Tuesday, March 12, 2019

საეკლესიო ტერმინოლოგია როგორც ზნეობრივი მონაცემი

57-58


ბოლო საუბრისას ჩვენ განვიხილავდით საკითხს ენის ფენომენის შესახებ. ვეხებოდით თავდაპირველ მდგომარეობას ადამიანისას სამოთხეში. შემდგ, როდესაც ცოდვით დაეცა ადამიანი, ენობრივი კუთხითაც ეს დაცემა, რა თქმა უნდა, სახეზეა. თუ დავდაპირველი შინაგანი სიტყვა, გონებითი გაზრახება ნიშანდობლივი იყო ადამიანის სულიერი მეტყველებისთვის, მსგავსად ანგელოზური მეტყველებისა, ცოდვით დაცემამ მეტყველებასაც გარეგანი, მატერიალური შესამოსელი შესძინა და ისევე როგორც ადამიანი ტყავის სამოსელით დაიფარა და ეკლესიის მამათა განმარტებით ტყავის სამოსელი აქ სიმბოლო მატერიალურობისა, მოკვდავობისა, დაშლადობის მქონე ნივთიერებისა, ამგვარადვე ენამაც მატერიალური სამოსელი მიიღო და სიტყვა შინაგანი გახდა სიტყვა წარმოთქმული, ანუ სიტყვა ხმოვანი. კვლავ გავიხსენებთ პეტრიწის თარგმანს ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივს: სიტყვა გარემოსილი, ანუ მატერიალური სამოსელით დაფარული. სულიერი აზრის ამგვარად დაფარვით მატერიალურმა სამოსელმა ენას შესაძლებლობა მისცა ამ დაცემულ მდგომარეობაში კაცობრიობის შემაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი საურთიერთობო საშუალება გამხდარიყო.

ბაბილონის გოდლამდე, როგორც აღვნიშნეთ, ბიბლიური სწავლებით ერთენოვნება იყო კაცობრიობაში. ეს ენა უკვე ხმოვანი ენა იყო თავისი კანონზომიერებით, თავისი სტრუქტურით და ინტერესი იმის, თუ როგორი იყო დასაბამიერი ენა სამოთხის შემდგომ, ვიდრე ბაბილონის გოდლამდე, კაცობრიობის გამაერთიანებელი, ერთმყოფელი კაცობრიობისა, აი ამ საკითხის მეცნიერული განხილვა ცალკეული საღვთისმეტყველო წანამძღვრების გარეშე თავის ნაყოფს ვერასოდეს ვერ გამოიღებს, რადგან მიმართულება, ორიენტირი ენის თავდაპირველი ფენომენის კვლევისკენ და იმ დასაბამიერი ენობრივი სტრუქტურის აღდგენისკენ, თუ გამომდინარეობს საკუთარი პირადი მსოფლმხედველობიდან, ენის პირადი გაგებიდან, რა თქმა უნდა, ნაყოფიც მხოლოდ იმ სიძლიერისა და იმ დიაპაზონისა იქნება, რასაც ადამიანის პიროვნება იტევს. ადამიანის პიროვნება კი ამ მხრივ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მეტად უძლურია, რომ ის ყველაზე უფრო არქაული ჟამი კაცობრიობის ისტორიისა, ცალკეული ლინგვისტური კვლევა-ძიების შედეგად ჩვენს წინაშე წარმოაჩინოს.

როდესაც ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, ენობრივი თვალსაზრისით, კაცობრიობის მოღვაწეობის ნებისმიერი სხვა გამოვლინების ნიშნითაც, საღვთისმეტყველო საფუძვლების უპირატესობასა და აუცილებლობას კვლევა-ძიებაში, დადასტურება ამისა მრავალგვარია, რომ ეს ჭეშმარიტებაა, რომ ეს არ არის მხოლოდ ბრმა რწმენის ნაყოფი, რომ ვთქვათ ადამიანს სწამს რაღაც გარკვეული ჭეშმარიტება და შესაბამისად თავისი რწმენის საფუძველზე ხედავს ის მეცნიერების, კულტურის სხვადასხვა გამოვლინების რაობას. ამ შემთხვევაში ობიექტური კუთხითაც ყოველგვარი წინასწარშემუშავებული თვალსაზრისის გარეშეც, თუ ვინმე ამას სპეციალურად შეისწავლის და დაუკვირდება და დაუკვირდება ამ შემთხვევაში საკუთრივ ენათმეცნეირების ისტორიას (კვლავ აღვნიშნავთ, კულტურის ნებისმიერი გამოვლინების მხრივაც ჩვენ უეჭველად იმავეს ვხედავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენადაც ენობრივ ფენომენზეა საუბარი, კონკრეტულად ლინგვისტიკაზე ვამახვილებთ ყურადღებას), ლინგვისტიკის, როგორც მეცნიერების, როგორც დისციპლინის უაღრესად დიდი განვითარების მიუხედავად, საკუთრივ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო კაცობრიობის თავდაპირველი ენა, შემდგომ როგორ დაიყო ის და ზოგადად ენობრივი ფენომენი რაში მდგომარეობს, როგორც ვნახეთ რაიმე ხელჩასაჭიდი, რაიმე პოზიტიური დასკვნა მიღებული არ გახლავთ. ისეთი ფუნდამენტური პრინციპიც კი, რაზეც აქამდე ვმსჯელობდით, რომ ადამიანი არის ენობრივი ცხოველი (ყოველშემთხვევაში ჩვენ ამაში დარწმუნებულნი ვართ და შევეცადეთ, რომ გარკვეულ საუბრებში ეს გვეჩვენებინა), სრულიად მცდარი აღმოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პრინციპებზეც, რომლებიც ნასაზრდოები არ არის კაცობრიობის ისტორიის საღვთისმეტყველო ხედვით. რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი კვლევისა შეიძლება ყველას თავისი ჰქონდეს და პასუხისმეგებელიც შედეგზე სწორედ ამოსავალი წერტილია. ჩვენთვის ამ შემთხვევაში სრულიად მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ საღვთისმეტყველო საფუძვლები გახლავთ ერთადერთი ორიენტირი მართებულ გზაზე დადგომისათვის, გზაზე რომელიც უკან მიგვაქცევს ჩვენ, ენობრივი ისტორიის, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ბორბალს უკან დააბრუნებს და დასაბამიერ მდგომარეობამდე მეტ-ნაკლებად მიგვიზიდავს.

თავისთავად ცხადია, ჩვენ კონკრეტულ ნიმუშებს იმისას, თუ როგორი იყო თავდაპირველი ერთი ენა კაცობრიობისა, ვერ მოვიძიებთ, ვერ შევეხებით, მხოლოდ შევეცდებით ამ ერთი ენის, იმ დასაბამიერი პროტო ენის ძირითადი თვისებები, ანუ ამ ენის რაობა, რამდენადაც ეს ზოგად საუბარშია შესაძლებელი, მინიშნებით მაინც წარმოვაჩინოთ. ზოგადად ამა თუ იმ მოვლენის რაობა მკვეთრად წარმოჩნდება მეორე მოვლენასთან პარალელში. შეპირისპირებითი კვლევა, შეპირისპირებითი ხედვა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაყოფიერი მეთოდია კვლევისა, უფრო უკეთ ჩანს საძიებელი მოვლენა და ეს მეთოდი (შედარებითი კვლევა), რაც, სხვათაშორის, ლინგვისტიკაშიც მიღებულია დღეს (ე.ი. კომპარატივისტული მეთოდი), შემუშავებული გახლავთ სწორედ ეკლესიაში საეკლესიო მოძღვართა მიერ, რომლებიც ნებისმიერ საკითხს და თვით ისეთ უაღმატებულეს საკითხებსაც კი საღვთო დოგმატებს რომ გულისხმობს, გადმოსცემდნენ, იკვლევდნენ, განიხილავდნენ და ჩვენს წინაშე წარმოაჩენდნენ სწორედ ამგვარ შეპირისპირებათა, სახეობრივი მაგალითთა ნიმუშების შემოტანის გზით. რამდენადაც თვით დოგმატებთან დაკავშირებითაც კი აპრობირებულია ეკლესიის მამათაგან ამგვარი მეთოდი, რა თქმა უნდა, იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რაც ენის რაობის გარკვევას გულისხმობს, ვფიქრობთ ეს მეთოდი რაღაც დონეზე მაინც სარგებლობის მომტანი იქნება. ვგულისხმობთ იმას, რომ კაცობრიობის პროტო ენა გამაერთიანებელი იყო, როგორც აღვნიშნეთ, მთელი კაცობრიობისა. შემდგომმა ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ როგორც შინაგანად დანაწილდა კაცობრიობა, ასევე დანაწილდა სამეტყველო საშუალებანიც, შეიქმნა აურაცხელი ენა (დღეს ალბათ დათვლაც კი ჭირს იმისა, თუ რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე), ბოლოს კი კვლავ მკვეთრად წარმოჩნდა სწრაფვა კაცობრიობისა კვლავ ურთიერთშეკავშირებისკენ. ეს სწრაფვა გარდუვალია, რადგან ის ბუნებითი თვისებაა ერთი მთელისა. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი მთლიანობის შენარჩუნებისკენ ისწრაფვის და როდესაც ეს მთლიანობა ირღვევა, მით უფრო მძაფრდება იმ ადრინდელი მთლიანობის დაბრუნებისკენ სწრაფვა. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სწრაფვასაც კაცობრიობისა კვლავ ურთიერთშეკავშირებისკენ, საღვთისმეტყველო საფუძვლებს ვუძებნით. ერთ-ერთი გამოხატულება აღნიშნული სწრაფვისა, რაც მსმენელმა, რა თქმა უნდა, კარგად იცის, გახლდათ ყველასთვის გამაერთიანებელი ენის შექმნა, ენისა, რომელიც საერთო იქნებოდა მთელი კაცობრიობისთვის. ამის რამდენიმე მცდელობა იყო, ერთ-ერთი, ყოფითი გაგებით წარმატებული მცდელობა ცნობილი ესპერანტოს შექმნაცაა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ენა კაცობრიობისთვის არ აღმოჩნდა გათავისებული. რა შეიძლებოდა სხვაობა ყოფილიყო დასაბამიერ ენასა და თუნდაც ამ ბოლო ხანებში საკუთრივ ადამიანთაგან მოძიებული, მოფიქრებული და სხვა ენათა ყველაზე უფრო ზოგადი და მარტივი კანონზომიერების საფუძველზე შექმნილ ესპერანტოს შორის? პირდაპირ ვიტყვით, რომ თვით ნაყოფის მიხედვით ამ ორ მოვლენას შორის იკვეთება გადაულახავი მიჯნა. ზოგადი შეხედვით, არასაღვთისმეტყველო ხედვით, თითქოს დიდი სხვაობა თავისი დანიშნულებით, თავისი რაობით არ უნდა ყოფილიყო იმ დასაბამიერ ენასა და დავუშვათ ამ ბოლო ხანებში ასევე კაცობრიობისათვის შექმნილ გამაერთიანებელ ენას შორის. მაგრამ თუ ის დასაბამიერი ენა მართლაც მთელ კაცობრიობას იტევდა და ურთიერთში აკავშირებდა, ეს ენა რომელსაც ესპერანტოს სახელწოდებით ვიცნობთ, აბსოლუტურად არაფრის გამაერთიანებელი არ აღმოჩნდა და დღეისათვის ის თავისი მოხმარების დიაპაზონით ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს. ე.ი. ნაყოფი ამ ღვაწლისა შეუგრძნობელია, მან თავის მიზანს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ვერ მიაღწია. ეს მომენტი ჩვენ უეჭველად გვიკარნახებს იმას, რომ ენობრივი ფენომენი არ გახლავთ მხოლოდ ენათმეცნიერული, მხოლოდ ლინგვისტური კვლევისთვის მისაწვდომი მოვლენა, რომ ის თვისობრივად სხვა წარმოშობისაცაა და საფუძველიც, დღესაც, თუ ჩვენ, პირობითად რომ ვთქვათ, ენის შექმნას მოვიწადინებთ, სხვა უნდა იყოს. აქ იგულისხმება ის, რომ გრამატიკული კანონზომიერებანი, ლექსიკური ფონდი, ეს ყველაფერი ჩვენ მართლაც შეგვიძლია შევუქმნათ რომელიმე ჩვენგან მოფიქრებულ ენას. ე.ი. რაიმე ენის მოფიქრება აბსოლუტურად არ გახლავთ რთული. ნებისმიერი ენის კანონებზე დაყრდნობით, მისი ცალკეული სქემების გამარტივებით, შესაძლებელია ყველასთვის ადვილად დასაუფლებელი ენა შემუშავებული იქნეს და ამგვარი ენა მრავალგვარი შეიძლება შეიქმნეს, რადგან ძალიან დიდია მასალა და ძალიან დიდია შესაძლებლობა. მაგრამ როგორც ვნახეთ ვერცერთი ამგვარად შექმნილი ენა თავის ფუნქციას ოდნავადაც ვერ შეასრულებს. აღნიშნული გარემოების საფუძველზე ჩვენ მივდივართ იმ ურყევ დასკვნამდე, რომ ენა არ გახლავთ გრამატიკულ კანონზომიერებას დაქვემდებარებული ფენომენი. ეს ყველაფერი მისთვის სამოსელია, მაგრამ მისი რაობა, მისი მარცვალი სხვა რამეში მდგომარეობს. ანუ ენას აქვს არა იმდენად ლინგვისტური საფუძვლები, რამდენადაც ზნეობრივი მხარე. რას ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში? პარალლელს გავავლებთ ასეთ მოვლენასთან: როდესაც საეკლესიო მოძღვრება დაფუძნდა მაცხოვრის მიერ მოციქულთა ღვაწლით, ეკლესიის პირველ მამათა, პირველ წინამძღვართა დაუცხრომელი მღვიძარებითა და მეცადინეობით, პირველი ეპოქა, რომელსაც სამოციქულო ეპოქა ეწოდება, ხასიათდებოდა არსებითად მისიონერული ღვაწლით, მახარებლობით, მახარებლობით იმისა, რომ ჭეშმარიტება აღსრულდა და ჭეშმარიტება ხორცშესხმული მოვიდა ადამიანებთან. მოძღვრება პირველად მთელი კაცობრიობის წინაშე, სადამდეც მოციქულთა მისიონერული ღვაწლი წვდებოდა, აი ამგვარი წესით, ამგვარი ფორმით გამოითქმოდა, ანუ მახარებლური განწყობით, მახარებლური, ხარებითი, მოციქულებრივი თვისებით. ეს ეპოქა ძირითადად საკუთრივ ეკლესიისთვის გახლავთ I ს-ის II ნახევარი და II ს-ის დამდეგი. თანდათანობით საეკლესიო ისტორიაში თავს იჩენს ახალი თვისებით გამსჭვალული ეპოქა (ეს თვისებები ყველა ფორმობრივია, არსი, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა), რომელსაც აპოლოგეტიკა ეწოდება. ჩვენ შემდეგში ამ ეპოქებს უფრო დეტალურად შევეხებით, მაგრამ ამჯერად საკითხის გარკვევისათვის გვინდა, რომ ორიოდე სიტყვით ეს ეპოქა (აპოლოგეტიკის ეპოქა) წარმოვაჩინოთ.

აპოლოგეტიკა ნიშნავს სიტყვიერ დაცვას რაიმე მოძღვრებისას, ანდა რომელიმე პიროვნებისას. ისაა იურიდიული ტერმინი, რომელიც საეკლესიო სიტყვათხმარებაში მოხმობილ იქნა. იწერება აპოლოგიები ქრისტიანობისა, გამოჩნდნენ საკუთრივ აპოლოგეტები, დიდი სახელები, როგორებიც იყვნენ მოციქულთაგანი კოდრატე, არისტიდე ათენელი, არისტონ პელეელი, წმ. იუსტინე მარტვილი, წმ. ათენაგორა ათენელი, თეოფილე ანტიოქიელი, მელიტონ სარდელი და სხვები. აპოლოგეტთა განსაკუთრებული დამსახურება ეკლესიის წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ მათ ჩამოაყალიბეს საეკლესიო მოძღვრების დაცვის პრინციპები, ჩამოაყალიბეს მეთოდოლოგია საეკლესიო მოძღვრების დამცველობისა. ეს დაცვა ეკლესიური მოძღვრებისა ორ განუყოფელ მომენტს გულისხმობს და აპოლოგეტური შრომა ამ ორი ნიშნით არის წარმოდგენილი. პირველი ნაწილი ყველა აპოლოგიისა ეს გახლავთ პირველ რიგში მხილება იმ მოძღვრებებისა, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ეკლესიურ სწავლებას უპირისპირდება. ასეთები უადრეს პერიოდში ძირითადად იყო ორი - ელინური კერპთაყვანისმცემლობა და იუდეველური ერთპიროვნულობა ღვთისა, ანუ ელინიზმი და იუდაიზმი. როდესაც ამ სარწმუნოებათა წინაშე ეკლესიური მოძღვრების დამცველობას აღასრულებდნენ აპოლოგეტები, ისინი პირველ რიგში საკუთრივ ელინური კერპთაყვანისმცემლობისა და იუდაიზმის მხილებას ანუ მათი მოძღვრების არაჭეშმარიტებას წარმოაჩენდნენ. რატომ ხდებოდა, რომ ჭეშმარიტი მოძღვრების გადმოცემას ყოველთვის წინ უძღვოდა აპოლოგიაში არაჭეშმარიტ მოძღვრებათა უმართებულობის მხილება? ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მოპაექრენი, რომლებიც ქრისტიანულ მოძღვრებას კიცხავდნენ, ჯერ საკუთარ აღმსარებლობაში, საკუთარი მოძღვრების მცდარობაში უნდა დარწმუნებულიყვნენ. თორემ პიროვნება, რომელიც ფანატიკურად არის დაჯერებული საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტებაში, მას, ამგვარ ცდომილებაში მყოფს, არანაირად არა აქვს ყურთასმენა გახსნილი სხვა მოძღვრების მოსასმენად, რაც არ უნდა ჭეშმარიტი იყოს ეს მოძღვრება. ის უმალ განწყობილია პაექრობისთვის და არა ჭეშმარიტების სიტყვის მოსმენისთვის. ამიტომ ჯერ საკუთრივ მისი მოძღვრების შესახებ უნდა წარიმართოს მსჯელობა, მისი მოძღვრების არაჭეშმარიტება უნდა წარმოჩნდეს და ეს ცდომილება პიროვნების, ადრესატის, მოპაექრის გონებიდან უნდა ამოიძირკვოს როგორც სარეველა ბალახი და მისი გონების ნიადაგი უნდა გასუფთავდეს ყოველგვარი წინასწარ აკვიატებული აზრისგან, რომ ეს გონება, როგორც მართლაც უკვე დამუშავებული და კეთილი ნიადაგი, ჭეშმარიტების სიტყვის მოსასმენად მზად იყოს. თორემ მაცხოვრის იგავისებრ ჭეშმარიტების სიტყვა, დაგდებული კლდეზე, ანდა ეკლებში, რა თქმა უნდა, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. აი ამგვარად ჭვრეტდნენ აპოლოგეტებიც და ამიტომ ისინი პირველ რიგში ქრისტიანობასთან დაპირისპირებულ სარწმუნოებათა უმართებულობას წარმოაჩენდნენ, ამ უმართებულობაში მთლიანად დაარწმუნებდნენ მოპაექრეებს და მხოლოდ შემდეგ, როდესაც განჭვრეტდნენ, რომ მოპაექრენი უკვე განთავისუფლდნენ წინასწარ აკვიატებული თვალსაზრისებისგან, როგორც სარეველასგან, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ ისინი ჭეშმარიტი მოძღვრების გადმოცემას, რაც ასევე მათი ვალდებულება იყო. ვალდებულება იყო იმიტომ, რომ მოპაექრის (ამ შემთხვევაში ეკლესიის მხრიდან მოპაექრეს ვგულისხმობთ), ე.ი. საეკლესიო მამის, როგორც ანტიერეტიკოსის ვალდებულება ის კი არ არის არსებითად, რომ სხვა სარწმუნოების უმართებულობა აჩვენოს, ეს ერთ-ერთი საშუალებაა მისი იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, ეს მთავარი მიზანი კი გახლავთ ჭეშმარიტების გადმოცემა. როდესაც ჩვენ ვამხილებთ არაჭეშმარიტ სწავლებას და ამ არაჭეშმარიტი სწავლების მიმდევრის წინაშე ცხადად წარმოვაჩენთ ყოველივე იმის უმართებულობას, რისაც ამ პიროვნებას აქამდე სჯეროდა, ძალაუნებურად ეს პიროვნება შემდეგ ჩვენ გვეტყვის: დავიჯერე, ვირწმუნე, რომ ჩემი სარწმუნოება მცდარია, მაგრამ რომელია ჭეშმარიტი? აი აქ უკვე კიდევ უფრო მეტი სირთულეა. უფრო ადვილია რომელიმე მოძღვრების, რომელიმე, თუნდაც ფილოსოფიური აზროვნებითი სისტემის უმართებულობის ჩვენება, ვიდრე საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტების არგუმენტირებულად წარმოდგენა. არგუმენტირებულობას ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რადგან სარწმუნოება, მოგეხსენებათ, ნაკლებად თავსდება არგუმენტში, ნაკლებად თავსდება ფილოსოფიურ, თანამიმდევრულ, დისკურსიულ მსჯელობაში, ლოგიკურ აზროვნებაში ხშირად ის ვერ ეტევა, მაგრამ დასაბუთება მაინც აუცილებელია, რადგან როდესაც პაექრობაა მომზადებულ აუდიტორიასთან, როდესაც პაექრობაა მოზმადებულ მოწინააღმდეგეებთან და მათ ჩვენ მოვუსპობთ ყველა საშუალებას საკუთარი მოძღვრების დაცვისას, რადგან ცხადად ვაჩვენებთ ამ მოძღვრების უმართებულობასა და არაჭეშმარიტებას, ამის შემდეგ ვალდებულება გვაქვს, რომ საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტება უბრალოდ კი არ წარმოვუჩინოთ მას, რადგან დაუსაბუთებლად არც ის მიიღებს არაფერს, არამედ როგორც დასაბუთებულად უარვყავით მისი რწმენა, ასევე დასაბუთებულად უნდა წარმოვუჩინოთ მას ჩვენი სარწმუნოება. აი ეს გახლავთ აპოლოგეტიკა. ამით განსხვავდება აპოლოგეტური ჟანრის ძეგლი და მისი ავტორი სამოციქულო ეპოქის ძეგლისგან და მისი ავტორისგან. სამოციქულო ეპოქის ავტორი მხოლოდ მახარებლობს, მხოლოდ აუწყებს ჭეშმარიტებას, უაღრესი სიხარულით გამსჭვალულ განწყობას გადასცემს მსმენელებს, მაგრამ როდესაც პაექრობაა, როდესაც დაპირისპირებაა მომზადებულ, არგუმენტირებით აღჭურვილ მოწინააღმდეგეებთან, იქ მხოლოდ უწყება ჭეშმარიტების შესახებ არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან, როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი გვაუწყებს, მრავალი ადამიანი გახლავთ იმგვარი, რომელსაც თუ არ დაუსაბუთე არაფერს არ ირწმუნებენ. ხოლო ყველა ადამიანი სარწმუნოებისკენ მოქცევა, ჭეშმარიტებისკენ მოქცევა ეს პირველი ვალდებულება გახლავთ საეკლესიო მოძღვრებისა, საკუთრივ საეკლესიო წინამძღვრობისა. ამიტომ ამ ვალდებულების განცდით გამსჭვალული აპოლოგეტები, რომლებსაც უმრავალწილესად სწორედ პაექრობა უხდებოდათ იუდეველებთან და წარმართებთან, ვალდებულნი იყვნენ არა მხოლოდ მათი მოძღვრებანი ემხილებინათ, არამედ საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტებაც წარმოეჩინათ. საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტების დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მწყობრი და დასაბუთებული, არგუმენტირებული გადმოცემით ამ მოძღვრებისა. მაგრამ დასაბუთება და არგუმენტირება განუყოფლად გულისხმობს დაკანონებულ, კანონიზებულ ტერმინოლოგიას. თუ ტერმინოლოგია არ არის ჩამოყალიბებული, თუ განსაზღვრული არ არის ძირითადი ცნებები და ნებისმიერი სიტყვა შემოიტანება ნებისმიერ ჟამს, მაშინ მოძღვრება ვერ შენარჩუნდება გადმოცემაში. პიროვნება შეიძლება ძალიან ღრმად წვდებოდეს ჭეშმარიტებას, აბსოლუტურად ზედმიწევნით და მართებულად აღიქვამდეს მას თავისი სულიერი ხედვით, მაგრამ თუ მას არა აქვს გადმოცემის კულტურა, თუ მას არა აქვს ჩამოყალიბებული გამოთქმითი საშუალებანი, რომლებიც ადეკვატურნი იქნებიან მისი სულიერი განცდისა, ასეთ შემთხვევაში ამ პიროვნებამ შეიძლება ძალიან მართებულად განჭვრიტოს ყველაფერი თავისი თავისთვის, მაგრამ გადმოცემის ჟამს, სიტყვიერ სამოსელში მოქცევის ჟამს ამ თავისი სულიერი განცდისა, იმდენად დაამახინჯოს ჭეშმარიტება, რომ მომავალი თაობებისთვის მხოლოდ საცთური გახდეს ეს ყოველივე. და რამდენადაც ყველა მოძღვარი ეკლესიური სწავლებით აუცილებლად ფლობს ვალდებულებას იმისას, რომ არა მხოლოდ თვითონ განჭვრიტოს, არამედ მისგან განჭვრეტილი, რაც ამ პიროვნებამ საკუთარი სულიერი წარმატებით მოიპოვა, აუცილებლად სხვებსაც უნდა გადასცეს, ე.ი. მიიღოს უნდა და გასცეს კიდეც. ეს ორი თვისება საზოგადოდ არის ეკლესიური სწავლებით მთელი ქმნილების არსებობის საფუძველი. ყველა ხარისხში, ყველგან ეს ორი თვისება ავლენს თავს – მიღებისა და გაცემისა, ანგელოზთა შორისაც, ადამიანთა შორისაც, სადაც ჭეშმარიტება არ ირღვევა. სხვათაშორის გაუკუღმართებულ მდგომარეობაშიც კი ეს თვისებები, თუმცა გაუკუღმართებული სახით, მაგრამ კვლავ ვლინდება. ადამიანი რომელიც უკეთურებას ესწრაფვის მას არ აკმაყოფილებს, რომ მხოლოდ თვითონ მიიღოს ეს უკეთურება, მას უდიდესი სურვილი უჩნდება, რომ სხვასაც გადასცეს ის და ამიტომაა, რომ ზოგ შემთხვევაში უკეთურება ეპიდემიასავით მოედება ხოლმე კაცობრიობის გარკვეულ ნაწილს. იმიტომ, რომ ეს თვისებები არის ზოგადად ქმნილებისთვის ნიშანდობლივი და ისინი თავისი ყველაზე უფრო საუკეთესო და ღვთიური სახით სწორედ ეკლესიის წიაღში ვლინდება და უნდა ვლინდებოდეს, რომ ყველა მოძღვარმა ვალდებულება უნდა იტვირთოს იმისა, რომ საკუთარი განჭვრეტილი, საკუთარი წარმატების შედეგად მოპოვებული სულიერი ცოდნა გადასცეს კიდეც სხვებს. სწორედ გადაცემის ჟამს იჩენს თავს აუცილებლობა გამოთქმითი ხელოვნებისა, გამოთქმითი მეცნიერებისა. ეკლესიურ ტრადიციაში ამ ხელოვნებას ეწოდებოდა ტერმინი “ტექნოლოგია” (რომელიც დღეს აბსოლუტურად სხვა შინაარსით იხმარება). “ტექნოლოგია” ესაა ეკლესიის მამათაგან გამოყენებული ტერმინი იმ გაგებით ვისაც სიტყვიერი გამოხატულების, მეტყველების კულტურის მხრივ უაღრესად დიდი წარმატებანი აქვს. სპეციალურ მეცნიერებად არის აღქმული ეკლესიის მამათაგან “ტექნოლოგია”, ანუ მისი ძველი ქართული შესატყვისი - “სიტყუა ხელოვნებაი”. აი ეს “სიტყუა ხელოვნებაი” ანუ გამოთქმითი უნარი, მოძღვრების სიტყვაში დატევნის უნარი აუცილებელი გახლავთ მოძღვრების მართებულობის შენარჩუნების მხრივ. მოძღვრება, რომელიც ყოველთვის ან ზეპირად ან წერილობით გამოითქმის და ეს გამოხატულება, რა თქმა უნდა, სიტყვიერია, მატერიალურია, თუ სიტყვიერი გადმოცემის ზედმიწევნითობას არ ფლობს მოძღვარი, კვლავ აღვნიშნავთ, ის შეიძლება ძალიან ღრმად წვდებოდეს მოძღვრებას, მაგრამ გამოთქმის ჟამს დიდად დაამახინჯოს ის, რისი ნიმუშებიც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი გახლავთ. თითოოროლა შემთხვევებს ჩვენ თითქმის ყველა მოღვაწესთან ვპოულობთ, როცა ზოგჯერ რაღაც გარკვეული დაუხვეწელობა იჩენს თავს ამა თუ იმ ტერმინთან დაკავშირებით, ამა თუ იმ სიტყვასთან დაკავშირებით, რასაც შემდეგში მთელი საუკუნეები სჭირდება განმარტებას იმისას, თუ რა იგულისხმა მან ამ დაუხვეწელი ფორმით გამოთქმულ დებულებაში ან რაღაც ფრაზაში.

აი ეს ცნობიერება, ეს გაგება იმისა, რომ აუცილებელია უდიდესი ყურადღება დავუთმოთ ჩვენ სიტყვაში აზრის გამოხატვის პრინციპებს, ეკლესიაში დააკმვიდრეს (ეს მათი ვალდებულება იყო, თორემ ამის აუცილებლობა ყოველთვის იგრძნობოდა), სწორედ აპოლოგეტებმა. სიტყვაში გამოხატვის უნარი გულისხმობს აუცილებლად ტერმინოლოგიური ცნებით მეტყველებას, იმიტომ, რომ არგუმენტირება, დასაბუთება და ტერმინი ერთიმეორისგან განუყოფელია. თავისთავად “ტერმინი” ლათინური სიტყვაა და მოგეხსენებათ ის საზღვარს, ზღურბლს ნიშნავს და ეს შინაარსი ამ სიტყვისა მკაფიოდ მიგვითითებს, თუ რას გულისხმობს ის. სიტყვა და ტერმინი ანუ ლექსიკური ერთეული და ტერმინი ერთიდაიგივე არ გახლავთ. ლექსიკურ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ნიუანსური მნიშვნელობა, მაშინ როცა ტერმინად ეს სიტყვა იქცევა მხოლოდ მაშინ, თუ მისი რომელიმე ამ შემთხვევაში საჭირო მნიშვნელობა გამოიკვეთება, შემოისაზღვრება და მხოლოდ ის შეუნარჩუნდება ამა თუ იმ სიტყვას გამოყენების ჟამს. ნიმუშისათვის რომ ვთქვათ, სიტყვა “გვამი”, რომელიც ქართულ ენაში მრავალ შინაარსს იტევს, პირველ რიგში ისაა სხეულის აღმნიშვნელი. ძველ ქართულში ის იყო “ცოცხალი სხეულის” აღმნიშვნელი, ამავე დროს ძველ ქართულში ის ნიშნავდა “იარაღის”, “ორღანოს” აზრს. იგივე “გვამი” რაღაც სიმტკიცეს, შეკავშირებულობასაც წარმოაჩენდა. დღეს მითუმეტეს “გვამი” მკვდარ სხეულს ნიშნავს და სხვა. მაშინ როცა საღვთისმეტყველო სწავლებაში “გვამი” დაკანონებულია ჰიპოსტასის ადეკვატურ ტერმინად, ანუ პიროვნების აღმნიშვნელად და ჩვენ ვამბობთ, რომ “სამგვამოვანი ღმრთეება”. რა თქმა უნდა, უკვე სრულიად დაცილებულია ამ სიტყვისგან სხეულის, მითუმეტეს მკვდარი სხეულის, ანდა რაიმე სხვა აზრის შინაარსი და შენარჩუნებულია მხოლოდ ერთი – პიროვნულობის გაგება, რადგან ეს პიროვნულობის გაგებაც ქონდა მას ძველ ქართულში. სხვათაშორის იგივე შეიძლება ითქვას, პარალელისთვის, სომხურ სიტყვაზე “ანძნ”, რომელიც ასევე ანალოგიური მნიშვნელობებით იყო დატვირთული და ერთ-ერთი მნიშვნელობა იყო მისთვის პიროვნულობა. მსგავსად ქართულისა სომხურშიც საკუთრივ პიროვნულობის აღმნიშვნელად საღვთისმეტყველო ტექსტებში დაკანონდა ის. ანალოგიური ვითარებაა სხვა ენებშიც, საკუთრივ ძველ ქართულშიც მრავალი მაგალითია, როდესაც შემოისაზღვრება ამ თუ იმ სიტყვის რაღაც ერთი მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობით მოიხმობა მხოლოდ ის. მაშინ ხდება ეს სიტყვა ტერმინი. მნიშვნელობაშემოსაზღვრული სიტყვა, მკაცრად შემოსაზღვრული სიტყვა გახლავთ “ტერმინი”. ძველ ქართულად, ჩვეულებრივ, ტერმინი გამოითქმოდა სიტყვით “საზღუარი”, ანუ რაცაა ბერძნული “ჰოროს”. ზოგჯერ “ტერმინის” მნიშვნელობას იტევდა ბერძნულიდან შემოსული სიტყვა “ლექსი”, რომელიც დღეს სულ სხვა შინაარსისაა, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ის შემოვიდა ნიშნავდა იმავე სიტყვას – მეტყველებას, ნათქვამს და ამავე დროს ნიშნავდა განსაკუთრებული ღრმა შინაარსის მქონე სიტყვას. ამიტომ, რამდენადაც ამ “ლექსის” შესატყვისი ძველმა ქართველმა მთარგმნელებმა, კერძოდ წმ. ეფრემ მცირემ, წმ. თეოფილე ხუცესმონაზონმა, ვერ მოძებნეს, უთარგმნელად შემოიტანეს ის. კერძოდ წმ. ეფრემ მცირე რამდენიმეგზის მიუთითებს: “ლექსნი, ესე იგი არიან ღრმანი სიტყუანი”. აი ეს “ლექსი”, იგივე ღრმა სიტყვა, რომელსაც გარკვეული განმარტებაც შეიძლება ესაჭიროებოდეს, თუ რა მნიშვნელობას შეიცავს ის, ფაქტობრივად იმავე “ტერმინის” გაგებას გულისხმობს და დღეს რომ ამ სიტყვას სხვა შინაარსი არ ჰქონოდა ძალიან მყარად შეძენილი (კერძოდ პოეტური ნიმუშის შინაარსი), ჩვენ შეიძლებოდა ის, ისევე როგორც XI-XII სს-ის ძველ ქართულ ტექსტებში, დღესაც “ტერმინის” შესატყვის ცნებად გამოგვეყენებინა. მაგრამ ეს, ცხადია, ძალიან მოუხერხებელია, რადგან “ლექსი” დღეს არსებითად მხოლოდ პოეტურ ნაწარმოებს გულისხმობს და ძალიან გაჭირდებოდა ქართულად მოსაუბრე ადამიანის გონების იმგვარად მიმართვა, რომ ამ სიტყვაში სულ სხვა შინაარსი ჩაედო.

ამრიგად, სწორედ ამგვარი ტერმინოლოგიური ცნობიერება შემოიტანეს აპოლოგეტებმა II ს-ში. ტერმინოლოგიური ცნობიერების შემოტანა განპირობებული იყო მოძღვრების რაც შეიძლება ზედმიწევნითი გადმოცემის სურვილით, სწრაფვით იქეთკენ, რომ მოძღვრება არათუ არ დამახინჯებულიყო გადმოცემის ჟამს, არამედ რამდენადაც ამას მატერიალური სიტყვა იტევდა, მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო მისი უცთომელობა, მისი საღვთოობა და სიწმინდე.

57–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=SvAcqDMIkyQ


მეორე ნაწილი

ჩვენს ბოლო საუბარში ენის ფენომენის გარკვევასთან დაკავშირებით შევეხეთ ქრისტიანული ლიტერატურის და ზოგადად საეკლესიო ისტორიის ერთ უმნიშვნელოვანეს ეპოქას, რომელიც აპოლოგეტიკის სახელით არის ცნობილია. ხაზგასმით აღვნიშნეთ აპოლოგეტთა ღვაწლი, კერძოდ ძირითადი რამ ტერმინოლოგიური ცნობიერების დანერგვა ეკლესიაში და ამ ნიშნით საეკლესიო მოძღვრების რაც შეიძლება მაქსიმალური უცთომელობით გადმოცემისკენ სწრაფვა ამ მოღვაწეთა ცხოვრებაში, რაც მათ საღვთისმეტყველო საქმეში უმნიშვნელოვანესი გახლდათ. მაგრამ ჩვენი საკითხის მხრივ, ე.ი. კაცობრიობის დასაბამიერი ენის რაობის გარკვევასთან დაკავშირებით ეს მომენტი რა კუთხით არის მნიშვნელოვანი?

ჯერ ის გავიხსენოთ რაც ვთქვით, რომ ტერმინი აუცილებელი ხდება ეკლესიური მოძღვრების გადმოცემის ჟამს. ტერმინი უბრალოდ გადმოცემა კი არ გახლავთ მოძღვრებისა, არამედ ამ მოძღვრების რაც შეიძლება უფრო ზედმიწევნითი წესით დადგენა, ფორმულირება და ყველა შემთხვევაში ტერმინი აუცილებელია განმარტებითი მსჯელობის ჟამს. როდესაც გამოცხადებითი მოძღვრება ღვთისგან მოციქულებს და მოციქულთაგან მთელ კაცობრიობას გადეცა, ამ მოძღვრების კაცობრიობის წინაშე წარმოჩენა აუცილებლად გულისხმობდა მის, რამდენადაც ამას ადამიანები მიწვდებოდნენ, განმარტებას. ეკლესიური მოძღვრება, როგორც ჩვენ ერთ-ერთ ადრინდელ საუბარში აღვნიშნავდით, იგივე ბიბლიური სწავლებაა, ოღონდ განმარტების ენაზე, განმარტებითად მოწოდებული. განმარტების მიზანდასახულობა და ვალდებულება აქვს საეკლესიო ისტორიას, ეკლესიური მწერლობის, თუნდაც ზეპირი მოღვაწეობის - ქადაგების ისტორიას. ამ კუთხით საეკლესიო ლიტერატურა, როგორც ერთი უზარმაზარი ვრცელი განმარტება საღვთო წერილისა, ამგვარად შეიძლება განიმარტოს და მისი რაობა ამგვარად შეიძლება წარმოჩნდეს. აი ამ განმარტების გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობისა ხდება ტერმინების შემოტანა და ტერმინოლოგიურ ენაზე ბიბლიური მოძღვრების გამოთქმა. ტერმინოლოგიური მოღვაწეობის შედეგი არის უაღრესად ნაყოფიერი, უაღრესად აღმატებული, ესაა კონკრეტულად დოგმატიკის ჩამოყალიბება. დოგმატიკა სხვა არაფერია თუ არა ბიბლიურ-საეკლესიო მოძღვრება ყველაზე უფრო ზედმიწევნითი ტერმინებით გამოთქმული. მაგრამ თუ ტერმინებში არა მხოლოდ გამოითქმის მოძღვრება, არამედ მისი უცთომელობაც და ზედმიწევნითობაც და სიწმინდეც ნარჩუნდება, აქედან უეჭველი დასკვნა კეთდება, რომ ტერმინი არ გახლავთ მხოლოდ საურთიერთობო საშუალება ანუ მას არა აქვს მხოლოდ საურთიერთობო დანიშნულება და საურთიერთობო რაობა, არამედ ის არის ამავე დროს ზნეობრივი მონაცემი. უფრო თვალნათლივ რომ ვაჩვენოთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ დებულებაში, ამგვარ განმარტებას გავაკეთებთ:

როდესაც ეკლესიის მამები მოძღვრებას გადმოსცემენ, ტერმინებს მოუხმობენ, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ მოძღვრების სიწმინდე და უბიწოება არ შეირყვნეს და არ გაუკუღმართდეს. წმინდა დიონისე არეოპაგელი როდესაც თავის უღრმეს საღვთისმეტყველო შრომებს უგზავნიდა ტიმოთე მოციქულს, ყველა შრომის დასაწყისში (ეს შრომები გახლავთ: “საღმრთოთა სახელთათვის”, “ზეციური მღვდელთმთავრობის შესახებ”, “ეკლესიური მღვდელთმთავრობის შესახებ”, “საიდუმლო ღვთისმეტყველებისათვის”, რომლებსაც თან ერთვის აგრეთვე 10 ეპისტოლე) მკაცრ გაფრთხილებას ურთავდა, რომ მისგან ნაუწყები ტიმოთემ არ გადასცეს იმგვარ ხალხს, რომლებიც მოუმზადებელნი არიან და რამდენადაც ვერ შეწვდებიან ამ მოძღვრების სიწმინდეს, უეჭველად შერყვნიან კიდეც მას, ანუ, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, “საროკველ-ჰყოფენ”, ანუ გააშარჟებენ “წმიდას-წმიდათას”, უწმიდნეს სწავლებებს. ხოლო ეს რომ არ მოხდეს საჭიროა, რომ მოძღვრება გადმოიცეს რაც შეიძლება ზედმიწევნით, რაც შეიძლება დაზუსტებული ტერმინებით. ამრიგად ტერმინის მიზანდასახულობა მხოლოდ ინფორმატიულობა კი არაა, არამედ მოძღვრების სიწმინდისა და უბიწოების დაცვა. ხოლო ის რაც სიწმინდეს და უბიწოებას იცავს, ის რაც ამის დამცველია, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში ზნეობრივი მონაცემია და არა ინფორმატიული. ტერმინს მხოლოდ იმდენად განესაზღვრება და განეკუთვნება ინფორმატიულობის თვისება, რამდენადაც ეს უწმინდესი მოძღვრება, რა თქმა უნდა, როგორც საღვთო ინფორმაცია, შინაარსის შემცველია. მაგრამ ეკლესიური მოძღვრების, როგორც ტერმინებში გამოხატული სწავლების განსაკუთრებულობა და სხვა მოძღვრებათაგან, სადაც აგრეთვე გვხვდება ტერმინები, გამორჩეულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიური სწავლებით ტერმინი არ არის რაღაც მშრალი, აბსტრაქტული მონაცემი, ნეიტრალური რამ მოვლენა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პირობითადაა შემოტანილი, როგორც გარკვეული ინფორმაციის შემოსაზღვრული, დაზუსტებული ინფორმაციის შემცველი ლექსიკური ერთეული. ეკლესიური სწავლებით ტერმინი პირველ რიგში არის სულიერი აღქმის ტვიფარი, სულიერი აღქმის გამოხატულება. პიროვნება, რომელიც სულიერად წვდება ჭეშმარიტებას და შეეცდება, რომ მისი ეს წვდომა არც გამოთქმაში დამახინჯდეს და შეიბღალოს, ეძიებს იმგვარ ტერმინს, სადაც ეს ყველაფერი შენარჩუნდება. ამგვარი სულიერი სიცოცხლით გამსჭვალული აღქმა, რა თქმა უნდა, გამოხატულებაშიც იმავე სიცოცხლეს ინარჩუნებს. ამიტომ ჩვენ ეკლესიურ ტერმინოლოგიას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საეკლესიო მოვლენას, შეგვიძლია ვუწოდოთ “ცხოველმყოფელი ტერმინოლოგია”. მოგეხსენებათ ტერმინი “ცხოველსმყოფელი” ეწოდება ღვთიურობის, საეკლესიო ჭეშმარიტების ყოველ გამოვლინებას. მაგალითად: “ცხოველმყოფელნი საიდუმლონი”, “ცხოველმყოფელი ეკლესია”, “ცხოველმყოფელი მოძღვრება”, “ცხოველმყოფელი რჯული”, “ცხოველმყოფელი წერილი”. და თუ “წერილიც” ცხოველმყოფელია და ღვთივსულიერია (ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომ ბიბლიური წიგნების განმსაზღვრელი თვისება და გამომყოფი ნებისმიერი სხვა წიგნისგან გახლავთ სწორედ ეს თვისება – ღვთივსულიერება, რომელიც განსაზღვრავს ბიბლიური წიგნების კანონიკურობას), ამავე სწავლების დაზუსტებული ლექსიკური ერთეულებით, ე.ი. მნიშვნელობაშემოსაზღვრული და მნიშვნელობაგანსაზღვრული ლექსიკური ერთეულებით გამოხატულებაც, ასევე ღვთივსულიერი და ცხოველმყოფელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ტერმინს კიდევ უფრო მეტი ღირებულება აქვს, რამდენადაც სწორედ ტერმინებმა მოგვცეს შესაძლებლობა დოგმატიკის ჩამოყალიბებისა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დოგმატიკის გარეშე, ეკლესიური მოძღვრების მიხედვით, არ ფასობს არაფერი, არც რაიმე ჭკვიანური და ბრძნული სწავლება, არც რაიმე წარმატებული მოქმედება, არც თუნდაც თავგანწირვა და სხვა. ყველაფერი იკურთხება, მადლმოსილი და ნაყოფიერი ხდება, ღვთის წინაშე შეირაცხება, თუ ის დოგმატურ საფუძვლებს ეყრდნობა, თუ დოგმატის ცხოველმყოფელობა თან სდევს მას. და დოგმატის ცხოველმყოფელობა, კვლავ აღვნიშნავთ, აუცილებლად ტერმინებში ვლინდება და დასკვნაც უეჭველია, რომ ეკლესიური სწავლებით ტერმინი ესაა სულიერი აღქმის ტვიფარი, პიროვნების სულიერი ცხოვრების და სულიერი სიცოცხლის გამოხატულება და შესაბამისად ცხოველმყოფელობითი თვისებით გამსჭვალული ანუ ცოცხალი მონაცემი, სულიერი სიცოცხლის თვალსაზრისით. ხოლო სულიერი სიცოცხლე ყოველთვის ზნეობრივი მხარეა და აქედან გამომდინარე ვასკვნით ჩვენ, რომ ტერმინს პირველ რიგში აქვს ზნეობრივი დანიშნულება.

ტერმინთა მოძიება თუ მიმდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ სულიერად წვდომილ ჭეშმარიტებას და ცოდნას გამოხატულებაც იმავე სიწმინდისა ჰქონოდა და ეს სიწმინდე არანაირად არ შებღალულიყო, აი თუ ამ მიზანდასახულობით ხდებოდა ტერმინთა მოძიება, დასკვნაც უეჭველია, რომ ტერმინთა მოძიება ხდებოდა სიწმინდის შენარჩუნების მიზანდასახულობით. და სიწმინდის შენარჩუნების მიზანდასახულობით მოძიებული რამ ასევე სიწმინდეა და რაც სიწმინდეა ის უეჭველად ზნეობრივი მონაცემია. აქ ჩვენ შეგვიძლია ასეთი პარალელიც გავაკეთოთ:

როდესაც ეკლესიის მამები ზოგჯერ მკვეთრად უსვამენ ხაზს თავიანთი ადრესატებისადმი იმას, რომ მათ მიერ გადმოცემული მოძღვრება ნებისმიერმა არ წაიკითხოს (ჩვენ ალბათ შემდგომშიც უფრო დაკონკრეტებითად გვექნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი განმარტებანი ეკლესიის მამებისა აბსოლუტურად გამორიცხავს ე.წ. ეზოტერიზმს, ელიტარულობას და სხვა. აქ საკუთრივ ეკლესიური მოძღვრების სიწმინდის დაცვის გამოხატულებაა ამგვარი შეგონება, რომ მოუმზადებელი პირი, ათასგვარი ვნებებით დამძიმებული პიროვნება, ვნებიანი თვალით და ვნებული თვალით ხედავს სიწმინდესაც და როგორც მაცხოვარი გვასწავლის, თუ ამგვარ პირებს წინ დაეყარათ მარგალიტები, ისინი ღორებივით და ძაღლებივით შერყვნიან მას, გააუკუღმართებენ. ამიტომ მათგან მოსარიდებელია ეს ყოველივე, მათგან გამოსაყოფია ეს ყოველივე, რომ მათ არ შერყვნან ეკლესიური სიწმინდეები), ზოგიერთი მამა ასეთ აზრსაც გვთავაზობს: “თუ ძველ დროში ქრისტიანობამდე წარმართთა შორისაც, როდესაც ჭეშმარიტება უკიდურესად დაცემული იყო, გამოჩნდნენ ადამიანები (ამ შემთხვევაში კონკრეტულად იგულისხმება პლატონი, რომელიც ზოგჯერ მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ ჭეშმარიტება წერილობით არ უნდა გადაიცეს, ზეპირად უნდა გადაიცეს, რადგან წერილობითად გადაცემული შეუძლებელია, რომ არ გახმაურდეს და რაც გახმაურდება ის შეიძლება შეიბღალოს), რომლებიც უფრთხილდებოდნენ მათგან გადმოცემული მოძღვრების სიწმინდის დაცვას (რომელიც, რა თქმა უნდა, რაღაც ჭეშმარიტების მარცვლებს შეიცავდა, მაგრამ მთლიანობაში, როგორც მოძღვრება, სისტემა ეკლესიის მამისთვის, თავისთავად ცხადია, ყოველგვარ ცხონებულობას იყო მოკლებული. შეუდარებელი მიჯნაა სიწმინდისა და ჭეშმარიტებასთან სიახლოვის თვალსაზრისით წარმართულსა და ქრისტიანულ მოძღვრებას შორის), რამდენად უფრო მეტად გვევალება ჩვენ, ჭეშმარიტების მსახურთ, გაფრთხილება იმ მოძღვრებისა, რაც უკვე ჩვენგან კი არაა მოფიქრებული, წარმართთა მსგავსად, არამედ თვით ღვთისგან არის გამოცხადებითად ნაუწყები”. აი ეს მოფრთხილება სიწმინდისა, ამ სიწმინდის შეურყვნელად და უბიწოდ დაცვა, ამგვარი მკვეთრი შეგონებით დიდ ვალდებულებად აკისრიათ ეკლესიის მამებს და ამ ვალდებულების გამოხატულება გახლავთ იმ უმნიშვნელოვანესი ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება, რაც ეკლესიის მამათა შრომებში ვლინდება და რითაც გამოცხადებითი სწავლება, ბიბლიური სწავლება ზედმიწევნით ცნებებად ჩამოყალიბდა, რასაც სხვაგვარად საეკლესიო დოგმატიკა ეწოდება.

ამრიგად, ვფიქრობთ, უეჭველია დასკვნა, რომ ტერმინი და ზოგადად ტერმინოლოგიური ცნობიერება ეკლესიურ წიაღში უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი მიზანდასახულობისაა, ზნეობრივი თვისებისაა და ამ ზნეობრივი თვისებითაა გამსჭვალული ნებისმიერი ტერმინოლოგიური გამონათქვამი და ამ ტერმინოლოგიურ გამონათქვამთა მკაცრად მოწესრიგებული სახე - დოგმატური დებულებები და მთლიანობაში დოგმატიკა. დოგმატიკის ჩამოყალიბებამ გამოიწვია ბიბლიური სწავლების ყველასათვის ერთნაირად გასაგები ფორმით დადგენა. ისინი, რომლებიც ამ სიმაღლეს დოგმატისას ვერ მიწვდნენ, მოწყდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ რომლებიც შენარჩუნდნენ ჭეშმარიტებაში ისინი შენარჩუნებულნი არიან სწორედ დოგმატიკის ძალით. დოგმატიკა არის ჭეშმარიტებაში მყოფთა მარადიული გამამთლიანებელი და ერთმყოფელი მათი. ვიდრე დოგმატიკა ჰგიეს თავის ამ უბიწოებაში, შეურყვნელ ტერმინოლოგიურ სიწმინდეში და გამოთქმითი ფორმის უბიწოებაში, თორემ შინაარსი, რა თქმა უნდა, ყოვლად წმინდაა, თვით ფორმაშიც რომ ეს ყოვლადი სიწმინდე შენარჩუნებულია, ვიდრე ეს ხდება, ჭეშმარიტებაში მყოფნი განუყოფლად ერთნი არიან, ერთმთლიანობად, ერთ სულიერ კაცობრიობად ჩვენს წინაშე წარმოჩნდებიან. ეკლესიური სწავლებით კაცობრიობა სწორედ ისაა, რომელიც ჭეშმარიტებაში იშვა, ჭეშმარიტებაში იშვება დღეს და ჭეშმარიტებაში იშვება სამომავლოდ. აი ამ სამის  (ერთნი - წარსულში განჭეშმარიტებულნი, მეორენი - აწმყოში მეჭეშმარიტენი და მესამენი - სამომავლოდ დამჭეშმარიტებელნი) მთლიანობა გახლავთ ჭეშმარიტი კაცობრიობა. ეკლესიური ხედვა, რა თქმა უნდა, ჟამით არ განიყოფება, რადგან ეს ხედვა იგივე მაცხოვრისეული ხედვაა ეკლესიისათვის მიმადლებული, ამიტომ მისთვის წარსულიც და მომავალიც აწმყოა და ესაა ის სულიერი და მარადიული აწმყო, რაც კაცობრიობის ჭეშმარიტ ნაწილს ანუ თავად კაცობრიობას ყოველთვის ეკლესიურ შობილობაში მოიაზრებს. ეკლესიურად შობილი, ნათლისღების მადლით გაბრწყინებული, მირონცხების სულიწმინდის ბეჭდით აღმბვეჭდელი და ზიარების საიდუმლოთი სრულყოფილი, აი ეს გახლავთ ჭეშმარიტი კაცობრიობა. მაგრამ ამ ჭეშმარიტი კაცობრიობის მარად შემნარჩუნებელი, როგორც ერთი მთლიანობისა, გახლავთ სწორედ დოგმატიკა. აქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს დოგმატი რა ენაზე გამოითქმევა, რა ენობრივი ფორმა ექნება, მთავარია ის ტერმინოლოგიური ცხოველმყოფელობითი სიწმინდე ყველა ენაზე შენარჩუნებული იყოს. ყველა ენაზე მეტყველმა ქრისტიანებმა ახლად და ახლად განახორციელეს ღვაწლი ჭეშმარიტების ტერმინოლოგიური დადგენისა. ის, რაც ბერძნულ ენაზე თავის დროზე ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, ბეძნულადვე ვერ გადავიდოდა სხვა ენებზე, რადგან ჭეშმარიტება ყველას გულში მიწევნადია თავის მშობლიურ ენაზე, თავის მშობლიურ გამოხატულებაში. ამიტომ განეფინა დოგმატიკა ყველა ქრისტიანულ ენას და სადაც ამ დოგმატიკის შენარჩუნება მოხდა იმგვარივე უბიწოებით, როგორც ეს ეკლესიის მამებმა ჩამოაყალიბეს და ჩამონაკვთეს ბერძნულ ენაზე, იქ ის სულიერი სიწმინდე და უბიწოება აბსოლუტურად იმავე ძალით გადავიდა, შენარჩუნდა და ეს ერთმთლიანობაა. სადაც დოგმატით განუყოფლობაა იქ ჭეშმარიტად ერთი სულიერი კაცობრიობაა, იქნება ეს ბერძენი, ქართველი, რუსი თუ სხვა ეროვნების მოღვაწე. არსით ერთი კაცობრიობაა, მეტყველების და გამოხატულების ფორმით ყველა მათგანს თავისი სამეტყველო ენა აქვს, მაგრამ ეს ყველა სამეტყველო ენაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიერად გამთლიანებულია დოგმატის მადლით, რომ არანაირი განყოფა საეკლესიო ენის თვალსაზრისით არ არსებობს დავუშვათ ბერძნულ მართლმადიდებლურ ენასა და ქართულ მართლმადიდებლურ ენას შორის. აქ რომ საკუთრივ ხმოვანი სიტყვა სხვადასხვაა, ეს სხვადასხვაა მხოლოდ ყოფით დონეზე, ისევე როგორც სხვადასხვა ფერის ქვა შეიძლება იყოს საბერძნეთში და საქართველოში, სხვადასხვა ფერის ადამიანი და სხვა. მაგრამ თვით რაობა იმ სიტყვებისა, რითაც მოძღვრება გამოითქმის, ანუ მათი შინაარსი არის სრულიად ადეკვატური. იმდენად ადეკვატური, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სულიერი გაგებით ბერძნული და ქართული, როგორც საეკლესიო ენა, აბსოლუტურად ერთიდაიგივე ენაა. ანუ საეკლესიო ენა ერთი ჰგიეს, ერთია ერთი კაცობრიობისთვის. ეს არის განხორციელება პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვებისა: “ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა მიმართ”. აი ეს გახლავთ საეკლესიო ენის თვისება, როგორც ერთი მწყემსი, ერთი დამწყემსელი და ერთი კაცობრიობა, საეკლესიო წიაღში შობილთა, როგორც ერთი სამწყსო.

რატომ ვამახვილებთ ამ საკითხებზე ყურადღებას? ყურადღებას ვამახვილებთ იმიტომ, რომ აშკარად ჩანს საეკლესიო მოძღვრების თვალსაზრისით რა ქმნის ერთ კაცობრიობას და რომელი კაცობრიობაა ერთმთლიანი. კაცობრიობის ერთმყოფელი თუ რაიმე არის, ის პირველ რიგში ზნეობრივი მონაცემი უნდა იყოს, სულიერი მონაცემი უნდა იყოს თავის მატერიალურ გამოხატულებაში. რაობა, დანიშნულებაც და თვისებაც სულიერია, ზნეობრივია და გამოხატულება, რა თქმა უნდა, მატერიალური გახლავთ. ორივე ეს მხარე - მატერიალური და სულიერი, ამგვარად თანაარსებითი, მხოლოდ სიწმინდეში, მხოლოდ ჭეშმარიტებაში შეიძლება არსებობდეს. ანუ ნებისმიერი ტერმინი თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, საღვთოა, რადგან ღვთიურ აზრს იტევს, მაგრამ გამოხატვის ფორმითაც ის სიწმინდეა. ქართული სიტყვა “სამება” თვით ამ ფორმითაც უკვე უდიდესი სიწმინდეა ჩვენთვის, იმიტომ, რომ სწორედ ამ ფორმაში გამოიხატა უაღრესად აღმატებული და უსაღვთოესი შინაარსი. შინაარსი ყოველთვის წმინდაჰყოფს ფორმასაც და ერთმთლიანობაა ამ შემთხვევაში ფორმისა და შინაარსისა სიწმინდის თვალსაზრისით. თუ შინაარსობრივად, აზრობრივად, სიღრმისეული ყოველთვის სულიერი მხარეა, სანამ გამოიხატება და რომ გამოიხატება მაშინაც, ხოლო გამოხატულება ყოველთვის პირობითობას გულისხმობს, რადგან მატერიალურ სიტყვაში ხდება ეს გამოხატულება და მატერია პირდაპირ, მთელი სისრულით სულიერს ვერასოდეს ვერ დაიტევს, ე.ი. თუ ამ კუთხით გარკვეული ხარისოხბრივი მეტ-ნაკლებობა არის გამოხატვის ფორმასა და შინაარსს შორის, საკუთრივ სიწმინდის ანუ ზნეობრივი კუთხით აბსოლუტურად არავითარი სხვაობა არ არის, გამოხატულების ფორმაც იმგვარივე წმინდაა უკვე, როგორც მისი შინაარსი. ნიმუშად რომ მოვიტანოთ, როგორც რომელიმე წმინდა ნაკურთხ ხატზე გამოხატული სიწმინდე, მაგ. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი საკუთრივ წმინდაა, ე.ი. შინაარსი, ასევეა წმინდა ზედმიწევნით ის ხატიც, რომელზეც ყოვალდწმინდა ღვთისმშობელია გამოხატული. იმიტომ, რომ მისმა სიწმინდემ მთლიანად გაწმინდა და წმინდაჰყო ეს ნივთიც და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკურთხი ხატი სიწმინდეს რამენაირი აზრით მოკლებულია. ანდა საკუთრივ საკურთხეველი ეკლესიისა, რომელიც, რა თქმა უნდა, ნივთიერია გამოხატულებით, მაგრამ ეს გამოხატულებაც უკვე იმდენად დიდი სიწმინდეა და იმგვარივე სიწმინდეა, როგორც მისი შინაარსი. აი ეს მხარე სიწმინდეში გაიგივებისკენ გვიკარნახებს ფორმისას და შინაარსისას. საფუძველი ამისა კი გახლავთ მაცხოვრის განკაცება. როდესაც უფალი განკაცდა მისი სხეულიც უკვე იმგვარივე სიწმინდეა ჩვენთვის, როგორც მისივე პიროვნება. ჩვენ უკვე აღარ ვმიჯნავთ, რადგან ეს უკვე ერთმთლიანობაა, მოუცილებლად შეიმოსა მან კაცობრივი სხეული, ყველაზე დიდ სიწმინდედ, რა თქმა უნდა, მისი კაცობრივი ხორცი გვესახება, რომელსაც ჭეშმარიტი მორწმუნეები მარადის ეზიარებიან. ეს სიწმინდე ზიარების საიდუმლოსი, მოგეხსენებათ, მთელ ქმნილებას ფარავს, ყველაფერზე უფრო აღმატებულია. აქედან გამომდინარე სიწმინდის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტების წიაღში გამოხატულების ფორმას, ტერმინის გარეგნულ, მატერიალურ სახესა და მის შინაარსს შორის უკვე არავითარი გამიჯნულობა აღარ არის. როდესაც ეს გამიჯნულობა მეტნაკლებად იქმნება, იქ უკვე ბზარია იმ მონოლითურობაში და ერთმთლიანობაში და სადაც ეს მონოლითურობა დაირღვევა იქ უკვე დარღვეულია სულიერი სიწმინდისა და ამ სიწმინდის გამომხატველი ფორმის ამგვარი იგივეობა, ანუ პირველ რიგში რაიმეს დარღვევისას, რაიმეს დაყოფისას ზნეობრივი საფუძველი ირღვევა.

58–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=g1B5W8u0alQ&t=1s


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

No comments:

Post a Comment