Thursday, February 14, 2019

წმიდა იუსტინე მარტვილი - სიტყვა ელინთა მიმართ

1. ნუ იფიქრებთ კაცნო ელინნო, თითქოს უგუნურად და განუსჯელად განვეშორე თქვენს ადათ-წესებს. ვერარა ვპოვე მათში წმიდა და ღვთისათვის სათნო, რადგანაც იმ თქვენს პოეტთა თხზულებები სიცოფესა და სიბილწეს იმარხავს. თუნდაც რომ თქვენს შორის უმეტესად წარჩინებულსა და განსწავლულს მიმართოს ვინმემ, კაცთა შორის უსაცოდავესი აღმოჩნდება იგი. ამბობენ, რომ უპირველესად აგამემნონმა გაწირა მსხვერპლად თავისი ასული, ხოლო შეეწეოდა მას ძმის მეტისმეტი გარყვნილება, ცოფი და აულაგმავი გულისთქმა. იმავე აგამემნონმა მთელი ელადა შეძრა, რომ გამოეხსნა კეთროვანი მწყემსის მიერ მოტაცებული ელენე. როდესაც ომი შეწყდა და ტყვეები წაასხეს, აგამემნონმა ჯერ დაატყვევა ქრიზეიდა, შემდეგ კი ბრიზეიდას გამო მტრად მოეკიდა იგი თეტიდას ძეს. თვით პელიდმა ნახტომით წიაღვლო მდინარე, ტროა დაამხო და სძლია ჰექტორს, ხოლო პოლიქსენე, თქვენი გმირი, რომელიც მონა იყო, მკვდარი ამაზონის მიერ იძლია, შემდეგ კი ღვთივშემზადებულ საჭურველთაგან განძარცვული და საქორწინო სამოსით მორთული სასიყვარულო მსხვერპლად შეიწირა აპოლონის ტაძარში. ითაკელი ლაერტის ძემ ბოროტებით მოიხვეჭა სახელი. არ იყო მასში კეთილი ზრახვა. ეს გაცხადდა სწორედ მაშინ, როდესაც გემით ჩაუარა ძან სირენების კუნძულს და ყურები დაიცო, რადგანაც აღარ ძალუძდა მათი სმენა. თელამონიდი აიანტი, რომელიც შვიდტყავიან საკს ატარებდა, და რომელიც დამარცხდა ოდისევსის საჭუირველთათვის ამტყდარ ჩხუბში, ამის გამო ცოფმა შეიპყრო.

არ მსურს ამგვართა სწავლა, არ ვეშურები ამგვარ სათნოებას, არ ვერწმუნები ჰომეროსის ზღაპრებს. მთელი პოემის არსი ქალია. სწორედ ისაა “ილიადას” და “ოდისეას” თავი და ბოლო.

2. ჰომეროსის შემდეგ ჰესიოდემ დაწერა საქმეთა და დღეთა შესახებ, მაგრამ ვინ ერწმუნება მის მოჩმახულ თეოგონიას? ამბობენ, რომ კრონოსმა, ურანოსის ძემ დაამხო მამის გამგებლობა, ხელთიპყრა სკიპტრა და რადგანაც ეშინოდა, რომ მასაც მსგავსი რამ არ შემთხვეოდა, შვილთა შეჭმა ამჯობინა, თუმცა კურეტებმა მაინც იხერხეს, მოიტაცეს და გადამალეს ზევსი, რომელმაც შემდეგ ბორკილები დაადო მამას და ძმათა შორის გაყოფის ჟამს, როგორც თქმულია, თვით მან ეთერი დაისაკუთრა, პოსეიდონს ზღვის სიღრმე არგუნა წილად, პლუტონს ჰადესი. შემდეგ, პლუტონმა კორე მოიტაცა, ხოლო დემეტრა უდაბნოში დაეხეტებოდა და შვილს დაეძებდა. ეს ზღაპარი უფრო მკვეთრად წარმოაჩინა (სიტყვ. “სიმაღლემდე აიყვანა”) ელევსინის ცეცხლმა. პოსეიდონმა შერცხვენა მოაწია წყალწაღებულ მელანიპეზე, რაჟამს ბოროტად ისარგებლა მან ნერეიდების რიცხვმრავალი გუნდით (მათ სახელებს რომ ჩამოვყვეთ, მეტად გაგვიგრძელდება სიტყვა). ზევსი, რომელიც მრუში იყო ფრიად, ანტიოპეს სატირად გამოუჩნდა, დანაეს – ოქროს, ევროპას – ხარად, ლედას – ფრთოსანად. სემელესადმი ზევსის ტრფობამ გაამჟღავნა, ერთი მხრივ, ამ უკანასკნელის გარყვნილება, მეორე მხრივ, სემელეს მოშურნეობა. ამბობენ, რომ ზევსმა ცად აიტაცა და ღვინის მწდედ განაწესა ფრიგიელი განიმედი.

აი ამგვარი საქმეები აღასრულეს კრონიდელებმა. თქვენს შორის სახელგანთქმულმა ლეტოს ძემ, აპოლონმა, ვინც მისნობა ასწავლა ადამიანებს, თვით ამხილა საკუთარი ცრუმეტყველება. დაფნესაც გაედევნა იგი, მაგრამ ვერ შეიპყრო. და თუმცა უწყოდა მან მისი მოსიყვარულე იაკინთეს სიკვდილი, არ გააფრთხილა იგი. აღარაფერს ვიტყვი ათენას მამრობაზე, დიონისეს მდედრობაზე და აფროდიტეს მეძავობაზე. წაუკითხეთ ზევსს, კაცნო ელინნო, მცნება მამისმკვლელთა წინააღმდეგ, აგრეთვე განაჩენი მრუშობისათვის და გმობა ყრმათმოსურნეობისა. ასწავლეთ ათენასა და არტემიდას საქმე ქალისა, ხოლო დიონისეს – კაცთა საქმე. რა ღირსებაა, თუკი დიაცი საჭურველით აღიჭურვება, ხოლო კაცი საკრავებით, გვირგვინებით, ქალური სამოსელით შეიმკვება და ქალთა ჯგროსთან ერთად ორგიებს მიეცემა?

3. სამ ღამეში ჩაისახა ჰერაკლე, ასპარეზობათა მოთავედ ქებული, ზევსის შვილი, რომელმაც მოკლა ლომი, მრავალკისრიანი ჰიდრა, გააფთრებული გარეული ტახი, კაცისმჭამელი ფრინველები; რომელმაც სამთავიანი ძაღლი ჰადესიდან ამოიყვანა, გაწმინდა ავგიასის თავლა, მოკლა ხარები და ირემი, ნესტოებიდან ცეცხლის მფრქვეველნი, თავთავებისაგან ოქროს  ნაყოფი გამოიღო, შხამიან გველს სული გააცხებინა, ხოლო ვიღაც აქელონის გულისათვის მოკლა სტუმრის მკვლელი ბუსირისი. მთაც გადავლო მან ნახტომით, რომ ეპოვა წყალი, რისი ჩხრიალიც შორით ესმოდა.

ის, ვინც ამგვარ საქმეთა აღსრულება შეძლო, ჩვილივით ატროკდა სატირების საკრავთა ხმაზე და იძლია იგი ქალის სიყვარულით (ეს ქალი დამცინავად გვემდა მას უკანალზე, ის კი ტკბებოდა ამით). ბოლოს, როდესაც ვეღარ შეძლო მან ნესოსის პერანგის გახდა, თვითვე დაუნთო თავის თავს კოცონი და ასე აღესრულა.

განიშოროს ღვარძლი ჰეფესტომ და ნუ იქნება მოშურნე, თუკი მას, როგორც უხუცესსა და თანაც კოჭლს, სიძულვილი ხვდება წილად, არესს კი, უმრწმესსა და მშვენიერს, სიყვარული დაებედება.

ასე იმხილება, კაცნო ელინნო, თქვენეულ ღმერთთა გარყვნილება, თქვენეულ გმირთა უკაცურობა, როგორც ამას ცხადყოფს სწორედ თქვენი დრამატული ისტორიები – ატრევსის შეცოდებანი, თიესტეს საწოლთაღრევა, პელოპიდების მძულვარებანი, დანაოსის სისხლიანი შურისძიება, უშვილოდ დარჩენა და სიმთვრალე ეგვიპტოსისა, და ბოლოს თიესტეს სერობა – ერინების მიერ შემზადებული. რაც შეეხება პროკნეს, იგი დღემდე დაფრინავს და კვნესის, ხოლო მისი ათენელი დაი ენამოკვეთილი სტვენს. რაღა უნდა ითქვას თვალდათხრილი ოიდიპოსის შესახებ, ანდა მის მიერ ლაიოსის მოკვლისა და დედის შერთვის გამო, ან კიდევ მის ძმათა და შვილთა ურთიერთდახოცვის თაობაზე?

4. მძულს, აგრეთვე, თქვენეული ზეიმები, უზომო სიუხვე, ნატიფი საკრავები, რომლებიც ცოფიანი როკვისაკენ უხმობენ ხალხს, აგრეთვე, უსარგებლო მირონთცხებანი და გვირგვინთმკობანი. უკეთურებათა ესოდენ სიმრავლეში ფარავთ თქვენს სირცხვილს, ხოლო თქვენს ნაბახუსევ გონებას სიბილწე ავსებს, რადგანაც გჩვევიათ უწმიდური და ცოფიანი თანააღრევა.

ამასაც გეტყვით: რად ურისხდები, ჰოი ელინო, შენს შვილს, თუკი იგი, ზევსის მსგავსად, ხაფანგს გიგებს შენ და ოჯახს გიქცევს? რისთვის რაცხ მას მტრად, თუკი მის მსგავსს თაყვანსა სცემ? რად ჰყვედრი შენს ცოლს სიძვით ცხოვრებას, თუკი აფროდიტეს ტაძრებს უშენებ? ეს ყველაფერი სხვას რომ ეთქვა, ოდენ ლიტონი ცილისწამება იქნებოდა და არა სიმართლე, მაგრამ სწორედ თქვენი პოეტები უმღერიან ამგვარ საქმეებს, სწორედ თქვენი გადმოცემები გაჰყვირიან მათ შესახებ.

5. აწ კი მოდით, კაცნო ელინნო, ეზიარეთ სწორუპოვარ სიბრძნეს, დაემოწაფეთ საღვთო სიტყვას, შეემეცნეთ უხრწნელ მეუფეს და შეიცანით ვინ არიან თქვენი გმირები, რომლებიც ერში სიკვდილს თესავენ, რამეთუ მეუფე ჩვენი არ სათნოობს ხორციელ ძალას, არც სახეთა ნაკვთკეთილობას, არცთუ ცუდმედიდ გვარიშვილობას, არამედ – მხოლოდ განწმენდილ სულს, სისპეტაკეში დავანებულს, ვინც საღვთო სიტყვის საუკუნო წინამძღვრობით აღასრულებს უფლის მცნებებს, ღვთიურ საქმეებს, რაჟამს სულამდე განივრცობა ძალი სიტყვისა.

ჰოი, საყვირო მშვიდობისაო ამბოხისმოყვარე სულისა! ჰოი, საშინელ ვნებათა მაოტებელო! ჰოი, მოძღვრებაო, სულისმიერი ცეცხლის დამშრეტო!

ვერ იქმან ამას ვერც პოეტები, ვერც ფილოსოფოსები, ვერც ხელოვანი რიტორები. მარტოოდენ ძალი სიტყვისა, მოძღვარი ჩვენი, უკვდავჰყოფს მოკვდავთ, ღმერთჰყოფს წარმავალთ, მიწიდან ზეაუძღვება მათ ოლიმპოზე აღმატებულ სავანეთაკენ.

მოდით და ისწავლეთ! იქმენით ჩემებრი, რამეთუ მეც თქვენებრი ვიყავ. შემიწყნარეს მათ მე, - საღვთო მოძღვრებამ და ძალმოსილებამ სიტყვისა. მსგავსად კეთილი შემლოცველისა (“ეპაოიდოს აგათოს” – incantator peritus), რომელიც ჯერ ხვრელიდან ამოიყვანს გველს, შემდეგ კი განდევნის ამ საშინელ ქვეწარმავალს. ასევე სიტყვაც სულის სიღრმეთაგან განაგდებს გრძნობათა საშინელ ვნებებს, უპირველესად კი გულისთქმას, რაც ასაზრდოებს ყოველგვარ საშინელებას: მტრობას, განხეთქილებას, შურს, განყოფას და სხვა ამგვარს. როდესაც განიდევნება გულისთქმა, დამშვიდდება და დაწყნარდება სული. თავს დაიხსნის იგი კისერზე შემოხვეულ სიავეთაგან და შემოქმედისაკენ წარემართება, რადგანაც მართებს მას კვლავ იქ დამკვიდრდეს, საიდანაც განდგა, საიდანაც იქმნა იმგვარი, როგორიც არის.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ედიშერ ჭელიძემ

No comments:

Post a Comment