Saturday, December 15, 2018

ედიშერ ჭელიძე - კომენტარი სახარების მუხლზე: "უადვილეს არს აქლემი განსვლად ჴურელსა ნემსისასა" (მთ. 19.24)

"უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემსისასა" - მაცხოვრის ეს სიტყვები, როგორც ცნობილია, სახეზეა აგრეთვე მარკოზისა და ლუკას სახარებებეში. მარკოზის თავის გიორგისეულ თარგმანში კვლავ მეორდება სიტყვა "აქლემი" ("უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად", მრ. 10.25). რაც შეეხება ლუკას თავს, გიორგისეული რედაქციის ძირითად ტექსტში დასტურდება "მანქანისა საბელი" (შდრ. "უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად", ლკ. 18.25), თუმცა ამ რედაქციის შემცველ ყველაზე მნიშვნელოვან ნუსხაში, ვანის ოთხთავში (რომელიც საკუთრივ გიორგისეული ავტოგრაფიდან გადანაწერი ტექსტის პირს წარმოადგენს) და ეჩმიაძინის ოთხთავში (რომელიც, როგორც ცნობილია, ვანის ოთხთავიდან არის გადაწერილი) აშიაზე მიწერილია "აქლემი", რაც გიორგისეული ჩანს (სწორედ მან შემოიტანა ამ მუხლში პირველმა ეს შესატყვისი).

გამომდინარე იქიდან, რომ, "ფსალმუნთა" წიგნის მსგავსად, ოთხთავის წინაათონური ქართული რედაქციის ბერძნულთან შედარება გიორგის მიერ რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, შესაძლოა, ეს მინაწერი ასახავდეს შედარების პირველ ეტაპს, როდესაც გიორგი თავის შესწორებებს ჯერ კიდევ აშიაზე ურთავდა. შესაბამისად, ეჭვი არაა (და ეს აშკარაა იმითაც, რომ ლუკას სახარების აღნიშნული მუხლი, როგორც მივუთითეთ, იგივეობრივია მათესა და მარკოზის ზემორე მუხლებისა, სადაც გიორგისეული რედაქციის უკლებლივ ყველა ნუსხაში "აქლემი" გვაქვს). ასე რომ, გიორგი აშკარად უპირატესობას ანიჭებს "აქლემს". რაც შეეხება ადრეულ ქართულ რედაქციებს, გარდა "მანქანის საბელისა" (მცირედი ფონეტიკური ვარიაციებით) დასტურდება აგრეთვე "ნავისა მანქანისა საბელი" (ხანმეტური და ოპიზის ოთხთავები; შდრ. ლექციონარი: "ნავის მანქნისსაბელი") და "ზომთსაბელი" (ჰადიშის ოთხთავი). სხვაობა აღნიშნულ წაკითხვებს შორის, როგორც ცნობილია, განპირობებულია იმით, რომ ბერძნულში ერთი მხრივ "აქლემის" და მეორე მხრივ "მანქანისსაბელის" (იგივე "ზომთსაბელის") ანუ "ბაგირის", "მსხვილი თოკის" აღმნშვნელი სიტყვები გრაფიკულად მეტად მსგავსია (კერძოდ, "აქლემი" ბერძნულად არის κάμηλος, ხოლო "ბაგირი" - κάμιλος) თუ დაისმება კითხვა, ამ წაკითხვათაგან რომელს უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას, პასუხად უპირველესად ის უნდა აღვნიშნოთ ხაზგასმით, რომ რადგან საეკლესიო ტრადიციაში თავს იჩენს ორივე გაგება, არ უნდა ვიყოთ კატეგორიულნი, თვითნებურად არ უნდა ვაკეთებდეთ არჩევანს და ერთის მოწონების საფუძველზე არ უნდა შეურაცხვყოფდეთ მეორეს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სიფრთხილის გამოჩენა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, უმეცარი გონება მაინც თვითმიზნურ პასუხს ეძიებს და ამგვარი პასუხის ვითომცდა მომპოვებელნი კადნიერად შეურაცხყოფენ ისეთ დიდ სახელს, როგორიც არის თუნდაც წმ. გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც, მავანთა მოზრახვით, თითქოსდა გააუკუღმართა ქართულ ტრადიციაში დამკვიდრებული მართებული გაგება ზემორე მუხლისა და "ბაგირის" აღმნიშვნელი "მანქანისსაბელი" და "ზომთსაბელი" გვიან გაჩენილი შესატყვისით ("აქლემით") შეცვალა. სინამდვილეში, სრულიად უეჭველია, რომ ორივე გაგება უძველესი დროისაა, თუმცა გავრცელებულობის ნიშნით ვიდრე V ს-ის დამდეგამდე, აშკარა უპირატესობა "აქლემის" მხარეზეა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ეკლესიის მამებთან საერთოდ არ გვხვდება საკუთრივ "ბაგირის" აღმნიშვნელი κάμιλος. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საეკლესიო ეგზეგეტიკაში სიტყვა κάμηλος, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ, "აქლემს" ნიშნავს, ითავსებს "ბაგირის" შინაარსსაც ანუ ეს სიტყვა ფაქტობრივად ომონიმად გვევლინება. ასეთ დროს, ცალკეულ შემთხვევებში ძნელი გასარკვევია, ესა თუ ის საეკლესიო ავტორი ტერმინ κάμηλος-ის გამოყენებისას "აქლემის" შინაარსს დებს მასში თუ "ბაგირისას", თუმცა მეორე მხრივ, თვით საეკლესიო ავტორთა კომენტარები ზოგჯერ გაუგებრობას ფანტავს და ზედმიწევნით ზუსტად გვიდგენს κάμηλος-ის კონკრეტულ შინაარსს. ამიტომ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ დაყენებულია ზემორე მუხლში κάμηλος-ის "აქლემად" გაგება, სწორედ ამ კუთხით, ნიმუშად, ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე საეკლესიო კომენტარზე. ქრონოლოგიური უადრესობის თვალსაზრისით პირველად დავიმოწმებთ II-III სს. ავტორის ორიგენეს განმარტებას: "... ხოლო ორივეგვარად გაგებული "მდიდრის" ცხონებაში "შესვლის" სიძნელეს ასაჩინოებს იგავი იმაზე, რომ "უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ხვრელში, ვიდრე მდიდრის შესვლა ცათა სასუფეველში". ამ იგავში "მდიდარი" შედარებულია "აქლემთან" არა მხოლოდ ამ ცხოველის (τοῦ ζῴου) უწმინდურობის გამო, როგორც ეს ასწავლა რჯულმა (შდრ. ლევიტ. 11.4), არამედ მთელი მისი სიმახინჯის გამოც" (შდრ. Commentarium in evangelium Matthaei 15.20.28-40: τὴν δὲ δυσκολίαν τῆς εἰσόδου τοῦ ἑκατέρως νοουμένου ἐμφαίνει ἡ παραβολὴ τῷ ἐν ἧ παρα βολῇ ὁ μὲν παραβάλλεται καμήλ,ῳ οὐ διὰ τὸ ἀκάθαρτον τοῦ ζῴου μόνον ὡς ὁ νόμος ἐδίδαξεν, ἀλλὰ καὶ τὴν ὅλην αὐτοῦ σκολιότητα). იგივე ორიგენე სხვაგანაც მიუთითებს იმაზე, რომ II-III სს-სთვის κάμηλος-ის ორივე ზემოაღნიშნული გაგება უკვე დაფიქსირებული იყო. აი, მისი სიტყვები: "კამელოსს ზოგნი მანქანის საბელად, ზოგნი კი ცხოველად იგებენ" (მათეს თავის ორიგენესეული განმარტების ფრაგმენტები. შდრ. κάμηλον οἱ μὲν τὸ σχοινίον τῆς μηχανῆς, οἱ δὲ τὸ ζῷον. ამ ნიმუშისთვის იხ. G. Lampe, A patristic Greek Lexikon, Oxford, 1961, p. 700). ძველთაგანვე "კამელოსის" "აქლემად" აღქმას გვიდასტურებს აგრეთვე II-III სს. დიდი თეოლოგი კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელმაც მაცხოვრის ზემორე სიტყვებთან დაკავშირებით საგანგებო განმარტება მოგვცა თავის შრომაში (შესაძლოა, ქადაგებაში) სათაურით: "ვინ არის ხსნილი მდიდარი"?. მოვიტანთ შესაბამის ციტატას: "თუკი შეძლებს ვინმე, ვინც დიდძალი ქონების მქონეა, განეშოროს სიმდიდრეს, ზომიერებით სჯიდეს, საღად აზროვნებდეს, მარტოოდენ ღმერთს ეძიებდეს, ღმერთს ამოისუნთქავდეს და ღმერთთან თანამოქალაქეობდეს, ღარიბი წარუდგება იგი მცნებებს (იგულისხმება "ვნებათაგან ღარიბი", ე.ჭ.), ვით თავისუფალი, დაუძლეველი, უსნეულო, ნივთთაგან მოუწყლველი, მაგრამ თუ ასე არ იქნება, უმალ აქლემი გავა ნემსში, ვიდრე ამგვარი მდიდარი ("ვნებებით მდიდარი", ე.ჭ.) შევა ღვთის სასუფეველში. მაშ, რაღაც უფრო ამაღლებულს უნდა აღნიშნავდეს "აქლემი", რომელიც ვიწრო და ძნელი გზის გავლაში წინ უსწრებს მდიდარს" (შდრ. Quis dives salvetur 26.6.1-8.2: εἰ δύναταί τις ἐνδοτέρω τῶν ὑπαρχόντων κάμπτειν τῆς ἐξουσίας καὶ μέτρια φρονεῖν καὶ σωφρονεῖν καὶ θεὸν μόνον ζητεῖν καὶ θεὸν ἀναπνεῖν καὶ θεῷ συμπολιτεύεσθαι, πτωχὸς οὗτος παρέστηκε ταῖς ἐντολαῖς, ἐλεύθερος, ἀήττητος, ἄνοσος, ἄτρωτος ὑπὸ χρημάτων. εἰ δὲ μή, θᾶττον κάμηλος διὰ βελόνης εἰσελεύσεται ἢ ὁ τοιοῦτος πλούσιος ἐπὶ τὴν βασιλείαν τοῦ θεοῦ παρελεύσεται. Σημαινέτω μὲν οὗν τι καὶ ὑψηλότερον ἡ κάμηλος διὰ στενῆς ὁδοῦ καὶ τεθλιμμένης φθάνουσα τὸν πλούσιον). როგორც ვხედავთ, "კამელოსთან" დაკავშირებით პირდაპირაა ნახსენები "გზა", რაც, ცხადია, სწორედ ცხოველს ("აქლემს") უკავშირდება და არა "ბაგირს". წმ. იოანე ოქროპირი (407 წ.) "სიმდიდრესთან" "აქლემის" შედარების თვისობრივ საფუძვლებსაც წარმოგვიჩენს, როდესაც აღნიშნავს: "ამბობენ ამგვართა მცოდნენი, რომ  პირუტყვთა შორის არცერთი არ არის ისე მძვინვარე, ავზნიანი და ავმეხსიერი, როგორც აქლემი, სწორედ ამგვარია სიმდიდრეც" (In epistulam II ad Thessalonicenses 62.483.29-31: Λέγεται γὰρ ὑπὸ τῶν τὰ τοιαῦτα εἰδότων µηδὲν εἶναι ἐν τοῖς κτήνεσιν οὕτω βαρύµηνι καὶ δύσθυµον καὶ µνησίκακον, ὡς ἡ κάµηλος. Τοιοῦτον ὁ πλοῦτός ἐστι·). დამოწმებული ავტორებისგან განსხვავებით წმ. კირილე ალექსანდრიელი (412-444), რამდენადაც შემორჩენილი ფრაგმენტით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იმ გაგებისკენ იხრება, რომ მაცხოვრის სიტყვებში "ბაგირი" იგულისხმება და არა "აქლემი", თუმცა აფიქსირებს, რომ მისი დროისთვის (V ს-ის I ნახევარი) κάμηλος-ის "აქლემად" გაგება უკვე არსებობდა. მოგვაქვს ციტატა: "აქლემად აქ თქვა არა ცხოველი..., არამედ მსხვილი ბაგირი, რითაც აბამენ ღუზებს მეზღვაურები" (PG. 72, col. 429 D. შდრ. κάμηλον ἐνταῦθα φησιν, οὐ τὸ ζῷον..., ἀλλὰ τὸ παχὺ σχοινίον ἐν ᾧ δεσμεύουσι τὰς ἀγκύρας οἱ ναῦται). თითქმის ანალოგიურს ამბობს IX ს-ის მოღვაწე წმ. ფოტი პატრიარქი: "ზოგნი "კამელოსს" ამბობენ, ზოგნი კი "კარმელოსს", თუმცა ორივენი გულისხმობენ არა ცხოველს, არამედ - ღუზის დასაბმელ ბაგირს" (Commentarii in Matthaeum 77.1-2: Οἱ μὲν κάμηλον, οἱ δε κάρμηλόν φασιν. ἀμφότεροι δὲ οὐ τὸ ζῷον, ἀλλὰ τὸ σχοινίον λέγουσι τὸ τὰς ἀγκύρας δεσμεῦον. სხვათა შორის ბოლო ორი ციტატა იმის ახსნის საშუალებასაც გვაძლევს, თუ რატომ გვაქვს ხანმეტ ოთხთავში შესატყვისად "ნავისა მანქანისა საბელი". მართლაც კირილეს და ფოტის მითითებათა თანახმად, როგორც ვნახეთ, "კამელოსი//კამილოსი" ყოფილა არა საზოგადოდ "ბაგირი", არამედ კონკრეტულად სახომალდე ბაგირი, რითაც ღუზას აბამდნენ. შდრ. ს. ყაუხჩიშვილი, ადიშის ხელნაწერის ბერძნიზმები, ენიმკის მოამბე, XIV, 1944, გვ. 103. იხ. აგრეთვე, ლ. ქაჯაია, ხანმეტი ოთხთავის ტექსტის რედაქციული თავისებურებანი, ხანმეტი ტექსტები, ნაკვეთი I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია დაურთო ლამარა ქაჯაიამ, თბ. 1984, გვ. 323-324; ს. სარჯველაძე, ადიშის ოთხთავის მიმართებისათვის ოთხთავის სხვა რედაქციებთან, ადიშის ოთხთავი 897 წლისა, თბ. 2003, 53-54. წმ. კირილეს სიტყვები, ტიშენდორფისა და ს. ყაუხჩიშვილის კვალობაზე, სხვა ქართველ მკვლევრებსაც ორიგენეს გამონათქვამად მიაჩნიათ). X ს-დან, როგორც ჩანს, კვლავ წინაურდება "კამელოსის" "აქლემად" გაგება, რაც აისახა კიდეც წმ. გიორგი მთაწმინდელთან.

"სპეკალი მართლმადიდებლობისა", თბილისი, 2007 წ. გვ. 144-146.

No comments:

Post a Comment