Monday, February 11, 2019

წმიდა რომანოზ ტკბილადმგალობელი - ქრისტეშობის კონტაკიონი

წმ. რომანოზ მელოდოსი ანუ ტკბილადმგალობელი (VI ს.) ერთერთი მწვერვალია საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა. მას კონტაკიონები აქვს მიძღვნილი ძველი და ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი. საკუთრივ ქრისტეშობის შესახებ წმ. რომანოზს დაუწერია ცამეტი საგალობელი რომელთაგან პირველი, ოცდახუთი მცირე გალობისგან შემდგარი, სრული თარგმანის სახით იბეჭდება ქვემოთ. საგალობელი ორიგინალში ატარებს აკროსტიქს: „მდაბალი რომანოზის საგალობელი“. იგი იკითხებოდა 25 დეკემბერს (ხმა 3). წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ორიგინალთან მაქსიმალური ტექსტობრივ-ტერმინოლოგიური და სახისმეტყველებითი  თანხვედნილობის პრინციპით. გამოყენებულია ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემა: Romanos Le melode, Hymnes, intr., texte crit., trad., et notes oar. I. Grosdidier De Matons, t. II, Paris, 1965, p. 48-77.
შესავალი
დღეს ზესთაარსს1 შობს ქალწული
და გამოქვაბულს უძღვნის მიწა მიუახლებელს!
ანგელოზები მწყემსებთან ერთად ადიდებენ,
ხოლო მოგვები ვარსკვლავთან ერთად
გზას მიიკვლევენ.
რადგან ჩვენს გამო იშვა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



მოდით ვიხილოთ - ედემი განაღო ბეთლემმა,
ვიპოვეთ შვება დაფარულში, მოდით მივიღოთ
სამოთხისანი2 გამოქვაბულის შიგნით.
სადაც გამოჩნდა ძირი ურწყავი3,
აღმომცემი მიტევებისა,
სადაც აღმოჩნდა ჭა გაუთხრელი4,
რომლისგანაც სმა ადრევე სურდა დავითს,
სადაც ქალწულმა, ჩვილის მშობელმა,
მყისვე დაუცხრო წყურვილი ადამს და დავითს.
ამის გამო იქით ვისწრაფვით, სადაც იშვა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



მამა დედისა ძე გახდა განზრახვითად,
ჩვილთა მაცხოვარი5 ჩვილად იწვა ბაგაში,
„მაუწყე, შვილო, ვით შთამეთესე6
ან რა სახით შთამებუნებე7?
გხედავ, ნაწლევო8, და განვკვირდები,
რომ რძეს გაწოვებ, თუმცა ვჰგიე უსიძობელი9.
შენ შემოგყურებ სახვევებში,
ქალწულობას კი კვლავ ბეჭდულად ვჭვრეტ,
რადგან სწორედ შენ, ვინც ეს დაიცევ,
გესათნოვა და იშვი
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



მეუფეო მაღალო, რა არის შენსა და გლახაკთა შორის?
ცის შემოქმედო, რად მოგვეახლე ჩვენ, მიწიერთ?
ნუთუ ქვაბს10 ეტრფე? ნუთუ ბაგა გესაამურა?11
აჰა, არ არის რამ ადგილი
შენი მხევლის მოსასვენებლად.
რად ვამბობ ადგილს? არცთუ - ქვაბი,
რადგან ესეც კი სხვისი არის.
ჩვილის მშობელი იყო სარაც,
მაგრამ წილად ხვდა მიწა მრავალი,
მე კი - არც სორო12,
და მოვიძიე ეს პარეხი13,
სადაც ნებსითვე დაემკვიდრე -
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი“.



ამბობდა იგი ამგვარ სიტყვებს დაფარულად
და გულთმეცნიერს ევედრებოდა.
რაჟამს ხმა ესმა მოგვებისა, ჩვილს რომ ეძებდნენ,
მყისვე მათ მიმართ - „ვინ მოსულხართ?“, ხმაჰყო ასულმა,
მათ კი მისდამი - „შენ ვინ ჰგიე,
რომ ეგზომი შვი?
ვინ გყავს შენ მამა, ვინ - მშობელი, რომ უმამო ძის
იქმენი დედა და გამომზრდელი,
რომლის ვარსკვლავიც ვიხილეთ და გულისხმავყავით,
რომ გამოგვიჩნდა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



ბალაამისგან განგვემარტა ზედმიწევნით
აზრი სიტყვათა, მისგანვე წინაუწყებულთა,
რადგან თქვა ასე: „ვარსკვლავი უნდა ამობრწყინდეს,
ვარსკვლავი, მშრეტი ყველა გრძნების და მისნობისა,
ვარსკვლავი, მრღვევი  ბრძენთ იგავების,
მათი სიტყვების, ქარაგმებისა.
ვარსკვლავი იგი,  ხილულ ვარსკვლავზე
ფრიად უფრორე ზებრწყინავი,
ვით ვარსკვლავების შემოქმედი.
წინდაწინ იყო დაწერილი მის შესახებ:
„ამობრწყინდება იაკობისგან ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი“14.



რაჟამს ისმინა მარიამმა უცხო სიტყვები
მას სცა თაყვანი ქვედადრეკით, -
მის ნაწლევთაგანს15,
და თქვა მტირალმა:
„დიდია ჩემთვის ყოველივე, დიდია, შვილო,
რაც აღუსრულე ჩემს სიგლახაკეს.
აჰა, მოგვები გეძიებენ შენ, გარემდგომნი,
აღმოსავლეთის მეფეები ეძიებენ შენს პირისახეს,
ლიტანიობენ
მდიდარნი შენი ერისანი,
რათა გიხილონ,
ხოლო ნამდვილად შენი ერია - რომლებმაც გიცნეს
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



რადგან არიან შენი ერი, შვილო, განუბჭე,
რომ შემოვიდნენ შენს სართულქვეშ,
რათა იხილონ:
ეს სიღარიბე უმდიდრესი, ეს სიგლახაკე პატიოსანი.
შენ მყავხარ ჩემად დიდებად და სიქადულად,
და ამის გამო არ ვარ სირცხვილში.
შენ ხარ ამ კარვის და თვით ჩემიც
მადლოვნება და კეთილმშვენობა.
ამცნე შემოსვლა.
არაფრად მიჩანს სიღარიბე,
რადგან მიპყრიხარ შენ - საუნჯე,
რომლის ხილვისთვის
თვით მეფეებიც აქ მოსულან,
რადგან შეიცნეს მეფეთა, მოგვთა,
რომ შენ გამოჩნდი -
ყრმა ახალი, საუკუნეთა წინარესი ღმერთი.



იესო ქრისტე - ჭეშმარიტად თვით ღმერთი ჩვენი
ფიქრებს შეეხო უხილავად თავისი დედის,
უთხრა: „მიიღე, ვინც მე სიტყვით16 აქ მოვიყვანე
რადგან ეს სიტყვა17 ჩემი არის, მან განაბრწყინა
ჩემი მძებნელნი;
ხილვისმიერად ვარსკვლავი არის,
ხოლო რამ ძალა - გონებითად18,
მოგვებთან ერთად აქ მოსული,
ვით ჩემდამი ჟამისმწირველი19,
და კვლავაც მდგომი,
რომ აღასრულოს მან თავისი დიაკონობა20
და სხივებით გამოაჩინოს
ადგილი იგი, სადაც იშვა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



აწ შეიწყნარე, სიღირსეო, აწ შეიწყნარე,
ვინც შემიწყნარა,
რადგან მათში ვარ, ვით შენს მკლავებში,
შენთანაც მყოფი განუშორებლად
და მოსული მათთან ერთადაც“.
მაშინ გააღებს კარს ქალწული
და მიიღებს მოგვების კრებულს,
გააღებს კარს, - თვით კარიბჭე განუღებელი21,
რომელიც განვლო მარტოდენ ქრისტემ
გააღებს კარს - ის, განღებული22
რომელსაც განძი უმანკოების
არანაირად არ წარპარვია.
გააღებს კარს, ვინც კარი შვა23 -
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



ხოლო მოგვებმა მყის მიაშურეს მის სამყოფელს,
უჭვირეს24 ქრისტეს და შეძრწუნდნენ,
რადგან იხილეს დედა მისი
და დამწინდველი მისი დედისა.
და შიშით თქვეს:
„ნუთუ ესაა ძე უწინაპრო?25
როგორღა ხდება მაშ, ქალწულო,
რომ შენს დამწინდველს
აქ ვხედავთ ჯერაც,
შენს სამყოფში?
და თუმცა შენი მუცლადღება იყო უბიწო,
არ გაიკიცხოს აქ მკვიდრობა
იოსების თანამყოფობით,
რადგან მრავალი გყავს მოშურნე, გამომკითხველიც,
თუ რა ადგილას იშვა იგი -
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

ია

„მე შეგახსენებთ - უთხრა მოგვებს მარიამმა -
რატომ ვამყოფებ იოსებსაც ჩემს სამყოფელში;
- იმათ სამხელად, ცილს რომ მწამებენ...
თვით იგი გეტყვით, რაც ისმინა
ამ ყრმისა გამო...
მართლაც, მძინარემ ანგელოზი იხილა წმინდა,
რომელმაც უთხრა, თუ საიდან მაქვს მუცლადღება
და ღამეულმა ცეცხლოვანმა სახილველმა
მას, ეკლებში მყოფს26
გულსავსება მისცა იმისა, რაც აწუხებდა.
აი, ამიტომ ჩემთან არის აქ იოსები, რომ გააცხადოს
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი

იბ

ხსნილად რიტორობს ყოველივეს 27,
რაც თვით ისმინა,
და რაც იხილა - ციურთა და მიწიერთ შორის - ,
მაუწყებლობს იმასაც ცხადად:
ჯერ - მწყემსებისას,
თუ როგორ მოხდა, რომ ცეცხლოვანნი
თიხოვანებთან ერთად თანააღიგალობდნენ28,
შემდეგ კი - თქვენსას, მოგვებისას, -
რომ წინ გისწრებდათ
ვარსკვლავი ნათელცისკროვანი29, გზამკვლევი თქვენი.
ამიტომ, იმას ნუღარ იტყვით, რაც უკვე ითქვა
და ის მოგვითხრეთ, რაც ამჟამად აღსრულდა თქვენზე,
საიდან მოდით და როგორღა გულისხმაჰყავთ,
რომ გამოგვიჩნდა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი“.

იგ

ასე ესიტყვა მათ ნათლიერი30,
ხოლო ისინი,
ლამპარნი აღმოსავლეთისა31,
მისდამი ასე ამეტყველდნენ:
„გსურს, რომ გაიგო, საიდან ვართ აქ მოსულები?
ქვეყნიდან ქალდეველებისა - იქ არ ამბობენ:
„უფალი არის ღმერთი ღმერთთა“.
ბაბილონიდან - იქ არ უწყიან,
ვინ ჰგიეს ამათ შემოქმედად, - მათგან თნებულთა32.
სწორედ იქიდან
მოიწია ეს ნაპერწკალი
შენი ყრმისა
და სპარსულ ცეცხლს33 გამოგვაშორა.
დავტოვეთ  ცეცხლი ყოვლისშთანმთქმელი34,
რომ ვჭვრიტოთ ცეცხლი დამცვარველი35 -
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

იდ

ამაოებათა ამაოებაა ყოველივე,
მაგრამ ჩვენს შორის არავინ ჩანს ამაზე მბჭობი.
ერთნი აცდენენ, მეორენი თავად ცდებიან.
და ამიტომაც, ჰოი ქალწულო, მადლი შენს ნაშობს,
რომლის მიერაც განვერიდეთ
არა მარტოდენ ცთომილებას,-
შეჭირვებებსაც იმ ქვეყნებში, რომლებიც განვვლეთ,
უნიშო ხალხთა36, უცნობ ენათა,
მიმოვდიოდით რა მიწაზე,
მოვიკვლევდით რა ამ  ქვეყანას
ვარსკვლავის ლამპრით,
მეძიებელნი, თუ სად იშვა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი

იე

ხოლო რადგანაც ეს ლამპარი ჯერ კიდევ გვქონდა,
მიმოვვლეთ მთელი იერუსალიმი
და ჯერისამებრ აღვასრულეთ წინასწართქმულნი;
მართლაც, გვსმენოდა ღვთის მუქარა -
მას მოვიკვლევო37,
და ჩვენც ლამპრითურთ მიმოვიდოდით,
გვსურდა რა პოვნა დიდი სიმართლის,
თუმცა ვერ ვპოვეთ, რადგან უკვე აზიდულიყო38
კიდობანი ამ ქალაქისა
მისი ყოველი მშვენებითურთ,
ადრე რაც ჰქონდა.

გარდახდნენ ძველნი,
რადგან განახლდა ყოველივე მისგან, ვინც არის
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

ივ

„დიახ“ - მიუგო მარიამმა მორწმუნე მოგვებს
და ასე უთხრა:
„მიმოვლეთ მთელი იერუსალიმი,
წინასწარმეტყველთმკვლელი ქალაქი,
მაგრამ უვნებლად ვით განვლეთ იგი,
ავბედითი ყოველთა მიმართ?
ანდა ჰეროდეს ვით დაეფარეთ, -
მკვლელობით მსუნთქავს და არა რჯულით?“
მათ კი მიუგეს: „ჰოი, ქალწულო,
არ დავფარვივართ ჩვენ ჰეროდეს,
მოვკიცხეთ39 იგი,
ხოლო სხვას ყველას, ვისაც ვხვდებოდით,
ვეკითხებოდით, თუ სად იშვა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

იზ

რაჟამს ისმინა ღვთისმშობელმა ეს ყოველივე,
უთხრა მათ ასე:
„რას გკითხავდათ ჰეროდე მეფე
და, მასთან ერთად, ფარისეველნი?“
- „იჭეშმარიტეს40, ჯერ ჰეროდემ,
შემდეგ, -
როგორც თქვი, -
პირველებმა შენი ხალხისამ
ახალჩენილი ვარსკვლავის ჟამი,
და რა შეიცნეს, ვით ვერ შემტყობთა,
აღარ ინდომეს ხილვა მისი,
ვის შესახებაც
ეძიებდნენ,
გაეგოთ რამე,
რადგან ვინც ეძებს,
ხამს, რომ მისგან იყოს საჭვრეტი
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

იჱ

უცნობოდ გვრაცხეს მათ, უგუნურთა,
ამას გვკითხავდნენ - საიდან და როდის მოდითო,
როგორ განვლეთო ბილიკები არსაჩინონი41...
ჩვენ კი სანაცვლოდ, რაც უწყოდნენ, უკუვკითხავდით42:
„თქვენ თვით როგორღა გაიკვლიეთ დიდი უდაბნო,
ძველად რომ განვლეთ?
ვინც უწინამძღვრა გამომავალთ ეგვიპტისაგან,
იგივე იყო ამჟამადაც,
ქალდეველთაგან გამოსულთა
თავისკენ მხმობი.
მაშინ თუ - სივეტით ცეცხლოვანით<
აწ - ამ ვარსკვლავით,
რომლისგანაც წარმოჩნდებოდა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

ით

და ეს ვარსკვლავი, ყველგან ჩვენი წინამავალი
(ისევე როგორც თქვენთვის მოსე,
კვერთხის მპყრობელი),
ღვთისმცოდნეობის ნათლით გარეელვარეობდა43,
თუ თქვენ მანამ გზარდათ ძველად
და კლდემ გარწყულათ,
ჩვენ მისმიერმა სასოებამ მოგვცა სისავსე
და მისეული სიხარულით გამოვიზარდეთ.
არ გვიფიქრია გაუვალი გზის გადალახვით
სპარსეთისაკენ მიბრუნება,
რადგან ეს გვწადდა,
რომ გვეჭვრიტა,
თაყვანი გვეცა,
გვედიდებინა
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.



აი, სიტყვები უცთომელ მოგვთა44,
ხოლო ის, ღირსი, ყოველივეს აღიბეჭდავდა,
და ბეჭედდებდა ორთავესას45 ახალშობილი
როს ამის საშოს უბიწოჰყოფდა,
იმათსას კი წარმოაჩენდა -
მოსვლის შემდეგაც
გონებას და ნაბიჯს დაუღლელს,
რადგან არავინ იმათ შორის არ დამაშვრალა,
ვით ამბაკუმი,
დანიელისკენ მიმავალი გაუტანჯავად46.
და ის, ვინც მაშინ გამოუჩნდა წინასწარმეტყველთ,
იგივ გამოჩნდა მოგვთა წინაშეც:
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

კა

რა დაასრულეს მთელი ეს თხრობა,
ხელთიპყრეს ძღვენი მოგვებმა და მას სცეს თაყვანი.
ძღვენთა ძღვენსა  და მირონთა მირონს;
ოქრო, მური და საკმეველი უბოძეს ქრისტეს
მღაღადებლებმა:
„მიიღე ძღვენი სამნივთიერი47,
როგორც გალობა სერაფიმთა - სამწმიდაარსი.
არ განიშორო - ვით კაენისა,
არამედ, როგორც ძღვენი კაენისა,
არამედ, როგორც ძღვენი აბელის,
შეიტკბე იგი
შენი მშობლისგან,
რომლის მიერაც იშვი ჩვენთვის
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი“.

კბ

და რა იხილა მან, უმანკომ, აწ უკვე ძღვენნი,
ჰაეროვანნი48 და ახალნი,
ხოლო თვით მოგვნი
ხელთ ძღვენთა მპყრობნი
და შევრდომილნი
და იქ ვარსკვლავიც ნიშანმცემი,
მგალობელ-მწყემსნიც,
ასე ევედრა მათ ყოველთა შემოქმედს, უფალს,
და ასე უთხრა:
„მიიღე, შვილო, სამება ძღვენთა49,
და სამი თხოვნა უზღე შენს მშობელს -
შეგევედრები ჰაერთა გამო,
ნაყოფთა გამო მიწისაგან,
მის მკვიდრთა გამო,
რომ შეეწყნარო50 ჩემს მიერ ყველას,
რადგან შენ იშვი -
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.

კბ

არა უბრალოდ დედა ვარ შენი,
მაცხოვარო კეთილნაწლევო51,
და არცთუ ფუჭად გაწოვებ რძეს,
რძის მბოძებელო,
არამედ გვედრებ ყოველთა გამო,
რადგან შენგანვე ვიქმენ პირი და სიქადული
მთელი ამ ჩემი მოდგმისათვის
და შენს სამკვიდროს
მე ვყავარ მტკიცე საფარველად,
კედლად და ლობოდ,
და განგდებულნი სამოთხიდან ფუფუნებისა52
მე შემომმზერენ, რომ იქითკენ უკუვაქციო,
ამიტომ ყველა
ჩემგან იღებს
გრძნობას იმისას53,

რომ იშვი შენ
ყრმა ახალი, საუკუნეთა უწინარესი ღმერთი

კდ

იხსენ სოფელი, მაცხოვარო,
რის გამოც მოხვედ,
და აღადგინე ყოველივე, რაც შენი არის,
რადგან ამისთვის მოგვებრწყინე
მეც, მოგვებსაც, მთელ შესაქმესაც.
აჰა, მოგვები,
ნათელი შენი პირისა რომ გამოუჩინე,
შეგივრდებიან და ძღვენს გწირავენ -
კეთილმისაღებს, მშვენიერს და ფრიად საწადელს;
მას ვსაჭიროებ, რადგან მელის
ეგვიპტედ წასვლა
და შენთან ერთად გაქცევა შენთვის.
შენ მიწინამძღვრე, ძეო ჩემო, შემქმნელო ჩემო,
შენ ჩემო გამომსყიდველო და მდიდარმყოფელო54
ყრმაო ახალო, საუკუნეთა უწინარესო ღმერთო!“
-----------------------------------------------------------------------
შენიშვნები:

1 - τὸν  ὑπερούσιν

2 - τὰ  τοῦ  παραδείσου

3 - ῥίζα ἀπότιστος

4 - φρέαρ ἀωόρυκτον

5 - ὁ σωτὴρ τῶν βρεφῶν

6 - ἐνεσπάρης μοι

7 - ἐνεφύης μοι

8 - τὸ σπλάγχνον. გულისხმობს „ძვირფასს“, „ღვიძლს“, „უახლოესს“ (შდრ. ფრანგ. თარგ. ma chair)

9 - „უსიძობელი“ - უქმრო, ქმართან თანაცხოვრების არმცოდნე. ბერძნ. οὐ νενύμφευμαι (ფრ. თარგ.  je n’ai pas eu d’йpoux). ძვ. ქართულში „სიძე“ ნიშნავდა ქმარს და გადმოსცემდა ბერძნულ ὁ νυμφίος-ს (შდრ. ეს. 61.10 და სხვ.). არსებობდა ზმნა „სიძება“, რაც „შერთვას“ ნიშნავდა (ბერძნ. ἐπιγαμβρεύω). გამოიყენებოდა, აგრეთვე, მიმღეობა „სასიძოებელი“ „საქორწინოს“ შინაარსით („სამოსელითა მით სასიძობელითა მივეგებვოდეთ“, Ath. 11, 228v - იხ. ი. აბულაძის „ძვ. ქართ. ლექ.“, საიდანაც მოგვაქვს ციტატა).

10 - τὸ σπήλαιον - ქვაბი, გამოქვაბული, მღვიმე.

11 - ἐτέρφθης

12 - τὸ φωλεός

13 - „პარეხი“ - იგივე „ქვაბი“, „ნაპრალი“, „მღვიმე“ (ბერძნ. τὸ ἄντρον).

14 - შდრ. რიცხვ. 24.17; 23.23. აქ შენიშნულია გარკვეული მსგავსება „იაკობის პირველსახარებასთან“: „ვიხილეთ ვარსკვლავი ყოვლადდიდი, მბრწყინავი ამ ვარსკვლავთა შორის და მათ დამჩრდილავი, ისე რომ არ ჩანდნენ ეს ვარსკვლავები“ (დასახ. გამოც. გვ. 55, შენ. 2).

15 - τῷ ἐκ σπλάγχνων αὐτῆς

16 - λόγῳ

17 - λόγος

18 - πρὸς  τὸ νοούμενον

19 - ὡς λειτουργῶν μοι

20 - πληρῶν  τὴν διακονίαν αὐτοῦ

21 - ἡ ἀράνοικτος πύλη

22 - ἀνοιχθεῖσα (შდრ. ფრანგ. თარგ.: elle qu’on a ouverte). იგულისხმება, რომ კაცობრიობისათვის ყოვლადწმინდა მარიამი არის ცხონებისკენ გახსნილი სულიერი კარი ანუ წინკარი თავად მაცხოვნებელი კარისა, მაცხოვრისა.

23 - ე.ი. მაცხოვარი.

24 - ძვ. ქართული „ჭვირობა“, რაც ზოგადად ხედვას, ჭვრეტას ნიშნავს (იხ. ი. აბულაძის ლექსიკონი), მოტანილ კონტექსტს ზედმიწევნით შეესაბამება (ბერძნ. ἰδόντες).

25 - ἀγενεαλόγητος - უჩამომავლო, გენეალოგიის არ მქონე.

26 - ἀκανθώδης. იგულისხმება, რომ იოსები, ვიდრე ჩვენების მიღებამდე, წუხილში იყო მარიამის მიდგომილების გამო.

27 - ῥητορεύει σαφῶς ἅπαντα. იგულისხმება, რომ იოსები, ღვთივსულიერი გულდაჯერებით, გამომეტყველად ღაღადებდა მაცხოვნებელი საიდუმლოს, ქალწულის მიერ უბიწოდ მუცლადღების შესახებ.

28 - συνανύμνησαν πηλίνοις οἱ πύπινοι (სოტყვ. „თანააღიგალობდნენ თიხოვანებთან ერთად ცეცხლოვანნი“). იგულისხმება, რომ ზეციურნი ანუ ცეცხლოვანნი (ანგელოზნი) ადამიანებთან  ანუ თიხოვანებთან ერთად აღავლენდნენ გალობას ღვთისადმი. ბერძნული  συνανύμνησαν რთული, მაგრამ მოცემულ კონტექსტში შეუცვლელი ტერმინია და ამიტომ გადმოგვაქვს იგი ზედმიწევნითი სიზუსტით: „თანააღიგალობდეს“).

29 - φωταυγοῦν (ბერძნული φωταυγεία კალკირებულად ითარგმნებოდა როგორც „ნათელცისკროვანებაი“. ტერმინ. αὐγή-ს ქართულად თარგმნასთან დაკავშირებით იხ. ე. ჭელიძე, „გონებითი ცისკარი“, გაზ. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, N1, 1998)

30 - φαεινής, რომლის ზედმიწევნითი შესატყვისია „ნათლიერი“ (შდრ. ფრანგ. Lumineuse).

31 - οἱ τῆς ἀνατολῆς λύχνοι. ეს იშვიათი ეპითეტი ცხადყოფს მოგვყოფილთა საღვთო მისიას აღმოსავლეთის გაბრწყინების საქმეში.

32 - ὧν  σέβουσιν იგულისხმება, რომ ქმნილებების გამაღმერთებლები არ იძიებენ თვით ამ ქმნილებათა შემოქმედს. ქართული ტერმინი „თნება“, გარდა მოწონებისა, ნიშნავდა აგრეთვე თაყვანისცემას, მსახურებას. აღნიშნული შინაარსით იგი ტერმინოლოგიური შესატყვისი იყო ზემორე ბერძნული ტერმინისა σέβω (აქედან  ἀσέβεια - „უთნოობაი“, ე. ი. ურჯულოება, უღმერთობა; იხ. ამის შესახებ ე. ჭელიძე, ძიებანი წმ. გრიგოლ ღვთსმეტყველის შესახებ, ფილოლოგიური ძიებანი II, თბ. 1995, გვ. 176-179).

33 - ἐκ τοῦ πυρὸς  τοῦ περσικοῦ. იგულისხმება ცეცხლთაყვანისმცემლობა.

34 - πῦρ παμφάγον, ე. ი. სულის წარმწყმედი ცეცხლთაყვანისმცემლობა.

35 - πῦρ δροσίζον, ე. ი. მაცხოვნებელი ცეცხლი, მაცხოვარი.

36 - ἐθνῶν ἀσήμων, ე.ი. ბარბაროსულ, ღვთიურ მადლს მოკლებულ ხალხთა.

37 - ἐρευνᾶν αὐτήν. შდრ. სოფ. 1.12: „და იყოს, მას დღესა შინა გამოვიძიო იერუსალემი ბაზმაკითა“.

38 - ἐπήρθη.

39 - ე.ი. სასაცილოდ ავიგდეთ, გავაბრიყვეთ (ქართ. ტერმინი „მოკიცხვა“ შეესატყვისებოდა ბერძნულ  ἐμπαίζω-ს, რასაც ზემორე შინაარსი აქვს. პარალელისთვის შდრ.: „რაოდენ მოვკიცხნე მეგვიპტელნი ეგე“, გამოსვ. 10.2, „მოიკიცხა მოგუთა მათგან“, მათე 2.16 და სხვა).

40 - ე.ი. გამოიწვლილეს, ზედმიწევნით დააზუსტეს (ἐζηκριβώσαντο). აღნიშნული ბერძნული ტერმინის ტერმინოლოგიური ბუდე (კერძოდ  ἀκριβής, ἀκρίβεια, ἀκριβῶς) ხშირად ითარგმნებოდა ქართულად ტერმინებით: „ჭეშნარიტი“, „ჭეშმარიტებით“, „განჭეშმარიტებული“ (იხ. ე. ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, I, თბ. 1996, გვ. 490-502).

41 - μὴ φαινομένας... τρίβους, ე.ი. გაუვლელი გზები.

42 - ἀντεπηρωτήσαμεν

43 - περλάμων

44 - ἀπλανῶν μάγων

45 - τὰ τῶν ἀμφοτέρων

46 - შდრ. დან. 14. 35-38

47 - τρίϋλον

48 - φαιδρά (ეს ბერძნული ტერმინი XI-XII სს-ში ქართულად ტერმინოლოგიურად გადმოიცემოდა როგორც „ჰაეროვანი“, φαιδότης - „ჰაეროვნებაი“, ხოლო φαιδρύνω - „ჰაეროვან-ყოფა“, რაც ნიშნავდა გახალისებას, გაბრწყინებას, გამხიარულებას და მისთ.).

49 - Τριάδα. იგულისხმება, რომ მოგვთა „სამნივთიერი ძღვენი“ ერთარსება სამების სიმბოლოც იყო.

50 - διαλλάγμθι, ე.ი. შეურიგდე, დაუმშვიდდე, დაუზავდე (ძვ. ქართ. „დაეგო“)

51 - εὔσπλαγχνε, ე.ი. კეთილმოწყალეო.

52 - შდრ. შესაქ. 2.15. (ადეკვატური შესატყვებაა  „სამოთხე საშუებელისაი“).

53 - λάβῃ ἄισθησιν πάντα διἓμοῦ. აღნიშნულ ადგილს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ჩვენ ვინარჩუნებთ ორიგინალთან ტექსტობრივ ზედმიწევნითობას.

54 - ὁ πλουτιστή

ტექსტი თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა
თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის
პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ
ედიშერ ჭელიძემ

No comments:

Post a Comment