I ნაწილი
ისევე, როგორც მარულას მოყვარულები, გამარჯვების წყურვილით ავსილნი, დაუცხრომლად დაჰკიჟინებენ მათგან რჩეულ მოასპარეზეებს (რომლებიც, თავის მხრივ, არანაკლებ ეშურებიან სისწრაფეს), ზემოდან თვალს ადევნებენ ცხენთა რბოლას და, როგორც თვლიან, აგულიანებენ კიდეც მათ უმკვირცხლესი წინსწრაფვისაკენ, თვითვე ცხენებთან ერთად იჩოქებენ, მათრახის ნაცვლად კი ქნევაქნევით აშვერენ ხელებს და თუმცა მსგავსი შეძახილებითა და მიმორხევებით გამარჯვებას არაფერს ჰმატებენ, მოასპარეზეებისადმი კეთილგანწყობასა და მწველ სიყვარულს ცხადად წარმოაჩენენ, - ვფიქრობ, ასევე ვიქცევი მეც, მეგობართა და ძმათა შორის უპატიოსნესო, როდესაც სათნოების სარბიელზე საღვთო რბოლაში შენს ღირსეულ ასპარეზობას აქედან ვეხმიანები და ღვთივჩენილი საზღაურისაკენ მსუბუქი და დაუცხრომელი ხლდომით მსწრაფველს კიდევ უფრო წინ გაქეზებ, თანაც მომეტებული სისწრაფისაკენ გაგულიანებ.
როდესაც ამგვარად ვიღწვი, არათუ რაიმე პირუტყვული წადილით ვარ
აღტკინებული, არამედ ვესწრაფვი მხოლოდ, რომ შეგეტკბო, როგორც ჩემს საყვარელ
შვილს.
ეპისტოლეში, რომელიც ახლახან გამომიგზავნე, მთხოვდი, რაიმე რჩევა მომეცა
სრულქმნილი ცხოვრების შესახებ. ამგვარი სათხოვარი უთუოდ ყურადღების
ღირსია.
შესაძლოა, ჩემი სიტყვებიდან არც არაფერი აღმოჩნდეს სასარგებლო შენთვის,
მაგრამ წინამდებარე პასუხი, ვფიქრობ, მორჩილების ნიმუშად მაინც
გამოგადგება. თუკი ჩვენ, რომლებიც მამათა წესისამებრ ამდენ სულს
ვუწინამძღვრებთ, ვთვლით, რომ მართლაც შეჰფერის ჩვენს ჭაღარას ყურად იღოს
გონიერი ახალგაზრდობის სათხოვარი, გაცილებით უფრო საშური უნდა იყოს
შენთვის, განმტკიცდე და წარემატო სიმდაბლეში და შენი სიჭაბუკე ჩვენებრ
ნებაყოფლობით მორჩილებაში გამოაწრთო.
ამის შესახებ ეს ვიკმაროთ, ახლა კი დასახულ საქმეს შევუდგეთ და სიტყვის
წინამძღვრად ღმერთს ვუხმოთ. ითხოვე ჩვენგან, ძვირფასო გვამო, სახეობრივად
წარმოგიდგინოთ, თუ რა არის სრულქმნილი ცხოვრება. თუკი ჩემს სიტყვაში
აღმოაჩენ მას, რასაც ესწრაფვი, ცხადია, სურვილიც გაგიჩნდება შენივე
ცხოვრებით სრულყო სიტყვაში გაცხადებული მადლი. თვით მე ორივე მხრივ უძლური
ვარ, რადგანაც ვერ ძალმიძს ვერც სრულქმნილების სიტყვიერი შემოსაზღვრა, ვერც
სიტყვით აღწერილის ცხოვრებაში ასრულება. Aარა მარტო მე, არამედ ისინიც კი,
რომლებიც მამათა შორის დიდებულნი და სათნოებით წარჩინებულნი არიან,
მიუწვდომლად აღიარებენ ამგვარ რამეს. მეორე მხრივ, არ მინდა იფიქროს
ვინმემ, თითქოს თანახმად მეფსალმუნისა, მაშინ შემიპყრო შიშმა, როცა არ იყო
შიში. ამიტომაც შევეცდები უცხადესად წარმოგიდგინო ჩემი საფიქრალი.
სრულქმნილების ყველა ის სახე, რაც კი გრძნობად საგნებში ვლინდება,
შესაბამისი საზღვრებით არის შემოზღუდული; ასეთია თუნდაც, განგრძობადი და
ზღვრული რაოდენობა. თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ თითოეული წყრთა ანდა
რიცხვთა ათეული სადღაც იწყება და სადღაც წყდება; სწორედ ესაა მათი სისრულე.
რაც შეეხება სათნოებისეულ სრულქმნილებას, მოციქულის თანახმად, მას მხოლოდ
ერთი საზღვარი აქვს: საზღვრის არ ქონა. ხსენებული საღვთო მოციქული, - დიადი
და ამაღლებული, რომლის გონებაც სათნოების სარბიელზე რბოდა მარადის,
არასოდეს დამცხრალა წინ სწრაფვისაგან (ფილიპ. III, 13), რადგანაც საფრთხედ
შეერაცხა მას სრბოლის შეყოვნება. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი კეთილი თავისი
ბუნებით უსაზღვროა და მხოლოდ მაშინ იზღუდება, როცა მისთვის უცხოს
შეეჩეხება, როგორც, მაგალითად, სოცოცხლე სიკვდილს, ხოლო ნათელი ბნელს.
საზოგადოდ, ყოველ კეთილს ის ახშობს, რაც მოწინააღმდეგეა მისი და როგორც
სიცოცხლის დასასრული დასაბამი ხდება სიკვდილისა, ასევე სათნოებითი სრბოლის
შეყოვნება, თავის მხრივ, ბოროტისაკენ სწრაფვად გარდაიქმნება. აქედან
ცხადია, რომ ის, რაც საზღვრებით იზღუდება, სათნოება არ არის. სწორედ
ამიტომ, არ ვტყუოდით, როდესაც ვამბობდით: შეუძლებელია სათნოებისეული
სრულქმნილების ამომწურავი განსაზღვრა.
ვფიქრობ, ცხადად უნდა განიმარტოს, აგრეთვე ისიც, თუ რატომ არის სრულქმნილება მიუწვდომელი თვით სათნო ცხოვრების გზაზე.
უპირველესი და ჭეშმარიტი კეთილი, რომლის ბუნებაც სიკეთეა, ე.ი. თავად
ღმრთეება, არის ის, რაც მის არსებას შეადგენს, და ასეც იწოდება. ამასთან,
რადგანაც სათნოებას, ბოროტების გარდა სხვა საზღვარი არ გააჩნია, ხოლო
ღმრთეება თავის მხრივ, არაფერს საწინააღმდეგოს არ შეიწყნარებს,
შესაბამისად, საღვთო ბუნება უსაზღვრო და დაუსრულებელი უნდა იყოს. მეორე
მხრივ, თუკი ნამდვილი სათნო ცხოვრება იგივეა, რაც ზიარება ღმერთთან
(რადგანაც სწორედ ღმერთია სრული სათნოება), და თუკი შეცნობის ყველა
მსურველი ჭეშმარიტად კეთილთან ზიარებას ესწრაფვის, ხოლო ამ უკანასკნელს
საზღვარი არა აქვს, მაშინ საეჭვო აღარ უნდა იყოს, რომ მზიარებელთა
წინსწრაფვაც ასევე უსასრულოდ განვრცობადი იქნება და არც არასოდეს
შეფერხდება.
ამგვარად, სისრულე მართლაც, ყველასათვის მიუწვდომელი ჩანს, რადგანაც
სრულქმნილება საზღვრებით არ იზღდება ანუ, როგორც ითქვა, სათნოების საზღვარი
მხოლოდ უსაზღვროებაა. ანკი რა გზით მივაღწევთ საძიებელ ზღვარს, თუ ეს
ზღვარი არსად აღმოჩნდება?
თუმცა ჩვენმა მსჯელობამ სრულიად მიუწვდომლად წარმოსახა სწრაფვის საგანი,
მაგრამ ამის გამო უფლის მცნებას ნუ უგულებელვყოფთ, რომელიც გვაუწყებს:
“იყავით სრულნი, ისევე, როგორც სრულია თქვენი ზეციური მამა” (მათე 5,48).
მართალია, ბუნებით კეთილს მთელი სისავსით ვერასოდეს ვეზიარებით, მაგრამ
მასთან ნაწილობრივი ზიარებაც გონიერთათვის დიდად სასარგებლოა. ყოველმხრივ
ვეცადოთ, თვით ამ სრულქმნილების ნაწილსაც არ მოვწყდეთ და იმდენად
მოვიხვეჭოთ იგი, რამდენის შეწყნარებაც ძალგვიძს. როგორც ჩანს, ადამიანური
ბუნებისათვის სრულქმნილება, - ესაა მარადიულად მეტი და მეტი ზიარება
კეთილთან.
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ რჩევისთვის წმ. წერილს მივმართავთ. საღვთო
ხმა ესაია წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს, “შეხედე აბრაამს – თქვენს
მამას და სარას – თქვენს მშობელს” (ესაია 51,2). ეს სიტყვები სათნოებისაგან
გარემიქცეულთა გასაგონად ითქვა. ისევე, როგორც მეზღვაურები, რომლებიც
ნავსადგურისაკენ მიმავალ სწორ გზას გადაუხვევენ, შემდეგ კი ან მაღლა
ავარდნილ ცეცხლს შეამჩნევენ, ან კიდევ რომელიმე მწვერვალის თავს მოკრავენ
თვალს და ასეთი ცხადი სანიშნეების მიერ ცთომილებას თავს დააღწევენ, -
მსგავსადვე, ყველა ის, ვინც უწინამძღვრო გონების გამო ცხოვრბის ზღვაში
დაიკარგა, სარასა და აბრაამის სახეთა გაჭვრეტით კვლავაც შეძლებს საღვთო
ნების სავსადგურისაკენ გზა გაიკვლიოს. ამასთან, რადგანაც ადამიანური ბუნება
მამაკაცად და დედაკაცად განიყოფის, ხოლო მათ ორთავეს თანასწორად მოელით
ბოროტის ან კეთილის ნებაყოფლობითი არჩევა, ამის გამო საღვთო ხმამ თითოეულ
მათგანს სათნოების შესაბამისი ნიმუშიც განუჩინა. ორივე ნაწილი მისთვის
მონათესავეს ეშურება, მამაკაცი – აბრაამს, დედაკაცი – სარას, და ერთიცა და
მეორეც თვისობრივად შესატყვისი სახეების კვალზე სათნოებითი ცხოვრებისაკენ
მიმავალ მართალ გზას ადგება.
ამჯერად, ალბათ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ თუნდაც ერთი მათგანი,
რომელმაც თავისი ცხოვრებით სახელი გაითქვა. ცეცხლოვან სანიშნედ დავსახოთ
იგი, თანაც ვაჩვენოთ, თუ რა გზით ძალგვიძს სათნოების მშვიდი
ნავსადგურისაკენ წარვმართოთ სული, რომ ვერ ცხოვრების ქარიშხალმა ააღელვოს
იგი და ვერც ვნებათა უწყვეტმა ტალღებმა დანთქას ბოროტების უფსკრულში.
ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აღიწერა ასე დაწვრილებით ამაღლებულ კაცთა
მოღვაწეობა, რომ შთამომავლებმაც მათ მიბაძონ და წარჩინებულთა მსგავსად
ისინიც კეთილისაკენ წარემართონ.
იკითხავს ვინმე: “თუკი არც ქალდეველი ვარ, როგორც აბრაამი, არვ ეგვიპტის
ასულს აღვუზრდივარ, როგორც მოსე, თუკი არც სხვა რამ ცხოვრებისეული ნიშნით
ვემსგავსები ჩემს წინაპრებს, როგორღა შევძლებ ჩემი თავი მათსავე მწყობრს
შევუერთო? მათი ყოფა ხომ იმ ზომამდე უცხოა ჩემთვის, რომ ერთმანეთს არაფრით
ვგავართ!”
პასუხად ვიტყვით: ქალდეველობა, არც ბოროტებად მიგვაჩნია და არც სიკეთედ;
ასევე, ვფიქრობთ, არც ეგვიპტეში მკვიდრობა ანდა ბაბილონში ცხოვრება
წაართმევს ვინმეს სათნოებას, არც მხოლოდ იუდეაში შეიცნობენ ღმერთს
ღირსეულები; არც სიონია, პირდაპირი აზრით, ღვთის სამყოფელი. უფრო გამჭრიახი
გონება და უფრო მახვილი თვალი ისტორიულ თხრობაში იმას განჭვრეტს,
სინამდვილეში რომელ ქალდეველსა და ეგვიპტელს უნდა განვერიდოთ ან კიდევ
ბაბილონელთა რომელი მონობისაგან უნდა დავიხსნათ თავი, რომ მივაღწიოთ ნეტარ
ცხოვრებას.
ამგვარი ცხოვრების ნიმუშად მოსეს წარმოგიდგენთ. ჯერ მოკლედ გადმოგცემთ
მის ყოფას, როგორც ეს საღვთო წერილისაგან ვისწავლეთ, შემდეგ კი ისტორიული
თხრობის შესატყვის სულიერ აზრს გამოვიკვლევთ და ამ გზით სათნოების
შესახებაც მოგცემთ რჩევას, აგრეთვე იმის შეცნობასაც ვეცდებით, თუ რას
გულისხმობს ადამიანისათვის მისაწვდომი სრულქმნილი ცხოვრება.
***
გადმოგვცემენ, რომ იმ დროს, როდესაც მოსე იშვა, ტირანის ბრძანებით ნაშობი ყრმების ცოცხლად დატოვება აკრძალული იყო. ამბობენ, აგრეთვე, რომ მოსეს დაბადებიდანვე მიემადლა ყველა ის ღირსება, რამაც შემდეგში იჩინა თავი. როდესაც მშობლებმა სახვევები გახსნეს, ისეთი ნატიფი ჩვილი იხილეს, რომ ვეღარ იუფლეს მისი მოკვლა. მართალია, ტირანის შიშით მდინარეს მისცეს მათ ახალშობილი, მაგრამ შიშვლად კი არ გადააგდეს ნილოსოს ტალღებში, არამედ ყუთში ჩასვეს, რომლის სამაგრებიც გუდრონითა და ფისით იყო შემტკიცებული (ასე მოგვითხრობენ ისინი, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს მოსეს ცხოვრება).
ყუთი, რომელსაც საღვთო ძალა მართავდა, ნაპირის დამრეც კიდეს შეეყუდრა,
შემდეგ კი მდინარის ტალღებით თავისთავად გარიყა ხმელეთზე. სწორედ ამ დროს
სანაპირო ბაღში მეფის ასული იყო მისული, რომელიც იქვე გამორიყულ ყუთს
წააწყდა და დაეპატრონა. ყუთიდან ჩვილი მოსე ხმობდა. როდესაც მეფის ასულმა
მადლფენილი ახალშობილი იხილა, მაშინვე შეიყვარა იგი და იშვილა კიდეც,
მაგრამ მოსემ არ ითვისა უცხო ძუძუ; ნათესავების ხელშეწყობით მაინც მშობლის
რძით გამოიკვება იგი.
მეფურად აღზრდილი ყრმა გარეშე მოძღვრებაშიც განისწავლა, მაგრამ შემდეგში
აღარ ირჩია მან ეს მოძღვრება, რომელსაც ისევ გარეშენი ადიდებენ.
განმწვისებულმა მოსემ აღარც დედობილი მიიღო ნამდვილ დედად. სისხლით
ნათესავებისაკენ გაეშურა იგი და თავისი ტომის ხალხში გაერია. როდესაც
ებრაელსა და ეგვიპტელს შორის ბრძოლა გაჩაღდა, მოსე ნათესავს მიემხრო და
მოკლა უცხოთესლი, მაგრამ როცა ორი ებრაელი შეეჭიდა ერთმანეთს, მათ
დაწყნარებას შეეცადა მოსე და ასე ურჩია მოქიშპეებს: უთანხმოების დროს ძმათა
შორის ბუნება უნდა იყოს შუამდგომელი და არა გულისწყრომა. ერთმა მათგანმა
ამის გამო უსამართლოდ განდევნა იგი, მაგრამ განცდილმა წყენამ უმჯობესი
სიბრძნისაკენ უწინამძღვრა მოსეს, რადგანაც ამიერიდან მრავალთა კრებულს
განერიდა იგი და განმარტოებით დაემკვიდრა. სწორედ მაშინ დაუმოყვრდა მოსე
ვიღაც უცხოთესლს, რომელსაც შეეძლო როგორც უკეთურის განჭვრეტა, ასევე
გარჩევა ადამიანთა ჩვეულებებისა და მათი ყოფა-ცხოვრებისა. ეს კაცი მხოლოდ
ერთი ნამოქმედარის გზით ჩაწვდა ჭაბუკის მთელ სათნოებას (ვგულისხმობ
მწყემსებზე თავდასხმას), მიხვდა, რომ მოსემ თავის სასარგებლოდ როდი დაიცვა
სიმართლე, თავისთვის როდი შეებრძოლა მწყემსებს, რომლებსაც მის წინაშე ბრალი
არ მიუძღოდათ, არამედ ბუნებით იყო იგი სამართლიანი. გაუკვირდა უცხო კაცს
ჭაბუკის ამგვარი მოქმედება, ძვირფას განძზე უპატიოსნესად შერაცხა გარეგნულ
სიმწირეში დამალული სათნოება და თავისი ასული მიათხოვა მას, თანაც ნება
დართო, მისთვის სასურველსა და საწადელ ცხოვრებას მიჰყოლოდა.
ასე ცხოვრობდა მოსე მთაში განმარტოებით, თავყრილობათა მღელვარებას გარიდებული და უდაბურ განდეგილობაში ცხვარზე მზრუნველი.
ამგვარ ყოფაში გავიდა დრო. ერთხელ, როგორც გვაუწყებს ისტორია, საშინელი
ღვთისჩინება იხილა მოსემ. ზუსტად შუადღით მზიურ ნათელზე უბრწყინვალესმა
შუქმა გაუელვა თვალებში. უცხო სახილველით გაცბუნებულმა ყრმამ მთას ახედა და
თვალი ჰკიდა ცეცხლოვან ბუჩქს, რომლისგანაც ალი გამოკრთებოდა. ბუჩქის
რტოები ცეცხლში ისე ყვაოდა, თითქოს ნამით იყო დაცვარული. თავის თავს უთხრა
მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიად სანახაობას! ამის თქმა იყო და, ცეცხლოვანმა
სხივებმა არა მარტო ჭაბუკის თვალები აავსეს საკვირველი შუქით, არამედ, რაც
ყველაზე უჩვეულოა, მისი ყურებიც ააკამკამეს. ორივე გრძნობის ორგანოს
გაუნაწილდა სინათლის მადლი, - თვალები სხივთა ციმციმმა გააბრწყინა, ყურები
კი უხრწნელმა მოძღვრებამ გაანათლა. ხმა გამოსცა სინათლემ და მთაზე ასვლა
აუკრძალა მოსეს, რადგანაც ამძიმებდა მას მკვდარი ფეხსაცმელი. მოსემაც
შეიხსნა ისინი და მხოლოდ შემდეგ შეახო ფეხი იმ მიწას, რომელსაც საღვთო შუქი
ანათებდა.
ვფიქრობ არ არის საჭირო წვრილად მოგითხროთ ყველაფერი, რადგანაც ამით ჩვენს მიერ დასახულ მიზანს ვშორდებით.
საღვთო გამოცხადების გზით მოსეს ებრძანა, რომ ეგვიპტელთა მონობიდან
გამოეხსნა მისი ერი. უბრალო ცდამ უზენაესი ბრძანებისადმი რწმენა შესძინა
მოსეს და თანაც უკეთ შეაცნობინა თვით მასში ჩანერგილი საღვთო ძალა. ცდა კი
ასეთი იყო: როდესაც მოსემ კვერთხი გააგდო ხელიდან, ხეს სული ჩაედგა და
ცხოველად გარდაიქმნა (გველი იყო ეს ცხოველი). შემდეგ, როდესაც შეიპყრო მან
გველი, ცხოველი კვლავ კვერთხად იქცა. კიდევ, როდესაც სიღრმეში შეყოფილი
ხელი გამოიღო მოსემ, კანი თოვლივით გათეთრდა, მაგრამ როცა უკანვე შეიყო,
ხელს ისევ დაუბრუნდა პირვანდელი ფერი.
ამის შემდეგ მოსემ თან წაიყვანა უცხო ტომის ცოლი, მასთან შეძენილი
შვილები და ეგვიპტეში ჩავიდა. როგორც გადმოგვცემენ, სწორედ მაშინ შეხვდა
მათ ანგელოზი; სიკვდილით ემუქრებოდა იგი მოსეს, მაგრამ მოსეს ცოლმა
წინადასცვითა თავის ძეს და ბავშვის სისხლით ანგელოზს გული მოულბო. შემდეგ
Aაარონს შეხვდა მოსე, რომელსაც, ასევე, ღმერთი უწინამძღვრებდა.
მოსემ და აარონმა ერთად შეკრიბეს ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელები და
მძიმე შრომით გატანჯულებს მონობიდან გათავისუფლების შესახებ ამცნეს.
ტირანთანაც ისაუბრეს მათ, მაგრამ ამ ამბის გამო ეგვიპტის მეფე ადრინდელზე
უფრო განურისხდა ებრაელებს და მათი შრომის ზედამხედველებსაც. აგურის
სამუშაოები კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიცა გაცილებით მკაცრი კანონი, რომელიც
თიხის ზელასთან ერთად ჩალისა და ნამჯის მოპოვებასაც აკისრებდა მათ.
მოსემ და აარონმა ღვთის შემწეობით სასწაულები აღასრულეს, მაგრამ
ეგვიპტის ტირანმა, რომელსაც ფარაონს უწოდებდნენ, მსახვრალთა გრძნეულება
დაუპირისპირა მათ: როდესაც მოსემ ეგვიპტელების თვალწინ კვერთხი ცხოველად
აქცია, მოჩვენებითი გრძნეულების გზით იგივე სასწაული აღსრულდა მოგვთა
კვერთხებზეც, მაგრამ მაშინვე გაცხადდა მათი სიყალბე, რადგანაც გველად
ქცეულმა მოსეს კვერთხმა გრძნეულთა ხელჯოხები (თითქოს გველები) ერთიანად
შთანთქა. ამით ნათელი გახდა, რომ მსახვრალთა კვერთხებს არ ჰქონდათ
არავითარი თავდაცვითი და სასიცოცხლო ძალა, გარდა მოჩვენებითობისა, რითაც
გრძნეულება მხოლოდ გულუბრყვილოებს თუ აცთუნებდა.
მიხვდა მოსე, რომ უკლებლივ ყველა ქვეშევრდომი თანამზრახველი იყო მათი
ბოროტი წინამძღვრისა და ამიტომ ეგვიპტელ ხალხს საერთო ჭირი მოუვლინა;
ვერავინ გაექცა მკაცრ განსაცდელს.
ეგვიპტელების წინააღმდეგ ბრძოლაში, მორჩილი მხედრობის მსგავსად, მოსეს
გვერდში ედგა ყველგან ხილული არსთა პირველსაფუძვლები: მიწა, წყალი, ჰაერი
და ცეცხლი, რომლებიც კაცთა ნებისამებრ იცვლიდნენ სახე. საღვთო ძალამ მათი
გზით ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე დამნაშავეები დასაჯა, ხოლო უცოდველნი
უვნებლად დატოვა.
მოსეს ბრძანებით, მთელ ეგვიპტეში წყალთა ბუნება სისხლად იქცა, ისე რომ,
გამკვრივებელ და გასქელებულ წყალში თევზებიც დაწყდა. მხოლოდ ებრაელთაგან
მოპოვებული წყალი არ იყო სისხლი, მაგრამ ეგვიპტელმა გრძნეულებმა მარჯვე
ჟამი ჰპოვეს და ეს წყალიც სისხლის ფერს მიამსგავსეს.
ამის შემდეგ ეგვიპტის მიწას დაუყოვნებლივ მოეფინა ბაყაყები, მაგრამ მათი
ჯიშის ასეთი გამრავლება ბუნებრივი წესით არ მომხდარა. ბაყაყთა მოდგმის
ახალი სახეობის დაბადება იმავე საღვთო ბრძანებამ აღასრულა. ცხოველებმა
მთელი ეგვიპტე სახლებში შეამწყვდიეს და ამოწყვიტეს, ხოლო ებრაელები კვლავ
უვნებლად გადარჩნენ.
ასევე, როდესაც ეგვიპტელებს დღე-ღამის გარჩევა მოესპოთ და ჰაერმა
მუდმივი წყვდიადით მოიცვა ისინი, ებრაელებისათვის მაშინაც არაფერი
შეცვლილა.
მომდევნო სასწაულებმაც, - სეტყვამ და ცეცხლმა, კოღოებმა და ქინქლებმა,
მუმლებმა და კალიებმა მათი ბუნების შესაფერისად ავნეს ეგვიპტელებს;
ებრაელები თანამცხოვრებთა უბედურებების შესახებ მხოლოდ მითქმა-მოთქმითა და
სხვათა გადმოცემით იგებდნენ, თვით მათ კი არაფერი გასჭირვებიათ.
პირმშოთა გაწყვეტამ უფრო აშკარად გამოარჩია ეგვიპტელებისაგან ებრაელები.
თუ ეგვიპტელები უსაყვარლესი შვილების ამოწყვეტას გლოვობდნენ, ებრაელები
ისევ ისე მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობდნენ. სისხლის პკურებამ იხსნა
ისინი, რადგანაც მათ სახლებზე კარის წირთხლი და ზემო ზღუდარი სისხლით იყო
მონიშნული.
სწორედ იმ დროს, როცა ეგვიპტელებს პირმშოთა უბედურებამ თავზარი დასცა და
ყოველი მათგანი განმარტოებით თუ სხვებთან ერთად სიმწრით გოდებდა, მოსე
ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას წარუძღვა წინ; ადრევე გააფრთხილა მან
ყველა მათგანი, რომ დროებითი სარგებლობის საბაბით ეგვიპტელთა სიმდიდრეც თან
წამოეღოთ.
ისტორია მოგვითხრობს: სამი დღის შემდეგ ფარაონმა ინანა, რომ აღარ ჰყავდა
მონობაში ებრაელები. ყველა ქვეშევრდომი საომრად აღჭურვა მან და ცხენოსანთა
მხედრიონით უკან გამოუდგა ისრაელს. ებრაელებს არც ომი ენახათ და არც
ბრძოლებში იყვნენ გამოწრთობილნი. ამიტომ, როცა აღჭურვილი ცხენოსნები
იხილეს, თავზარი დაეცათ და მოსეს აუჯანყდნენ. თვით მოსეს შესახებ ისტორია
გადმოგვცემს, რომ ასეთ დროს ორმაგი ძალა მოიკრიბა მან. ერთი მხრივ,
სიტყვითა და შეძახილებით გაამხნევა ისრაელები და უკეთესის მოლოდინი
შთააგონა ერს, მეორე მხრივ კი შინაგანდ ღმერთს მიაპყრო გონების თვალი და
სასოწარკვეთილთა შეწყალებას ევედრა მას. ზეციდან ემცნო, თუ რა გზით დაეძლია
საფრთხე (როგორც ისტორია ამბობს, თვით ღვთის უხმო ძახილს ისმენდა მოსე).
საღვთო ძალამ ისრაელს ღრუბელი მოუვლინა წინამძღვრად, რომელიც ჩვეულებრივი
ღრუბელი როდი იყო. ნისლით და ორთქლით არ შექმნილა იგი (თუმცა ღრუბელი
სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ნისლის მსგავსად შესქელდება აორთქლებული ჰაერი
და ქარები ერთად შეამკვრივებს მას). ადამიანის გონებაზე აღმატებულია და
ამაღლებული მისი ბუნება.
საღვთო წერილი სწამებს, რომ საკვირველებას ახდენდა ეს ღრუბელი: როდესაც
მზე დააცხუნებდა, ზემოდან ფარავდა იგი ებრაელებს, ჩრდილავდა მათ და წვრილი
ნამით ჰაერის სიმხურვალეს აგრილებდა; ღამით ცეცხლად იქცეოდა ღრუბელი და
მისი სინათლე მწუხრიდან ცისკრამდე ლამპარივით[1] უშუქებდა ისრაელის გზას.
სწორედ ამ ღრუბელს ჭვრეტდა მოსე; სხვებსაც მოუწოდებდა, უკან შედგომოდნენ
ჩვენებას. როდესაც ისრაელი წითელ ზღვას მიადგა, ღრუბელი კვლავ წინ გაუძღვა
ხალხს. ამ დროს ეგვიპტელების მხედრობა ყოველ მხრივ გარს შემოერტყა
ებრაელებს. ხსნა არსად ჩანდა. ზღვასა და საზარელ მებრძოლებს შორის მოექცნენ
ისნი. მაშინ ყოვლად დაუჯერებელი რამ აღასრულა ღვთივ ძალცემულმა მოსემ:
ნაპირს მიუახლოვდა იგი და ზღვას კვერთხი დასცა. გაირღვა წყალი და როგორც
შუაში, რომელსაც თუკი ერთ მხარეს ბზარი გაუჩნდა, მყისვე მეორე კიდემდე
გაიპობა იგი, - ასევე, როცა კვერთხით ერთ მხარეს გაიპო ზღვა, მაშინვე
მოპირდაპირე ნაპირამდე გაწვდა ნაპრალი. მთელ ხალხთან ერთად ჩავიდა მოსე
სიღრმეში, იქ, სადაც ზღვა გაირღვა. მზით გამომხმარი მიწა დახვადთ ქვევით.
ფეხით განვლეს ზღვის მშრალი ფსკერი ებრაელებმა და არ შეუშინდნენ ზღუდეებად
გარსმომდგარ ტალღებს; ორივე მხრიდან კედლებივით შემკვრივდა მათზე ზღვის
წყალი; ხოლო როდესაც ფარაონი და ეგვიპტელები ჩაყვნენ ახლადგაჭრილ ბილიკს,
ისევ შეერთდა წყალი; ძველებურად აიტალღა ზღვა, მისი ზედაპირი და საწიერი
კვლავ გამთლიანდა. ამ დროს ებრაელები უკვე მეორე ნაპირზე იყვნენ და მძიმე
და ხანგრძლივი მგზავრობისაგან ისვენებდნენ.
გამარჯვების სადიდებელი უგალობა ერმა უფალს, რომელმაც სისხლდაუღვრელად
მიმადლა მას ძლევა მტრისა და ეგვიპტელების მთელი მხედრობა ეტლებითა და
საჭურველით დანთქა წყალში.
მოსემ განაგრძო წინსვლა. სამი დღის უწყლოდ მგზავრობის შემდეგ ძლიერ
მოსწყურდათ ებრაელებს; აღარ იცოდა მოსემ, რა ეღონა. ამასობაში ტბა ნახეს
მათ და ტბასთანვე დაბანაკდნენ; თუმცა ეს იყო იგივე ზღვის წყალი და მასზე
უმწარესიც. წყლის სიახლოვეს მეტისმტად გაუმძაფრდათ ებრაელებს წყურვილი.
მაშინ ღვთის ხმა ისმინა მოსემ, იქვე დაგდებულ ჯოხს დაწვდა და ტბაში ჩაჰყო.
მყისვე სასმელ წყლად გარდაიქმნა იგი. ასე შეცვალა ხეში ჩანერგილმა ძალამ
წყლის სიმწარე სიტკბოებად.
ღრუბელი კვლავ წინ მიიწევდა. ებრაელებიც უკან მიყვებოდნენ მათ მეგზურს.
მხოლოდ მაშინ ჩაიმუხლებდნენ, როდესაც ღრუბელი თვით შედგებოდა და ამით
შესვენების ნიშანს მისცემდა მათ; შემდეგ კვლავ წამოიშლებოდნენ და საითაც
ღრუბელი უწინამძღვრებდა, ისინიც იქეთ გაემართებოდნენ.
მეგზურს მიდევნებულმა ისრაელმა ისეთ ადგილს მიაღწია, სადაც სასმელი
წყალი ამოჩქეფდა: თორმეტი მდინარე უშურველად რწყავდა ამ ადგილს, ხოლო
ფინიკების ხეივანი გარშემო ჩრდილს ჰფენდა. თუმცა სულ სამოცდაათი ფინიკი
იყო, მაგრამ ეს მცირე რაოდენობაც დიდად აცვიფრებდა მათ მხილველებს,
რადგანაც გამოირჩეოდნენ ისინი სიმაღლითა და მშვენიერებით.
შემდეგ მეგზური ღრუბელი კვლავ ამოძრავდა და ახლა სხვა ადგილისაკენ
წარუძღვა ისრაელს. უდაბური იყო ეს მხარე, მშრალი და გამომწვარი ქვიშით
სავსე. მცირედი სისველეც არ ალბობდა მიწას. ისევ შეაწუხა წყურვილმა
ებრაელები. იქვე აღმართულ კლდეს კვერთხი დაჰკრა მოსემ და გადმოსკდა
სასმელად გემრიელი წყალი, რამაც დაარწყულა ამდენი ხალხი.
ამ დროს საჭმელიც დაელიათ მათ, რაც კი ეგვიპტიდან საგზლად თან წამოეღოთ.
როდესაც შიმშილმა გატანჯა ერი, კვლავ აღსრულდა ყოვლად დაუჯერებელი
სასწაული: არათუ მიწამ აღმოუცენა მათ საკვები, როგორც ეს საერთოდ ხდება,
არამედ ცვარივით გადმოეღვარათ იგი ციდან. განთიადისას გადმოესხურა ცვარი და
საზრდოდ ებოძა დამშეულებს. თუმცა ცვარი, ჩვეულებრივ, იგივე წყლის
წვეთებია, მაგრამ ის, რაც ამჟამად ცით მოევლინა, სხვა რამ იყო, -
გამჭვირვალე, მსხვილი მარცვლები, კორიანდრის თესლივით მრგვალნი, რომლებიც
გემოთი თაფლის სიტკბოებას მიიაგავდნენ.
ამ სასწაულთან ერთად სხვაც იხილა ისრაელმა. საზრდოს შესაკრებად გასული
ებრაელები თუმცა სხვადასხვა ასაკისა და შეძლებისანი იყვნენ, მაგრამ არც
არავის ზედმეტი მოუხვეჭია, არც არავინ დარჩენილა ნაკლულად. ყველას წილი,
საჭიროების მიხედვით, ზუსტად იყო განსაზღვრული. არც ძლიერი იღებდა მეტს,
არც უძლური აკლდებოდა თავის არჩივს.
სხვა სასწაულსაც მოგვითხრობს ისტორია: ებრაელები მხოლოდ დღიურ სარჩოს
აგროვებდნენ და არაფერს ინახავდნენ მომდევნო დღისთვის, ხოლო თუკი ვინმე,
ზედმეტად ხელმოჭერილი, შემდეგისთვისაც მოიმარაგებდა საზრდოს ნაწილს,
გადადებული სარჩო უთუოდ გაუფუჭდებოდა და მატლებით აევსებოდა.
ზემოთქმულს კიდევ ერთი უჩვეულო ამბავი უნდა დაერთოს: რაღაც საიდუმლო
განზრახვით, კვირის შვიდეულიდან ერთი უფალმა უქმე დღედ გამოარჩია, ამასთან,
თუმცა უქმობის წინა დღეს იმდენივე საზრდო იღვრებოდა ციდან, რამდენიც
დანარჩენ დღეებში, და შემკრებთ გულმოდგინებაც კვლავ იგივე იყო, მოპოვებული
სარჩო, მაინც, ჩვეულებრივ რაოდენობას ორჯერ აღემატებოდა; ეს კი იმიტომ
ხდებოდა, რომ ებრაელებს სარჩოს ნაკლებობის მიზეზით უქმობის კანონი არ
დაერღვიათ. საღვთო ძლიერება სწორედ აქ გამოვლინდა: თუკი სხვა დღეებში
ზედმეტი სარჩო აუცილებლად ფუჭდებოდა, უქმობის, ანუ როგორც მას უწოდებენ,
შაბათის წინა დღეს დაგროვებული მარაგი კვლავაც უცვლელად ინახებოდა და
ოდნავადაც არ კარგავდა პირვანდელ სინედლეს.
შემდეგ, უცხო ერთან ბრძოლაში ჩაება ისრაელი. საღვთო წერილი ამალეკს
უწოდებს ებრაელებთან მორკინალ ტომს. მაშინ პირველად აღიჭურვა საომრად
ისრაელი, მაგრამ არა მთელი ხალხი, არამედ – მხოლოდ ღირსეულები. რჩეული
მხედრობა მტერს შეეგება და შეებრძოლა. მხედართმთავრობის ახალი სახე აჩვენა
მოსემ: როდესაც იესუ,[2] მოსეს შემდეგ წინამძღვარი ერისა,
თავისი მხედრობით ამალეკებისაკენ დაიძრა, თავად მოსემ ერთი ბორცვი შეარჩია
სამეთვალყურეოდ და ცას მიაპყრო მზერა. ორი ახლობელი აქეთ-იქიდან გვერდში
ედგა მას. ისტორიიდან გვსმენია, რომ ასეთი სასწაული ხდებოდა მაშინ: როდესაც
მოსე მაღლა ასწევდა ხელებს, ძლიერდებოდნენ ებრაელები, ხოლო როდესაც დაბლა
დახრიდა, მტერი ჯაბნიდა მათ. მიხვდნენ ამას იქვე მყოფი ახლობლები და ქვეშ
შეუდგნენ მოსეს მკლავებს, რომლებიც რაღაც ფარული მიზეზის გამო დამძიმებულ
იყვნენ და საძრაობა წართმედოათ. ვეღარც ახლობლებმა ზიდეს ფეხზე მდაგარი
მოსე, ამიტომ ქვა დაუდეს მას საჯდომად, მკლავები კვლავ ცისკენ აუპყრეს და
ასე შეამაგრეს. ამის შემდეგ ისრაელმა დასძლია მტერი.
ღრუბელი, რომელიც აქამდე მეგზურობდა ერს, წინ აღარ დაძრულა და რადგანაც
ებრაელებს შემდგომი მგზავრობისათვის წინამძღოლი უკვე აღარ ყავდათ, ისინიც
ღრუბელთან შეჩერდნენ.
ასე მოიპოვა ისრაელმა უშრომელი და უზრუნველი ცხოვრება: ზემოდან ჰაერი
მზა პურს უწვიმებდა მას, ქვემოდან კლდე აღმოუცენებდა სასმელს, ხოლო ღრუბელი
ღია ცის ქვეშ ისევ ისე ფარავდა მათ, - დღის მხურვალებას კედლად ეღობებოდა
იგი, ღამით კი ცეცხლისებრ ბრწყინავდა და წყვდიადს უნათებდა ებრაელებს.
ბედნიერად ცხოვრობდა მთის ძირას უდაბნოში დამკვიდრებული ისრაელი. სწორედ
ასეთ დროს უსაიდუმლოესი ზიარებისაკენ უწინამძღვრა მას მოსემ. თავად საღვთო
ძალი დაესაიდუმლა ერსაც და ერის წინამძღვარსაც; ენით უთქმელი
საკვირველებები არასრულა მან.
საიდუმლოსთან ზიარება ასეთი სახისა იყო: ემცნო ისრაელს, რომ
განსპეტაკებულიყო იგი ყოველგვარი ხორციელი თუ მშვინვიერი ბიწისგან, და
დაწესებული დროის მანძილზე ქორწინებისაგან წმიდად დაეცვა თავი; მხოლოდ მას
შემდეგ შეძლებდა ერი მთაზე ასვლასა და საიდუმლო განდობის შეწყნარებას,
როდესაც ყოველგვარ გრძნობადსა თუ ხორციელ წადილს ჩამოიბანდა და
ვნებებისაგან განიწმიდებოდა. ხსენებულ მთას სინას უწოდებდნენ. იმ დროს
გონიერთა გარდა არავის ჰქონდა უფლება ამ მთაზე ასვლისა, თანაც გონიერთაგან
მხოლოდ მამაკაცებს, მამაკაცთაგან კი – ყოვლად განწმენდილებს. დიდი
სიფრთხილით იცავდნენ მთას ყველანაირი უწმინდურებისაგან, მაგრამ თუკი ისეთი
ვინმე, რომელიც პირუტყვული ბუნებისა იყო, მაინც შეაბიჯებდა მასზე, ერი ქვით
ჩაქოლავდა თავხედს.
საიდუმლო ზიარების ჟამს ჰაეროვანი შუქის სიწმიდე და გამჭვირვალობა
არმურით დაიბურა და გარემომცველ ნისლში სინას მთაც გაუჩინარდა. არმურიდან
გამომკრთალმა ცეცხლმა კიდევ უფრო საშინელი გახადა სახილველი. ცეცხლი
ყოველმხრივ მოედო მთას; მისმა წრიულმა სრბოლამ ირგვლივ ყველაფერი ააკვამლა
და ალით აღაგზნო.
აღმა აუძღვა მოსე ერს, თუმცა თვითონაც ვერ იყო გულმტკიცე; საშინელი
ხილვით ზარდაცემული სულითა და ხორცით ძრწოდა. არ დაემალათ ებრაელებს მოსეს
სულიერი მღელვარება, თუმცა თვითვე გაუმხილა მათ, რომ შეძრული იყო
სანახაობით და შიშისაგან ტანშიც აზრიალებდა.
საშინელი სახილველი მხოლოდ თვალებს როდი აკრთობდა, სმენასაც მსჭვალავდა
იგი. გამგმირავი ხმა ზემოდან აზანზარებდა მთელ ცისქვეშეთს. ხმის პირველი
ტალღა, - უმძიმესი და გაუსაძლისი, - თითქოს საყვირთა შეძახილს ჰგავდა,
თუმცა სიძლიერითა და გამყივანობით ზეაღემატებოდა ყოველგვარ საყვირს. რაც
უფრო ახლოვდებოდა ეს ხმა, მეტად და მეტად ბგერდა იგი, მეტად და მეტად
საშინელი და თავზარდამცემი ხდებოდა მსმენელთათვის. ხოხისმიერი იყო ეს ხმა.
საღვთო ძალის შემწეობით, სახმო იოგთა გარეშე ხმობდა ჰაერი, თანაც ფუჭად კი
არ მეტყველებდა რამეს, არამედ საღვთო მცნებებს რჯულმდებლობდა. კვლავ და
კვლავ ახლოვდებოდა და ძლიერდებოდა ხმა; თავის თავსაც კი ამეტებდა საღვთო
საყვირის ხმოვანება; ყოველ წინამორბედ ბგერას გამუდმებით ცვლიდა მასზე
უმძლავრესი.
ერი უძლური იყო აეტანა ხილული და სმენილი. ამიტომ, ყველამ ერთობლივად
თხოვა მოსეს, ეშუამდგომლა ღმერთსა და ხალხს შორის, რომ მის მიერ მინიჭებოდა
ისრაელს რჯული. აღთქმა დადეს ებრაელებმა, რომ საღვთო სიტყვად ირწმუნედბენ
ყველაფერს იმას, რასაც ღვთივსწავლული მოსე აუწყებდა მათ. შემდეგ ისევ მთის
ძირს დაუბრუნდა ყველა, მოსემ კი კვლავ უჩვეულო რამ აღასრულა: განმარტოებით
დარჩა იგი მთაზე. თუკი ასეთ დროს სხვები ურთიერთთანადგომით იმხნევებდნენ
თავს, ახლობლებისაგან მარტოდ დარჩენილი მოსე მთაზე გაცილებით გულმტკიცე
აღმოჩნდა. ცხადი გახდა, რომ მისთვის უცხოა შიშის განცდა, წინანდელი
მღელვარება კი სხვა არაფერი უნდა ყოფილიყო, თუ არა თანალმობის სურვილი
ზარდაცემული ერისადმი.
როდესაც მოსემ ტვირთივით ჩამოიხსნა სხვათა სიმხდალე და თავის თავს
დაუბრუნდა, მაშინ არმურსაც შეჰბედა მან, შევიდა უხილავთა შიგნით და
გაუჩინარდა. საღვთო იდუმალგანდობის (ბერნ. ”მისტაგოგია”) შეუვალ სიწმიდეში
შეაღწია მან და თავად უჩინარქმნილი უხილავს ეზიარა იქ. ვფიქრობ, ამით ის
გვასწავლა მოსემ, რომ ღმერთთან თანამყოფობის მსურველი უნდა გაშორდეს
ყოველგვარ ხილულს, უხილავსა და მიუწვდომელისკენ, როგორც მთის წვერისაკენ
გონებით უნდა აღისწრაფოს და ირწმუნოს, რომ ღმრთეება სწორედ იქ იმყოფება,
სადაც ვერ წვდება შემეცნება. ვინც ამას აღასრულებს, საღვთო მცნებებს
მიიღებს იგი ანუ, რაც იგივეა, სათნოებაში განისწავლება; უმთავრესი მცნება,
ესაა ღვთისადმი თაყვანისცემა და საღვთო ბუნების ჯეროვნად შეცნობა ანუ
გაგება იმისა, რომ ღმერთი ზეაღემატება ყოველგვარ შემმეცნებელ აზროვნებასა
და სახეს; ცნობადთაგან არაფერი ემსგავსება მას. ღმრთეების განჭვრეტის ჟამს
უნდა უარვყოთ ყველაფერი, რაც საწვდომია გონების მიერ, რადგანაც შეცნობადი
და აზრისმიერი ყოვლად ზეაღმატებულ ბუნებას ვერ ემსგავსება.
მხოლოდ ღვთის არსებობის რწმენაა შესაძლებელი, მაგრამ ვერავინ ჩაწვდება, როგორ, რამდენად, საიდან ან რა სახით არსებობს იგი.
საღვთო სიტყვა იმასაც გვასწავლის, რა გზით სრულვყოთ ჩვენი ბუნება.
ზოგადი და კერძო მცნებებით გვმოძღვრავს იგი. ზოგადია მცნება იმის შესახებ,
რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი, რითაც ისპობა ყოველგვარი უსამართლობა. თუკი
ამ მცნებას შევითვისებთ, ცხადია, არასოდეს ცუდს არ შევამთხვევთ ჩვენს
ახლობლებს. რაც შეეხება კერძო მცნებებს, მათგან ერთი მშობლების სიყვარულს
გვიბრძანებს, სხვები კი აკრძალულ ცოდვებს ჩამოგვითვლის.
ვინც ამ მცნებათა მიხედვით განიწმედს გონებას, უფრო სრული
იდუმალგანდობისაკენ წარემატება იგი. საღვთო ძალი მთლიანი სახით
გამოუცხადებს მას ზეციურ კარავს.
სწორედ ეს კარავი იხილა მოსემ, რომელიც იგივე ტაძარი იყო. ენით უთქმელი
მრავალფეროვნება ამკობდა მას: წინაბჭეები, სვეტები, ფარდები, ტრაპეზი,
სასანთლე, საგუნდრუკე, საკურთხეველი, განსაწმედელი (ბერნ. ”ჰილასტერიონ”),
აგრეთვე სიწმიდეთა შიგა ნაწილი, რაც შეუვალია და შეუღწეველი. იმისათვის,
რომ დავიწყებას არ მისცემოდა კარავის ნაწილთა ურთიერთშეწყობილი მშვენიერება
და რომ სხვებსაც გაცხადებოდათ ღვთივჩენილი საკვირველება, ამის გამო მოსეს
ემცნო, რომ გარდა წერილობითი აღწერისა, ნივთიერადაც აეგო უნივთო ქმნილების
მსგავსი კარავი და საშენ მასალად ყველაზე უფრო ნათელი და მბრწყინავი
საგნები შეერჩია. ცხადებულ ნიმუშში ჭარბობდა ოქრო, რომელიც წრიულად გარს
ევლებოდა სვეტებს, თუმცა ამავე სვეტების თავებსა და საძირკვლებს ვერცხლი
ამკობდა (ფერში სხვაობას, საფიქრებელია, უკეთ უნდა წარმოეჩინა ოქროს
ელვარება). საკუთრივ ვერცხლის სვეტები თავში და ბოლოში სპილენძით იყო
მოხვეწილი.
რაც შეეხება ფარდებს და საფარვეებს, აგრეთვე, ტაძრის გარსამოსსა და
სვეტებზე გადაფენილ კრეტსაბმელს, თითოეული მათგანი მისთვის შესაფერისი
მასალიდან იყო ხელოვნებით მოქსოვილი. ზოგან ჭარბობდა იაკინთისა და პორფირის
ფერი, საინგურისებრი და ცეცხლოვანი სიწითლე, ბისონის თვითნაბადი ბუნებრივი
ელვარება, ზოგან სელი მოჩანდა, ზოგან კი – ბალნის ქსოვილი. აქა-იქ
მეწამული ფერის ტყავებიც ამშვენებდა კარავს.
ცხადჩენილი ნიმუშის მიხდვით მხოლოდ მთიდან ჩამოსვლის შემდეგ ააგებინა
მოსემ ხუროებს კარავი, მაშინ კი, ხელთუქმნელ ტაძარში მყოფი იმის შესახებ
იღებდა რჯულდებას, რა სამკაულებით უნდა მორთულიყო მღვდელი, როდესაც იგი
შეუვალთა შიგნით შევიდოდა. საღვთო სიტყვამ დაწვრილებით ამცნო მას შიგა და
გარე სამოსის შესახებ.
შესამოსელთა რიგი იწყებოდა არა შიგნიდან, არამედ გარედან. ნაირგვარი და
მრავალფეროვანი სამხრეები იმავე ძაფებით იყო ნაქსოვი, რითაც ფარდები, თუმცა
ამჯერად ქსოვილში ოქროს ძაფი ჭარბობდა. კარშიკები[3] ორივე მხარეს კრავდნენ სამხრეებზე მოთავსებულ სმარაგდებს[4]
და წრიულად იყვნენ ჩასმულნი. ქვებს სამკაულად ჰქონდათ ბუნებრივი ელვარება:
მწვანე სხივებს აბრწყინებდნენ ისინი. ხელოვნებას, თავის მხრივ,
საკვირველად მოეჩუქურთმებინა ქვები, თუმცა ეს ჩუქურთმები არაფრით ჰგავდა
ამოკვეთილ გამოსახულებებს. სამკაული, რომელიც ხელოვნებას მიეცა მათთვის,
ექვსი პატრიარქის სახელი იყო (თითო ქვაზე თითო სახელი იყო ამოტვიფრული).
ქვების ბუდეები სამხრეებს წინ ჰქონდა მოკილი, ბუდეებიდან კი, კარშიკების
ორივე მხარეს, ქვევით ეშვებოდნენ ურთიერთშეთხზული ძეწკვები, რომლებიც
ქსელისებრ შეწყობილი მონაცვლეობით ჩამოწნულიყვნენ. ვფიქრობ, ქვემო ნაწილთა
ნათებას უფრო მეტად უნდა გაებრწინებინა დაწნულ ძეწკვთა შემკულობა.
ოქროთხზული მშვენიერება, რომელიც მკერდს ეფინებოდა, შედგებოდა სხვადახვა
ქვისაგან. მათი რაოდენობა პატრიარქთა რიცხვს თანხვდებოდა. ეს ქვები ოთხ
მწკრივად იყო გაწყობილი. თითო მწკრივი სამ ქვას შეიცავდა. მათზე
ამოტვიფრული იყო ტომთა მამამთავრების სახელები.
სამხრეების შიგა პერანგი, რომელიც კისრიდან ფეხს წვერებამდე წვდებოდა,
ჩამოშვებულ ფოჩებს დაემშვენებინა. ქვედა არშია მრავალფერად იყო მოქსოვილი
და მორთული. ოქროვანი ნაკიდურებიც ამკობდა მას. ეს იყო ოქროს ეჟვნები და
ბროწეულები, რომლებიც გვერდიგვერდ გასდევდნენ ქვედა ქობას. თავსაბური მიტრა[5] მთლიანად იაკინთოვანი[6] იყო, ხოლო პეტალი[7], რომელზეც საიდუმლო გამოსახულება ამოეკვეთათ, მხოლოდ წმიდა ოქროს შეიცავდა. ჩამოშლილ სამოსს სარტყელი კრავდა.
სამოსელის ყველა ეს სახე, დაფარულ ნაწილთა შემკულობასთან ერთად, იგავურად გვაუწყებდა სამღვდელო სათნოების შესახებ.
ასე განაბრძნო საღვთო იდუმალგანდობამ წყვდიადით გარემოცული მოსე. საიდუმლოსწავლთა შეძენით საკუთარ თავს წარემატა იგი.[8]
როდესაც მოსემ არმურიდან გამოაღწია, კვლავ თავის ხალხთან ჩამოვიდა იგი,
რომ სხვებიც ეზიარებინა ღვთისჩინების ჟამს მისთვის ცხადჩენილ სასწაულებთან,
თანაც რჯული განეჩინა ისრაელისათვის და მთაზე ჩვენებული ნიმუშის მიხედვით
ერის სათაყვანო ტაძარი და სიწმიდე აეგო. წმიდა ფიცრები მოჰქონდა მას ხელით.
ღვთივშექმნილი იყო ეს ფიცრები და ღვთივბოძებული. ადმაიანს არ უშრომია
მათთვის. ღმერთს შეენივთებინა ისინი და სიტყვებიც მასვე ამოეტვიფრა. ეს
სიტყვები თავად რჯული იყო. მაგრამ ერმა დააბრკოლა მადლი. ღჯულმდებლის
არყოფნაში მეკერპეობას შეუდგა იგი.
როდესაც მოსე საღვთო მესაიდუმლოების ჟამს ხანგრძლივად ემეტყველებოდა
ღმერთს და ორმოცი დღე-ღამე წყვდიადით მოცული უკვდავ ცხოვრებას ეზიარებოდა
(ბუნების[9] გარეთაც გავიდა იგი, რადგანაც ამ დროის
მანძილზე მისი სხეული აღარ ითხოვდა საზრდოს), სწორედ მაშინ ისრაელი,
მსგავსად იმ ბავშვისა, რომელსაც აღმზრდელის თვალი მოაკლდა, დაუოკებელი
ჟინით მიეცა უწესრიგობას; აარონის ირგვლივ შემოკრბენ ებრაელები და აიძულეს
მღვდელი, კერპთაყვანისმცემლობისაკენ ეწინამძღვრა მათთვის, შემდეგ ოქროსაგან
კერპიც შეიქმნა (ხბო იყო ეს კერპი) და ისრაელებმაც განიხარეს უღვთოებაში.
როდესაც მოსემ ამ ყოფაში იხილა ისინი, მყისვე დაამსხვრია ღვთივბოძებული
ფიცრები, რითაც ზეციური მადლი მოაკლო ებრაელებს და შეცოდების წილ ჯეროვანი
სასჯელი მიაგო მათ.
ლევიტელთა შემწეობით ერის ცოდვები ერის სისხლითვე განწმინდა მოსემ,
მოსპო კერპი და ამ გზთ ცოდვილთა მიმართ ღვთის მრისხანებაც დააცხრო. შემდეგ,
ისევ ორმოცი დღე დაჰყო მან მთაზე და ახლად მოიგო ღვთივდაწერილი ფიცრები,
თუმცა ფიცრები ამჯერად მოსეს ხელს შეექმნა. ამჯერადაც, ორმოცი დღის
მანძილზე, კვლავ გაშორებოდა იგი ადამიანურ ბუნებას, რაღაც უცხო და უჩვეულო
წესით ცხოვრობდა და მისი სხეული საზრდოდ არაფერს იღებდა ისეთს, რაც
საზოგადოდ ჩვენი ბუნების უძლურებას სიმტკიცეს აძლევს.
შემდეგ კარავიც აღმართა მოსემ, კანონები განაჩინა ერისათვის და
ღვთივბოძებული მოძღვრების მიხედვით სიწმიდეც დაუწესა მას. სწორდ საღვთო
სწავლების კვალზე ააგო მან ნივთიერი კარავი, მისი წინკარი და შიგა
ნაწილები: საგუნდრუკე, საკურთხეველი, სასანთლე, ფარდები, აგრეთვე, შეუვალთა
შიგნით მდებარე განსაწმედელი. მანვე ჯეროვნად განაწესა სიწმიდის მთელი
შემკულობა, მირონი, შესაწირავ მსხვერპლთა ნაირგვარობა: მსხვერპლი
განწმენდისა, სამადლობელისა, ბოროტთა განშორებისა, ცოდვათა მიტევებისა.
როდესაც ყოველივე ეს აღასრულა მოსემ, შური აღეძრათ მის ახლობლებს. ეს
სენი იმდენად ძირეულია ადამიანური ბუნებისათვის, რომ თვით აარონმა,
სიწმიდის ღირსებათა მიერ პატივდებულმა, აგრეთვე, მარიამმა, მისმა დამ,
რომელსაც წმინდა ქალური შურით შურდა ძმაზე ღვთივგადმოსული დიდება, - სწორედ
ღვარძლიანი სიტყვები აკადრეს მოსეს, რის გამოც ღმერთმა დასაჯა ისინი. ასეთ
დროს უფრო მეტი საკვირველების ღირსად გამოჩნდა მოსე: სულგრძელებით დაიოკა
მან მრისხანება და ბუნებრივი გრძნობით აღძრულმა თავისი და შეავედრა ღმერთს,
თუმცა თავად ღმერთი მოშურნე ქალის დასჯას განიზრახავდა.
ერის სიმრავლე შემდეგში კვლავ გადაცდა უწესრიგობისაკენ. ახალი შეცოდების
მიზეზად იქცა მუცლის სიამოვნებათა უზომო მოთხოვნილება, რასაც ვერ
აკმაყოფილებდა ვერც ცითმოვლენილი საზრდო, ვერც მისგან მონიჭებული სიმრთელე
და უზრუნველობა. ხორცისადმი გულისთქმამ, მისი ჭამის სურვილმა თვით ეგვიპტის
მონური ცხოვრებაც კი ამჟამინდელ კეთილდღეობაზე უმჯობესად წარმოუსახა მათ.
ახლად თავდატეხილი ჭირის შესახებ მოსე ღმერთს ევედრა რჩევას. ღმერთმა
დამოძღვრა, რომ საფრთხის დასაძლევად ერის წადილის აღსრულება იყო საჭირო.
ამის შემდეგ ღრუბელივით მოედო ბანაკს ურიცხვ ფრინველთა გუნდები, რომლებიც
მიწასთან ახლოს დაფრინავდნენ და ამის გამო ადვილად ინადირებდა მათ კაცი.
მოყირჭებამდე ჭამეს ებრაელებმა ხორცი, მაგრამ უზომო სიხარბემ მათი
სხეულების შერთულობა გახრწნა და გაათხევადა. გაუმაძღრობამ ბევრს მოუტანა
ავადმყოფობა და სიკვდილი. ამგვარმა შემთხვევამ მათაც ასწავლა ჭკუა და მათი
უბედურების მხილველებსაც.
როდესაც ერი უდაბნოში მიდიოდა, კვლავ შემოაკლდათ ებრაელებს წყალი.
მეხსიერებაც მოაკლდათ მათ და ამიტომაც არ ირწმუნეს, რომ საღვთო ძალი,
რომელმაც ცოტა ხსნის წინათ სასწაული მოახდინა კლდეზე, ამჯერადაც არ
გაუწყვეტდა მათ ცხოვრების სახსარს. კვლავ განუდგნენ ისინი მაცოცხლებელ
სასოებას და ყვედრებით აავსეს ღმერთიცა და მოსეც. ერის ურწმუნოებამ თითქოს
მოსეც დაიმორჩილა, მაგრამ კვლავ სასწაულმოქმედად გამოჩნდა იგი და ცაში
აჭრილი კლდიდან ადრინდელივით გადმოადინა წყალი.
მუცლის სიამოვნებათა მონობამ იმდენად გააცხოველა ებრაელთა სიხარბე, რომ
თუმცა ცხოვრებისათვის არავის არფერი აკლდა, მაინც ეგვიპტის მაძღარი ყოფა
ეზმანეობდა ყველას, მათ შორის, თავაწყვეტილ ახალგაზრდებსაც. ასეთი
უმადურები უმკაცრესად განისწავლენ, რადგანაც შხამიანმა გველებმა
სასიკვდილოდ დაკბინეს ისინი. როდესაც ზედიზედ მოკვდა ბევრი, ღვთის რჩევა
ისმინა მოსემ, გველი ჩამოასხა სპილენძისაგან და ისე აამაღლა იგი, რომ
ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. ამ გზით შეაჩერა მოსემ ერის
სიკვდიალიანობა, ამ გზით იხსნა მან ერი წარწყმედისაგან. ვინც სპილენძის
გველს შეხედავდა, მისთვის საშიში აღარ იყო ნამდვილი გველის ნაკბენი,
რადგანაც ეს შეხედვა რაღაც ფარული უკუქმედებით[10] უვნებელყოფდა შხამს.
ასევე, როდესაც ძალაუფლების მოსაპოვბელად აუმხედრდა ერი თავის
წინამძღვარს და ზოგიერთებმა სიწმიდის მიტაცებაც იძალეს, მოსემ კვლავ ღმერთს
შეავედრა შეცოდებულნი. მაგრამ ამჯერად ღვთის მიერ განჩინებულმა სამართალმა
დათრგუნა მისი თანალმობა ერისადმი. საღვთო განზრახვით გაიპო მიწა და კვლავ
შეერთდა იგი, ნაპრალმა კი თან ჩაიტანა მოსეს გამგებლობის მოქიშპენი. რაც
შეეხება მათ, რომლებიც სიწმიდის მოპოვებისთვის დრტვინავდნენ, ცეცხლში
გამოიწვნენ ისინი (სულ ორას ორმოცდაათი კაცი) დ საკუთარი უბედურებით სხვებს
ჭკუა ასწავლეს.
მოსეს სურვილი იყო უფრო მეტად დაერწმუნებინა ერი, რომ სიწმიდის მადლი
თავად ღვთისაგან ენიჭებოდათ ღირსეულებს. ამ მიზნით თითოეული ტომის რჩეულს
კვერთხი მოატანინა მან, ზედ ყველას თავისი სახელი ამოაკვეთინა და შეგროვილი
ჯოხები ერთად დააწყო ტაძარში (მათ შორის იდო აარონის კვერთხიც). ამ გზით
მოსემ მთელი ერისათვის ცხადი გახადა, თუ ვისი ხვედრი იყო ღვთის სიწმიდე.
თორმეტიდან მხოლოდ აარონის კვერთხი გაიყლორტა; ნიგვზის ნაყოფი ამოცენდა
მისგან და დამწიფდა. ამ სასწაულმა ურწმუნოებიც კი დიდად განაცვიფრა,
რადგანაც გამხმარი, გათლილი და უფესვო ჯოხი უეცრად ძირგადგმულ მცენარესავით
განელდა. საღვთო ძალა იყო მისი მიწაც, ქერქიც, სითხეც და ჟამიც
როდესაც უცხო ტომთა შორის მიდიოდნენ ებრაელები, დამხვდურებს ფიცით აღუთქვა მოსემ, რომ სამეუფო გზას[11]
გაყვებოდა მისი ხალხი და არავინ გადაუხვევდა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ
ყანებისა და ვენახებისაკენ. შფოთისმოყვარე ტომი მაინც არ დაცხრა და წინ
გადაუდგა ისრაელს. მაშინ ბრძოლაში ჩაებნენ ებრაელები; მტერი დაამარცხეს მათ
და გასასვლელ გზასაც თავად ეუფლნენ.
ისრაელის გამარჯვებამ თავზარი დასცა ბალაკს, რომელსაც უფრო დიდი ტომის
წინამძღვრობა ეპყრა (მადიანელებს უწოდებდნენ მათ). ამ ტომსაც სულ მალე
იგივე მოელოდა ებრაელებისაგან, ამიტომ ბალაკმა საჭურველისა და მხედრების
ნაცვლად დასახმარებლად მიმართა მაგიაში გაწაფულ ბალაამს, რომელიც
ფრინველთგრძნეულების დემონურ ხელოვნებას ფლობდა. ფუჭი მაგიის გზით ყველას
აშინებდა ბალაამი, ყველასთვის უბედურება მოჰქონდა მას.
როდესაც წარგზავნილებს ბალაამი მეფესთან მიჰყავდათ, ვირის ხმა ავად
ენიშნა გრძნეულს. შემდეგ ჩვენებაც იხილა მან და ისიც ემცნო, თუ რა უნდა
მოემოქმედა. დარწმუნდა ბალაამი, რომ მისი ბოროტი გრძნეულება ღვთივდაცულ ერს
ვერას ავნებდა. დემონთა ზემოქმედების ნაცვლად საღვთო მობერვამ განაღვთო
იგი და ამიტომაც მისმა ბაგემ ჭეშმარიტად იწინასწარმეტყველა სამომავლოდ
აღსრულებადი. როდესაც მსახვრალობის უკეთური ხელოვნება დაბრკოლდა და უქმი
აღმოჩნდა, მაშინ შეიგრძნო ბალაამა საღვთო ძალა, საბოლოოდ გაშორდა იგი
გრძნეულებას და საღვთო განზრახვის ქადაგად იქცა.
ამის შემდეგ ისრაელმა დაჯაბნა უცხოთესლი და გაანადგურა იგი, მაგრამ
ებრაელები დამონებულთა შორის აღვირახსნილებას მიეცნენ და დაუძლურდნენ.
ღმერთი განურისხდა უწმინდურებს, ხოლო ფინეზმა ერთი დარტყმით შემუსრა
უკანონო აღრევის გზით შებილწულები და დააცხრო ღვთის წყრომა. სწორედ მაშინ
ისრაელის რჯულმდებელი მაღლა მთაზე ავიდა და შორიდან განჭვრიტა ის ქვეყანა,
რომელიც, მამამთავრებისადმი მიცემული აღთქმის მიხედვით, ღმერთს
ებრაელებისათვის დაეწინდა. შემდეგ ადამიანური ცხოვრებისაგანაც გარდაიცვალა
იგი, თუმცა მიცვალებულს არც სამარე დაუტოვებია ჩვენთვის, არც სხვა რამ
ნიშანი თუ მოსახსენებელი.
დრომ ვერ შეცვალა მოსეს ნაკვთკეთილობა. არც თვალებში დაშრეტია მას შუქი,
არც მადლფენილი და გაბრწყინებული პირისახე დაჭკნობია. როგორც იყო, ისეთივე
დარჩა ბოლომდე. ბუნების მიმოქცევაში შეუცვლელად დაიცვა მან პირვანდელი
მშვენიერება.
ყოველივე ეს, რაც მოსეს შესახებ ტრადიციული გადმოცემისგან გვისწავლია,
მოკლედ გაუწყეთ შენ (თუმცა ზოგჯერ, საჭიროებისამებრ, რამდენადმე განვავრცეთ
კიდეც ჩვენი თხრობა). ამჯერად, დროა, ჩვენს დასახულ მიზანს შევუთანხმოთ
ზემოსხენებული ცხოვრება და სათნოებისეული მოღვაწეობის შესახებაც შევიძინოთ
ცოტა რამ.
ამგვარად, ისევ მოსეს ცხოვრების დასაბამს მივუბრუნდეთ[12].
II ნაწილი
რაჟამს ბრძანებს ტირანული რჯულდება მამრთა მოსპობას, მაშინ იშვება მოსე. როგორღა ვბაძოთ, მაშ, ჩვენი არჩევანისამებრ ამ მამაკაცისადმი წილხვდომილ შობას? მართლაც, არანაირად არ არის დამოკიდებული ჩვენზე, - იტყვის მავანი, - ვინმემ თავის შობით ამ სახელგანთქმულ შობას ჰბაძოს. მაგრამ არაფერია საძნელო, სწორედ იქიდან დავიწყოთ ბაძვა, სადაც უფრო მძიმე ჩანს ჩვენთვის, რადგან ვინ არ იცის, რომ ყოველივე, რაც ცვალებადობაში მდებარეა, არასოდეს რჩება ერთი და იგივე, არამედ სხვისგან მუდამჟამს სხვა ხდება იგი, მარადის წარემართება რა ცვალებადობა უმჯობესისკენ ანთუ უდარესისკენ? ასე რომ, გააზრებული უნდა იქნეს სახეობრივად, ერთი მხრივ, ნივთიერი და ვნებადი მიდრეკილება, რისკენაც მიიქცევა ქვედაცურებული კაცობრივი ბუნება, როგორც "მდედრი" ამ ცხოვრებისა, რომლის გამრავლებაც ესათნოება ტირანს, ხოლო, მეორე მხრივ, სათნოებისეული სიმკაცრე და მედგრობა - როგორც მამრისებრი შობა, ტირანთან მებრძოლი და მისი მთავრობის წინააღმდეგ ამბოხში ეჭვიმტანილი.
ამრიგად, ის, რაც ცვალებადია, უთუოდ უნდა იშვებოდეს კიდეც მარადის, რადგან სახეცვლად ბუნებაში ვერარას ვნახავთ მუდამჟამს მარად იგივეს, ხოლო მოსესებრ შობა არათუ უცხო რამ აღძრულობის შედეგია, იმათ მსგავსად, სხეულებრივად რომ წარმოშობენ, შემთხვევისდა კვალობაზე, არამედ არჩევანისგან აღსრულდება ამგვარი შობა და ჩვენი თავის, რაღაც სახით, ვართ მამები, ვშობთ რა ჩვენს თავს, როგორც გვწადია, და საკუთარი არჩევანისგან, რა სახესაც ვიწადებდით, - "მამრსა" თუ "მდედრს", - სათნოების ან ბოროტების თანაშეზომვით სწორედ იმად შევიძერწებით. უთუოდ ჩვენც გვმართებს, თუმცა კი ტირანს ეს არ სურს და მწუხარეა ამის გამო, ურჩეულესი შობით მივეახლოთ სინათლეს და ნეტარებით გამოვუჩნდეთ ამ მშვენიერი ნაშობის "მშობლებს" (ხოლო ეს "მშობლები" აზრებია, სათნოების მამებად ქმნილნი), ამასთან ვინაყოფიეროთ, თუნდაც რომ ეწინააღმდეგებოდეს ეს ტირანის ზრახვას.
ამრიგად, თუკი ვინმე თავისი მსჯელობის წინამძღვრებს ისტორიიდან[13] მოიპოვებს და უფრო ცხადად გახსნის იგავს, გამოჩნდება, რომ წერილის სიტყვა სათნოებითი ცხოვრების დასაბამად სწორედ იმ შობას განაჩინებს, რაც მტერს მწუხარებაში აგდებს. ვამბობ მშობიარობის იმგვარ სახეს, რომლის ტკივილებსაც არჩევანი მეანეობს, ვინაიდან ვერავინ შეძლებს დაამწუხროს მოქიშპე, თუ თავისი მხრიდან არ აჩვენებს იგი იმგვარ ნიშნებს, რაც მის დაძლევას მოასწავებს, ხოლო ესაა სწორედ ზემორე არჩევანის ნიშანდება, რომ შვას მან მამაკაცური და სათნოებითი ნაშობი და გამოზარდოს კიდეც იგი შესაფერის საზრდოთა მიერ, ამასთან წინაგანაგოს წყალთაგან მისი უვნებლად დაცვა,[14] რადგან ისინი, რომლებიც ტირანს უძღვნიან თავის ნაშობს, შიშვლად და წინაგანუგებლად აგდებენ შვილს მდინარეში, ხოლო "მდინარედ" ვამბობ ამასოფელს, ურთიერთმიდევნებულ ვნებათაგან ატალღებულს, რომელთა მიერ წყალქვეშ შთაინთქმის და შეიშთობა ყოველივე, რაც კი ვარდება მდინარეში. მეორე მხრივ, მრთელცნობიერი[15] და წინაგანგებითი აზრები, - მამაკაცური შობის მამები, - თავიანთ კეთილ ნაშობს, რომელიც, ამასოფლის იძულებით, ცხოვრების ტალღებში უნდა იქნეს შემოყვანილი, "კიდობნით" განუმზადებენ უსაფრთხოებას, რომ იგი, მათგან ტალღებს გადაცემული, სიღრმეში არ ჩაინთქეს, ხოლო მრავალგვარ ძელთაგან შეჭედილი "კიდობანი" ესაა მრავალგვარი სწავლულებით "შეჭედილი" აღმზრდელობა, რომელიც თავის მიერ ნაწინამძღვრებს[16] ზეაღიპყრობს ამასოფლის ტალღებზე მაღლა და რომლის ძალითაც წყალთა რყევა დიდად ვეღარ გადააცდენს გზიდან იმას, ვინც ტალღების ნაკადს გაჰყოლია, არამედ მყარ კბოდეზე, ესე იგი, ამასოფლის რყევათა მიღმა, აღმოჩნდება იგი, წყალთა დინება თავისთავად გარიყავს რა მას სიმყარეზე.
სწორედ ამას გვასწავლის გამოცდილება, ვხედავთ რა, რომ კაცობრივი ცთომილებებით ვინც არ დანთქმულა, თვით ამ საქმეთა არამყარი და მიმოქცევადი მოძრაობა თავისი თავისგან, როგორც რამ ტვირთს უსარგებლოს, გარე განიგდებს, რადგან იგი ყოველ მათგანს, სათნოებისა გამო, თავისივე შემაწუხებლად წარმოისახავს; მეორე მხრივ, ამგვართაგან[17] ვინც გაიმიჯნა, უნდა ჰბაძოს მოსეს და არ დაზოგოს არც ცრემლები, თუნდაც რომ უსაფრთხოდ იყოს კიდობანში, რადგან სათნოების გზით ცხონებადთათვის უსაფრთხო მცველი სწორედ ცრემლია.
ამასთან, თუკი ფარაონის უშვილო და ბერწმა ასულმა, რაც, ვფიქრობ, ჯეროვნად გაიგება გარეშე ფილოსოფიად[18], თავისად განიკუთვნა ახალშობილი და იხელოვნა კიდეც მის დედად წოდება, ამით ცხადი ხდება, რომ წერილის სიტყვა იმ ჟამამდე რაცხს ნებადართულად ცრუ დედასთან სიახლოვეს,[19] ვიდრე მავანი თავის თავში ასაკობრივ ჩვილობას ხედავს, ხოლო ვინც უკვე სიმაღლემდე აღსწრაფულა,[20] როგორც ვისწავლეთ მოსეს შესახებ, ამგვარი ვინმე სირცხვილად შერაცხს ბუნებით ბერწის შვილად წოდებას, რადგან ჭეშმარიტად უშვილოა გარეშე სწავლულება, რომელიც ნიადაგ ტკივილით მშობიარეობს, მაგრამ შვილს კი ვერასოდეს შობს. მართლაც, გამოიღო კი რამ ნაყოფი ფილოსოფიამ მეტისმეტი ტკივილებისგან ანკი აჩვენა რამ იმგვარი, რისთვსიაც ღირდა ესოდენი და ეგზომი შრომა? განა ყველა მათგანი, გაუნაყოფიერებელი და უმწიფარი, მკვდრად არ იშვება, ვიდრე შესძლებდეს მიახლებას ღვთისმცოდნეობის სინათლესთან? თუმცა კი, ალბათ, ჰქონდათ კიდეც ძალმოსილება გამხდარიყვნენ ადამიანი, ერთიანად რომ არ ჩანთქმულიყვნენ ბერწი სიბრძნის წიაღთა შინა.
ამრიგად, ვინც ეგვიპტელთა დედოფალთან ესოდენი ჟამი დაჰყო, რაოდენიც საჭირო ჩანდა მათეულ წარჩინებულებთან[21] თანაზიარებისათვის, ამის შემდეგ ბუნებითი დედისკენ უნდა აღისწრაფოს მან, რომლისგანაც თვით იმ დროსაც არ მოწყვეტილა მოსე, დედოფალთან რომ იზრდებოდა, რადგან, როგორც ამბობს ისტორია, დედისეულ რძეს წოვდა იგი, ხოლო ამით, ვფიქრობ, იმას გვასწავლის, რომ მაშინაც კი, როდესაც გარეშეთა სწავლულებებს თანაშევერთვით სწავლა-აღზრდის ჟამს, არ უნდა მოვწყდეთ ჩვენს მასაზრდოებელს - ეკლესიის რძეს, თვით ეს "რძე" კი არის ეკლესიის რჯულდებანი და წესჩვეულებანი, რომელთა მიერ საზრდოობს და "მწიფდება" სული, იღებს რა იგი სათავეებს სწორედ აქედან, რომ სიმაღლისკენ აღისწრაფოს.
ჭეშმარიტია წერილის სიტყვა, რომ ორი მტრის შუაში[22] მოექცევა ის, ვინც არა მამისეულ, არამედ გარეშე განწესებებს აპყრობს მზერას, რადგან რწმენითად უცხოტომელი წინაღუდგება ებრაულ მოძღვრებას, იბრძვის რა იმისთვის, რომ ისრაელის რჯულზე ძლიერი გამოჩნდეს, - და ასედაც მოეჩვენა იგი ბევრ უგულისხმოს, ვინც მიატოვა მამეული სარწმუნოება და მტერს გაუხდა თანამებრძოლად, უღალატა რა მამისეულ სწავლა-მოძღვრებას.
მაგრამ მოსესებრ დიდი და სულეირად ახოვანი თავისი დარტყმით მოაკვდინებს ჭეშმარიტების სიტყვის მოქიშპეს. ამასთან, მავანი სხვა სახითაც ჰპოვებს ჩვენში ამგვარ ბრძოლას, რადგან ადამიანი იმათ შორის ძევს (როგორც რამ ჯილდო), რომლებიც ურთიერთისადმი მტრობას განიკუთვნებენ, და ვისაც იგი მიემხრობა, გახდის კიდეც გამარჯვებულს თავის მტერზე. მოქიშპენი კი არიან: კერპთაყვანისმცემლობა და ღვთისმსახურება, გარყვნილება და მრთელცნობეირება, უსამართლობა და სამართლიანობა, თავმოთნეობა და თავმდაბლობა, და სხვა ამგვარი, ურთიერთის მოწინააღმდეგე რაც შეიცნობა, რადგან სწორედ ესაა ეგვიპტელის პირისპირ ბრძოლა ებრაელთან.
ამრიგად, თავის მაგალითით იმას გვასწავლის მოსე, რომ, ერთი მხრივ, გვერდით დავუდგეთ სათნოებას, ჩვენს თანატომეულს, მეორე მხრივ კი მოვაკვდინოთ სათნოების მოპირისპირე, მას რომ თავს ესხმის, რადგან კეთილმსახურების გაძლიერება ჭეშმარიტად სიკვდილია და განადგურება კერპთმსახურებისა. ასევე, სამართლიანობის მიერაც უსამართლობა აღიხოცება, თავმდაბლობის მიერ კი მოიკვლება თავმოთნეობა.
რაც შეეხება თანატომელთა ურთიერთბრძოლას,[23] ამგვარი რამ ჩვენშიც ხდება, რადგან არც უკეთურ მწვალებლობათა რჯულდებანი წარმოჩნდებოდნენ, რომ არ ხდებოდეს უჭეშმარიტეს აზრებზე მტრულ ფალანგად თავდასხმა ცთომილთა მხრიდან. ამიტომ, თუკი არ ძალგვიძს, რომ ჩვენი თავით განმტკიცება მივცეთ მართალს, რომელზეც მძლეობს მცდელობანი უკეთურისა, ვინც უკუაგდებს ჭეშმაირტების მეუფებას, იმ ადგილიდან, ისტორიის თხრობისამებრ, უსწრაფესად უნდა გავიქცეთ საიდუმლოთა უფრო დიდი და უფრო მაღალი მოძღვრებისაკენ[24] და თუნდაც დაგვჭირდეს კვლავაც თანაცხოვრება უცხტომელთან, ესე იგი, თუნდაც რომ კვლავ ითხოვდეს საჭიროება გარეშე სიბრძნესთან ჩვენს შემოყვსებას, ამასაც უნდა ვიწადებდეთ და განვდევნიდეთ უკეთურ მწყემსებს ჭების უსამართლო სარგებლობისგან,[25] რაც ნიშნავს, რომ ვამხილებდეთ ბოროტებათა მასწავლებლებს სწავლა-აღზრდის უკეთურად სარგებლობაში.
ამ სახით უნდა განვმარტოვდეთ ჩვენსავე თავთან, არათუ კვლავაც მებრძოლებს ვისმე თანაშერკინებულნი ანთუ მათ შორის შუადმგომელნი, არამედ - თანამოაზროვნებითა და თანხმობით თანამცხოვრებნი იმათთან ერთად, ჩვენგან რომ იმწყსებიან, იქნება რა ზედამდგომელი სიტყვის განმზრახველობით სწორედ ცხვრებისებრ დამწყსილი ჩვენში აღძრული სულის ყველა მოძრაობა.
ასეთ დროს, ამ მშვიდობიან და უომარ ყოფაში დამკვდირებულებს თავისი ელავრებით გაგვიბრწყინებს ჭეშმარიტება, შემოგვიცისკროვნებს რა სულის სამზერელთ,[26] ხოლო ეს ჭეშმარიტი ღმერთია, მაშინ რომ გამოუჩნდა მოსეს იმ გამოუთქმელი სინათლემეწინამძღვრეობის მიერ.[27] ამასთან, თუმცა ეკლიანი რამ ბუჩქისგან გამოკრთის შუქი, რითაც ნათდება წინასწარმეტყველის სული, არც ამის განხილვა იქნება უსარგებლო ჩვენთვის, რადგან თუ ღმერთი არის ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება სინათლეა, ამ მაღალ და საღვთო სახელებს კი სახარების ხმა უმოწმებს[28] ჩვენდამი ხორციელად გამოჩინებულ ღმერთს, მაშასადამე სწორედ სათნოების ამგვარი წარმმართველობა მიგვაახლებს ჩვენ იმ სინათლის ცოდნასთან, რომელიც ადამიანურ ბუნებამდე ჩამოდის და რომელიც არათუ ვარსკვლავიერი რამ მნათობისგან გამოეცემა (ნივთიერი ბუნებისად რომ არ შეირაცხოს ეს ცისკროვნება), არამედ - მიწიერი ბუჩქისგან, თავისი სხივებით რომ ციურ მნათობებს აღემატება. ამისგანვე ვსწავლობთ, აგრეთვე, ქალწულისეულ საიდუმლოს, რომლის მიერაც, შობის გზით, გამოუბრწყინდა ღმრთეების სინათლე ადამიანთა ცხოვრებას, უვნებლად დაიცვა რა მან, ამავე დროს, აელვარებული ბუჩქი, ანუ - რაც ნიშნავს, - ამ შობით არ დამჭკნარა ქალწულობის ყლორტი.
ამ სინათლისგან ვსწავლობთ, აგრეთვე, იმას, თუ რა ვიღვაწოთ ჭეშმარიტების სხივთა შიგნით დასადგომად, და იმასაც, რომ არ ძალგვიძს შებორკილი ფეხებით ზეაღვისწრაფოთ იმ სიმაღლემდე, სადაც იხილვება ჭეშმარიტების სინათლე, თუ არ მოხდება ისე, რომ შემოეხსნას სულის ნაბიჯებს ტყავის მკვდარი და მიწიერი შესამოსელი, რაც იმთავითვე გარეშემოეცვა ჩვენს ბუნებას, როდესაც კი, ურჩობის გამო, გავშიშვლდით საღვთო ნებისგან.[29]
და ასე, აღსრულდება რა ჩვენზე ეს ყოველივე, ამას მოჰყვება ჭეშმარიტების ცოდნა, თვითვე თავისი თავის ცხადმყოფელი, რადგან არსის შეცნობა განმწმენდი ხდება არაარსზე ფიქრისგან,[30] ჩემი აზრით კი, ჭეშმარიტების განსაზღვრება სწორედ ისაა, რომ არ განვცრუვდეთ[31] არსის წვდომისგან, ხოლო სიცრუე იგივეა, რაც გონებაში შთაბეჭდილი რამ წარმოსახვა არაარსის შესახებ, ისე თითქოს გვამოვანი[32] იყოს ის, რაც არაარსებულია, მაშინ როცა ჭეშმარიტება - ესაა ჭეშმარიტად არსებულის შეურყეველი მწვდომელობა.[33]
და ამ სახით, ისიც კი, ვინც ჟამის ფრიად ხანგრძლივობაში აღმატებულ ღვწათა მიერ მდუმარედ ფილოსოფოსობდა, ძლივსღა მიწვდება იმას, თუ რა არის ჭეშმარიტად არსებული, რასაც თავისი ბუნებით აქვს არსებობა, და რა - არარსებული, რაც მხოლოდ მოჩვენებითი არსებობის მქონეა,[34] რადგან უგვამოვნო[35] ბუნება აქვს მას თავის თავში.
ვფიქრობ, მაშინ სწორედ ეს შეიცნო ღმერთმჩენეობის[36] ჟამს განსწავლულმა დიდმა მოსემ, რომ არაფერი სხვა, რაოდენიც კი გრძნობადად არის საწვდომი, ანთუ რაოდენიც გონებითად განიჭვრიტება, არ გვამოვნობს ჭეშმარიტად, იმის გარდა, რაც არის ზესთამდგომი მიზეზი ყოვლიერებისა და რაზეც არის დამოკიდებული ყოველივე, ვინაიდან თუმცა გონება სხვასაც ხედავს რასმე არსთა შორის, მაგრამ არსთაგან ვერარაში ვერ შთაჭვრეტს აზრი არმსაჭიროებლობას სხვისას, ისე რომ ძალუძდეს რაიმეს არსებობა არსთან[37] შეარსების[38] გარეშე, ხოლო ის, რაც მარადის იგივეა, ჰგიეს აღუმატებელი და დაუმცირებელი, რომელიც თანაბრად აღუძვრელია ყოველგვარი ცვლილებისადმი, იქნება ეს უმჯობესისკენ თუ უდარესისკენ, რადგან, ერთი მხრივ, გაუცხოებულია იგი უდარესისგან, მეორე მხრივ კი, უმჯობესი არ მოეპოვება, და არ საჭიროებს არარას სხვას, არის რა თავად იგი საწადელი და ყოველთაგან ერთადერთი წილქონებული,[39] ამასთან - წილმქონეთა[40] შეარსებაში[41] დაუმცრობელი.
სწორედ ეს არის ჭეშმარიტად ნამდვილ-არსი[42] და მისი წვდომა ცოდნაა ჭეშმარიტებისა. იმ ჟამს ამის წიაღში შევიდა მოსე, აწ კი - ყველა ის, ვინც მისებრ განიძარცვავს თავისი თავისგან მიწიერ საბურველს და განჭვრეტს მაყვლოვანიდან გამომავალ სინათლეს (ესე იგი ამ ეკლის-სახოვანი ხორცის მიერ ჩვენდამი გამობრწყინებულ სხივს, რაც არის, როგორც ამბობს სახარება, "ჭეშმარიტი სინათლეც და ჭეშმარიტებაც"[43]), გახდება რა ამ გზით იმგვარი, როგორიც კმასაყოფელი იქნება, აგრეთვე, სხვათა ცხონებისთვის,[44] კერძოდ, დასამხობად, მეორე მხრივ კი უკეთურ მონობაში დაკირთებულის გამოსახსნელად და გასათავისუფლებლად, წინ წარუძღვება რა მისეულ საკვირველებებს მარჯვენის სახეცვლილება და კვერთხის გარდაქმნა გველად,[45] რითაც, როგორც მგონია მე, იგავურად მოესწავებოდა უფლის ხორცისმიერი საიდუმლო ადამიანთათვის ჩენილ ღმრთეებისა,[46] რომლის ძალითაც აღსრულდება ტირანის დამხობა და მისგან პყრობილთა გათავისუფლება, ხოლო ის, რაც ამ აზრამდე აღმიძღვება მე, ესაა წინასწარმეტყველური და სახარებისეული დამოწმება. წინასწარმეტყველი, მაგალითად, ამბობს: "ეს არის სახეცვლა ყოვლადმაღლის მარჯვენისა" (ფს. 76,10), ვინაიდან თუმცა კი საღვთო ბუნება შეუცვლელობაში განიჭვრიტება, მაგრამ იგი კაცობრივ უძლურებამდე "ქვედამდაბლებით" ჩვენეული აღნაგობისა[47] და სახისადმი "შეიცვლება",[48] და როგორც იმჟამად რჯულმდებლის ხელი, უბიდან გამოღებული, არაბუნებრივი ფერისადმი სახეცვლის მიმღები გახდა, შემდეგ კი კვლავ უბეში შებრუნებული უკუმიიქცა თავისეული და ბუნებითი მადლისკენ, ამგვარადვე, მხოლოდშობილი ღმერთი, რომელიც მამის წიაღში ჰგიეს, თავად არის "მარჯვენა ყოვლადმაღლისა", ხოლო რაჟამს იგი წიაღთაგან ჩვენ გამოგვიჩნდა, ჩვენებრ შეიცვალა, შემდეგ კი, ოდეს აღხოცა მან ჩვენეული უძლურებანი, ჩვენს შორის ჩენილი და ჩვენებრ ფერშეცვლილი მარჯვენა კვლავ თავისი წიაღისკენ ზემიაქცია (ხოლო "წიაღი მარჯვენისა" არის მამა), თუმცა იმ ჟამს ბუნების[49] უვნებობა ვნებადობად როდი შეიცვალა მან, არამედ ის, რაც ცვლადი იყო და ვნებადი, უცვალებელთა ზიარებით უვნებობად გარდანივთა.[50]
რაც შეეხება კვერთხის გველად ქცევას, ნუ შეაშფოთებს ეს ქრისტესმოყვარეებს, ისე თითქოს უმსგავსო ცხოველს ვუსადაგებდეთ საიდუმლოს არსს, რადგან, სახარებისეული სიტყვებისამებრ, არ უარყოფს ამგვარ ხატსახეს თვით თავადი ჭეშმარიტება, როდესაც ამბობს: "ისევე როგორც აამაღლა მოსემ გველი უდაბნოში, მსგავსადვე მართებს ამაღლება ადამიანის ძეს" (იოანე 3,14). სიცხადის მქონეა ეს სიტყვა, რადგან თუკი ცოდვის მამა "გველად" იწოდა წმინდა წერილის მიერ და თუ გველისგან ნაშობი უთუოდ გველია, შესაბამისად, ცოდვა თანამოსახელეა იმისა, ვინც ცოდვა შვა, ხოლო ის, რომ ჩვენს გამო ცოდვა გახდა უფალი, ამას ამოწმებს სამოციქულო სიტყვა (II კორ. 5,22), რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ცოდვილი ბუნება შეიმოსა მან.[51] მაშ, ჯეროვნად ესადაგება უფალს ეს იგავ-ხატი, რადგან თუ "გველი" ცოდვაა, ხოლო უფალი ცოდვა გახდა, ცხადი უნდა იყოს ყველასთვის ის, რაც აქედან კანონზომიერად ვლინდება: ვინც ცოდვა გახდა, "გველი" გახდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა, მაგრამ უფალი ჩვენს გამო ხდება "გველი", რომ ეგვიპტური გველები, გრძნეულთა მიერ გაცოცხლებულნი, შთანთქას და მოსპოს, ხოლო როდესაც ეს აღსრულდება, კვლავ კვერთხად გარდაიქმნება იგი, რომლის ძალითაც, ერთი მხრივ, განისწავლებიან ცოდვილნი, მეორე მხრივ კი მოსვენებას იღებენ ზეაღმავალი და ძნელადსავალი სათნოებითი გზის ზეამვლელნი, რომლებიც კეთილი იმედებით არიან დაყრდნობილნი სარწმუნოების კვერთხს, რადგან სწორედ "რწმენაა სასოებადთა[52] სიმტკიცე" (ებრ. 11,1[53]). ამიტომ, ვინც შეიცნობს ამ ყოველივეს, პირდაპირ ღმერთად უხდება იგი იმათ, რომლებიც, ერთი მხრივ, ჭეშმარიტებას ექიშპებიან, მეორე მხრივ კი ამ ნივთიერ და უგვამოვნო საცთურს შემსჭვალვიან.
გაგრძელება იქნება
------------------------------------------------------------------------შენიშვნები
[1] – “დადუხეინ” – არის მისტერიების ენის კუთვნილება, სადაც იგი ნიშნავდა მისტერიალური მსვლელობის ჟამს ჩირაღდნით წინ ძღოლას. ქრისტიანულ რელიგიაში ეგევე ტერმინი მიემართება აღდგომის დღესასწაულის ღამეულ პროცესიას (გრიგოლ ნოსელი, მოსეს ცხოვრება. ჟ. დანიელუს გამოც. გვ. 24).
[2] - გრიგოლ ნოსელი “ისუს” ნაცვლად ყოველთვის “იესუს” წერს და ამით ხაზს უსვამს იმას, რომ ისუ ნავე წინასახეა ქრისტესი.
[3] – კარშიკი – შესაკრავი ღილი, ბალთა.
[4] – სმარაგდი – ღია მწვანე ფერის ძვირფასი ქვა.
[5] – მიტრა – ბერძნულში შეესატყვისება “ტაინია”. თვით სიტყვა “მიტრაც” ბერძნულია და ნიშნავს თავსახვევს (იხ. მცხეთური ბიბლია, 1, გამოსვლ. XXVIII, 37).
[6] – იაკინთე – ძვირფასი ქვა, იისფერი; ბერძნ. “ჰიაკინთოს”.
[7] – პეტალი – (იხ. მცხეთური ბიბლია, 1, გამოსვლ. XXVIII, 36) – ბერძნ. “პრომეტოპიდონ”. საშუბლე თხელი ფირფიტა, რომელსაც დამცველობითი დანიშნულება ჰქონდა.
[8] – სიტყვ. “საკუთარ თავზე უკეთესი გახდა”.
[9] – ამ შემთხვევაში ”ბუნება” ნიშნავს კონკრეტულად ადამიანის ხორციელ აგებულებას. ამგვარი შინაარსით ”ბუნება” წმიდა გრიგოლის შრომებში როგორც შენიშნავს ჟ. დანიელუ, მეტად იშვიათია. გაცილებით ხშირად ეგევე ტერმინი ნოსელთან აღნიშნავს ადმაიანის იდეალურ სახეს, ე.ი. მადლით სახეცვლილ სხეულს (იხ. დასახ. გამოც. გვ. 25).
[10] – სიტყვ. – ”რაღაც ფარული ანტიპათიით”; ტერმინი ”ანტიპათია” ნიშნავდა ”საწინააღმდეგო თვისებებს”, ”საწინააღმდეგო ქმედებას”. იგი სპეციალური ტერმინი იყო ოკულტურ მოძღვრებებში (იხ. დასახ. გამოც. გვ. 28).
[11] – გამოთქმა ”გზა სამეუფო” (”ჰე ბასილიკე ჰოდოს”) მომდინარეობს ”რიცხვთა” წიგნიდან: ”არა განვიდეთ ყანობირსა შენსა, არცა ვენახებსა შენსა... გზაი სამეუფოი განვლოთ” (რიცხ. 20,17).
[12] – აქედან იწყება ხსენებული თხზულების მეორე ნაწილი, რომელიც ზემოწარმოდგენილი ისტორიული თხრობის მისტიკურ ჭვრეტას გვაწვდის.
[13] - ე.ი. წმინდა წერილიდან.
[14] - იგულისხმება მოსეს შესახებ ბიბლიური უწყება
იმის შესახებ, რომ ჩვილის დედამ, ვიდრე იგი, ფარაონის ბრძანების კვალობაზე,
ახალშობილს მდინარეშე ჩააგდებდა, კუპრით შეგოზილი კიდობანი შეუმზადა მას,
რომ მდინარის ტალღებს შიგნით ვერ შეეღწიათ და ბავშვი გადარჩენილიყო
(გამოსლ. 2.2.3).
[15] - "მრთელცნობიერი" - როგორც ჩვენს სხვა თარგმანებში, ამჯერადაც ბერძნულ σωφροσύνη-ს ვთარგმნით გელათური წარმომავლობის ტერმინით "მრთელცნობიერება", ხოლო σώφρων-ს "მრთელცნობიერად", რაც ნიშნავს "საღი ცნობიერების მქონეს" (იხ. დაწვრილებით ჟურნ. "გზა სამეუფო", 1995 წ. №1, გვ. 6-7).
[16] - ე.ი. აღსაზრდელს.
[17] - სოფლის საქმეთაგან.
[18] - "გარეშე ფილოსოფიად" - τὴν ἔξωθεν φιλοσοφίαν, ე.ი. ანტიკურ, წარმართულ ფილოსოფიად (შდრ. ექვთ.: "ხოლო ვიტყჳ ბერწსა მას და უშვილოსა კაცობრივისა მის სიბრძნისა სწავლასა", 355v).
[19] - სიტყვ. "ცრუ დედასთან სიახლოვის (შემოყვსების) არ-უკუგდებას" (შდრ. μὴ ἀπωθεῖσθαι τὴν τῆς ψευδωνύμου μητρὸς οἰκειότητα)
[20] - ე.ი. ვინც გაიზარდა სულიერად (შდრ. ექვთ.-ის გავრცობილი თარგმანი: "ხოლო რომელი სიმაღლედ აღვიდეს და საღვთოჲთა აღიზარდოს", 355v).
[21] - "ეგვიპტის წარჩინებულნი" სიმბოლურად გულისხმობს ანტიკური ფილოსოფიის ყველაზე რჩეულ წარმომადგენლებს, რომლებთან ზომიერი თანაზიარების საჭიროება ნათლად იკვეთება წმ. გრიგოლ ნოსელის მოძღვრებაში აქაც და მრავალ სხვა ადგილსაც.
[22] - იგულისხმება ეგვიპტელისა და ებრაელის ურთიერთბრძოლა (გამოსლ. 2, 11-12).
[23] - იგულისხმება ორი ებრაელის შებრძოლება (გამოსლ. 2, 13-14).
[24] - "საიუდმლოთა უფრო დიდი და უფრო მაღალი მოძღვრებისაკენ" - πρὸς μείζονά τε καὶ ὑψηλοτέραν τῶν μυστηρίων διδασκαλίαν. ექვთიმეს თარგმანაში ეს ფრაზა გამოტოვებულია.
[25] - შდრ. გამოსლ. 2,17.
[26] - "სულის სამზერელთ" - τὰς τῆς ψυχῆς ὄψεις (შდრ. ექვთ.: "სულისა თუალითა", P, რაც თანხვდება ბერძნულს; შდრ. A; "სულისა ჩუენისა თუალითა").
[27] - "იმ გამოუთქმელი სინათლეთმეწინამძღვრეობის მიერ" - διὰ τῆς ἀρρήτου ἐκείνης φωταγωγίας (ბერძნულ φωταγωγίας-ს როგორც მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო ტერმინს, შინაარსის სრული შენარჩუნების მიზნით, კალკირებულად ვთაარგმნით "სინათლეთმეწინამძღვრეობად", ისევე როგორც, მაგალითად μυσταγωγία-ს "მესაიდუმლოეთმეწინამძღვრეობად"; შდრ. რუს. в неизреченном оном световодстве. ექვთიმესთან გამარტივებული ტექსტია: "გამოუთქუმელითა მით ნათლითა", 356v)
[28] - ე.ი. სარწმუნოდ განუკუთვნებს (Gრ: προσμαρτυρεῖ. შდრ. ექვთ.: "ამათ მაღალთა და საღვთოთა სახელთა სიტყუაჲ სახარებისაჲ უწამებს ჩუენდა ჴორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა").
[29] - შდრ. ექვთ.: "ვითარმედ
შეუძლებელ არს შეკრულითა ფერჴითა აღსლვაჲ მას სიმაღლესა, სადა-იგი ნათელი
ჭეშმარიტებისაჲ იხილვების, უკუეთუ არა განჰვჴსნეთ ფერჴთა მათგან სულისათა მკუდარნი
იგი და მიწისაგანნი ტყავისა სამოსელნი, რომელ არიან ჴამლნი, რომელნი-იგი
პირველითგან მოებლრადნეს ბუნებასა ჩუენსა, რაჟამს-იგი ურჩებისა მიერ
საღვთოჲსა მისგან მცნებისა განვშიშულდით" (შდრ. Gრ: ὅτι οὐκ ἔστι
δεδεμένοις ποσ ὶν ἀναδραμεῖν πρὸς τὸ ὅψος ἐκεῖνο, ἐν ᾧ τὸ φῶς τῆς
ἀληθείας ὁρᾶται, εἰ μὴ περιλυθείη τῶν τῆς ψυχῆς βάσεων ἡ
νεκρά τε καὶ γηΐνη τῶν δερμάτων περιβολή, ἡ περιτεθεῖσα κατ’ ἀρχὰς τῇ
φύσει, ὅτε διὰ τῆς παρακοῆς τοῦ θείου θελήματος ἐγυμνώθημεν)
[30] - "რამეთუ არსის შეცნობა გამწმენდი ხდება არაარსზე ფიქრისგან" - ἡ γὰρ τοῦ ὄντος ἐπίγνωσις τῇς περὶ τὸ μὴ ὄν ὑπολήψεως καθάρσιον γίνεται.
[31] - "არ განვცრუვდეთ" - μὴ διαψευσθῆναι (ნიშნავს: "არ მოვტყუვდეთ").
[32] - "გვამოვანი" - რეალურად არსებული, პიროვნული არსებობის მქონე, ჰიპოსტასური (შდრ. ὑφεστώς).
[33] - ჭეშმარიტება ესაა ჭეშმარიტად არსებულის შეურყეველი მწვდომელობა" - შდრ. ἀλήθεια δὲ ἡ τοῦ ὅπως ὄντος ἀσφαλὴς κατανόησις (ექვთიმესთან სახეზეა მეტნაკლებად თავისუფალი თარგმანი: "ჭეშმარიტად არს მეცნიერებაჲ ჭეშმარიტისა მის არსისაჲ", 357).
[34] - "რაც მხოლოდ მოჩვენებითი არსებობის მქონეა" - შდრ. ექვთ.: "რომელი იჭჳთა ოდენ არს არსებასა შინა" (Gr: ὃ ἐν τῷ δοκεῖν μόνον ἐστὶν εἶναι).
[35] - "უგვამოვნო" - რეალურ არსებობას მოკლებული, უპიროვნო (Gr: ἀνυπόστατος).
[36] - "ღმერთმჩენეობა" - ღვთის გამოჩინება, თეოფანია (ექვთ. "ღმრთისაგამოჩინებაჲ", 357; Gr: θεοφάνεια).
[37] - იგულისხმება ჭეშმარიტი არსი, თავად შემოქმედი ღმერთი.
[38] - "შეარსება" - აღნიშნული ტერმინით აქაც და ქვემოთაც გადმოვცემთ ბერძნულ μετουσία-ს, რაც საკუთრივ მოცემულ ადგილას ნიშნავს ქმნილი არსის ჭეშმარიტ არსთან მადლისმიერ თანაზიარებას ანუ, რაც იგივეა, შემოქმედის ნებასთან ქმნილებათა მიზეზობრივ კავშირს (სიტყვ. μετά - "შორის", "-ში", "თანა", οὐσία - "არსება").
[39] - "წილქონებული" - წილად მიღებული, გაზიარებული, თანაზიარებული. შდრ. Gრ: μετεχόμενον (აქაც, ისევე როგორც ჩვენს სხვა თარგმანებში ბერძნული μετέχω-ს
და მისი ფორმობრივი ვარიაციების შესატყვისად მოვუხმობთ ტერმინ
"წილმქონეობას" შესაბამისი ფორმობრივი ვარიაციებითვე. შდრ. ჟურნ. "გზა
სამეუფო", 1995, № 1, გვ. 11, სქ. ****; მითითებული
ბერძნული ტერმინის ქართულად თარგმნის შესახებ იხ. ე. ჭელიძე, ძველი ქართული
საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ. 1996, გვ. 475-489; შდრ. მომდევნო
სქოლიო)
[40] - "წილმქონეთა" - "მზიარებულთა", "თანამზიარებელთა", "მონაწილეთა" (Gr. τῶν μετεχόντων; შდრ. ზემორე სქოლიო).
[41] - "შეარსებაში" - "შემოქმედის დამბადებლობით ნებასთან ქმნილების მიერ მთელი არსით თანაზიარებაში", "თანამონაწილეობაში" (ἐν τῇ μετουσία); აღნიშნული მონაკვეთი ექვთიმეს მიერ ასეა თარგმნილი: "რომელ
არს მხოლოჲ იგი საწადელი, რომლისგან მიიღებენ ყოველნივე არსებასა და
კეთილსა და მიღებასა მას შინა მიმღებელთასა არა ნაკლულევან იქმნების" (357v).
[42] - "ჭეშმარიტად ნადმვილ-არსი" - "ჭეშმარიტად ნამდვილად-არსებული", "ჭეშმარიტად ნამდვილი არსებისა და არსებობის მქონე", თავად შემოქმედი ღმერთი (Gr: ἀληθῶς τὸ ὄντως ὃν. ექვთ.: "ჭეშმარიტი არსებაჲ", 357v).
[43] - იოანე 1,9 (იგულისხმება განკაცებული ღმერთი,
მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. შდრ. აღნიშნული მონაკვეთის
ექვთიმესეული თარგმანი: "ამას უკუე ნათელსა შინა და ჭეშმარიტებისა
ცნობასა შევიდა მაშინ იგი, ხოლო აწ შევალს ყოველივე, რომელმანცა მსგავსად
მისსა ჴამლთა მათგან მიწისაგანთა საქმეთაჲსა განჰჴსნას თავი თჳსი და
ნათლისა მის მიმართ მაყულისაგანისა ხედვიდეს, ესე იგი არს ბრწყინვალებისა
მის მიმართ, რომელი ჴორცითა ამით ეკლოვანითა გამობრწყინდა, რომელი-იგი არს
ნათელი ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებაჲ", 357v).
[44] - შდრ. ექვთ.: "სხუათაცა კმა-ეყოფოდის ცხორებად" (357v; Gr: καὶ ἑτέροις εἰς σωηρί αν ἀρκέσαι).
[45] - შდრ. გამოსლ. 4, 3-7; 4,17; 4,20; 7,10-12; 7,15.
[46] - შდრ. ექვთ.: "იგავით განჴორციელებისა უფლისა საიდუმლოჲ მოესწავებოდა ღმრთეებისა მის, რომელი გამოუჩნდა კაცთა" (Gr: δι’ αἰν ίγματος τὸ διὰ σαρκὸς παραδηλοῦσθαι τοῦ Κυρίου μυστήριον τῆς φανείσης τοῖς ἀνθρώποί θεότητος).
[47] - როგორც ჩვენს სხვა თარგმანებში, ამჯერადაც "აღნაგობად" ვთარგმნით ბერძნულ σχῆμα-ს.
[48] - "თუმცა კი საღვთო ბუნება უცვალებლობაში
განიჭვრიტება, მაგრამ კაცობრივ უძლურებამდე თანადადაბლებით ჩვენეული
აღნაგობისა და სახისადმი " - მოცემულ კონტექსტში ტერმინები "თანადადაბლება" და "შეცვლა", ცხადია, მხოლოდ პირობითად, კატაქრესტიულად განეკუთვნებიან "საღვთო ბუნებას", სინამდვილეში კი, მათში მოიაზრება მხოლოდ ძე ღმერთის ჰიპოსტასი, რომელიც თუმცა საღვთო ბუნებით მარად უცვლელად ჰგიეს, განკაცებისას მიმღები გახდა ჩვენეული აღნაგობისა და სახისა (შდრ. Gr: ὡς μὲν τῆς θείας φύσεως ἐν τῷ ἀναλλοιώτῳ θεωρουμένης, τῇ δὲ πρὸς τὸ ἀσθενὲς τῆς ἀνθρωπίνης φύσεως συγκαταβάσει πρὸς τὸ ἡμέτερον σχῆμά τε κοὶ εἶδος ἀλλοιωθείσης. ექვთ. "რამეთუ ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ შეუცვალებელ არს, ხოლო უძლურებისა მის მიმართ კაცობრივისა ბუნებისა დამდაბლებითა ჩუენისა ამის სახისა და ფერისა მიმართ შეიცვალა"; შდრ. რუს.: потому что, хотя
Божественное естество умопредставляется неизменяемым, однакоже, по
снисхождению к немощи естества человеческаго, изменилось в наш образ и
вид, Творения Святаго григория Нисскаго, ч. I, Москва 1861, стр 267).
[49] - ყოვლადწმინდა სამების ბუნების, ღმრთეების.
[50] - "გარდანივთა" - გარდაქმნა, გარდასახა (შდრ. Gr: μετεστοιχείωσεν). აღვნიშნავთ, რომ ტერმინი "გარდანივთვა", რაც, როგორც ჩანს, პირველად თავს იჩენს არსენ იყალთოელთან (ან, შესაძლოა, ეფრემის მოღვაწეობის მიწურულს), ეფუძნება ბერძნული στοιχεῖον-ის ანუ "სტიქიონის", "ელემენტის" "ნივთად" თარგმნის ტრადიციას ("სტიქიონის"
შესატყვისი ძველი ქართული ტერმინების შესახებ დაწვრილებით იხ. ე. ჭელიძე,
ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ. 1996, გვ. 248-260).
საგულისხმოა, რომ ლათინურადაც დასტურდება, ქართულისებრ, ბერძნული μετα·στοιχειόω-ს კალკი trans-elemento (შდრ. Gr: ἐν σοὶ φθαρτὰ καὶ χείρω ἐπὶ τὸ ἄφθαρτον καὶ κρεῖττον μεταστοιχειωθή σσνται, რაც ნიშნავს: "და შენში ხრწნადნი და უდარესნი უხრწნელისა და უმჯობესისკენ გარდაინივთებიან"; შდრ. ლათ.
თარგ. Et quae nunc in te sunt corruptibilia deteriotaque, in
incorruptibilia adeoque meliora transelementabuntur, Theophylacti
Bulgariae Archiepiscopi, Expositio in Epist. I ad Cor. c. 15, PG. 104,
col. 777-778 B). მივუთითებთ ზემომითითებული ტერმინთშესატყვისობის
საილუსტრაციო ნიმუშს: "რამეთუ ამის (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ე.ჭ.) მიერ
დამბადებელმან ყოველივე ბუნებაჲ უმჯობესისა მიმართ გარდანივთა შუამდგომელობითა
კაცებისაჲთა" (წმ. იოანე დამასკელი, სიტყუაჲ შობისათჳს ყოვლადწმიდისა ...
მარიამისსა, იხ. ძველი მეტაფრასული კრებულები, სექტემბრის საკითხავები,
ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა
გოგუაძემ, თბ. 1986, გვ. 115.25; Gr: Δι’ αὐτῆς γὰρ ὁ Κτίστης πᾶσαν φύσιν
πρὸς τὸ κρεῖττον μετεστοιχείωσεν διὰ μέσης τῆς ἀνθρωπότητος. შდრ. ლათ. თარგ. Per eum siquidem Creator naturam universam media humanitate in melius commutavit, PG. 96. col. 661-662 C); შდრ. ტერმინ "გარდანივთვის" დამოწმება "რუის-ურბნისის ძეგლისწერაში": "თბისა მიმართ გარდანივთოს
ვითარებაჲ ყოვლისა აღსრულებისაჲ" (რუის-ურბნისის ძეგლისწერა; იხ. დიდი
სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადე ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ.
დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ. 1975, გვ. 578.22-23; ზ. სარჯველაძე, ძველი
ქართული ენის ლექსიკონი, თბ. 1995, გვ. 48). შდრ. აგრეთვე საგულისხმო
ნიმუში jer. 22-იდან: "პირველ მოსლვაჲ უფლისაჲ, გარდანივთვაჲ სულთა ჩუენთაჲ და კუალადქმნაჲ იყო" (იხ. ზ. სარჯველაზე, ძველი ქართული ენის ლესქიკონი, თბ. 1995, გვ. 48).
[51] - "ჩვენი ცოდვილი ბუნება შეიმოსა მან" - τὸν τὴν ἀμαρτητικὴν ἡμῶν φύσιν περιΒαλλόμενον (შდრ. ექვთ.: "ცოდვილი ესე ბუნებაჲ ჩუენი შეიმოსა",
358). იგულისხმება, რომ განკაცებისას უფალმა მიიღო არა ცოდვამდელი,
ბიოლოგიურად უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი ანუ აპათეტური კაცობრივი
ბუნება, როგორც ამას მოძღვრობდნენ ძველად ივლიანიტ-გაიანიტები, დღეს კი
მესიბრძნეობენ მათი მიმდევარი ცრუმართლმადიდებლები, არამედ -
ცოდვითდაცემული ანუ ცოდვილი (ე.ი. მოკვდავი, ბიოლოგიურად ხრწნადიო და
ტკივილგანმცდელი ანუ პათეტური). დოგმატური დებულება ამგვარია. ყოვლადუცოდველმა
უფალმა ყოველგვარი ცოდვის გარეშე შეიმოსა ჩვენი ცოდვითდაცემული, ცოდვით
დასნეულებული ადამიანური ბუნება და აღადგინა იგი თავდაპირველ დაუცემლობაში (იხ. უფრო დაწვრილებით ჟურნ' "გზა სამეუფო", 1996 №1[4], გვ. 95-112.
[52] - "სასოებადთა" - ე.ი. იმ საქმეთა და მოვლენათა, რომელთა აღსრულებასაც ვსასოებთ, ვიმედოვნებთ ანუ სასოებით, იმედით მოველით. იხ. მომდევნო სქოლიო.
[53] - "პავლეთა" ეს მუხლი ეფრემამდელ ქართულ რედაქციებში იდენტურია: "არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ". ხაზგასმული სიტყვის ეკვივალენტად ბერძნულში სახეზეა ὑπόστασις, რომელიც საღვთისმეტყველო კონტექსტში ქართულად დაახლ. VI ს-იდან ითარგმნება ტერმინით "გუამი", "გუამოვნებაჲ" (იხ. ტერმინ ὑπόστασις-ის
ქართულად თარგმნის შესახებ დაწვრილებით: ე. ჭელიძე, ძველი ქართული
საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ. 1996, გვ. 217-232). სწორედ "გუამი" დასტურდება ზემორე მუხლის ეფრემისეულ თარგმანშიც: "არს სარწმუნოებაჲ მოსალოდებელთა მათ გუამ". საყურადღებოა, ამასთან, რომ ეფრემთან გვაქვს არა "მოსავთა" (ე.ი. "მოიმედეთა"), რაც ადამიანებს გულისხმობს, არამედ - "მოსალოდებელთა" (ე.ი. "სასოებადთა", "იმედოვნებულთა"), რაც, ცხადია, სამომავლო საქმეებს მოასწავებს (იხ. წინა სქოლიო) და რაც, ამავე დროს, ზედმიწევნით თანხვდება შესაბამის ბერძნულ ტერმინს ἐλπιζομένων (შდრ. სრულად ἔστι γὰρ πίστις ἐλπιζομένων ὑπόστασις).
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმაზე ყურადღების მიქცევა, რომ ორივე ტერმინის
მხრივ ეფრემამდე სამოციქულო ტექსტის დაზუსტების წარმატებული მცდელობა
სახეზეა ექვთიმესთან, რომელიც ნოსელისგან ციტირებულ ზემოხსენებულ მუხლს ასე
თარგმნის: "არს სარწმუნოებაჲ სასოებისა ნივთ" (358).
ძველი ბერძნულიდან თარგმნა
და შენიშვნები დაურთო
ედიშერ ჭელიძემ
I ნაწილი გადმოღებულია წიგნიდან ”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. I, თბილისი, 1990 წ. II ნაწილისთვის იხ. ჟურნალი "გული გონიერი", № 2, 2011 წ.
No comments:
Post a Comment