Monday, April 22, 2019

არისტონ პელაიელი (II ს.), წმიდა იუსტინე მარტვილი (II ს.)

129
არისტონ პელაიელი და მისი აპოლოგეტური შრომა “იასონისა და პაპისკონის პაექრობა ქრისტეს შესახებ”

ჩვენი წინა განხილვა ეძღვნებოდა არისტიდეს, ერთ-ერთი უადრესი ქრისტიანი აპოლოგეტის შრომას, რომლის განხილვაც გადაჯაჭვულია მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, საეკლესიო ძეგლის “ბალავარიანის” ისტორიაზე. ამიტომ იყო, რომ არისტიდეს აპოლოგიასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელსაც (ბალავარიანსაც) მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ. ამჯერად კი კვლავ ვუბრუნდებით ქრონოლოგიურ ხაზს და არისტიდეს შემდეგ შევეხებით შედარებით უფრო გვიანდელი დროის მოღვაწეს, ასევე აპოლოგეტს, რომელიც რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ წინარე საუბრებში, არისტონ პელაიელს. რა თქმა უნდა, არისტონ პელაიელი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანი აპოლოგეტი მოღვაწე გახლავთ, მაგრამ რამდენადაც ამ პიროვნებასაც გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საეკლესიო აპოლოგეტიკის ჩამოყალიბების დიდ საქმეში, ვფიქრობთ ორიოდე სიტყვით მასაც გარკვეული ყურადღება უნდა დავუთმოთ.

როგორც ჩვენ ადრეც აღგვინიშნავს, არისტონ პელაიელი გახლავთ აპოლოგეტთაგან პირველი, რომელმაც ქრისტიანული მოძღვრება დაიცვა საკუთრივ იუდაიზმისგან. თუ მსმენელს ახსოვს აპოლოგეტიკის განხილვისას, შესავალ ნაწილში, ჩვენ რამდენიმე მონაცემი წარმოვადგინეთ, რომლებიც დამახსოვრებას ექვემდებარება, რომ ყველაზე ადრინდელი აპოლოგეტი, დღევანდელი წყაროების მიხედვით, გახლავთ კოდრატე, რომლის აპოლოგიაც ჩვენამდე არ მოღწეულა და ის დაკარგულია. პირველი აპოლოგეტი, რომლის შრომაც ჩვენამდე მოღწეულია გახლავთ არისტიდე ათენელი. ხოლო პირველი აპოლოგეტი, რომლის აპოლოგიაც საკუთრივ იუდაიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, არის არისტონ პელაიელი და ეს ძეგლი, რაზეც ჩვენ ამ შემთხვევაში ორიოდე სიტყვით მსჯელობა უნდა წარმოვადგინოთ, სწორედ იუდაიზმის საწინააღმდეგოდ ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტეტბას ასაბუთებს. მთლიანი სახით არისტონ პელაიელის ამ აპოლოგიის სათაური ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს “იასონისა და პაპისკონის პაექრობა ქრისტეს შესახებ”. სამწუხაროდ ეს ძეგლი დაკარგულია, მაგრამ სხვა ავტორთა მონაცემებით ირკვევა, რომ წარმოდგენილი ორი პიროვნებიდან, რომლებიც ერთ მეორეს ეპაექრებიან, იასონისა და პაპისკონის სახელების მქონეთაგან, პირველი მათგანი - იოასონი გახლავთ იუდეველი ქრისტიანი, ე.ი. ახალგაქრისტიანებული იუდეველი, რომელიც მთლად იუდაიზმის ფესვებსაც არ არის მოწყვეტილი, ხოლო პაპისკონი ესაა ეგვიპტის ალექსანდრიის ებრაელი. თვით თხზულების რაობა, შინაარსი, ჩვენთვის უცნობია, რადგან ძეგლი დაკარგული გახლავთ, მაგრამ ამ თხზულებასთან დაკავშირებით არსებობს საყურადღებო მითითება ორიგენესი, რითაც ირკვევა, რომ არისტონ პელაიელის ძეგლს გარკვეული ყურადღება დაუმსახურებია არა მხოლოდ ქრისტიანთა მხრიდან, არამედ თვით წარმართთაგანაც კი. კერძოდ ორიგენე საგანგებოდ მიგვითითებს II ს-ის ფილოსოფოს კელსუსზე, იმ ფილოსოფოსზე, რომლის წინააღმდეგაც საკუთრივ ორიგენეს მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი სათაურით “კელსუსის წინააღმდეგ”, რომელმაც დაახლოებით 170 წელს დაწერა თავისი თხზულება სახელწოდებით “ჭეშმარიტი მსჯელობა” (ანდა ჭეშმარიტი განხილვა) და ამ თხზულების ერთ მონაკვეთში ხსენებული კელსუსი, როგორც ამას გვიმოწმებს ორიგენე, განაქიქებს და ჰკიცხავს არისტონ პელაიელს, ძეგლსაც და ავტორსაც. Kონკრეტულად კი ავტორს უსაყვედურებს ძველი აღთქმის ალეგორიული ანუ სახისმეტყველებითი განმარტებით გატაცებას. წარმართებიც და მწვალებელთა სხვადასხვა დაჯგუფებანი ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ერთ-ერთ სახეობას ქრისტიანული, მართლმადიდებლური განმარტებითი მოღვაწეობისას, რასაც სახისმეტყველებითი მეთოდი ეწოდება, ძალიან მკვეთრად და ხაზგასმულად ებრძოდნენ, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი ალეგორიული განმარტებით მართლმადიდებლური მოძღვრება მთელი ძველი აღთქმის განფენილობაში ადვილად ამოსაკითხია. და რამდენადაც ისინი ამგვარ ამოკითხვას ეწინააღმდეგებოდნენ, შესაბამისად ეწინააღმდეგებოდნენ იმ მეთოდსაც, რითაც ძველი აღთქმის ჭეშმარიტი შინაარსი ეკლესიის მამათაგან განიჭვრიტებოდა. იგივე ითქმის მოცემულ შემთხვევაში კელსუსის აღნიშნულ საყვედურთან დაკავშირებითაც არისტონ პელაიელის მიმართ, რომ ეს უკანასკნელი თითქოსდა ზედმეტად იყო გატაცებული ძველი აღთქმის სახისმეტყველებითი ანუ ალეგორიული განმარტებით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შემდეგში სწორედ ამ განმარტებითმა მეთოდმა მოიპოვა უდიდესი განვრცობა საეკლესიო ტრადიციაში და უმნიშვნელოვანესი სახისმეტყველებითი ძეგლები ეკლესიის მამათაგან ჩვენამდე შემორჩენილი გახლავთ. თუ კელსუსი უსაყვედურებს არისტონ პელაიელს არა მხოლოდ ამას, რაც აღვნიშნეთ (სახისმეტყველებით მეთოდს), არამედ მისი აზრით იმ რაღაც პრიმიტიულობასაც, რასაც არისტონის აპოლოგია თითქოსდა ამჟღავნებს, მეორე მხრივ ორიგენე იცავს არისტონის თხზულებას, თხზულებას, რომელიც როგორც ირკვევა დაწერილია II ს-ის პირველ ნახევარში, დაახლოებით 140 წელს. და იცავს რა ამ ძეგლს, ორიგენე აღნიშნავს, რომ მართალია გარკვეული სიმარტივე შესამჩნევია თხზულებაში, მაგრამ ეს ავტორის პრიმიტიულობას კი არ ცხადყოფს, არამედ მის სამოძღვრო ვალდებულებას, რამდენადაც აპოლოგია მიმართულია უბრალო ადამიანებისადმი და მათთვის გასაგებ ენაზეა იგი დაწერილი. ორიგენეს თანახმად ეს აპოლოგია არისტონისა, ჩვენთვის დღეისათვის დაკარგული, გვაუწყებდა თუ როგორ შეიძლებოდა, რომ ქრისტიანს ძველი აღთქმის ცალკეული წიგნების გამოყენებით პაექრობა ეწარმოებინა იუდეველის წინააღმდეგ და დაემტკიცებინა მისთვის, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი სწორედ ქრისტეს შესახებ ქადაგებდნენ. ე.ი. მოცემული იყო მეთოდოლოგია ძველი ათქმის საფუძველზე, ანუ ბიბლიის იმ ნაწილის საფუძველზე, რაც საერთოა ქრისტიანებსა და იუდეველებს შორის, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ იუდეველისთვის ქრისტიანს ქრისტინული ჭეშმარიტება დაემტკიცებინა. ასე რომ ამ ძეგლს მეთოდოლოგიურადაც და კონკრეტული მასალის მხრივაც ერთ-ერთი პირველადი, პირველხარისხოვანი, ქრონოლოგიურადაც პირველადი და მნიშვნელობითაც უპირატესი ღირსება ჰქონია.

კარგად არის ცნობილი, რომ მოგვიანო საუკუნეებში იუდეველთა წინააღმდეგ წერილობითი პაექრობანი არნახულად განივრცო და უდიდესი შრომები ეკლესიის მამებისა ამ მხრივ ცნობილია, და თუ დღეისათვის დაკარგულია არისტონის აპოლოგია, უპრიანია ვიფიქროთ და დავუშვათ, რომ ის ადრეული საუკუნეები, როდესაც ჩვენს მიერ ნაგულისხმევი ფუნდამენტური ანტი იუდაისტური თხზულებები იქმნებოდა ეკლესიის მამათაგან, ის უადრესი საუკუნეები ჯერ კიდევ ინახავდა ტექსტობრივად არისტონის თხზულებას და ხსენებული გვიანდელი მოღვაწეებიც უეჭველად იყენებდნენ და ეფუძნებოდნენ მას. ასე რომ პირველი ნაბიჯი სისტემური შესწავლისკენ ძველი აღთქმისა იუდეველებთან პაექრობითი მიზანდასახულობით, როგორც ჩანს სწორედ არისტონ პელაიელის მიერ გადაიდგა და ალბათ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მის მოღვაწეობაში, რისი აღნიშვნაც ამჯერად შეიძლება. თვით ამ ძეგლშიც, კონკრეტულ მაგალითს როდესაც ვამბობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ არა მხოლოდ მეთოდოლოგიაა ჩამოყალიბებული, არამედ ნაჩვენებიც თუ პრაქტიკაში ეს მეთოდოლოგია როგორ ხორციელდება. როგორც აღვნიშნეთ, იასონი რომელიც ქრისტიანობაზეა მოქცეული, იუდეველ პაპისკონს ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას უმტკიცებს, უმტკიცებს ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიით და ნაშრომის მიმდინარეობა და დანასკვი, ბოლო ნაწილი, აჩვენებს, რომ ამ მეთოდმა წარმატება ჰპოვა, რადგანაც პაექრობის დასასრულს იუდეველი პაპისკონი ცნობს ქრისტეს, როგორც ღვთის ძეს და პაპისკონისგან მოითხოვს ნათლობას.

ერთადერთი ტექსტობრივი მონაცემი აღნიშნულ ძეგლთან დაკავშირებით ჩვენამდე მოღწეულია ლათინურად. ეს გახლავთ შესავალი ნაწილი არისტონ პელაიელის შრომისა, დანარჩენი თვით ლათინურ თარგმანშიც დაკარგულია, რაც (ეს ფრაგმენტი) საუკუნეების მანძილზე მიკუთვნებული იყო წმ. კვიპრიანე კართაგანელისადმი, ამ უდიდესი მოღვაწისადმი, რომელსაც ჩვენ ქრონოლოგიური განხილვის შესაბამის მონაკვეთში, რა თქმა უნდა, შევეხებით, ასეთი სათაურის ქვეშ “ვიგილიუს ეპისკოპოსისადმი იუდეველური ცრუ მორწმუნეობის შესახებ”. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ მკვლევართაგან აბსოლუტურად და უეჭველად ნათელყოფილი და დამტკიცებულია დღეისათვის, რომ ეს ფრაგმენტი სინამდვილეში წარმოადგენს არისტონის აპოლოგიის ლათინური თარგმანის შესავალს. ეს ლათინური თარგმანი ალბათ II-III ს-ის მიჯნაზე შესრულდებოდა, როგორც აღვნიშნეთ თვით ბერძნული ორიგინალი დაახლოებით 140 წელს დაიწერა, და არ არის გამორიცხული, რომ თხზულება დაწერილი იყოს და თვით არისტონიც ამ თხზულების დაწერის მომენტში მოღვაწე ყოფილიყო ქალაქ ალექსანდრიისა, რადგანაც ის ალეგორიული მეთოდიკა, რაც საფუძველია არისტონის აპოლოგიისა, კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ ალექსანდრიაში იყო განსაკუთრებით ფეხმოკიდებული.

ეს გახლავთ აბსოლუტურად ყველაფერი რაც ჩვენ არისტონ პელაიელის აპოლოგიაზე შეგვიძლია ვთქვათ და ამ მოღვაწის ასეთი მცირედი განხილვის შემდეგ გადავალთ გაცილებით უფრო მასშტაბურ მოღვაწეზე და ალბათ მსმენელისთვისაც მეტნაკლებად ცნობილ პიროვნებაზე წმ. იუსტინე მარტვილზე.


  წმიდა იუსტინე მარტვილი

იუსტინე მარტვილის სახელი საუკუნეების მანძილზე გაუხუნარი დიდებულებით ბრწყინავს და ამგვარი ბრწყინვალება და სიდიადე მისი სახელისა განპირობებულია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მასთან დაკავშირებითაც მოღვაწეობის ორი სახეობის, ერთი მხრივ სამოძღვრო, თეორიული, ღვთისმეტყველური ანუ ძველ ქართულად რომ ვთქვათ ხედვითი და მეორე მხრივ პრაქტიკული ანუ საქმითი ღვაწლის თანაშერწყმითა და ერთმთლიანობით, სიტყვა საქმისგან განუყოფელი, საქმე სიტყვით დასაბუთებული. აი ამგვარი მთლიანობითი სახით წარმოჩნდება წმ. იუსტინე მარტვილის პიროვნება ჩვენს წინაშე და ამითვე აიხსნება მისი მოღვაწეობის, მისი ნამოღვაწარის, იმგვარივე ბრწყინვალებით შენარჩუნებულობა 17-18 საუკუნის შემდეგაც, როგორი ბრწყინვალებითაც თავდაპირველადვე, II საუკუნეშივე, აღნიშნული ძეგლები წარმოჩნდა საეკლესიო სინამდვილეში, საეკლესიო მოღვაწეობის ასპარეზზე.

იუსტინე მარტვილის ჩვენამდე მოღწეული შრომები სრული სახით გახლავთ აპოლოგეტურნი და ამიტომ განიკუთვნებს ეს მოღვაწეც აპოლოგეტის პატივს. ორი მათგანი სახელწოდებითვე აპოლოგეტურია, რომელთაგან ერთს ეწოდება “დიდი აპოლოგია”, მეორეს კი “მცირე აპოლოგია”. მოღწეულია აგრეთვე მისი ვრცელი შრომა “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”, და თუ ჩვენ ზემორე მოყვანილ დასამახსოვრებელ მონაცემებს კვლავ მოვუხმობთ, შეგვიძლია მას მეოთხეც დავუმატოთ და აღვნიშნოთ, რომ წმ. იუსტინე მარტვილი პირველია აპოლოგეტთა შორის, რომელმაც ერთდროულად მოგვცა აპოლოგეტური დასაბუთება ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებისა, ერთი მხრივ ელინიზმის წინაშე და მეორე მხრივ იუდაიზმის წინაშე, ანუ განაქიქა მან როგორც ელინიზმი, კერპთაყვანისმცემლობა, წარმართობა, ასევე იუდაიზმი და ორივე მათგანის მხილების შემდეგ და ორივე მათგანის ნატყუარობისა და არაჭეშმარიტების აშკარად წარმოჩენის შემდეგ გადმოსცა ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრების, მართლმადიდებლური სწავლების უარსებითესი, ყველაზე მთავარი მონაცემები და ასპექტები. ამიტომ ითვლება, რომ იუსტინე მარტვილი ყველაზე მნიშვნელოვანია II საუკუნის ბერძენ აპოლოგეტთა შორის.

თვით ეს წოდება მარტვილი თავისთავად ასაჩინოებს, რომ მან მოწამეობრივად აღასრულა სიცოცხლე. მაგრამ იგი მხოლოდ ამ ეპითეტით და სახელწოდებით არ არის ცნობილი, იუსტინე ცნობილია აგრეთვე მეორე სახელწოდებითაც, როგორც იუსტინე ფილოსოფოსი. თუ მარტვილობა საკუთრივ მისი ქრისტიანული მოღვაწეობის გვირგვინია, ფილოსოფოსად წოდება ამ პიროვნებისა ქრისტიანული მოღვაწეობის ეპოქასთან ერთად ქრისტიანობამდელ ანუ წარმართობის დროინდელ ეპოქასაც იუსტინე მარტვილის ცხოვრებისას თავის თავში მოიცავს.

დღეისათვის ცნობილია, რომ იუსტინე მარტვილი დაიბადა ნეაპოლისში, რომელსაც ძველად სიქემი ეწოდებოდა, პალესტინაში. მისი მშობლები გახლდნენ, რა თქმა უნდა, წარმართები, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა იმგვარი ვითარება, რომ ტრადიციულად მშობლებიდან ოჯახი ქრისტიანული ყოფილიყო და შესაბამისად იუსტინე მარტვილის მშობლიური გარემოც, მისი დაბადების პირველი წლებიდანვე, რა თქმა უნდა, წარმართული გახლდათ. იუსტინე თვითვე გვაუწყებს ამის შესახებ თავისი ნაშრომის, “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”, II-VIII თავებში თუ რა ოჯახში დაიბადა ის და ამავე დროს გვაუწყებს თუ რა გზა განვლო მან ჭეშმარიტების ძიებისაკენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი თხრობა მრავალი ასპექტით, გნებავთ ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, აღსარებითი, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, გზა ჭეშმარიტების ძიებისა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი გულახდილი და პირადი აღმსარებლობითი ხასიათის უწყებებით არ ვართ განებივრებულნი და შესაბამისად იუსტინე მარტვილის თხრობა საკუთარი განვლილი გზის შესახებ, ამ თვალსაზრისითაც, ე.ი. იშვიათობის კუთხითაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელი გახლავთ. იუსტინე გვაუწყებს, რომ ის პირველად მიყვანილ იქნა სტოიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა სკოლაში, შემდეგ არისტოტელურ სკოლაში ეცადა იგი ჭეშმარიტების მოპოვებას, ე.წ. პერიპატეტიკოსებთან (მოგეხსენებათ არისტოტელე სეირნობის ანუ მსვლელობის ჟამს გადასცემდა მოძღვრებას თავის მოწაფეებს.  თვით ბერძნ. სიტყვა პერიპატეო სწორედ მიმოვლას, სეირნობას, მსვლელობას ნიშნავს, და აქედან გამომდინარე არისტოტელეს მიმდევრებს პერიპატეტიკოსები ეწოდათ), ბოლოს კი იგი მიყვანილ იქნა პითაგორელთან (ბოლოს - ვამბობთ ყველაზე უფრო ცთომილ ეპოქას მისი წარმართული ცხოვრებისას). მთლად დასასრული ამგვარი ძიებისა, ჯერ კიდევ ცთომილების წიაღში, პლატონელთა სკოლაში მისი მისვლაა, მაგრამ პლატონელთა სკოლას თვითონვე გამოარჩევს მცირედით და ამიტომ ცალკე გამოყოფს პირველ სამს. სტოიკოსთა შორის აბსოლუტურად ვერაფერი სარგებლობა ვერ ჰპოვა იუსტინემ, როგორც ამას თვითონვე გვეუბნება, რადგანაც ამ სტოიკოსმა, რომელიც უშუალოდ მისი მასწავლებელი იყო, ვერანაირი ახსნა საღვთო არსების, ღმრთეების, ღმერთის შესახებ მას ვერ მიანიჭა. რაც შეეხება პერიპატეტიკოსს, ანუ არისტოტელეს მიმდევარს, მან, იუსტინეს გაცნობისთანავე, პრაქტიკული თვისება გამოამჟღავნა, კერძოდ მოითხოვა მისგან, რომ სწავლების ფასზე შეთანხმებულიყვნენ, რამაც იუსტინეს უაღრესად გაუტეხა გული ამ მასწავლებლისადმი და მისგან უკუიქცა. რაც შეეხება პითაგორელს, მან უპირველესად ის მოსთხოვა იუსტინე მარტვილს, რომ შეესწავლა მას მუსიკა, ასტრონომია და გეომეტრია (მოგეხსენებათ პითაგორიზმი ამ დისციპლინებზე გამძაფრებული ყურადღებით გამოირჩევა და ხასიათდება), და როდესაც იუსტინემ უთხრა, რომ მას არანაირი მკვეთრი დაინტერესება ამგვარი დისციპლინებით არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, პითაგორელმა მის მასწავლებლობაზე უარი თქვა. ამ სამი სკოლის მიმოვლის შემდეგ პლატონელებს მიაშურებს იუსტინე მარტვილი, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ ცნობილნი მის ეპოქაში და თვითონვე გვაუწყებს, რომ კარგა ხანს დაჰყო მათთან.

სხვათაშორის დიდი მსგავსებაა იუსტინეს მიერ განვლილი ეტაპებისა დავუშვათ ავგუსტინეს ანალოგიურ აღსარებასთან. შეიძლება მონაცემები იქ მეტნაკლებად სხვაობდეს, მაგრამ ფსიქოლოგიური სურათი ძალიან მსგავსია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ავგუსტინეს აღსარებანი ისევე ეყრდნობოდეს იუსტინე მარტვილის ამგვარ პირად აღსარებას განვლილი გზისას, როგორც მოგვიანებით ანალოგიური სახის აღმსარებლობითი თხრობა მოგვცა ჩვენ წმ. კვიპრიანე კართაგანელმა, რასაც აშკარად ეფუძნება შემდეგში ავგუსტინე. ასე რომ გარკვეულ ხაზად შეგვიძლია ამგვარი თხრობითი, აღსარებითი ხასიათის ჟანრი გამოვკვეთოთ და ცალკე გამოვყოთ საეკლესიო ლიტერატურაში. პირველ რიგში ალბათ, ჩვენს მიერ უკვე განხილული, წმ. კლიმენტი რომაელის აპოკრიფულ შრომაში დაცული აღსარებითი ნაწილი, რასაც მკვლევართა ნაწილის აზრით შესაძლოა არქეტიპულად მაინც საკუთრივ კლიმენტი რომაელთან ქონდეს კავშირი, ე.ი. უშუალოდ მისი დაწერილი იყოს. ყოველშემთხვევაში ამ ნაწილში აპოკრიფული და რწმენის საწინააღმდეგო აბსოლუტურად არაფერი არ არის და სავსებით შეგვიძლია ის კლიმენტი რომაელს განვუკუთვნოთ. ასე რომ კლიმენტი რომაელი შეგვიძლია დავსახოთ აღსარებითი ჟანრის სამწერლობო ტრადიციის ფუძემდებლად. ამავე გზაზე ვალს და წინაურდება წმ. იუსტინე მარტვილი, შემდგომ კვიპრიანე კართაგანელი, წმ. გრიგოლ ნოსელი და ავგუსტინე. გარკვეული ქადაგებითი და მინიშნებითი სტილით, რა თქმა უნდა, ამ გზაში შემოდის აგრეთვე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ხოლო უფრო ადრეულ ეპოქაში, III ს-ში, თავისი განვლილი ცხოვრება გაცილებით უფრო გაღრმავებულად, სახეობრივი თვალსაზრისით, გაცილებით უფრო სიმბოლიკის ენაზე ამეტყველებულად მოგვცა ჩვენ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელმა თავის ცნობილ შრომაში “გამოსათხოვარი სიტყვა”, რასაც თავის დროზე ალბათ ასევე უაღრესად დეტალურად შევეხებით.

აი ამ ძეგლებსა და ამ ავტორებს შორის მოვიაზრებთ ჩვენ წმ. იუსტინე მარტვილის ამგვარ აღმსარებლობით თხრობას, მის მიერ განვლილი გზისას ჭეშმარიტების ძიების ჟამს, რომლის პირველ ეტაპზეც მას ეჩვენებოდა, რომ ეს გზა ჭეშმარიტების ძიებისა დაბოლოვდა პლატონელებთან. თვითვე ამბობს, რომ “ვიხარებდი მათი იდეებით”. მოგეხსენებათ პლატონური სწავლება იდეების სწავლებას ეყრდნობა. თუმცა ამ ბოლო დროს გამოიკვეთა საყურადღებო თვალსაზრისი, რომ საკუთრივ სიტყვა იდეა პლატონთან ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ მოძღვრების ამგვარი კვალიფიკაცია, ე.ი. მოძღვრება იდეათა შესახებ, უფრო გვიანდელ ტრადიციაში შემუშავებული განსაზღვრება გახლავთ ვიდრე საკუთრივ პლატონისა, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. იუსტინე მარტვილის მოწმობა ჩვენ იმის დასტურად მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ყოველშემთხვევაში ახალი წელთა აღრიცხვის II ს-ში პლატონური მოძღვრება უკვე ამგვარად იყო კვალიფიცირებული, იმიტომ, რომ იუსტინე მარტვილი სწორედ იდეებს უსვამს ხაზს პლატონელებთან მისი სწავლის ჟამს, რომ “ვიხარებდი და ვიშვებდი იდეათა შესახებ მოძღვრებით და ვთვლიდი, რომ ჭეშმარიტება შევიცანი”. სწორედ მაშინ მოხდება იუსტინე მარტვილის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმა არა ყალბი, არამედ ნამდვილი ჭეშმარიტებისკენ, როდესაც იგი, პლატონური მოძღვრებით გაბრუებული, ერთ მშვენიერ დღეს ზღვის ნაპირზე მიმოდიოდა, სადაც წააწყდება ვინმე მოხუცებულს, ბერს და ამ ბერისგან პირველად გაიგებს იუსტინე მარტვილი, რომ არსებობდნენ ადამიანები, წინასწარმეტყველური მადლით დაჯილდოებულნი, რომლებმაც საუკუნეთა უწინარეს მოასწავეს ჭეშმარიტება. იუსტინე მოგვითხრობს, რომ “ამ მოხუცმა ყოველივე ამის შესახებ დეტალურად მაუწყა, მაუწყა იმის შესახებ თუ როგორ აღსრულდა წინასწარმეტყველთაგან წინდაწინ თქმულნი, ჯერ მაცხოვრის შესახებ, შემდგომ მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის, შემდგომდროინდელი მოვლენების შესახებ და დამისაბუთა ისიც, რომ თუკი აქამომდე ყოველივე ახდა მათგან ნათქვამი, უეჭველად ახდება აგრეთვე ის ყოველივე, რაც მათ კიდევ უფრო სამომავლო ჟამთათვის და ჟამთა აღსასრულისთვის თქვეს და მოასწავესო”. იუსტინე მარტვილი ამ წამს, ე.ი. მოხუცთან შეხვედრის საათს, თვლის შემობრუნების ნიშან-სვეტად, როდესაც მისივე თქმით მყისვე აგიზგიზდა ცეცხლი მის სულში, “შემიპყრო და გამმსჭვალა სიყვარულმა ამ წინასწარმეტყველთა მიმართ, რომლებიც მეგობარნი არიან ქრისტესი. და ავწონ-დავწონე რა ჩემს გონებაში მათი სიტყვები (ეს უკვე შედმგომ ვითარებას ასახავს იუსტინესას, როდესაც მან თვითონვე შეისწავლა წინასწარმეტყველთა თქმულნი) მე ვპოვე, რომ ესაა ერთადერთი ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია”. ვფიქრობთ ეს ერთ-ერთი უადრესი და ქრონოლოგიურად ალბათ პირველი კვალიფიკაციაა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოღვაწეობისა და მათი მოძღვრებისა, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფია. დაახლოებით იმავეს გვაუწყებს ჩვენ წმ. დიონისე არეოპაგელი, რომლის შრომებსაც შევეხეთ, მაგრამ იქ კვალიფიკაცია უფრო ღვთისმეტყველებისკენ აქცენტითაა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ ის (დიონისე არეოპაგელი) უწოდებს ჭეშმარიტ ღვთისმეტყველთ და მათ მოძღვრებას ღვთისმეტყველებას. მაგრამ ფილოსოფიად კვალიფიცირება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა უკვე მოსწავებაა იმისა, რომ თვით ტერმინი ფილოსოფია საკუთრივ საეკლესიო, ქრისტიანული, მაცხოვრისეული მნიშვნელობით იტვირთება, ანუ მაცხოვრის, იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი სიბრძნის მნიშვნელობით, რასაც პავლე მოციქული განაჩინებს მის (ქრისტეს) შესახებ, რომ იგი არის “ძალი და სიბრძნე ღვთისა”. ანუ სიბრძნე არის სახელი მაცხოვრისა, იესო ქრისტესი და სიბრძნის მოყვარეობა, ეკლესიის წიაღში, საეკლესიო მოღვაწეთაგან სწორედ ასე გაიგება - ქრისტეს მოყვარეობა. აი ამ შინაარსს დებს უკვე იუსტინე მარტვილი ტერმინ ფილოსოფიაში, ანუ ტერმინ ფილოსოფიას ის უიგივებს ფილოხრისტიას, ქართულად რომ ვთქვათ სიბრძნის მოყვარეობას ის უიგივებს ქრისტეს მოყვარეობას და სწორედ ეს მიაჩნია მას ჭეშმარიტ მოძღვრებად, ჭეშმარიტ სწავლებად, საკუთრივ ჭეშმარიტებად.

129–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=rcRNU4gEe9k


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

1 comment:

  1. Titanium Nose Hopper Gane | Tioga - Titanium-Arts
    Titanium titanium damascus knives Nose Hopper Gane is ceramic vs titanium flat iron an engineered and manufactured solid copper core mokume gane titanium with titanium tent stove a unique aluminum core with a snow peak titanium flask unique design.

    ReplyDelete