Tuesday, December 11, 2018

ერთი წყარო წმ. დიონისე არეოპაგელის შესახებ

როგორც ცნობილია, არეოპაგეტული კორპუსის შექმნის თარიღი უდიდეს ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც (გასაგები მიზეზების გამო).
XX ს-ის დამდეგიდან დომინირებს აზრი, რომ ხსენებული კორპუსი უნდა შექმნილიყო V ს-ის II ნახევარში ცნობილი ნეოპლატონიკოსის პროკლე დიადოხოსის გავლენით.
ამგვარი გაბატონებული აზრის პარალელურად მაინც შესამჩნევია ცალკეულ მკვლევართა მცდელობანი, უფრო ადრეულ (პროკლეს წინარე) ეპოქას მიაკუთვნონ არეოპაგეტული შრომები. მეტიც, 70-იან წლებში გამოქვეყნდა ვ. მიულერის ნაშრომი ”დიონისე არეოპაგელი”, სადაც ხსენებული შრომები კვლავ წმ. დიონისე არეოპაგელთან არის დაკავშირებული.
არსებული ქრონოლოგიური გაურკვევლობა გვავალდებულებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ადრეული ეპოქის საეკლესიო ავტორებს და ანგარიში გავუწიოთ მათ ცნობებს. ამ კუთხით, ვფიქრობთ, უთუოდ საგანგებო ინტერესს იწვევს VII ს-ის ცნობილი მოძღვარი წმ. ანასტასი სინელი, რომლის შრომა, სათაურით ”წინამძღვარი”, შედის წმ. არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ და შედგენილ ”დოგმატიკონში” (S-1463).
ესაა თავისთავად უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო ძეგლი, მაგრამ მისი ძველი ქართული თარგმანის გაცნობისას (”დოგმატიკონის” ტერმინოლოგიური შესწავლა-ანალიზის დროს) ჩვენი ყურადღება მიიპყრო ხსენებული თხზულების ერთმა ადგილმა, სადაც გადმოცემულია უაღრესად მნიშვნელოვანი უწყება წმ. დიონისე არეოპაგელის შრომებთან დაკავშირებით.

აღვნიშნავთ, რომ იგივე უწყება, ცხადია, გვხვდება წმ. ანასტასის ”წინამძღვრის” ბერძნულ ორიგინალში (იხ. Pg. 89, 289c), მაგრამ უცნაურია, რომ არც შესაბამის გამოცემაში, არც სპეციალურ გამოკვლევებში, რომლებიც კი არეოპაგეტიკის ქრონოლოგიას ეხება (და რომლებზეც ჩვენ შეძლებისდაგვარად მიგვიწვდება ხელი) სრულიად არაფერია თქმული მის შესახებ (მითითებულ გამოცემაში მას არ ახლავს არავითარი შენიშვნა).
არეოპაგეტიკისადმი მიძღვნილი გამოკვლევების რაოდენობა იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ არათუ მათი გაცნობა, მათ შესახებ სრული ბიბლიოგრაფიის მოპოვებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში ჩვენ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ წმ. ანასტასის ცნობა ასახული არ არის ცალკეული შემაჯამებელი ტიპის გამოკვლევებში, სადაც უადრესი უწყებანი არეოპაგეტული შრომების შესახებ სრულყოფილადაა გაანალიზებული. ასეთ შრომად წარმოჩნდება, მაგალითად, ვრცელი სტატია ”დიონისე არეოპაგელი (ფსევდო)” (იხ. Dictionnaire de Spiritualite, t. III, Paris, 1957, 244-429), რომლის ერთი ნაწილი საგანგებოდ ეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს (ავტორი რენე როკი).
გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ცნობილია საეკლესიო ავტორთა ორი მითითება არეოპაგეტული შრომების არსებობის შესახებ ვიდრე VI ს-მდე. ერთი მითითება უკავშირდება ნიკიფორე კალისტეს (Pg. 147, 44-45) და წმ. იოანე დამასკელის (Pg. 96, 748-752) სახელებს, რომელთა უწყებითაც 451 წლის ახლო ხანებში იუვენალი იერუსალიმელს თავის ერთ-ერთ ქადაგებში მოუტანია ციტატა არეოპაგეტული შრომებიდან. დღეისათვის მიჩნეულია, რომ ეს ციტირება გვიანდელ ჩანართს წარმოადგენს. მეორე მითითება მოცემულია ლიბერატუს კართაგენელის შრომაში ნესტორიანელთა და ევტიქიანელთა წინააღმდეგ (დაიწერა დაახ. 560-566 წლებში). ამ ავტორის მიხედვით, წმ. კირილე ალექსანდრიელის წიგნში ”დიოდორესა და თეოდორეს წინააღმდეგ (ეკუთვნის დაახლ. 438 წელს) დამოწმებული ყოფილა წმ. დიონისე არეოპაგელის სიტყვები (იხ. Pg. 68, 991). არც ეს ცნობაა გაზიარებული სპეციალურ ლიტერატურაში.
მკვლევარი საბოლოოდ ასკვნის:
”ამგვარად, არანაირი გარეშე მოწმობა არ გვიბიძგებს იმ აზრისკენ, რომ დიონისური კორპუსი უწინარესია 451 წელზე” (იქვე, გვ. 248).
როგორც ვხედავთ, მკვლევარი მინიშნებითაც კი არ მიუთითებს (უარყოფის მიზნით მაინც), რომ არსებობს კიდევ სხვა ცნობა (და პირდაპირი ციტირებაც), დამადასტურებელი არეოპაგეტული ცნობების უადრესობისა. რ. როკის გამოკვლევა შეჯამებაა მთელი ორსაუკუნოვანი კვლევა-ძიებისა (სხვათაშორის, განხილულია პეტრე იბერის ავტორობის საკითხიც). მასთან აღნიშნული ცნობა ასახული უნდა ყოფილიყო.
ამგვარად, არც რენე როკთან და, როგორც თქმული გვაქვს, არც სხვა ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილ მეცნიერთან არ შეიმჩნევა გათვალისწინება იმ ცნობისა, რასაც წინამდებარე სტატია ეხება.
ყოველშემთხვევაში, ერთი რამ სავსებით გარკვევით შეიძლება ითქვას: წმ. ანასტასის ცნობა, რაც ქვემოთ უნდა წარმოვადგინოთ, სრულიად უცნობია ქართველი მკითხველისათვის, მაშინ როცა არეოპაგეტიკისადმი ინტერესი საქართველოში, ცნობილი მიზეზის გამო, მეტისმეტად დიდია. შესაბამისად წინამდებარე სტატია დაწერილია ქართული საზოგადოების ორიენტირით.
რა ცნობასთან გვაქვს საქმე?
წმ. ანასტასი თავის ზემოაღნიშნულ შრომაში ერთგან ეპაექრება მანიქეიზმის მიმდევარს, რომელიც (ეს მანიქეველი) ასაბუთებდა, რომ ანგელოზები, სულები და წყალნი შეუქმნელები ანუ ”აუგებელნი” (დაუბადებელნი) არიან და მოწმობად მას მოჰქონდა ერთი ადგილი წმ. დიონისე არეოპაგელის შრომიდან ”საღვთო სახელთა შესახებ”. აი, ეს ადგილი: ”[ღმერთი] უზენაესია ყველა შეუქმნელზე”.
თუ ღმერთი ”ყველა შეუქმნელს” აღემატება, მაშინ, მანიქეველის დასკვნით, არსებობს რაღაც შეუქმნელი არსებები, რომლებსაც ღმერთი არ უთანაბრდება.
ეს იყო ერთი პრობლემური საკითხი. მეორე დილემა უკავშირდება წმ. დიონისეს სწავლებას იმის შესახებ, რომ ანგელოზები მრავალარსებანი არიან, მაშინ როცა, ეკლესიური სწავლებით, ანგელოზებს ერთი არსება აქვთ და ურთიერთისაგან მხოლოდ ჰიპოსტასურად სხვაობენ.
აღნიშნული ორი საკითხის გასარკვევად ანუ იმის განსამარტავად, თუ რა შინაარსს დებდა ზემორე ტერმინებში წმ. დიონისე არეოპაგელი, წმ. ანასტასი მოუხმობს ერთ-ერთ სქოლიოს წმ. დიონისე ალექსანდრიელისას, რაც მას, ანასტასის მითითებით, წმ. დიონისე არეოპაგელის ტექსტზე დაურთავს ”გარემოწერითად” (ე.ი. არეოპაგეტული ტექსტი კიმენის სახით მოთავსებული ყოფილა ხელნაწერის გვერდის შუაში, ხოლო დიონისე ალექსნადრიელის კომენტარი აშიაზე ყოფილა მიწერილი კიმენური ტექსტის გარშემო, როგორც ეს ნიშანდობლივია საზოგადოდ, სქოლიოებიანი ხელნაწერებისათვის).
აი, საკუთრივ წმ. ანასტასი სინელის უწყება:
”შეუქმნელ, ესე იგი არს, აუგებელ მხოლოჲ ღმრთეებაჲ ოდენ არს, და ეგერე ვჰპოვეთ წმიდისა დიონჳსის წიგნსა შინა, თავსა მას შინა ”დიდისათჳს და მცირისა” აღწერილსა, ღმრთისა-ძლითსა მეტყუელებასა ესრეთ:
”მოუკლებელი და აუგებელი, არა ვითარცა არასადა ყოფილი ანუ უსრული, ანუ ამის რაჲსმე და მისგან არაშექმნილი, არცა ვითარცა არარაობით არარად მყოფი, არამედ ვითარცა ზესთა ყოველთა შეუქმნელთაჲ”.
ხოლო თქუა რაჲ ”ზეშთა ყოველთა შეუქმნელთაჲ”, მრავალნი შეუქმნელნი გამოაჩინნა, ესე იგი არს, აუგებელნი. და აწ ვითარ შესაძლებელ არს ესე, რამეთუ არავინ არს შეუქმნელ, თჳნიერ მხოლოჲ ღმერთი. ესე უკუე წამებაჲ შემოიღო მანიქეველმან ვინმე, მნებებელმან გამოჩინებად ანგელოსთაცა და სულთა და წყალთა აუგებლობისა, ესე იგი არს, შეუქმნელობისამან.
კუალად ერთისა არსებისა მეტყუელებასა ეკლესიისასა ყოველთავე წმიდათა ანგელოზთათჳს იგივე საღმრთოჲ და სამოციქულოჲ დიონჳსიოს მრავალარსებად სახელსდებს ზენათა ძალთა. ვინაჲცა საღმრთოჲ დიონჳსიოს ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი, თარგმანებათა შინა გარემოწერითთა, რომელნი შეუქმნნა თანამოსახელესა თჳსსა ნეტარსა დიონჳსიოსს, ესრეთ იტყჳს, ვითარმედ:
”შეუქმნელად ჩუეულ არს წოდებასა გარეშე ფილოსოფოსობაჲ ყოვლისა უხილავისა ბუნებისასა, ეგრეთვე - არსებად თქუმასა გუამთასა და ამის ძლით გარეშეთაებრ თქუმულ არიანო წმიდისა დიონჳსისაგან ესევითარნი ჴმანი (ტერმინები, ე.ჭ.) მოპოვნებითად”, რომლისათჳსცა არა ჯერ-არს განუნახველად, მოგონებისაებრ ჩუენისა თარგმანებაჲ წმიდათა სიტყუებისაჲ ვითარ-იგი დღესცა ჰყოფენ ვიეთნიმე” (s-1463,36).
ამგვარად, როგორც ვხედავთ, წმ. დიონისე ალექსანდრიელის განმარტებით, არეოპაგეტული შრომები დაწერილია ”გარეშეთაებრ” ანუ ანტიკური ტერმინოლოგიით. შესაბამისად მათი ავტორი ”შეუქმნელით” აღნიშნავს არა ”დაუბადებელს”, არამედ ”უხილავს”, ხოლო ”არსებით” - ”გუამს” (ანუ ჰიპოსტასს).
მითითება წმ. დიონისე ალექსანდრიელზე და მისი ციტატის მოხმობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც კარგად არის ცნობილი, რომ ”საღმრთოჲ დიონჳსიოს, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი” მოღვაწეობდა III ს-ის შუა წლებში (გარდ. 265 წ.).
საყურადღებოა, რომ წმ. ანასტასის მიერ მოტანილი ციტატა გათვალისწინებული არ ჩანს არც წმ. დიონისე ალექსანდრიელის მკვლევართა შრომებში. ამ მხრივ საგულისხმოა კ. ხრისტუს ჭეშმარიტად შესანიშნავი წიგნი ”ელინური პატროლოგია”, რომლის ინფორმატიული ამომწურავობა ცნობილია. აღნიშნული შრომის შესაბამის ადგილას თავმოყრილია ყველა არსებული ცნობა თუ ფრაგმენტი, რაც კი წმ. დიონისე ალექსანდრიელის სახელს უკავშირდება.[1] მათ შორის ვერ ვპოულობთ უბრალო მითითებასაც კი ზემორე ტექსტზე, მაშინ როცა ავტორი უთუოდ ვალდებული იყო, თუკი არ იზიარებდა წმ. ანასტასის უწყების ნამდვილობას ანდა თუკი რაიმე სახის მექანიკურ ცთომილებად მიიჩნევდა მას, აღენიშნა კიდეც ეს (ასეთი ცთომილებები სპეციალურ ლეტარატურაში ცნობილია).[2]
წმ. დიონისე ალექსანდრიელის ზემოციტირებული კომენტარი არ ასახულა არც ვ. ბინერტის შრომაში ”დიონისე და პეტრე ალექსანდრიელის ახალი ფრაგმენტები კოდ. ვატოპ. 236-ში” (იხ. Κληρονομια5, 1973, გვ. 308-314).
რა შეიძლება ითქვას საკუთრივ ზემომოტანილი ციტატის შესახებ?
უპირველესი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თვით წმ. ანასტასი სინელი არ იდგა არანაირი საჭიროების წინაშე, განზრახ დაეძველებინა და პირველ-მეორე საუკუნეებში გადაეტანა არეოპაგეტული შრომები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მისთვის, პოლემიკური მიზანდასახულობით, გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა, თუკი არეოპაგეტული წიგნები გვიანდელი აღმოჩნდებოდა და არ დაუკავშირდებოდა ისეთ სამოციქულო ავტორიტეტს, როგორიც წმ. დიონისე არეოპაგელია. საქმე ის არის, რომ მოპაექრე, მანიქეველი თეოლოგი არეოპაგიტიკას იმოწმებდა სწორედ როგორც სამოციქულო ძეგლს და იმოწმებდა საკუთარი სწავლების განსამტკიცებლად. ასეთ დროს შეუდარებლად უფრო მომგებიანი იქნებოდა ანასტასისთვის, როგორც პოლემისტისთვის, არეოპაგეტულ თხზულებათა გვიანდელობისა და ნაყალბევობის წარმოჩენა, რადგან ამით მთლიანად გაუქმდებოდა საპირისპირო მხარის საკმაოდ ძლიერი არგუმენტი. გარდა აღნიშნულისა, თვით ანასტასის შრომიდანვე სავსებით ცხადია, რომ ხსენებულ მოძღვარს კამათი უხდებოდა უაღრესად განსწავლულ და წყაროდმცოდნეობითი ცოდნით აღჭურვილ პირებთან. სრულიად შეუძლებელია, რომ მას ასეთ დროს ფაქტობრივ-ქრონოლოგიური სიყალბე შემოეტანა, რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, მიმდინარეობდა მეტად მძაფრი, გააფთრებული პოლემიკა ყოველმხრივ მომზადებულ პირებთან (იხ. ”წინამძღვრის” ტექსტი) და არათუ ასეთ აშკარად თვალშისაცემ სიყალბეს (ფსევდო შრომების ხუთი საუკუნით დაძველება, სამოციქულო დიონისესათვის ყალბი ავტორობის მიკუთვნება, წმ. დიონისე ალექსანდრიელისადმი არარსებული სქოლიოს მიწერა, სქოლიოს ტექსტის შეთხზვა), არამედ ოდნავ უზუსტობასაც კი არც ანასტასის, არც მის მომხრეებს არავინ აპატიებდა.
ამგვარად, ანასტასი ეპაექრებოდა ისეთ პირებს, რომლებიც თვით იჩემებდნენ არეოპაგეტული შრომების უადრესობას. შესაბამისად არანაირი აუცილებლობა ამ შრომათა განზრახ დაძველებისა მის წინაშე არ იდგა. ასევე არ ჩანს აბსოლუტურტად არავითარი მიზეზი ყალბისმქმნელობისა კონკრეტულად წმ. დიონისე ალექსანდრიელთან დაკავშირებით.
აღნიშვნის ღირსია, რომ წმ. დიონისე ალექსანდრიელი, როგორც ცნობილია, იყო უაღრესად ზედმიწევნით განსწავლული ანტიკურ ფილოსოფიაში (გავლილი ჰქონდა ორიგენეს ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა) და იგი სრულყოფილად ფლობდა ტერმინოლოგიურ მეცნიერებას. შესაბამისად, ზემოწარმოდგენილი ტერმინოლოგიური განმარტებანი სავსებით შესაფერისია მისი ღირსების საეკლესიო ავტორისათვის.
გასაგებია, რომ ზემორე კომენტარი წმ. დიონისე ალექსანდრიელისა უკავშირდება მრავალ პრობლემას. ერთი უმთავრესთაგანია პროკლე დიადოხოსისა და არეოპაგეტული შრომების ქრონოლოგიური ურთიერთმიმართება. მრავალი მკვლევარისათვის პროკლეს გავლენა არეოპაგეტიკაზე დასაბუთებული არგუმენტია, მაგრამ ამ მონაცემის აბსოლუტიზება არ შეიძლება. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ სწორედ  ჰ. კოხისა და ი. შტიგლმაირის შრომების გამოქვეყნების შემდეგ (სადაც მოცემულია ცდა არეოპაგიტულ ძეგლებზე პროკლეს გავლენის დასაბუთებისა) გამოიცა თვალსაჩინო მკვლევარის ათენაგორას სამი შრომა, სადაც არეოპაგიტიკა კვლავ პროკლეს წინარე ეპოქისადმი (კერძოდ, დიონისე ალექსანდრიელისადმი) არის მიკუთვნებული. ასევე V ს.-მდელ დროს ვარაუდობს კ. პერა, რომელიც არ თვლის, რომ არეოპაგიტიკაში შესამჩნევია პროკლეს ცხადი გავლენა (მკვლევარი უფრო ორი ავტორის მიერ ერთი წყაროთი სარგებლობას ვარაუდობს (იხ. რ. როკის დასახ. ნაშრ, გვ. 253). ადრეულ საუკუნეებს ვარაუდობენ, აგრეთვე, 40-60-იანი წლების სხვა მკვლევარებიც.
შეიძლებოდა გაგვეხსენებინა, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებლის აღნიშვნით, არათუ არეოპაგიტიკას უსარგებლია პროკლეს შრომებით, არამედ, პირიქით, პროკლე დაყრდნობია არეოპაგიტულ სწავლებას. ამგვარი რამ IV-V სს-ის ნეოპლატონიზმში, როგორც ცნობილია, მოულოდნელი არ არის (მაგალითად, ჰიეროკლე ალექსანდრიელის შრომები თვალნათლივ ცხადყოფს, რომ ამ დროის ნეოპლატონიკოსები კარგად იცნობენ და ითვისებენ საეკლესიო მოძღვრებას). წარმართი ავტორების მიერ საეკლესიო შრომების ცოდნას ამჟღავნებს მათი პოლემიკაც ქრისტიანობასთან, თანაც საგულისხმოა, რომ ზოგ შემთხვევაში სახეზეა ელინი ფილოსოფოსების მიერ არა მხოლოდ მათი თანამედროვე ეპოქის საეკლესიო თხზულებების ცოდნა, არამედ საკმაოდ ადრეულისაც. მაგალითად, II ს-ის II ნახევრის წარმართ ფილოსოფოსს კელსუსს შესწავლილი ჰქონდა დაახლ. 140 წ.-ს დაწერილი აპოლოგია არისტონ პელაელისა სათაურით "სიტყვისგება იასონსა და პაპისკონს შორის ქრისტეს შესახებ". აღნიშნული ქრისტიანული ძეგლის წინააღმდეგ კელსუსს საგანგებო შრომაც დაუწერია სათაურით "ჭეშმარიტი მსჯელობა" (იხ. ორიგენე, კელსუსის წინააღმდეგ, 4.52; იხ. კ. ხრისტუს დასახ. პატროლოგია, ტ. II. გვ. 539-540). უნდა გავიხსენოთ, აგრეთვე, ნეოპლატონიკოს პორფირის თხუთმეტი წიგნი "ქრისტიანთა წინააღმდეგ", რაც შეუძლებელია დაწერილიყო ქრისტიანული ლიტერატურის ღრმა ცოდნის გარეშე (საყურადღებოა, რომ ამ შრომის წინააღმდეგ, რაც დაახლ. 270 წელს დაიწერა, თითქმის დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა წმ. მეთოდი ოლიმპელის "წიგნები პორფირის წინააღმდეგ", რასაც დიდად აფასებდა ნეტარი იერონიმე. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგულია როგორც პორფირის, ასევე მეთოდის ნაშრომები, თავად ფაქტი თვალნათლივ ადასტურებს უაღრესად მძაფრი პოლემიკის არსებობას არა მხოლოდ ქრისტიანობის მხრიდან წარმართობისადმი, არამედ პირიქითაც, რაც, როგორც აღვნიშნეთ, სათანადო წყაროდმცოდნეობითი და ლიტერატურული ცოდნის გარეშე ვერანაირად ვერ წარიმართებოდა).

წმ. ანასტასი სინელის უწყება მრავალ სხვა საკითხსაც წამოჭრის. პრობლემის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა. ამჯერად მხოლოდ წინასწარი ინფორმაციული შენიშვნით შემოვიფარგლებით.
----------------------------------------------------------------------------------------

[1] - Πανγ. Κ.Χρηστου Ελληνικη Πατρο λογια, T. B., Θεσσαλονικη, 1978, გვ. 884-902. იგივე ვითარებაა ი. კვასტენის, ბ. ალტანერის, ს. პაპადოპულოს და სხვათა ”პატროლოგიებში”.
[2] - იხ. M. Richard, Une scolie d' Origene indument attribue a Denys d' Alexandrie, Revue d' Histore Ecclesiastique, 1937, gv. 44-46.


ედიშერ ჭელიძე

No comments:

Post a Comment