Monday, January 28, 2019

პირველი ანათემატიზმა და მისი განმარტება

ანათემა

[28]თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

წმ. კირილეს განმარტება:

ნიკიელთა ქალაქში თავის დროს შეკრებილმა ნეტარმა მამებმა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მართალი და უყვედრელი სარწმუნოების განსაზღვრება, თქვეს რწმენა ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედისა; და ერთი უფლის, იესო ქრისტესი, მისი ძისა; და სულიწმინდისა. თქვეს მათ, რომ სწორედ ის სიტყვა, ღვთისგან ჩენილი, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე, რომელიც არის სინათლე სინათლისგან და ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, - თვით იგი განსხეულდა, განკაცდა, ევნო და აღდგა, რადგან ბუნებით ღმერთად მყოფმა მამის მხოლოშობილმა სიტყვამ ითვისა აბრაამის თესლი, როგორც ამბობს ნეტარი პავლე, და იგი ჩვენს მსგავსად თანაეზიარა სისხლსა და ხორცს, როდესაც იშვა წმინდა ქალწულისგან ხორციელად და გახდა ჩვენებრ ადამიანი, არ დაცილებია რა ღმერთად ყოფნას (ნუ მოხდება ეს!), არამედ არის იგივე, რაც იყო, ღმრთეების ბუნებაში და დიდებაში დამკვიდრებული.

ამიტომ ვამბობთ, რომ ადამიანი გახდა იგი, არ განუცდია რა გარდაქმნა ანდა შეცვლა ისეთ რაიმედ, რაც არ იყო, რადგან იგივეა მარადის და ვერ დაითმენს, რომ შეიმთხვიოს (παθειν) ცვალებადობის აჩრდილი. არც იმას განვაჩინებთ, რომ მისი არსების შერევა, აღრევა ანდა განზავება მოხდა ხორცთან, ვამბობთ კი, რომ სიტყვა შეუერთდა მოაზროვნე სულის მქონე ხორცს ზეგონებრივად და გამოუთქმელად, ისე როგორც მხოლოდ მან უწყის ეს. ამრიგად, ღმერთად დარჩა იგი ხორცის შეთვისების ჟამსაც და არის ერთი ძე ღვთისა და მამისა, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, თვითვე - უწინარესი ყველა საუკუნისა და ჟამისა, რამდენადაც სიტყვად მოიაზრება იგი, და არის მამის ჰიპოტასის ხატი, უკანასკნელ ჟამს განგებდლებითად კაცქმნილი ჩვენს გამო. მაგრამ რადგან ზოგიერთები უარყოფენ მის ხორციელ შობას, რაც აღსრულდა ყოველთა ხსნისათვის წმინდა ქალწულისაგან, რომელმაც არსებობის დაწყებისკენ როდი უხმო მას, არამედ გახდა იგი ჩვენებრი, რომ სიკვდილისგან და ხრწნილებისგან გავეთავისუფლებინეთ ჩვენ, - ამ მიზეზის გამო, ჩვენი პირველი ანათემატიზმა, ერთი მხრივ, წარმოთქმულია ზემოხსენებულთა ბოროტმორწმუნეობის საწინააღმდეგოდ, მეორე მხრივ კი აღმსარებელია იმისა, რაც მართებულია, ამბობს რა, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და ამის გამო ღვთისმშობელია წმინდა ქალწული.

აღმოსავლელთა შეპასუხება:

ვინ იქნება თანააღმსარებელი იმისა, რომ „ხორციელად იშვა ხორცქმნილი სიტყვა ღვთისა“? რადგან თუ ხორციელად შვა იგი [მარიამმა], ესე იგი - არა ქალწულებრივად. მაშ, სადღა წავიღოთ სიტყვები: „სულიწმინდა მოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილებს შენ?“ (ლუკ. 1.33)? მისი აზრით ხომ ქალწულმა შვა არა ღვთის შესაფერისად, არამედ - ხორციელად. როგორღა მოხდა მაშინ, რომ უცნაურად გამოჩენილმა ვარსკვლავმა გააცხადა იგი, რომ მოგვები, ამ ვარსკვლავის მიერ სპარსეთიდან ნაწინამძღვრებნი, მივიდნენ მასთან, ეძიებდნენ რა შობილს და როცა ჰპოვეს, შესწირეს მას [29]ძღვენი და აგრეთვე, - გონისეულადაც და ხილულადაც, - შესაწირავნი, ხოლო ანგელოზები ციდან ქვეჩამოვარდნენ და მწყემსებთან თანაშერთულნი შობის გამო მემწყობრეობდნენ და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანაზე მშვიდობა და ადამიანთა შორის კეთილი ნება“ (ლუკ. 2,14)? როგორი შობის ნიშნებია ესენი? ხორციელისა თუ ღვთისმშვენისა? მართლაც, თუ ჩაუძიებლად გამოვიყენებდით გამონათქვამებს და ყურადღებას არ მივაქცევდით იმას, თუ რა მოსდევს მოცემულ გამონათქვამებს ან წინ რა უძღვის მათ ანდა როგორია ჩვეულება წერილისა, მაშინ სიტყვის ხორცად ქცევასა და ცვალებადობასაც წარმოვისახავდით, ამ სახით კი იმასაც დავუშვებდით, რომ ცოდვა და წყევლა გამხდარა იგი. მაგრამ ჩვენ კეთილად მოვიაზრებთ, რომ „სიტყვის ხორცად გახდომა“ (შდრ. იოანე 1.14) ნიშნავს ხორცში მის დამკვიდრებას, თანახმად სახარებათა აზრისა.

წმ. კირილეს აპოლოგია:

ღვთის მხოლოდშობილი ძის ხორცისეული განგებულების საიდუმლოს გვიცხადებს ყოვლად ბრძენი იოანე, როდესაც წერს: „და სიტყვა ხორცი გახდა და დამკვიდრდა ჩვენს შორის“ (იოან. 1.14). მართებულად გაიაზრეს ეს გამონათქვამი თავის დროს ნიკიელთა ქალაქში შეკრებილმა ნეტარმა მამებმა, როდესაც თქვეს, რომ ის სიტყვა, რომელიც მამაღმერთისგან არის შობილი და რომლის მიერაც ყოველივე შექმნა მამამ, რომელიც არის სინათლე სინათლისგან და ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, - თვით იგი განხორციელდა და განკაცდა ანუ შეუერთდა მოაზროვნე სულის მქონე ხორცს და, დარჩა რა ღმერთადაც, გახდა ადამიანი. არავისთვის არ არის საეჭვო, რომ გარდაუქმნელად და შეურევლად აღსრულდა შეერთების საქმე, დარჩა რა ღვთის სიტყვა, როგორც ვთქვი, იგივე, რაც არის (მიუხედავად იმისა, რომ ხორცი გახდა იგი), რადგან უცვლელია ბუნებით.

ის, რისი განხორციელებაც ითქმის, არათუ ხორცის ბუნებად გარდაიქმნება, არამედ მოიაზრება როგორც რამ სხვა, ხორცისგან განსხვავებული და ხოთრცთან შეერთებული. ასე ფიქრობდნენ ნეტარი მამები, რომლებმაც ღვთისმშობლად სახელდეს წმინდა ქალწულს, რადგან სწამდათ, რომ შვა მან განხორციელებული და განკაცებული ძე, რომლის მიერაც ყოველივე შექმნა მამამ. მაგრამ ახალ გმობათა აღმომჩენი ნესტორი ებრძვის ამგვარ აზრს და განაცრუებს სიტყვა „ღვთისმშობელს“, როგორც თითქოსდა არაჭეშმარიტს, თქმული აქვს რა ამგვარად: „მრავალგზის ვკითხე მას: ღმრთეების შობას ამბობთ ნეტარი ქალწულისაგან? მყისვე უკუიქცევიან ამის თქმაზე. და ვინ იქნება, ამბობენ, იმგვარი უღვთოებით სნეული, რომ მასზე, რომელმაც ტაძარი შვა, თქვას: მასში შეიქმნა ღმერთი სულიწმინდის მიერ? შემდეგ როდესაც დავძენ: მაშ რას ვამბობთ მიუღებელს, როდესაც ვურჩევთ ამ სიტყვისგან თავის არიდებას და ორი ბუნების საერთო ნიშნულამდე მისვლას? მაშინ წარმოჩინდება მათთვის ნათქვამის უღვთოება. დიახ, ან აღიარე აშკარად, რომ ღმრთეება იშვა ნეტარი მარიამისგან ანდა გაურბიხარ რა ამის თქმის უღვთოებას, რად ხდება, რომ თუმცა ამავეს მეუბნები, თვალთმაქცობ, თითქოს არ ამბობდე?“

აი, ამგვარად წრეში აყენებს, უფრო კი უწმინდურად შთააგონებს მათ, რომლებიც ქალწულს ღვთისმშობლად ამბობენ, რომ თითქოს ამის თქმით მართებთ იმის აღიარებაც, რომ ღმრთეების ბუნება, შიშვლად და განცალკევებით, ნაყოფი ყოფილა ხორცისა და რომ ღვთის სიტყვას ქალისგან ჰქონია თავისი არსებობის სათავე.

გვსურს დავარწმუნოთ ყველა, რომ ამგვარი აზრი სრულიად უცხოა [30]ჩვენთვის, რადგან ისე როდი გავგიჟებულვართ, რომ სხვა რაიმეს ფიქრი გვეწადოს, გარდა იმისა, რისი ფიქრიც გვმართებს: გვითქვამს, რომ ქალწულმა, თანახმად წერილისა, შვა ხორცქმნილი, ესე იგი კაცქმნილი სიტყვა ღვთისა, ხოლო შვა იგი ხორციელად ანუ ხორცის შესაბამისად, რადგან, ერთი მხრივ, ღმერთმა და მამამ ღვთიურად შვა თავისი თავისგან ღმერთად მყოფი ძე, მეორე მხრივ კი, რადგან ხორცისგან შობილი ხორცია, ქალწულმა ხორციელად შვა იგი, როგორც ხორცად არსებული. ამასთან, სიტყვა „ხორციელად“ არ წარხოცს შობის უჩვეულობას და არც წმინდა სულის მოქმედებას აუქმებს, იმ მოქმედებას, რითაც სულიწმინდამ საშოში გამოსახა შობილი. პირიქით, ეს სიტყვა იმას გვასწავლის, რთმ როგორც ღმერთი შობს ღვთიურად, ანუ ღვთისმშვენად, თავისი ბუნებისამებრ, ამგვრადვე, შობს ადამიანი ადამიანურად ანუ ხორცი ხორციელად, მაგრამ რადგან ბუნებით ღმერთია სიტყვა, ამიტომ, თუმცა ხორცი გახდა იგი, მაინც ღვთისმშვენად მოხდა მისი გამოსვლა, ესე იგი ისე, როგორც ნამდვილად შეჰფეროდა ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან მხოლოდ მას ჰყავდა დედად ის, ვისაც არ ჰქონდა შეუღლების გამოცდილება, და მხოლოდ მან დაიცვა ქალწულად ის, ვინც ხორციელად შვა იგი. მიკვირს, რომ ისინი, რომლებიც ყოყმანობენ ღვთისმშობლად თქვან წმინდა ქალწული, ამბობენ, რთმ ღვთისმშვენად შვა მან. მართლაც, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შობს ღვთისმშვენად.

ამბობენ იმასაც, რომ მოგვებისგან ბოძებული ძღვენი შესაწირავი იყო გონებითადაც და ხილულადაც, ამით კი უფალ იესო ქრისტეს კვლავ ორად ყოფენ შეერთების შემდეგ. მაგრამ გონებითი ხომ ხილული გახდა არა ბუნების გარდაქმნით, არამედ - ხილვად სხეულთან შეერთებით. ამასთან, ის, რომ სიტყვის თვითმხილველები და მსახურები გახდნენ წმინდა მოციქულები, თვით წმინდა წერილი ამბობს ამას, თუმცა კი როგორ არ არის ყოვლად ცხადი, რომ მამა-ღმერთისაგანი სიტყვა უსხეულოა, შეუხებელია და უხილავი? მაინც, ვპოვებთ, რომ წმინდა მოციქულები ამბობენ: „ის, ვინც იყო დასაბამიდან, ვისიც ვისმინეთ, ვინც ვიხილეთ, ვინც დავინახეთ ჩვენი თვალებთ, და ჩვენი ხელები მიეკარა ცხოვრების სიტყვას“ (I იოან. 1.1). ამიტომ, შესაწირავი ძღვენიც ერთისადმია, ესე იგი ქრისტესადმი, რადგან თვითვეა ერთდროულად და ერთობლივად ღმერთიც და ადამიანიც. ამიტომ, მისი შობისას წარმოჩნდნენ წმინდა ანგელოზთა სიმწყობრეები და სულთა მხედრობანი, რომლებიც მაცხოვრად და გამომხსნელად ამბობდნენ მას.

კიდევ, რადგან მახარებელმა თქვა, რომ „სიტყვა ხორცი გახდა“, საშიშიაო, ამბობენ, ეს, რადგან თუ ზმნას „გახდა“ თავისი მნიშვნელობა შეუნარჩუნდება, იქნებ სიტყვის საღვთთ ბუნების გარდაქმნა იფიქროსო ვინმემ. მე ვაქებ ამ შიშს, მაგრამ მიკვირს კი, რომ ისინი, რომლებიც უარყოფენ ჭეშმარიტ სიტყვას, კერძოდ მის ჭეშმარიტ და აუცილებელ მნიშვნელობას, ამას ამბობენ: „სიტყვა ისევე გახდა ხორცი, როგორც ითქმის, რომ გახდა იგი წყევლა და ცოდვა“. მაგრამ შეიძლება კი, რომ მან, ვისაც გონება აქვს, დაინახოს, თუ როგორ განაშორებს ყოველგვარი გარდაქმნის აზრისგან ნეტარი მახარებელი მისგანვე დადებულ სიტყვას „გახდა“, იქვე დასძენს რა „და დაიკარვა ჩვენს შორის“ (იოანე 1.14)?

სხვა მხრივაც უგუნურებაა თქმა იმისა, რთმ სიტყვა იმ აზრითვე გახდა ხორცი, რა აზრითაც ნათქვამია, რომ გახდა იგი წყევლა და ცოდვა, რადგან თვით საკუთრივ სიტყვა როდი გამხდარა წყევლა და ცოდვა, არამედ ურჯულოთა შორის ჩაითვალა ის, ვინც მართალი იჟო, რთმ მოესპო მას ცოდვა და დაწყევლილად წარმოჩნდა ის, ვინც აკურთხებს შესაქმეს, რომ დაერღვია მას ჩვენზე არსებული წყევლა და სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა მის[31]დამი მორწმუნენი. ამრიგად, არ გამხდარა იგი ჭეშმარიტად წყევლა და ცოდვა, არამედ წარმოჩნდა ასეთად, რომ დაერღვია წყევლა და ცოდვა. ამგვარად, თუ იგი ამ აზრითვე გახდა ხორცი, მაშ, მოუსპია მას ეს ხორცი, ისევე როგორც მოსპო მან წყევლა და ცოდვა. შესაბამისად, არც ადამიანი გამხდარა იგი, არცთუ ხორცი შეუსხამს მას ჭეშმარიტად, არამედ მხოლოდ მოჩვენებითი ყოფილა ეს საიდუმლო და მხოლოდ ლიტონ სახელებში წარმოჩენილა განკაცების გვარი. ამით მთლიანად უქმდება აღდგომის სასოებაც. მაშ, ვისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ? სადღაა სიტყვა რწმენისა, რასაც ვქადაგებთ? მართლაც, ვაღიარებთ რა, რომ უფალია იესო და გვწამს რა, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, ვცხონდებით. მაშ, ნუთუ ერთი ჩვენებრი და ჩვეულებრივი ადამიანისადმი გვაქვს რწმენა და აღარ ვცემთ თაყვანს კაცობრივ ხატებაში ჩვენს გამოჩენილ სიტყვას? ნუთუ არ მიუღია მონის ხატი მას, ვინც თავისუფალია როგორც ღმერთი? ნუთუ არ დაუდაბლებია თავისი თავი მას, ვინც მშვენობს ღმრთეების სიმაღლეებში? ნუთუ ის, ვინც არის მამის ხატებაში და თანასწორობაში, არ დასულა „დაცარიელებამდე?“, თუმცა კი თავისი სისავსიდან თვით განუყოფს ქმნილებას სიკეთეებს (ფილიპ. 2.6)? განვედ უკეთურმზრახველობავ! სხვაგვარად გვამესაიდუმლეს (μεμυσταγωγήκασιν) ჩვენ ნეტარმა მამებმა, რადგან თქვეს, რომ მამაღმერთისაგანი სიტყვა ჭეშმარიტად ხორციელიქმნა და განკაცდა უქცევად და შეურევლად, თუმცა კი ყოვლად დაფარულია ამ განგებულების გვარი.

ზემოთქმულთა დასტურად მოვიტანთ მამათა სიტყვებს:

პეტრე ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა, მარტვილისა:

„აქედან გამომდინარე, მახარებელი ჭეშმარიტებს, როდესაც ამბობს: „სიტყვა ხორცი გახდა და დაიკარვა ჩვენს შორის“ (იოან. 1.14), - ცხადია მაშინ, რთდესაც ანგელოზმა მოიკითხა ქალწული და უთხრა: „გიხაროდეს მიმადლებულო, უფალია შენთან“ (ლუკ. 1.28). გაბრიელის სიტყვები „უფალია შენთან“ აქ ასე უნდა გავიგოთ: „ღმერთი-სიტევაა შენთან“, რადგან მას მოასწავებს იგი, - მას, მუცლადშობილს (γεννώμενον έν μητρα) და ხორცქმნილს, როგორც დაწერილია: „სულიწმინდა მოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილებს შენ. ამიტომ, შობილიც წმინდაა და ეწოდება ძე ღვთისა“ (ლუკ. 1.35).

ათანასე ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა:

„აქედან გამომდინარე, იშვა რა ხორცი მარიამ ღვთისმშობლისგან, თვით ის ითქმის შობილად, ვინც სხვებს არსებობისათვის შექმნილობა მიანიჭა, რათა თავის თავზე განეკუთვნა მას ჩვენეული შობა“.

მისივე, ეპიქტეტესადმი ეპისტოლედან:

როგორ გაბედეს დაეჭვება მათ, - ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა,ნთუკი მარიამისგან გამოსული უფალი, ერთი მხრივ, არსებითა და ბუნებით ძეა ღვთისა, მეორე მხრივ კი ხორციელად დავითის თესლისგანაა იგი, წმინდა მარიამის ხორცისგან? ვინ ყოფილა ამგვარად თავხედი, რომ ხორცით ვნებული და ჯვარცმული ქრისტე არ ეთქვა უფლად, მაცხოვრად, ღმერთად და ძედ მამისა? ანდა როგორღა სურთ ქრისტიანებად იწოდებოდნენ ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვა გადმოვიდა წმინდა ადამიანზე როგორც ერთ-ერთ წინასწარმეტყველზე და არათუ თვით გახდა ადამიანი, მარიამისგან სხეულის მიმღები, არამედ თითქოს სხვა არის ქრისტე და სხვა - სიტყვა [32]ღვთისა, რომელიც მარიამზე უწინარეს და უწინარეს საუკუნეთა ძე იყო მამისა? ანდა როგორ შეიძლება ქრისტიანები იყვნენ ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა არის ძე და სხვა - სიტყვა ღვთისა?“

წმინდა მამათა ამ აზრებს მივყვებით ჩვენ, ხოლო თუ ვინმე სხვას ასწავლის და სხვად მზრახველია, განეშოროთს იგი წრფელ და სამეუფო გზას. ამასთან, არც იმის თქმაა - უცხო წმინდა მამათათვის, რომ ქრისტე ხორციელად იშვა, არამედ ეს სიტყვა მათ მიერაც გამოიყენება. მართლაც, რომ არანაკლებ ჭეშმარიტია ეს სიტყვა, ამას აჩვენებს ქვემომოტანილი ფრაზა, რაც ასეთი სახისაა:

წმ. ამფილოქე იკონიელი ეპისკოპოსისა:

„რადგან თუკი იგი არ შობილა ხორციელად, არც შენ იშვები სულიერად. თუ მას არ დაუთმენია ხატი მონისა, არც შენ შეგიძენია ძეობილობის დიდება“.

აქაც სიტყვა „ხორციელად“ ნიშნავს: „ხორცის შესაბამისად“, როგორც, მაგალითად, „ღვთიურად“ - „ღმრთეების შესაბამისად“.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ
„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

No comments:

Post a Comment