საკითხი იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც უნათლავად აღესრულნენ (ან მუცელში
ან მცირე ასაკში), დღეისათვის აქტუალური გახდა, რის გამოც ვგრძნობთ
აუცილებლობას მკითხველის წინაშე წარმოვაჩინოთ ამ პრობლემასთან
დაკავშირებული ზოგი წყარო.
აქვე აღვნიშნავთ ერთ სამწუხარო ფაქტს: ზემოაღნიშნულ საკითხს ხშირად,
სურათის გასამუქებლად, თვითგანზრახულად აბამენ და ამთლიანებენ ისეთ
თემებთან, რაც ეკლესიისათვის სრულიად უცხოა და მიუღებელი. კერძოდ, თითქოს
ზემორე საკითხის წამოჭრაც კი უკვე გულისხმობდეს სახიფათო დაშვებას იმისას,
რომ ღვთის "გულმოწყალებით" ცხონდებიან მოუნათლავი ხალხები და ერები, რომ
თითქოს დასაშვები ხდებოდეს ჯოჯოხეთში წარმართთა განსაწმენდელი ცეცხლის
არსებობა, რომ თითქოს ეჭვის ქვეშ დგებოდეს გარდაუვალი აუცილებლობა
ნათლობისა, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლისა და სხვა და სხვა. ასე
შემოიტანება აბსოლუტურად უცხო თემატიკა და შემდეგ მიმდინარეობს ქიმერასთან
სრულიად გაუგებარი შებრძოლება (როგორც ჩანს, სხვათა გონებაში საკუთარი
"მართლმადიდებლური მხნეობის" ჩასაბეჭდად), რითაც კომპრომეტირება ხდება
წმინდა მამათა მთელი მწყობრისა.
სავალალოა, რომ უკვე წერილობითაც (ე.ი. მასობრივადაც) ვრცელდება "განჩინება" (და არა უბრალოდ აზრი) იმის შესახებ, რომ (მოგვაქვს თარგმანი ციტატისა) "არის ძალიან ბევრი
(ხაზი ჩვენია, ე.ჭ.) დოგმატური საკითხი, რომელთა შესახებაც ზოგიერთ წმინდა
მამასთან მოიპოვებოდა კერძო შეხედულებანი, შეუთანხმებელნი ზოგადსაეკლესიო
რწმენასთან, თუმცა კი, მიუხედავად ამისა, ეს საკითხები არ ითვლებოდა
სადისკუსიოდ, ხოლო მამები, რომლებიც არ იჟინებდნენ ამგვარ შეხედულებას, არ
ითვლებოდნენ ერეტიკოსებად".
წარმოდგენილი "განჩინების" შესახებ სხვაგან გვექნება სპეციალური მსჯელობა, ამჯერად კი, ვიკითხავთ მხოლოდ შემდეგს: თუ ძალიან ბევრი დოგმატური საკითხი
ცალკეულ წმინდანთა მიერ მცდარად გაიგებოდა, მცდარადაც გამოითქმოდა და
ისინი მაინც წმინდანებად ითვლებოდნენ, მაშინ რა განსხვავება ყოფილა
მწვალებელსა და წმინდანს შორის? ნუთუ მხოლოდ ის, რომ ერთნი (მწვალებლები) იჟინებდნენ
მათ მიერ სიმართლედ მიჩნეულ ამა თუ იმ ცთომილებას, მეორენი კი
(წმინდანები) ამავე ცთომილებას ასევე სიმართლედ თვლიდნენ, ფიქრობდნენ
ცთომილებას, გამოთქვამდნენ კიდეც ასე, მაგრამ არ იჟინებდნენ?
ამგვარი "ლოგიკით" მწვალებლები უფრო მეტად ყოფილან გულწრფელი ანუ
ჭეშმარიტი ქრისტიანები, ვიდრე წმინდანები, რადგან ისინი (მწვალებლები)
თურმე მთელი მონდომებით იცავდნენ იმას, რასაც სიმართლედ მიიჩნევდნენ, ხოლო
წმინდანები კი თითქოს მთელი მონდომებით და დაჟინებით არ იცავდნენ იმას, რაც
მათ მიერაც სიმართლედ მიიჩნეოდა და გამოითქმოდა კიდეც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიური სწავლება სრულიად
გარკვეულია: ამა თუ იმ დოგმატზე რომელიმე წმინდა მამას შეიძლებოდა ჰქონოდა
კერძო შეხედულება მხოლოდ და მხოლოდ ხსენებული დოგმატის საბოლოო ტერმინოლოგიურ-აზრობრივ დადგენამდე ანუ საბოლოო დეფინიციამდე და, ამიტომ, ეს კერძო შეხედულება მას მწვალებლობად არ ეთვლებოდა, მაშინ როცა ამა თუ იმ დოგმატის საბოლოო დეფინიციის
შემდეგ იმავე დოგმატის შესახებ გამოთქმული განსხვავებული აზრი უკვე,
სრულიად უპირობოდ, მწვალებლობად შეირაცხებოდა და არა კერძო შეხედულებად.
ამგვარ პოზიციას საეკლესიო ტრადიციაში გამონაკლისი არა აქვს (მათ შორის,
არც ავგუსტინესთან). მაგალითად წმ. იუსტინე მარტვილი იზიარებდა ქილიაზმის
სახელით ცნობილ მცდარ სწავლებას, მაგრამ ამის გამო იგი არავის შეუჩვენებია,
რადგან არგუმენტირებული განმარტება ჯერ კდიევ მოწოდებული არ იყო. წმ.
დიონისე დიდის შემდეგ, რომელმაც დაამხო ქილიაზმი, ამ ცთომილების
გამზიარებელთ ერეტიკოსებად შერაცხდნენ.
ახლა უშუალოდ ჩვენთვის ამჯერად საყურადღებო პრობლემის შესახებ:
შესაძლოა მართლაც დაისვას გულწრფელი (და არა აუცილებლად დემაგოგიური)
კითხვა: უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საკითხი მართლაც ხომ არ მთლიანდება,
ზოგადად, უნათლავი ადამიანებისა და ხალხების მომავალი მდგომარეობის
საკითხთან?
ეკლესიური სწავლება აქაც გარკვეულია: არანაირად არ მთლიანდება, რადგან
მუცელში ან მცირე ასაკში მოწყვეტილი ჩვილები თავიანთ უნათლავობაში,
ეკლესიის მამათა სწავლებით, სრულიად უდანაშაულონი არიან,
რასაც ვერ ვიტყვით უფრო მოზრდილ ასაკზე. წმ. გრიგოლ დიდის სწავლებით არათუ
მოუნათლავი, არამედ მონათლული ბავშვების ის ნაწილიც, რომლებსაც 5-6 წლიდან
უკვე გარკვეული ცნობიერება აქვთ, პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან.
ამიტომაა, რომ როდესაც მას ეკითხებიან: "ნუთუ ყველა ნათელღებული ბავშვი
(παιδία) შედის სასუფეველში?" ასე მიუგებს იგი: "არ ვართ ურწმუნონი იმისა,
რომ ყველა ნათელღებული ჩვილი (νηπία), მომკვდარი ჩვილობაშივე, შედის
სასუფეველში, თუმცა კი როდია სარწმუნო ისიც, რომ ყველა, ვინც მეტყველება
დაიწყო, მასში შედის" (შემდეგ გადმოცემულია თხრობა დაახლოებით ხუთი წლის
ბავშვის შესახებ, რომელიც ღმერთს გმობდა და მშობელთაგან არასწორი აღზრდის
გამო სატანჯველი მიეცა, იხ. PL, 77, 350 B).
ამრიგად მუცელში ან ადრეულ ასაკში მოწყვეტილ უნათლავ ჩვილთა საკითხი სრულიად ცალკდე დგას, რადგან მათ საკუთარ უნათლავობაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და ეკლესიის მამათა სწავლებით (როგორც ქვემოთ ვნახავთ) ისინი სრულიად უდანაშაულონი
არიან. პრობლემურობას სწორედ ეს ქმნის: ერთი მხრივ, საკუთარ უნათლავობაში
სრული უდანაშაულობა, მეორე მხრივ, საუფლო ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ
უნათლავი, როგორც პირველცოდვის მქონე, სასუფეველში ვერ შევა.
ამრიგად, საკითხი ეხება არა თითქოსდა "უფლის გულმოწყალებას" (როგორც სურთ ზოგიერთებს, რომ წარმოაჩინონ), არამედ უფლის მართლმსაჯულებას სრულიად უდანაშაულოთა მიმართ. კითხვა, სავსებით გარკვევით, მხოლოდ ასე ისმის: წარსაწყმედელს გადასცემს თუ არა საუფლო მართლმსაჯულება უნათლავობის გამო იმათ, რომლებიც საკუთარ უნათლავობაში არანაირად დამნაშავენი არ არიან (არც თუნდაც ცნობიერების ელემენტით, არც სხვა რამ ფაქტორით)?
კვლავ აღვნიშნავთ, რომ ჩვილობაში აღსრულებულნი წარსაწყმედელს თუ
მიეცემიან, უნდა მიეცნენ და მხოლოდ და მხოლოდ უნათლავობის გამო (რადგან
მონათლული და აღსრულებული ჩვილები დაუყოვნებლივ ცხონდებიან). შესაბამისად,
ძველთაგანვე მიექცა ყურადღება იმის გარკვევას, უნათლავობის (როგორც
წარმწყმედი დანაშაულის) გამო წარიწყმიდებიან თუ არა ისინი (ჩვილები),
რომლებიც საკუთარ უნათლავობაში არანაირად არ არიან დამნაშავენი? დააკისრებს
თუ არა უფლის შეუვალი მართლმსაჯულება საუკუნო სასჯელს და მარადიულ
სატანჯველს ჩვილებს იმ დანაშაულისათვის (უნათლავობისათვის), რაშიც ისინი სრულიად უდანაშაულონი არიან ანუ რაზეც ისინი არანაირად პასუხისმგებელნი არ არიან?
როგორც ვხედავთ, პრობლემა რთულია და არა ისე ნაუცბათევად გადასაწყვეტი,
როგორც ზოგს ესახება. აქ რომ პრობლემურობა არ ყოფილიყო, ეკლესიის მამები
საუკუნეების მანძილზე კვლავ და კვლავ არ დაუბრუნდებოდნენ მას.
ცალკეულ პირთა მიერ საკითხი ასეც დაისმის: თუ უნათლავ, ე.ი.
პირველცოდვის მქონე ჩვილებსაც აცხოვნებს უფალი, მაშინ რატომ აღასრულა მან
კაცობრიობის პირველცოდვისგან გამოსყიდვა საკუთარი ტანჯვით?
გამოსყიდვის დოგმატის საღვთი დანიშნულებას ამჯერად ვერ შევეხებით (ეს
ცალკე განსახილველი ვრცელი საკითხია), მხოლოდ კითხვას დავსვამთ მეორე
კუთხით:
ვთქვათ, კატეგორიულად დავადგინეთ, რომ თუნდ მუცელში მოწყვეტილი ჩვილები,
სრულიად უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულნი, საუკუნო წარწყმედას და
მარადიულ ცეცხლს მიეცემიან. განა აქედან ის უეჭველი დასკვნა არ გამოდის,
რომ ეს ჩვილები შექმნისთანავე განწირულნი ყოფილან წარსაწყმედად, რადგან ისინი მუცელში მოწყდნენ და, ცხადია, ვერანაირ ნათლობას ვერ მიიღებდნენ. გამოდის, რომ უფლისმიერი გამოსყიდვა მათთვის არ აღსრულებულა, რომ უფალი მათ გამოსახსნელად არ ჯვარცმულა.
ვფიქრობთ, უეჭველზე უეჭველია, რომ უფლის როგორც ყოვლისმცოდნესთვის
წინდაწინვეა ცნობილი, თუ ვინ მოწყდება მუცელში (და მოწყდება, ცხადია,
უნათლავად). შესაბამისად, თუ მუცელში მოწყვეტილობა უპირობო წარწყმედას
ნიშნავს, გამომდინარეობას ერთადერთი უცილობელი დასკვნა, რომ ამგვარნი
შექმნითვე, ყოველგვარი პიროვნული არჩევანის შესაძლებლობის მიცემის გარეშე,
წარწყმედისათვის გაჩენილან და, ცხადია, უფალი მათთვის არ მოსულა, უფლის
გამომსყიდველობითი ღვაწლი მათზე არ გავრცელებულა. მაცხოვრის მოსვლის ჟამსაც
და, ცხადია, შემდეგშიც აურაცხელი ადამიანი მოწყვეტილა დედის საშოში.
მუცელში მოწყვეტილობა, რა თქმა უნდა, უნათლავობაა და თუ ამ სახით
მოწყვეტილთა სრულ უდანაშაულობას ანუ მათ მიერ პიროვნული არჩევანის
გამოხატვის შეუძლებლობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია უზენაესი
მართლმსაჯულებისათვის, მაშინ უნდა დავადგინოთ, რომ ამგვართა გამოსახსნელად
არ ჯვარცმულა უფალი. წარმოდგენილი კატეგორიული "განჩინებით"
ხსენებულ ჩვილთათვის მართლაც უქმდება გამოსყიდვის დოგმატი, რადგან გამოდის,
რომ უფალს საკუთარი ჯვარცმით და, შესაბამისად, ადამიანური ბუნების
გამოხსნით კაცობრიობის ყველა წევრისთვის კი არ მიუნიჭებია საცხონებლად
აუცილებელი პიროვნული ნების გამოხატვის შესაძლებლობა, არამედ - კაცობრიობის
მხოლოდ ნაწილისათვის, ხოლო მეორე ნაწილი (ამ შემთხვევაში, უკლებლივ და
განურჩევლად ყველა მუცელში მოწყვეტილი) - წინდაწინვე საუკუნო
წარწყმედისათვის გაუწირია და, ნათლობისადმი მათი პიროვნული ნების
გამოხატვის სრული ბუნებრივი შეუძლებლობის გამო, წინასწარვე მარადიული
ცეცხლისათვის შეუქმნია ისინი.
შეიძლება დაისვას კითხვა: ბავშვები ხომ პიროვნული ნების გარეშე ინათლებიან?
არა და აი, რატომ: ყველა ადამიანის პიროვნული ნება ღვთივმონიჭებულია ანუ საღვთოა და ეს ნება, თუკი მას ცნობიერად არ გავაუკუღმართებთ, ბუნებითად არის ღვთისკენ, ცხონებისკენ მიმდრეკი.
ამიტომ ჩვილებში, რომლებშიც ცნობიერების არავითარი გაუკუღმართება არაა,
პიროვნული ნება უთუოდ ნათლობის მოსურნეა, რადგან ეს ნება სრულიად
შეურყვნელია მათში. ამასთან, როგორც ცნობილია, ეს ჩვილები ინათლებიან
მშობლების ან მიმრქმელის სარწმუნოებით. მესამეც, როგორც უკვე ვნახეთ, არც
მონათლულ და აღსრულებულ ბავშვთაგან ცხონდება ყველა (კერძოდ, უკვე
გაუკუღმართებულნი არ ცხონდებიან). მეოთხე და არსებითი: ნათლობა მათთვის,
რომლებიც დაბადებიდანვე მოინათლნენ (და გაიზარდნენ), იძულებითი ცხონება კი
არაა, არამედ გზა ცხონებისაკენ, გამომხსნელობითი მადლის უშურველი გადმოღვრა
მათზე, და თუ შემდეგში ისინი პიროვნული ნებითვე არ დარჩებიან
განმსჭვალულნი ამ მადლით, არამედ შერყვნიან მას, უფრო მძიმედ დაისჯებიან,
ვიდრე უნათლავნი.
ქრისტიანობა პიროვნული აღმსარებლობაა, პიროვნული ნების სარწმუნოებაა და არა იძულებითი ცხონება ან წარწყმედა. ექვთიმე ზიღაბენი გვასწავლის:
"ღმერთი არავის აიძულებს, რომ კეთილი გახდეს, თუ იგი ნებაყოფლობით არ
იქნება კეთილი, არამედ, ერთი მხრივ, სთავაზობს მას საცხოვნებელთ და ამათ
ამრჩევს თანაშეეწევა, მეორე მხრივ კი ნებართვას აძლევს თითოეულს, როგორც
თავისუფალი ნების მქონეს, იქეთ წარემართოს, საითაც ინებებს" (მათეს
სახარების განმარტება, PG. 129, 661 D).
ამრიგად, საუფლო მსჯავრი მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ნების,
პიროვნული მიდრეკილების, პიროვნული არჩევანის საფუძველზე საქმეთაებრ
განაჩინებს ცხონებას ან წარწყმედას. მუცელში მოწყვეტილი ჩვილები, როგორც ერთსულოვნად გვასწავლიან ეკლესიის მამები, პირველცოდვის გარდა არ ფლობენ არანაირ სხვა ცოდვას, ამასთან ისინი სრულიად მოკლებულნი არიან
შესაძლებლობას ნათლობის რამენაირი გზით მიღებისა. აქედან, ზემორე
"ლოგიკის" მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ უფალს განკაცებისას და
პირველცოდვისგან კაცობრიობის გამოხსნისას წინდაწინვე საუკუნო
წარწყმედისათვის გაუწირავს კაცობრიობის ყველაზე უბოროტო ნაწილი, თან - გაუწირავს მათი პიროვნული ნების სრული უგულებელყოფის გზით.
ამრიგად, რადგან, ეკლესიური სწავლებით, მუცლადმოწყვეტილნი პირველცოდვის
გარდა აბსოლუტურად არავითარ სხვა ცოდვას არ ფლობენ და კაცობრიობის ყველაზე
უცოდველ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, თუ დავადგენთ, რომ საკუთარ
უნათლავობაში უდანაშაულობა არაფერს ნიშნავს, მაშინ უეჭველად უნდა
დავასკვნათ, რომ ერთი მხრივ, მაცხოვრის განკაცებამდე აღსრულებული ყველა
მუცლადმოწყვეტილი ცხონდა (რადგან მათ, როგორც პიროვნულად სრულიად უცოდველთ,
ჯოჯოხეთში მაცხოვრის ჩასვლისას, ცხადია, სხვა მართალთა მსგავსად
პირველცოდვისაგან გამოხსნა და ცხონება მიეცათ), ხოლო მეორე მხრივ,
მაცხოვრის განკაცების შემდეგ მუცლადმოწყვეტილნი უკლებლივ და უპირობოდ
წარწყმედილან. თუ ეს ასეა, რაოდენ განუზომლად ბედნიერნი
ყოფილან პირველნი მეორეებთან შედარებით, რადგან უკანასკნელთათვის მთელი
სოფლის გამომსყიდველ მაცხოვრისეულ სისხლს წინდაწინვე მხოლოდ საუკუნო
წარწყმედა განუკუთვნებია.
აი, ამგვარია პრობლემატიკის ის სირთულე, რაზეც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ.
ამჯერად, შევეხოთ კონკრეტულად ეკლესიის მამათა სწავლებას წამოჭრილ
საკითხზე. რას გადმოგვცემენ ისინი?
აღვნიშნავთ, რომ საკუთრივ უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საკითხის
კონკრეტული განხილვა საეკლესიო ტრადიციაში IV ს-მდე არ ვლინდება, რადგან
ცნობილია, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ დაკანონებული ნათლობის
აუცილებელი აღსრულება უთუოდ ჩვილობის ასაკიდანვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილთა ნათლობა უეჭველი სამოციქულო ტრადიციაა,
მაინც თვით ქრისტიანთა შვილებიც კი ძალიან ხშირად მხოლოდ ასაკში შესვლის
შემდეგ ინათლებოდნენ. წმ. ბასილის შრომა "ნათლისღებისათვის" სწორედ ამის
შესახებ აღნიშვნით იწყება: "რამეთუ წესი იყო მაშინ (ბასილი დიდის დროს,
ე.ჭ.), რაჲთა ოცდაათისა წლისანი ნათელს-იღებდნენ, ხოლო რომელნიმე ორმეოც და
სამეოც წლამდე არა ნათელს-იღებდეს" (იხ. ბასილი კესარიელის "სწავლათა"
ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსცა ც. ქურციკიძემ, თბ. 1983, გვ.
140).
IV ს-დან საბოლოოდ დგინდება მონათვლის აუცილებლობა
ბავშვობის ასაკიდანვე, რომ ჩვილობიდანვე გაეხსნათ მათ გზა ცხონებისა, ხოლო
ჩვილობაშივე აღსრულების შემთხვევაში სასუფეველი დაიმკვიდრონ.
სწორედ ამ დროს დაისვა საკითხი იმ ჩვილთა მდგომარეობის შესახებაც,
რომლებიც უნათლავად აღესრულნენ, მაგრან საკუთარ უნათლავობაში აბსოლუტურად
არ იყვნენ დამნაშავენი.
უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ საკითხი ჩვილობისა და უდანაშაულობის იგივეობის შესახებ სრულიად მკაფიოდ წარმოჩნდება წმ. ბასილი დიდთან, რომელიც ბრძანებს:
"ჩვილთათვის ასაკი თავისთავად არის საკმარისი, რომ უდანაშაულონი იყვნენ" - τοῖς μὲν γὰρ νηπίοις αὐτάρκης ἡ ἡλικία πρὸς τὸ ἀνέγκλητον; შდრ. ლათინურად: "infantibus namque satis est aetas ut inculpati sint" (იხ. წმ. ბასილი, ეპისტოლე ელპიდიოს ეპისკოპოსისადმი, PG. t. 32, 760 A).
ამ სიტყვებიდან, ვფიქრობთ, უცხადესად იკვეთება ეკლესიური სწავლება იმის შესახებ, რომ ჩვილები უდანაშაულონი არიან,
ხოლო რამდენად დასაშვებია წმ. ბასილისთვის უდანაშაულოთა საუკუნოდ
წარწყმედა და მათი მარადიულ ცეცხლში შთაგდება, ამას ქვემოთ დავუბრუნდებით.
წმ. ბასილი დიდის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო საკითხს კონკრეტულად ეხება
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დიდი წმინდანის
სწავლება სრულიად ცხადია, ცალკეულ პირთაგან დიდი მცდელობაა მისი სიტყვების
გადასხვაფერებისა, ძირითადი აზრის შეცვლისა, რაც თავისთავად არის
არამართლმადიდებლური ქმედება. წმ. ექვთიმე ათონელი ასე თარგმნის წმ.
გრიგოლის სიტყვებს:
"ხოლო მესამენი იგი (იგულისხმებიან უნათლავად აღსრულებული ჩვილები,
ე.ჭ.) არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა
დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი და რამეთუ არათუ თჳთ ქმნეს, არამედ
მძლავრებით მოიწია მათ ზედა დაჭირვებაჲ იგი" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი,
40-ე სიტყვა).
როგორც ზემორე სიტყვებიდან სავსებით ცხადია, უნათლავად აღსრულებული ჩვილები "არ დაიტანჯებიან". იკვეთებდა მათდამი ახალი ეპითეტი: "არა-უკეთურნი". ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს "დაჭირვება" (ანუ ნათლობის ნაკლებობა) თვით მათ კი არ ჩაუდენიათ, არამედ მძლავრების ანუ ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ ("არათუ თჳთ ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია მათ ზედა...").
იგივე სიტყვები წმ. ეფრემ მცირეს ასე აქვს გადმოტანილი:
"ხოლო სხუანი იგი (უნათლავად აღსრულებული ჩვილები, ე.ჭ.) არცა იდიდნენ,
არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა აღუბეჭდველნი სადმე,
გარნა უბოროტონივე, რომელთა უფროჲსღა შეემთხჳა ზღვევაჲ, ვიდრეღა ყვეს".
წმ. ეფრემის თარგმანით, ხსენებული ჩვილები არიან "უბოროტონი" და "ზღვევა-შემთხუეულნი".
ტერმინები "არა-უკეთურბი" და "უბოროტონი" გადმოსცემს წმ. გრიგოლის სიტყვას "ἀπόνηροι", რასაც ცოტა მოგვიანებით კვლავ შევეხებით.
ამრიგად, როგორც სავსებით ცხადია, უნათლავად აღსრულებული ყრმები არიან, ერთი მხრივ, "მძლავრების" მსხვერპლნი და "ზღვევა-შემთხუეულნი", რომლებსაც უნათლავობის დანაშაული თვით არ ჩაუდენიათ ("არათუ თჳთ ქმნეს..."), მეორე მხრივ კი - "არა-უკეთურნი" და "უბოროტნი".
ამ ორი მომენტის აღნიშვნით აშკარად იკვეთება ხსენებულ მამათა (წმ.
გრიგოლის, წმ. ექვთიმეს, წმ. ეფრემის) შეხედულება საკუთარ უნათლავობაში
უდანაშაულო და უბოროტო ჩვილების "უტანჯველობისა", არ წარწყმედისა.
შეგვნიშნავენ, რომ "უტანჯველობა" ჯოჯოხეთშიც შესაძლებელია და რომ წმ. გრიგოლის ნათქვამი ხსენებულ ჩვილთა შესახებ (რომ ისინი "არ იდიდებიან") სწორედ ჯოჯოხეთის მდგომარეობას გულისხმობს.
უპირველესად, კვლავ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა ვინმეს
პირადი კომენტარი, არამედ უშუალოდ ის, რასაც წმინდანი ბრძანებს. მეორეც, თქმა
იმისა, რომ ჩვილები "არ იდიდებიან" სრულიად ცხადი შინაარსისაა და
ამომწურავად არის განმარტებული წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობრის წმ.
გრიგოლ ნოსელის მიერ თავის ცნობილ შრომაში "უასაკოდ წარტაცებულ ჩვილთა შესახებ".
საქმე ისაა, რომ როდესაც რომელიმე ადამიანი "იდიდება", "პატივს იღებს",
"იქება" (აღნიშნული სამივე ტერმინი ამ შემთხვევაში იდენტურია), ეს ხდება
ხსენებული ადამიანის მიერ უთუოდ პიროვნული არჩევანით აღსრულებული
სარწმუნოებრივ-სათნოებითი საქმეების საფუძველზე, ისევე როგორც ვინმეს
წარწყმედა მისივე უკეთური საქმეებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, რა
ნიშნით უნდა "იდიდონ" ის ყრმები, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი საშუალება
არ ჰქონიათ (და ამ მხრივ სრულიად უდანაშაულონი არიან) არც პიროვნული ნების
გამოვლენისა, არც თუნდაც ერთი სარწმუნოებრივ-სათნოებითი საქმის
აღსრულებისა? წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ის კი არ განაჩინა, რომ უბოროტო
ყრმები სხვათა დიდებას ვერ დაინახავენო, არამედ ის, რომ თვით ისინი არ
იდიდებიანო და, მართლაც, რა ღირსეული საქმისათვის უნდა იდიდონ, რა
მოღვაწეობისათვის უნდა გახდნენ პატივდებულნი მუცელში მოწყვეტილნი?
მოვუსმინოთ, თუ რა ნათელ განმარტებას გვაწვდის წმ. გრიგოლ ნოსელი:
"ჩვილთა უასაკო აღსრულება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ვინც ასე დაასრულა ცხოვრება, არც სამწუხაროთა შორის (ἐν ἀλγεινοῖς) იქნება, არცთუ იმათ გაუთანასწორდება (κατὰ τὸ ἰσον... γένεται), რომლებიც ყოველგვარი სათნოების გზით განიწმინდენ ამ ცხოვრებაში" (იხ. PG. 46, 192 B).
როგორც სრულიად აშკარადაა თქმული, ხსენებული ჩვილები "სამწუხაროთა შორის" არ იქნებიან (ანუ ღვთისმეტყველის სიტყვით "არ დაიტანჯებიან"), მაგრამ არც ყოველგვარი სათნოების გზით განწმენდილებს ანუ ყოვლითურთ უაღმატებულეს მოღვაწეებს "გაუთანასწორდებიან" (ანუ ღვთისმეტყველის სიტყვით "არც იდიდებიან"). აი, რას ნიშნავს, ერთი მხრივ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ნათქვამი, რომ აღნიშნული ჩვილები "არ დაიტანჯებიან" (ე.ი. იმას, რომ "სამწუხაროთა შორის არ იქნებიან") და, მეორე მხრივ, რომ, ეს ჩვილები "არ იდიდებიან" (ე.ი. იმას, რომ "არ გაუთანასწორდებიან" უაღმატებულესებს სათნოებით ღვაწლში).
მაინც, ნუთუ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი უფრო მეტად არ გამოკვეთს თავის
აზრს, თუ საითკენ იხრება იგი - ხსენებულ უბოროტო ჩვილთა საუკუნო
წარწყმედისკენ თუ წარუწყმედელობისკენ?
მიუხედავად იმისა, რომ წმ. გრიგოლის სწავლება ზემოთქმულშიც, როგორც
აღვნიშნეთ, მკაფიოდ გამოკვეთილია, მაინც მომდევნო სიტყვები კიდევ უფრო
სრულყოფილად ნათელყოფს მის პოზიციას. მოგვაქვს ჯერ წმ. ექვთიმეს თარგმანი:
"და ამასცა ვიტყჳ: უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცის კლვაჲ, შჯი მას ვითარცა კაცისმკვლელსა თჳნიერ (ე.ი. გარეშე, ე.ჭ.) კაცისკლვისა, იყავნ
ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსაც ენების ნათლისღებაჲ, თჳნიერ
ნათლისღებისა. ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს, იგი ვითარ იყოს ესრეთ?"
როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლი, კაცისკვლის განზრახვასთან პარალელის
გავლებით, ნათლისღების განზრახვის ნათლისღებად შერაცხვას გვამცნობს. რა
თქმა უნდა, აქ არანაირად არ იგულისხმება ისეთი პოზიცია, რომ ზოგადად ნათლობის სურვილი ნათლობად ჩაითვალოს (ამას თვით წმ. გრიგოლი უარყოფს იქვე სრულიად აშკარად), არამედ - მხოლოდ ჩვილი ყრმების შემთხვევა, როდესაც ნათლობის აღსრულება ფიზიკურად არის შეუძლებელი
(ვთქვათ, როცა ჩვილი მუცელში კვდება). ასეთ ჟამს უფალი, როგორც
გულთამხილველი, უეჭველია, წინდაწინვე მთელი სისრულით ჭვრეტს თუნდაც მუცელში
მყოფი ჩვილის ჯერ კიდევ სრულიად გამოუვლენელი, მაგრამ ნამდვილად არსებული შეურყვნელი პიროვნული ნების ბუნებით მიდრეკილებას ღვთისკენ, გადარჩენისკენ, ნათლობისკენ (რადგან, როგორც აღვნიშნეთ, თუ პიროვნული ნება ცნობიერებისგან, მცდარი წარმოდგენებისგან არ არის შერყვნილი და გაუკუღმართებული, იგი ბუნებითად ღვთისმოსურნეა). სწორედ ამგვარი საფუძვლიდან გამომდინარე აცხადებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი:
"იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსაც ენების ნათლისღებაჲ, თჳნიერ ნათლისღებისა".
უნათლავ ჩვილთა მდგომარეობა გამონაკლისია. როგორც
ცნობილია, გამონაკლის შემთხვევებში ნათლობის წესი მნიშვნელოვნად იცვლება.
თვით სისხლისმიერი ნათლობაც ნათლობის წესის გამონაკლისია. უფალს არ უთქვამს
სახარებაში, რომ "სისხლით და სულით" მოხდეს ახალშობა ანუ ნათლობაო, არამედ
- "წყლითა და სულითო". ამდენად თუ საღვთო წერილს ბუკვალური ზედაპირულობით
გავიგებთ და არა ეკლესიური განმარტების აუცილებელი შუამდგომლობით, მაშინ
მარტვილთა დიდი ნაწილიც უნათლავად და ჯოჯოხეთის მკვიდრად უნდა შევრაცხოთ
(ნუ იყოფინ!). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი განჩინება:
"თუ ბევრ რამეს (πολλά) საღვთო წერილისას ბუკვალურად (κατὰ τὸ γράμμα) გავიგებთ, ურჯულო მგმობელობაში ჩავვარდებით" (PG. 28, 640 C).
ეკლესიამ მოწამეობა ყველაზე აღმატებულ ნათლობად შერაცხა, ეს კი იმიტომ,
რომ (მრავალ სხვა საღვთო ღირსებასთან ერთად) ნათლობის წყალი გამომსახველია
მაცხოვართან თანადასაფლავებისა (მოსანათლს რომ წყალი დაესხმის, ეს სულიერად
იგივე მიწის დაყრაა მასზე ანუ მისი დასაფლავება) და როცა ადამიანი
(მარტვილი) მართლაც ხორციელად კვდება და საფლავდება უფალთან, წყლის ნაცვლად
სისხლი ხდება მისი განმწმენდი და აღმომშობი.
გამონაკლისი წესი ისაა, რისი საზოგადოდ დაკანონებაც არანაირად
არ შეიძლება. მაგალითად, აუცილებლობის შემთხვევაში ქალმა (დედამ) შეიძლება
მონათლოს ბავშვი, მაგრამ, ცხადია, წარმოუდგენელია ამ წესის არა მხოლოდ
განზოგადება, არამედ, არასაჭიროებისამებრ, თუნდაც ერთგზის გამოყენება.
ამიტომ, როდესაც წმ. გრიგოლი გამოთქვამს აზრს, რომ ჩვილ ყრმებთან დაკავშირებით მათზე ნათლობის სურვილი შეირაცხება ნათლობად, ცხადია, მისგანვე იგმობა ამის განზოგადება
(ისევე როგორც, პარალელისათვის, დასაგმობი იქნებოდა ქალის მიერ ნათლობის
აღსრულების განზოგადება) და საერთოდ ნათლობის სურვილის ნათლობად შერაცხვა.
ვფიქრობთ, აქ მკაფიოდ ჩანს, თუ საკუთარ უნათლავობაში აბსოლუტური
უდანაშაულობა უნათლავ ჩვილებს როგორ გამოარჩევს ზოგადად უნათლავთაგან.
ამჯერად დავიმოწმებთ იმავე სიტყვების წმ. ეფრემისეულ თარგმანს:
"განვიხილავ ამასცა, ვითარმედ უკუეთუ მკვლელობად დასჯი მხოლოდ კლვის ნებებასა თჳნიერ კლვისა, ნათელღებულ იყავნ (ახალი ქართულით: "იყოს", ე.ჭ.) შენდა სურვილიცა ნათლისღებისაჲ თჳნიერ ნათლისღებისა, ხოლო უკუეთუ იგი არა ესევითარ, ვერაჲ მაქუს ცნობად" (ბერძნული ტექსტისათვის იხ. PG. 40, 389).
ამრიგად, სხვას ყველაფერს რომ გვერდი ავუაროთ, თვით ის აშკარა
ფაქტი, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მთელი გულმოდგინებით ცდილობს
უნათლავად აღსრულებულ "უბოროტო" ჩვილთა ნათელღებულობის რაიმე სახით
დაშვებას, ურყევად ასაბუთებს, რომ ხსენებული წმინდანი პირდაპირ იხრება
ხსენებულ უდანაშაულოდ აღსრულებულთა წარუწყმედელობისკენ და არა
წარწყმედისკენ, რადგან თუ სრულიად უდანაშაულოთა და "უბოროტოთა" რაიმე სახით
ნათელღებულობაც იქნა დაშვებული, რაღა წარწყმედს მათ?
აქვე ყურადღებას გავამახვილებთ წმ. მაქსიმე აღმსარებლის ერთ ბაპტიზმალურ
სწავლებაზე, რაც შესაძლოა რაიმეთი ეხმიანებოდეს წმ. გრიგოლის ზემორე აზრს
(მოგვაქვს წმ. ეფრემ მცირის თარგმანი):
"რომელნიმე წყლითა აღმოიშვებიან და სულითა, ხოლო რომელნიმე სულითა
წმიდითა და ცეცხლითა ნათლისღებასა მიითუალვენ, ხოლო მე ოთხთა ამათ, -
წყალსა ვიტყჳ, და სულსა, ცეცხლსა და სულსა წმიდასა, - ერთად და იგივედ
სულად ღმრთისა ვიცნობ, რამეთუ რომელთათჳსმე წყალ არს სული წმიდაჲ, ვითარცა
განმბანელი გარეშესა ჴორცთა ბილწებასა, ხოლო რომელთათჳსმე სულ, ვითარცა
ქველისმოქმედი სათნოებითთა კეთილთაჲ, ხოლო რომელთათჳსმე ცეცხლ, ვითარცა
განმწმედელი შინაგანთა სიღრმისა ბიწთა სულისათაჲ, ხოლო რომელთათჳსმე,
დიდისა დანიელისებრ, სული წმიდა, ვითარცა მიმნიჭებელი სიბრძნისა და
მეცნეირებისაჲ" (წმ. მაქსიმე, მეცნიერებითნი თავნი ღმრთისმეტყუელებისათჳს,
2.63. A-39, 315-315v; იხ. PG. 90, 1152 C).
დავძენთ იმასაც, რომ დიდი ქართველი წმინდანები წმ. ექვთიმე და წმ.
ეფრემი, რომლებმაც წმ. გრიგოლის ზემორე სწავლება ქართულად თარგმნეს და
საქართველოს ეკლესიაში დაამკვიდრეს, ცხადია, თანამოზიარენი და მთლიანად
გამზიარებელნი არიან ხსენებული სწავლებისა.
აღნიშნულ წმინდათა შემდეგ, ვფიქრობთ, ადგილი უნდა დავუთმოთ წმ. იოანე
ოქროპირს. ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ჩვილთა პრობლემა საეკლესიო
ტრადიციაში ყოველთვის უკავშირდებოდა იმ უდნაშაულო ჩვილებს, რომლებიც
ჰეროდეს ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და, ცხადია, უნათლავნი აღესრულნენ
(მათ რომ დაცლოდათ გაზრდა, მაცხოვნებელ ნათლობასაც ეღირსებოდნენ). ეს
საკითხი დღესაც განიხილება, მაგრამ მიიჩნევა, რომ ჰეროდესგან მოწყვეტილი
ჩვილები არიან არა მარტვილნი და ამგვარი მარტვილური ნათლობით ცხონებულნი,
არამედ ცხონებულნი - მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ აღესრულნენ სულიწმიდის
მოფენამდე და უფლის მიერ ძველი აღთქმის მართალთა ჯოჯოხეთიდან ამოყვანისას
გამოხსნილნი. როგორც მიიჩნევენ, იგივე ჩვილები რომ სულთმოფენობის შემდეგ
აღსრულებულიყვნენ რომელიმე მოძალადისგან, არანაირად არ ცხონდებოდნენ,
რადგან მათ პიროვნულად არნაირად არ ჰქონდათ გაცნობიერებული მაცხოვნებელი
ჭეშმარიტება და, შესაბამისად, უნებურად (ასე ვთქვათ, შემთხვევით)
იქნებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი, რის გამოც, როგორც უნათლავნი, საუკუნოდ
წარწყმდებოდნენ. ამ აზრის მიმდევარნი ფიცხლად ეწინააღმდეგებიან ჰეროდეს
მიერ მოწყვეტილ ჩვილთა მარტვილებად ანუ მოწამეებად წარმოდგენას და, როგორც
აღვნიშნეთ, თვლიან, რომ ეს ჩვილები ცხონდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ
მოასწრეს სულთმოფენობამდე აღსრულება (აქვე დავძენთ, რომ ამასვე ბრძნობენ
ისინი წმ. სიდონიასთან დაკავშირებითაც, მიიჩნევენ რა, რომ ისიც
სულთმოფენობამდე აღესრულა და სწორედ ამის გამო ცხონდა. (წმ. სიდონიას
საკითხს სხვა დროს შევეხებით).
კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ: თუ ზემოწარმოდგენილ "მსჯელობას" გავყვებით,
ის უეჭველი დასკვნა გამოდის, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში მოწყვეტილი ყველა
ჩვილი (ვთქვათ, ყველა მუცელში მოწყვეტილი), როგორც სრულიად "უბოროტო" და
მართალი, უეჭველად ცხონდა (რადგან, სხვა მართალთა მსგავსად, უნათლავობა
მათთვის აღარ იქნებოდა დაბრკოლება მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლის შედეგად),
ხოლო მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლის შემდეგ აღსრულებული ყველა
უნათლავი ჩვილი (ვთქვათ, ყველა მუცელში მოწყვეტილი) უპირობოდ წარწყმდა, რაც
ნიშნავს, რომ მაცხოვრის განკაცებას მათთვის საუკუნო დაღუპვა მოუტანია (ნუ
იყოფინ!).
ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ საეკლესიო ტრადიცია სხვაგვარად
გვასწავლის. მსოფლიო კრებათა ეპოქის ჩათვლით (ე.ი. იმ ეპოქის ჩათვლით,
როდესაც ქრისტიანული მოძღვრება გამოთქმითად სრულყოფილად ჩამოყალიბდა და
ყოველივე განსამარტავი განიმარტა) არავისთან ამოგვიკითხავს იმგვარი
სწავლება, რომ თითქოს ჰეროდეს მიერ მოწყვეტილი უნათლავი ჩვილები ცხონდნენ,
რადგან სულთმოფენობამდე მოესწრო მათი აღსრულება. პირიქით, ხაზგასმითაა
ნამცნები მათი მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ. ისინი ქრისტეს მოწამეებად არიან შერაცხილნი.
"ქრისტჱს მოსლვამან ჩჩჳლთა მათ მადლი ზეცისაჲ მოსცა და უშჯულოსა მას
მეფესა ამხილა უღმრთოვებაჲ" (ოხ. მიქაელ მოდრეკილის იადგარი, თბ, 1978,
წიგნი II, გვ. 107.9)
ამ ჩვილთა დათხეული სისხლი ქრისტესთვის არის და სწორედ ამ სისხლით (და არა სულთმოფენობამდე აღსრულებით) მოიპოვეს მათ სამოთხე:
"აწ იხარებთ დიდებითა სამოთხეს შინა, ჩჩჳლნო ყრმანო, წმიდანო, რამეთუ
ქრისტესათჳს აჩუენეთ დათხევაჲ სისხლისა თქუენისაჲ, ღირსნო" (იქვე, გვ.
107.26-27).
კიდევ:
"სიხარულით დგანან წინაშე ქრისტესა, რომლისათჳს სიკუდილი დაითმინეს" (იქვე, 108.18).
სწორედ ამ მოწამეობრივი სიკვდილით ცხონდნენ ისინი და ეს მოწამეობა საგანგებოდ აღინიშნება:
"ეჰა მეგობარნო მოწამეთანო, პატივ-ვსცემდეთ ჩჩჳლთა მათ ყრმათა, რაჲთა მოვიღოთ მადლი საშინელსა მას დღესა მათ მიერ" (იქვე, 106-107).
სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ "მჴედარნი მეუფისა მის მეუფეთაჲსა" (იქვე, გვ. 107.4) და, სრულიად გარკვევით, "ქრისტეს მოწამეები".
"პატივს-ვსცემდეთ ყოველნი ღუაწლისამძლეთა ჩჩჳლთა, ყრმათა ნეტართა, ქრისტეს მოწამეთა, სოფლისა სიმტკიცეთა" (გვ. 107.22).
ზედმიწევნით იგივე სწავლება გვხვდება წმ. იოანე ოქროპირთან. დიდი
მოძღვარი, ეხება რა ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ უნათლავ ჩვილთა საკითხს, ჯერ
ზოგადად აღნიშნავს:
"უკუეთუ ცოდვანი არა აქუნდენ, მომატყუებელ (ე.ი. შემძენელი, ე.ჭ.)
გჳრგჳნთა და სასუფევლისა ბჭეთა განმღებელად ექმნებიან მოწევნანი ჭირთა და
განსაცდელთანი" (იხ. "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", წიგნი I. თბ. 1996,
გვ. 150. პარალელისათვის კვლავ გავიხსენოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის
სიტყვები ზოგადად უნათლავად მოწყვეტილ ჩვილთა როგორც ძალადობის მსხვერპლთა შესახებ: "არათუ თჳთ ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია მათ ზედა დაჭირვებაჲ იგი").
შემდეგ საკუთრივ ჰეროდესგან მოწყვეტილთა შესახებ ასე გვამცნობს:
"ქრისტესთჳს მოსწყდეს და წამებისა გჳრგჳნი მიიღეს" (გვ. 150).
უაღრესად საგულისხმოა, რომ წმ. იოანე კვლავ განაზოგადებს ხსენებულ ჩვილთა შესახებ მისეულ სწავლებას და დაასკვნის:
"[უფალმა] შეუნდო მათ ზედა მოწყუედაჲ იგი და შეიწყნარნა სავანეთა მათ
ზეცისათა. ესე არიან სიტყუანი ჩუენ მიერ მოწყუედისა მისთჳს ყრმათაჲსა და სხჳსა ესევითარისათჳს თქუმულნი" (იქვე).
როგორც ვხედავთ, წმ. იოანეს სწავლება "ითქვა" არა მხოლოდ ჰეროდესგან მოწყვეტილთათვის, არამედ ყველა სხვა მსგავსი შემთხვევისათვის ("და სხჳსა ესევითარისათჳს").
ამრიგად, თუ ხსენებული მოძღვარი ჰეროდესგან მოწყვეტილ ჩვილებს, როგორც
ძალადობის მსხვერპლთ, მოწამეებად თვლის, თუმცა კი ამ ჩვილთა პიროვნული ნება
ცნობიერად აბსოლუტურად არ მონაწილეობდა აღნიშნულ მოწამეობაში (ძუძუთა
ბავშვებს რა ცნობიერი არჩევანი უნდა ჰქონოდათ მაცხოვრისათვის
მოწამეობისა?), როგორ იქნება სარწმუნო, რომ სხვებს, ასევე ძალადობის
მსხვერპლთ (ვთქვათ, მუცელში მოწყვეტილთ), საუკუნო ცეცხლს განუკუთვნებს იგი?
თუ, ხსენებული წმინდანის სწავლებით, უფალმა სწორედ იმიტომ დაუშვა (ძველი
ქართულით "შეუნდო") ამ ყრმათა მოწყვეტა, რომ მათ ზეციური გვირგვინი მიეღოთ,
როგორ დაუშვებს იგივე უფალი სხვა ჩვილთა მუცელში მოწყვეტას იმისათვის, რომ
ისინი საუკუნოდ წარწყმდნენ?
შემდეგი მამა, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება, არის VII ს-ის დიდი
წმინდანი გრიგოლ აკრანკატელი, რომლის შრომაში "ეკლესიასტეს განმარტება"
ერთგან კომენტირებულია ხსენებული ბიბლიური წიგნის შემდეგი მუხლი:
"თუნდაც შვას კაცმა ასი და იცოცხლოს მრავალი წელი და სიმრავლე იყოს მის
წელთა დღეებისა, და თუ მისი სული არ აღივსება სიკეთით და თუ საფლავიც არ
ქმნილა მისთვის, ვიტყოდი: მასზე უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი (ἔκτρωμα),
რადგან [ეს კაცი] ამაოებაში მოვიდა და სიბნელეში მიდის და სიბნელეში
დაიფარება მისი სახელი" (ეკლ. 6. 3-4).
ჯერ თვით ხსენებული ციტატიდან სრულიად აშკარაა, რომ თუ უკეთური ადამიანი
სიბნელეში მიდის და სიბნელეში იფარება მისი სახელი, მუცლადმოწყვეტილი,
რომელიც საღვთო წერილის სწავლებით, ასეთ ადამიანზე უფრო კარგია, ცხადია,
არც სიბნელეში წავა და არც წყვდიადში დაინთქება მისი სახელი (რადგან სხვა
რა ნიშნით უნდა იყოს იგი უფრო კარგი?). მეორეც, ასეთი აზრი სრულიად
გარკვევითაა სწავლებული ხსენებული მოძღვრის წმ. გრიგოლ აკრანკატელის მიერ,
რომელიც უაღრესად მკვეთრად აღნიშნავს, რომ მუცლადმოწყვეტილი აბსოლუტურად უდანაშაულოა. აი, მისი სიტყვები:
"მუცლადმოწყვეტილი, რომელიც არანაირად არ არის შემცნობი არც სიკეთისა,
არც უკეთურებისა (μήτε πονηρόν), კვლავ უმყოფობაში (ე.ი. სიკვდილში, ე.ჭ.)
გადადის და არანაირად არ იქნება იგი დადანაშაულებული (μηδομῶς εὐθυνθησόμενον) იმათ გამო, რაც სცოდა (περι ὧν ἐπλημμέλησεν)" (PG. 98, 972 B).
როგორც ვხედავთ, ტექსტი აბსოლუტურად ცხადია. განსაკუთრებით მივაპყრობთ
ყურადღებას, ერთი მხრივ, სამომავლო დროს: εὐθυνθησόμενον და, მეორე მხრივ,
გადაჭრითი სიმკვეთრის შემომტან ზმნიზედას μηδομῶς ("არნაირად"). ამრიგად,
სრულიად ცხადია, რომ მუცლადმოწყვეტილი სამომავლო განსჯისას არანაირად არ იქნება დადანაშაულებული მასთან დაკავშირებულ ცოდვებში.
მოვიტანთ აღნიშნული ტექსტის ძველ ქართულ თარგმანსაც:
"მორყუნილი (ე.ი. მუცლადმოწყვეტილი, ე.ჭ.) რაჲთურთით არარაჲს არცა
კეთილისა, არცა ბოროტისა მცნობელი, არმყოფობისავე მიმართ მიიქცევის კუალად,
არარაჲს დაშჯილებისა თანამდები ბრალთათჳს, რომელნი ქმნნა" (იხ. კ. კეკელიძის გამოცემა, ტარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ მიტროფანე ზმჳრნელისაჲ, ტფ. 1920, გვ. 89).
ვფიქრობთ, უფრო მკვეთრად შეუძლებელია თქმა, რომ მეორედ მოსვლისას მუცლადმოწყვეტილი "არარაჲსა დაშჯილებისა თანამდები (ანუ "პასუხისმგებელი", ე.ჭ.) არ იქნება მასთან დაკავშირებულ "ბრალთათჳს" (ანუ დანაშაულთათვის).
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წმ. გრიგოლ აკრანკატელის ბერძნულ ტექსტს
ახლავს გამომცემლის შენიშვნა, სადაც პარალელია გავლებული ავგუსტინესთან და
გამოვლენილია მათ შორის არსებული სხვაობა. შენიშვნის ავტორი, რომლისთვისაც
ავგუსტინე დიდი ავტორიტეტია, იძულებულია დააფიქსიროს უეჭველი ფაქტი, რომ
ნეტარი ავგუსტინესგან განსხვავებით წმ. გრიგოლ აკრანკატელი არ განაჩინებს
მუცლადმოწყვეტილთა წარწყმედას. მოგვაქვს ციტატა:
"მეორე მხრივ, გრიგოლის მიხედვით (იგულისხმება გრიგოლ აკრანკატელი,
ე.ჭ.) ჩვილები, რომლებსაც ჩანასახშივე ნათლობამდე ეწიათ სიკვდილი, თავისუფალნი არიან საუკუნო სასჯელისგან
(immunes iterum aeterni supplicii a Gregorio haberi infantes, quos in
partu ipso ante baptisma mors oppresserit)" (იხ. PG. 98, 972, n. 39).
აქვე აღვნიშნავთ, რომ უნათლავ ჩვილთა საუკუნო ტანჯვაზე არც ავგუსტინეს აქვს კატეგორიული განჩინება.
ამიტომაა, რომ ლათინურის ზედმიწევნით მცოდნენი მასთან დაკავშირებით
იყენებენ სიტყვას "როგორც ჩანს, შესაძლოა, ალბათ" (fortasse).
ზემომითითებულ შენიშვნაში ვკითხულობთ:
"[წმ. გრიგოლ აკრანკატელი] არ გზავნის მათ (უნათლავ ჩვილებს, ე.ჭ.) მარადიულ სასჯელში, რომლისგანაც, როგორც ჩანს, არ ათავისუფლებს მათ ავგუსტინე (Neque enim hos ad aeterna supplicia amandat, quibus fortasse non liberat Augustinus) (იქვე).
შევეხებით, აგრეთვე VII ს-ის სახელგანთქმულ მოძღვარს ოლიმპიოდორე
ალექსანდრიელს, რომელიც ასევე, განმარტავს "ეკლესიასტეს" ზემომოტანილ მუხლს
და სიტყვა-სიტყვით შემდეგს გვაუწყებს:
"ვამბობ, რომ მუცლადმოწყვეტილი ამგვარ ვინმეზე (ვინც სიკეთით არ აღივსო,
ე.ჭ.) უფრო კარგია, რადგან ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი ამაოებაში მოვიდა
და, როგორც უმეცრებაში მცხოვრები, სიბნელეში მიდის, სიბნელეშივე დაიფარება
მისი სახელი, ამოიშლება ცოცხალთა წიგნიდან და ვერ ეღირსება სიმართლის მზეს,
ხოლო მეორე მხრივ, რაც შეეხება მუცლადმოწყვეტილთა შესახებ მსჯელობას, თუ
რატომ მოხდა, რომ ერთნი მკვდრად იშვებიან, მეორენი კი ერთ დღეს ცოცხლობენ
ან ორს, ღვთის მიუწვდომელ სამართლიან წინაგანგებას დავუტოვოთ ეს" (PG. 93, 553 B).
როგორც სრულიად ცხადია, წარსაწყმედელი ადამიანი სიბნელეში მიდის, მისი
სახელი დავიწყებას ეძლევა, ამოიშლება ცოცხალთა წიგნიდან და ვერ ეღირსება
სიმართლის მზეს, მაშინ როცა მუცლადმოწყვეტილი ამგვარ ადამიანზე უფრო
კარგია, ანუ კარგია იმით, რომ ზემოჩამოთვლილი უკეთურებანი მას არ შეეხება
(ან კი სხვა რა გაგებით უნდა იყოს უფრო კარგი?), ე.ი. არც სიბნელეში წავა,
არც ცოცხალთა წიგნიდან ამოიშლება, არც სიმართლის მზეს მოაკლდება, მაგრამ,
ამასთან, მისი კონკრეტული ვითარება, კერძოდ მუცლადმოწყვეტილობის მიზეზი,
საცოდნელია მარტოდენ ღვთის სამართლიანი წინაგანგებისათვის.
აქედან სავსებით აშკარად ჩანს, თუ რა უსაფუძვლოა კატეგორიული მტკიცება
იმის შესახებ, რომ თითქოს სრულიად დადგენილია და შეცნობილია უნათლავად
აღსრულებულ უდანაშაულო ჩვილთა ვითარება (კერძოდ, რომ უეჭველად სიბნელეში
დაინთქმებიან ისინი და რომ საუკუნო წარწყმედას და ტანჯვას მიეცემიან). დიდი
მოძღვარი გარკვევით შეგვაგონებს, რომ მათი მდგომარეობა ოდენ ღვთის
სამართლიანი განგებისთვისაა განკუთვნილი. იგივე სწავლება აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით სავსებით ნათლად აქვს გამოთქმული ზემოხსენებულ წმ.
გრიგოლ აკრანკატელს, რომელიც ბრძანებს:
"საშჯელთა მისთა, ჩვენგან დაფარულთა და მიუწდეომელთაჲთა, რომელთამე უკუე მიცემაჲ, ხოლო რომელთამე - არასადა (ე.ი. არანაირად, ე.ჭ.)" (დასახ. გამოც. გვ. 87, 29-30).
შევეხებით VII ს-ის კიდევ ერთ მოძღვარს, უდიდეს დოგმატიკოსს წმ.
ანასტასი სინელს, რომლის ცნობილი შრომა "წინამძღუარი" ქართულად თარგმნა წმ.
არსენ იყალთოელმა. გამოხატავას რა ზოგადსაეკლესიო აზრს, წმ. არსენი
გვაუწყებს:
"ღირს ვიქმენ მე... მდაბალი მონაზონი არსენი ბერძულისაგან ქართულად
თარგმანებასა წმიდისა ამის წიგნისასა, რომელი-ესე ნამდჳლვე სეხნად სახელისა
თჳსისა წინამძღუარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო
ეკლესიისაჲ და თუალი, რომლითა ჰხედავს და პირი, რომლითა ზრახავს, და
სასმენელი, რომლითა ესმინ ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღურებანი. და
საყნოსელი, რომლითა იყნოსს სულნელებასა ღმრთივსულიერთა ყუავილისასა და
მარჯუენა მკლავი, რომლითა ესრის და სდევნის სამწვალებლოთა მჴეცთა გესლიანსა
სიბოროტესა".
წმ. არსენი, როგორც აღვნიშნეთ, აქ იმეორებს ზოგადსაეკლესიო განჩინებას,
რომლის თანახმადაც წმ. ანასტასი სინელის მოძღვრება შერაცხილია
მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრად, ამ ეკლესიის თვალად, პირად,
სასმენელად (ყურად) და საყნოსელად, ამასთან, რაც არსებითია, იმ მარჯვენა
მკლავად, რითაც წმ. ანასტასი მუსრავდა და მუსრავს "სამწვალებლოთა მჴეცთა
გესლიანსა სიბოროტესა".
აღნიშნული მოძღვრის "კითხვა-მიგებანი", როგორც უდიდესი
კატეხიზმურ-დოგმატური შრომა, უმტკიცესი საფუძველი გახდა მთელი მომდევნო
ეპოქისათვის. ხსენებული თხზულება ერთგან ეხება უნათლავ ჩვილთა საკითხს.
მოგვაქვს ციტატა:
"შეკითხვა 81-ე:
სად ვამბობთ, რომ მიდიან ხუთი წლის ან ოთხი წლის უბოროტო (ἄκακα)
ბავშვები იუდეველებისა და უნათლავებისა? სასჯელში თუ სამოთხეში (εἰς κρίσιν
ἢ εἰς παράδεισον)?
პასუხი:
რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა
შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ,
რომ არ წარიწყმიდებიან (οὐκ ἀπολοῦνται) შვილები მათი მამების ცოდვების გამო (შდრ. ეზეკ. 18,20; II სჯ. 24,16; IV მეფ. 14,6; II ნეშტ. 25,4), მე მიმაჩნია, რომ არ შევლენ ისინი გეჰენიაში (οὐκ εἰσέρχεσθαι αὐτὰ εἰς γέενναν), თუმცა არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა (πλὴν οὐ καλὸν τὰ κρίματα τοῦ θεοῦ ψηλαφαν)" (იხ. PG. t. 89, col. 709).
ამჯერადაც, მიუხედავად იმისა, რომ ტექსი აბსოლუტურად ცხადია, იჩენენ დიდ
მცდელობას, რომ როგორმე აზრი შეუცვალონ წმინდანის სიტყვებს, კერძოდ,
თითქოს გეჰენიის ხსენებით ჯოჯოხეთი კი არ უგულისხმია მას, არამედ ჯოჯოხეთის
შიგნითა რამ ადგილი.
უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ორნაწილედი შეკითხვის ფონზე (სასჯელი თუ
სამოთხე), ხსენებული მოძღვარი არაორაზროვნად უარყოფს პირველს, რადგან
აღნიშნავს, რომ მამათაგან უნათლავად დატოვებული ჩვილები მამათა ცოდვების
გამო, უფლის ბრძანებისამებრ, არ წარწყმდებიან (საგულისხმოა, რომ ეს სიტყვა საკუთრივ ანასტასისეულია,
ე.ი. საღვთო წერილის ზემომითითებულ მუხლებში იგი არ გვხვდება, რის გამოც
ვერანაირად ვერ დავაბრალებთ ხსენებულ წმინდანს, რომ მან მექანიკურად
მოიტანა ციტატა და თითქოს თვითონ ის სინამდვილეში სულაც არ ფიქრობდა
უნათლავ ჩვილთა წარუწყმედელობას); მეორეც, ხაზგასმითაა ნაუწყები, რომ ეს ჩვილები გეჰენიაში არ შევლენ.
თუ წმ. ანასტასი ხსენებულ ტერმინს ("გეჰენია" ზოგადსაეკლესიო
ტრადიციისაგან განსხვავებულად იყენებდა, აუცილებლად უნდა გამოეკვეთა კიდეც
ეს (ზოგადსაეკლესიო ტრადიციაში, როგორც ქვემოთაც ვნახავთ, გეჰენია,
წარსაწყმედელი, სასჯელი, ტანჯვა და ჯოჯხეთი ერთი და იგივეა), რომ
მკითხველისათვის საცთური არ შეექმნა (კერძოდ თუნდაც ასე: "ჯოჯოხეთში
შევლენ, მაგრამ გეჰენიაში არა"). საგულისხმოა, რომ სხვა შემთხვევაში სწორედ
ასეთ დაკონკრეტებას იჩენს იგი (მაგალითად, როდესაც ეკითხებიან ზოგადად
უნათლავთა, მაგრამ ქველისმოქმედთა შესახებ, იგი მიუგებს, რომ ისინი
სატანჯველში კი შევლენ, მაგრამ არა დიდში, არამედ მცირეში; შეკითხვა 79-ე;
იქვე 708 C).
ეკლესიური სწავლებით, გეჰენია და საუკუნო ცეცხლი აბსოლუტურად ერთი და იგივეა.
როგორც მაცხოვარი ბრძანებს, მეორედ მოსვლის შემდეგ ერთ მხარეს წავლენ
წყეულნი საუკუნო ცეცხლში ანუ გეჰენიაში, მეორე მხარეს კი - მართალნი
სასუფეველში ("მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით,
კურთხეულნო... და დაიმკჳდრეთ... სასუფეველი... მაშინ ჰრქუას მარცხენითთა
მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა", მათე 25, 34,41). ასევე უფალი სრულიად მკვეთრად განაჩინებს: "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა (κόλασιν) საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა" (მათე 25,46).
როგორც ვხედავთ - არავითარი შუალედური მდგომარეობა! მეორედ მოსვლის შემდეგ ერთ მხარეს იქნება "ცეცხლი საუკუნე" და "სატანჯველი საუკუნე", მეორე მხარეს კი - "სასუფეველი" და "ცხოვრებაჲ საუკუნე".
წმ. კირილე ალექსანდრიელი, განმარტავს რა "ფსალმუნთა" სიტყვებს (იხ. ფს. 7, 13-14), აღნიშნავს:
"მოზიდული აქვს მას მშვილდი, გამზადებული აქვს იგი, აუვსია რა
"სიკვდილის ჭურთა", ე.ი. ისართა მიერ და, როგორც მეფსალმუნე ამბობს,
"შესაწუველთათჳს" უქმნია მას იგი, ე.ი. გეჰენიის ძეთათჳს, რომლებიც თავის დროზე გაიგონებენ უფლისაგან თქმულს: "წარვედით ჩემგან წყეულნო..." (PG. 69, 753 C); იგივე მოძღვარი განმარტავს რა უფლის სიტყვებს "აწვე დასჯილ არს" (იოანე 3,18), ბრძანებს: "ხოლო სხვა რა არის "დასჯა", თუ არა ჩაგდება ალში და საუკუნო ცეცხლში"
(PG. 70,1101 D). წმ. მაკარი ეგვიპტელი გვასწავლის: "ზოგნი ამბობენ, რომ
ერთია სასუფეველი და ერთია გეჰენია, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ მრავალი და
სხვადასხვა ხარისხია და საზომი თვით სასუფეველშიც და თვით გეჰენიაშიც...
უფალი... ქველისმოქმედთ მოსვენებას და საზღაურს მიუბოძებს, რადგან
არსებობს აღმატებული საზომები და მცირე საზომები, და სხვადასხვაგვარობანია თვით სინათლეში და დიდებაში და თვით გეჰენიაში და სატანჯველშიც" (PG. 34, 764 C; 765 B). გეჰენიაზე წმ. გრიგოლ დიდის სწავლება ასეა ჩამოყალიბებული: "ერთია გეჰენიის ცეცხლი
(unus gehennae ignis), მაგრამ ერთსახოვნად არ ტანჯავს იგი ყველა ცოდვილს"
(PL. 77, 1516). ასევე, იოანე დიაკონი "წმ. გრიგოლ დიდის ცხოვრებაში"
პირდაპირ წერს: "გეჰენიის ერთი ცეცხლი (unus gehennae
ignis) შემძლეა თანაბრად იპყრობდეს ყველა ცოდვილს, მაგრამ ღვთის
სამართლიანობის შედეგად არ არის იგი შემძლე იმისა, რომ ყველას თანასწორად
წვავდეს" (იხ. Acta Sanctorum, Mars, II, p. 153); წმ. იოანე ოქროპირი
მიუთითებს: "[უფალი] გეჰენიაში ყველას მათი სურვილის გარეშე გზავნის, სასუფეველში
კი მსურველთ უხმობს" (მეორე ჰომილია კორინთელთა მიმართ, ჟ. ბარეის გამოც.
t. 16, 1871, p. 333.). გეჰენიას ასე განმარტავს წმ. იუსტინე: "გეჰენია არის ადგილი, სადაც მოელით ტანჯვა უსამართლოდ მცხოვრებთ და ურწმუნოთ" (წმ. იუსტინე, პირველი აპოლოგია, თ. 19; PG. 6, 357 B). განკითხვისას მარცხენა მხარეს მდგომთა საუკუნო ცეცხლში გაგზავნა რომ იმავე გეჰენიაში გაგზავნას ნიშნავს, ამას, გარდა ზემოთქმულისა, პირდაპირ აღნიშნავს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "მათდამი, რომლებიც განკითხვისას მარცხნივ იქნებიან და უფლის მიერ გეჰენიაში გაიგზავნებიან ეშმაკებთან ერთად, ამას ამბობს [მაცხოვარი]: "უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ..."
თვით ბასილი დიდიც, რომელიც ჩვეულებრივ მოიხმობა ოპონენტთა მხრიდან,
მთლიანი კონტექსტის მიხედვით ერთი და იმავე რეალობის (ჯოჯოხეთური ტანჯვის)
სხვადასხვა გამონათქვამებით აღწერას გულისხმობს, რადგან პირდაპირ წერს:
"ამრიგად, უფალი ზოგჯერ განაჩინებს, რომ ესენი (ცოდვილნი, ე.ჭ.) წავლენ
"საუკუნო სატანჯველში", ზოგჯერ კი გზავნის ვიღაცეებს "საუკუნო ცეცხლში, რაც
გამზადებულია ეშმაკებისა და მისი ანგელოზებისათვის", სხვა შემთხვევაში კი უწოდებს
(ἄλλοτε ὀνομαζόντος) "ცეცხლის გეჰენიას" და დასძენს: "სადაც მათი მატლი
არ დასრულდება და ცეცხლი არ დაიშრიტება" (შეჯამებულ განსაზღვრებათა
თავები", PG. t. 31,1265 B).
საგულისხმო და უარსებითესი სწორედ ისაა, რომ ჯოჯოხეთის, ძალისამებრ,
დეტალური აღწერისას ბასილი დიდი სრულიად ერთაზროვნად მიგვითითებს, რომ
აღნიშნული ჯოჯოხეთის უკლებლივ ყველა გარსში თუ ხარისხში (მათ შორის ყველაზე უფრო გარეთა ადგილას ანუ გარესკნელში) მხოლოდ და მხოლოდ "უკეთურნი" (πονηρόι ) მკვიდრობენ და ყველგან ტანჯვაა (თუმცა მეტნაკლებად). თუ უნათლავი ჩვილები, როგორც ეკლესია გვასწავლის, "არა-უკეთურნი" (ἀπόνηροι) და "უტანჯველნი" არიან, როგორ დამკვიდრდებიან ისინი "უკეთურებისა" და "ტანჯვის" სამყოფელში?
უაღრესად საგულისხმოა ისიც, რომ ბასილი ერთგან ცალკეულად ჩამოთვლის მათ,
რომლებსაც ჯოჯოხეთი ელით, მაგრამ მინიშნებითაც არ ახსენებს უნათლავ ჩვილებს
(იხ. PG. 30, 393 B) და არც შეიძლებოდა ეხსენებინა, რადგან მისივე
სწავლებით ჯოჯოხეთში მხოლოდ უკეთურების მოქმედნი (ცნობიერად თუ საქმით) შედიან. აი, მისი სიტყვები: "თუ ღმერთი მართალი მსაჯულია, არა მარტო კეთილთ, არამედ უკეთურთაც (πονηροῖς) მიაგებს, თითოეულს მისი საქმისებრ" (t. 31, 1265 B), შესაბამისად, თუ ჩვილობა და უდანაშაულობა,
ბასილის სწავლებითვე, ერთი და იგივეა, როგორ მიეგებათ აღნიშნულ უდანაშაულო
ჩვილებს დანმაშავეთა მისაგებელი? წმ. დოროთეც გვასწავლის: "ყოველი
მოქმედებისმიერი ცოდვა (ἡ κατ' ἐνέργειαν ἀμαρτία) ჯოჯოხეთის ქვეშაა" (იხ.
PG. 88. 1729 D).
სხვა მამებთან ერთად წმ. ისიდორე პელუზიელიც ცხადად ამბობს უკეთურთა მიმართ: "ვერც სასუფევლის სურვილმა, ვერც გეჰენიის შიშმა ვერ დაგარწმუნათ თქვენ, რომ ჩვენეულ რჯულთა დამცველნი გამხდარიყავით" (იხ. ეპისტოლე 1262).
ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, უეჭველად ადასტურებს, რომ წმ. ანასტასის სწავლება უნათლავ ჩვილთა გეჰენიაში არშესვლის შესახებ უთუოდ ჯოჯოხეთის სატანჯველში მათ არშესვლას ნიშნავს. სწორედ
საკუთარი აბსოლუტური უდანაშაულობა გამოარჩევს უნათლავ ჩვილს ზოგადად
უნათლავთაგან, რომლებიც, წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, გეჰენიაში მიდიან
("უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს",
განმარტება იოანეს სახარებისა, ნაწ. I. თბ. 1993, გვ. 168), რაც იმავე
ჯოჯოხეთს ანუ "სატანჯველს" ნიშნავს.
აღნიშნულ ჩვილთა სრული პიროვნული უდანაშაულობა რომ სასჯელისაგან
თავისუფლებას გულისხმობს, ეს ჩვენი ოპონენეტებისთვისაც ცხადია.
შესაბამისად, ცდილობენ გამოძებნონ რაიმე მიზეზი იმისა, რომ მათი დასჯა, ასე
თუ ისე, გამართლებული აღმოჩნდეს. ასეთ დროს მსჯელობაში აშკარად შემოაქვთ
აზრი იმის შესახებ, რომ ისინი დაისჯებიან მათი მშობლების ცოდვათა გამო,
ისევე როგორც, მაგალითად, მთელი კაცობრიობა დაისაჯა პირველმშობლების,
ადამისა და ევას მიზეზით. აღნიშნული აზრი უკვე წერილობითაც ვრცელდება.
მოგვაქვს ციტატა (სიზუსტის გამო რუსულად):
Кто не прибег к ним (к Церкви, ე.ჭ. по своей ли вине, по вине ли
своих родителей - тот неизбежно подвергается всем тяжким последствиям
смертельного недуга. Тут же скажут: "неужели же малые дети могут быть
мучимы за грехи своих радителей"? Но какже тогда весь род человеческий
бывает ответствен за грех прародителей в раю?"
აღვნიშნავთ, რომ უპირველესად, უმძიმესი ცთომილებაა სამოთხეში ჩადენილი
პირველი ცოდვისა და უკვე დაცემულობაში მყოფ ადამიანთა მიერ ჩადენილი პირადი
ცოდვების გაიგივება მემკვიდრეობითობის ასპექტით, რადგან პირველცოდვა სრულ
უცოდველობაში ჩაიდინეს ევამ და ადამმა, რამაც თვისობრივად შეცვალა და დასცა
მათი ადამიანური ბუნება (ჩვენ კი, როგორც ამ დაცემული ბუნებიდან შობილნი,
მემკვიდრეობით ვიღებთ დაცემულობას), ხოლო ყველა ჩვენთაგანი უკვე არსებულ
დაცემულობაში იდენს ცოდვას, რაც კაცობრივ ბუნებას არანაირად აღარ ცვლის
თვისობრივად (კერძოდ მოკვდავობის, ტკივილგანმცდელობის და ხრწნადობის
თვისებებს არაფერი აღარ შეიძლება დაერთოს), ანუ არანაირად არ იწვევს მის
გენეტიკურ ცვალებადობას. მეორეც, უმძიმესზე უმძიმესი ცთომილებაა
თქმა იმისა, რომ ადამიანი მისი მშობლის შეცოდებისათვის საკუთარი პიროვნული
ნების გარეშე შეიძლება საუკუნოდ წარწყმდეს (მით უმეტეს, მაცხოვრის
გამომსყიდველობითი ღვაწლის შემდეგ). როგორც ჩანს, ამ აზრის
გამზიარებელთათვის უცნობია მკაფიო საეკლესიო განჩინება, რასაც აქვე
დავიმოწმებთ:
"შეკითხვა 68-ე:
ზოგიერთები ხშირად ამბობენ, რომ ჩვილები კვდებიან მშობლების ცოდვათა გამო. ნუთუ მართლა ასეა?
პასუხი:
ნუ იყოფინ, რომ ეს ასე იყოს (Μὴ γένοιτο εἷναι τοῦτο οὑτως)" (იხ. PG. 28, col. 672).
ეზეკიელი ბრძანებს: "ძემან არა მიიღოს ცოდვაჲ მამისაჲ" (ეზეკ. 18,20; შდრ. II სჯ. 24,16; IV მეფ. 14,6; II ნეშტ. 25,4).
ნეტარი თეოდორიტე, განმარტავს რა ეზეკიელის სიტყვებს ("არა მოკუდეს ესე [ძე] ცოდვითა მამისა თჳსისაჲთა", ეზეკ. 18,17), გვასწავლის: "არ არის სამართლიანი მამის ურჯულოებისათვის ძეს დაედოს სასჯელი" (PG. 81,976 B).
წმ. ანასტასიც, როგორც ზემოთ დავიმოწმეთ, კატეგორიულად განაჩინებს: "არ წარიწყმიდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო" (იხ. ზემოთ). საგულისხმოა, რომ წმ. ანასტასის ხსენებული განჩინება სწორედ წარმართთა და იუდეველთა შვილების მისამართით არის თქმული.
* * *
ამჯერად ერთობლივად წარმოვადგენთ იმ დადებით შეფასებებს, რასაც ეკლესიის
მამები სრულიად უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა შესახებ
გვაწვდიან:
ეს ჩვილები "არ დაიტანჯებიან"; შეიძლება, რომ მათ ნათლობად შეერაცხოთ
ნათლობისადმი მიდრეკილება ("ნათელღებულ იყავნ შენდა სურვილიცა
ნათლისღებისაჲ თჳნიერ ნათლისღებისა"); მათ აქვთ "უდანაშაულობა", არიან
"უბოროტონი", "არა-უკეთურნი", "მძლავრების" მსხვერპლნი,
"ზღვევა-შემთხუეულნი"; არ არიან "სატანჯველის ღირსნი" ("სატანჯველსა არა
ღირს არს"), არ იქნებიან "სამწუხაროთა შორის"; არ იქნებიან იმ ადამიანის
მდგომარეობაში ანუ "უფრო კარგნი" იქნებიან იმ ადამიანზე, ვინც სიბნელეში
წავა, ვისი სახელიც დავიწყებას მიეცა, ვინც ამოიშლება ცოცხალთა წიგნიდან,
ვინც ვერ ეღირსება სიმართლის მზეს; ამ ჩვილთა მოწყვეტილობის ვითარება
საცოდნელია მხოლოდ უფლის მართალი წინაგანგებისათვის (და არა ჩვენთვის);
ისინი არ დაექვემდებარებიან არანაირ სასჯელს (ანუ
"არარაჲსა დაშჯილებისა თანამდებნი" არ იქნებიან), "არ წარწყმდებიან" მათი
მშობლების შეცოდებათა გამო (რომლებმაც არ მონათლეს ისინი), "არ შევლენ
გეჰენიაში".
კატეგორიულად გვარწმუნებენ, რომ ყოველივე ზემოთქმული ცალსახად და
ერთაზროვნად ჯოჯოხეთს უნდა ნიშნავდეს. ასეთ დროს, სხვათაშორის, ყურადღება
ექცევა და ნაირგვარი ინტერპრეტირება უკეთდება წმ. მარკოზ ეფესელის
სიტყვებს, რომ "ზოგი წმინდანი, რომელმაც ილოცა არა მხოლოდ მორწმუნეთათვის,
არამედ უღმრთოთათვისაც, შესმენილ იქნა და მათ თავიანთი ლოცვებით გამოიტაცეს
(შდრ. რუს. исхитили) ისინი საუკუნო სატანჯველიდან, როგორც მაგალითად პირველმოწამე თეკლამ - თეკლონიდა და საღვთო გრიგოლ დიალოგონმა, როგორც გადმოგვცემენ, - მეფე ტრაიანე".
ცნობისათვის აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით
წმ. გიორგი მთაწმინდელის "დიდ სვინაქსარში" შემდეგი უწყება გვაქვს: "ესე
ნეტარი გრიგოლ მივიდოდა ოდესმე გზასა მას, ტრაიანეს დასხმულსა და
ლმობიერ-იქმნა და ილოცა მჴურვალებით, რაჲთა ლხინება-ყოს ღმერთმან ტრაიანესათჳს და ესმა ჴმაჲ ზეგარდამო, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: "ვისმინე ლოცვისა შენისაჲ და მივსცე შენდობაჲ ტრაიანეს, ხოლო შენ ნუღარა შესძინებ ლოცვასა უღმრთოთათჳს" (იხ. B-97,140).
წმ. ექვთიმეს მიერ თარგმნილ ძეგლში "ცხორებაჲ წმიდისა გრიგოლისი, ჰრომთა
პაპისაჲ" ვკითხულობთ: "იხილა რაჲ ნეტარმან მან გზაჲ იგი, სთნდა საქმე
მეფისაჲ მის და დადგა ლოცვად და შეწირა მჴურვალე ვედრებაჲ ღმრთისა, რაჲთა იჴსნეს სატანჯუელთაგან საუკუნეთა სული ტრაიანესი... ესმა ზეცით ჴმაჲ ესევითარი: "შევისმინე ვედრებაჲ შენი და ვიჴსენ სული ტრაიანესი სატანჯუელთაგან, ხოლო შენ ნუღარა შესძინებ უშჯულოთათჳს ვედრებად ჩემდა" (იხ. კიმენი, კ. კეკელიძის გამოც., I. თბ. 1918, გვ. 131).
მოიტანება, აგრეთვე, ადგილი წმ. პერპეტუას ცხოვრებიდან, სადაც
აღწერილია, თუ როგორ გამოიხსნა მან ლოცვით სატანჯველისაგან თავისი ძმა და
როგორ იხილა იგი ნათელ ადგილას. ეს მონაკვეთი მოხმობილია ზემოთ
რამდენიმეგზის ნახსენებ წერილობით პუბლიკაციაში (მოგვაქვს ციტატა: "Она
увидела его в светлом месте") და ეს "ნათელი ადგილი" კვლავ ჯოჯოხეთადაა
გაგებული. წმ. პერპეტუას ხსენებული ხილვის დაბოლოება (როცა მისი ძმა
დინოკრატე უკვე შეიწყალა უფალმა) ასეა მის მარტვილობაში გადმოცემული:
"ვხედავ კვლავ იმავე ადგილს, ადრე რომ ვიხილე, და - დინოკრატეს, მრთელი სხეულით (mundo corpore), კეთილად შემოსილს (bene vestitum), ნუგეშცემულს
(refrigerantem)... აუზის ნაპირზე იყო ოქროს ფიალა, წყლით სავსე.
დინოკრატე მივიდა მასთან და დაიწყო მისგან დალევა, ფიალა კი არ იცლებოდა.
როცა დარწყულდა, წყალს გაშორდა, ბავშვურად დაიწყო თამაში გამხიარულებულმა (gaudens)" (იხ. Acta Sanctromum, Martii, 7, p. 634)
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჯოჯოხეთში "უტანჯველობის", "ლხინების",
"ცოდვათშენდობის", "სასჯელისგან სრული თავისუფლების" ("არარაჲსა
დაშჯილებისა თანამდები"), "უმწუხარობის" და ყველაზე მეტად კი
"მხიარულების", "კეთილშემოსილობის", "არწარწყმედილობისა" და "სინათლის"
არსებობა შეუთავსებელია საეკლესიო სწავლებასთან, რადგან თუ ეს ყველაფერი
ჯოჯოხეთშია (ანუ ქვესკნელშია), რითღა სხვაობს იგი სასუფევლისგან? ამგვარი
დაშვებანი უპირობოდ ნიშნავს ან ჯოჯოხეთის გასასუფევლებას ან, თუგინდ
ქვესკნელის შიგნით, მაინც სასუფეველსა და ჯოჯოხეთს შორის რაღაც შუალედური
მოსასვენებელი, უტანჯველი, სამხიარულო და განათებული ადგილის აღიარებას,
ამას კი პრინციპულად უარყოფს საეკლესიო სწავლება, რომლის მიხედვითაც მეორედ
მოსვლის შემდეგ აბსოლუტურად ერთი და იგივე იქნება ჯოჯოხეთი, საუკუნო
ცეცხლი, საუკუნო ტანჯვა, საუკუნო წარწყმედა, გეჰენიის ცეცხლი, საუკუნო
სასჯელი და საუკუნო ულხინებლობა (განსაკუთრებით ყოვლად მიუღებელია
ჯოჯოხეთში ნათელი ადგილის აღიარება როგორც ამას ზემორე პუბლიკაციაში აქვს
ადგილი, რადგან ამით უარიყოფა უკლებლივ ყველა მოძღვრის ერთსულოვანი
სწავლება ჯოჯოხეთისა და სრული სიბნელის ანუ უნათლობის იდენტურობის
შესახებ).
ჯოჯოხეთის, ტანჯვის, ცეცხლის, საუკუნო სასჯელის იგივეობის
დასადასტურებლად, გარდა ზემომოტანილი მრავალი ციტატისა, დავიმოწმებთ კიდევ
რამდენიმე ნიმუშს:
წმ. იუსტინე გვასწავლის: "თითოეული, საქმეთა ღირსებისამებრ, მიდის ან საუკუნო სატანჯველში (ἐπ' αἰωνίαν κόλασιν) ან ცხონებაში" (პირველი აპოლოგია, 12.1, PG. t. 6. 341 C).
თეოფილაქტე ბულგარელი მიუთითებს:
"როგორც წმინდანებს ექნებათ უშრეტი სიხარული, ასევე უსამართლოთაც - უშრეტი ტანჯვა (ἄπαυστον κόλασιν)" (PG. t. 123, col. 433 B).
წმ. ბასილი დიდი ბრძანებს:
"რადგან ორი ძალაა ცეცხლში, დამწველობითი და მანათობლობითი,
ცეცხლის სიმწარე და დამტანჯველობა იმათ ელოდებათ, რომლებიც დაწვის ღირსნი
არიან, ხოლო მისი მანათობლობა... მხიარულთა სიხარულის ხვედრი იქნება...
ერთი მხრივ, უნათლოა სატანჯველის ცეცხლი, მეორე მხრივ კი, დაუწველია (ე.ი.
არ წვავს, ე.ჭ.) მოსვენების სინათლე" (PG. 29, 297 B C).
წმ. კირილე განაჩინებს:
"ურჯულონი, აღვირაშვებულნი და მისდამი (უფლისადმი, ე.ჭ.) მონობის გადამგდებნი წარწყმედაში (εἰς ἀπώλειαν) და დაუსრულებელ სატანჯველში წავლენ, "სადაც იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა", როგორც
ეს დაწერილია, ხოლო კეთილნი და ღვთისმოყვარენი, საღვთო რჯულთა მცოდნენი და
ყოველი სათნოების მომღვწელნი, ნათელნი და განწმენდილნი, უხრწნელების
გვირგვინს დაიდგამენ" (მალაქიას განმარტება, PG. t. 72, col, C-D).
საგულისხმოა, რომ ცნობილი ბერძენი თეოლოგი ნიკოლაოს კურსულა, რომელიც
თავის მხრივ ავგუსტინეს აზრისკენ იხრება (და ამიტომ ჯოჯოხეთის შესახებ მისი
დასკვნს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია), მთელი საეკლესიო ტრადიციის
ზედმიწევნითი შესწავლის საფუძველზე გარკვევით წერს: "გეჰენიის ცეცხლი (τὸ
τῆς γεένης πῦρ) მარადიულია, უშრეტია და ბნელია, რაშიც არის "ბნელი
გარესკნელი" (ἐν ὧ ἐστι τὸ σκότος τὸ ἐξώτερον)" (იხ. მისი "წმინდა
თეოლოგიის შეჯამება", ტ. I. 1862, გვ. 320). როგორც ვხედავთ, გეჰენიის
ცეცხლი ჯოჯოხეთის თვით ყველაზე უფრო გარეგან ნაწილსაც მთლიანად მოიცავს.
აზრი იმისა შესახებ, რომ სასუფეველსა და გეჰენიას შორის (თუნდ
ჯოჯოხეთში) არსებობს რამ უტანჯველი და განათებული ან სალხენი ადგილი,
პრინციპულად არის უარყოფილი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მიერ, რომლის
სიტყვები პირდაპირ ეხმიანება ზემოწამოჭრილ საკითხს. აი, სიტყვა-სიტყვით
რას გვასწავლის იგი:
"აწ კი შენი (უფლის, ე.ჭ.) უმეცარნი სხეულებრივად იშვებენ აქ და ხტიან
რა პირუტყვებივით, განიხარებენ იმით, რაც მიეცი, რომ ჰქონოდათ ცხოვრებაში
სალხენად. მხოლოდ ამას ხედავენ ისინი და ფიქრობენ, რომ ასე იქნება ამ
ცხოვრებიდან სულის გასვლის შემდეგაც; მაგრამ ცუდად ისაზრებენ და ცუდად
იაზრებენ ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თუმც არა შენთან, მაინც უშფოთველობაში ("ლხინებაში" - ἐν ἀνέσεν) იქნებიან და იმზადებენ რაღაც ადგილს, - ჰოი უგუნურებავ, - რაც სინათლესთანაც უზიარებელია და არქმონეა სიბნელისაც, სასუფევლისგან გარეთ, მაგრამ გეჰენიის გარეთაც (τῆς βασιλείς ἔξωθεν, ἄλλα καὶ τῆς γεέννης), რაც შორსაა საქორწინესგანაც და სასჯელის ცეცხლისგანაც,
სადაც დასამკვიდრებლად ლოცულობენ ეს უბადრუკნი და ამბობენ, რომ არ ითხოვენ
ისინი შენს საუკუნო დიდებას ან ცათა სასუფეველს, არამედ - უშფოთველობაში ("ლხინებაში" - ἐν ἀνέσεν) ყოფნას. ვაი, მათ სიბნელეს, ვაი, მათ უმეცრებას, ვაი, უბადრუკებას და ფუჭ იმედებს! არსად
არ წერია ეს, არც იქნება ამგვარი რამ, არამედ სინათლეში იქნებიან საღვთო
სიკეთეთა მოქმედნი, ხოლო სასჯელის სიბნელეში - უკეთურებათა ჩამდენნი,
ხოლო შუაში არის უფსკრული, ორივეს გამყოფი, როგორც შენ გვასწავლე, ვინც
შეამზადე ესენი, რამეთუ შუაში ჩავარდნილი ადამიანი ყველა საშინელ ტანჯვასა
და სასჯელში უფრო მეტად იქნება სატანჯველის უფსკრულში და წარწყმედის
ქაოსში" (პირველი საღვთო ჰიმნი, სტრ. 99-122).
სხვაგან იგივე მოძღვარი კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯოჯოხეთის თვით გარესკნელიც (სადაც სახარების სწავლებით, არის ტირილი და კბილთა ღრჭენა) იგივე გეჰენიის ცეცხლია:
"ვის არ შეაძრწუნებს საღვთო განკითხვის მისაგებელი, გაუსაძლისი
და უშრეტი ცეცხლი - ვაიმე, - გეჰენიისა, სადაც არის ტირილი და ღრჭენა
კბილთა, უნუგეშო ტკივილი და გამოუთქმელი სიმძიმილი" (40-ე ჰიმნი, სტრ. 37-40).
აღნიშნავენ იმასაც, რომ თითქოს უნათლავ ჩვილთა წარუწყმედელობა
კართაგენის კრების 110-ე კანონის უარყოფაა. სინამდვილეში ამ კრების კანონი
შეაჩვენებს მხოლოდ იმათ, რომლებიც თვლიან, რომ ჩვილებს არა აქვთ ადამისეული
პირველცოდვა და თითქოს ამიტომ ნათლობაც არ სჭირდებათ მათ. ამგვარი აზრი,
რა თქმა უნდა, უმძიმესი ცოდვაა და ანათემას ექვემდებარება, მაგრამ ხსენებულ
კანონში აბსოლუტურად არაფერია თქმული სრულიად უდანაშაულოდ უნათლავად
აღსრულებულთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, არადა ამის აღნიშვნას, თუკი
ამგვარი დოგმატი (ე.ი. დოგმატი უდანაშაულოდ უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა
საუკუნო წარწყმედის შესახებ) მართლაც არსებობდა, სწორედ მითითებულ კანონში
უნდა ჰქონოდა ადგილი, რადგან ეს კანონი საკუთრივ ჩვილთა ნათლობას ეხება.
ყურადღება ექცევა იმასაც, რომ თუკი უნათლავი ჩვილებიც არ წარწყმდებიან,
რაღა განსხვავება ყოფილა მათსა და მონათლულ ჩვილთა შორის. უნდა აღინიშნოს,
რომ, ერთი მხრივ, უცნობია უნათლავ ჩვილთა კონკრეტული ხვედრი, ამასთან, არც
ის ვიცით, თუ რა გზას, რა სირთულეს გადიან ისინი (ეს ყოველივე ოდენ ღვთის
წინაგანგებისთვისაა საწვდომი), მაშინ როცა ნათელღებულნი დაუყონებლივ
აღმატებულ ნეტარებაში მკვიდრდებიან, მეორეც - ეკლესიური სწავლებით
ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც აურაცხელი სამყოფელია, რომლებიც ერთმანეთისგან
დიდად სხვაობენ. კვლავ გავიხსენოთ წმ. მაკარის სიტყვები:
"მრავალი და სხვადასხვა ხარისხია და საზომი თვით სასუფეველშიც და თვით
გეჰენიაშიც... არსებობს აღმატებული საზომები, და სხვადასხვაგვარობანია თვით
სინათლეში და დიდებაში და თვით გეჰენიაში და სატანჯველში" (იხ. ზემოთ).
ზოგჯერ მკვეთრი ფორმით ამბობენ და წერენ კიდეც შემდეგს:
თუ მუცლადმოწყვეტილები ცხონდებიან, მაშინ ასეთებმა მათ დედებს
(რომლებმაც მოიწყვიტეს ისინი) მადლობა უნდა უთხრან, რადგან ამ გზით
სასუფეველში შევიდნენ.
უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ერთი, უნათლავ ჩვილთა კონკრეტული ხვედრი, როგორც
აღნიშნული გვაქვს, ჩვენთვის უცნობია. მეორე და არსებითი: თუ ზემორე
უაღრესად მანკიერ ლოგიკას გავყვებით, მძიმე ღვთისმგმობელობამდე მივალთ,
რადგან მაშინ ებრაელთა თოთხმეტიათასმა ჩვილმაც მადლობა უნდა უთხრას
ჰეროდეს, რომელმაც მოწყვიტა ისინი, რადგან მათ ამ გზით სასუფეველი
დაიმკვიდრეს. ასევე, ყველა მარტვილმა მადლიერება უნდა გამოხატოს თავისი
მტანჯველისადმი, რადგან სწორედ ტანჯვის გზით მოიპოვეს მათ ზეციური
სამყოფელი და ა.შ და ა.შ. (ნუ იყოფინ!).
ჩვენ ვერწმუნოთ წმ. ანასტასის, რომელიც სწორედ უნათლავ ჩვილებთან დაკავშირებით ბრძანებს, რომ არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა", განვიშოროთ კატეგორიულობა და, ოლიმპიოდორე ალექსანდრიელის კვალობაზე, უფალს მივანდოთ უნათლავად აღსრულებულ უდანაშაულო ჩვილთა ხვედრის განსაზღვრა.
ამრიგად, საბოლოო დასკვნის სახით აღვნიშნავთ: ზემოდამოწმებული მასალების
სიმრავლე, ვფიქრობთ, უეჭველად ცხადყოფს, რომ უნათლავ ჩვილთა საკითხს
ეკლესიის მოძღვარნი განიხილავენ უდიდესი სიფრთხილით, არ
გამოაქვთ კატეგორიული დასკვნები და არათუ არ განაჩინებენ გარდაუვალად
ხსენებულ ჩვილთა უპირობო მარადიულ დაღუპვას და ტანჯვას, არამედ, როგორც
ვნახეთ, რიგ გამონათქვამებში უთუოდ იხრებიან ხსენებულ ჩვილთა
წარუწყმედელობისკენ, მათთან დაკავშირებული უფლისმიერი მართალი წინაგანგების
მიუწვდომლობისა და განუჩხრეკელობისკენ.
ედიშერ ჭელიძე
გაზეთი "თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია", №2-3, 1999 წ.
No comments:
Post a Comment