განმარტებათა ნაკრები
წმ. გრიგოლ ნოსელი (334-394)
ქრისტეს აღდგომის შესახებ I ჰომილია
"ნუღარ ვეძიებთ მკვდართა შორის ცოცხალს, რადგან მის ამგვარად მაძიებელს განირიდებს უფალი, ეუბნება რა: "ნუ შემომეხები მე,
არამედ როდესაც ავალ მამასთან, მაშინ შეძლებ, რომ შემეხო". ეს ნიშნავს:
ნუღარ აღიბეჭდავ შენს რწმენაში სხეულებრივ და მონურ ხატებას, არამედ
თაყვანი ეცი ღვთის სიტყვად მყოფს, რომელიც არის მამისეულ დიდებაში და ჰგიეს
ღვთის ხატებაში, - და არა ხატს მონისას" (Gregorius Nyssenus Opera
9.304.14-306.3).
წმ. კირილე ალექსანდრიელი (370-444)
განმარტება იოანეს სახარებისა
"მას შემდეგ, რაც აღასრულა მან ჩვენეული განგებულება, დაითმინა რა თვით
ჯვარიც და ჯვარზე სიკვდილიც, ამასთან "გაცოცხლდა რა" კვლავ და სიკვდილზე
უმჯობესად თავისი ბუნება გამოაჩინა, ამიერიდან განირიდებს იგი და
მზადყოფნით აღარ შეიტკბობს მასთან მისულთ, რომლებსაც თვით მის ხორცთანაც
სწადიათ შეხება, განაწესებს რა ამ მოვლენას კანონად წმინდა ეკლესიებისა და
მისეული საიდუმლოს მიმართ, რაც თავად რჯულმაც გაგვიცხადა ჩვენ ყოვლადბრძენი
მოსეს მიერ, რაჟამს ქრისტეს ხატადვე დასახა მან კრავის დაკვლა, როდესაც
თქვა: "არცერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს მისგან" (გამოსლ. 12.48), "წინადაუცვეთელად" თქვა რა "განუწმენდელი", ხოლო "განუწმენდელად"
კი, ჯეროვანი იქნებოდა, კაცება მოაზრებულიყო თავისი ბუნებით, ვინაიდან რა
არის კაცობრივი ბუნება ღმერთში არსებულ სიწმინდესთან მიმართებით? ამრიგად,
ხამს, ისინი შეეხონ წმინდა სხეულს, რომლებიც კვლავაც წინადაუცვეთელნი, ესე
იგი განუწმენდელნი, არ არიან, უკეთ, რომლებიც განწმნედილებად წარმოჩნდნენ
იმ წინადაცვეთის მიერ, სულისმიერად რომ აღიქმება, რადგან ესაა “წინადაცვეთა გულისა სულით"
(რომ. 2.29), თანახმად პავლეს სიტყვისა. მაგრამ ვერ აღსრულდებოდა ჩვენში
სულით წინადაცვეთა, თუ არ შთაიმკვიდრებდა ჩვენს შორის სულიწმინდა
სარწმუნოებისა და წმინდა ნათლისღების გზით. მაშ, როგორღა არ იქნებოდა
მართებული, რომ განკრძალვოდა მარიამი სხეულთან შეხებას (წმინდა სხეულთან,
ცხადია), ჯერაც არ ჰქონდა რა მიღებული სულიწმინდა? მართლაც, თუმცა კი აღდგა
ქრისტე მკვდრეთით, კაცებას ჯერაც არ ჰქონდა ნაბოძები მამისგან მის მიერ
სულიწმინდა, ვინაიდან როდესაც ავიდა იგი ღმერთთან და მამასთან, მაშინ
შთამოგვივლინა მან იგი. ამიტომაც თქვა: "უმჯობეს არს თქუენდა,
რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა
მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა"
(იოანე 16.7). მაშ, ჯერაც არ იყო რა შთამოვლენილი სულიწმინდა, რადგან ჯერ
კიდევ არ იყო იგი ასული მამასთან, განირიდებს მარიამს, როგორც ჯერაც
არმქონეს სულიწმინდისას, ეუბნება რა: "ნუ შემომეხები მე,
რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან, ესე იგი, ჯერაც არ მომივლენია
თქვენზე სულიწმინდა". აქედან ეძლევათ კანონი ეკლესიებს, რადგან ასევე
განვზღუდავთ წმინდა ტრაპეზისგან თუნდაც იმათ, რომლებსაც შეცნობილი აქვთ
მისი ღმერთობა და უკვე აღსარებაც უთქვამთ სარწმუნოებისა, თუმცა კი არ
გამდიდრებულან სულიწმინდით, ესე იგი რომლებიც ჯერ კიდევ კათაკმევლები
არიან, ვინაიდან ჯერაც მოუნათლავთა შორის სულიწმინდა არ მოვანეობს, მაგრამ
როგორც კი წარმოჩნდებიან ისინი ზიარებულებად სულიწმინდასთან, მაშინ უკვე
აღარაფერია ხელისშემშლელი, შეეხონ ჩვენს მაცხოვარს. ამიტომაა, რომ იმათ
მიმართ, რომლებსაც სურთ ეზიარონ საიდუმლო კურთხევას, ასე ხმობენ საღვთო
საიდუმლოთა მსახურნი: "წმიდანი წმიდათა", რითაც
გვასწავლიან, რომ სიწმინდეებთან ზიარება ყოვლითურთ შეჰფერით სწორედ
სულიწმინდით განწმენდილებს (πρεπωδεστάτην εἶναι διδάσκοντες τῶν ἁγίων τὴν
μέθεξιν τοῖς ἡγιασμένοις ἐν Πνεύματι)(Sancti patris nostri Cyrilli
archiepiscopi Alexandrini in Joannis evangelium, 3.116.18-3.116.19)
"ხოლო
კვლავ გაიხსენოს სწავლისმოყვარემ, რომ უფალმა, ერთი მხრივ, მარიამ
მაგდანელს აუკრძალა მასთან შეხება, უთხრა რა უცხადესად: "ნუ შემომეხები მე,
რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა”, თუმცა კი იგი, მეორე მხრივ, ნებას
რთავს თომას შეეხოს მის გვერდს და თითით გამოიკვლიოს ლურსმნების
ანაბეჭდები. და თუ რა მიზეზის გამოა ეს, უკვე ითქვა ცხადად, თუმცა კი კვლავ
შეგახსენებთ, შევკვეც რა ვრცელსიტყვაობას. მაშ, მარიამს თვით ჟამი არ
აძლევდა შეხების შესაძლებლობას, ვინაიდან იგი ჯერაც არ განწმედილიყო
სულიწმინდის მადლით, რადგან კვლავაც ჩვენთან იმყოფებოდა ქრისტე და ჯერ
კიდევ არ ასულიყო იგი ცათა შინა მყოფ მამასთან, რის გამოც არ იყო
შესაძლებელი, კაცთა შორის აღსრულებულად დანახულიყო გარდამოსვლა
ნუგეშისმცემლისა. რაც შეეხება თომას, მას უკვე ძალუძდა შეხებაც კი უფალთან
როგორც სხვებთან ერთად სულიწმინდით გამდიდრებულს, რადგან, როგორც ზემოთ
ვთქვით, ის, რომ თომა აკლდა მათ, როდი ნიშნავდა იმას, თითქოს იგი უნაწილო
იყო სულიწმინდისა, ვინაიდან მასზეც განივრცო მბოძებლის უშურველობა,
განეკუთვნა რა საბოძვარი წმინდა მოწაფეთა მთელ სისავსეს" (იქვე,
3.145.21-3.146.18).
მიქაელ პსელლოსი, პოლიჰისტორი (1017-1096)
[იმათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ შეუსაბამოა სიტყვები: "ნუ შემომეხები მე" სიტყვებთან: "რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა"]
ნაჩქარევი იქნებოდა, საზოგადოდ, რომ თუკი ვინმეს გაუძნელდებოდა წმინდა
წერილის სიტყვისა თუ აზრის წვდომა, უღირსი გაგებით აღექვა მისთვის ძნელად
გასაგები გამონათქვამი, მართებდა კი მას, რომ ან ძიების გზით აღმოეჩინა
დაფარული, ან კიდევ სწავლების კვალობაზე შეეცნო ის, რაც ადვილად საწვდომი
არ იყო. თუმცა ეს საზოგადოდ არის ნიშანდობლივი ყველა მოძღვრებისა და
სწავლებისათვის, ხოლო რაც შეეხება საღვთო წერილის აღმოკითხვასა და
შეცნობას, საგანგებოდ უნდა იქნეს აღიარებული, რომ ყველა ის ადგილი, რაც არც
ისტორიას ესადაგება და არც განსჯა-გააზრების თანამიმდევრობას, სახეობრივი
მეტყველების ნიმუშია და უსულიერეს აზრს შეიცავს. ასევეა ამჯერადაც, რადგან
სიტყვები: "ნუ შემომეხები მე" წინააღმდეგობრივი ჩანს სიტყვებთან: "არღა
აღსრულ ვარ მამისა ჩემისა". მსჯელობის წანაძღვრად ის უნდა გვქონდეს, რომ
რაც კი სახარებებში უფალთან დაკავშირებით თქმულა, ან პირდაპირი ანუ
თავისთავადი გაგებისაა ან კიდევ სხვათა მიმართ არის პირობითად ნათქვამი,
როგორიც არის მოცემულ შემთხვევაში სიტყვები: "არღა აღსრულ ვარ მამისა
ჩემისა, რაც ნიშნავს, რომ იგი "არ ადის მამასთან" იმათთვის, რომლებსაც არ
ძალუძთ აღმატებული აზრით აღიქვან მისი ჩამოსვლა და, გარდა ამისა, მოსურნენი
არიან, რომ იგი მუდამჟამს სხეულებრივად და საკუთრივ ნივთიერი განხშოებით
წარმოუჩნდებოდეს მათ, თუმცა კი ხამს ისიც, რომ, ვაღიარებდეთ სიტყვას
ხორცშესხმულს და ყოვლითურთ ჩვენეული ბუნების შემმოსველს, ისევე როგორც
მოვალენი ვართ დავუშვათ მისი კაცობრივი ბუნების გარდაქმნა აღდგომის შემდეგ.
ამიტომ, თუკი ვინმე არ იფიქრებს, რომ მან აღდგომის შემდეგ უსაღვთოესისკენ
შეცვალა მისგან მიღებული კაცება, ამგვარ ვინმეს სამართლიანად აეკრძალება
მასთან შეხება, როგორც ჯერ კიდევ არმქონეს უაღმატებულესი შემეცნებისა და
არც "მამასთან ასულს", ვისთან "არ ასვლასაც" ამბობს თავად უფალი, ითავისებს
არა ჩვენეულ სახეს. ასე რომ, რადგან მარიამმა ჯერაც მდაბალი აზრებით ირჩია
ქრისტესთან შეხება, სწორედ ამ მიზეზით, სიტყვა უკრძალავს მას, როგორც არა
გარდაქმნილს, შეხებას სხეულთან, გარდაქმნილთან უმჯობესისა და
უაღმატებულესისკენ" (Michaelis Pselli theologica, vol. 1 Leipzig 1989
2702.1-2702.12.11).
ევსები კესარიელი (263-339)
სახარებისეული კითხვები მარინუსისადმი
"შემდეგ, რადგან მარიამი ეშურებოდა მიახლებოდა მას როგორც კვლავაც
მოძღვარს და არა როგორც ღმერთს, ამიტომაც უარყო და განირიდა მან იგი: "ნუ შემომეხები მე",
ვინაიდან ჯერ კიდევ მოკვდავად რაცხდა მას და არ ძალუძდა მის ღმრთეებასთან
შეხება. მართლაც, კვლავაც ტიროდა რა იგი და მის შესახებ კაცობრივთა და
ქვენათა მოფიქრალი, ქვევითვე ეძიებდა მას, ვითარცა მკვდარს, სამარეთა და
საფლავთა შორის, არ იყო ღირსი ზიარებოდა მასთან შეხებას. ამიტომ განამხილა
უფალმა მიზეზი, თქვა რა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ასული მამასთან მარიამის
ფიქრში, რადგან არ ურწმენია მას, რომ ეს მოხდა. ამიტომ თქვა მის მიმართ: "ნუ შემომეხები მე”,
ხარ რა ამგვარი და ჩემს შესახებ ამგვართა მოფიქრალი, რადგან შენს მიერ
ღმერთად არ ვირწმუნები და შენგან ჯერ კიდევ ქვევით მყოფად ვარ შერაცხილი.
აი ასე, უთხრა რა: “ნუ შემომეხები მე”, უფალმა გაკიცხა მარიამი და უკუმიაქცია იგი, რომელიც ტიროდა და მემტილედ მიიჩნევდა მას. გაკიცხა აგრეთვე იმითაც, რომ “დედაკაცად”
უწოდა მას და უთხრა: “რაჲსა სტირ?”, ვინაიდან დატირება ცოცხლისა, უკეთ,
თავად სიცოცხლისა, უკიდურესი უცნობელობა იყო. მაშ, ამათ მიერ გაკიცხა მან
იგი, მაგრამ შემდგომთა მიერ თავისი თავის შესახებ ღვთისმეტყველება ასწავლა
მას, ხოლო თვით მარიამი, ამ ყოველივეს კვალობაზე დიდ სარგებელთა მიმღები,
კვლავ უბრუნდება საფლავს, და ეს - მეორედ. შემდეგ იგი მოუთხრობს სხვა
მარიამს მისგან ნანახს (რაც აღწერილია იოანესთან) და ამ მარიამთან ერთად
კვლავ საფლავისკენ ადის, - ეს მესამედ, - ხდება რა მხილველი, - უკვე არა
განმარტოებით, არამედ სხვა მარიამთან ერთად, - ყოველივე იმისა, რაც
მოხსენებულია მათესთან, თან უკვე საფლავის შიგნით აღარ შთაიხედავს იგი,
როგორც ეს გვაქვს იოანესთან, არცთუ ორი ანგელოზის მხილველი ხდება, არამედ -
ერთისა, რომელიც ლოდზე იჯდა” (Patrologiae Cursus Completus, ed. J.
Migne, Patrologiae Graecae Tomus 22.949-949.56; პატრისტიკული ტექსტების აღნიშნული პუბლიკაცია ქვემოთ მითითებულია შემოკლებით PG)
“ამათ შემდგომ კვლავ ხედავს იგი მაცხოვარს სხვა მარიამთან ერთად, - ეს მეორედ, - და უკვე აღარ ისმენს: “ნუ შემომეხები მე”; პირიქით, ნაცვლად სიტყვებისა: “რაჲსა სტირ?”, ებრძანება მისგან: “გიხაროდენ”, მეტიც,
ნება ეძლევა შეეხოს კიდეც, რამეთუ იგი თაყვანსაც სცემს მას როგორც ღმერთს.
ეუბნება, მაშ, იესუ მათ: “გიხაროდენ”, ისინი კი მიეახლნენ, უპყრეს მას
ფერხნი და თაყვანი სცეს მას. ასე ერთმთლიანად ჭეშმარიტებენ წმინდა
სახარებები და არანაირი აზრით არ სხვაობენ ურთიერთისგან, შემოჰყავთ რა ერთი
და იგივე მარიამ მაგდანელი, რომელიც პირველად ვერ შეეხო მაცხოვარს, რაჟამს
ტიროდა და ურწმუნო იყო, შემდეგ კი შეეხო, რაჟამს ებრძანა: “გიხაროდენ”. საგულვებელია, ამასთან, რომ იოანესგან მოთხრობილი უწინარესი იყოს მათესგან ნაუწყებზე” (PG 22.949.58-22.952.21).
თეოდორიტე კვირელი (393-457)
კითხვები და პასუხები მართლმადიდებელთა მიმართ
[კითხვა 48-ე]: “რად თქვა უფალმა მარიამის მიმართ აღდგომის შემდეგ: “ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა”?
თუკი ამაღლებამდე არავისთვის იყო ნებადართული მასთან შეხება, როგორღა
უბრძანა მან მცირედით შემდგომ ამის ქმნა მოწაფეებსა და თომას, ხოლო თუ
ნებადართული იყო, როგორ მოხდა, რომ ის, რისი ნებაც მცირედით შემდგომ
ყველასთვის უნდა მიეცა, აუკრძალა მარიამს მცირედით ადრე?”
[პასუხი]: “ნუ შემომეხები მე” მაცხოვრის მიერ მარიამისადმი ითქვა ასეთი აზრით: “ნუ შემომიდგები მე” (Μή μοι ἀκολούθει), რადგან გამუდმებით ჩემს გვერდით იყავი ვიდრე ჯვარცმამდე”. ამით უფალს სურდა, რომ თანდათანობით გადაჩვეოდნენ მოწაფეები მისი სხეულის ხედვასა და მის სხეულთან თანამყოფობას (ἀπεθίζειν
τοὺς μαθητὰς τῆς τοῦ σώματος αὐτοῦ θέ ας τε καὶ παρουσίας). ამიტომაც არ
ეჩვენებოდა იგი მათ ყოველჟამს იმ დღეებში, როდესაც დედამიწაზე იმყოფებოდა
აღდგომის შემდეგ, ამასთან არც სრულიად უჩინარდებოდა მათგან, არამედ ორივეს
მოქმედებდა ჟამითი-ჟამად, უჩნდებოდა კიდეც მათ და უჩინარიც ხდებოდა
მათთვის” (PG 9 420.A.5-C.3).
თქუმული წმიდისა მელეტი ეპისკოპოსისაჲ (+381)
მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
ჰრქუა უფალმან გულსმოდგინესა მას ერთგულებისა მისთჳს სიყუარულისა: “ნუ შემეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა”.
იტყჳან
რომელნიმე, ვითარმედ ამისთჳს არა უფლო მარიამს მიახლებად ჴორცთა მათ,
რამეთუ ურწმუნო იქმნა ჴმასა მას ანგელოზთასა, რომელთა მიახარეს მას
აღდგომისათჳს; ხოლო ესე მით არა სარწმუნო არს, რომელი-იგი თომაჲს ზედა
იქმნა. უკუეთუ მას ორგულებისათჳს, რომელ მიეხარა ანგელოზთაგან, და არა უფლო
მიახლებად, და თომას, რომელსა არა ჰრწმენა სახარებისაჲ მის დედათა მათგან
და არცა მათ მოყუასთაჲ, ვითარ უბრძანა მიახლებაჲ? და თუ მას, რომელი
შეორგულდა, და წყლულნი იგი ჴორცთანი უჩუენნა, ეგრეცა მარიამი თუმცა
შეორგულებულ იყო, წყლულთა მათ ჯერ-იყო ჩუენებაჲ და არა განშორებაჲ.
და
ზოგნი იტყჳან, ვითარმედ მისთჳს არა უფლო მიახლებად მარიამს, რამეთუ
მიზეზითა მით პირველისა მის დედისაჲთა, რომელმან იგი აცთუნა პირველი იგი
ადამი, მოვიდა მეორჱ ადამი ვნებითა მით და განკითხვითა ჯუარისაჲთა.
და ზოგნი იტყჳან: არა
ნათელ-ეღო მარიამსა და მისთჳს არა უფლო მიახლებად, რაჲთა გამოაცხადოს,
რამეთუ შემდგომად აღდგომისა არა ხოლო თუ მტერთა მათ არა უფლო მიახლებად
მისა, არამედ არცაღა საყუარელთა მათ თჳნიერ ნათლისღებისა.
ზოგნი-მე იტყჳან, ვითარმედ ნაყოფ
პირველ და ახალ იყვნეს ჯოჯოხეთით ჴორცნი იგი, რომელნი აღმაღლებად იყვნეს
ზეცად და დაჯდომად მარჯულ ღმრთისა. ამისთჳს არავისსა ჴელსა შეიჴებდა, რაჲთა
დაუმარხოს ამაღლებულსა მას მარჯუენესა, რომლისა მიერ დადგმად იყო გჳრგჳნი
შემდგომად ამაღლებისა.
და რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ
ვიდრე ვნებამდე არა პატივ-უყოფდა ჴორცთა მათ, ამისთჳს არა უფლო მარიამს
მიახლებად შემდგომად აღდგომისა მის, რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ იდიდნეს
ჴორცნი იგი შემდგომად აღდგომისა უფროჲს, ვიდრე ვნებად და აღდგომადმდე.
ხოლო
ნეტარი ეფრემ იტყჳს, რამეთუ: “ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა უფალი ვნებათა
მათთჳს და წინაჲსწარ ვნებათა - აღდგომისათჳს, ეგრეცა წინაჲსწარმეტყუელებდა
ამაღლებისათჳს წინაჲსწარ ამაღლებისა მის. ჰრქუა მარიამს: “ნუ შემომეხები”, რაჲთა მივიდეს და ახაროს მოწაფეთა ამაღლებისა მისთჳს.
და ამისთჳს ჰრქუა მას: “მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა არა თუ ვნებისათჳს,
რომელ ვივნე, არცა აღდგომისათჳს, რამეთუ აღდგომილ ვარ ესერა, არამედ მივედ
და არქუ ესრე, ვითარმედ: “აღსლვად ვარ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა,
ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა”. რამეთუ ვითარცა წინაჲსწარ ვნებისა
იქადაგნეს ვნებანი იგი და წინაჲსწარ აღდგომისა იქადაგა ადგომაჲ იგი, ეგრევე
წეს-არს, რაჲთა აღმაღლებამდე იქადაგოს დღჱ იგი ამაღლებისაჲ. ყოველ[თა]ვე,
რომელთა მიახარეს მოწაფეთა მათ, აღდგომაჲ იგი ღმრთისაჲ ხოლო მიახარეს, ხოლო
მარიამ - აღდგომაჲცა იგი და ამაღლებაჲ, რამეთუ ჰრქუა: “მივედ და უთხარ ძმათა” (უდაბნოს მრავალთავი, აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, თბ. 1994, გვ. 245-246).
წმ. იოანე ოქროპირი (349-407)
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ
”მას უკუე ჟამსა მოვიდეს მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ (მათე 28,1) საფლავად და იხილეს ზემოჴსენებული იგი ანგელოზი მჯდომარე ლოდსა ზედა. ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ ”სხუაჲ იგი მარიამ” წმიდაჲ ღმრთისმშობელი იყო, რომელი-იგი არა განეშორა ჯუარსა, არამედ მუნ დგა, ვითარცა იოვანე იტყჳს, და მან მიიღო პირველად ხარებაჲ აღდგომისაჲ. რამეთუ ჯერცა ესრეთ იყო, რამეთუ მასვე ასმიოდა პირველ: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა", და აწ ანგელოზისგან ეხარა აღდგომაჲ უფლისაჲ, და მერმე უფალი იხილა და ესმა მისგან: "გიხაროდენ!"
ღირსად და სამართლად იქმნა ესე საქმე. ხოლო მარიამ მაგდანელი მივიდოდა რაჲ
წმიდისა ღმრთისმშჴბელისა თანა, განკჳრვებულ იყო კაცობრივითა გულისსიტყჳთა,
და ვითარცა პეტრე, გამოიყვანა რაჲ ანგელოზმან საპყრობილით და წარვლეს ბჭე
ქალაქისაჲ, მუნამდე ვერ იცოდა, თუ ჭეშმარიტ არს ხილვაჲ იგი, ეგრეთვე
მაგდანელი ჰგონებდა თუ, ნუუკუე ჩუენებაჲ იყო საქმე იგი, შეორგულდა და კუალად მიიქცა საფლავად, ”ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო” (იოანე 20,1); და ამას მოსვლასა იტყჳს იოვანე.
რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმა თომას თქუმად ურწმუნოებით, ვითარმედ:
”უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი
გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს”. რაჲთა მისითა გამოძიებითა ჩუენ
სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმედ ჴორცითა მით, რომლითა ივნო,
აღდგა, ეგრეთვესახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკჳრვებისაგან შეორგულებად,
რაჲთა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი
საკჳრველებაჲ. ამით უკუე ესევითარითა გულისსიტყჳთა მოიქცა მაგდანელი
საფლავად, და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო
ანგელოზი არღარა იხილა მჯდომარე მას ზედა ვითარცა პირველ. მაშინ უმეტესად
დაამტკიცა გულისსიტყუაჲ თჳსი და შეჰრაცხა პირველი იგი ხილვაჲ უცნებად.
ამისთჳსცა იგი ხილვაჲ უცნებად. ამისთჳსცა ”რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა
და სხჳსა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი
ჩემი საფლავით, და არა ვიცით, სადა დადვეს იგი”. რამეთუ ამას შევიდა იჭუსა,
ნუუკუე ჰურიათა მიცვალეს იგი ადგილისა მისგან. ხოლო პეტრე და იოვანე
მირბიოდეს საფლავად, ვიდრე ბნელღა იყო, და იხილნეს განცხადებულნი სასწაულნი
აღდგომისანი - ტილონი იგი მდებარენი, რომელ-იგი არა ეგებოდა ყოფად,
უკუეთუმცა ვინ გუამსა მას წარიპარვიდა; რამეთუ მური იგი და ალოჲ ესოდენ
დამკრველ არიან, ვიდრეღა შეუძლებელ არს აჴდად. რაჲსათჳს უკუე შრომასამცა
შეიმთხუევდა, რომელი-იგი წარიპარვიდა, რაჲთამცა ტილონი იგი აღჰჴადნა?
ეგრეთვე სუდარისა მის, რომელი იყო თავსა მისსა, თჳსაგან შეკეცაჲ და ადგილსა
ერთსა დადებაჲ აჩუენებდა უშფოთველობასა და არასწრაფასა მის საქმისასა,
რომელ-ესე მპარავთა ვერ ჴელ-ეწიფების ქმნად. ესე ყოველი საჲდუმლოჲ იხილეს
პეტრე და იოვანე თუალითა სულიერითა და სამოციქულოჲთა, რამეთუ სავსე იყო
ნათლითა საფლავი იგი, ვიდრეღა ბნელსა მას შინა ღამისასა ბრწყინვალებითა
საღმრთოჲთა ხედვიდეს სავსესა საფლავსა მას წმიდასა. ამისთჳსცა იხილეს და
ჰრწმენა აღდგომაჲ მჴსნელისაჲ, რამეთუ ხედვიდეს ტილოთა მათ და სუდარასა,
ვინაჲთგან არღარა უჴმდა გუამსა მას, უხრწნელებით შემოსილსა, საჴმარი იგი
საზრდელისაჲ და სამოსელთაჲ, დაღაცათუ განგებულებით, კაცთა შორის რაჲ იქცეოდა, ნეფსით იჴმარნა ესევითარნი ესე უბრალონი წესნი ბუნებისა ჩუენისანი;
გარნა აწ, შემდგომად აღდგომისა, არა საჴმარ იყვნეს მისდა სამოსელნი,
რამეთუ იგი არს, რომელსა ”ჰმოსიეს ნათელი, ვითარცა სამოსელი”, და დიდებაჲ
იგი ღმრთივშუენიერი აცჳეს, და არს ჭეშმარიტად სრული ღმერთი და სრული კაცი,
უაღრეს ბუნებითა. ესრეთ უკუე პეტრეს და იოვანეს ჰრწმენა და წარვიდეს, ხოლო
მარიამ მაგდანელი დაშთა ადგილობანს, საფლავსა მას თანა დიდებულსა, და
ტიროდა, რამეთუ ჯერეთ იჭუეულ იყო აღდგომისათჳს, განგებულებით, რაჲთამცა
თჳსითა თუალითა იხილა უფალი. ”და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას, და
იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი
ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი იესუჲსი”. ჯერ-უკუე-იყო გლოვისა მის
შეცვალებაჲ სიხარულად, ხოლო იგი მერმეღა ტიროდავე, ვიდრეღა ანგელოზთა რეცა
ბრალობით ჰრქუეს: ”დედაკაცო, რაჲსა სტირ?” რამეთუ არა ჯერ-არს ხილვასა ამას
ზედა ჩუენსა გლოვაჲ, არამედ სიხარული. ხოლო მან ჰრქუა მათ იჭჳ იგი გულისა
თჳსისაჲ, რომელი აქუნდა: ”რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი,
სადა დადვეს იგი”. ამას რაჲ იტყოდა, გამოჩნდა უფალი. იხილეს იგი ანგელოზთა
მათ და მოწიწებით შეშინდეს. იხილა დედაკაცმან მან სახე იგი მოწოწებისა
მათისაჲ და მიიქცა გარე ხილვად, თუ რაჲსათჳს განკჳრდეს იგინი, ”და იხილა
იესუ მდგომარე”. გარნა ანგელოზთა სხჳთა სახითა - დიდებისაჲთა ეჩუენა, და
განაკჳრვნა, ხოლო დედაკაცსა მას არა ესრეთ, რაჲთა არა განცჳბრდეს.
ამისთჳსცა ვერ იცნა, ვითარმედ იესუ არს. ”ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა
სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს; ჰრქუა მას: უფალო,
უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ იგი, რაჲთა მე წარმოვიღო
იგი”. ნუუკუე არა უჯეროდ შეჰრაცხა იგი მემტილედ, რამეთუ იგი არს მუშაკი
სამოთხისაჲ, ჭეშმარიტი და უკუდავი, რომელმაც მტილსა მას საფლავისასა
განკურნა ურწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ, და დედაკაცისა მიერ ცთუნებული იგი პირველი მემტილე სამოთხისაჲ, ადამ, დაძუელებული, განაახლა.
ესრეთ ყოველნივე სიტყუანი სახარებისანი სავსე არიან საღმრთოჲთა
საიდუმლოჲთა. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ესე რაჲ ჰრქუა
დედაკაცმან უფალსა, მიექცა კუალად ანგელოზთა მათ კითხვად, თუ რად ესრეთ
განკჳრდეს. მაშინ სახიერმან მან უწოდა და ჰრქუა: ”მარიამ!” ხოლო მან იცნა
ჴმაჲ მისი განგებულებითა უფლისაჲთა, და მეყსეულად მიიხილა გარე და ჰრქუა:
”რაბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა;
წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა,
ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა”, "რამეთუ ვინაჲთგან მოვიღე ბუნებაჲ
კაცობრივი, და ვიქმენ პირმშო მრავალთა შორის, და წინამძღუარ ცხორებისა, არა
მრცხუენის ძმად წოდებად თქუენდა. ამისთჳსცა ბუნებითა მით, რომელი მოვიღე
კაცთაგან, აღვალ მამისა ჩემისა, რომელი-ესე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მარადის
განუშორებელ ვარ მისგან; არამედ ბუნებითა მით კაცობრივითა ვიტყჳ აღსლვად
მამისა ჩემისა ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, და ღმრთისა ჩემისა - ბუნებისა
ამისთჳს კაცობრივისა. რამეთუ უკუეთუმცა არა მე მომეღო ბუნებაჲ ესე, და
უცოდველად დაცვითა მისითა ქმნილ იყო ღირს ღმრთისა და მამისა სათნო-ყოფად,
არამეცა წოდებულ იყო იგი თქუენდა მამა და ღმერთ, რომელნი-ესე უცხოქმნილ
იყვენით მისგან სიმრავლითა ბრალთაჲთა". ”მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად
მოწაფეთა მისითა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მათ”. აქამდე აღწერა იოვანე. ხოლო ესე თხრობაჲ მიუთხრა რაჲ მოციქულთა მაგდანელმან, პოვნა
კუალად, ვითარცა ლუკა აღსწერს, მარიამ იაკობისა და იოჰანა და სხუანი მათ
თანა, განმზადებულნი საკუმეველითა და სურნელებითა მისლვად საფლავად უფლისა,
ცისკარსა მსთუად, ესე იგი არს განთიადისა ჟამსა (ლუკა 24,11), და შეერთო იგიცა მათ თანა, სურვილითა მით მხურვალითა, და წრჰყვა საფლავად დუმილით
და არარას იტყოდა, რაჲ-იგი იხილა, არამედ მოელოდა საქმით გამოჩინებასა
ჭეშმაირტებისასა, რაჲთა მათცა იხილონ თუალითა და ჰრწმენეს. და
მო-რაჲ-ვიდეს, ”პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული კარისა მისგან საფლავისა. და
შევიდეს შინა და არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსა. და იყო განზრახვასა
მათსა ამისთჳს და განკჳრვებასა, და აჰა, ესერა, ორ კაც ზედა-მოადგეს მათ
სამოსლითა ელვარითა და ჰრქუეს მათ: რასა ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა?
არა არს აქა, არამედ აღდგა”, და შემდგომი ამისი. და მიუთხრნესო სიტყუანი
ესე ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა, და არა ჰრწმენა მათი მრავალთა მათ
მოყუასთა, ”არამედ უჩნდესო სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ
წინაშე. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა კუალად საფლავად და შთახედნა და
იხილა ტილონი და მდებარენი”, ვითარცა იხილვა პირველცა. ამისთჳს არღარა
იჴმარა შესლვაჲ შინა,ა რამედ ”წარვიდა თჳსაგან და უკჳრდა საქმე იგი” და
ადიდებდა უფალსა. ხოლო მარიამ მაგდანელმან, ვითარცა პირველ პოვნა
იოჰანა და სხუანი იგი ცისკარსა მსთუად და თანაწარჰყვა საფლავად, ეგრეთვე
კუალად პოვა სალომე, სხუაჲ დედაკაცი, ვითარცა მარკოზ იტყჳს, და მარიამის
თანა იაკობისა იყიდეს ნელსაცხებელი და წარვიდეს საფლავად, ”ნიად განთიად, აღმოსლვასა ოდენ მზისასა” (მრ. 16,2), უკუანაჲსკნელ სხუათასა, რამეთუ ესე მოსლვაჲ ამათ დედათაჲ უკუანაჲსკნელ ყოველთა მოსლვათა იყო.
”და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან
საფლავისა? და მიხედნეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი,
რომელი იყო დიდ ფრიად”. ხოლო ესე სიტყუაჲ სალომესი არს,
რომელი არღა მოსრულ იყო საფლავად, და სხუათა მათ დედათა ეტყოდა; რამეთუ
იგინი, რომელნი პირველცა მოსრულ იყვნეს და ეხილვა გარდაგორვაჲ ლოდისაჲ მის,
არა ეგებოდა მათგან თქუმად ესე, არამედ სალომესი არს სიტყუაჲ ესე. ხოლო
მი-რაჲ-იწინეს საფლავად და შევიდეს მარიამნი იგი და სალომე, ”იხილეს ჭაბუკი
მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს”.
რამეთუ უმეტეს სხუათასა იყო სალომე უსწავლელ, ამისთჳს ხილვითა ბრწყინვალითა
იხილა ანგელოზი, რაჲთა ცნას გონიერად დიდებაჲ უფლისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ
ანგელოზმან: ”ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა;
აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. არამედ წარვედით და
უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვიტარმედ: აჰა, ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ
გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვიტარცა გრქუა თქუენ. და მათ ვითარცა ესმა ესე,
გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეშინებულ იყვნეს და
დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა”. შეშინებულ იყვნესო და
დაკჳრვებულ საშინელებისა მისგან ჭაბუკისა მის, და არარაჲ ვის უთხრესო,
რამეთუ ეშინოდა, რამეთუ განთენებულ იყო და ჰურიანი მიმოვიდოდეს, უფროჲსად
ვინაჲთგან მცველთაცა ეთხრა თხრობაჲ იგი აღდგომისაჲ და გარდაგორვებაჲ
ლოდისაჲ ანგელოზის მიერ. ხოლო ესეცა პოვნილ არს სახარებასა მარკოზისსა,
ვითარმედ: ”აღ-რაჲ-დგა იესუ, განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა”.
ვინაჲთგან ჟამი იგი აღდგომისაჲ სხუამან არცა ერთმან თქუა, ვითარ იტყჳს
მარკოზ ამას? გარნა უკუეთუ გონიერად ვინ წარიკითხავს, ესეცა მსგავსად
სხუათასა იტყჳს. რამეთუ ესრეთ იტყჳს: ”აღ-რაჲ-დგა იესუ”. აქა ჯერ-არს
განსუენებაჲ სიტყჳისაჲ. და მერმე იტყჳს: ”განთიად პირველსა შაბათისასა
განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა”, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ:
განეცხადა მარიამს განთიად პირველსა შაბათისასა; რამეთუ მას განეცხადა
პირველ, სხჳსა მის მარიამის თანა, ვითარცა მათეცა გუაუწყებს. საცნაურ არს
უკუე, ვითარმედ ოთხგზის იქმნა მოსლვაჲ მენელსაცხებლეთაჲ საფლავად,
და თითოეული მოსლვაჲ თითოეულმან მახარებელმან აღწერა განგებითა სულისა
წმიდისაჲთა. მათე აღწერა მოსლვაჲ მარიამ მაგდანელისაჲ და სხჳსა მის
მარიამისაჲ მწუხრი შაბათსა; და ანგელოზსა ერთსა იტყჳს, რომელი გარდამოჴდა
ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი. ხოლო იოვანე მარიამ მაგდანელისა მხოლოდ
იტყჳს საფლავად მოსლვასა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, და ვითარმედ ორნი
ანგელოზნი იხილნა მსხდომარენი საფლავად მას შინა, სპეტაკითა მოსილნი. ხოლო
ლუკა კუალად მარიამს მაგდანელსა და მარიამს იაკობისსა და იოჰანას და სხუათა
ვიეთმე მათ თანა გჳთხრობს ცისკარსა მსთუად მოსლვად საფლავად, და
ვითარმედ ”შევიდესო საფლავად და არა პოვეს გუამი უფლისა იესუჲსი. და აჰა,
ესერა, ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა”. ამათ თანა მარკოზცა იტყჳს კუალად მარიამ მაგდანელსა და მარიამ იაკობისსა და სალომეს მოსლვად საფლავად აღმოსლვასა ოდენ მზისასა;
”და შე-რაჲ-ვიდეს საფლავად, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო,
შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა”. აწ უკუე გულისჴმისყოფით გამომეძიებელსა
ძალ-უც ყოველთა ამათ თხრობათა ერთგუამ განუყოფელად ყოფად, რამეთუ ოთხგზის
მოსლვაჲ იგი დედათაჲ ოთხთა მათ მახარებელთა თითოეულად აღწერეს, რომელი-იგი
სხუასა და სხუასა ჟამსა იქმნა და სხჳთა და სხჳთა ხილვითა ანგელოზთაჲთა.
ესრეთ უკუე ჩანს განცხადებულად, ვითარმედ არცა ერთი რაჲ არს განწვალებაჲ
და წინააღდგომაჲ მათ შორის, არამედ უფროჲსღა საცნაურ არს, ვითარმედ
მრავალსახითა მით ხილვითა ანგელოზთაჲთა სარწმუნო-ყო უფალმან დიდი იგი
საიდუმლოჲ აღდგომისა თჳსისა დიდებულისაჲ. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მარიამთა
ჴსენებაჲ ითქუმის სახარებათა შინა, უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ყოველნივე
იგი სამნი არიან, რომელნიცა იოვანე ერთბამად თქუა, ვითარმედ: ”დგეს ჯუარსა
თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და
მარიამ მაგდანელი”. ხოლო რომელ იტყჳან სხუანი მახარებელნი, თუ: ”მარიამ
იაკობისი”, ვითარცა ზემო ვთქუთ, ღმრთისმშჴბელი არს, წმიდაჲ ქალწული მარიამ,
და სხუაჲ არავინ. რამეთუ ვითარცა-იგი დაფარვისათჳს უშჯულოთა ჰურიათაგან
უთესლოჲსა მის და უხრწნელისა შობისა, რომელი-იგი სულისა მიერ იქმნა
წმიდისა, ესრეთ განაგო უფალმან რაჲთა მითხოილ იყოს ქალწული იგი იოსებისა,
და ამით წესითა სახელ-სდებს მას მახარებელი ქმრად მარიამისა და ჰურიანი
უწოდდეს მას მამად იესუჲსა; და ძეთა მათ მისთა, რომელნი ჭეშმარიტისა მის
ცოლისა მისისაგან იყვნეს, რომელიცა აღსრულებულ იყო, უწოდდეს ძმად უფლისა.
ამისთჳსცა ოდეს-იგი გმობდეს მაცხოვრისათჳს ჰურიანი, იტყოდეს, ვითარცა
წერილს არს სახარებასა: ”ვინაჲ არსო ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა
ესე არსა ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა ამისსა ჰქჳან მარიამ? და ძმანი
მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ
შორის არიანა?” იოვანე უკუე, ვინაჲთგან ესრეთ განწესებულ იყო სულისაგან
წმიდისა, რაჲთა კადნიერებით ღმრთისმეტყუელებდეს, ამისთჳს ჯუარსა თანა
დგომასა რაჲ წმიდისა მის ქალწულისასა აჴსენებდა, ჭეშმარიტი იგი სიტყუაჲ
თქუა, და განცხადებულად დედად იესუჲსა სახელ-სდვა და ქადაგა. ხოლო სხუანი
მახარებელნი უმეტესად კაცებისა მისისა განგებულებასა აღსწერენ. ამისთჳს
სიტყჳსაებრ მათ ერთაჲსა, და განგებულებისა მისთჳს დაფარვისა უხრწნელისა მის
შობისა, ვითარცა-იგი მათ ჟამთა სახელ-სდებდეს კაცნი მარიამს ცოდლად
იოსებისა, და დედად იაკობისა და ძმათა მისთაჲსა, ეგრეთვე აღწერესცა. გარნა
ქალწულებით შობაჲ და სულისაგან წმიდისა მიდგომილებაჲ მათცა გუაუწყეს,
ვითარცა იტყჳან მათე და ლუკა განცხადებულად, არამედ ჩუეულებისაებრ სიტყჳსა
მაშინდელთაჲსა უწოდეს მას ”მარიამ იაკობისა”; და მარკოზ თქუა: ”მარიამ
იოსესი”, რამეთუ ესე ორნი იყვნეს პირმშონი ძენი იოსებისნი - იაკობ და იოსე.
ესე აქამდის” (წმ. იოანე ოქროპირი თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ,
თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა, გამომცემლები ვ. წამალაშვილი,
თ.დედაბრიშვილი, წიგნი III, თბ. 1998, გვ. 474-480).
წმ. იოანე ოქროპირი (349-407)
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ
”ხოლო რაჲსათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: ”ნუ შემომეხები მე”?
ვჰგონებ, ვითარმედ ენება (მარიამს ე.ჭ.) ესრეთ ყოფად მის თანა, ვითარცა
პირველ ჯუარცუმისა, და სიხარულით მირბიოდა შემთხუევად და ვერ გულისხმა-ყო,
რამეთუ აწ არა ჯერ-არს ესრეთ შეხებად მისა, და ამისთჳს ჰრქუა იესუ,
ვითარმედ: ”ნუ შემომეხები მე”. და უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ”ნუ შემომეკადრები,
ვითარცა პირველ, რამეთუ არღარა ესრეთ არიან საქმენი და არცაღა მეგულების
ესრეთ თქუენ თანა ყოფაჲ”, დასაბრკოლებელ იყო მისისა უძლურებისა, რამეთუ ესე
სიტყუაჲ, ვითარმედ: ”არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა”, ესე უმჯობეს იყო,
რამეთუ თქუა რაჲ: ”არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა”, ამას მოასწავებდა,
ვითარმედ: ”მუნ აღვალ და არღარა ყოფად ვარ კაცთა თანა, და არა ჯერ-არს,
რაჲთა ესრეთ მხედვიდეთ, ვითარცა პირველ” (ნაწილი II, მართლმადიდებელი ქრისტეანის ბიბლიოთეკა, თბ. 1993, გვ. 219).
”სახარებაჲ:
”და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა და ჰრქუა: ”მიიღეთ სული წმიდაჲ, უკუეთუ
ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ,
შეპყრობილ იყვნეს” (იოანე, 20.22-23). თარგმანი: რამეთუ
მეუფჱ ვინ წარავლენნ მთავართა თჳსთა და მისცის ჴელმწიფებაჲ შთაგდებად
საპყრობილესა და განტევებად, ეგრეთვე უფალი წარავლენდა რაჲ მოწაფეთა,
ესევითარი მისცა ჴელმწიფებაჲ. ხოლო ვითარ? რამეთუ ჰრქუა პირველ,
ვითარმედ:”უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს”, და აწ აქა მისცემს
სულსა; რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: ”არა სული წმიდაჲ მისცა, არამედ
შთაბერვითა მით მზა-ყვნა და კეთილ შეწყნარებად მისა, მო-რაჲ-ვიდეს”,
რამეთუ უკუეთუ ანგელოზი იხილა რაჲ დანიელ, განჰკრთა და შეშინებულ იქმნა,
ვითარმცა თავსიდვეს მათ საშინელი იგი მადლი, არათუმცა პირველვე განმზადებულ
იყვნეს იგინი? ამისთჳსცა არა ჰრქუა, თუ: ”მიგიღებიეს სული წმიდაჲ”,
არამედ: ”მიიღეთ სული წმიდაჲ”. და კუალად ესეცა არა უჴმარ არს, რაჲთა
ვთქუათ, ვითარმედ მაშინცა მიიღეს ძალი და ჴელმწიფებაჲ სულიერი და
არა ესრეთ, რაჲთა მკუდართა აღადგინებდენ და ძალთა იქმოდიან, არამედ რაჲთა
ცოდვათა შეუნდობდენ მათ, რომელნი მოიქცეოდიან ღმრთისა და ინანდენ ცოდვათა
თჳსთა, რამეთუ მრავალ არიან მადლნი სულისა წმიდისანი და აქა ამის ერთისა
ოდენ საქმისა მადლი მიიღეს, ხოლო შემდგომად დღისა მის მეერგასისა ყოველთა
სასწაულთა და ძალთა და ენათა მადლი მიიღეს, რამეთუ მიუწუდომელ არს
მადლი სულისა წმიდისაჲ და მრავალსახე არიან ნიჭნი მისნი, ხოლო ესე იქმნა,
რაჲთა სცნა, ვითარმედ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ნიჭი ერთი არს,
რამეთუ რომელ საგონებელ იყოს, თუ მამისა ოდენ არს, იპოვების იგი, ვითარმედ
ძისაჲცა არნ და სულისა წმიდისაჲცა, თჳნიერ უშობელობისა და შობილობისა და
გამოსლვისა, ... ხოლო სხუაჲ ყოველივე მათი ერთ არს” (იქვე, გვ. 321-322).
შეადგინა ედიშერ ჭელიძემ
ჟურნალი "გული გონიერი", №1, 2011 წ.
ჟურნალი "გული გონიერი", №1, 2011 წ.
No comments:
Post a Comment