[70]მამაპაპეული რამ ჩვეულების მიხედვით რომაელები
დღესასწაულს მართავენ ზამთრის პერიოდში, როდესაც მზე ზევითა მხარეს ადის და
მატებას იწყებს დღისეული ზომა. ითვლება, რომ წმინდაა თვის დასაწყისი და
იბედებენ რა ისინი ამ დღის მიერ მთელ წელს, ბედნიერ შეხვედრებს,
გასართობებსა და ნადიმებს აწყობენ.
რა მსურს, როდესაც ამით ვიწყებ წერილს?
ის, რომ მეც აღვასრულე ეს დღესასწაული, მათებრ შევიმკე რა ოქროთი2,
რადგან ამ დღეს მომივიდა ოქრო, თუმცა არა ის ჩვეულებრივი ოქრო, რაც უყვართ
ხელისუფალთ და რაც ძღვნად მიაქვთ მის მფლობელებს, - ნივთი დამამძიმებელი,
უსარგებლო და უსულო, - არამედ ის, რაც ყველა სიმდიდრეზე უმაღლესია
გონიერთათვის და რაც, პინდარეს თანახმად, საბოძვარია – ჭეშმარიტად
უმშვენიერესი; ვამბობ შენს წერილზე და მასში [დაუნჯებულ] დიდ სიმდიდრეზე.
მოხდა ისე, რომ იმ დღეს ვეწვიე კაპადოკიელთა
დედაქალაქს და შევხვდი იქ ერთერთ ჩემს ახლობელს, რომელმაც გამომიწოდა ეს
ძღვენი, - ეპისტოლე, როგორც რამ ნიშანი დღესასწაულისა. გავიხარე რა ამ
შემთხვევით, თანამყოფთა საერთო სარგებლობისათვის განვაწესე იგი (ეპისტოლე).
ყველანი ეზიარნენ მას და დაეშურნენ, რომ თითოეულს მთლიანობაში ჰქონოდა
იგი. არ დავზარალებულვარ არც მე, რადგან გაიარა რა ეპისტოლემ ყველას ხელში
და გადაიბეჭდეს რა მათ [წერილის] სიტყვები, ნაწილმა – ხსოვნაში (ზედიზედ წა[71]კითხვის
შედეგად), ნაწილმა კი – საწერ მასალაზე, კვლავაც ჩემს ხელში დარჩა იგი და
მახარებს უფრო მეტად, ვიდრე [გაახარებდა] თვალს მრავალოქროვანი ნივთი.
ამასთან, რადგან მიწის მუშებსაც დიდ წადიერებას ანიჭებს ხოლმე ხელმეორე
გარჯისათვის (ვისარგებლებ სათანადო მაგალითით) ნაშრომთ სარგებლიანობა,
შეგვინდე ჩვენც, რომლებიც ვავრცელებთ, რაც თვით შენ მოგვეცი და რომლებიც
გწერთ იმის გამო, რომ კვლავ წაგაქეზთ წერისკენ.
ვითხოვ კი ცხოვრებისათვს ზიარ მადლს, რომ რაც ეპისტოლის დასასრულს
მინიშნებითად დაგვემუქრე მცირედ, მეტად აღარ გაივლო გონებაში, რადგან,
ვამბობ, გონივრული არ არის, რომ თუკი ვიღაცეები შეცდებიან და ელინურიდან
ბარბარულ ენაზე გადაინაცვლებენ, გახდებიან რა [ამით] დაქირავებული
ჯარისკაცები და აირჩევენ რა ჯარისკაცის ულუფას ნაცვლად იმ დიდებისა, რაც
მეტყველებაშია (καὶ τὸ στρατιωτικὸν σιτηρέσιον ἀντὶ τῆς ἐν τῷ λέγειν
δόξης αἱρούμενοι), ამის გამო დაგმო შენ სიტყვები და ცხოვრებაში უთქმელობა
მიუსაჯო შენს თავს3. ვინღა იქნება მეტყველი,
თუკი შენ სიტყვების წინააღმდეგ ამ მძიმე მუქარას ძალაში შეიყვან
(κυρώσειας)? მაგრამ ალბათ, კარგი იქნება, რაიმე გავიხსენოთ ჩვენი წერილიდან
(ბიბლიიდან, ე.ჭ.), რადგან ჩვენეული სიტყვა (საღვთო წერილი, ე.ჭ.)
უბრძანებს მას, ვისაც ძალუძს რაღაც კარგის ქმნა, არ მიაქციოს ყურადღება
იმათ ზრახვებს, რომლებსაც სიკეთეს უკეთებს [და ისე არა ქნას], რომ
უშურველად გაიღოს ქველმოქმედება მადლიერთათვის (სიტყვ.
“კეთილმგრძნობელთათვის”), დაუხშოს კი იგი უმადლოებს, არამედ ჰბაძოს მან
ყოვლიერების განმგებელს, ვინც შესაქმისეულ სიკეთეთა ზიარ წილნაყარობას
განაწესებს კეთილთათვისაც და უკეთურთათვისაც (სიტყვ. “არა ამგვართათვისაც”,
ე.ი. “არა კეთილთათვის”, ე.ჭ.). ამათ მიაქციე ყურადღება, ჰოი საკვირველო, [72]და შენი თავი მარად იმგვარი უძღვენი ცხოვრებას, როგორიც წარსულმა დრომ გამოგაჩინა, რადგან როდი აფერხებენ მზეს ბრმები (სიტყვ. “ვერ მხედველები”), რომ იყოს იგი მზე. ამიტომ, არც ის არის მოსახერხებელი, დაბნელდეს შენი სიტყვების სხივი (τὴν ἀκτῖνα τῶν σῶν λόγων) მათი მიზეზით, რომლებსაც დახშული აქვთ სულისმიერი გრძნობის ორგანოები (τὰ τῆς ψυχῆς αἰσθητήρια)4.
ამასთან, ვლოცულობ, რომ კვინეგიოსი5 რაც შეიძლება შორის იყოს იმ ზოგადი სენისაგან, რითაც ახლა შეპყრობილნი არიან ახალგაზრდები. ნებაყოფლობით შეუდგეს იგი სიტყვათა შესახებ გულმოდგინებას (προσέχειν... τῇ περὶ τοὺς λόγους σπουδῇ), მაგრამ თუ სხვაგვარად მოიქცევა, მართებული იქნება, მისი ნების წინააღმდეგ, ვაიძულოთ იგი.
...6რაშიც (რა მდგომარეობაშიც, ე.ჭ.) ახლა იმყოფებიან ისინი, რომლებიც მასზე უწინარეს (πρὸ τούτου) განუდგნენ სიტყვებს, არიან რა საბრალონი და შერცხვენაში დანთქმულები.
შენიშვნები
1 - ლიბანიოსის, როგორც კაბადოკიელ მამათა ანტიკური კულტურისაკენ დიდი გზამკვლევისა და მათი უერთგულოესი მეგობრის სახელი კარგად არის ცნობილი. ამ გვიანანტიკური მოღვაწის დიდი ღირსება კარგად ჩანს წმ. ბასილი დიდის ეპისტოლეებშიც.
2 - ცხადია, გასაგებია, რომ გრიგოლ ნოსელი იყენებს
პარალელიზმის ცნობილ რიტორიუკულ ხერხს (იხ. ჟურნალის ამავე ნომრში
ხსენებული ხერხის შესახებ წმ. გრიგოლ ნაზიანზელთან დაკავშირებით, გვ. 50).
იგი “დღესასწაულის აღსრულებად” და “ოქროთი შემკობად” სახელდებს იმ სულიერ
სიხარულს, რაც მას ლიბანიოსის წერილმა განაცდევინა.
3 - როგორც ჩანს, ცალკეული პირები, რომლებიც უსარგებლოდ რაცხდნენ ელინური კეთილსწავლულების უდიდეს მონაპოვარს – სიტყვიერ, სამეტყველო კულტურას,
საკუთარი უმეცრებით “დაქირავებული ჯარისკაცები” ხდებოდნენ ცოდნისა და
განათების წინააღმდეგ (ამ შემთხვევაში “ელინურობის” წინააღმდეგ) მებრძოლი
გონებრივი წყვდიადისა (ამ შემთხვევაში “ბარბაროსობისა”) და
უპირისპირდებოდნენ აღნიშნული კეთილსწავლულების ერთერთ უბადლო მესიტყვეს,
ლიბანიოსს. ეს დაპირისპირება ისე მკვეთრი ყოფილა, რომ როგორც ვხედავთ
ლიბანიოსს საერთოდ უთქმელობა და დადუმება გადაუწყვეტია.
4 - წმ. გრიგოლ ნოსელის ასეთი დაჟინებული თხოვნა და,
შეიძლება ითქვას, ვედრება ლიბანიოსისადმი, რომ არ დადუმდეს იგი და არ
შეწყვიტოს მან სიტყვისმიერი მოღვაწეობა, კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ
ღირებული ყოფილა ანტიკური კულტურის ამ ერთერთი გვიანდელი წარმომადგენლის
სწავლებანი თვით ქრისტიანობისთვისაც, ეკლესიისთვისაც.
5 - კვინეგიოსი, ზოგი მკვლევარის ვარაუდით, შესაძლოა
წმ. გრიგოლის შვილი იყო (იხ.Gregoire de Nysse, Traite de la Virginite,
ed. par M. Aubineau, SCH 119, Paris 1966, p. 76). გრიგოლ ნოსელის
ცხოვრების შეჯამებული გადმოცემა და სათანადო წყაროებზე მითითება იხ. “მოსეს
ცხოვრებისადმი” წამძღვარებულ ჩვენს “წინათქმაში” (სიტყვა მართლისა
სარწმუნოებისა, ტ. I, თბ. 1990, გვ. 87-95).
6 - აღნიშნულ ადგილას ტექსტი ნაკულია.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
ედიშერ ჭელიძემ
ჟურნალი “გზა სამეუფო”, №1 1995წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები
No comments:
Post a Comment