Monday, December 10, 2018

ტერტულიანე

კვინტუს სეპტიმუს ფლორენს ტერტულიანე დაიბადა კართაგენში დაახლ. 155 წ-ს წარმართულ ოჯახში. მან მიიღო სათანადო იურიდიული განათლება და ცნობილი ადვოკატი გახდა რომში. მკვლევარები ქრისტიან ტერტულიანეს აიგივებენ იმ იურისტ ტერტულიანესთან, რომელიც სხვა წყაროთი (კერძოდ, ესაა ”კორპუს ცივილის”) არის ცნობილი. მოქცევის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა დაახლ. 193 წ-ს ტერტულიანე მკვიდრდება კართაგენში. იერონიმეს ცნობით, ტერტულიანე მღვდელი გახდა (იხ. მისი ”ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, 53). ტერტულიანეს ლიტერატურული მოღვაწეობა მოიცავს 195-220 წლებს. დაახლ. 207 წ-ს იგი ღიად გადავიდა მონტანისტური ერესის მხარეზე და გახდა მისი ადეპტი, რამაც შედეგად მოიტანა ცალკე სექტის დაფუძნება. მას ტერტულიანისტების სექტა ეწოდა, რამაც კართაგენში შეინარჩუნა თავი V ს-მდე, წმიდა ავგუსტინეს ეპოქამდე. ჩვენთვის უცნობია ტერტულიანეს გარდაცვალების წელი, თუმცა უეჭველია, რომ იგი გარდაიცვალა 220 წლის შემდეგ.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სახეზეა ტერტულიანეს შრომათა არანაკლებ ექვსი განსხვავებული კოლექცია. თვით შრომები მოიცავს საეკლესიო მწერლობის სხვადასხვა ჟანრს. კერძოდ:

I. აპოლოგეტური შრომები

1. წარმართთა წინააღმდეგ
ეს ნაშრომი შედგება ორი წიგნისგან. პირველ წიგნს უფრო თავდაცვითი დანიშნულება აქვს, მეორეს კი - შეტევითი. ნაშრომში მკაცრადაა მხილებული წარმართული რელიგია. განსაკუთრებით კი რომაული ღმერთები. ტერტულიანე ამტკიცებს, რომ წარმართული ღვთაებები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური გამონაგონი.

2. აპოლოგია (აპოლოგეტიკუმ)
ეს თხზულება ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად ტერტულიანეს შრომათა შორის.
შესავლის შემდეგ (რაც ექვს თავს მოიცავს) ტერტულიანე ვრცლად ეხება ბრალდებებს ქრისტიანთა წინააღმდეგ (ესაა იგივე ბრალდებანი, რაც თავს იჩენს, აგრეთვე, წმ. ათენაგორა ათენელის ”აპოლოგიაში”), კერძოდ, ცილისწამებებს თითქოსდა ქრისტიანთა მიერ ჩადენილი ჩვილთმკვლელობების (შეწირვის მიზანდასახულობით), ინცესტის, კანიბალიზმის შესახებ. ავტორი ბოლომდე ამხელს ამგვარ ბრალდებათა უსაფუძვლობას და იმასაც აშკარად ცხადყოფს, რომ სწორედ წარმართთაგან აღესრულებოდა და აღესრულება ზემორე დანაშაულობანი.
ტერტულიანეს მითითებით, ქრისტიანები არ ეთაყვანებიან წარმართულ ღმერთებს, რადგან ეს ვითომცდა ღმერთები სინამდვილეში გარდაცვლილი ადამიანები არიან. მეორე მხრივ, ქრისტიანები თაყვანს სცემენ ყოვლიერების შემოქმედს, ჭემარიტ ღმერთს, რასაც გვიცხადებს წმინდა წერილი.
აღნიშნული შრომა შეიცავს მრავალ ძვირფას სწავლებას. ევსების ციტირებაზე დაყრდნობით დღეისათვის დასაბუთებულად მიიჩნევა აზრი იმის შესახებ, რომ ტერტულიანეს ხსენებული ”აპოლოგია”, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, უთარგმნიათ ბერძნულ ენაზე (დაკარგულია).
ციტატები ტერტულიანეს შრომიდან ხშირია წმიდა კვიპრიანესთან, ლაკტანციუსთან და ნეტარ იერონიმესთან. მიიჩნევა, რომ აღნიშნული შრომა დაიწერა დაახლ. 197 წ-ს.

3. სულის დადასტურების შესახებ (”დე ტესტიმონოი ანიმე”)
ეს შრომაც დაახლ. 197 წ-ს არის დაწერილი. მისი მიზანია ღვთის შემეცნება სულის შემეცნების გზით. სწორედ ამ შრომაში გვხვდება ტერტულიანეს ცნობილი სიტყვები: ”სული ბუნებით ქრისტიანია” (”ანიმა ნატურალიტერ ქრისტიანა”), თუმცა ამ გამონათქვამის აზრი მარტივად საწვდომი არ არის.

4. სკაპულასადმი
ქრისტიანთა ულმობელი მდევნელი, აფრიკელი პროკონსულის სკაპულას (211-213) მიმართ წარგზანილი ეს შრომა, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური აღმსარებლობის ნებაყოფლობით თავისუფლებას უსვამს ხაზს, გამომდინარე იქიდან, რომ რომის იმპერიაში მხოლოდ ქრისტიანობისთვის (და სხვა არანაირი დანაშაულის გამო) მასობრივად იდევნებოდნენ მორწმუნეები, რომლებსაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო კანონით ჰქონდათ აკრძალული თავიანთი მრწამსის ნებაყოფლობითი აღიარება. ამიტომ მიუთითებს ტერტულიანე: ”ადამიანის უფლებაა, მისი ბუნების პრივილეგიაა ის, რომ თითოეულს შეეძლოს თაყვანისცემა საკუთარ რწმენათა მიხედვით” (თ. 2). ადამიანთა უსამართლოდ დაჩაგვრა, ავტორის მკვეთრი ხაზგასმით, დაუსჯელი არ რჩება. ამასვე უწინასწარმეტყველებს იგი სკაპულას.
აღნიშნული ნაშრომი, როგორც მიიჩნევენ, დაწერილია 212 წელს.

5. იუდეველთა წინააღმდეგ
ამ ნაშრომის პირველი რვა თავი მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ როდესაც ისრაელი განუდგა უფალს, დაკარგა მადლი. ტერტულიანე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მკვეთრად იხრება ძველი აღთქმის ოდენ სულიერი გააზრებისკენ. მისი შეხედულებით, რჯული არსებობდა მოსემდე, რაც უფალმა მისცა ყველა ერს. პირველი კანონი ადამს და ევას მიეცათ სამოთხეში. რაც შეეხება ფიცრებზე დაწერილ რჯულს, იგი დროის მიხედვით, უგვიანესია დაუწერელ რჯულზე, რაც ტერტულიანესთვის იგივე ბუნებითი რჯულია. ცხონება და მაცხოვნებელი რჯული მოდის მაშინ, როდესაც იშვება იესო ქრისტე.
მომდევნო 9-14 თავები განმარტავენ, რომ წინასწარმეტყველებანი სწორედ ქრისტეზე აღსრულდა (მიიჩნევენ, რომ ეს თავები არის არა აღნიშნული თხზულების, არამედ იმავე ტერტულიანეს სხვა შრომის, - კერძოდ: ”მარკიონის წინააღმდეგ”, - ნაწილი)

II. პაექრობითი შრომები
1. ერეტიკოსთა პრესკრიფციის შესახებ
აღნიშნული შრომა განსაკუთრებით ძვირფასია ანტიერეტიკული მეთოდოლოგიის შესამუშავებლად. ტერტულიანეს ერეტიკოსებთან წარმატებული ბრძოლის განხორციელებისათვის შემოაქვს იურიდიული ტერმინი ”პრესკრიფციო”, რაც სასამართლოს ენაზე ნიშნავს ”აცილების მიცემას” და გულისხმობს შემდეგს: როდესაც დავაა ორ მხარეს შორის, ხოლო საცილობელი საგანი საფუძველია ამგვარი დავისა, ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს თვით ამ საგანზე დავას, რადგან, მისი მტკიცებით, ეს საგანი საერთოდ არ ეკუთვნის მოპირისპირე მხარეს და, შესაბამისად, არც უფლება აქვს მას რაიმე დავის საფუძვლად აქცევდეს ამ საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერტულიანესთვის სრულიად უსაფუძვლოა ერეტიკოსთა ყველა ე.წ. ბიბლიური არგუმენტი (როგორც ცნობილია, ყოველი ერეტიკოსი ცდილობს საკუთარი ცრუმოძღვრების საყრდენად მოიშველიოს ესა თუ ის ციტატა საღვთო წერილიდან), რადგან თვით ბიბლია არ წარმოადგენს მათ კუთვნილებას. შესაბამისად, ერეტიკოსი არათუ იყენებს ბიბლიას, არამედ ამახინჯებს მას.
ტერტულიანეს, ყველა ერესის უარსაყოფად, შემოაქვს ორი პრესკრიფცია ანუ აცილება:
I. მაცხოვარმა ქადაგების მისია დააკისრა მოციქულებს. შესაბამისად, მისგან დადგენილთა გარდა არავინ არ შეიძლება ჩაითვალოს სახარების ჭეშმარიტ მქადაგებლად.
II. მოციქულებმა სხვადასხვა მხარეში დააფუძნეს ეკლესიები და მათ გადასცეს სახარების ქადაგების უფლება. შესაბამისად, მოციქულთაგან დაფუძნებული ეკლესისბის გარდა ყველა სხვა მქადაგებელი ცრუა. ეს ნიშნავს, რომ წინდაწინვე ყალბია ყველა ის მოძღვრება, რაც კი უპირისპირდება საეკლესიო ჭეშმარიტებას, მოციქულებს, ქრისტეს, ყოვლადწმინდა სამებას.
მიიჩნევა, რომ აღნიშნული შრომა დაიწერა დაახლ. 200 წ-ს.

2. მარკიონის წინააღმდეგ
აღნიშნული ძეგლი ყველაზე ვრცელია ტერტულიანეს შრომათა შორის. იგი შედგება ხუთი თავისგან და მიზნად ისახავს II ს-ის I ნახევრისა და შუა წლების ერთ-ერთი გავლენიანი გნოსტიკოსი მწვალებლის მარკიონის მხილებას. ტერტულიანე ეყრდნობა მარკიონის ”ანტითეზებს” და ახალი აღთქმის მარკიონისეულ გამოცემას, რომლებსაც მკაცრად აკრიტიკებს. დაგმობილია, აგრეთვე, ცნობილი ერეტიკული წიგნი ”მარკიონის სახარება”.
ნაშრომი დაწერილი უნდა იყოს 207-212 წლებში, რის გამოც ადვილი ასახსნელია მასში გამჟღავნებული მონტანისტური შეხედულებები (როგორც აღვნიშნეთ, 207 წლიდან ტერტულიანე მონტანისტურ ერესს მიემხრო).

3. ჰერმოგენეს წინააღმდეგ
ამ ნაშრომში განქიქებულია მატერიის მარადიულობის (და შესაბამისად, მისი ღმერთობის) ამღიარებელი  გნოსტიკოსი მხატვარი ჰერმოგენე. ნაშრომი შედგება 45 თავისგან. იგი დაწერილია 200 წ-ს შემდეგ ახლო ხანებში.
თავის ცნობილ შრომაში ”სულის შესახებ” ტერტულიანე უთითებს თავისსავე კიდევ ერთ შრომაზე ”ჰერმოგენეს წინააღმდეგ” სულის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ეს ნაშრომი დაკარგულია.

4. ვალენტინელთა წინააღმდეგ
ნაშრომში უარყოფილია გნოსტიკოს ვალენტინუსის და მის მიმდევართა მწვალებლური აზრები. ნაშრომი შედგება 39 თავისგან. მასში ხაზია გასმული ვალენტინიზმის ეზოტერულ ხასიათზე და ამ კუთხით იგი შედარებულია ელევსინის მისტერიებთან. ტერტულიანე აღნიშნული ნაშრომის შედგენისას ვრცლად იყენებდა ირინეოსის ცნობილ ხუთწიგნეულს იმავე ვალენტინუსის წინააღმდეგ, აგრეთვე წმ. იუსტინე მარტვილის, მილტიადესა და პროკულოსის დაკარგულ ანტიერეტიკულ შრომებს.

5.ნათლისღების შესახებ
ეს ნაშრომი საყურადღებოა ნათლისღების საიუდმლოს უადრესი სახის შესასწავლად. მასში გადმოცემულია მრავალი უაღესად მნიშვნელოვანი საეკლესიო სწავლება აღნიშნულ საიდუმლოსთან დაკავშირებით, თუმცა მასშივე მჟღავნდება ავტორის დიდი ცთომილება, რაც მდგომარეობს ჩვილთა ნათლობის უარყოფაში. რადგან ამ ნაშრომში მონტანიზმის კვალი არ ჩანს. მიიჩნევენ, რომ იგი დაიწერა 198-200 წლებში.

6. სკორპიაკუმი
”სკორპიაკუმი”, ანუ წამალი ”სკორპიონის” (მორიელის) ნაკბენის წინააღმდეგ, არის სახელწოდება თორმეტთავიანი მცირე ნაშრომისა, რომელშიც განდიდებულია მარტვილობა, ჭეშმარიტებისთვის თვითშეწირვა, და დაგმობილი არიან მარტვილობის უარმყოფელი გნოსტიკოსები, ავტორის მიერ მორიელებად დასახულნი. ნაშრომი 213 წელს დაწერილად მიიჩნევა.

7. ქრისტეს ხორცის შესახებ, ოთხი ერესის წინააღმდეგ
ამ ნაშრომში უარყოფილია დოკეტისტური ცრუსწავლება მაცხოვრის სხეულის მოჩვენებითობის შესახებ. მითითებული ”ოთხი ერესი” გულისხმობს მარკიონს, მის მოწაფე აპელოსს, ბასილიდეს და ვალენტინუსს. ნაშრომში, გარდა აღნიშნულისა, უარყოფილია აგრეთვე შეხედულებანი იმის შესახებ, თითქოს მაცხოვარმა თავისი სხეული მიიღო ანგელოზებისგან ან ვარსკვლავებისგან ანდა სხვა რამ სულიერი სუბსტანციისაგან (თანახმად ვალენტინუსისა). მეორე მხრივ, ეგევე ნაშრომი უარყოფს მაცხოვრის სხეულის მომდინარეობას მამაკაცური სპერმისგან.

8. ხორცის აღდგინების შესახებ
ეს ნაშრომი პირდაპირი გაგრძელებაა წინარესი. მასში მოცემულია დასაბუთება კაცობრივი სხეულის აღდგინების გარდუვალობისა. თხზულება დაწერილია უთუოდ 207 წლის შემდეგ, რადგან მისი დამაბოლოებელი სიტყვები აშარად აღიბეჭდავს მონტანიზმის კვალს.

9. პრაქსეასის წინააღმდეგ
აღნიშნული ძეგლი ტერტულიანეს ნაშრომთა შორის ყველაზე უფრო მონტანისტურია. მართალია, თვით პრაქსეასიც, როგორც ეს ტერტულიანეს ცალკეული გამონათქვამებიდან ჩანს, ცთომილ შეხედულებათა აღმსარებელი ყოფილა, კერძოდ ემხრობოდა მოდალიზმს ანუ პატრიპასიანიზმს (ე.ი. მოძღვრებას იმის შესახებ, რომ მამა, ძე და სული ერთი პიროვნებაა და რომ ძის განკაცებით და ვნებით განკაცდა და ევნო თვით მამა), რის გამოც სამართლიანად კიცხავს მას ტერტულიანე, მაგრამ მეორე მხრივ ამავე პრაქსეასს დაუგმობინებია მონტანისტური ერესი და მისი ჰერესიარქი მონტანი რომის ეპისკოპოსისათვის.
სამწუხარო ერეტიკული ცთომილებების (კერძოდ, სუბორდინიზმის) გვერდით ხსენებული შრომაში ტერტულიანე გვაწვდის არაერთს უაღრესად მართებულ ფორმულირებას ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირბეით, რამაც განაპირობა აღნიშნული ძეგლის განსაკუთრებული პოპულარობა შემდეგი ეპოქის ღვთისმეტყველთა შორის (ამ ნაშრომის მართებულ სწავლებებს იყენებდნენ წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. ავგუსტინე და სხვა).

10. სულის შესახებ
აღნიშნული ძეგლი, მარკიონის წინააღმდეგ მიმართული თხზულების შემდეგ, ყველაზე ვრცელია ტერტულიანეს ნაშრომთა შორის. მიზანი ამ შრომისა, ავტორის თქმით, არის ცთომილ შეხედულებათა უარყოფა. მასში, სხვათაშორის ხაზგასმულია სულისა და სხეულის წარმოშობის თანადროულობა, თუმცა განვითარებულია მცდარი თვალსაზრისი “სულის თესლის” შესახებ. ტერტულიანე მიიჩნევს, რომ არსებობს “სულის წარმოშობის თესლი, რომელიც მყისიერად გამოიღვრება სულისგან”. ამ თვალსაზრისს ეფუძნება ერეტიკული მოძღვრება – ტრადუქსიანიზმი, რაც აღიარებს, რომ ადამიანის პიროვნული სული გამომდინარეობს გენეტიკურად მშობლების სულისგან. ეს მცდარი სწავლება უარყოფს საეკლესიო დებულებას ყოველი ადამიანის სულის უშუალოდ ღვთისგან შექმნის შესახებ.
ასევე მცდარია ტერტულიანეს აზრი იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანის სული, ვიდრე საყოველთაო აღდგომამდე, ჯოჯოხეთში მკვიდრობს, გარდა მარტვილებისა, რომლებიც დაუყონებლივ ზეცად მაღლდებიან. ტერტულიანეს სიტყვებია: “ერთადერთი გასაღები, რაც აღებს სამოთხეს, არის თქვენი საკუთარი სიცოცხლის სისხლი”.
მიიჩნევენ, რომ ტერტულიანეს აღნიშნული შრომის მთავარი წყაროა II ს-ის მეთოდისტთა სექტის წარმომადგენლის, სორანუს ეფესელის ოთხწიგნეული “სულის შესახებ”, რომელშიც სტოიკოსებისა და ტერტულიანეს მსგავსად დაშვებულია სულის მატერიალურობა.
ნაშრომში გამოვლენილი მონტანისტური შეხედულებები არის საფუძველი იმისა, რომ ძეგლის დაწერის მიახლოებით დროდ ჩაითვალოს 210-213 წლები.

III. მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული შრომები
1. მარტვილთა მიმართ
ესაა ერთ-ერთი უადრესი შრომა ტერტულიანესი. იგი შედგება 6 თავისაგან და მიმართულია სიკვდილმისჯილი ქრისტიანებისადმი, რომლებიც ციხეში არიან დატყვევებულნი. ნაშრომში ღრმა განცდით არის ასახული ქრისტიან აღმსარებელთა და მარტვილთა შეუდრეკელობა და ახოვანება მტარვალთა წინაშე. ეს შრომა მრავალი ნიშნით ენათესავება ცნობილ ადრექრისტიანულ (ტერტულიანეს თანამედროვე) ძეგლს ”მარტვილობა პერპეტუასი და ფელიციტასი”. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელის ავტორიც ტერტულიანე უნდა იყოს.

2. სანახაობათა შესახებ
ამ ანშრომში მოცემულია სრული დაგმობა სანახაობისა. იგი შედგება ისტორიული (თავები 4-13) და მორალური (თავები 14-30) ნაწილებისაგან. პირველ მათგანში აღწერილია ცალკეული სანახაობანი და არსებითად კერპთაყვანისმცემლობად არის დასახული ისინი, ხოლო მეორეში მხილებულია აღნიშნულ სანახაობათა არაზნეობრივი ხასიათი.
თხზულება დაწერილია დაახლ. 197 წ-ს (ზოგი მკვლევარის აზრით 202 წ.). თვით ტერტულიანეს მითითებით (იხ. მისი შრომა ”გვირგვინის შესახებ”, 6) არსებულა ამ ნაშრომის მისგანვე მომზადებული ბერძნული ვარიანტი.

3. ქალთა გარდერობის შესახებ (”დე კულტე ფემინარიუმ”)
აღნიშნული შრომა შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც თავდაპირველად დამოუკიდებელი სახით უნდა ყოფილიყვნენ გავრცელებულნი. პირველ მათგანს ეწოდება “ქალური შესამოსელის შესახებ”, მეროეს კი – ზემომითითებული სახელწოდება, რაც შემდეგში ორივე მათგანის აღმნიშვნელი გახდა.
ტერტულიანე მიიჩნევს, რომ ყოველგვარი სამკაული, ძვირფასი ქვები და კოსმეტიკა უცხო უნდა იყოს ქრისტიანი ქალისთვის, რადგან მისი თქმით, პირველი ქალის – ევას შეცოდების შემდეგ ერთადერთი შესაფერისი სამოსელი ევას ასულთათვის ესაა სინანული. ტერტულიანე ერთმანეთისგან მიჯნავს “გარდერობს” (კულტუს) და “მაკიაჟს” (ორნატუს) და გმობს ორივეს, მიიჩნევს რა ზომიერებას მორწმუნე ქალთა აუცილებელ ნიშნად. მისი ცნობილი სიტყვებია: “რადგან ჩვენ ყველანი ვართ ტაძარნი ღვთისა, მოკრძალებულობა არის ამ ტაძრის სიწმიდეთმოქმედი და მღვდელი”.
ორივე ნაწილი დაწერილი ჩანს 207 წლამდე.

4. ლოცვის შესახებ
ნაშრომი დაწერილია 198-200 წლებში და მიემართება კათაკმევლებს. იგი იწყება იმის აღნიშვნით, რომ “ახალმა აღთქმამ” შემოიტანა ლოცვის ახალი სახე, რაც უცნობი იყო “ძველი აღთქმისთვის”. ესაა კონკრეტულად “მამაო ჩვენო”, რაც თავის თავში აჯამებს მთელ სახარებას. თხზულების 2-9 თავები წარმოგვიდგენს “მამაო ჩვენოს” ყველაზე ადრინდელ განმარტებას.

5. მოთმინების შესახებ
მოთმინების სათნოება, ტერტულიანეს სწავლებით, თავად მაცხოვარშია მოცემული როგორც ნიმუში ჩვენთვის. მე-15 თავში იგი შენიშნავს: “სადაც არის ღმერთი, იქვე მყოფობს ჩვილიც, რომელსაც ის ასაზრდოებს. ესაა მოთმინება. რაჟამს გადმოდის სული ღვთისა, მასთან თანამგზავრობს მოთმინება, განუყოფლად მისგან”. თვით ტერტულიანე (როგორც ჩანს, თავმდაბლურად) საკუთარ თავს ამ სათნოების არმქონედ რაცხს, მაგრამ სწორედ მის შესახებ წერს, რადგან, ავტორის სიტყვებით “ეს იქნებოდა როგორც ნუგეში ჩემთვის, მემსჯელა იმ სათნოებაზე, რომლისგანაც დაკლებული ვარ”.
ნაშრომი დაწერილია 200-203 წლებში. მას ფართოდ იყენებს წმ. კვიპრიანე კართაგენელი თავის თხზულებაში “კეთილმოთმინებისათვის”.

6. სინანულის შესახებ
აღნიშნული ნაშრომი, რაც დაწერილია ტერტულიანეს სამოძღვრო გაუკუღმართებადმე (ზუსტი თარიღია 203 წ. რადგან მე-12 თავში იხსენიება ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევა), გარკვეული მნიშვნელობისაა სინანულის საიდუმლოს ისტორიისათვის. მასში გამოყოფილია ორი სახის სინანული. ერთი ესაა სინანული, რაც ყოველ მოსანათლს უნდა ჰქონდეს ნათლობის წინ, მეორე კი, როგორც ჩანს, გულისხმობს სინანულს ნათლობის შემდეგ, თუმცა ამ სინანულს ტერტულიანე ერთგზისობას განუკუთვნებს. იგი თვლის, რომ მეორე სინანულის მოსაპოვებლად საჭიროა “აღსარება”. ნაშრომის ბოლო, XII თავში აღწერილია მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთში იმ პირებისა, რომლებმაც არ განიკუთვნეს სინანული.

7. ცოლისადმი
ეს შრომა დაწერილი 200-206 წლებში, როგორც სათაურიდანაც ჩანს, მიმართულია მეუღლისადმი, რომელსაც ტერტულიანე დაუსახავს მოღვაწეობის გეზს თავისი გარდაცვალების შემდეგ. მკაცრადაა ხაზგასმული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მან აუცილებლად უნდა დაიცვას ქვრივობა და არ გათხოვდეს მეორედ. თითქმის მთელი თხზულება მიმართულია მეორედ ქორწინების წინააღმდეგ. ამავე თხზულებაში მკაცრადაა დაგმობილი მორწმუნეთა და ურწმუნოთა დაქორწინება.

8. უბიწოებისკენ მოწოდების შესახებ
ნაშრომი მიმართულია ერთ-ერთი მეგობრისადმი, რომელსაც მეუღლე დაეღუპა. ტერტულიანე ამჯერადაც მკაცრად მოითხოვს, რომ არ დაქორწინდეს იგი ხელმეორედ. მეტიც, ავტორი, რომელიც ამ შრომაში უკვე ამჟღავნებს მონტანისტური ერესისაკენ გადახრას, მეორე ქორწინებას ღვთის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯად და, არსებითად, მრუშობად რაცხს. ტერტულიანე, აქებს რა უქორწინებლობას, ავტორიტეტად მოუხმობს მონტანის მიმდევარ ცრუწინასწარმეტყველ ქალს პრისკას, რომელსაც იგი “წმინდა წინასწარმეტყველად” სახელდებს (თავი 10).
ნაშრომი დაწერილია 204-212 წლებში.

9. მონოგამიის შესახებ
თუ ზემორე შრომა ტერტულიანეს წარმოგვიდგენს როგორც შუალედურ მდგომარეობაში მყოფს ეკლესიასა და მონტანისტურ ერესს შორის, აღნიშნული ძეგლი აშკარა გაცხადებაა მისი მონტანისტური მსოფლმხედველობისა. ნაშრომში დაგმობილია არა მხოლოდ გნოსტიკოსთა მიერ ქორწინების სრული უარყოფა, არამედ საეკლესიო ნებადართულობაც მეორედ ქორწინებისა. ტერტულიანე აღნიშნავს: “პირველი (გნოსტიკოსთა, ე.ჭ.) აზრი მკრეხელობაა, მეორე კი (ეკლესიისა, ე.ჭ.) – გარყვნილება... ჩვენ კი, რომლებიც სამართლიანად ვატარებთ “სულიერთა” (მონტანისტთა, ე.ჭ.) სახელს იმ ქარიზმათა გამო, რაც ცხადად მოგვეგება, მივიჩნევთ, რომ უქორწინებლობა იმსახურებს პატივისცემას, ისევე როგორც დასაფასებელია დაქორწინების უფლება... ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ერთ ქორწინებას, ისევე როგორც ვცნობთ მხოლოდ ერთ ღმერთს” (თ. 1).
საფიქრებელია, თხზულება დაწერილი იყოს 217 წ-ს, რადგან ერთგან ტერტულიანე უთითებს, რომ 160 წელია გასული პავლე მოციქულის მიერ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის დაწერიდან (ამ ეპისტოლის დაწერის თარიღად მიიჩნევა 57 წელი).

10. თავდაბურულ ქალწულთა შესახებ
ნაშრომში არის მოთხოვნა იმისა, რომ თავსაბურავი ატარონ და პირბადე დაიფარონ არა მხოლოდ გათხოვილმა ქალებმა, არამედ ქალწულებმაც.

11. გვირგვინის შესახებ
ამ ნაშრომში კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე განხილულია ქრისტიანთა სამხედრო სამსახურის საკითხი. კონკრეტული შემთხევა ამგვარი იყო: იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის გარდაცვალებისას (211 წ.) მისმა ძეებმა ფულადი საჩუქარი გაიღეს ჯარისკაცებისთვის, რასაც ერქვა “საბოძვარი” (დონატივუმ). ყოველი ჯარისკაცი, თავზე დაფნის გვირგვინით, იღებდა თავის წილს სამხედრო ბანაკში. მათ შორის გამოჩნდა ერთი, რომელსაც არ ჰქონდა თავზე გვირგვინი (ხელში ეჭირა). შეკითხვაზე, თუ რატომ არ ედგა მას გვირგვინი, ჯარისკაცმა მიუგო: “არ მაქვს უფლება, რადგან ქრისტიანი ვარ”. იგი დაატუსაღეს, აწამეს და ამის შედეგად, როგორც ამბობს ტერტულიანე, - ეს ჯარისკაცი ღირსი გახდა მარტვილის გვირგვინისა და ციხეში მყოფს მოელის ქრისტეს საბოძვარი (დონატივუმ).
როგორც ვხედავთ, თხზულებაში დაგმობილია სამხედრო გვირგვინის ტარება ქრისტიანის მიერ, რადგან ეს ჩვეულება წარმართობად და მეკერპეობად არის შერაცხილი და რადგან, ტერტულიანეს თქმით, ომი და სამხედრო სამსახური შეუთავსებელია სარწმუნოებასთან. ნაშრომი დაწერილია მონტანისტური სულისკვეთებით 211 წელს. მასში, თვით ავტორისვე მითითებით, ვრცლადაა გამოყენებული კლავდიუს სატურნინუსის ამავე სათაურის მქონე თხზულება. ერესისკენ გადახრილი ტერტულიანე წარმართებათან ერთად მკაცრად კიცხავს ეკლესიის მოძღვართ და ამ უკანასკნელთა მიმართ გმობის სიტყვებს წარმოთქვამს: “ისევე როგორც უარყვეს მათ სულიწმინდის წინასწარმეტყველებანი, ასევე ემზადებიან მარტვილობის უარსაყოფად... მე ვიცი მათი მწყემსები: ისინი ლომები არიან მშვიდობის ჟამს, ხოლო შვლები – ომში”. თუნდაც ეს ციტატა დადასტურებაა იმ რადიკალური ცვლილებისა, რასაც ტერტულიანე განიცდის 207 წლის შემდეგ.

12. დევნულობისგან თავის არიდების შესახებ
საკითხი იმის შესახებ, უნდა განერიდოს თუ არა ქრისტიანი დევნულობას, ტერტულიანეს მიერ სხვა შრომებშიცაა აღძრული. მაგალითად, თხზულებაში “ცოლისადმი” იგი აღნიშნავს: “დევნულობის ჟამს უმჯობესია გაქცევა ერთი ადგილიდან მეორისკენ, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს, ვიდრე თავის დატყვევებინება და ტანჯვისას რწმენის უარყოფა” (1.3). იგივე აზრია გადმოცემული შრომაში “მოთმინების შესახებ” (თ. 13), მაგრამ  წინამდებარე თხზულებაში, რომელიც, ზემოგანხილულის მსგავსად, მონტანიზმის მკვეთრ გავლენას ამჟღავნებს (დაწერილია 212 წ.), სრულიად უშეღავათო პოზიციაა გადმოცემული: დევნულობისათვის თავის არიდება საწინააღმდეგოა ღვთის ნებისა, რადგან თვით დევნულობა სწორედ ღვთის ნებით აღიძვრის მორწმუნეთა ერთგულების გამოსავლენად.

13. კერპთაყვანისცემის შესახებ
ამ ნაწარმოებში კვლავ იგივე კითხვაა დასმული, რაც ზემოგანხილულ შრომაში “გვირგვინის შესახებ”: აქვს თუ არა ქრისტიანს უფლება, იმსახუროს არმიაში? პასუხი შედარებით ზოგადია: ქრისტიანი უნდა გათავისუფლდეს ყოველივე იმისგან, რაც მას კერპთაყვანისმცემლობასთან აკავშირებს. მონტანიზმის ერესით განმსჭვალული ავტორი ერთ სიბრტყეზე აყენებს და ერთობლივად აძევებს ეკლესიიდან, ერთი მხრივ, ასტროლოგებს, მოგვებს, ჯადოქრებს, მეორე მხრივ კი – მათემატიკოსებს, სკოლის მასწავლებლებს, მხატვრული ლიტერატურის სპეციალისტებს.
წარმოდგენილი პოზიცია ორ კითხვას აღძრავს, რასაც ტერტულიანე გარკვეულ პასუხს უძებნის:
1. როგორ მოიპოვოს ქრისტიანმა ცხოვრების სარჩო?
პასუხი: თუ ქრისტიანს დაძლეული აქვს სიკვდილის შიში, ის არ შეუშინედბა ადამიანური არსებობისათვის საჭირო მოთხოვნილებების მოკლებასაც.
2. თუ სწავლება არ არის ნებადართული ქრისტიანთათვის, როგორ შეიძენს იგი ცოდნას, როგორ მიიღებს განათლებას?
პასუხი: სწავლება ანუ ის, რომ ასწავლონ, აკრძალულია ქრისტიანისთვის, მაგრამ შესწავლა ნებადართულია.
ამგვარი ფანატიზმის შედეგად ტერტულიანე გმობს მხატვრობას, სკულპტურას, ყოველგვარ სახელმწიფო სამსახურში მონაწილეობას. ტერტულიანეს აზრით სახელმწიფო მტერია ღვთისა. მისი თქმით “ერთ და იმავე პიროვნებას არ შეუძლია ემსახუროს ორ ბატონს: ღმერთს და კეისარს” (თავი 19).
თხზულება დაწერილია დაახლ. 211 წ-ს.

14. მარხვის შესახებ ფსიქიკოსთა წინააღმდეგ
აღნიშნულ ნაშრომში ტერმინი “ფსიქიკოსი” (ანუ “მშვინვიერნი”) გულისხმობს საეკლესიო მოძღვართ, რომლებსაც ტერტულიანე უპირისპირებს მონტანისტებს ანუ, მისი აზრით, “სულიერებს”. ტერტულიანეს გამძვინვარება ეკლესიისადმი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მონტანისტთა მიერ უკიდურესი გამკაცრება მარხვისა (ღვინის სრული უარყოფა, მხოლოდ ხმელი საზრდოს მიღება ანუ ქსეროფაგია, მარხვის დღეთა გაზრდა და სხვა) ეკლესიამ დაუყონებლივ შეაფასა როგორც “სიახლე” და დაგმო იგი. ტერტულიანე, იცავს რა მონტანიზმს, უკიდურესად უხეში გამონათქვამებით მიმართავს მართლმადიდებლებს, რომლებსაც უწოდებს “ავხორცობის მონებს და ნაყროვანებით აღგზნებულებს”, აგრეთვე – “წარმართებზე უფრო უღვთოებს”.
ნაშრომი დაწერილი ჩანს 210-211 წლების შემდეგ.

15. მოკრძალებულობის შესახებ (“დე პუდიციტია”)
ეს ნაშრომიც, ზემორეს მსგავსად, ეკლესიისადმი უკიდურეს დაპირისპირებულობას ამჟღავნებს. ტერტულიანე აღუშფოთებია ერთ-ერთი ეპისკოპოსის[1] განჩინებას (რასაც თხზულების ავტორი “დამღუპველ ედიქტს” უწოდებს), რაც ასეთი სახისაა: “მე შევუნდობ მრუშობასა და სიძვას მათ, რომლებიც შეინანებენ”. აქ გამოთქმული აზრი დიამეტრულად უპირისპირდება ტერტულიანეს მონტანისტურ შეხედულებას “მისატევებელ და მიუტევებელ ცოდვათა” შესახებ. მისი აზრით, ნათლობის შემდეგ ჩადენილი სამი ცოდვა – კერპთაყვანისცემა, სიძვა და მკვლელობა – მიუტევებელია და ვერც ეკლესია, ვერც თვით მარტვილთა შუამდგომლობა ვერ გამოიხსნის ამ ცოდვათა ჩამდენს. აქვე მთლიანად მონტანისტური სულისკვეთებით, ტერტულიანე აცხადებს, რომ კლიტენი შეკვრისა და გახსნისა მინიჭებული აქვს არა საეკლესიო იერარქიას, არამედ ე.წ. სულიერ (“მონტანისტურ”) იერარქიას. რაც შეეხება მაცხოვრის მიერ პეტრესადმი სასუფევლის კლიტეთა მიცემას, ეს ტერტულიანესთვის არ გულისხმობს ეკლესიის აღჭურვას ამავე კლიტეთა ფლობის ღირსებით, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული კლიტენი პიროვნულად პეტრეს მიეცა.

16. მანტიის შესახებ
ეს ნაშრომი ყველაზე მოკლეა ტერტულიანეს ნაწარმოებთა შორის (შედგება 6 თავისგან). მასში მოცემულია განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ შეცვალა ტერტულიანემ ტოგა მანტიით. იგი მიუთითებს, რომ ტოგა შემოტანილია რომაელთაგან კართაგენზე მათი გამარჯვების შემდეგ. იგი მოასწავებს ნგრევასა და დაღუპვას. მეორე მხრივ, მანტია (“პალლიუმ”) გამოიყენება ყველა რანგის ადამიანის მიერ ყოველგვარ პირობებში. ტერტულიანე განადიდებს მანტიას და ბოლოს პირდაპირ მიმართავს მას: “განიხარე, მანტიავ, იზეიმე! უფრო უკეთესი ფილოსოფია[2] მოგვაგებს პატივს ამიერიდან, რადგან შენ ქრისტიანის სამოსელი ხდები”.
თხზულება დაწერილია ან 193 ან 209-211 წლებში.


* * *
ტერტულიანეს შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენამდე არ მოღწეულა. მაგალითად: “მორწმუნეთა სასოების შესახებ”, “სამოთხის შესახებ”, “აპელიანელთა წინააღმდეგ”, “სულის ცენზის შესახებ” (“დე ცენსუ ანიმე”), “ფატუმის შესახებ”, “მეგობარი ფილოსოფოსისადმი”, “აარონის შესამოსელთა შესახებ”, “ხორცისა და სულის შესახებ”.
სახეზეა ფსევდოეპიგრაფიკული შრომებიც: 1. “წარმართთა დაწყევლილი ღმერთების შესახებ” (ნამდვილი ავტორი უცნობია); 2. “ყველა ერესის წინააღმდეგ” (ესაა 32 ერესის ჩამონათვალი, რაც დართული აქვს ტერტულიანეს ზემოგანხილულ შრომას: “ერეტიკოსთა პრესკრიპციის შესახებ” (ზოგი მკვლევარის აზრით, ესაა წმ. იპოლიტე რომაელის ცნობილი თხზულების, “სინტაგმას” შეჯამება, ზოგის მიხედვით კი საქმე გვაქვს პაპ ზეფირინუსის მიერ ბერძნულად დაწერილ ანტიორიგენისტულს შრომასთან, რაც ლათინურად თარგმნა ვიქტორინუს პეტაველმა); 3. “ლექსი მარკიონიტების წინააღმდეგ” (ხუთწიგნედი პოემა; ავტორი უცნობია; დაწერილია 325 წლამდე); 4. “ლექსი კლავდიუს ფელიქსისადმი მკვდართა აღდგომისა და ღვთის სამსჯავროს შესახებ” (დაწერილია V-VI სს. მიჯნაზე. ნადმვილი ავტორი უცნობია).


* * *
ზემოწარმოდგენილი მასალა ცხადყოფს, რომ ტერტულიანეს შრომათა შორის უაღრესად მნიშვნელოვან თხზულებებს გვერდით უდგას აშკარად მწვალებლური სულისკვეთებით გაჟღენთილი ძეგლები. ჩვენ აღნიშნულ ნაწარმოებებს შედარებით ფართოდ შევეხეთ იმ მიზანდასახულობით, რომ გაგვევლო პარალელი ტერტულიანეს მწვალებლურ ფანატიზმსა და დღევანდელ საქართველოში გავრცელებულ მრავალ ტერტულიანისტურ აზრს შორის, რომლებიც სამწუხაროდ “ჭეშმარიტ მართლმადიდებლობად” საღდება და მრევლის გარკვეული ნაწილის ყურადღებასაც იპყრობს (კერძოდ, თუნდაც შეხედულება ადამიანის სულიერი თვისებების სპერმატული გადაცემის შესახებ, ე.წ. “სულიერთა” ელიტის გამოყოფა, უკიდურესი შეურიგებლობა საერთო კულტურასთან და სხვა). დავძენთ, რომ ტერტულიანეს სარწმუნოებრივი გაუკუღმართებანი მოიცავს, აგრეთვე, ყოვლადწმინდა სამების დოგმატში სუბორდინიზმის დაშვებას (თუმცა ამავე დროს მას აქვს სამების დოგმატის დიდად ღირებული ტერმინოლოგიური განსაზღვრება: “სამი – ერთი არსებისა და ერთით მდგომარეობისა და ერთი ძალისა”), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქალწულობის უარყოფას შობის შემდეგ (თუმცა, მეორე მხრივ, მაცხოვრის განკაცება მის მიერ გამოთქმულია განსაცვიფრებელი ზედმიწევნითი ფორმულირებით: “ორი ბუნება ერთ პიროვნებაში”), საეკლესიო იერარქიის უარყოფას და “ეკლესიად” დასახვას მორწმუნეთა (ე.წ. “სულიერთა”) ნებისმიერი მცირე ჯგუფისა, რომელიც აღიარებს ყოვლადწმინდა სამებას, რადგან, მისი თქმით, ეკლესია ამ “სამის” (მამის, ძის და სულის) სხეულია. ტერტულიანე მიიჩნევს, რომ ეს ე.წ. “სულის ეკლესია” არის სწორედ ჭეშმარიტი ეკლესია, რომელსაც ჰყავს წინამძღვარი ე.წ. სულიერი ადამიანი, რომლის შუამდგომლობითაც ხდება ცოდვათმიტევება (და არა იმ ეკლესიის მიერ, რომელიც ეპისკოპოსთა საკრებულოა), თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ტერტულიანეა ის პირი, რომელმაც პირველმა უწოდა ეკლესიას “დედა” (“უფალი დედა ეკლესია” – “დომინა მატერ ეკკლესია”, მარტვილთა მიმართ, 1).
-----------------------------------------------------------------------------------

[1] - ეს ეპისკოპოსი, რომლის სახელიც მითითებული არ არის, ტერტულიანესგან ირონიულად წოდებულია ”პონტიფექს მაქსიმუს” და ”ეპისკოპოსთა ეპისკოპოსი” (ადრე ფიქრობდნენ, რომ აქ იგულისხმებოდა პაპი კალისტე. მაგრამ XX ს-ის 10-იანი წლებიდან თანდათანობით მეტ მხარდაჭერას პოულობს თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ თხზულების ობიექტია აგრიპინუს კართაგენელი).
[2] - მანტია ფილოსოფოსთა შესამოსელიც იყო.

ედიშერ ჭელიძე
I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I I I

No comments:

Post a Comment