Wednesday, February 6, 2019

წმიდა კირილე ალექსანდრიელი (376-444) - იოანეს სახარების განმარტება*

1.1-5
შესავალი
“უფალი მისცემს მეტყველებას იმათ, რომლებიც მახარობლობენ მრავალი ძალით” (ფს. 67,12) – ფრიად კეთილად აღმოთქვამს მგალობელი, თუმცა კი ამგვარ საქმეს უნდა ესწრაფვოდნენ არა მარტივად ნებისმიერნი, არამედ – ისინი, რომლებიც განათლებულნი არიან ზეგარდმო მადლით, რადგან “ყოველი სიბრძნეც უფლისგანაა”, როგორც ეს დაწერილია, და “ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი სრული ძღვენი ზემოდან არის გადმომავალი სინათლეთა მამისგან” (იაკ. 1,17).

მართლაც, შემაცდენელი და საზიანო ჩანს მრავალთათვის მსჯელობა ყოველთა უზენაესი არსებისა და მისეულ საიდუმლოთა შესახებ, ხოლო საფრთხეთაგან თავისუფალია მდუმარება ამათ გამო. ჩვენც ასე ვსჯით, მივაგებთ რა მდუმარებას ჯეროვანზე ბევრად მეტ პატივს, მაგრამ ის, ვინც არის ყოველთა-ზედა-ღმერთი, განგვაყენებს დადუმებისგან, რაჟამს ასე მიმართავს წმინდანთაგანს ვისმე (პავლე არის ეს წმინდანი): “იმეტყველე და ნუ დადუმდები” (საქ. 18,9). არანაკლებ ცხადია რჯულისმიერი განჩინებაც (განხშოებულ1 სახეში სულიერთა მომასწავებელი), რაც უბრძანებს საღვთო მღვდლობისკენ მოწოდებულთ, საყვირთა ხმოვანებით ამცნონ ხალხს საუწყებელი, რამეთუ, ვფიქრობ, ღმერთი, - საუკეთესო სახით მოსურნე რჯულმდებლობისა, - უმართებულოდ რაცხდა ხალხთა წინამძღვრებისათვის, რომ მათ, წერილისებრ, ხელი დაედოთ პირზე (შდრ. მსჯ. 18,19; იობ. 39,34) და იმის შიშით, რომ არავის ეფიქრა, თითქოს წინდაუხედავად ეშურებოდნენ ისინი მას, რაც აღმატებულია ადამიანურ გონებაზე, განრიდებოდნენ იმგვარ მსჯელობას, აგრერიგად რომ სჭირდებათ კეთილმოშიშებისა და ღვთისმცოდნეობის მსწავლელთ, ირჩევდნენ რა დუმილს, საზიანოს სასწავლებლად მოსულთათვის. გვაშფოთებს ისიც, რაც თქვა ქრისტეს მოწაფემ: “ნუ იქნებით მოძღვარნი მრავალნი” (იაკ. 3,1). კიდევ, გარდა ამისა, უბრძნესი ეკლესიასტეც, იგავურად წარმოაჩენს რა ამგვართა შესახებ სწავლების შემაცდენლობას, ამბობს: “ხეთა მჩეხელი საფრთხეს უქმნის თავის თავს მათგან, თუკი გადავარდება ცული; და თვით მან შეაშფოთა პირი;2 და განაძლიერებს იგი ძალებს” (ეკლესიასტე 10,9).

წმიდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე რომაელთა მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი - ეკლესიას, წყალობაქმნილს უზენაესი მამის სიდიადეში, მისი მხოლოდშობილი ძის იესუ ქრისტეს მიერ, შეყვარებულსა და განათლებულს მამისვე ნებით, ვისაც ესათნოება ყოველივე, რაც კი არსებობს იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის რწმენასა და სიყვარულში, - ეკლესიას, რომელიც მოთავეობს[1] რომაელთა ქვეყნის სამკვიდრებელში, ღვთივღირსეულს, ღირსადმშვენიერს, ნეტარღირსეულს, ღირსადსაქებელს, ღირსადსასურველს, ღირსადწმიდასა და წინამძღვარს სიყვარულისას, ქრისტეს სჯულიერს,[2] მამის მოსახელეს, რომელსაც მოგიკითხავ სახელითა ძისა მამისა, იესუ ქრისტესითა! თქვენ, რომლებიც ხორციელად და სულიერად შეუერთდით უფლის ყველა მცნებას, რომლებიც წრფელად[3] აღივსეთ საღვთო მადლით და განიწმიდეთ[4] ყოველი უცხო ფერისაგან,[5] უსპეტაკესად იხარებდეთ იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ!