იმ დროს, როდესაც ურჯულოები კერპთაყვანისცემის დასაცავად იბრძოდნენ,
ხოლო ღვთისმოშიშ ქრისტიანთა წინააღმდეგ ყოველ ქალაქსა და სოფელს დაეგზავნა
უღვთო ბრძანება, რომ იძულებით ეთაყვანებინათ ისინი ფუჭი კერპებისათვის,
სწორედ მაშინ შეიპყრეს ეს წმიდა კაცები და მიჰგვარეს რომის მთავარს,
სახელად რუსტიკოსს. როდესაც სამსჯავროს წარადგინეს ისინი, რუსტიკოს
მთავარმა იუსტინეს უთხრა: “უპირველესად, ერწმუნე ღმერთებს და დაემორჩილე
მეფეებს”. იუსტინემ მიუგო: “კარგია და უყვედრებელია რწმენა იმისა, რაც
გვამცნო მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ”. რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა: “რა
სწავლება გაქვს მიღებული? მიუგო იუსტინემ: “ყველა მოძღვრების სწავლა ვცადე,
მაგრამ თანავეწამები ქრისტიანთა ჭეშმარიტ სიტყვებს, რაც არ ესათნოება
გონებაცთომილთ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “შენ კი ნუთუ სათნო-გიჩნს ეს
სიტყვები, ყოვლად უბადრუკო?” იუსტინემ უთხრა: ”ჭეშმარიტად! რამეთუ
ქრისტიანთა თანამდევი ვარ მართლმოძღვრების გზით (“მოტა ორთუ დოგმატოს”)”.
რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა: “რა მოძღვრებაა იგი?” მიუგო იუსტინემ: “ის,
რომ თაყვანს ვცემთ ქრისტიანთა ღმერთს და ერთ ღმერთად ვრაცხთ მას, რომელიც
არის დასაბამიდან (“ექს არხეს”) შემოქმედი და დამბადებელი ყველა
ქმნილებისა, ხილულისა და უხილავისა; (თაყვანს ვცემთ) ღვთის ძეს, უფალს იესუ
ქრისტეს, რომლის შესახებ ქადაგებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელიც კვლავ
მოევლინება ადამიანთა მოდგმას, რომელიც არის მქადაგებელი მაცხოვარებისა და
მოძღვარი ღირსეულ მოწაფეთა, მე კი, რომელიც კაცი ვარ, მხოლოდ მცირე რაიმეს
თუ ვიტყვი მისი უსასრულო ღმრთეების (“ჰე აპეიროს თეოტეს”) შესახებ.
ვაღიარებ, რომ იგია წინასწარმეტყველური რამ ძალი. სწორედ მის შესახებ იყო
წინდაწინ ქადაგებული, რომელსაც აწ ღვთის ძედ ვამბობ, რადგანაც ვიცი, რომ
ზეცით იყო წინასწარმეტყველთა ქადაგებაც, რაც გვაუწყებდა კაცთა შორის მის
მოვლინებას”.
ჰკითხა რუსტიკოს მთავარმა: “სად იკრიბებით?” მიუგო იუსტინემ: “იქ, სადაც
თითოეული ამჯობინებს და ძალა შესწევს. ალბათ გგონია, რომ ერთსა და იმავე
ადგილას ვიკრიბებით ყველანი. არა, ჭეშმარიტად, რადგანაც ქრისტიანთა ღმერთი
ადგილით არ არის შემოსაზღვრული, არამედ უხილავია იგი და აღავსებს ცასა და
მიწას, ამიტომ ყველგან თაყვანს სცემენ და ადიდებენ მას მორწმუნენი”.
რუსტიკოს მთავარმა თქვა: “მითხარი, თვით შენ სად ხვდები და სად კრებ
შენს მოწაფეებს?” იუსტინემ მიუგო: “დიდი ხანია ჩემი სამყოფელი არის ვინმე
მარტინოს ტიმოტინონის აბანოსთან. რომაელთა ქალაქში მეორედ მოვედი და სხვა
შესაკრებელი, გარდა იმისა, რაც ვთქვი, არ ვიცი და თუკი ვინმე ისურვებდა
ჩემს პოვნას, ვაზიარებდი (“ეკოინუნ”) მას ჭეშმარიტების სიტყყვას”.
რუსტიკოსმა ჰკითხა: “ასე რომ, ამიერიდან ქრისტიანი ხარ?” მიუგო იუსტინემ:
“ჭეშმარიტად!” რუსტიკოს მთავარმა ხარიტონს ჰკითხა: “თქვი ხარიტონ, შენც
ქრისტიანი ხარ?” უთხრა ხარიტონმა: “ღვთის ბრძანებით ქრისტიანი ვარ”.
რუსტიკოს მთავარმა ხარიტოს ჰკითხა: “შენ რას აღმოიტყვი ხარიტოს?” ხარიტომ
მიუგო: “ქრისტეს მადლით ქრისტიანი ვარ”. უთხრა რუსტიკოსმა ეველპისტოსს:
“შენ კი ვინ ხარ?” ეველპისტოსმა, კეისრის მონამ მიუგო: “მეც ქრისტიანი ვარ,
ქრისტეს მიერ განთავისუფლებული და ამიტომ ქრისტეს მადლით ზიარებულ-ვარ
იმავე სასოებასთან”.
რუსტიკოს მთავარმა ჰიერაქსს ჰკითხა: “შენც ქრისტიანი ხარ?” ”ქრისტიანი
ვარ, რადგანაც იმავე ღმერთს ვსასოებ და თაყვანს ვცემ”. რუსტიკოს მთავარმა
თქვა: “იუსტინემ გყოთ თქვენ ქრისტიანებად?” ჰიერაქსმა თქვა: “ვიყავი
ქრისტიანი და ვიქნები კიდეც”. წარმოდგა პეონი და თქვა: “მეც ქრისტიანი
ვარ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “ვინ არის, ვინც ამგვარი რამ გასწავლა შენ?”
პეონმა უთხრა: ”მშობელთაგან შევიძინე ეს კეთილი აღსარება”. ეველპისტოსმა
თქვა: “ტკბილად ვისმენდი იუსტინეს სიტყვებს, თუმცა მეც მშობელთაგან ვარ
ქრისტიანი”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: “სად არიან შენი მშობლები?
ეველპისტოსმა თქვა: “კაბადოკიაში”. რუსტიკოსმა უთხრა ჰიერაქსს: ”შენი
მშობლები სად არიან?” მან მიუგო და უთხრა: ”ჭეშმარიტი ჩემი მამა არის
ქრისტე, ხოლო დედა – რწმენა მისდამი! რაც შეეხება ამქვეყნიურ მშობლებს,
ისინი აღესრულნენ, მე კი ფრიგიის იკონიიდან წამომიყვანეს და აქ მოვედი”.
რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა ლიბერიანოსს: ”შენ რას იტყვი, ნუთუ შენც უღვთო
ხარ?” ლიბერიანოსმა მიუგო: ”მეც ქრისტიანი ვარ, ხოლო ვსასოებ და თაყვანს
ვცემ მხოლოსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა”.
ასე უთხრა მთავარმა იუსტინეს: ”ისმინე შენ, რომელიც მჭერმეტყველი ჩანხარ (”ჰო ლეგომენოს ლოგიოს”) და რომელსაც ჭეშმარიტი გგონია ამგვარი სიტყვები, ნუთუ გწამს, რომ გვემული და თავმოკვეთილი ზეცად ამაღლდები?” მიუგო იუსტინემ: ”ვსასოებ, რომ მივიღებ უფლის მცნებათა მიხედვით, თუკი დავითმენ ყოველსავე ამას. ისიც ვიცი, რომ ყველა, ვინც ამგვარად ცხოვრობს, იმარხავს იგი საღვთო მადლს, ვიდრე აღსასრულამდე მთელი ქვეყნიერებისა”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: ”ასე რომ, გგონია, ზეცად ამაღლებული საზღაურს მიიღებ?” მიუგო იუსტინემ: ”არათუ მგონია, არამედ ვიცი და მწამს”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: ”ახლა კი მივიდეთ და ვქმნათ საქმე, რაც გვევალება და რაც საშურია. შემოკრბით და ერთსულოვნად სწირეთ ღმერთებს”. თქვა იუსტინემ: ”გონიერთაგან არავინ განვაჭრის ღვთისმოსაობას უღვთოებაზე”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: ”თუ არ დამყვებით, განისჯებით უწყალოდ”. მიუგო იუსტინემ: ”უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესათვის დასჯილნი ლოცვის მიერ ვცხონდებით, რადგანაც ეს სასჯელი იქნება ხსნა ჩვენი და თავისუფლება წინაშე საშინელისა და ყოვლადმშვენიერისა საყდრისა (”ბემა”) უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა”. ასევე თქვეს სხვა მარტვილებმაც: ”რაც გსურს, ისა ქმენ, ჩვენ კი ქრისტიანები ვართ და კერპებს არ ვწირავთ”.
ხმა-ყო რუსტიკოს მთავარმა და თქვა: ”ვინც არ ისურვებს შეწიროს ღმერთებს და დამორჩილდეს თვითმპყრობლის ბრძანებას, იგვემოს და თავი მოეკვეთოს, რომ საკუთარი თავით ზღონ მათ თანახმად რჯულისა”. წმიდა მოწამეებმა ადიდეს ღმერთი და გავიდნენ ჩვეულ ადგილას, სადაც მათ თავი მოჰკვეთეს; ასე აღესრულნენ ისინი მოწამეობრივად მაცხოვრის აღსარების გამო. ვიღაც მორწმუნეებმა ფარულად წაიღეს მათი ცხედრები და ჯეროვან ადგილას დაასვენეს თანაშეწევნითა მადლისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა გვმართებს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ედიშერ ჭელიძემ
No comments:
Post a Comment