შესავალი
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ტერტულიანეს მსგავსად, აფრიკელი
ღვთისმეტყველი იყო, რომელიც აფასებდა თავისი წინამორბედის მოღვაწეობის
ღირსეულ ნაწილს, ეყრდნობოდა მის მართებულ საღვთისმეტყველო სწავლებებს და
ავსებდა მათ სათნოებითი მოძღვრების არსებითი ელემენტებით, რაც ტერტულიანეს
შრომებში ნაკლებ შესამჩნევია. ნეტარი იერონიმეს უწყებით, წმ. კვიპრიანეს
ჩვევად ჰქონდა ყოველდღიურად ეკითხა ტერტულიანე და ხშირად მიმართავდა ასე
თავის მდივანს: ”მიბოძე მოძღვარი”, რითაც აღნიშნავდა იგი ტერტულიანეს (De
vir. il.53).
წმ. კვიპრიანეს ცხოვრების შესახებ მრავალი სანდო წყაროა შემონახული,
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული მათ შორის ესაა თვით კვიპრიანეს
შრომები და მისივე ვრცელი მიმოწერა. ამასთან, კვიპრიანეს დაპატიმრების,
გასამართლებისა და მარტვილობის შესახებ მოგვეპოვება Acta Proconsularia
Cypriani, რაც ეყრდნობა ოფიციალურ ანგარიშებს. ასევე, მრავალი ხელნაწერითაა
ცნობილი ”კვიპრიანეს ცხოვრება” (Vita Cypriani). ავტორად წარმოდგენილია
კვიპრიანეს დიაკონი პონტიუსი, რომელიც თან ახლდა თავის მოძღვარს
გადასახლებაში და მის გვერდით იყო დასჯის ბოლო წუთამდე (”ბრწყინ. კაცთ.”,
გვ. 58). მიჩნეულია, რომ აღნიშნული ”ცხოვრება” პირველია ამ ჟანრის ძეგლებს
შორის. სამწუხაროდ, ამ ნაშრომს ნაკლებად აქვს ისტორიული ღირებულება, რადგან
დაწერილია მთლიანად პანეგირიკულ სტილში. ავტორი, რომელიც აღტაცებულია
კვიპრიანეს ახოვანებით, მოსურნეა იმისა, რომ, როგორც თვითვე ამბობს,
”უკვდავი ხსოვნით მარადიულჰყოს ეს უბადლო და აღმატებული მაგალითი
შთამომავლობის სასარგებლოდ” (თავი 1). ამრიგად, აღნიშნული ”ცხოვრება”
წარმოადგენს შეგონებითი მიზანდასახულობით დაწერილ ბიოგრაფიას.
* * *
ცეცილიუს კვიპრიანე, აგრეთვე თასციუსად წოდებული (Thascius), დაიბადა
აფრიკაში, ალბათ კართაგენში, 200-210 წწ. მდიდარ და უაღრესად კულტურულ
ოჯახში. მან კართაგენში მოიპოვა სახელი ბრწყინვალე რიტორისა და
მჭევრმეტყველების მასწავლებლისა, მაგრამ მისი სული, ზიზღით ავსილი ყოველივე
იმის მიმართ, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების უზნეობასა და გახრწნილებას
განაპირობებდა, ეძიებდა რაღაც სხვას, უფრო აღმატებულს, წმინდას. ნეტარი
იერონიმეს უწყებით, კვიპრიანე ქრისტიანდება მღვდელ ცეცილიუსის შეგონებით,
რომლისგანაც მან თავისი მეორე სახელი მიიღო (De vir.67). ამის შემდეგ
კვიპრიანე გლახაკებს ურიგებს მთელ თავის ქონებას. იგი შეერთვება
სამღვდელოთა დასს, ხოლო 248-249 წწ. არჩეული იქნება კართაგენის ეპისკოპოსად
”ხალხის ხმით” (იგულისხმება, რომ წმ. კვიპრიანეს ეპისკოპოსად ხელდასხმას
ეთანხმებოდა მთელი მრევლი), მიუხედავად ზოგი ხანდაზმული მღვდლის, მათ შორის
ვინმე ნოვატის, დაპირისპირებისა.
ამ მოვლენიდან დაახლებით ერთი წლის შემდეგ იწყება იმპერატორ დეკიუსის
სახელთან დაკავშირებული დევნულება ქრისტიანებისა (250 წ.). კვიპრიანე
შეეფარება საიმედო ადგილს, საიდანაც მუდმივი მიმოწერა და კავშირი აქვს
თავის მრევლთან და სამღვდელოებასთან. მისმა ამგვარმა თავის გარიდებამ
ზოგიერთების უკმაყოფილება გამოიწვია. რომის ეკლესიის მღვდლების და
დიაკონები, რომლებიც ფაბიანე რომის პაპის მარტვილობის შესახებ წერილობით
ამცნობენ ქრისტიანებს, ამავე დროს გამოაგზავნიან ეპისტოლეს, რომელშიც
გაკვირვებას გამოთქვამენ კართაგენის ეპისკოპოსის განრიდების შესახებ.
კვიპრიანემ, პასუხად, მათ მიაწოდა დაწვრილებითი ანგარიში თავისი
მოღვაწეობისა და გადმოსცა ის მიზეზები, რის გამოც დევნულებას განერიდა იგი.
ესაა, კერძოდ, კვიპრიანეს მეოცე ეპისტოლე, სადაც ვკითხულობთ:
”საჭიროდ მივიჩნიე მომეწერა თქვენთვის ეს ეპისტოლე, რომ მეუწყებინა
ჩვენი ქმედების, წეს-განგებასთან ჩვენი დამოკიდებულებისა და ჩვენი ღწვის
შესახებ... მაცხოვრის სწავლების თანახმად, ვფიქრობდი რა არა საკუთრივ ჩემი
თავის შველაზე, არამედ, უმალ მთელი საზოგადოების სიმშვიდის გამო, დროებით
განრიდება ვამჯობინე, რომ ჩემი იქ ყოფნით და დაურიდებლობით კიდევ უფრო არ
აღმეგზნო ამტყდარი მშფოთვარებანი. ამასთან ხორციელად განშორებული, სულით იქ
ვიყავი, რაჟამს ჩემეული მოქმედებებითა და რჩევებით, საკუთარი კნინი
შესაძლებლობების ფარგლებში და ყველა იმ შემთხვევაში, როცა კი ამის
გაკეთების ძალა შემწევდა, ჩემს ძმებს მაცხოვრის მცნებათა შესაბამისად
წარვმართავდი” (მე-20 ეპისტოლე).
ამ წერილს კვიპრიანემ სამი სხვაც დაურთო, მისგანვე მიწერილნი
სამღვდელოებისადმი, აღმსარებლებისა და მრევლისადმი, იმის მტკიცებულებად,
რომ მას არასოდეს მიუტოვებია თავისი წინამძღვრული მოვალეობანი. ამ
წერილებში მჟღავნდება ის სირთულეები, რაც კართაგენში შექმნილა. კერძოდ,
საქმე ეხებოდა იმ პირებს, რომლებმაც დევნულების ჟამს სისუსტე გამოიჩინეს და
უარყვეს სარწმუნოება. როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაბრუნება დედა
ეკლესიაში? ამ კითხვაზე პასუხად ზოგმა აღმსარებელმა, რომელიც თავის თავს
ავტორიტეტულად თვლიდა რელიგიურ საკითხებში, მოითხოვდა, რომ მომხდარიყო
ზემორე ”დაცემულთა” (lapsi) მყისიერი დაბრუნება ეკლესიაში. კვიპრიანემ
უარყო მათი მოთხოვნა, რამაც დიდი უთანხმოება გამოიწვია. დიაკონმა
ფელიცისუსმა გარს შემოიკრიბა კვიპრიანეს მოწინააღმდეგეები. მათ შორის იყო
ხუთი მღვდელი, რომლებმაც თავის დროზე კვიპრიანეს ეპისკოპოსობის წინააღმდეგ
მისცეს ხმა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ზემოხსენებული ნოვატი. 251 წლის
გაზაფხულზე კვიპრიანემ საჯაროდ გამოუცხადა ანათემა ფელიცისიმუსს და მის
მომხრეებს. კართაგენის ეპისკოპოსმა, ამასთან, გამოაქვეყნა ორი დამოძღვრითი
ეპისტოლე, სადაც ეხებოდა ”დაცემულებს” და სქიზმატიკოსებს, კერძოდ, ეს
შრომებია: ”დაცემულთა შესახებ” (De Lapsi) და ”ეკლესიის ერთიანობის
შესახებ” (De Unitate Ecclesiae). ძალიან მალე შედგა კრება (დაახლ. 251
წლის მაისში), რომელმაც დაამტკიცა კვიპრიანეს აზრი და მოიწონა მის
მოწინააღმდეგეთა განკვეთა. დადგინდა, რომ ყველა ”დაცემული” (Lapsus),
განურჩევლად, ვალდებული იყო დაქვემდებარებოდა სინანულს და მხოლოდ ამის
შემდეგ შერთვოდა ეკლესიას, თუნდაც სიცოცხლის ბოლო საათს. ეპიტიმიისა და
მონანიების ხანგრძლივობა უნდა შეფარდებოდა ჩადენილი შეცოდების სიმძიმეს.
ამ დროისათვის გავრცელდა გამანადგურებელი ეპიდემია, რამაც ქრისტიანებს
ახალ-ახალი დევნულებანი მოუტანა წარმართ ხელისუფალთა მხრიდან, რომლებიც
აღნიშნულ ეპიდემიას ქრისტიანებზე განრისხებული ღმერთების შურისძიებად
აღიქვამდნენ. კვიპრიანეს მიერ გამოჩენილი მხნეობა და დაუცხრომელი ღვწა
ყველა დაზარალებულისა და სნეულის (განურჩევლად სარწმუნოებისა)
დასახმარებლად, თვით წარმართთა მოწონებასაც იწევდა.
თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში წმ. კვიპრიანე არსებითად დაკავებული იყო
ერეტიკოსთაგან აღსრულებული ნათლობის რაობის საკითხით, რაც ასევე მწვავე
დაპირისპირების საგნად იქცა. კართაგენში ჩამოყალიბებული საეკლესიო
ტრადიცია, როგორც ჩანს, კატეგორიულად უარყოფდა ერეტიკოსთა ყოველგვარ
მღვდელმოქმედებას. კვიპრიანემდე ერეტიკოსთა მსახურებას ძალადაკარგულად
თვლიდა, სრულიად აშკარად, ტერტულიანე თავის შრომაში ”ნათლისღების შესახებ”.
ეს აზრი დაამტკიცა აფრიკისა და ნუმიდიის ეპისკოპოსთა დიდმა კრებამ, რაც
მოიწვია აგრიპინუსმა დაახლოებით 220 წელს. ამ კრების დადგენილება
განამტკიცა სამმა მომდევნო კრებამ, რომლებიც გაიმართა კართაგენში 255-256
წწ-ში, კვიპრიანეს თავჯდომარეობით. პაპმა სტეფანემ (254-256 წწ.) გაკიცხა
აღნიშნული პოზიცია და ნოვაციად ანუ არატრადიციულ სიახლედ შეაფასა იგი.
კვიპრიანემ არ გამოავლინა აზრის შეცვლის ნება. დაპირისპირება კართაგენსა და
რომს შორის საშიშ მიჯნამდე მივიდა. სწორედ ამ დროს დაემთხვა იმპერატორ
ვალერიანეს ედიქტი ქრისტიანთა წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი
ტალღა დევნულებისა. დაატუსაღეს პაპი სტეფანე, რომელმაც იმარტვილა
სარწმუნოებისათვის, კვიპრიანე კი გადაასახლეს კურუბისში 257 წლის 30
აგვისტოს. ერთი წლის შემდეგ, 258 წლის 14 სექტემბერეს, კვიპრიანეს თავი
მოჰკვეთეს კართაგენის ახლოს. იგი არის პირველი აფრიკის ეპისკოპოსთა შორის,
რომელმაც მარტვილობა დაითქმინა.
წმ. კვიპრიანეს შრომები
წმ. კვიპრიანეს ლიტერატურული მოღვაწეობა უმჭიდროესადაა დაკავშირებული იმ
მოვლენებთან, რასაც მის ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი. ყოველი მისი ნაშრომი
ეხმაურება ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტს და პრაქტიკულ მიზნებს ისახავს.
კვიპრიანე იყო მოქმედების კაცი. იგი უფრო ზრუნავდა იმაზე, რომ ღირსეულად
ეწინამძღვრა თავისი სამწყსოსათვის, ვიდრე იმაზე, რომ საღვთისმეტყველო
განმარტებანი მიეწოდებინა. მისი შრომებისათვის ნიშნადობლივია პრაქტიკული,
საქმითი სიბრძნე, რაც გამორიცხვას სიჭარბეებსა და აღგზნებულობას, აგრერიგად
ნიშანდობლივს ტერტულიანეს ნაწერებისთვის. სამწერლობო ენა კვიპრიანესი და
მისი სტილი არის ნათელი და დამუშავებული, სადაც თავს ავლენს ბიბლიური
ლექსიკა და სიმბოლიკა. ადრეულ ეპოქაში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში,
კვიპრიანე იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორთაგანი, რის გამოც მისი
შრომები მრავალი ხელნაწერის სახით არის შემონახული. მოგვეპოვება კვიპრიანეს
ნაწერების სამი ადრეული სია. პირველი მათგანი დაცულია პონტიუსის მიერ
დაწერილ ზემოხსენებულ ”ცხოვრებაში”, კერძოდ მეშვიდე თავში ამ ძეგლისა,
სადაც რიტორიკული ფორმით არის გადმოცემული კვიპრიანეს თორმეტი შრომის
შინაარსი (ეს შრომები პონტიუსთან იცავს იმავე თანამიმდევრობას, როგორადაც
გვხვდება ისინი უძველეს ხელნაწერებში). მეორე სია გამოაქვეყნა ჰ. მომსენმა
1890 წ. X ს-ის ხელანწერის მიხედვით. იგი 359 წ-ს ჩამოყალიბებულად
მიიჩნევა, და ქელტენჰამის სიის სახელით არის ცნობილი. მესამე სია
წარმოდგენილია ნეტარი ავგუსტინეს შრომაში ”წმ. კვიპრიანეს შობის შესახებ”,
რაც გამოსცა გ. მორინმა.
* * *
I. ნაშრომები
1. დონატუსისადმი
აღნიშნული შრომა ყველაზე ადრინდელია წმ. კვიპრიანეს ნაწერებს შორის. იგი
მიმართულია თავისი მეგობრის დონატუსისადმი და გვაუწყებს საღვთო მადლის იმ
საკვირველ შედეგებზე, რასაც ადგილი ჰქონდა კვიპრიანეს ცხოვრებაში მისი
მოქცევის ჟამს: კერძოდ, აღწერილია, თუ როგორ დატოვა მან (კვიპრიანემ)
ახალშობის ანუ ნათლისღების შემდეგ წარმართული სამყარო მთელი თავისი
გახრწნილებით, ძალადობითა და სისასტიკით, როგორ განეშორა იგი ადრინდელ
ცთომილებებსა და ვნებებს, და როგორ დამკვიდრდა ქრისტიანული სარწმუნოების
სიმშვიდესა და სულიერ კეთილდღეობაში. აღნიშნული ძეგლის აღსარებითი ადგილები
იმდენად ემსგავსება თავისი განწყობილებით ნეტარი ავგუსტინეს ცნობილ შრომას
”აღსარებანი”, რომ აშკარაა ამ უკანასკნელის დამოკიდებულება მასზე. წმ.
კვიპრიანე ასე გადმოგვცემს თავის განცდებს:
”მე დატყვევებული ვიყავი ჩემი წარსული ცხოვრების ათასგვარი ცთომილებით;
არც მოველოდი ოდესმე მათგან თავის დახსნას, ესოდენ ვემონებოდი რა ჩემთა
ბოროტებათა... სიამეს მგვრიდა უკეთური საქმენი, ყოველდღიურად ჩემივე
თანამდევნი. მაგრამ ახალშობის წყალმა ჩამომბანა წარსული ცხოვრების ბიწი.
ზეგარდმო ნათელმა გააბრწყინა ჩემი გული და ხრწნილებათაგან განწმინდა იგი.
ზეცით ვლენილმა ხელმა გარდამსახა ახალ კაცად მეორედ შობით. მყისვე,
საკვირველი რამ სახით, ეჭვი შეცვალა დარწმუნებამ... ღვთისგან მოდის,
ვამბობ, ყოველი სათნოება. ღვთისგან ვპოვებთ ჩვენს სიცოცხლეს და
ძალმოსილებას” (თ. 3-4).
ნაშრომი დაწერილია ავტორის ნათლობიდან ახლო ხანებში, რასაც ადგილი
ჰქონდა, საფიქრებელია, 246 წლის აღდგომის ღამეს. ამ ძეგლში კვიპრიანე არა
მხოლოდ საკუთარი მოქცევისა და ნათლისღების შესახებ სწამებს, არამედ სხვა
ცოდვილებსაც აქეთკენ უხმობს და საკუთარი მაგალითით ამხნევებს მათ და
არწმუნებს, რომ შეენდობათ, რადგან თვითონაც ნათლობის მადლმა საშინელი
უფსკრულიდან ამოიყვანა.
თხზულების სტილური ნიშანია სიტყვამრავლობა, აფექტურობა. იგი დიდად
სხვაობს უფრო გვიანდელი ნაშრომების სტილისგან, რომელბსაც ახასიათებს,
ავგუსტინეს დაკვირვებით, ”მეტად მძიმე და მეტად დაძაბული მეტყველება” (იხ.
August. De doctr. christ. 4.14.31).
2. ქალწულთა შესამოსელის შესახებ (De habitu virginum)
ამ შრომით კვიპრიანე მოძღვრავს ქალწულებს, თუ როგორ უნდა იმოსებოდნენ
ისინი. ავტორი მათ უწოდებს ”ეკლესიის ყვავილებს... ბუნების
ბრწყინვალებას... ქრისტეს სამწყსოს ყველაზე ღირსეულ ნაწილს” (3).
წმ. კვიპრიანე განაკრძალებს ქალწულთა წარმართული სამყაროს ამაოებისა და
ბოროტებისაგან, რაც საფრთხეს უქმნის ქრისტესადმი ქალწულობის აღთქმით
დაწინდულთ. კართაგენის ეპისკოპოსი განაჩინებს, რომ მაცხოვრის სასძლონი უნდა
იმოსებოდნენ უბრალოდ, სადად, სამკაულებისა და კოსმეტიკის გარეშე, რადგან
ესენი დემონთაგან არის მოგონილი. თუ სიმდიდრე აქვთ, კეთილად უნდა მოიხმარონ
კიდეც, არათუ ფუჭი სურვილების ასასრულებლად, არამედ ღვთისსათნო საქმეთა
სამოქედოდ და უპოვართა შესაწევნელად. ღვთის სასძლოებმა თავი უნდ არიდონ
ხალხმრავალ წვეულებებს და აბანოებში გაშიშვლებას. კვიპრიანე მათ შეაგონებს,
რომ მტკიცედ დაიცვან ქალწულობის აღთქმა და სულიერი მზერა მიაპყრონ
სამომავლო მისაგებელს.
თხზულება დაიწერა კვიპრიანეს ეპისკოპოსად ხელდახმის ახლო ხანებში, ე.ი.
დაახლ. 249 წ-ს (ნაშრომის უშუალოდ წყაროა ტერტულიანეს ”ქალთა გარდერობის
შესახებ”). საგულისხმოა, რომ ავგუსტინე ამ თხზულებას სტილის ნიმუშად
დაუსახავს ახალბედა ქრისტიან ორატორებს (De doctr.christ.4).
ეს შრომა კვიპრიანემ დაწერა 251 წლის გაზაფხულზე, როდესაც იგი უკან
დაბრუნდა დეკიუსის დევნულობის დაცხრომის შემდეგ. ნაშრომში ავტორი,
უპირველესად, ჰმადლობს უფალს, რომ კვლავ დამყარდა მშვიდობა. შემდეგ
კვიპრიანე აქებს მარტვილებს, რომელთა ახოვანებამაც დასძლია ამასოფლის
კვეთებანი და რომლებმაც დიდებული სახილველი უძღვნეს უფალს, რითაც მაგალითი
მისცეს თანამოძმეებს. მაგრამ, განაგრძობს ეპისკოპოსი, სისახრული კვლავ
მწუხარებამ შეცვალა, რადგან მრავალი ქრისტიანი ცოდვით დაეცა განსაცდელის
წინაშე. ზოგიერთებმა მანამდე სწირეს მსხვერპლი კერპებს, ვიდრე ძალმომრეობას
ექნებოდა ადგილი. მშობლებმა შვილებიც კი ჩართეს წარმართულ მსახურებაში.
სხვები, ფუჭ სიმდირეს დახარებებულნი, დაეცნენ და უარყვეს რწმენა. ამგვართა
შენდობა მყისიერად არ უნდა მოხდეს. კვიპრიანე ურჩევს აღმსარებელ
ქრისტიანებს, რომ არ იშუამდგომლონ ეგზომ ცთომილთა გამო, რადგან დამთმობლობა
ამ შემთხვევაში მხოლოდ დააბრკოლებს მათ ნებაყოფლობით სინანულს. ავტორი,
ცხადია, ითვალისწინებს დანაშაულის სიმძიმეს და ეთახნმება იმ აზრს, რომ მეტი
ლმობიერება უნდა გამოავლინონ იმ პირთა მიმართ, რომლებიც მხოლოდ დიდი
ტანჯვა-წამების შემდეგ მოუძლურდნენ. მიუხედავად ამისა ყველას მართებს, რომ
დაექვემდებაროს სინანულს. მათ შორის ე.წ. ”ლიბელატიკებიც” (libellatici)
ანუ ის ქრისტიანები, რომლებიც დევნულებისგან თავის დასაღწევად იძენდნენ
წარამრთულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის დამადასტურებელ ცნობას, თუმცა
სინამდვილეში მათ ეს არ უმოქმედიათ. კვიპრიანე ამგვართა სინანულსაც
აუცილებლად თვლის, რადგან თუ ხორციელი ხელები არა, სინდისი მაინც
შემწიკვლებული აქვთ.
კვიპრიანეს ეს შრომა წაკითხულ იქნა იმ კრებაზე, რომელიც გაიმართა კართაგენში 251 წლის გაზაფხულზე.
4. ეკლესიის ერთიანობის შესახებ
აღნიშნული ძეგლი ყველაზე მნიშვნელოვანია კვიპრიანეს ნაშრომებს შორის.
მკვლევართა ნაწილის აზრით, იგი ეხება, ერთი მხრივ, ნოვატიანუსის, მეორე
მხრივ კი კართაგენელი ფელიცისიმუსის სქიზმას. მეორე ნაწილი თვლის, რომ ამ
ძეგლის არაპირდაპირი ადრესატი მხოლოდ ფელიცისიმუსია.
თხზულების დაწერის თარიღია, როგორც ფიქრობენ 251 წლის მაისი, როდესაც
ზემოხსენებული კართაგენის კრება გაიმართა. კვიპრიანეს 54-ე ეპისტოლიდან
ვიგებთ, რომ აღნიშნული ნაშრომი ავტორმა გაუგზავნა რომაელ აღმსარებლებს,
რომლებიც ჯერაც ნოვატიანუსის მხარეს იყვნენ ახალი პაპის კორნელის
წინააღმდეგ ბრძოლაში.
ძეგლის შესავალში სქიზმებისა და ერესების სათავედ გამოცხადებულია
ეშმაკეული ძალა. წმ. კვიპრიანეს სწავლებით, სქიზმა და ერესი უფრო დიდი
უბედურებაა, ვიდრე დევნულება, რადგან ისინი არღვევს მორწმუნეთა შინაგან
ერთიანობას, სარწმუნოებას. ყოველი ქრისტიანი ერთ წმიდა კათოლიკე ეკლესიაში
უნდა მკვიდრობდეს, რადგან სხვა ეკლესია არ არსებობს, გარდა იმისა, რაც
მოციქულებმა დააფუძნეს. კვიპრიანე გვამცნობს:
“უფალმა უთხრა პეტრეს: “და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე და ამას
კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან
მას” (მათე 16,18). აღდგომის შემდეგ იგი ყველა მოციქულს ანიჭებს თანაბარ
ძალმოსილებას და ასე მიმართავს მათ: “მშჳიდობაჲ თქვენ თანა! ვითარცა
მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ. და ვითარცა ესე თქუა,
შეჰბერა მათ და ჰრქუა: “მიიღეთ სული წმინდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ
ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილი იყვნენ”
(იოანე 20, 21-23). ამასთან ერთიანობის წარმოსაჩენად, უფალმა თავისი
სიტყვის ძალმოსილებით წარმარტებულჰყო ამ ერთიანობის სათავე, გამომდინარე
იქიდან, რომ ერთისგან დაიწყო მან. და მართლაც, დანარჩენი მოციქულებიც
იყვნენ ის, რაც იყო პეტრე. ისინიც ქველმოქმედებდნენ, თანაბრად ეზიარებოდნენ
რა პატივსა და ძალმოსილებას, მაგრამ ეს ყოველივე სათავეს იღებს
ერთიანობისგან. ამგვარადვე განისაზღვრება ქრისტეს ეკლესიის ერთიანობაც...
ვინც არ შეერთვის ამ ერთიანობას ეკლესიისას განა სჯერა მას, რომ
შეერთებულია რწმენასთან? განა სარწმუნოა, რომ ეკლესიაში მყოფობდეს ის, ვინც
ეწინააღმდეგება და უპირისპირდება ეკლესიას?... შევინარჩუნოთ და მტკიცედ
დავიცვათ ეს ერთიანობა, განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა, რომლებიც ეკლესიის
წინამძღვრები ვართ, რათა ვწამოთ, რომ თანაბრად ერთია და განუყოფელი
ეპისკოპატი... საეპისკოპოსო პატივი ერთია და ყოველი ეპისკოპოსი მთელისგან
განუყოფლად ფლობს ამ პატივის ნაწილს. ჰგიეს მხოლო ერთი ეკლესია, რომელიც
თავისი მარადმზარდი ნოყიერებით და ნაყოფიერებით უფრო და უფრო მეტის
მომცველი ხდება. მზე მრავალ სხივს გვაშუქებს, მაგრამ ერთია მანათობელი
წყარო. ხე მრავალ შტოდ განიყოფება, მაგრამ ერთი მძლავრი ტანი აქვს მას, რაც
ეყრდნობა მტკიცე ფესვებს. ერთი წყაროდან მრავალი ნაკადული გამოიღვრება. ეს
მრავლობითობა წყალთა სიჭარბით არის ნასაზრდოები, თუმცა კი ეს ყოველივე
ერთი მხოლო დასაბამისკენ განიმზირება. გამოაშორეთ მზის სხივი მზის
სისავსეს, სინათლის ერთიანობა ვერ გაუძლებს ამგვარ დანაწილებას. მოჰკვეთეთ
ხისგან ტოტი. რაც მოეკვეთება, იგი ვეღარ შეძლებს კვლავაც გაყლორტვას...
იგივე ითქმის საუფლო ეკლესიის შესახებაც, იგი მთელ სამყაროში განავრცობს
თავისი სინათლის სხივებს, თუმცა კი ერთია ის ნათელი, რომელიც აგრერიგად
განეფინება ყოველგან და ერთიანობა მისი სხეულისა არ ნაწილდება. იგი თავის
შტოებს მთელ მიწაზე გარდაართხამს მძლავრი ცხოველმყფელობით და შორს
მიმოღვრის თავის ზეჭარბ წყლებს, თუმცა კი ჰგიეს ერთი წყარო, ერთი სათავე,
ერთი მხოლო დედა... იგია ჩვენი მშობელი, მისი რძე გვასაზრდოებს ჩვენ, მისი
სულით ვართ ცხოველქმნილები”. (თ. 4-5).
წმ. კვიპრიანეს შეგონებით ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება:
”ვისაც ეკლესია არ ჰყავს დედად, მას არც ის ძალუძს, რომ ღმერთი ჰყავდეს
მამად. განა შეიძლებოდა გადარჩენილიყო ვინმე ნოეს კიდობანში შეუსვლელად?
ამგვარადვე, არავის ძალუძს ცხონდეს ეკლესიის გარეთ” (თ. 5).
კვიპრიანე მორწმუნეებს აფრთხილებს მწვალებელთა საფრთხის შესახებ,
რომლებმაც დატოვეს ქრისტეს ერთადერთი სამწყსო, რომ მათი საკუთარი
შესაკრებელი დაეფუძნებინათ. ისინი მცდარად განმარტავენ მაცხოვრის სიტყვებს
და ხიბლში არიან. მაცხოვრის სიტყვები იმის შესახებ, რომ ”სადაცა იყვნენ
ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათის, მუნ ვარ მე შორის მათსა”
(მათე 18,20), არ უნდა იქნეს გაგებული ზედაპირულად. კვიპრიანეს სწავლებით,
ისინი, რომლებიც მხოლოდ ბოლო სიტყვებს იშველიებენ და გვერდს უვლიან
დასაწყის ნაწილს, სახარების განმხრწნელები არიან (თ. 12). ეკლესიის გარეთ
არ არსებობს არც მარტვილობა. თუნდაც რომ უფლის სახელით კვდებოდეს ვინმე,
სისხლს არ ძალუძს მწვალებლობისა და სქიზმის განბანვა. ცრუ მოძღვარნი უფრო
მძიმედ ცოდვილნი არიან, ვიდრე აპოსტატები ანუ დევნულებათა ჟამს დაცემულნი.
არ არის გასაკვირი, რომ თვით აღმსარებლებიც კი კარგავენ რწმენას. მათი
გმირული ქმედება მაინც ვერ იცავს მათ ეშმაკის მახეთაგან. თუ ვინმე იტანჯა
ქრისტესთვის, უნდა გააორმაგოს მან სიფხიზლე, რადგან მისდამი უფრო მეტად
გამძაფრებულია უკეთური ძალა.
კვიპრიანე უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინს უცოცხლებს მორწმუნეებს და
აღნიშნავს, რომ ნეტამც ყველა განდგომილი კვლავ დაუბრუნდეს დედაეკლესიას,
რადგან ნიშნებია იმისა, რომ ახლოსაა უფლის მოსვლა.
5. საუფლო ლოცვის შესახებ
აღნიშნული ნაშრომი უშუალოდ მოსდევს ზემორე თხზულებას პონტიუსის სიაში.
საფიქრებელია, რომ ეს ძეგლიც დაახლოებით 251 წლის ახლო ხანებში დაიწერა.
მასში შეიგრძნობა გავლენა ტერტულიანეს შრომისა ”ლოცვის შესახებ”, თუმცა ამ
უკანასკნელში ”მამაო ჩვენოს” განმარტებას თხზულების მხოლოდ მეოთხედი
ეთმობა, მაშინ როცა კვიპრიანეს აღნიშნული ძეგლის უდიდესი ნაწილი (7-27)
სწორედ ხსენებული ლოცვის განმარტებას წარმოადგენს (შესამჩნევია მცირედი
სხვაობა თვით ლოცვის ტექსტში).
შესავალი ნაწილი ზოგადად განმარტავს ლოცვის რაობას და ამავე დროს
გახაზავს ”მამაო ჩვენოს” განსაკუთრებულობას. ეს ლოცვა, ავტორის სწავლებით,
ყველა სხვა ლოცვას აღემატება, რამეთუ თვით ღმერთი-მამა არის სათნომყოფელი
ამ ლოცვის სიტყვათა სმენისა თავისი ძისგან. როდესაც იგივე სიტყვები ჩვენს
ბაგეთაგან აღმოითქმის, თვით ქრისტე გვევლინება ჩვენს მეწინაძღვრედ ზეციური
საყდრისაკენ.
შესავალს მოსდევს შეგონებანი, თუ როგორი სიმწყობრით, გონების მოკრებითა
და კრძალვით უნდა ვილოცოთ უზენაესის მიმართ. კვლავაც უარსებითესი რჩება
ავტორისთვის მოწოდება ერთიანობისკენ. კვიპრიანე გვმოძღვრავს:
”ყოვლის უწინარეს, მშვიდობის მოძღვარმა და ერთიანობის მასწავლებელმა არ
ინება, რომ ამ ლოცვას პირადული, კერძოობითი სახე ჰქონოდა და ყოველ მლოცველს
ოდენ თავის თავზე ეფიქრა. ჩვენ არ ვამბობთ: ”მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა
შინა”... ”პური ჩემი არსობისა მომეც მე დღეს”. ასევე, არცერთი ჩვენგანი არ
ითხოვს, რომ მხოლოდ მას შეუნდოს თანანადები, არავინ ლოცულობს მარტოოდენ
თავისი თავის განრიდებისთვის განსაცდელთაგან და ბოროტისგან თავის
დაღწევისათვის. ჩვენი ლოცვა სახალხოა და საზოგადო, და როცა ჩვენ ვლოცულობთ,
ვლოცულობთ არა ერთისთვის, არამედ მთელი ხალხისთვის, რადგან ერთია ჩვენი
ხალხი მთლიანობაში. ღმერთი მშვიდობისა, მოძღვარი თანახმიერებისა, რომელმაც
გვასწავლა ჩვენ ერთინაობა, მსურველი იყო იმისა, რომ გარკვეულწილად ერთს
ელოცა ყველასთვის, ისევე როგორც მან, ერთმა, გვირტვითა ჩვენ ყველა” (თ. 8).
საუფლო ლოცვა, კვიპრიანეს სწავლებით (ამავე აზრისაა ტერტულიანეც), თავის
თავში მოიცავს მთელ ქრისტიანულ სარწმუნოებას (თ. 9) და თვით მიმართვა:
”მამაო ჩვენო” გამოხატავს ნათლისღების მადლით შეძენილ ჩვენს შვილობას
მისადმი: ”ახალი კაცი, ახალშობილი და დაგებული თავისი ღვთისადმი საღვთო
მადლით, უპირველესად ასე ამბობს: ”მამაო”, რადგან ეს კაცი ამიერიდან მისი
შვილია” (თ. 9). თხოვნა: ”მოვედინ სუფევა შენი”, კვიპრიანეს განმარტებით,
მიანიშნებს ესქატოლოგიურ სასუფეველს, რაც მოსაპოვებელი გახდა მაცხოვრის
სისხლითა და ჯვარცმით.
”პური არსობისა” არის ქრისტე, რომლის ხორცი პურის სახით გვეძლევა ზიარებისას:
”ჩვენ ვითხოვთ, ეს პური მოგვებოძოს ყოველდღიურად, რომ ჩვენ, რომლებიც
ქრისტეში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ვიღებთ ევქარისტიას ცხონების საზრდოდ,
არ ჩავიდინოთ მძიმე დანაშაული, რაც განგვაყენებს ზეციური პურისგან,
უზიარებელგვყოფს და განგვაშორებს ქრისტეს სხეულს” (თ. 18).
ნაშრომის დასასრულს კვიპრიანე ხაზს უსვამს, რომ თვით სამღვდელო
სიტყვებიც და მრევლის პასუხიც იმავე მიზანს ისახავს, რასაც საუფლო ლოცვა;
კერძოდ, რომ ზეციურისკენ, უფლისკენ გვქონდეს გულისყური. ძეგლში ვკითხულობთ:
”აი, რატომ ხდება, რომ თვით მღვდელიც ამ ლოცვის წინ, შესავლის სახით,
ამზადებს ძმათა სულებს და ამბობს: ”ზე გვაქვდნინ გულნი”. ერი მიუგებს:
”გვაქვს უფლისა მიმართ”. ამ სიტყვებით ის არის ნამცნები, რომ მხოლოდ
უფლისადმი იყოს ჩვენი ფიქრი” (თ. 31).
კვიპრიანეს სწავლებით, ყველა ის ლოცვა, რასაც შეერთვის მარხვაც, მყისვე
ღმერთამდე აღიწევა, რომელიც კეთილმოწყალედ შეისმენს ჩვენს ვედრებას, რასაც
თან ახლავს კეთილი საქმეები (თ. 32-33).
შემდეგ ნაშრომში ნაუწყებია, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ლოცვა. ავტორი
გვამცნობს, რომ ჩვეულებისამებრ შეკრებანი ხდება მესამე, მეექვსე და მეცხრე
ჟამს, სამების პატივსაცემად. კვიპრიანე გვირჩევს, რომ ვილოცოთ ცისკრად,
მწუხრზე და შუაღამისას.
ნაშრომი ბოლოვდება იმის აღნიშვნით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი მოუკლებლად უნდა ლოცულობდეს დღითა და ღამით.
6. დემეტრიანუსისადმი
აღნიშნულ ნაშრომში გაკიცხულია ვინმე დემეტრიანუსი, რომელიც სოციალურ
უბედურებებს (ჭირი, შიმშილი, ომები) ქრისტიანთა გამო განრისხებული
ღმერთების შურისძიებად თვლიდა. უფრო ადრე ტერტულიანესაც მოუხდა ამგვარ
ბრალდებათა უარყოფა (”აპოლოგ.” 40; ”წარმართთა მიმართ”, 1.9;
”სკაპულასადმი”, 3). კვიპრიანეს შემდეგაც, ნეტარმა ავგუსტინემ ამომწურავი
პასუხი გასცა ამავე ბრალდებას თავის შრომაში ”ღვთის ქალაქის შესახებ”.
აღნიშნულ ცილისწამებას ებრძოდნენ აფრიკელი საეკლესიო მწერლები: არნობიუსი
(”წამართთა წინააღმდეგ”, 1) და ლაკტანციუსი (”საღვთი ინსტიტუციები”
5.3.3.).
ხსენებულ ძეგლში კვიპრიანე, უპირველესად, ყურადღებას აქცევს სამყაროს
სიძველეს და წახდენისადმი მის მიდრეკილებას. სრულიად ბუნებრივია, რომ
თუნდაც მზე აღარ იყოს იმგვარადვე ძლიერმოქმედი, როგორიც იგი შესაქმის
დასაბამში იყო.
მიუხედავად აღნიშნულისა, კვიპრიანეს სწავლებით, ამქვეყნიურ უბედურებათა
არსებითი მიზეზი წარამრთთა ცოდვილიანობა და უზნეობაა. ღმერთი
უფლებამოსილია, დასაჯოს კაცთა ურჩებანი, რადგანაც ჩვენ მისი მონები ვართ.
წარმართთა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა და მეკერპეობამ, განსაკუთრებით კი
მათგან ქრისტიანთა დევნამ, განარისხა ყოვლისშემძლე უფალი და გამოავლინა
კიდეც მან თავისი გულისწყრომა. ხსნა ერთია: ”ბრმა ცრუმორწმუნეობის
უფსკრულიდან თავის დაღწევა და ჭეშმარიტი რელიგიის ნათელთან მისვლა” (თ.
25). ქრისტიანები მოწოდებულნი არიან, რომ ჭეშმარიტებისკენ უწინამძღვრონ
მტრებს: ”ჩვენ მოგაგებთ სათნოებას ზიზღის სანაცვლოდ და ამ ტანჯვა-წამებათა
წილ, რაც თქვენგან განგვიცდია, ცხონების გზებისკენ გაგიძღვებით. იწამეთ და
იცოცხლეთ, და თუმცა გვდევნიდით ჩვენ ამ ჟამში, ნეტარნი იქნებით ჩვენთან
ერთად მარადისობაში” (თ. 25).
აღნიშნული ნაშრომი კვიპრიანეს ნაწერთა შორის ყველაზე უფრო სიღრმისეულია
და ორიგინალური. იგი მნიშვნელოვანწილად ირეკლავს ტერტულიანეს შრომების
(”აპოლოგეტიკონი” და ”სკაპულასადმი”) გავლენას. ლაკტანციუსი შენიშვნას
გამოთქვამს ბიბლიურ მოწმობათა სიჭარბის გამო (”საღვთო ინსტ.” 5,4), რადგან,
მისი აზრით, ეს ციტატები ვერავითარ ეფექტს ვერ მოახდენდა დემეტრიანუსზე.
ლაკტანციუსი ამჯობინებდა, რომ უფრო მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი
რაციონალური არგუმენტები, თუმცა გასაგებია, რომ კვიპრიანეს მიზანდასახულობა
იყო არა იმდენად დემეტრიანუსის დაძლევა, არამედ ქრისტიანთა გამხნევება
რწმენაში წარამრთთა ბრალდებების წინაშე.
პონტიუსი ამ შრომას ასახელებს ზემოგანხილულის (”საუფლო ლოცვის შესახებ”)
შემდეგ, რის გამოც მკვლევართა უმრავლესობა მისი დაწერის თარიღად დაახლ.
252 წ-ს მიიჩნევს.
7. მოკვდავობის შესახებ
მას შემდეგ, რაც დეკიუსის დევნულება დაცხრა, გავრცელდა საშინელი
ეპიდემია (252 წ.), რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიკვდილი
გახდა ყოველი დღის თანმხლები მოვლენა. სწორედ ამ დროს დაწერა კვიპრიანემ
ზემორე შრომა, სადაც მოცემულია დასაბუთება იმისა, რომ ყველაზე უფრო
მკვეთრად განმასხვავებელი ნიშანი ქრისტიანსა და წარამრთს შორის ესაა
სიკვდილისადმი მათი დამოკიდებულება. მორწმუნისათვის სიკვდილი სხვა
არაფერია, თუ არა დასვენება ბრძოლის შემდეგ, მოწოდება ქრისტესი, უფლისმიერი
ხმობა (Arcessitio Dominica). სიკვდილი კარიბჭეა მარადისობისა და მას
მოაქვს საუკუნო საზღაური. არავის მორწმუნეთაგანს არ ეეჭვება, რომ იგი
სიკვდილის შემდეგ უკეთეს სოფელში გადავა. კვიპრიანე ასე გვმოძღვრავს:
”გავაცნობიეროთ, ჩემო უძვირფასესო ძმებო, და გულისხმავყოთ ჟამითი-ჟამად,
რომ ჩვენ დავთმეთ ეს სოფელი და ვცხოვრობთ აქ როგორც სტუმარნი და უცხონი.
ვესწრაფოთ იმ დღეს, რომელიც ყოველ ჩვენგანს განუწესებს მისთვის შესაფერის
სავანეს და რომელიც, ამაქვეყნიდან ჩვენი წარტაცებისა და სოფლის მხარეთაგან
განშორების შემდეგ, სამოთხეში და ცათა სასუფეველში გადაგვანაცვლებს. ვინ
იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც უცხო მხარეში იძულებითი ცხოვრების შემდეგ
არ ესწრაფოდეს სამშობლოში დაბრუნებას?... ჩვენი სამშობლო ზეცაა. ჩვენ
მამებად გვყავს მამამთავარი. ვისწრაფოთ, ვისრბოლოთ იმისთვის, რომ ვიხილოთ
ჩვენი სამშობლო და მამები. მეგობართა დიდი სიმრავლე მოგველის ჩვენ.
ახლობელთა, ძმათა და ყრმათა საკრებულონი, რომლებსაც სწამთ საკუთარი
ცხონებისა, ჩვენსაზე მოფიქრალნი იმას მოსურნეობენ, რომ ჩვენც შევერთოთ მათ.
რაოდენია ზიარი სიხარული მათთვისაც და ჩვენთვისაც, კვლავ ვიხილავთ რა მათ
და შევეტკბობით! რაგვარი კეთილდღეობა აქვთ მიღებული, ფლობენ რა ცათა
სასუფეველს სიკვდილის შიშის გარეშე! რაოდენ აღმატებული და უსასრულო
სიხარულია სამარადჟამო სიცოცხლე” (თ. 26).
წმ. კვიპრიანე ასკვნის:
”არ გვმართებს ტირილი იმ ძმათა გამო, რომლებიც უფლის წოდებამ განაშორა
ამა სოფლიდან, რადგან კეთილად ვუწყით, რომ ისინი არ წარწყმედილან, არამედ
გაემგზავრნენ ჩვენს უწინარეს” (თ. 20).
და ბოლოს:
”რაჟამს მოიწევა დღე თვით ჩვენი მოწოდებისა, დაუეჭვებლად და სიხარულით მივაშურებთ უფალს მის ხმაზე” (თ. 24).
აღნიშნული ნაშრომი მორწმუნე სულის სამომავლო კეთილდღეობის გაცხადებაა.
აღნიშნული შრომა თითქმის თანადროულია ზემოგანხილულისა. მისი დაწერა
განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილმა გაჭირვებამ
და სიღარიბემ ფართო შესაძლებლობები გაუხსნა ქრისტიანებს მოწყალებისა და
ქველმოქმედების გამოსავლენად. კვიპრიანე შეახსენებს თავის ძვირფას ძმებს
ყველა იმ მადლისმიერი საბოძვარის შესახებ, რაც მათ ღვთისგან მიიღეს. ისინი
ხომ ქრისტეს სისხლით იქნენ გამოსყიდულნი. მეტიც, საღვთო გულმოწყალება იმის
საშუალებასაც ანიჭებს მათ, რომ ნათლობის შემდგომი შეცოდებებისგანაც
დაიხსნან თავი ქველმოქმედებათა შედეგად. დიდი მოძღვარი ბრძანებს:
”ისევე, როგორც წყლისმიერი მაცხოვნებელი განბანვა შრეტს ჯოჯოხეთის
ცეცხლს, მოწყალება და მართალი საქმენი აცხრობენ ალს. თუკი ყველას მოგვეცა
ერთგზისი მოტევება ცოდვებისა ნათლისღების გზით, ამ უკანასკნელის ხატად
მუდმივი და განმეორებადი ქველმოქმედებანი კვლავ მოგვიპოვებენ გულმოწყალებას
ღვთისას... ისინი, რომლებიც შეიმწიკვლნენ ნათლისღების მადლის შემდეგ,
შემძლენი არიან იმისა, რომ კიდევ ერთხელ მიიღონ განწმენდა” (თ. 2).
მოტანილ სიტყვებში კვიპრიანე წარმოგვიჩენს კეთილ საქმეთა ქმედითუნარიანობას ცხონებისათვის:
”ქრისტიანმა, უძვირფასესო ძმებო, არ უნდა აქციოს ზურგი სამართლიანობისა
და მოწყალების საქმეებს იმ საბაბით, რომ შვილები ჰყავს აღსაზრდელი. რაჟამს
მოწყალებას გავცემთ, საკუთრივ ქრისტეზე უნდა ვფიქრობდეთ, რადგან სწორედ
იგია მიმღები, როგორც თქვა თვითვე. არათუ ჩვენი ღარიბი ძმები, არამედ თვით
ღმერთია ის, ვინც ჩვენს შვილებზე წინ უნდა დავაყენოთ” (თ. 16): ”თუ თქვენ, -
განაგრძობს კვიპრიანე, - მართლაც გიყვართ თქვენი შვილები, თუ გსურთ, რომ
უჩვენოთ მათ მთელი თქვენი მამობრივი სიყვარულის სინაზე, უფრო ქველმოქმედნი
უნდა გამოჩნდეთ. ასე რომ, თქვენი მართალი საქმეებით თქვენს შვილებს ღმერთს
სათნოეყოფით” (თ. 18).
აღნიშნულმა ნაშრომმა საეკლესიო ტრადიციაში მნიშვნელოვანი ადგილი
დაიკავა. საგულისხმოა, რომ ეფესოს მსოფლიო კრების (431 წ.) აქტებში
რამდენიმეგზისაა ციტირებული იგი, თუმცა მისი ბერძნული თარგმანი ცნობილი არ
არის.
9. კეთილმოთმინების შესახებ
აღნიშნული ნაშრომი ეყრდნობა ტერტულიანეს თხზულებას ”მოთმინების
შესახებ”. ამ ორი ძეგლის შედარება ცხადყოფს, რომ კვიპრიანე თავის შრომაში
ყველაზე მეტად ავლენს ტერტულიანეს სამოძღვრო-ტექსტობრივ გავლენას როგორც
ზოგადი გეგმის, ისე სახობერივი ნიმუშების მხრივ. მიუხედავად ამისა, კვლავაც
სახეზეა განწყობილებისა და სამეტყვლო ენის აშკარა განსხვავება (თუნდაც
იობის შესახებ თხრობაში).
კვიპრიანე მოთმინებას მიიჩნევს წარამრთთაგან ქრისტიანთა განმასხვავებელ
ნიშნად. ამ თვისებით მორწმუნეები მოზიარენი არიან მაცხოვრისა, რადგან
მოთმინების წყარო სწორედ იგია. კეთილი, მოთმინე და ტკბილმოწყალე ადამიანი
მბაძველია მამაღმერთისა, რომელიც სულგრძელად ითმენს წარმართულ ტაძრებს.
შესავალი ცხადყოფს, რომ ეს ნაშრომი წარმოადგენს ქადაგებას. თავის
ეპისტოლეში იუბაიანუსისადმი კვიპრიანე გვამცნობს, რომ აღნიშნული თხზულება
მან დაწერა 256 წ-ს, აფრიკის მეორე და მესამე კრებათა შორის.
10. შურისა და ღვარძლის შესახებ
აღნიშნული ნაშრომი ზემოგანხილულთან წყვილდება. შესაბამისად ისიც 256-257
წწ-ში უნდა იყოს დაწერილი (არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც ძეგლის
251-252 წწ-ში დაწერის შესახებ).
კვიპრიანეს სწავლებით, ”ამ სოფელში სიკვდილი ეშმაკისეული შურის გზით შემოვიდა” (შდრ. სიბრძნ. სოლ. 2.24).
შური ხდება წყარო მრავალი გაუკუღმართებისა, როგორებიცაა: ზიზღი,
უთანხმოება, ამბიციურობა, სიხარბე და ურჩობა. სწორედ ეს უკეთურებანია
ეკლესიის ერთიანობის დაუძინებელი მტრები.
შურის განკურნება, კვიპრიანეს სწავლებით, ერთი გზით არის შესაძლებელი:
”მხოლოდ ერთია წამალი ამ სნეულებისა, სულისთვის ეგზომ საშინელისა, - მოყვასის სიყვარული” (17).
11. ფორტუნატუსისადმი, მარტვილობისკენ წვევის შესახებ
ეს შრომა წარმოადგენს ბიბლიური ციტატების კრებულს, გამიზნულს ქრისტიანთა
გასამხნევებლად მოსალოდნელი დევნულობის ჟამს. პირველი თავები ეხება
კერპთაყვანისმცემლობასა და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას, მეკერპეთა მისაგებელს
და საღვთო მრისხანებას მათ წინააღმდეგ. წმ. კვიპრიანეს სწავლებით, ჩვენ,
რომლებიც მაცხოვრის სისხლით ვართ გამოსყიდულნი, ვალდებულნი ვართ, რომ
ყოვლის უწინარეს ქრისტეს ვამჯობინებდეთ. დევნულებანი გამოცდაა ქრისტეს
მოწაფეებისა. ამიტომაც არ უნდა შევდრკეთ, რადგან საღვთო მფარველობის ქვეშ
ვიმყოფებით.
ნაშრომის დაწერის თარიღად ვარაუდობენ სხვადასხვა წელს (249-257 წწ.).
რაც შეეხება ადრესატს, მას უიგივებენ თუკაბორის ეპისკოპოს ფორტუნატუსს,
რომელიც მონაწილეობას იღებდა აფრიკის 256 წლის კრებაში.
თხზულება განსაკუთრებით ფასეულია ბიბლიის უადრესი ლათინური თარგმანის შესწავლის თვალსაზრისით.
12. კვირინუსისადმი, მოწმობათა სამი წიგნი
ნაშრომი შეიცავს ზემოგანხილულ ძეგლზე მეტ ციტატებს საღვთო წერილიდან.
თავდაპირველად იგი ორი წიგნისგან შედგებოდა, შემდეგ დაერთო მესამეც.
შესავალში კვიპრიანე გვიცხადებს თავის განზრახვას იმის შესახებ, რომ მოგვაწოდოს მხოლოდ ბიბლიური მასალა. იგი აღნიშნავს:
”ჩემი შრომა მოიცავს ორ წიგნს... პირველში ვცდილობ ვაჩვენო, რომ
ებრაელები, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, განეშორნენ ღმერთს და
დაჰკარგეს საღვთო კეთილგანწყობა, რაც სხვა დროს მიეცათ მათ და რაც
სამომავლოდ იყო აღთქმული მათთვის; შემდეგ ისინი შეცვალეს ქრისტიანებმა,
რომლებიც თავისი რწმენით უმჯობესნი გამოჩნდნენ უფლის თვალთა წინაშე და
რომლებიც ქვეყნიერების ყველა ტომიდან იქნენ შემოკრებილნი. მეორე წიგნი
ამავე წესით ეძღვნება ქრისტეს საიუდმლოს, რომელიც მოვიდა თანახმად წერილის
წინასწარმეტყველებისა და სრულად აღასრულა ყოველივე...” (თ. 1).
ამრიგად, პირველი წიგნი (24 დასათაურება) ესაა აპოლოგია იუდეველთა წინააღმდეგ, ხოლო მეორე (20 დასათაურება) - ქრისტოლოგიის შეჯამება.
მესამე წიგნს თავისი შესავალი აქვს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს წიგნი
ავტორმა დაურთო კვირინუსის თხოვნით. იგი წარმოადგენს ზნეობრივ და
დისციპლინარულ მითითებათა შეჯამებას, რითაც გვევლინება საქმითი მოღვაწეობის
სახელმძღვანელოდ. სულ არის ასოცი მითითება, რომელთაც დაერთვის ბიბლიური
მოწმობანი. აღნიშნულ შესავალში პირველი ორი წიგნი არ იხსენიება.
შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ მესამე წიგნი თავდაპირველად ცალკე
არსებულიყო და მოგვიანებით დაკავშირებოდა ადრინდელებს. მიიჩნევენ, რომ ეს
მესამე წიგნი გამოყენებულია კვიპრიანეს ზემოგანხილულ შრომაში ”ქალწულთა
შესამოსელის შესახებ”, რომელიც 249 წ-ს დაიწერა.
ამ ნაშრომის ბიბლიური ციტატები ძალიან ხშირად გამოიყენებოდა გვიანდელ
ავტორებთან. პირველი ცხადი დამოწმება ზემორე ნაშრომისა სახეზეა ქალტენჰამის
სიაში, რაც 359 წ-ს ეკუთვნის.
ნაშრომის პირველ ნაწილში (თ. 1-7) ნაჩვენებია, რომ წარამრთული ღვთაებები
არიან არა ღმერთები, არამედ ძველი მეფეები, კულტად ქცეულნი სიკვდილის
შემდეგ, რომლებიც ხსოვნაში შემონახვის მიზნით გამოაქანდაკეს. ისტორია
ამოწმებს, რომ მათთვის დაიწყეს მსხვერპლშეწირვა და დღესასწაულებიც დაუწესეს
მათ.
მეორე ნაწილი (8-9) გამოაჩინებს ჭეშმარიტ ღმერთს, უხილავსა და შეუცნობელს.
მესამე ნაწილი წარმოადგენს ქრისტოლოგიის ესკიზს.
მიუხედავად იმისა, რომ ნეტარი იერონიმე და ავგუსტინე გარკვევით
აკუთვნებენ აღნიშნულ ძეგლს კვიპრიანეს, მაინც ეს საკითხი ხანგრძლივი
პაექრობის საგნად იქცა. ამ ძეგლს ვერ ვხვდებით ვერც პონტიუსის, ვერც
ქალტენჰამის სიაში. არც კვიპრიანე უთითებს მასზე თავის სხვა შრომებში.
ძეგლის კვიპრიანესეულობა დაასაბუთა ჰ. კოხმა, რომელმაც კართაგენის ეპისკოპოსის ერთ-ერთ უადრეს შრომად მიიჩნია იგი.
ნაშრომში გამჭვირვალეა ტერტულიანესა და მინუციუს ფელიქსის თხზულებათა
გავლენის კვალი. ჩანს, კვიპრიანემ, ჯერაც ახალგაქრისტიანებულმა, თავი
მოუყარა ლათინური აპოლოგიების ამონარიდებს და მოიძია მტკიცებულებანი
კერპების ამაოებისა და ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. შესაძლოა (როგორც ზოგი
მკვლევარი ფიქრობს), კვიპრიანე არც განიზრახავდა ამ მასალის გამოქვეყნებას.
მართლაც, ნაშრომს აკლია ლიტერატურული ფორმა, რითაც გამოირჩევა კვიპრიანეს
სხვა შრომები.
II. ეპისტოლეები
წმ. კვიპრიანეს წერილები წარმოადგენს ამოუწურავ წყაროს III ს-ის შუა
წლების საეკლესიო ისტორიის შესასწავლად. მათში არეკლილია ის პაექრობანი,
რაშიც თვით კვიპრიანე იყო ჩართული. ჩვენს წინაშე ცოცხლდებიან ამ ეპოქის
ცნობილი სახელები: ნოვატიანუსი, კორნელი, სტეფანე, ფირმილიანე კესარიელი და
სხვა. ეპისტოლეებს მსჭვალავს იმჟამინდელ ქრისტიანთა იმედები, შიში,
მოწამეობრივი ღაღადისი.
აღნიშნული წერილების კრებულად გაერთიანება თვით კვიპრიანეს უკავშირდება,
რომელმაც მათი ერთი ნაწილი შინაარსობრივად დააჯგუფა და ასლები დაუგზავნა
ქრისტიანული მსოფლიოს სხვადასხვა სამწყსოს. თანამედროვე გამოცემები მოიცავს
81 ნიმუშს. ამათგან 65 მომდინარეობს უშუალოდ კვიპრიანეს კალმიდან.
დანარჩენი 16 გაგზავნილია თვით მისდამი ანდა კართაგენის სამღვდელოებისადმი.
მათში შედის ეპისტოლეები რომის სამღვდელოებისა, ნოვატიანუსისა, კორნელი
პაპისა და სხვა. 5-43 წერილები თარიღდება იმ დროით, როდესაც კვიპრიანე
განერიდა დეკიუსის დევნულებას. 44-61,64 და 66 ეპისტოლეები წარმოადგენს
კვიპრიანეს მიმოწერას პაპების კორნელისა და ლუკიუსისადმი. მათგან თორმეტი
(44-55) ეხება ნოვატიანუსის სქიზმას. 67-75 ეპისტოლეები, რომლებიც
დაწერილია სტეფანეს პაპობის ჟამს (254-257), განიხილავს ნათლობასთან
დაკავშირებულ საცილობელ საკითხს. 78-81 წერილები გამოგზავნილია ბოლო
ექსორიობიდან. რამდენიმე წერილი (1-4,62,63,65), უთუოდ ავთენტურნი, ზუსტად
ვერ თარიღდება. პირველი წერილი გვამცნობს აფრიკის კრების გადაწყვეტილებას,
რომ კლერიკოსს ეკრძალება ტუტორობა და კურატორობა. მეორე წერილი განიხილავს
საკითხს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, რომ მსახიობმა, რომელმაც
დატოვა თავისი პროფესია და გაქრისტიანდა, ასწავლოს დრამატურგიული
ხელოვნება. მესამე წერილი მიემართება ერთ-ერთ დიაკონს, რომელმაც მძიმედ
შეურაცხყო თავისი ეპისკოპოსი. მეოთხე წერილი უპირისპირდება ორი სქესის
ასკეტთა თანაცხოვრებას. 62-ე წერილი გაგზავნილია რვა ნუმიდიელი
ეპისკოპოსისადმი. ეს წერილი თან ერთვოდა კართაგენში შეკრებილ თანხას
წარმართებისგან დატყვევებულ ქრისტიანთა გამოსასყიდად. 63-ე ეპისტოლე ზოგჯერ
ასე დასათაურებული: ”უფლისმიერი სასმისის საიდუმლოს შესახებ”. მასში
აკრძალულია მთლიანად წყლით შეცვლა საზიარებელი ღვინისა. 65-ე ეპისტოლე
მიმართულია ეპისკოპოს ფორტუნატიანუსის წინააღმდეგ, რომელმაც დევნულების
ჟამს სწირა კერპებს.
კვიპრიანეს ზოგი ეპისტოლე ჩვენამდე არ შემონახულა.
III. ფსევდოშრომები
კვიპრიანეს ავტორობით ცნობილი არაავთენტური შრომები უფრო ბევრია, ვიდრე ავთენტური. მოკლედ შევეხოთ მათ:
1. შრომები ”სანახაობათა შესახებ” და ”კეთილკრძალულების შესახებ”,
რომლებიც კვიპრიანეს ნაწერებში გვხვდება, სინადმვილეში ნოვატიანუსის მიერ
არის დაწერილი.
2. ”ნოვატიანუსისადმი”. დაწერილია უცნობი აფრიკელი ეპისკოპოსის მიერ,
რომელიც იზიარებდა კვიპრიანეს აზრს ერეტიკოსთა ნათლობის ძალადაკარგულობის
შესახებ. შედგენილი უნდა იყოს 253-257 წწ-ში.
3. ”მეორე ნათლობის შესახებ”. ავტორი, უცნობი ეპისკოპოსი აფრიკისა,
ეწინააღმდეგება კვიპრიანეს აზრს ერეტიკოსთა ნათლობის ძალადაკარგულობის
შესახებ. ძეგლის მიხედვით, ერთია წყლით ნათლობა, მეორე კი - სულით, რაც
ენიჭება მონათლულს ეპისკოპოსის ხელდადებით.
4. ”კამათლით მოთამაშეთა წინააღმდეგ” (Adversus aleatores). ნაშრომში
დაგმობილია აზარტული თამაშები. ზოგი მკვლევარი ავტორად თვლის პაპ ვიქტორს
(189-199), ზოგი კი დაახლ. 300 წელს მოღვაწე კართაგენის ეპისკოპოსს.
5. ”კლერიკოსთა განმხოლოების შესახებ”. ამ ძეგლში გაკიცხულია კლერიკოსთა
ჩვეულება, ცხოვრობდნენ ერთ ჭერ ქვეშ გაუთხოვარ ქალებთან. ავტორის შესახებ
სხვადასხვა აზრია გამოთქმული. უფრო მიღებულია ჰ. კოხის მტკიცება, რომ ეს
თხზულება დაწერილი უნდა იყოს III ს-ის აფრიკელი ეპისკოპოსის მიერ.
6. ”პასქალური გამოთვლის შესახებ” მიზანად ისახავს შეასწოროს წმ.
იპოლიტე რომაელის პასქალური ციკლი. ნაშრომი ცნობილია 243 წლიდან. იგი
აფრიკული წარმოშობისა უნდა იყოს.
7. ”იუდეველთა წინააღმდეგ”. ნაშრომი წარმოადგენს ქადაგებას ისრაელიანთა
უმადურობის შესახებ, რომლებიც დევნიდნენ ქრისტეს ჯერ კიდევ
წინასწარმეტყველთა დევნილობის სახით. შეცოდებათა მიუხედავად, ღმერთი მაინც
სინანულისკენ იწვევს ებრაელებს, რომ მათაც მიიღონ საუკუნო ცხოვრება
ნათლისღების გზით. თხზულება დაწერილია III ს-ში, ალბათ 260 წლამდე. იგი
განიცდის გავლენას II ს-ის ცნობილი აპოლოგეტის, მელიტონ სარდიელის შრომისა
”ვნების შესახებ”. ტექსტობრივი დამთხვევა ზოგან იმდენად ზედმიწევნითია, რომ
ჩნდება აზრი აღნიშნული ლათინური ნაშრომის მელიტონის ბერძნული ქადაგების
თარგმანად მიჩნევის შესახებ.
8. ”მარტვილთა ქების შესახებ”. ეს ძეგლიც ქადაგებაა. იგი, სამი ნაწილის
სახით, განმარტავს მარტვილობის მნიშვნელობას (თ. 4-12), სიდიადეს (13-18)
და უპირატესობას (19-24). ნაშრომში აღწერილია ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამებანი.
იგი დაწერილია მესამე საუკუნეში. შესაძლოა ავტორი ერისკაცი იყოს.
9. ”სინაისა და სიონის მთების შესახებ”. ხალხურ ლათინურზე დაწერილი ეს
შრომა სინაის მთას ძველი აღთქმის სიმბოლოდ მიიჩნევს, ხოლო სიონის მთას -
ახალი აღთქმისად. პირველი მათგანი თავის სულიერ სრულყოფას აღწევს მეორეში.
დაწერის დრო გაურკვეველია. შექმნილი ჩანს აფრიკაში.
10. ”შეგონება სინანულის შესახებ”. ნაშრომი წარმოადგენს ბიბლიური
ციტატების ნაკრებს (მსგავსად კვიპრიანეს ნადმვილი შრომებისა:
”ფორტუნატუსისადმი” და ”კვირინუსისსადმი”). ციტატებს წინ უძღვის
დასათაურება: ”რომ ყველა ცოდვის მიტევებაა შესაძლებელი იმისთვის, ვინც
მთელი გულით მოიქცა ღვთისკენ”. ძეგლს აკუთვნებენ IV-V სს. (თუმცა საკმარისი
არგუმენტაციის გარეშე).
11. ”კვიპრიანეს სერობა” (Caena Cupriani). ასეა დასათაურებული ძეგლი,
რომელიც მოგვითხრობს კანაში გამართული წვეულების შესახებ, სადაც დიდმა
მეუფემ (ღმერთმა) მოიწვია ცნობილი ბიბლიური მოღვაწეები. ავტორი უხვად
იყენებს აპოკრიფს ”პავლეს საქმენი”. აღნიშნულ ნაშრომში დაცულია
მნიშვნელოვანი მონაცემები მოცოქულთა აპოკრიფული ”საქმეებისა”. იგი
შექმნილია დაახლ. 400 წ-ს სამხრეთ გალიაში, პოეტ კვიპრიანეს მიერ. ესაა
უთუოდ ის კვიპრიანე მღვდელი, რომლისთვისაც IV ს-ის მიწურულში ეპისტოლე
გაუგზავნია ნეტარ იერონიმეს (140-ე ეპისტოლე).
12. ”ვიგილიუს ეპისკოპოსისადმი, იუდეველური ურწმუნოების შესახებ”. ეს
ძეგლი სხვა არაფერია, თუ არა არისტონ პელაელის აპოლოგეტური ”დიალოგის”
ლათინური თარგმანის შესავალი.
13. ”ასეულის, სამოცეულის, ოცდაათეულის შესახებ”. ნაშრომი, როგორც ჩანს,
დაწერილია IV ს-ში აფრიკელი ავტორის მიერ. იგი ეხება იმ სამმაგ საზღაურს,
რაც მიეგებათ მარტვილებს, ასკეტებსა და კეთილს ქრისტიანებს. თხზულება
განიცდის წმ. კვიპრიანეს ნამდვილი შრომების გავლენას განწყობილებითაც და
სამეტყველო ენის მხრივაც.
ედიშერ ჭელიძე
I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი V
No comments:
Post a Comment