Sunday, January 20, 2019

ედიშერ ჭელიძე - სახარება-ოთხთავის, როგორც "თავისუფლების რჯულის" შესახებ

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

წმიდა მარკოზ მონაზონი - "ამიტომ, "თავისუფლების რჯული" "საქმეთა" უწინარეს იკითხება"

წმ. მარკოზ მონაზონის ზემორე შეგონებაში ისაა ხაზგასმული, რომ "მოციქულთა საქმეების" წინ იკითხება "თავისუფლების რჯული". რა წიგნს უნდა გულისხმობდეს "თვისუფლების რჯული"? საზოგადოდ, ასკეტ მამებთან ძალიან ხშირია სიმბოლურ სახელდებათა გამოყენება. უთუოდ ასეთსავსე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერადაც. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი წიგნი უნდა ვიგულისხმოთ "თავისუფლების რჯულში", ამ მხრივ, უპირველსად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მსჯელობა აშკარად ეხება საკუთრივ "ახალ აღთქმას" და "ახალი აღთქმის" შიგნით კონკრეტულად "საქმე მოციქულთას" წინმსწრებ წიგნს, ასეთი წიგნი კი არის მხოლოდ "სახარება-ოთხთავი". მართლაც, "ახალი აღთქმის" შედგენილობა, ყველა ადრეული წყაროს მიხედვით, თავში უეჭველად გულისხმობს "სახარებას", მის მომდევნოდ კი - "მოციქულთა საქმეებს". ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვკითხულობთ "ახალ აღთქმას", მიმდევრობითად ჯერ ვკითხულობთ "სახარებას", შემდეგ კი - "საქმეებს". ამ მოვლენაში წმ. მარკოზი ძალიან ღრმა აზრს ჭვრეტს. კერძოდ, მისი სწავლებით, "სახარება" ესაა მას მოდევნებულ "საქმეთა" გონება, ანუ ეს ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნში აღწერილია პრაქტიკული განხორციელება იმ გონითი ხედვისა, რაც მოციქულებმა მაცხოვრისგან მიიღეს და რასაც სახარება გვიცხადებს. მაშ, ცნობილი ასკეტური სწავლება "ხედვისა" და "საქმის" (ანუ "თეორიისა" და "პრაქტიკის") ურთიერთმიმართების შესახებ (რომ "ხედვა" წინმსწრებია, "საქმე" კი - მას მოდევნებული და მისი განხორციელება) წმ. მარკოზის სწავლებით ცხადდება "სახარებისა" და "მოციქულთა საქმეების" მდებარეობის მხრივაც ("სახარება" - წინმსწრები ხედვა საქმითი ღვაწლისა; "საქმე მოციქულთა" - ხედვას მოდევნებული პრაქტიკული მოღვაწეობა ანუ საქმე).

და ბოლოს, საკუთრივ "თავისუფლების რჯულის" როგორც სახარება-ოთხთავის სახელდების შესახებ: უეჭველია, რომ წმ. მარკოზი ეფუძნება უშუალოდ წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც "სახარება ოთხთავს" სრულიად აშკარად უწოდებს "თავისუფლების რჯულს". კერძოდ, ვგულისხმობთ დიდი მოძღვრის ქადაგებას სათაურით: "შეგონებითი სიტყვა სინანულის შესახებ" (PG. 60, 681; შდრ. ბერძნ. Λόγος παραινετικὸς περὶ µετανοίας). ამ ძეგლში წმ. იოანე ერთგან განგვიმარტავს ლიტურგიის იმ ნაწილს, რომელიც წინ უძღვრის სახარების წაკითხვას. ქადაგებაში ვრცლადაა კომენტირებული სამღვდელო მოწოდება: "აღემართენით" ("სიბრძნით. აღემართენით და ისმინეთ წმიდისა სახარებისაჲ"; შდრ. ბერძნ. Σοφία. 'Ορθοί. 'Ακούσωμεν τοῦ ἁγίου Εὐαγγελίου). ამ მოწოდების შემდეგ, როგორც ცნობილია, ხდება სახარების წიგნის ამაღლება, გადაშლა და შესაბამისი მონაკვეთის წაკითხვა. მქადაგებელი დასძენს: "მაგრამ რას ნიშნავს ან რას გულისხმობს "აღემართენით"? ვიცი კი, რომ მრავალნი მხოლოდღა საკარცხულთაგან წამოდგომად იაზრებენ მას, თუმცა მე ვფიქრობ, ბევრად მეტი რამ სიღრმე აქვს ამ გამონათქვამს და არა მხოლოდ საკარცხულთაგან წარმოდგომას, არამედ უფრო საიდუმლო რამ აზრს მოასწავებს იგი, კერძოდ - იმას, რომ აღვემართოთ რწმენით, აღვემართოთ გულით, აღვემართოთ გულისზრახვებით, სიყვარულით, აღსარებით, აღვემართოთ უფლის ყველა მცნების მიმართ, აღვემართოთ მაღლა ცისკენ. "ზენანი იზრახეთ", ხართ რა პირმეტყველნი, "და ნუ დადრკებით ქვენათა მიმართ", ვით პირუტყვნი (შდრ. კოლას. 3.2). შემდეგ, როდესაც წამოდგებიან ყველანი და დადგებიან შიშით იმის სასმენად, რას განგვიცხადებს უფალი წერილის მიერ (როგორც წინასწარ მოასწავა დავით წინასწარმეტყველმა), რას გვიბრძანებს, რას გვამცნებს, რას განიზრახავს იგი, "საშინელი ზრახვათა შინა" (ფს. 65.5). შემდეგ, მაღლდება ისიც (იგულისხმება სახარების წიგნი, ე.ჭ.), - მრავალსასყიდლის მარგალიტი და წარმართთა მოლოდინი, მანათობლობა სოფლისა, ჩვენი მაცხოვნებელი ღვთის ბაგეთაგან გადმოღვრილი მადლი, შეჭირვებულთა შვება, პყრობილთა გამოხსნა, ცოდვათა გამოსყიდვა, დაცემულთა აღმართება, სნეულთა კურნება, სასოწარკვეთილთა სასოება, დამაშვრალთა შემწეობა, მონანულთა სიხარული, დევნილთა თავშესაფარი, თავისუფლების რჯული (νόµος τῆς ἐλευθερίας) იმათთვის, რომლებიც იმძლავრებიან უცხოს (ე.ი. უკეთური ძალის) მიერ, სათხეველი, რომელიც არათუ კლავს, არამედ ცხოველყოფს ყველას, ვინც დაინთქმის ამა სოფლის მწარე ზღვაში. ესენია (ე.ი. ეს ოთხი სახარებაა, ე.ჭ.) წყალთა წყაროები, ქვეყნიერების საფუძვლები, ქრისტეს წმინდა პირის სამოთხიდან გამომავალი ოთხი მდინარე (ანუ სახარების ოთხი თავი, ე.ჭ.). და, გაიხსნებიან რა საღვთო, სათაყვანო და უხრწნელი სახარებანი, კვლავ ხმობენ შიშით ამქვეყნიური ანგელოზები, ესე იგი მღვდლები, ერის მიმართ: "მოხედეთ", რაც ნიშნავს: "აქ იყოს თითოეულის გონება, აქ იყოს ყველას გული..." (PG. 60, 686 A; სრულად დავიმოწმებთ ბერძნულ ორიგინალსაც: Τὸ δὲ, Ὀρθοὶ, τί ἄρα σηµαίνει ἢ καταδέχεται; Οἶδα γὰρ, ὅτι πολλοὶ τὴν ἐκ τῶν θρόνων ἔγερσιν νοοῦσι καὶ µόνον· ἐγὼ δὲ πλεῖόν τι ὑπονοῶ ἔχειν βάθος τὸ ῥῆµα, καὶ οὐ µόνον τὴν ἐκ τῶν θρόνων ἀνόρθωσιν, ἀλλὰ καὶ µυστικώτερόν τι σηµαίνειν νόηµα· τουτέστιν, ὀρθοὶ τῇ πίστει, ὀρθοὶ τῇ καρδίᾳ, ὀρθοὶ τοῖς λογισµοῖς, τῇ ἀγάπῃ, τῇ ὁµολογίᾳ, ὀρθοὶ πρὸς πᾶσαν ἐντολὴν τοῦ Κυρίου, ὀρθοὶ ἄνω πρὸς τὸν οὐρανόν. Ὡς λογικοὶ τὰ ἄνω φρονεῖτε, καὶ µὴ ὡς τὰ κτήνη κάτω νεύοντες. Εἶτα πάντων ἀναστάντων καὶ ἐν φόβῳ ἱσταµένων, ἄκουσαι τί ἄρα Κύριος διηγήσεται ἡµῖν ἐν Γραφῄ, καθὼς προεσήµανεν ὁ προφήτης ∆αυῒδ, τί κελεύσει, τί ἐντέλλεται, τί βούλεται ὁ φοβερὸς ἐν βουλαῖς. Εἶτα ἀνυψοῦται καὶ ὁ πολυτίµητος µαργαρίτης καὶ προσδοκία τῶν ἐθνῶν, ἡ φωταγωγία τοῦ κόσµου, ἡ χάρις ἡ ἐκ τῶν χειλέων χυθεῖσα τοῦ Σωτῆρος ἡµῶν Θεοῦ, ἡ ἄνεσις τῶν θλιβοµένων, ἡ λύσις τῶν δεδεµένων, ἡ λύτρωσις τῶν ἁµαρτίων, ἡ ἀνόρθωσις τῶν πεπτωκότων, τὸ ἰατρεῖον τῶν νοσούντων, ἡ ἐλπὶς τῶν ἀπηλπισµένων, ἡ βοήθεια τῶν καταπονουµένων, ἡ χαρὰ τῶν µετανοούντων, ἡ καταφυγὴ τῶν διωκοµένων, ὁ νόµος τῆς ἐλευθερίας τῶν καταδυναστευοµένων ὑπὸ τοῦ ἀλλοτρίου, ἡ σαγήνη ἡ µὴ θανατῶσα, ἀλλὰ ζωοποιοῦσα τοὺς ἐν τῇ ἁλµυρᾷ τοῦ κόσµου θαλάσσῃ βυθιζοµένους, αἱ πηγαὶ τῶν ὑδάτων, τὰ θεµέλια τῆς οἰκουµένης, οἱ ἐκ τοῦ παραδείσου τοῦ ἁγίου στόµατος τοῦ Χριστοῦ ἐκπορευόµενοι τέσσαρες ποταµοί. Καὶ ἀνοιχθέντων τῶν θείων καὶ σεπτῶν καὶ ἀχράντων Εὐαγγελίων, κράζουσι πάλιν µετὰ φόβου οἱ ἐπίγειοι ἄγγελοι, οἱ ἱερεῖς, φηµὶ, πρὸς τὸν λαὸν, Προσχῶµεν· τουτέστιν, Ὧδε ὁ νοῦς ἑκάστου, ὧδε αἱ καρδίαι πάντων).

რა გაგებით შეიძლება ეწოდოს სახარებას "თავისუფლების რჯული"? მხოლოდ იმ აზრით, რომ სწორედ სახარებაშია თავად უფლის პირით გამოთქმული საუფლო მცნებანი და სწავლებანი, რომელთა მიერ ადამიანი თავისუფლდება ცოდვის ანუ მონობის ტყვეობისგან და სულიერ თავისუფლებაში შედის. რა თქმა უნდა, სახარებისეული სწავლება განფენილია ახალ აღთქმაში, ძველ აღთქმაში, ანუ თავისუფლების რჯული სრულად მოიცავს ბიბლიას, საღვთო წერილს. მეტიც, ეს რჯული გაწვდება კაცობრიობის მთელ ისტორიას და თავის თავში შეირთავს ამ ისტორიის გვირგვინს, უფლის მეორედ მოსვლის უდიდეს საიდუმლოს, როდესაც სახარებისეული ნამცნები საბოლოო აღსრულებას შეიძენს. სხვაგვარად, თავად მაცხოვარია თავისუფლების რჯული. უფლისავე სიტყვებით, "იცოდეთ ჭეშმარიტება და ჭეშარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" (იოან. 8.32; შდრ. γνώσεσθε τὴν ἀλήθειαν, καὶ ἡ ἀλήθεια ἐλευθερώσει ὑμᾶς. შდრ. "სცანთ ჭეშარიტი, და ჭეშარიტებამან განგათავისუფულნეს თქუენ"). კიდევ: "თუკი ძე გაგათავისუფლებთ თქვენ, ნამდვილად თავისუფალნი იქნებით" (იოან. 8.36; ἐὰν οὖν ὁ υἱὸς ὑμᾶς ἐλευθερώσῃ, ὄντως ἐλεύθεροι ἔσεσθε. შდრ. "უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშარიტად თავისუფალ იყვნეთ"); როგორც პეტრე მოციქული გვასწავლის, "ამგვარია უფლის ნება, რომ კეთილი საქმით უგუნურ კაცთა უმეცრების დამადუმებელნი გახდეთ, როგორც თავისუფალნი (ὡς ἐλεύθεροι) და არა როგორც ბოროტების საფარველად მქონენი თავისუფლებისა" (I პეტრ. 2.15-16; შდრ. ძვ. ქართ. თარგმ. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა. ვითარცა აზნაურნი [=თავისუფალნი, ე.ჭ.] და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე"); პავლე მოციქული ასე გვმოძღვრავს: "თვით ქმნილებაც გათავისუფლდება (ἐλευθερωθήσεται) ხრწნადობის მონობიდან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებაში (εἰς τὴν ἐλευθερίαν τῆς δόξης τῶν τέκνων τοῦ θεοῦ) (რომ. 8.21; შდრ. ძვ. ქართ: "თჳთ იგიცა დაბადებული განთავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა, აზნაურებასა [=თავისუფლებას] მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა"). ღვთის შვილობის თავისუფლებას გვანიჭებს უფლის სული, რომელიც თავად არის თავისუფლება ანუ როგორც პავლე მოციქული ამბობს, "უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქ არის თავისუფლება (II კორ. 3.17; შდრ. ბერძნ. ὁ δὲ κύριος τὸ πνεῦμά ἐστιν· οὗ δὲ τὸ πνεῦμα κυρίου, ἐλευθερία. შდრ. ძვ. ქართ. "უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს"). ესაა, იმავე პავლე მოციქულის თქმისებრ, "თავისუფლება ჩვენი, რაც გვაქვს იესო ქრისტეში" (გალატ. 2.4; შდრ. ... τὴν ἐλευθερίαν ἡμῶν ἣν ἔχομεν ἐν Χριστῷ Ἰησοῦ. შდრ. "...აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ"). ამ თავისუფლებით გაგვათავისუფლა მაცხოვარმა. კვლავ პავლე მოციქულის სიტყვებს დავიმოწმებთ: "აღარ ვართ ჩვენ შვილები მხევლისა, არამედ იმისა, ვიც თავისუფალია, თავისუფლებით გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ" (გალატ. 4.31-5.1; შდრ. οὐκ ἐσμὲν παιδίσκης τέκνα ἀλλὰ τῆς ἐλευθέρας.  τῇ ἐλευθερίᾳ ἡμᾶς Χριστὸς ἠλευθέρωσεν. შდრ. "არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა"). სწორედ მაცხოვარმა გვიხმო თავისუფლებისაკენ, როგორც მოგვმართავს მოციქული: "თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი, ძმანო, თუმცა - არა თავისუფლების ხორცის მიზეზად, არამედ სიყვარულის მიერ ემონებოდეთ ურთიერთს" (გალატ. 5.13; შდრ. ἐπ’ ἐλευθερίᾳ ἐκλήθητε, ἀδελφοί· μόνον μὴ τὴν ἐλευθερίαν εἰς ἀφορμὴν τῇ σαρκί, ἀλλὰ διὰ τῆς ἀγάπης δουλεύετε ἀλλήλοις· შდრ. "აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა-ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთას"). ამასთან, "თავისუფლებისათვის ხმობა" იმავე ზეციური იერუსალიმისკენ ანუ ცათა სასუფევლისკენ ჩვენს მოხმობას შინავს, რადგან სწორედ იქაა თავისუფლება ანუ სწორედ "ზეციური იერუსალიმია თავისუფალი, რომელიც არის ყველა ჩვენგანის დედა" (გალატ. 4.26; შდრ. ἡ δὲ ἄνω Ἰερουσαλὴμ ἐλευθέρα ἐστίν, ἥτις ἐστὶν μήτηρ ἡμῶν· შდრ. "ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ"). მიუხედავად ტერმინ "თავისუფლების" (ძვ. ქართ. "აზნაურების") ხშირი დამოწმებისა ახალ აღთქმაში  (ამ შინაარსით ტერმინი "თავისფულება" ძველ აღთქმაში არ გვხვდება), საკუთრივ გამოთქმა "თავისუფლების რჯული" თავს იჩენს მხოლოდ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში და, შესაბამისად, მის შექმნილად უნდა მივიჩნიოთ (ეს გამონათქვამი საერთოდ უცნობია ანტიკური და გვიანანტიკური ბერძენი ავტორებისთვის). იაკობ მოციქული ორგზის ახსენებს "თვისუფლების რჯულს". პირველად სახეზეა შემდეგი შეგონება: "თავისუფლების სრულ რჯულში შთამჭვრეტი და მასში დავანებული... ნეტარი იქნება თავის საქმეში" (იაკ. 1.25; შდრ. ὁ δὲ παρακύψας εἰς νόμον τέλειον τὸν τῆς ἐλευθερίας καὶ παραμείνας... μακάριος ἐν τῇ ποιήσει αὐτοῦ ἔσται. შდრ. "რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას..., ნეტარ იყოს ქმითა მით მისითა"); ძალიან საყურადღებოა აღნიშული მუხლის საეკლესიო განმარტება, რასაც წმ. ეფრემ მცირის თარგმანში ასეთი სახე აქვს: "შჯულ აზნაურებისა არს სრულმყოფელი ყოველთაჲ სიტყუაჲ მცნებათა უფლისათაჲ, რომელთა საქმით მწურთელი ნეტარებასა მიემთხუევის" (სამოციქულოს განმარტება, ე. კოჭლამაზაშვილის გამოც. თბ. 2000, გვ. 350). მეორე დამოწმება ზემორე სინტაგმისა შემდეგია: "ასე იმეტყველეთ და ასე იმოქმედეთ, როგორც თავისუფლების რჯულის მიერ განსასჯელებმა" (იაკ. 2.12; შდრ. οὕτως λαλεῖτε καὶ οὕτως ποιεῖτε ὡς διὰ νόμου ἐλευθερίας μέλλοντες κρίνεσθαι. ძვ. ქართ. "ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდეთ, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი"; შდრ. ამ მუხლის საეკლესიო განმარტება: "შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალუხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად", სამოციქულოს გამარტება, დასახ. გამოც. გვ. 352).

"თავისუფლების რჯულს" სახარებისეული ანუ მაცხოვრისეული რჯულის შინაარსით იყენებს მოგვიანებით წმ. იოანე დამასკელიც თავის შრომაში ვრცელი სათაურით: "ერთ იესო ქრისტეში, ჩვენს უფალში, არსებული ორი ბუნების თვისებათა თაობაზე, თან გაკვრით ორი ნებისა და მოქმედების და ერთი ჰიპოსტასის შესახებ" (შდრ. Περὶ τῶν ἰδιωμάτων τῶν ἐν τῷ ἑνὶ Χριστῷ τῷ κυρίῳ ἡμῶν δύο φύσεων. ἐξ ἐπιδρομῆς δὲ καὶ περὶ δύο θελημάτων καὶ ἐνεργειῶν καὶ μιᾶς ὑποστάσεως). მოძღვარი გვასწავლის: "მაშ, ამას (კაცობრივ ნებას, ე.ჭ.) სჭირდებოდა კურნება, რადგან სწორედ ნების სნეულებაა ცოდვა. თუ იგი (უფალი, ე.ჭ.) არ მიიღებდა აზრისმიერ და გონიერ სულს (ადამიანისას, ე.ჭ.) და მის ნებელობას, ვერ განკურნებდა ადამიანური ბუნების ვნებულებას. ამიტომ, მან ნებელობაც მიიღო (ადამიანისა, ე.ჭ.), მაგრამ ცოდვა არ მიუღია, რადგან არ არის ცოდვა უფლის ქმნილება. მაშ, იმისათვის, რომ განედევნა სულისგან მასში მტრის მიერ შთათესილი სნეულება ცოდვისა, ამ მიზნით მიიღო მან სული და მისი ნებელობა, ცოდვა კი არ უქმნია, და იმისათვის, რომ გაეთავისუფლებინა ხეული ხრწნილებისა და ცოდვის მსახურებისგან, ეს სხეულიც მიიღო მან, მაგრამ მიიღო თავდაპირველი გარდასვლის სასჯელნიც (ე.ი. ცოდვის შედეგი ანუ მოკვდავობა, ბიოლოგიური ხრწნადობა და ტკივილგანმცდელობა, ე.ჭ.), რომ ჩვენს გამო გადაეხადა მას ჩვენეული ვალი და გავეთავისუფლებინეთ დასჯილობისგან, რადგან მონას არ ძალუძს გათავისუფლება მონისა. სწორედ ამიტომ, ის, ვინც თავისუფალია, როგორც უცოდველი, და არ ექვემდებარება არც სიკვდილს, არცთუ სხვა რამ სასჯელს, ჩვენს გამო ჩვენეულ სასჯელთა მტვირთველი გახდა და მოკვდა ჩვენს გამო, რომ "ღვთის შვილად გახდომის უფლებამოსილება მიეცა იმათთვის, რომლებიც შეიწყნარებდნენ მას" (შდრ. ი. 1.12), და მიემადლებინა მათთვის უხრწნელება და ახლადშობის გზით ანგელოზთასწორი, უმწუხარო და შეუჭირვებელი ცხოვრება ებოძებინა სამერმისო საუკუნეში, ვინაიდან გვმართებს, რომ უპირველესად ის დავითმინოთ, რაც პირველი ადამისაა, რომლისგან გვაქვს წარმოშობაც, და ამგვარად მივეახლოთ მეორე ადამის საბოძვრებს, თუ შევუდგებით მის კვალს და დავიცავთ თავისუფლების რჯულს და ხელმეორედ აღარ დავემონებით ცოდვის უღელს, რადგან მან, გაათავისუფლა რა ჩვენი ბუნება, კვლავ მოგვცა ჩვენ მცნება (ე.ი. სახარებისეული რჯული, ე.ჭ.) და გვიჩვენა ჩვენ გზა, რომელზე მავალნიც თანავიმეფებთ მასთან ერთად".

IV ს-ის დიდი ასკეტი მაკარი ეგვიპტელი თავად სულიწმინდას უწოდებს "თავისუფლების რჯულს". აი, მისი საღვთო სწავლება: "ასევე უფალმაც, მოვიდა რა, მოგვცა ჩვენს გულში რჯული სულიწმინდისა ჭეშმარიტი, დაუკლებელი, ცხოველი და სულში სიცოცხლის მოქმედი. და აქვს სულს "რჯული თავისუფლებისა" - სულიწმინდა და "ჭეშარიტი სამართლიანობა" - უფალი... აწ კი სულიწმინდის რჯულის მქონენი, ცოდვის მონობისგან განთავისუფლებულნი და ზეციური სამართლიანობის მოქმედნი მადლის მიერ შეუბურველი პირისახით ჭვრეტენ ქრისტეს სინათლის დიდებას, მის სულთან სულით შეზავებულნი" (28.2.1.4 - 28.2.2.4).

და ბოლოს, დავიმოწმებთ სახელგანთქმულ ანტიერეტიკოსს წმ. ეპიფანე კვიპრელს: "მაშ, არ იკრძალებოდა თავდაპირველი წინადაცვეთა თავის ჟამს, თუკი [მავანი] რჯულს (მოსეს რჯულს, ე.ჭ.) დაიცავდა, მაგრამ რჯული (მოსეს რჯული, ე.ჭ.) განაცხადებდა ქრისტეს, თავისუფლების რჯულის მოსანიჭებლად მომავალს. ამიტომ, ქრისტეს დროს ხორცით წინადაცვეთა უკვე აღარ უნდა იმსახურებოდეს, რადგან მოვიდა ქრისტესმიერი ჭეშმარიტი [რჯული], რომლის სახეც ის (მოსეს რჯული, ე.ჭ.) იყო" (Haer 2.159.9).

ედიშერ ჭელიძე

359-ე სქოლიო "სათნოებათმოყვარეობის" ახალ ქართულ თარგმანზე
"საეკლესიო ბიბლიოთეკის" V ტომი,

გამომცემლობა "ახალი ივირონი"
2006 წ. თბილისი

No comments:

Post a Comment