Monday, February 25, 2019

საეკლესიო მწერლობის დოგმატური ჟანრი

18


ჩვენს წინა საუბრებში განვიხილეთ საეკლესიო ლიტერატურის ჟანრები – ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები, ეგზეგეტიკა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იყო უაღრესად ზოგადი სახით. მაგრამ ასეთი საუბრების ჟამს სხვა წესით არ მოხერხდება და ვიმედოვნებთ ქრონოლოგიური განხილვის ჟამს თითოეული ჟანრის მხრივ უფრო სრულყოფილ ცნობებს მივაწვდით ჩვენს მსმენელს.

ეგზეგეტიკის შემდეგ ჩვენ გვინდა შევეხოთ რამდენიმე სიტყვით დოგმატიკის ჟანრს. დოგმატის თაობაზე ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ, რამდენადაც შეიძლებოდა ფართო მოცულობის განხილვის წარმოდგენა. ამ კუთხით ჩვენ მსჯელობას არ გავაგრძელებთ, ე.ი. იმის შესახებ თუ რას ნიშნავს დოგმატი, რას ნიშნავს დოქსა, მათი მთლიანობა როგორ ქმნის ზოგადად საეკლესიო ლიტერატურას. ჩვენ საუბარი გვექნება საკუთრივ დოგმატური ჟანრის მხრივ. დოგმატიკა თანადროულია საეკლესიო ისტორიისა, ეკლესიის დაფუძნებისა. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, დოგმატიკა უწინარესიცაა ყოფითი თვალსაზრისით, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაზე, ეკლესიის დამკვიდრებაზე, იმიტომ, რომ ყოველი დოგმატური დებულება არის საღვთო წერილიდან მომდინარე, ანუ ნაგულისხმევია ძველ აღთქმაში, განცხადებულია ახალ აღთქმაში. და ყოველივე ამის ტერმინოლოგიური ფორმით წარმოდგენა, ე.ი. საღვთო წერილის უცთომელ და მაცხოვნებელ სწავლებათა ტერმინოლოგიური ფორმით წარმოდგენა გახლავთ დოგმატიკა.