ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ1
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიოფიზიტური სწავლებით მაცხოვრის სხეული, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვებისა, ემსგავსებოდა ჩვენს “ცოდვის ხორცს” მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ღვთის სხეული არ შეიცავდა რომელიმე ბუნებით ანუ მემკვიდრეობით თვისებას
ჩვენი სეულისას. მაცხოვრის კაცობრივი სხეული ყოვლად თავისუფალი იყო მხოლოდ
მემკვიდრეობითი ცოდვილობისაგან, მემკვიდრეობითი ცოდვისმიერი
გაუკუღმართებისაგან, ცოდვისმიერი წახდენისაგან, მაგრამ იგი ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა მემკვიდრეობით, ყველა ბუნებით თვისებას ჩვენი სხეულისას, როგორებიცაა: ხრწნადობა, მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა (ძვ. ქართ. “ვნებადობა”, ბერძნ. τὸ παθητόν ). მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ აღდგომისას შეიძინა იმავე სხეულმა უხრწნელება, უკვდავობა, ტკივილგანუცდელობა (“უვნებელობა”, ბერძნ. ἀπαθεία ).