ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე
”წმინდა გრიგოლმა უთხრა ნეტარ ფებრონიას: ”რა გითხრა შენ
ანგელოზმა?” მართლაც, ღმერთი იყო ყოვლითურთ მათ შორის” - შდრ. ”წმიდამან
გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: ”რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?”
რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის”.
მოტანილი ადგილი აშკარად ცხადყოფს, რომ ხსენებული ”ცხოვრების” მიხედვით
ღმერთი თავის ნებას ანგელოზთა მეშვეობით უცხადებს წმინდანებს. საზოგადოდ,
წინამდებარე ძეგლი მრავალ ადგილას გვაუწყებს ანგელოზურ ძალთა შესახებ,
რომლებიც ევლინებიან წმინდანებს, მეურვეობენ მათ, შუამდგომლობენ ღვთის
წინაშე და ზეაყავთ წმინდანთა სულები მათი ხორციელი აღსასრულის შემდეგ. რაც
შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთრივ ანგელოზთა დასი
(ე.ი. ანგელოზურ იერარქიაში ზემოდან მეცხრე ხარისხი) ასრულებს შუამავალ
ფუნქციას ღმერთსა და წმინდა ადამიანებს შორის თუ - ანგელოზურ ძალთა უფრო
აღმატებული მწკრივებიც, უნდა ითქვას, რომ წინამდებარე ”ცხოვრებაში”
შუამავლებად იხსენიებიან სწორედ ”ანგელოზები”, რაც საფიქრებელია დასობრივი
გაგებისა იყოს (იხ. განსამარტავი სიტყვები). თუ ეს მართლა ასეა, მაშინ
ამგვარ ანგელოლოგიას შეიძლება ახსნა მიეცეს წმ. დიონისე არეოპაგელის
მოძღვრების კვალობაზე, რომლის თანახმადაც მხოლოდ ”ანგელოზთა” დასია
განწესებული ადამიანთა უშუალო მაუწყებლებად საღვთო ნების შესახებ.
საკითხის ამგვარად დაყენება წამოჭრის რთულად გადასაწყვეტ პრობლემას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების შუამდგომლობითი მოღვაწეობის შესახებ. ვიდრე ამ საკითხს შევეხებოდეთ, უპირველესად ზოგადი სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლება ანგელოზთა სხვადასხვა დასის არსებობის შესახებ, საღვთო წერილზე დაყრდნობით, მრავალ ღვთისმეტყველთან გვხვდება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის მოწაფის, წმ. დიონისე არეოპაგელის შრომა: ”ციური იერარქიის შესახებ” (ძველი ქართული თარგმანით: ”ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს”). ხსენებულმა მოძღვარმა, როგორც ცნობილია, ანგელოზთა ცხრა დასი განაჩინა (სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი). წმ. დიონისე არეოპაგელის ანგელოლოგია საღვთო სწავლებად შერაცხა ეკლესიამ. ამის თვალნათლივი ნიმუშია VIII ს-ის უდიდესი ძეგლი, წმ. იოანე დამასკელის ”ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა”, სადაც ვკითხულობთ:
საკითხის ამგვარად დაყენება წამოჭრის რთულად გადასაწყვეტ პრობლემას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების შუამდგომლობითი მოღვაწეობის შესახებ. ვიდრე ამ საკითხს შევეხებოდეთ, უპირველესად ზოგადი სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლება ანგელოზთა სხვადასხვა დასის არსებობის შესახებ, საღვთო წერილზე დაყრდნობით, მრავალ ღვთისმეტყველთან გვხვდება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის მოწაფის, წმ. დიონისე არეოპაგელის შრომა: ”ციური იერარქიის შესახებ” (ძველი ქართული თარგმანით: ”ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს”). ხსენებულმა მოძღვარმა, როგორც ცნობილია, ანგელოზთა ცხრა დასი განაჩინა (სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი). წმ. დიონისე არეოპაგელის ანგელოლოგია საღვთო სწავლებად შერაცხა ეკლესიამ. ამის თვალნათლივი ნიმუშია VIII ს-ის უდიდესი ძეგლი, წმ. იოანე დამასკელის ”ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა”, სადაც ვკითხულობთ:
”როგორც ამბობს უწმინდესი, უსამღვდელოესი და უღვთისმეტყველესი დიონისე
არეოპაგელი, მთელმა ღვთისმეტყველებამ, ანუ საღვთო წერილმა, ციური არსებები
ცხრად დაასახელა, რასაც ეს საღვთო მღვდელმესრულე სამ სამობით მწყობრად
განყოფს. მისი თქმით, პირველი არის ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და,
გადმოცემისებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა
ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა
მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და
დამაბოლოებელი - მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი.”
წმ. დიონისეს სწავლებით, ყველა ზეციური დასი ზოგადად ”ანგელოზად” იწოდება,
რადგან ბერძნული სიტყვა ”ანგელოზი” ნიშნავს ”მაუწყებელს”,
”გამაცხადებელს”, ”მაცნეს”, ”მიმთხრობელს”, ხოლო გამაცხადებლობითი თვისება
ყველა ციურ არსებას აქვს, რადგან ისინი იერარქიული კიბის დაცვით ზემოდან
ქვემოთ ”მაუწყებლობენ”, ”გამაცხადებლობენ” საღვთო ჭეშმარიტებას. მეორე
მხრივ, საკუთრივი მნიშვნელობით ”ანგელოზებად” იწოდებიან მხოლოდ ზეციურ
ძალთა ყველაზე ქვემორე (ზემოდან მეცხრე) საფეხურზე მყოფი არსნი, რადგან
ადამიანებს უშუალოდ მხოლოდ ისინი ევლინებიან და მხოლოდ ისინი უცხადებენ
ზენა არსთაგან გადმოცემულ ჭეშმარიტებას.
წმ. დიონისე ურყევად ადგენს, რომ ანგელოზურ დასთა იერარქია შეუძრავია და არასოდეს ირღვევა. ეს ნიშნავს: რაც
არ უნდა აღმატებული გამოცხადება მიეცეს ადამიანს, ყველა ამგვარი მოვლენა
სრულდება უშუალოდ საკუთრივ ”ანგელოზთა ანუ ქვედა, მეცხრე დასის წევრთა
მიერ.
მაგალითად, ”ესაიას წინასწარმეტყველებაში” აღწერილია, თუ როგორ
გამოეცხადა ხსენებულ წინასწარმეტყველს უზენაესი სერაფიმი (ეს. თ. 6). წმ.
დიონისე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც ესაიას უშუალოდ და
პიროვნულად გამოეცხადა არა მართლაც სერაფიმი, არამედ ყველაზე ქვედა ანუ
მეცხრე დასის (საკუთრივ ”ანგელოზთა” დასის) ერთერთი წევრი.
მაგრამ, რადგანაც ამ უკანასკნელისგან ნაუწყები ჭეშმარიტება მომდინარეობდა
სწორედ სერაფიმთაგან ანუ რადგანაც ეს ერთერთი ანგელოზი (მეცხრე დასის
წევრი) საკუთრივ სერაფიმის ბრძანებას ასრულებდა, შესაბამისად ესაიას
ხილვასაც სერაფიმის გამოცხადება ეწოდა. მსგავსად შიკრიკისა, რომელიც
ბატონის ბრძანებას გადასცემს ადრესატს და ამ ბრძანების წყაროდ საკუთარ თავს
კი არ წარმოაჩენს, არამედ ცხადია თავის ბატონს, ასევე მეცხრე დასის
წევრებიც ანუ საკუთრივ ”ანგელოზები”, როგორც მარტოდენ აღმასრულებელნი
უზენაეს ძალთაგან იერარქიულად მათდამი გადაცემული დავალებისა, საკუთარ თავს
კი არ წარმოაჩენენ გამოცხადების სათავედ, არამედ იმას, ვისგანაც მოდის
უწყება. ამიტომაა, რომ კვლავ აღვნიშნავთ, ის ანგელოზიც, რომელიც პიროვნულად
გამოეცხადა ესაიას, სერაფიმის სახელით მოივლინა მისდამი, ანუ იგი სერაფიმს წარმოადგენდა მის წინაშე (როგორც სერაფიმისგან მომდინარე დავალების აღმსრულებელი). ამიტომ უწოდა ამ ანგელოზს წმ. დიონისემ ”სერაფიმად მოვლინებული ანგელოზი” (თ. 13; ს. ენუქაშვილის გამოც., გვ. 141,1).
ზეციურ დასთა იერარქიის (ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის ანგელოზთა
აუცილებელი შუამდგომლობის) ყველაზე აღმატებული მაგალითია ის, რომ თვით
განკაცებული ძე ღმერთიც, ე.ი. თვით იესო ქრისტეც არ არღვევს ანგელოზთა შუამდგომლობის ურყევობას და როგორც წმ. დიონისე გვასწავლის, მაცხოვარიც ”შუვამდგომლობითა მათითა (ანგელოზთაჲთა, ე.ჭ.)
მიუთხრობს იოსებს მამისა მიერ (მამა ღმერთის მიერ, ე.ჭ.) განგებულსა მას
იესუჲსსა ეგჳპტედ წარსვლასა და კუალად ეგჳპტიდ ჰურიასტანად უკუმოქცევასა”
(გვ. 115).
ამრიგად, საღვთო ჭეშმარიტება უპირველესად გადაეცემა უზენაეს ზეციურ
დასებს, უზენაესთაგან უფრო ქვემორეებს, ამათგან კი ყველაზე უკანასკნელს ანუ
საკუთრივ ”ანგელოზთა” დასს (ზემოდან მეცხრეს), ხოლო ესენი (საკუთრივ ”ანგელოზები”) უშუალოდ აუწყებენ და უცხადებენ ადამიანებს ზენა დასთაგან მათდამი გადმოცემულ საღვთო ნებას.
ზეციურ ძალთა ზემომითითებული დასებიდან ამჯერად ჩვენთვის საყურადღებოა ”მთავარანგელოზთა” დასი, რაც რიგით მერვეა ზემოდან და ერთი საფეხურით მაღლა დგას რიგით მეცხრე ანუ საკუთრივ ”ანგელოზთა” დასზე.
ისმის კითხვა: იცავს თუ არა ”მთავარანგელოზთა” დასიც იერარქიულობის
ურყევ პრინციპს და ისიც მისი მომდევნო მეცხრე ანუ საკუთრივ ”ანგელოზთა”
დასის მეშვეობით გადასცემს თუ არა ადამიანებს საღვთო უწყებას, ან იქნებ
მასაც ძალუძს კაცთა წინაშე უშუალოდ გამოცხადება?
წმ. დიონისე გვასწავლის, რომ ”მთავარანგელოზთა” დასიც ურყევად
იცავს იერარქიულ კიბეს და ისიც მხოლოდ მომდევნო დასის (ე.ი. საკუთრივ
”ანგელოზთა” დასის) მეშვეობით უკავშირდება ადამიანებს. დიდი მოძღვარი გვაუწყებს:
”წმიდაჲ იგი დასი მთავარანგელოზთაჲ... ღმერთმთავრობითთა მათ
გამობრწყინვებათა მღდელთმთავრობითად (=იერარქიულად, ე.ჭ.) უპირატესთა
ძალთაგან მიიღებს და უქუემოესთა მათ ანგელოზთა სახიერებისსახეობით
მიუთხრობს და ანგელოზთა მიერ ჩუენცა გამოგჳცხადებს მას” (გვ. 128).
ამრიგად, რადგან, არეოპაგიტული სწავლებით, ”მთავარანგელოზთა”
დასის წევრებიც (მსგავსად სხვა ზენა დასთა წევრებისა) უშუალოდ არასოდეს
ეცხადებიან ადამიანებს, არამედ ისინიც მათი მომდევნო დასის (მეცხრე დასის)
წევრების ანუ საკუთრივ ანგელოზების მეშვეობით უკავშირდებიან კაცთა შორის
განწმენდილ პირებს, ყურადღებას იქცევს საკითხი იმის შესახებ, თუ ზეციურ
ძალთა რომელ დასს ეკუთვნიან მთავარანგელოზებად სახელდებული მიქაელი და
გაბრიელი, რომელთაგან პირველი დანიელს გამოეცხადა, მეორემ კი ყოვლადწმინდა
მარიამს ახარა მხსნელის მოვლინების საიდუმლო.
კვლავ აღვნიშნავთ, რომ წმ. დიონისეს სწავლებით, როგორც ვნახეთ ”მთავარანგელოზთა” დასი ადამიანებს უკავშირდება საკუთრივ ”ანგელოზთა” დასის მიერ.
ეს მომენტი ხაზგასმულია აგრეთვე XI ს-ის დიდი ღვთისმეტყველის, ნიკიტა
სტითატის (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფის) მიერაც, რომელიც
თავის შრომაში ”იერარქიის შესახებ” გვასწავლის:
”მთავარანგელოზთა მწყობრი ღმერთმთავრულ გამობრწყინებებს იერარქიულად იღებს ძალთაგან და კეთილსახოვნად განუცხადებს ანგელოზებს, ანგელოზთა მეშვეობით კი (καὶ δι' ἀγγέλων) ჩვენ გამოგვიჩენს (ἡμῖν ἀναφαίνουσα)” (თ. 51).
აღნიშნულის გამო წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებთან დაკავშირებით შესაძლებელია სამი აზრის დაშვება:
პირველი: მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან ”მთავარანგელოზთა” დასს (ზემოდან მერვეს)
და პიროვნულად თვითვე გამოეცხადნენ დანიელსა და ყოვლადწმინდა მარიამს
(უფრო ადრე ზაქარიას). ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ
”მთავარანგელოზთა” დასის წევრებიც, იშვიათ შემთხვევაში, უფლებამოსილნი
არიან რომ პიროვნულად მოევლინონ წმინდა ადამიანებს (”ანგელოზთა” დასის
შუამავლობის გარეშე).
მეორე: მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან
”მთავარანგელოზთა” დასს, მაგრამ პიროვნულად თვით ისინი არ გამოცხადებიან
დანიელსა და ყოვლადწმინდა მარიამს (ან ზაქარიას), არამედ, ისევე როგორც
ესაიასთან დაკავშირებული ”სერაფიმისეული ხილვის” შემთხვევაში, ამჯერადაც
უშუალოდ მივლინებული დანიელთან და მარიამთან (და ზაქარიასთან) ანუ საღვთო
უწყების მათთვის უშუალოდ, პიროვნულად გადამცემნი, ე.ი. დავალების
შემსრულებელნი უნდა ყოფილიყვნენ საკუთრივ ”ანგელოზთა” დასის (ზემოდან
მეცხრის) წევრები, მაგრამ მათ გამოცხადებას მაინც მიქაელისა და გაბრიელის
გამოცხადებანი ეწოდა, რადგანაც ეს ანგელოზები მხოლოდ იმას ამცნობდნენ
დანიელსა და მარიამს (და ზაქარიას), რაც სწორედ მიქაელ და გაბრიელ
მთავარანგელოზებმა გადასცეს მათ ანუ ხსენებული ანგელოზები დანიელისა და
მარიამის (და ზაქარიას) წინაშე წარმოადგენდნენ მიქაელისა და გაბრიელის
პირს, განასახიერებდნენ მიქაელსა და გაბრიელს.
მესამე: მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან არა ”მთავარანგელოზთა” დასს (ზემოდან მერვეს), არამედ ”ანგელოზთა” დასს (ზემოდან მეცხრეს).
შესაბამისად, განწმენდილი ადამიანებისადმი მათი პიროვნული გამოცხადებანი
ჭეშმარიტია, მაგრამ თუ ისინი ”მთავარანგელოზებად” იწოდებიან, იწოდებიან არა
იმიტომ, რომ ”მთავარანგელოზთა” დასს ეკუთვნიან, არამედ იმიტომ, რომ
”ანგელოზთა” დასში მათი უპირატესობა წარმოჩნდეს. წმ. დიონისე გვასწავლის,
რომ ყოველ დასში არიან უპირატესნი და უდარესნი. ამიტომ, მიქაელსა და
გაბრიელს მთავარანგელოზები შეიძლება ეწოდოთ არა აუცილებლად
დასობრივი გაგებით (რომ ისინი ”მთავარანგელოზთა” დასს ეკუთვნიან), არამედ
საკუთრივ ”ანგელოზთა” დასში (ზემოდან მეცხრეში) მათი გამორჩეული ღირსების
წარმოსაჩენად (რომ ისინი თავისი დასის სხვა წევრებზე უპირატესნი არიან). სხვაგვარად, სიტყვა ”მთავარანგელოზი” მიქაელისა და გაბრიელისადმი ითქმის არა კერძოობითი, ნომენკლატურული (დასობრივი) შინაარსით, არამედ ზოგადი აზრით, ეპითეტურად, აქსიომატურად ანუ ღირსებითად (რომ ისინი თავის დასში ”მთავრობენ” სხვა ”ანგელოზებს”).
* * *
წარმოდგენილი სამი აზრიდან პირველი, წმ. დიონისეს (და მის მიმდევართა)
სწავლების საფუძველზე, ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ,
ხსენებულ მოძღვართა სწავლებით ”მთავარანგელოზთა” დასი მხოლოდ ”ანგელოზთა”
დასის შუამავლობით უკავშირდება ადამიანებს.
რაც შეეხება მეორე და მესამე აზრს, არეოპაგიტული სწავლების მიხედვით ორივე მათგანი თანაბრად შესაძლებელია, თუმცა საეკლესიო ტრადიციაში შეიმჩნევა გადახრა მესამე თვალსაზრისისაკენ.
როგორც ცნობილია, წმ. დიონისე არეოპაგელის შრომებს შემდეგში მრავალი
წმინდა კომენტარი დაერთო, რომლებიც ძირითადად წმ. მაქსიმე აღმსარებლის
სახელს უკავშირდება (ზოგჯერ ვლინდება წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის
სახელიც. თანამედროვე მკვლევრები ავტორობის თვალსაზრისით განსაკუთრებულ
აქცენტს აკეთებენ VI ს-ის მოძღვარზე, იოანე სკვითოპოლელზე). აღნიშნული
განმარტებები თუ სქოლიეობი ეხება არეოპაგიტულ შრომებში განხილულ
უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ამ სქოლიოთა ნაკრები მართლმადიდებლური
ღვთისმეტყველების უდიდესი შენაძენია.
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ არსებობს აღნიშნულ კომენტართა ქართული
რედაქცია, რაც მიეკუთვნება XI ს-ის დიდ ქართველ ღვთისმეტყველს წმ. ეფრემ
მცირეს, რომელმაც XI ს-ის მიწურულს სრულად თარგმნა საკუთრივ არეოპაგიტული
შრომებიც. ხაზგასასმელია, რომ არეოპაგიტიკაზე დართული საეკლესიო
კომენტარები ბერძნულში ჩვეულებრივ უაღრესად ლაკონურია და მინიშნებითი,
მაშინ როცა ეფრემისეულ ტექსტში სახეზეა მოკლე ბერძნულ სქოლიოთა
გამთლიანებანი და გაშლა-გავრცობანი, რაც საღვთისმეტყველო აზრით უაღრესად
მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეფრემ მცირე გვევლინება არა უბრალოდ
არეოპაგიტიკის ბერძნულ სქოლიოთა მთარგმნელად, არამედ აღნიშნულ სქოლიოთა
(და, შესაბამისად, თვით არეოპაგიტიკის) განმმარტებლადაც, ანუ წმ. მაქსიმეს,
წმ. გერმანესა და იოანე სკვითოპოლელის თანაკომენტატორად, თანასქოლიასტად
(ეს წონადი დასკვნა გამოტანილია ეფრემისეულ სქოლიოთა მკვლევრის ა.
ჭუმბურიძის მიერ, რომელსაც გამოსაცემად აქვს მომზადებული ეფრემისეული
სქოლიოები, დართულნი წმ. დიონისეს შრომაზე ”ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს”.
აღნიშნულის შესახებ იხ. ა. ჭმუბურიძე, წმ. ეფრემ მცირე, არეოპაგიტიკის
კომენტატორი, თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო
შრომები, I, თბ. 1999, გვ. 20-30).
მითითებული ბერძნულ-ქართული კომენტარები ორგან ეხება გაბრიელისა და მიქაელის პიროვნებებსაც. კერძოდ:
წმ. დიონისე არეოპაგელი თავისი ანგელოლოგიური შრომის IX თავში მიუთითებს საღვთო წერილის იმ ადგილებზე, სადაც ანგელოზთა შუამავლობითი მოღვაწეობაა გადმოცემული. ერთერთი ასეთი ადგილია ციტატა დანიელის წინასწარემტყველებიდან. წმ. დიონისე გვაუწყებს:
”რაჲღა ვინ თქუას ანგელოზისა მისთჳს... რომელი უწოდდა საკჳრველსა
გაბრიელს და ეტყოდა ”გულისჴმაუყვენ მაგას ჩუენებანი” (დან. 8,26) (ს.
ენუქაშვილის გამოც. გვ. 127).
წმ. დიონისე აღნიშნულ სიტყვებს ბერძნულში ახლავს შემდეგი კომენტარი:
”ინიშნე, რომ არც გაბრიელია უზემოეს ძალთაგან, არამედ უქვემოესთაგან” (PG. 4, col. 81 C).
ეფრემისეულ რედაქციაში სახეზეა კომენტარის ასეთი ტექსტი:
”ცხად არს, ვითარმედ არა სრულიად უზენაესისა დასისაგან არს გაბრიელ, რამეთუ, აჰა, სხუაჲ ეტყჳს მას, რაჲთა მან გულისჴმა-უყვნეს დანიელს ჩუენებანი” (A-110, 127 v).
მოტანილი კომენტარები სრულ გარკვეულობას ვერ გვიქმნიან იმის შესახებ, თუ
რომელ დასს ეკუთვნის გაბრიელი (ზემოდან მერვეს ”მთავარანგელოზებისას”, თუ
ზემოდან მეცხრეს ”ანგელოზებისას”). ამ მხრივ საგულისხმოა სწორედ ის
კომენტარი, რომელიც უშუალოდ მიქაელს ეხება. აღნიშნული კომენტარი (რაც
მხოლოდ ბერძნულშია) ერთვის წმ. დიონისეს სწავლებას იმის შესახებ, რომ
”ღმრთისმეტყუელებამან ჩუენდა-მომართი იგი მღდელთმთავრობაჲ ანგელოზთა განუყო და მთავრად ისრაელთა ერისა მიქაელს სახელ-სდებს და კუალად სხჳსა ნათესავისა სხუასა” (129).
წმ. დიონისე მოტანილ ადგილას საუბრობს არა ზოგადად ანგელოზების, არამედ კონკრეტულად ზემოდან მეცხრე დასის ანუ საკუთრივ ”ანგელოზთა” დასის შესახებ. სრულიად აშკარაა, რომ იგი სწორედ ამ დასში განუკუთვნებს ადგილს მიქაელს. ეს აზრი კიდევ უფრო გამოკვეთილია აღნიშნულ სიტყვებზე დართულ კომენტარშიც, რაც სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება:
”ყოველ ხალხს ჰყავს მისადმი ხვედრებული ანგელოზი, როგორც იუდეველებს მიქაელი, რომელიც, აგრეთვე, წმინდა ანგელოზთა უკანასკნელი მწყობრისად თქვა [დიონისემ]
( „... Ἰουδαῖοι τὸν Μιχαὴλ, ὅν καὶ τῆς ἐσχάτης τάξεως τῶν ἁγίωυ ἀγγέλωυ
φησίν, შდრ. ლათ. თარგმანი: ...Judaei Michaelem, quem ex postremo
sanctorum angelorum ordine esse dicit, col. 84 C)".
დამოწმებული ტექსტები, ვფიქრობთ, ნათლად გვიჩვენებს რომ წმ. დიონისესა
და მისი შრომების სქოლიასტთა აზრით მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები
უფრო უნდა განეკუთვნებოდნენ ”წმინდა ანგელოზთა უკანასკნელ მწყობრს” ანუ
ზეციურ ძალთა ზემოდან მეცხრე დასს.
ედიშერ ჭელიძე
202-ე სქოლიო წმინდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე.
"საეკლესიო ბიბლიოთეკის" I ტომი,
"საეკლესიო ბიბლიოთეკის" I ტომი,
გამომცემლობა "ახალი ივირონი"
2008 წ. თბილისი
2008 წ. თბილისი
No comments:
Post a Comment