოს არსი, რომ უკვე შობილი და ვნებებით გაუკუღმართებული ადამიანი სულიერად იშვება ახლად, რადგან ხორციელად ახლადშობა, როგორც ეს ჯერ კიდევ იოანეს სახარებაშია მკვეთრად ხაზგასმული, შეუძლებელია ადამიანისგან. ამიტომ ახალშობაზე როდესაც ვსაუბრობთ პიროვნების სულიერ შობას ვგულისხმობთ, მეორე შობას, კუალად შობას, აღმოშობას ანუ აღმოდაბადებას და ესაა იმგვარივე ახალშობა, ამბობს იუსტინე, როგორიც ჩვენ მივიღეთ თავის დროზეო, კერძოდ “სახელითა ყოველთა მამისა და მეუფისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სულისა წმინდისა”. აქ როგორც ვხედავთ უკვე ნათლობის პროცესის სამნაწილედობა მკვეთრადაა ხაზგასმული და იუსტინე მარტვილი უდიდესი ქადაგია ჭეშმარიტებისა II საუკუნიდან, როდესაც აუცილებელ პირობად ნათლობის საიდუმლოსი, სწორედ სამნაწილედობას მიიჩნევს, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს აუცილებლად სამი ჰიპოსტასის მიმართ, რომლებიც ელესიის მამათა სწავლებით სახარებაში ერთ სახელად არიან წარმოჩენილნი, რომ თვითონ სიტყვა, ლექსიკური ერთეული “სახელი” არ მეორდება, “სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა”, სამივე პირს, მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ლექსიკური ერთეული “სახელითა” მიემართება. ეკლესიის მამათა განმარტებით ამ შემთხვევაში ერთი ლექსიკური ერთეული “სახელი” სამი ჰიპოსტასის ერთარსებას, ერთბუნებას ცხადყოფს, რომ ნათლობა არსით ერთმთლიანობაა, ერთი ბუნებაა, მაგრამ ნათლობის პროცესი, სამი ჰიპოსტასის შესაბამისად, სამნაწილედად აღსრულდება. არა იმიტომ, რომ სამი ჰიპოსტასი სამი ნაწილია ყოვლადწმინდა სამებისა (რაც უკეთური სწავლებაა), არამედ მათი განუყოფლობაა, მაგრამ ყოფით, ნივთიერ სინამდვილეში სამპიროვნულობა ღვთისა ასე ხილვადი სიმბოლოს სახით სხვაგვარად ვერ წარმოჩნდება და ის წესი ნათლობისა, რომელშიც ერთარსება ღვთის სამპიროვნება არ განიჭვრიტება, ეკლესიის მამათა მიერ ყოვლადშეუწყნარებლად და ძალადაკარგულად არის მიჩნეული.

კარგად არის ცნობილი როგორი პაექრობანი იყო იმასთან დაკავშირებით თუ რომელი მწვალებლობიდან მოსული რა ფორმით შეიძლებოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებულიყო, რის შემდეგაც დოგმატურად დაკანონდა, რომ ცალკეულ მწვალებლობათაგან მოსული მხოლოდ მირონს იცხებდა, რადგანაც მიიჩნეოდა, რომ იმ მწვალებლობებში მათზე აღსრულებული ნათლობა რიტუალურად, პროცესუალურად, შესრულების წესით არ იყო გაუკუღმართებული, ამიტომ რადგან მირონი არ ქონდა ნაცხები ადამიანს ის მხოლოდ მირონს იცხებდა. მეორენი მთლიანად თავიდან ინათლებოდნენ, წყლის პროცედურის ჩათვლით, ხოლო მესამენი არც ინათლებოდნენ თავიდან და არც მირონს იცხებდნენ, არამედ მხოლოდ შეჩვენებას წერდნენ იმ მწვალებლობისას, რომელშიც ისინი მანამდე იმყოფებოდნენ. იმის განსასაზღვრავად თუ რომელი ნათლისღება შეგვიძლია ჩვენ აღარ გავიმეოროთ და რომელი აუცილებლად უნდა განმეორდეს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ეს მხარეც გახლავთ, რომ თუკი ნათლობა ერთნაწილედია, ერთი პირისადმია, ერთი ჰიპოსტასისადმია, ის აუცილებლად უნდა განმეორდეს, რადგან ყველა ჩვენთაგანზე აღსრულებული ნათლობა სხვა არაფერია თუ არა თავად უფლის მიერ მიღებული ნათლისღების უშუალოდ ჩვენზე აღსრულება. ხოლო მაცხოვარზე როდესაც ნათლისღება აღსრულდა მაშინ მოხდა ყველაზე დიდი სასწაული ყოვლიერების ისტორიაში, განცხადდა ყოვლადწმინდა სამება: ძე ხილვადი სახით წყლიდან ამოდის, სულიწმინდა დაადგრა მასზე მტრედის სახით, ხოლო ზემოდან მამის მიერ ხმით იწამა ანუ დადასტურდა მისი ღმერთობა. ამიტომ იყო რომ ძველად ნათლისღებას ეწოდებოდა აგრეთვე მეორე ტერმინიც “განცხადებაი”. აი ეს განცხადება ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოსი, ამ უდიდესი ჭეშმარიტებისა, უდიდესი დოგმატისა, ყველა ჩვენთაგანზე აღსრულებული ნათლობის ჟამს სახეზე უნდა იყოს, აუცილებლად ეს უნდა ხდებოდეს, ჩვენ უნდა განგვეცხადებოდეს ყოვლადწმინდა სამება და ეს განგვეცხადება თვით პროცესუალურადაც აუცილებლად, შესრულების წესის მიხედვითაც, როცა სამი ჰიპოსტასისადმი ინათლება ადამიანი და არა ერთი ჰიპოსტასისადმი. სამგზის დაესხმის მას წყალი, ანდა სამგზის შთაიფვლება წყალში, შესაბამისად სამი ჰიპოსტასისა. უარყოფა ამისა და ერთი პირისადმი ნათლისცემა, როგორც ეს მოგვიანებით ზოგიერთ ერეტიკულ სექტაში წარმოჩნდება, იუსტინე მარტვილისგან უკვე II საუკუნეშია უარყოფილი, როდესაც ის მკვეთრად ხაზს უსვამს თუ ვისი სახელით ხდება ნათლობა, როდესაც ამბობს “სახელითა ყოველთა მამისა და მეუფისა ღვთისა (მამა ღმერთი) და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ძე ღმერთი) და სულისა წმინდისა, განბანვას აღასრულებენ წყალში, რადგანაც თვით ქრისტემ თქვა: “უკეთუ ახლად არ იშვებით ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში” (იოანე 3,5). ხოლო ის რომ შეუძლებელია ერთგზის შობილთათვის (იგულისხმება ხორციელად შობილი) მშობელთა მუცელში შესვლა ცხადია ყველასთვის. როგორც ადრე დავწერეთ ესაია წინასწარმეტყველის მიერ არის თქმული, თუ რა სახით დააღწევენ თავს შეცოდებებს ცოდვილნი და მონანულნი, ესაიამ ამგვარად თქვა: “განიბანენით, წმიდა იქმენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა, ისწავეთ კეთილისა ქმნაი, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი და მოვედით და შევიტყუნეთ, იტყვის უფალი, და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. ხოლო უკუეთუ იყვნენ ვითარცა ძოწეულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი მახვილმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაი იტყოდა ამას”. ეს ვრცელი ციტატა, ესაიას წინასწარმეტყველების I თავის 16-20 მუხლები, მოტანილი აქვს იუსტინე მარტვილს სწორედ იმის დასადასტურებლად, რასაც ის ამბობდა, რომ აუცილებელია წყალში განბანვა, რათა ადამიანი განიწმინდოს ვნებებისგან. შემდეგ იგი განაგრძობს: “ამის შესახებ მოციქულთაგან გვისწავლია ამგვარი სიტყვა. უმეცარნი ვართ ჩვენი პირველი შობისა, რადგანაც იძულებით ვიშვით თხევადი თესლისგან, როდესაც ურთიერთს შეეზავნენ ჩვენი მშობლები და დავიბადეთ ცუდი ჩვევებისა და უკეთური სწრაფვების წიაღში. ამიტომ იძულებისა და უმეცრების შვილნი რომ არ ვიყოთ, არამედ ნებისა და ცოდნისა და რომ მოგვეტევოს ჩვენი ადრეული შეცოდებანი, წყალში მყოფ ახლად შობის მოსურნეზე, რომელმაც მოინანია ადრეული შეცოდებანი, მოუხმობენ ყოველთა მამისა და მეუფე ღვთის სახელს”. აქ უკვე იუსტინე მარტვილი ნათლობის იმ ნაწილზე გადადის, როცა ეპიკლესისი ანუ მოხმობა ანუ გარდამოწვევა ხდება, ხსენება ხდება ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასებისა და შესაბამისად წყლის დასხმაც. “მხოლოდ ამას წარმოთქვამენ ისინი, - განაგრძობს იუსტინე, როდესაც განსაბანი მიჰყავთ ემბაზთან, რადგანაც ვერავინ იტყვის გამოუთქმელი ღვთის სახელს, ხოლო თუ ვინმე კადნიერად იფიქრებს, რომ ეს შესაძლებელია, დამღუპველი სიშლეგით იქნება განცოფებული. განბანვას ეწოდება განათლება, რადგანაც ვინც ყოველივე ზემოთქმულში განისწავლება, გონება გაუნათლდება მას. მოსანათლი პირი განიბანება აგრეთვე (აქ ჩანს, რომ აქამდე ერთი ჰიპოსტასის, მამა ღმერთის, შესახებ იყო მსჯელობა) სახელითა იესო ქრისტესითა, ჯვარცმულისა პონტოელი პილატეს ჟამს და სახელითა სულისა წმინდისა, რომელმაც წინასწარმეტყველთა მიერ გვიქადაგა იესოს შესახებ ყოველივე”

ასეთია ნათლობის მთელი პროცესის აღწერა იუსტინესგან, ხოლო რაც შეეხება ევქარისტიას ანუ ჟამისწირვას ანუ ლიტურგიას, მის შესახებ ხსენებულ აპოლოგიაში ორგზის გვაქვს უწყება, ე.ი. თუ ნათლისღების საიდუმლოს შესახებ ერთგზისი უწყება გვაქვს, ზიარების საიდუმლოსთან დაკავშირებით ორგზისი უწყებაა მოცემული. პირველი უწყება ეხება ახალ მონათლულთა ევქარისტიულ ლიტურგიას. ეს დაკანონებული წესი იყო, რომ პიროვნება რომელიც მოინათლებოდა დაუყონებლივ ეზიარებოდა, იმიტომ, რომ ნათლობა მოგეხსენებათ განწმენდს ადამიანის აბსოლუტურად ყველა ცოდვას, იქნება ეს დასაბამიერი თუ მისი პირადი, და ამ ცოდვათა განწმენდა ხდება საწინდარი იმისა, რომ პიროვნებამ მიიღოს ზიარება, საიდუმლოთა საიდუმლო, და სრულ ქრისტიანად მოგვევლინოს. და რამდენადაც ზიარების მიღება მხოლოდ მას შეუძლია ვინც შეძლებისამებრ, დატევნისამებრ განიწმინდა თავი, ხოლო უღირსად და კადნიერად მისული ზიარებასთან უმალ დაისჯება ამ საიდუმლოს მიერ, ნაცვლად განღმრთობისა, ამიტომ ახალნათელღებული, როგორც ყველაზე უფრო მომზადებული ზიარებისთვის (როგორც ყველა ცოდვისგან თავისუფალი), ყველაზე უფრო ღირსეულია რომ ზიარება მიიღოს, რამდენადაც ადამიანთათვის დასატევნელი უცოდველობა მას უკვე მოპოვებული აქვს. ამას ეწოდება ხალ მონათლულთა ევქარისტია ანუ ახალ მონათლულთა ზიარება, რაც სწორედ ნათლობის საიდუმლოს მოედევნებოდა.

მეორე უწყება კი გახლავთ ჩვეულებრივი საკვირაო ღვთისმსახურება, როდესაც შეიწირება წმინდა მსხვერპლი და მას ეზიარებიან მორწმუნეები. აი ამ მეორე, ძირითად ლიტურგიაზეც გვაწვდის ცნობებს იუსტინე მარტვილი თუ როგორ სრულდებოდა ის მის დროს და, რა თქმა უნდა, იმ ევქარისტიაზეც რაც ნათლისღების საიდუმლოს მოსდევს. თუმცა მათ შესახებ ჩვენ შემდეგ საუბარში წარმოვადგენთ სათანადო წყაროებს.

 138–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=yWtKo4phWHg


ნათისღების შესახებ (გაგრძელება)

ჩვენს წინა საუბარში განვიხილავდით ნათლისღებისა და ზიარების შესახებ, ანუ საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ წმ. იუსტინე მარტვილის სწავლებას, ცნობებს, რომლებიც უძველესია წყაროთმცდონეობითი ასპექტით. კერძოდ ჩვენ ვეხებოდით ნათლისღებას, რა დროსაც წარმოვადგინეთ ის ვრცელი ციტატა, უფრო ზუსტად ამ ციტატის ნახევარი, სადაც ნათლობის საიდუმლო არის აღწერილი, და შევეცადეთ გარკვეული კომენტარების ფონზე აღნიშნული ციტატა საეკლესიო ტრადიციაში დამკვიდრებული ნათლისღების შესახებ არსებული ღვთისმეტყველების ფონზე განგვემარტა.

ცხადია მხოლოდ ეს ერთი ციტატა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ არ მოიცავს იუსტინე მარტვილის სწავლებათა მთელ მოცულობას, მაგრამ რაც აღნიშნული იყო ყველაზე არსებითი მაინც ეს არის, დეტალური აღწერილობა თუ რა აუცილებელი ნაწილებისგან შედგება ნათლისღების პროცესუალური მხარე. ჩვენ კვლავ გავიხსენებთ, რომ პირი, რომელიც მონათვლას აპირებს, თვით კათაკმევლურ პერიოდშიც კი უკვე მონათლული ქრისტიანებისგან საჭიროებს თანადგომას. ეს თანადგომა მკვეთრად არის ხაზგასმული იუსტინე მარტვილის მიერ, როდესაც ის ამბობს, რომ ამ პირებთან (კათაკმევლებთან) ერთად “ვილოცავთ და ვიმარხავთ ჩვენც”. შემდგომ იუსტინე აღწერს თუ როგორ მიდის ნათლობისთვის მომზადებული კათაკმეველი წყალთან და როგორ იშვება იქ ახლად იმგვარივე ახალშობით, “როგორითაც, - დასძენს იუსტინე მარტვილი, ახლად ვიშვით ჩვენც, სახელითა ყოველთა მამისა და მეუფისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სულისა წმინდისა”. აი ეს განბანვა, იუსტინე მარტვილისგანვე მკვეთრად მოწოდებული სწავლებით, თანახმად იოანეს სახარებისა, აუცილებელია ადამიანისთვის რათა იგი ცათა სასუფეველში შევიდეს. მას მოაქვს ესაია წინასწარმეტყველის ცნობილი სიტყვები: “განიბანენით, წმიდა იქმენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა. ისწავეთ კეთილისა ქმნაი. უსაჯეთ ობოლსა და განამრთლეთ ქურივი. და მოვედით და შევიტყუნეთ, იტყვის უფალი, და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი (წითლად შეღებილი), ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. ხოლო უკუეთუ იყვნენ ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაი იტყოდა ამას”. აი ამ ციტატით დავაბოლოვეთ ჩვენ წინა მსჯელობა იუსტინე მარტვილის ეკლესიოლოგიურ სწავლებასთან დაკავშირებით. ამ ციტატის მომდევნო ნაწილი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნათლისღების ნებაყოფლობითობის შესახებ, რომ იძულებითი, არა მხოლოდ ნათლისღება, არცერთი უფლისმიერი, საერთოდ სიკეთისმიერი, ქმედება არ შეიძლება იყოს. სათნოებითი რამ სინამდვილე გაუცხოებულია და შორს დგას იძულებისგან, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს “იძულებით ქმნილსა არა ოდეს ვიტყვით სათნოებად”. იუსტინე მარტვილი კერძოდ აღნიშნავს: “მოციქულთაგან გვისწავლია ამგვარი სიტყვა, რომ უმეცარნი ვართ ჩვენი პირველი შობისა, რადგანაც იძულებით ვიშვით თხევადი თესლისგან, როდესაც ურთიერთს შეეზავნენ ჩვენი მშობლები და დავიბადეთ ცუდი ჩვევებისა და უკეთური სწრაფვების წიაღში, ამიტომაც იძულებისა და უმეცრების შვილნი ვიყავით”. ე.ი. იძულებითია ეს შობა, რადგან ჩვენ გვინდა თუ არა მშობელთაგან ვიშვებით, და უმეცრებითიცაა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შობის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი არ ვიცით. მაგრამ მეორე შობა, სულიერი შობა, ეწინააღმდეგება უმეცრებასა და იძულებას და პირუკუ ნებსითი და ცოდნისმიერია ანუ შეგნებული პიროვნული არჩევანის შედეგია. იუსტინე მარტვილი ამბობს: “იძულებისა და უმეცრების შვილნი რომ არ ვიყოთ, არამედ ნებისა და ცოდნისა, და რომ მოგვეტევოს ჩვენი ადრეული შეცოდებანი, წყალში მყოფ პირზე, რომელიც ახლად შობის მოსურნეა და რომელმაც მოინანია ადრეული შეცოდებანი, მოუხმობენ ყოველთა მამისა და მეუფე ღვთის სახელს”. აქ გადმოცემული სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია იმ კუთხით თუ რა არის ნათლისღების საფუძველი, რომ ნათლისღების საფუძველი გახლავთ პიროვნული ნება, ოღონდ ეს ნება არა ვთქვათ ირაციონალური, არა ვთქვათ უგუნური, არამედ აუცილებლად ცოდნისმიერი.

სხვათაშორის ცოდნის შესატყვისად ბერძნულ ტექსტში ჩვენ გვაქვს ტერმინი “ეპისტემე”, რაც პირდაპირი და ბუკვალური მნიშვნელობით მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს. ცოდნა ჩვეულებრივ ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “გნოსის”, “ეპისტემე” კი უპირველეს ყოვლისა არის მეცნიერული ცოდნა, მეცნიერება (რუსულად “ნაუკა”). რუსული “ზნანიე” ბერძნულად არის “გნოსის”, ძველქართულად “ცნობაი”, ანდა თუნდაც “მეცნიერებაი”. ძველი ქართული “მეცნიერებაი” და დღევანდელი “მეცნიერება” ერთი მეორეს არ უდრის. ძველად “მეცნიერებაი” ანდა მისი სინონიმი “ცნობაი” ნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ ცოდნას, რაც არის რუსულად “ზნანიე”, ხოლო ის რაც არის “ნაუკა” ანუ რასაც დღეს ქართულ ენაში “მეცნიერება” ეწოდება, აი ეს შინაარსი გამოითქმის ბერძნული ტერმინით “ეპისტემე”, რაც ძველ ქართულად გამოითქმოდა ძირითადად ტერმინით “ხელოვნებაი”. ხოლო გელათურ სკოლაში (რაღაც ნიშნები არსენ იყალთოელთანაც არის, როცა ის ტერმინ “მიწთომილებას” გვთავაზობს მეცნიერების ანუ ეპისტემეს შესატყვისად) მკვიდრდება ტერმინი “ზედმიწევნულება”, რასაც ოდნავ ფორმობრივ სახეცვლას უკეთებს იოანე პეტრიწი, რომელიც გვთავაზობს ასეთ შესიტყვებას “ზედმიწევნილება”. აი ეს ზედმიწევნულება ანუ ზედმიწევნილება არის ქართული ტერმინის “მეცნიერების” აღმნიშვნელი, აღმნიშვნელი იმისა რასაც ბერძნულად “ეპისტემე” გამოთქვამს. ამიტომ ამ ადგილას ჩვენ ცოდნის ნაცვლად შეგვეძლო ტერმინი “ზედმიწევნულება” მოგვეხმო, რომ “არათუ იძულებისა და უმეცრების შვილნი უნდა ვიყოთ, არამედ ნებისა და ზედმიწევნულებისა”, ანუ ისეთი ცოდნისა, რომელიც უკიდურესად, უმწვერვალესად გაშინაარსებულია. ზოგჯერ ქვეცნობიერსაც ცოდნას უწოდებენ, რაღაც მოცემულობა რომ გვაქვს და ინტუიტიურად რაღაც ვიცით. “ეპისტემე” ისეთი ცოდნაა, რომელიც გავიშინაარსეთ, არგუმენტირებულად ვირწმუნეთ, რომელიც დავადასტურეთ, ანუ დამტკიცებული ცოდნა გახლავთ “ეპისტემე”. აი ასეთ ცოდნაზე საუბრბს იუსტინე მარტვილი, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობაზე ნათლისღებისა. ამ სწავლებას ეკლესია ურყევად იცავს, რომ ნებისა და შეგნებული არჩევანის გარეშე ნათლისღების საიდუმლო არ აღსრულდება.

ჩვენ აქვე გავიხსენებთ იმას, რაზეც არდე გვიმსჯელია, რომ იგივე სწავლება ვრცელდება თვით ჩვილებზეც, რომლებსაც თითქოს ერთი შეხედვით შეგნებულობა და ნებაყოფლობითი არჩევანი არა აქვთ და შორიდან შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ჩვენ ძალადობას ვახდენთ მათზე, რადგან მათი ნების დაუკითხავად ვნათლავთ მათ, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. ვინც ასე ზედაპირულად, გარეგნულად იგებდა ჩვილთა ნათლობის საკითხს, კერძოდ მაგალითად ტერტულიანე, ცნობილი ერეტიკოსი, იგი უარყოფდა კიდეც ჩვილთა ნათლობას და უარყოფენ კიდეც ყოველთვის ეკლესიური მოძღვრების მცდარად განმმარტებლები, იქნებიან ესენი ბაფტისტები თუ სხვები, რომლებიც თვლიან, რომ ნათლობა პიროვნული ნებისა, არჩევანის და აღსარების შედეგია, ხოლო ჩვილებს ამგვარი რამის გამოვლენა არ შეუძლიათ და როგორ შეიძლება რომ ისინი მოვნათლოთ. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ადამიანური ნება, ნების თვისება ისევეა ჩვილთა ბუნებაში, როგორც ყველა ჩვენთაგანში, იმიტომ, რომ ნება ბუნებითი თვისებაა, რამდენადაც კაცობრიობა ერთ ბუნებაა. ჩვილებსაც, რა თქმა უნდა, პიროვნული ნება აქვთ და ეს პიროვნული ნება ყველაზე უფრო უმანკოა, ყველაზე უფრო წრფელია, ყველაზე უფრო სუფთაა და შეურყვნელია. ეკლესია ურყევად აღიარებს, რომ პიროვნულად ყველა ჩვილი არის უცოდველი, უმანკო და უზაკველი, იმიტომ, რომ პიროვნულ არჩევანში და პიროვნულ გადაწყვეტილებაში მერყეობანი და შესაბამისად ცდომილების შესაძლებლობა, შემდეგ კი უკვე ნამდვილი ცდომილებანი, შემოდის მას შემდეგ რაც ადამიანს შეგნებულობა უჩნდება და საკუთარ თავს მიენდობა. შეგნებულობისა და აზროვნების მკვეთრად გამოხატული თვისება როცა ადამიანში უკვე გაზრდილია, მომწიფებულია და ადამიანი უკვე თავის განსჯას ენდობა, სწორედ აქ იჩენს შესაძლებლობა იმისა, რომ იგი თავის განსჯაში შეცდეს, საკუთარ გულისხმას მიენდოს და არა უფლისმიერს და ამის გამო მცდარი ნაბიჯი გადადგას. მაგრამ უმანკო ყრმა, რომელიც, კვლავ აღვნიშნავთ, პიროვნულად აბსოლუტურად უცოდველია, მაგრამ არა ბუნებითად, იმიტომ, რომ ბუნებითად პირველ ცოდვა ყველა ადამის ნაშიერზე მემკვიდრეობითად დაბადებიდანვეა, შესაბამისად რაიმე პიროვნული დაბრკოლება ჩვილისთვის ნათლისღების არჩევანში არ არსებობს. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც უცოდველია ვინმე მისი არჩევანი აუცილებლად საღვთოა, ღვთისკენაა. უცოდველი, უზაკველი და უმწიკვლო ღვთის, სულიწმინდის ჭურჭელია და შესაბამისად აუცილებლად მთელი თავისი გულით მას ირჩევს. დაბრკოლება ამ არჩევანის გზაზე არ არის, დაბრკოლება მას შემდეგ იწყება როდესაც ადამიანს განსჯის უნარი მკვეთრად გამოეხატება და ის საკუთარ თავს მიენდობა და არა უფალს. ამიტომ ითქმის, რომ ნება ჩვილებსაც აქვთ და ისინი თავისი ნებით მხოლოდ სიკეთის ამრჩეველნი არიან. რამ უნდა უბიძგოს მათ ბოროტებისკენ, როცა პიროვნულად სრულიად უმანკონი არიან ისინი, შეგნება მათი ჯერ კიდევ გაუკუღმართებული არ არის ამა სოფლისმიერი ცდუნებებითა და მიდრეკილებებით, რასაც შეეძლო დაებრკოლებინა მათი უმანკო ნება. ამიტომ რადგან ამ პიროვნული უმანკო არჩევანის დაბრკოლება არანაირი მხრიდან არ არსებობს, ეს არჩევანი აუცილებლად გადარჩენისკენ, სიცოცხლისკენ, ცხონებისკენ და ნათლობისკენაა და მათ რომ თქმის საშუალება ქონდეთ გულისმიერი სიტყვისა ისინი აუცილებლად იღაღადებენ, რომ სწრაფად მონათლონ, რომ განიშორონ ის ბუნებითი პირველცოდვა და ყოვლითურთ უფლისმიერ ჭურჭლად შემზადებულ იქნენ. აი ეს სიტყვები იქნებოდა ნებისიერი ჩვილისგან აღმოთქმული, ეკლესიური სწავლების მიხედვით, მათ რომ მყისიერად ამის აღმოთქმის უნარი მისცემოდათ ღვთისგან. მაგრამ ეკლესია ჭვრეტს მათ ბუნებას და აღმოთქვამენ თუ არა ისინი ხორციელ სიტყვას ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ გულისმიერ ხმას, მათ გულისხმას, რასაც ეკლესია ჭვრეტს. თავისთავად ცხადია, რომ ეს გულისხმა მთლიანად ღვთისკენაა მიმართული, აუცილებლად ნათლობის მოხვეჭისკენ, რომ ყოვლითურთ ღვთის ჭურჭლად შემზადდნენ და ამიტომაც ეკლესია აღასრულებს რა დაუყონებლივ ნათლობას ჩვილებზე, აღასრულებს სწორედ იმ მოძღვრებაზე დაყრდნობით, რომ ეს ჩვილები აუცილებლად ნებაყოფლობით ცხონების, ნათლობის, გადარჩენის მოსურნენი არიან. ამრიგად ჩვილებზე აღსრულებული ნათლობა არათუ ძალადობაა, არამედ ჩვილთა პიროვნული უმანკოების სულიერი განჭვრეტა და ამ უმანკოების შესაბამისი საიდუმლოებითი (ამ შემთხვევაში ნათლისღებითი) მოქმედების აღსრულება. ამრიგად ნებაყოფლობითობა ყველგან არის შენარჩუნებული ნათლისღებაში და ამის დარღვევა შეუძლებელია. მაგრამ არა უბრალოდ რაღაც სტიქიური ნებაყოფლობითი არჩევანი, არამედ, კვლავ აღვნიშნავთ, შეგნებული, გააზრებული, წრფელად და ყოვლითურთ ღვთისკენ მიდრეკილი. აი ასეთი ნება, ცოდნისმიერი და მეცნიერული გაშინაარსების გარეშე, თავისთავად აქვს ჩვილს, მაგრამ როდესაც აღზრდილობაში შევა პიროვნება ათასგვარ საცდურთა შორის მას უკვე საკუთარი აზროვნების მოხმობაც აუცილებლად ესაჭიროება, რომ კეთილი ნაწილი გამოირჩიოს მარიამისებრ და უფლის ფერხთით ისმინოს სწავლება, კათაკმევლური ეტაპი განვლოს და მთელი გულით მიიღოს ნათლობა, სავსებით გონივრული, შეგნებული და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისული არჩევანით.

აი ეს სწავლებაა აქ გადმოცემული წმ. იუსტინე მარტვილისგან, სადაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მაინც ზრდასრული პიროვნება იგულისხმება, იმიტომ, რომ ხაზგასმულია “რომელმაც მოინანია ადრეული შეცოდებანი”, ანუ აღსარებითი მხარე წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, რაც კათაკმევლურ პერიოდს უკავშირდება. ხოლო როდესაც ამგვარი მონანიება მოხდება წინა შეცოდებებისა, ლიტურგიკულად აღსრულდება გარდამოწვევა ყოვლადწმინდა სამებისა (შესაძლოა აქ ჩვენ ჰიპოსტასურად გამოხატული არ გვქონდეს იუსტინესგან მამის, ძისა და სულიწმინდის სახელი, მაგრამ რამდენადაც ადრეც ის სახელს არსებითი ანუ ბუნებითი მნიშვნელობით მოუხმობს და ყოვლადწმინდა სამებას იგულვებს მასში, აქაც ეს შინაარსია უეჭველად). შემდგომ განაგრძობს იუსტინე: “მხოლოდ ამას წარმოთქვამენ ისინი, როდესაც განსაბანი მიჰყავთ ემბაზთან. დგება ყველაზე საიდუმლოებითი ჟამი ადამიანის ცხოვრებაში, ის ემბაზთან მიჰყავთ, გარდამოწვევა ღვთისა მასზე ხდება, რომ იკურთხოს წყალი და ნაკურთხი წყლით აღსრულდება განბანვა მოსანათლისა. ამ განბანვას ეწოდება განათლება” (ბერძნ. ფოტისმოს). ეს მხარეც საყურადღებო გახლავთ, რადგანაც სამწუხაროდ როგორც ეს წყაროთმცოდნეობითი უმეცრებიდან ხშირად გამომდინარეობს, აღნიშულ ქართულ ტერმინთან, ნათლისღებასთან, დაკავშირებითაც არაერთგზის გამოთქმულა ისეთი ფსევდო ეროვნული თვალსაზრისები, რომ თითქოს ესაა უძველესი ქართული წარმართული ტერმინი, რაც თითქოს ნათლის მეტაფიზიკას, ნათლის ღვთაებრიობას, სინათლის გაღმერთებას ქართველ წარმართთაგან თავის თავში ვითომცდა იტევდა და აქედან გადაიღო ის ქრისტიანულმა ეპოქამ საქართველოში. როდესაც ამას გამოთქვამდნენ ჩვეულებრივ იმას გახაზავდნენ, რომ ბერძნულში მაგალითად ნათლისღებას “ბაფტიზმა” ეწოდება, რაც ეტიმოლოგიურად სინათლეს არ უკავშირდება, არამედ უკავშირდება ჩარჭობას, ჩაშვებას, ან დასხმას, შეღებვას და ა.შ. ისევე როგორც რუსული “კრეშჩენიე” უკავშირდება ჯვარს, და თითქოს მხოლოდ ქართულ ენაზე იკვეთება ამ საიდუმლოს აღმნიშვნელ სიტყვად ნათლისღება ანუ სინათლის შემცველი ლექსიკური ერთეული, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. ბერძნულში გარდა “ბაფტიზმასი” ნათლისღების საიდუმლოს აღმნიშვნელად გვხვდება ტერმინი “ფოტისმა”, რაც სწორედ ნათელყოფას, განათლებას, იგივე ნათლისცემას ნიშნავს. თვით ეს კომპოზიტიც “ნათლისცემა” ანუ სინათლის მიცემა, ჩვენ გვხვდება ბერძნულშიც, თუნდაც მაგალითად წმ. დიონისე არეოპაგელის ცნობილ შრომაში “საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ”, ისევე როგორც სხვა შრომაშიც “ზეციური იერარქიის შესახებ”, სადაც გამოყენებულია ტერმინი “ფოტოდოსია” (“ფოს” არის ნათელი, ხოლო “დოსის” არის ბოძება, მიცემა), რაც ზედმიწევნით ნიშნავს “ნათლისცემას”. ისევე როგორც ლათინურშიცაა ანალოგიური შესატყვისი “ილუმინაციო”, ანუ განათლება. ხოლო განათლებად სავსებით გასაგებია თუ რატომ იწოდება ეს საიდუმლო, რომ საღვთო, სულიერი სინათლით, სასუფევლისეული ნათელით ხდება ადამიანის გონების გაბრწყინება და მთლიანად ადამიანის პიროვნების ამ სინათლით გამსჭვალვა, როგორც სხეულის ასევე სულისაც, იმიტომ, რომ ნათლობის საიდუმლო არც მხოლოდ სულზეა და არც მხოლოდ სხეულზე, არამედ ორივე მათგანზე აღესრულება და ერთ მთლიან პიროვნებას, ორბუნებოვანს, სულიერი და ხორციელი ბუნებების მქონე ერთ პიროვნებას ღვთიური სინათლით გამსჭვალავს, სულიერ თვალს სინათლისაკენ გაუხსნის. ხოლო ქართულად როდესაც ჩვენ ორი ფორმა გვაქვს “ნათლისცემა” და “ნათლისღება”, აქ თვითონ მდგომარეობაა გამოხატული. “ნათლისცემა” ჩვეულებრივ იმ პიროვნებას განეკუთვნება, რომელიც ნათელს სცემს, რომელიც მომნათვლელია, ხოლო “ნათლისღება” იმ პიროვნებას განეკუთვნება, რომელიც სინათლეს იღებს, რომელიც ნათლობას იღებს. წმ. იუსტინე მარტვილი კონკრეტულად ასეთ სწავლებას გვაწვდის: “განბანვას ეწოდება განათლება, რადგანაც ვინც ყოველივე ზემოთქმულში განისწავლება (ყოველივე იმაში რაც ზემოთ იყო ჩამოყალიბებული) გონება გაუნათლდება მას”.

139–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Ny4mcfapOA8


ევქარისტიის შესახებ

წინა საუბარში ჩვენ ნათლისღების შესახებ წმ. იუსტინე მარტვილის სწავლებას ვეხებოდით. მოვიტანეთ და შეძლებისდაგვარად განმარტება დავურთეთ მის ყველაზე უფრო მოზრდილ სწავლებას ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით. ვრცელი ციტატა მოვიტანეთ მისი ცნობილი შრომიდან “სიტყვის გება ტრიფონ იუდეველისადმი”, კერძოდ პირველი თავის 61-ე პარაგრაფი ამ ნაშრომისა და ამჯერად კვლავ გავიმეორებთ ზემოთ თქმულს, რომ გარდა აღნიშნული ციტატისა იუსტინე მარტვილი ნათლისღებას კვლავ შეგვახსენებს, თუმცა აღწერილობის სახით არა, როდესაც ის ევქარისტიის ანუ ზიარების საიდუმლოზე საუბრობს. ე.ი თუ ნათლისღების აღწერილობა არსებითად მის შრომებში მხოლოდ ერთგზის გვხვდება, ორგზისი გახლავთ ევქარისტიის შესახებ მისი სწავლება და ეს ორგზისობა განაპირობებს თვით ზიარების საიდუმლოს ორგვარ გამოვლინებას, რომელთაგან ერთი ჩვეულებრივ, ყოველკვირეული ჟამის წირვის ჟამს აღსრულდება და მეორე ადამიანის ნათლისღების ჟამს. კერძოდ საყოველთაო ანუ დამკვიდრებული წესის მიხედვით საკვირაო ლიტურგიას იუსტინე მარტვილი აღგვიწერს შემდეგი პროცესუალური მიმდევრობით: მისი თქმით ამ დღეს (კვირას) ლიტურგია იწყება უპირველესად კანონიკურ სახარებათა საკითხავებით (საგულისხმოა, რომ ეს სახარებები იუსტინე მარტვილის მიერ წოდებულია როგორც მოციქულთა ჩანაწერები ანუ სამოციქულო მოსახსენებლები), ანდა წინასწარმეტყველთა წიგნებით. საკითხავებს მოსდევს ქადაგება, რის შემდეგაც მრევლი ლოცვას აღავლენს ქრისტიანთათვის და მთელი კაცობრიობისთვის (დღეს მღვდელი ლიტურგიის ბოლოს ქადაგებს, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს, ადრეულ საუკუნეებში კი ის ლიტურგიის დასაწყისში აღესრულებოდა). ლოცვის დასასრულს იუსტინეს უწყებით მრევლის ყველა წევრი ურთიერთს შორის აღასრულებს მშვიდობის ამბორს, ე.ი. ურთიერთს ამბორს უყოფენ და ესაა მშვიდობის ამბორი, თანაძმობის, თანალმობის, ერთმთლიანობის გამოხატულება. ამის შემდეგ მოძღვართან მიაქვთ პური ღვინო და წყალი. მოძღვარი მათზე აღავლენს წმინდამყოფელ ლოცვას (უკვე იწყება ლიტურგიის არსებითი ნაწილი, პურისა და ღვინის გარდაქმნა მაცხოვრის სისხლად და ხორცად), დიაკონები საუფლო ძღვენს, მას შემდეგ რაც გარდაქმნა აღესრულება (ე.ი. როდესაც დაბოლოვდება ლიტურგიის ყველაზე არსებითი ნაწილი და უკვე მაცხოვრის სისხლი და ხორცი გვაქვს ჩვენ ხელთ, თუმცა გარეგნულად პური და წყლით განზავებული ღვინო), ამ საუფლო ძღვენს დიაკონები განუყოფენ მრევლის წევრებს და უგზავნიან მათ რომლებიც ვერ დაესწრნენ ჟამის წირვას.

მოგეხსენებათ ეს ძველი დაკანონებული წესი იყო, რომ ადრე როდესაც მრევლი ძალიან მცირე იყო ფაქტობრივად ყველა დამსწრე ლიტურგიაზე ეზიარებოდა და ვინც ლიტურგიაზე ვერ მოვიდოდა (რა თქმა უნდა, მას სერიოზული ყოფითი დაბრკოლება ჰქონდა ავადმყოფობის ან სხვა რამ მოვლენის გამო), ისიც რომ არ გამოკლებოდა ზიარებულთა მწყობრს მას დიაკონების ხელით ეგზავნებოდა წმინდა ზიარება, წმინდა ძღვენი, იქ სადაც ის იმყოფებოდა. სხვათაშორის იუსტინე გარკვევით ამბობს და ესაა ამ შემთხვევაში ყველაზე უმნიშვნელოვანესი, ჩვენ როცა წყაროთმცოდნეობით ასპექტზე ხაზს ვუსვამდით შესაბამის სიტყვებში, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პური და ჩვეულებრივი სასმელი, არამედ ესაა ხორცი და სისხლი იესო ქრისტესი. მართალია დღეისათვის ჩვენთვის ეს სწავლება უკვე საბოლოოდ დამტკიცებულია და გვიკვირს კიდეც თითქოს როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ჟამი, როცა ამაში ვინმე ეჭვს შეიტანდა, მაგრამ საკმაოდ გვიან საუკუნეებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი პოლემიკა წარმოებდა, სხვათაშორის ხშირად მართლმადიდებელთა შორისაც, რომ გარდაქმნილი პური და ღვინო მაცხოვრის სისხლად და ხორცად სიმბოლურობას იტევს თავის თავში თუ რეალურად, ბუნებითად მაცხოვრის სისხლი და ხორცია ის. როგორც აღვნიშნეთ ამას ზოგჯერ ე.წ. ფსევდო მართლმადიდებელთა შორისაც ჰქონია დაეჭვების მსგავსი გამოვლინება. სხვათაშორის დღესაც არაიშვიათად გვინახავს პირი, რომელიც ეკლესიაში მრევლის წევრად ითვლება, მაგრამ დაეჭვებულია ამაში და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით გულში მას ამისადმი არავითარი რწმენა არა აქვს, ღიმილის მომგვრელია მისთვის ამგვარი აზრი. მითუმეტეს ერეტიკოსთა შორის იქნება ამგვარი განწყობა, სადაც სიმბოლურობა განეკუთვნება პურისა და ღვინის გარდაქმნას მაცხოვრის სისხლად და ხორცად, რომ მათი აზრით თითქოს ეს სიმბოლურად მოასწავებს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს და არა ბუნებითად, არა არსობრივად. ხშირ შემთხვევაში ამ ცრუ აზრის მომხრენი თითქოსდა წყაროებს იმოწმებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ამგვარი გაგება გვიანდელი მოვლენაა ზიარების საიდუმლოსი და უადრეს ეპოქაში თითქოს მსგავსი არაფერი არ გვაქვს. მაგრამ გადავშლით იუსტინე მარტვილის შესაბამის ნაშრომს და ჩვენ ვიპოვით იქ კონკრეტულ, აბსოლუტურად ცხად და არაერთაზროვან სწავლებას იმის შესახებ, რომ ლიტურგიის ჟამს ჭეშმარიტად, ბუნებითად, არსობრივად ხდება გარდაქმნა პურისა და ღვინისა მაცხოვრის სისხლად და ხორცად. იუსტინე არგუმენტსაც მოუხმობს ამის დასადასტურებლად, რომ ამას თვით სახარება ადასტურებს, მას მოაქვს მაცხოვრის სიტყვები და ამ სიტყვათა მოტანით ცხადყოფს, რომ ევქარისტიული პური და ღვინო იკურთხება და წმინდა იქმნება იმგვარი ლოცვით, რომელიც შეიცავს მაცხოვრის ზემო აღნიშნულ სიტყვებს. ჩვენ ამ ციტატას თავიდან ბოლომდე მოვიტანთ, თვით იუსტინესეული სიტყვებით, ზედმიწევნითი თარგმანის სახით და მკითხველმა და მსმენელმა განსაჯოს ამ სიტყვათა განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფასეულობა. იუსტინე აღნიშნავს: “ხოლო ის პირი ვინც რწმენა მიიღო და მოგვემხრო ჩვენ, ამგვარად განბანვის შემდეგ (ნათლობის შემდეგ) მიგვყავს თავის ძმებად წოდებულთა კრებულში. იქ ზიარად აღვასრულებთ მხურვალე ლოცვას ჩვენს გამო (ქრისტიანთა გამო), აგრეთვე მისთვის ვინც ნათელ იღო და ყოველი კაცისათვის, რომ ჭეშმარიტებაში განსწავლულები საქმეთა მიერ გამოვჩნდეთ, როგორც კეთილი მოქალაქენი და მცნებათა ღირსეულად დამცველნი, რაც საუკუნო ხსნას მოგვმადლებს. ლოცვათა დასრულების შემდეგ ამბორის ყოფით მოვიკითხავს ურთიერთს. ამის შემდეგ ძმათა წინამძღვართან მოაქვთ პური, აგრეთვე სასმისი წყლითა და ღვინით (ეს ციტატაც სავსებით ადასტურებს უძველესი დროიდანვე განზავებულობას საზიარებელი სასმელისას მაცხოვრის სისხლისას და არა უწყლო ღვინით ზიარების აღსრულებას, როგორც ეს ცალკეულ ერეტიკულ მიმდინარეობაში დამკვიდრდა). ხოლო წინამძღვარი მიიღებს მათ და ქება-დიდებას აღავლენს ყოველთა მამისადმი სახელითა ძისა და სულისა წმინდისა. აგრეთვე ფრიად სამადლობელს წარმოთქვამს იმის გამო, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსად გამოჩნდა. როდესაც იგი სრულყოფს ლოცვებსა და სამადლობელს, მთელი იქ მყოფი ერი გალობას წარმოთქვამს” (გალობით წარმოთქმა ამ ადგილას ცალკეული სიტყვებისა დამადასტურებელი გახლავთ მოცემულ შემთხვევაში იმ უეჭველი ფაქტისა, რომ ზიარების საიდუმლოში ხშირ შემთხვევაში თვით მრევლიც ჩაერთვოდა და თანამონაწილეობდა. ყოველშემთხვევაში ეს გალობის ელემენტი, რომ მხოლოდ ცალკე გუნდს ანდა მხოლოდ სამღვდელოებას, სასულიერო პირებს არ უკავშირდებოდათ ეს წმ. იუსტინე მარტვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად თვალსაჩინო გახლავთ). გალობის აღვლენის შემდეგ იუსტინე მარტვილი გვისაბუთებს, რომ შესრულდება უკვე ზიარება იმ პირებისა, რომლებიც ტაძარში იმყოფებიან და შემდეგ, რა თქმა უნდა, დიაკონთა მიერ ეგზავნებათ დანარჩენებს, რომლებიც იმ მომენტში იქ არ მყოფობენ. იუსტინე მარტვილის მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამ საიდუმლოს ჟამს ხდება მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნა პურისა და ღვინისა, კვლავ აღვნიშნავთ ზიარების საიდუმლოსთან დაკავშირებით მართლმადიდებლური მოძღვრების ღვთიურობას, დასაბამიერებას და უძველესობას უეჭველს და სავსებით თვალსაჩინოს ხდის. იუსტინე მარტვილი მიიჩნევს, რომ ევქარისტია ანუ სამადლობელი, იგივე ზიარება, ჩვენგან ღვთის მადლმოსილ და მადლიერებით დიდებას აღნიშნავს, რითაც უფალი მკვიდრდება მის ჭურჭელში, ადამიანებში, რომლებმაც განიწმინდეს თავისი თავი, იგივე ქრისტიანებში, ხოლო დანარჩენები, რომლებიც ამგვარი მადლიერებით დიდებას მისას არ აღავლენენ ანუ მადლობას არ აღმოიტყვიან მისდამი, შემბილწველნი არიან უფლის სახელისა, როგორც ამას კონკრეტულად ტრიფონისადმი ამბობს წმ. იუსტინე. იუსტინეს მოაქვს მალაქიას წინასწარმეტყველებიდან სიტყვები, რასაც გარკვეულ კომენტარსაც ურთავს, ეს სიტყვები ასეთი გახლავთ: “დიდია სახელი ჩემი წარმართთა შორის, ამბობს უფალი, ხოლო თქვენ ბილწავთ მას” (მალაქ 1, 10-12). აქ წინდაწინ იტყვის უფალი (ეს უკვე იუსტინეს სიტყვებია) წარმართების ანუ ჩვენს მიერ (თვითონაც წარმართი იყო იუსტინე გაქრისტიანებამდე) ყველა ადგილას მისდამი შეწირულ მსხვერპლთა შესახებ, ანდა რაც იგივეა ევქარისტიის, პურისა და მსგავსადვე ევქარისტიის სასმისის გამო. თანაც უფალი დასძენს, რომ ჩვენ განვადიდებთ მის სახელს, თქვენ კი (ებრაელები) შებილწავთ”. რა თქმა უნდა როდესაც იუსტინე ამბობს “წარმართების ანუ ჩვენს მიერ”, იგულისხმება არა კვლავ წარმართად დარჩენილები, არამედ წარმართები რომლებიც გაქრისტიანდნენ იუსტინესებრ, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ. სწორედ ისინი აღასრულებენ მსხვერპლშეწირვას და არა ვთქვათ ებრაელები, რომლებიც თავიანთ ძველი აღთქმისეული მსხვერპლის კვლავ შენარჩუნებით, ე.ი. მას შემდეგაც შენარჩუნებით, როდესაც ძველი აღთქმის მსხვერპლში, სისხლიან მსხვერპლში, ნაგულისხმევი შინაარსი, მაცხოვრის განკაცება და ჭეშმარიტ მსხვერპლად თავისი თავის დადება, კაცობრიობის ღმერთთან შერიგების მიზანდასახულობით, აღსრულდა, აი ამის შემდეგ ამ მსხვერპლშეწირვის შენარჩუნება სიმბოლური დანიშნულებით იუსტინე მარტვილის მიხედვით და ეკლესიური სწავლებით ღვთის სახელის შებილწვაა.

შეიძლებოდა ჩვენ აქ შევჩერებულიყავით ერთ საკითხზე, რაც ალბათ წარმოიშვება, რომ თუ ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლის კვლავ შენარჩუნება შებილწვაა ჭეშმარიტებისა, რატომაა რომ ჩვენ არ უარვყოფთ დავუშვათ ცხვრის შეწირვას, ზვარაკის შეწირვას ზოგადად (კურთხევანში ზვარაკის შეწირვის ლოცვაც კია), თუნდაც ნაყოფის შეწირვას და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ბუნებითი აზრით, ეკლესიური სწავლებით არსებობს, არსებობდა და იარსებებს მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი და ესაა მაცხოვრის, იესო ქრისტეს მიერ თავისი თავის მსხვერპლად მიტანა კაცობრიობის გამოსახსნელად ბოროტებისგან და კაცობრიობის შესარიგებლად მამა ღმერთთან, მან თავისი თავი გაიღო მსხვერპლად კაცობრიობის გამოსახსნელად. ესაა, კვლავ აღვნიშნავთ, ერთადერთი მსხვერპლი და არავითარ სხვა მსხვერპლს პირდაპირი, ბუნებითი მნიშვნელობით ეკლესია არ ცნობს. ამ პირდაპირი და ბუნებითი მნიშვნელობით არც ძველი აღთქმის მსხვერპლია მსხვერპლი და არც მაცხოვრის შემდგომ დროინდელი ნებისმიერი სისხლიანი მსხვერპლი. ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა წინა სახეა და არა ბუნებითი მსხვერპლი, წინასახეა სწორედ ამ მოვლენისა, მაცხოვრის განკაცებისა და მისი ჯვარცმისა, მის მიერ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისა, ისევე როგორც საზოგადოდ მთლიანად ძველი აღთქმა ახალი აღთქმის წინასახეა და წინასწარმეტყველებაა. როდესაც აღსრულდება  წინასწარმეტყველება და როდესაც წინასახე თავის ხორცშესხმას ჰპოვებს საქმეში, მაშინ ეს წინასახე და წინასწარმეტყველება, უკვე აღსრულებულნი, გაუქმებულია, იმიტომ, რომ კვლავ წინასწარმეტყვე-ლებად გაგება რაიმესი, როცა ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა, იმის უარყოფას ნიშნავს რაც აღსრულდა. ასე რომ ვინც ძველ აღთქმაში სისხლიან მსხვერპლს მაცხოვრის მსხვერპლშეწირვის წინასახედ არ ხედავს და შემდეგშიც სისხლიან მსხვერპლს კვლავ სამომავლოდ ვინმეს მოლოდინით შესწირავს ის, რა თქმა უნდა, უარმყოფელია მაცხოვრის განკაცებისა და მაცხოვრის როგორც ღვთის ძის, მესიის შესახებ სწავლების ასევე უარმყოფელი. ამიტომ ითქმის, რომ იუდეველები უარყოფენ ძე ღმერთს, რამდენადაც ძველ აღთქმას მასზე წინასწარმეტყველებად არ აღიქვამენ და ძველი აღთქმის აღსრულებად არ ჭვრეტენ ახალ აღთქმას. მაგრამ ეკლესიური სწავლებით ძველი აღთქმის მსხვერპლი მხოლოდ წინასახეა და არა ბუნებითი მსხვერპლი მაცხოვრისა. და როდესაც ეს წინასახე აღსრულდა, როდესაც მაცხოვარი მოვიდა და ჭეშმარიტად შესწირა თავისი თავი მსხვერპლად, სიმბოლურობა გაუქმებულია, წინასწარმეტყველებამ თავისი აღსრულება ჰპოვა და კვლავ წინასწარმეტყველებად მისი დარჩენა და გაგება ყოვლად შეუძლებელია. როდესაც მაცხოვარზე არის რაიმე ნაწინასწარმეტყველები, ეს მოვლენა მოხდა და ჩვენ კვლავ იმ სიტყვებს ძველი აღთქმისას წინასწარმეტყველებად მოვიაზრებთ და ველით რომ კიდევ მოხდეს ის, რა თქმა უნდა, უკვე აღსრულებულს უარვყოფთ. ამიტომ ითქმის, რომ ნაწინასწარმეტყველები როდესაც აღსრულდება, შესაბამისად ის რაც იყო უკვე უქმდება. ამიტომ სისხლიანი მსხვერპლი, რა თქმა უნდა, როგორც წინასახე მაცხოვრის განკაცებისა, გაუქმებულია მაცხოვრის მსხვერპლშეწირვის შემდეგ. მაგრამ თუ დარჩა მაინც ცხვრისა და საერთოდ ტარიგის, კრავის, საქონლის შეწირვა, ეს დარჩა ისეთივე პირობითობით, როგორც ძველ აღთქმაში ჰქონდა მას პირობითობა, ოღონდ სხვა კუთხით, რომ ძველ აღთქმაში პირობითობა ქონდა მსხვერპლშეწირვას იმ გაგებით, რომ ის მხოლოდ სიმბოლო იყო, მხოლოდ წინასახე იყო ჭეშმარიტი მსხვერპლისა, ხოლო ახალ აღთქმაში, შემდგომ პერიოდში და ეკლესიურ ეპოქაში, ისევე როგორც დღევანდელ დღესაც, სისხლიანი მსხვერპლშეწირვა შენარჩუნებულია მხოლოდ და მხოლოდ პირობითი აზრით, იმ კუთხით, რომ ის მართლაც მსხვერპლი კი არაა, არამედ ის არის როგორც ქველმოქმედება. ადამიანი როდესაც მსხვერპლად სწირვას რაიმეს, ამ შემთხვევაში საკუთარი თავისგან რაღაცას გაიღებს კაცთათვის, ანუ ეს სიხლიანი მსხვერპლშეწირვა მოწყალების გაღებაა და საკუთრივ მსხვერპლშეწირვითი შინაარსი მას არანაირად არა აქვს. ჩვენ საქონელს დავკლავთ, თანხას გადავიხდით თუ ფიზიკურად ვიშრომებთ და ამ მხრივ კეთილ საქმეს აღვასრულებთ ვინმეს შესაწევნელად, ეს უკვე აბსოლუტურად ერთიდაიგივე მნიშვნელობისაა  ეკლესიურ სწავლებაში, ყველა მათგანი მხოლოდ ქველმოქმედებაა, მხოლოდ მოწყალების გაღებაა და არა მართლაც ბუნებითი მსხვერპლი, ანდა ბუნებითი მსხვერპლის წინა სახე. ჩვენ საქონელს თუ ვკლავთ და მართლაც გვინდა, რომ ის შეწირული ანუ მიღებული იქნეს ღვთისგან, ისევე როგორც ღვთისგან შეიწირება და მიიღება ნებისმიერი ჩვენი კეთილი ზრახვა, ჩვენი ლოცვა მისდამი აღვლენილი, ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენი გულმოწყალებით აღსრულებული რაიმე ქველმოქმედება, ამ აზრითვე ითქმის, რომ ღვთისგან შეიწირება ჩვენგან დაკლული საქონელი, თუ, რა თქმა უნდა, ეს დაკვლა და ეს საქონელი მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ არის მოსახმარი, არამედ ქველმოქმედებისათვის. ასეთი მოქმედება იწოდება კვლავაც მსხვერპლად, ოღონდ მხოლოდ პირობითი მნიშველობით, კვლავაც ითქმის, რომ ჩვენ შევწირავთ ღვთისადმი საქონელს და ღვთისგან შეიწირება იგი და ამას ვამბობთ, კვლავ აღვნიშნავთ, მხოლოდ და მხოლოდ იმგვარივე შინაარსით, როგორც ვიტყვით, რომ მაგალითად ჩვენ ლოცვას აღვავლენთ ღვთისადმი და ღვთისგან შეიწირება იგი, ჩვენ შევეწევით გაჭირვებულს და ჩვენი ეს მოქმედება ღვთისგან შეიწირება, ჩვენ დავაპურებთ და დავარწყულებთ მშიერს და მწყურვალს და ჩვენი ეს მოქმედებაც ასევე ღვთისგან შეიწირება, პატიმარს მოვინახულებთ და ესეც შესაწირია ღვთისგან და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ყველა ჩვენი კეთილი საქმე შეწირულია ღვთისგან და ნებისმიერი კეთილი საქმე რადგან სწორედ მოწყალების გაღებაა, ქველმოქმედებაა და სხვა არაფერი, აი ამავე ნიშნით არის შენარჩუნებული საეკლესიო ტრადიციაში მსხვერპლშეწირვა. იმ ციტატაში, რაც ჩვენ მოვიტანეთ, სადაც იუსტინე მარტვილი ევქარისტიას ახსენებს და მიიჩნევს, რომ ევქარისტიის აღმსრულებელნი მხოლოდ წარმართთაგან მოსულნი არიან და არა იუდეველობაში დარჩენილნი, არა ძველი აღთქმის რჯულში დარჩენილნი, იმ გაგებით, რომ იქ აღსრულებული წინასწარმეტყველებანი მათგან მიუღებელი აღმოჩნდა და კვლავ წინასწარმეტყველებად ხედავენ ყოველივეს და მომავალში მოელიან ვინმე სხვას, ანუ უარყოფენ მაცხოვარს. მაცხოვრის უარმყოფელი კი შეჰბილწავს როგორც მაცხოვრის მსხვერპლს ასევე თვით იმ ძველი აღთქმის მსხვერპლსაც, რადგან ამ უკანასკნელს სიმბოლურობას ანუ მაცხოვრის მსხვერპლისადმი მის გამზერილობას, წინასახეობას უკარგავს. ასე რომ მაცხოვრის მსხვერპლის უარმყოფელი შემბილწველია არა მხოლოდ ამ მსხვერპლისა, არამედ აუცილებლად ძველი აღთქმის მსხვერპლისა, რადგან ძველი აღთქმაც იმავე სულისაა და იგივეა რაც ახალი აღთქმა, ოღონდ ძველი აღთქმა არის ჭეშმარიტება წინასწარმეტყველებითი, ხოლო ახალი აღთქმა გახლავთ ჭეშმარიტება საქმედ ქმნილი და აღსრულებული. აქედან გამომდინარე საეჭვოა არ არის რომ იუსტინე მარტვილის ციტირებულ სიტყვებში ევქარისტია გაიგივებულია იმ მსხვერპლთან, რაზეც წინასწარმეტყველებს მალაქია, მალაქია კი წინასწარმეტყველებს სწორედ მაცხოვარზე, როგორც მსხვერპლზე. თავისთავად ცხადია იუსტინე მარტვილთან ყოველგვარი მსხვერპლი უარყოფილია და ერთადერთი მსხვერპლი, ნამდვილი მსხვერპლშეწირვა ესაა ზიარება, ლიტურგიის აღვლენა, წირვა-ლოცვა და ამას ეწოდება სწორედ უსისხლო მსხვერპლი. იუსტინე მარტვილის სიტყვები ამ მხრივ ჩვენთვის დასამახსოვრებელი იყოს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველგამოთქმაა იმ მარადიული დოგმატური საეკლესიო სწავლებისა, რომ “მხოლოდ ღირსეულ პირთა მიერ ქმნილი ლოცვები და ევქარისტიებია სრული და ღვთისათვის სათნო მსხვერპლი და ამას მეც ვამბობ (ამ სამოციქულო, დასაბამიერ სწავლებას იმეორებს იუსტინე და თვითვე დასძენს, რომ ისიც ამ აზრისაა). ერთადერთ მისთვის ღირსეულ პატივად ეს გვისწავლია, რომ მის მიერ ქმნილი საზრდო ცეცხლში კი არ შთანვთქათ, როგორც ეს იყო ძველად, არამედ ჩვენსავე თავსაც და სხვებსაც, რომლებსაც უჭირთ, ვუძღვნათ ისინი”.

ჩვენ ერთ მხარეს აღვნიშნავდით, რომ როდესაც საქონელს სწირავს ვინმე და ასე ვთქვათ ჩაუთქვამს მისი ჭკუით ღმერთს და მერე შესწირავს, ამ შეწირვის შინაარსს ამგვარად განმარტავს რომ შეწირვის შემდეგ წამოიღებს შეწირულს და თავის ოჯახს მოახმარს. ეს ერთი უკიდურესობაა როგორც აღვნიშნეთ, რადგან ნებისმიერ პირობით მსხვერპლს ახალი აღთქმის შემდგომ დროინდელს, იქნება ეს კეთილი საქმე, გაღებული თანხა, სისხლიანი მსხვერპლი თუ სხვა, ყველა მათგანი შეიწირება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ღვთისგან თუ ის ჩვენთვის კი არაა აუცილებლად და პირველადი მნიშვნელობით, არამედ სხვათათვის ქმნილი. არსებობდა მეორე უკიდურესობაც, რომ ამგვარი რამ მსხვეპლგაღება თითქოს მხოლოდ სხვებისთვის უნდა ყოფილიყო და საკუთარი თავი მთლიანად გამოგვერიცხა. ამის შუალედი გახლავთ ეკლესიური სწავლება, როგორც ეს იუსტინესგან შესანიშნავადაა თქმული, რომ “საზრდო ცეცხლში კი არ შთანვთქათ, არამედ ჩვენსავე თავს და სხვებსაც, რომლებსაც უჭირთ, ვუძღვნათ ისინი. ხოლო მას (უფალს) ვმადლობდეთ და სიტყვიერ თაყვანებასა და საგალობელს აღვუვლენდეთ”. ასე რომ მსხვერპლად შეწირულის და ნაკურთხი სასმელ-საჭმელის თვით შემწირველისგანაც მიღება გარკვეული რაოდენობით, რა თქმა უნდა, არ განაყენებს მას ქველმოქმედებისგან, არამედ პირუკუ თანაზიარს ჰყოფს მას იმ უკვე ეკლესიურად ნაკურთხ საზრდოში და კურთხევის მადლი მასზეც გადადის, მაგრამ დიდი წილი, რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისათვის უნდა იყოს განკუთვნილი.

აშკარაა, რომ იუსტინე მარტვილი უარყოფს მხოლოდ ნივთიერ მსხვერპლშეწირვას, რასაც იქმოდნენ ებრაელები და წარმართები, ხოლო ზიარება ანუ ევქარისტია მისთვის მხოლოდ სულიერ, გონიერ მსხვერპლს ნიშნავს. ესაა. ე.წ. გონებითი მსხვერპლი (ბერძნ. ლოგიკეთვისია), რასაც (ძალიან საყურადღებოა) ზოგჯერ თვით ბერძენი ფილოსოფოსებიც კი ღვთის თაყვანისცემის ერთადერთ ფორმად სახავდნენ. ევქარისტიის, როგორც სულიერი მსხვერპლის, ანუ გონითი მსხვერპლის არსი ის გახლავთ, რომ თავად ლოგოსი, განკაცებული სიტყვა ღვთისა გვევლინება მსხვერპლად. სულიერი მსხვერპლისა და ევქარისტიის გაიგივება იუსტინე მარტვილთან, როგორც აღვნიშნეთ, მკვეთრია, ხოლო იუსტინეს შემდეგ იგი სრულად მსჭვალავს მთელ ქრისტიანულ ეგზეგეტიკას.

140–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=U57CcNS9BrA


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

No comments:

Post a Comment